თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა
მთარგმნელი თარგმანს უძღვნის დედის
ეთერ (მამუნი) მეგენეიშვილის ნათელ ხსოვნას
დღეს განთიადის ხანგრძლივი საათები მეცნიერებას მივუძღვენი. ჩვენ დროში ყველამ იცის, რომ ახალი დიადი მეცნიერება — სახელწოდებით ფსიქოანალიზი, სიზმრების შესწავლაზეა დაფუძნებული. სიზმრები რომ გამოიკვლიო — ისინი უნდა ნახო, ხოლო რომ ნახო — ამისათვის უნდა დაიძინო; და აი, სანამ სხვები ფასდაუდებელ დროს ზერელე არამეცნიერულ საქმიანობაში ფლანგავდნენ, სანამ უმეცარი დამოკიდებული გლეხები თხრიდნენ თავიანთ ბოსტნებს მუქი კარტოფილისათვის, სანამ მღვდლები თავმიცემული იყვნენ ღვთისმოსავ პანტომიმას, ხოლო პოეტები ტოროლების შესახებ წერდნენ, მე ყველა მათგანს რამდენიმე საუკუნით გადავასწარი. დაუღალავად, პროგრესულად ვუცქერდი კოშმარებს, რომლებიც მეცნიერების განვითარებასთან ერთან მოძებნიან ამხსნელს. არ დავიწყებ ჩემი სიზმრების დაწვრილებით აღწერას. ჩანს, რომ ვსეირნობდი ალბერტ-ჰოლის რომელიღაც კატაკომბებში, ვჭამდი ფუნჩულას (ალისფერი დრეკადი ფუნთუშები, რომელიც ჩვენ დროში გაქრა ისე, როგორც ყოველივე, რომლის წინაშედაც ინგლისის დიდება დავალებულია) და ვკამათობდი თეოსოფთან. ძნელია ყოველივე ეს მოაქციო ჩახშობილ სურვილებში — ცხოვრებაში არასოდეს მითქვამს უარი ფუნთუშას შეჭმასა ან თეოსოფთან კამათზე, მაგრამ ალბერტ-ჰოლის ზედმეტად მონახულება არავის არ მოესურვება. საუზმეზე ჩამოსულმა გაზეთი გავშალე (დილის და არა საღამოსი, როგორც თქვენ, იჩქარეთ გევარაუდათ თქვენთვის დამახასიათებელი იუმორით), გავშალე დილის გაზეთი და მასში ვნახე ბევრი მასალა ფსიქოანალიზის შესახებ. მკაცრად თუ ვიტყვი, მასში ყველაფერი ვიპოვე, გარდა ერთისა: არავინ არ გაისარჯა ეცნობებინა, — რა არის ფსიქოანალიზი. როგორც გაირკვა სიზმრები — სიმბოლოებია; თანაც, რამდენადაც მე გავიგე, ისინი უსათუოდ ახდენენ რომელიღაც შემონახული სიბილწის სიმბოლიზირებას. ვფიქრობ, რომ სიტყვა „სიმბოლო“ აქ უადგილოდ გამოიყენება. სიმბოლო ხომ ნიღაბი არაა, არამედ გასაღებია. ჩვენ ვიყენებთ სიმბოლოს მაშინ, როცა გვინდა იმის უკეთესად გამოხატვა, რასაც პირდაპირ ვერ გამოვხატავთ. მე ვჭამდი ფუნჩულას და ეს შეიძლება აღნიშნავდეს, რომ — ოიდიპოსის კომპლექსის ვნებებით — მე მსურდა მამაჩემის ცხვირის მოჭმა; მაგრამ ეს სიმბოლო არც მთლად წარმატებულია. შეიძლება ალბერტ-ჰოლი ნიშნავდეს ბიძის მოკვლის მისწრაფებას; მაგრამ ეს სიმბოლოც უფრო აბნელებს, ვიდრე ნათელს ხდის საქმეს. ჩემი შეხედულებით, სიზმრებმა ვერ მიმაახლოვეს ჭეშმარიტების შემეცნებასთან — ღამით იგი მით უფრო ღრმადაა დამალული, ვიდრე დღისით. ბიძის მოკვლის მისწრაფებამ ჰამლეტი გამახსენა, რომლის შესახებაც ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. ახლა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გაზეთი არ გამოირჩეოდა აზრის სიცხადით. ასე მაგალითად, იგი ვარაუდობდა, რომ პაციენტთა მასიური გამოკითხვა ფსიქოანალიზის მეთოდით, ხელს შეუწყობდა ლიტერატურის განვითარებას. არ ვიცი ეს არის თუ არა ამგვარად; მაგრამ, თუკი მე მცირედით მაინც ჩავწვდი ადამიანის ბუნებას, ვიცი, რომ იგი ხელს აწერს სიცრუეს. მე მაღელვებს ფროიდისტთა მეტისმეტი გულუბრყვილობა, რომლებიც მეცნიერული სიზუსტით განიხილავენ ერთადერთ გამოკვლევას, რომლის შემოწმებაც აბსოლუტურად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, სიზმრებში სასწაულების ძიება იმგვარადვე ძველია, როგორც სამყარო. უფრო ზუსტად, იგი არა იმდენად ძველია, რამდენადაც ცხადი. არ შეიძლება ითქვას, რომ ვინმემ აღმოაჩინა ისინი — ისინი ყოველთვის ცნობილი იყო. ჩვენი მოდის დიდი ხნით ადრე მე თვითონ (ღმერთია მოწმე - არ ვარ ფსიქოლოგი) ვამბობდი, მახსენდება, რომ, ისევე როგორც ყოველგვარ ხალხურ ცრურწმენებსა და ანდაზებში: „რასაც დღისით დაივიწყებ — სიზმარში ნახავო“, არის ჭეშმარიტების წილი. ადამიანებმა დიდ ხნის წინაც იცოდნენ, რომ ადამიანი, არც თუ იშვიათად, ღამით ხედავს იმას, რაზედაც დღისით ცდილობდა არ ეფიქრა მასზე. მაგრამ ხალხურ ცრურწმენას აქვს, სულ მცირე, ერთი უპირატესობა ჩვენი დროის არახალხური მეცნიერების წინაშე: იგი არასერიოზულია. ჩვენ შუა საუკუნეებს ვუწოდებთ რწმენის საუკუნეებს; ზუსტი იქნებოდა გვეწოდებინა მათთვის უნდობლობის, ნახევრად ეჭვიანობის — ნახევრად დაცინვის საუკუნეები. ძველი ზღაპრები მოჩვენებებზე არა მხოლოდ საშიშია, არამედ სასაცილოც. ფსიქოანალიტიკოსებს სიცილს ვერ მოუძებნი. ძველ დროში გლეხი ამბობდა: „გაგიგონია? რასაც დღისით დაივიწყებ — სიზმარში ნახავო“, ხოლო სხვები პასუხობდნენ: „ოჰ!“— და ორივე მხარე დიდხანს ხითხითებდა. ახლაც, როდესაც მეძროხე ქალი სიზმარში დაკრძალვას ხედავს, მეორე ამბობს: „არა სხვაგვარად, როგორც ქორწილში“ და ორივე დიდხანს ხარხარებს. მაგრამ როდესაც ჯ.დ. ბერსფორდი ამბობს, რომ „ფროიდიზმი — ყველაზე უფრო დიდი იმედის მომცემი მეცნიერული თეორიაა ლიტერატურისათვის, ვინაიდან ის იკვლევს სქესს, რომანთა მარადიულ თემას“, არავინ არ იცინის. თანამედროვე და მჭევრმეტყველი ლექტორი წარმოთქვამს კიდევ უფრო სასაცილო აზრებს, ვიდრე გლეხისა და მეძროხე ქალის ტლანქი ხუმრობებია და არ იწვევს ღიმილის ჩრდილსაც კი. ამაში ბრალი მიუძღვის იმ არაჯანსაღ ზეიმურობას, რომელშიც, თითქოსდა ვაკუუმში, ახლა იმყოფება მეცნიერება. ფროიდს ბედი რომ გაღიმებოდა და თავისი შეხედულებები ტავერნაში გადმოეცა, მას ექნებოდა მეტად დიდი წარმატება.
ფსიქოანალიტიკოსები ძლიერ შეფიქრიანებულნი არიან ეგრეთ წოდებული ჰამლეტის პრობლემით. მათ განსაკუთრებით აინტერესებთ ის, რაც ჰამლეტმა არ იცოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, — რაც შექსპირმა არ იცოდა. ადრე თავს იმტვრევდნენ საკითხზე: იყო თუ არა ჰამლეტი გიჟი; ახლა საკითხი სხვაგვარად დგას: შეშლილა თუ არა მთელი სამყარო? რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს, ყველაზე უფრო მახვილი კრიტიკოსები, რომლებიც ამჩნევენ ყველაზე უფრო ფაქიზ ელფერს, სრულად უუნარონი არიან შეამჩნიონ ის, რაც მართლაცდა ცხვირში გვხვდება. ისინი მთელი ძალით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჰამლეტი არაცნობიერად მიისწრაფვოდა ერთისკენ, ცნობიერად — მეორესაკენ. ალბათ, შეგნებულად იგი მთელი სულითა და გულით მიესალმებოდა შურისძიებას, მაგრამ გადატანილმა შოკმა მასში გამოიწვია ავადმყოფური, იდუმალი, უცნაური ზიზღი მკლველობისადმი; და თავში არავის მოსდის, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა საკუთარი მამინაცვლისა და ბიძისთვის ყელის გამოჭრა. ჰამლეტის მორალი განსხვავდება თანამედროვე მორალისაგან: მან იცოდა, რომ შურისძიება საშინელია და მაინც მიიჩნევდა, რომ ვალდებულია — შური იძიოს.
ჰამლეტის ქცევა რომ ავხსნათ, საჭირო არაა ფსიქოანალიზი. მან თვითონ ახსნა თავისი მოქმედება და მეტადაც გაიტაცა ამ ვითარებამ. მოვალეობა მოვიდა მასთან აუტანელი ფორმით და იგი არ იყო შექმნილი ასეთი საქმეებისათვის. რა თქმა უნდა, წარმოიშვა კონფლიქტი, მაგრამ ჰამლეტმა იცოდა ამის შესახებ, იგი თავიდან ბოლომდე შეგნებული აქვს მას. იგი არაცნობიერით შეპყრობილი კი არაა, არამედ მეტად ნათელი ცნობიერებით.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჰამლეტის არაცნობიერ ზიზღს ახსნა-განმარტებისას, მეცნიერები ხელს აწერენ საკუთარ არც თუ სრულად გაცნობიერებულ ზიზღს. ეს მათ ცნობიერებაში ძევს ცრურწმენა, რომლის გამოც ისინი გულმოდგინედ გვერდს აქცევენ მეტად უბრალო ჭეშმარიტებას. ისინი გვერდს აქცევენ უბრალო მორალურ პრინციპს, რომელიც შექსპირს სწამდა, ყოველ შემთხვევაში მეტად, ვიდრე ფროიდულ კანონებს. შექსპირს, ეჭვს გარეშეა, სწამდა მოვალეობასა და გრძნობას შორის ბრძოლის. მაგრამ მეცნიერს არ სურს აღიაროს, რომ ეს ბრძოლა ტანჯავდა ჰამლეტს და ცვლიდა მას ცნობიერების არაცნობიერთან ბრძოლით. იგი ჰამლეტს ანიჭებს კომპლექსებს, რათა არ უბოძოს სინდისი; და იმის გამო, რომ იგი, მეცნიერია უარს ამბობს სერიოზულად მიიღოს უბრალო — თუ გნებავთ — პრიმიტიული მორალი, რაზედაც დგას შექსპირის ტრაგედია. ეს მორალი შეიცავს სამ წინაპირობას, რომლისგანაც თანამედროვე ავადმყოფური არაცნობიერი გარბის, როგორც მოშვენებისაგან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა მოვიქცეთ სამართლიანად, თუნდაც ძალიან არ გვსურდეს ეს; მეორე მხრივ — სამართლიანობამ შეიძლება მოითხოვოს, რომ ჩვენ დავსაჯოთ ადამიანი, როგორც წესი — ძლიერი; და მესამე, თავად დასჯა შეიძლება გადმოიღვაროს ბრძოლისა და მკვლელობის ფორმაში. თანამედროვე წინასწარ შეგონებული მოაზროვნე პირველ პრინციპს იდეალიზმს უწოდებს, მეორეს — ძალადობას, ხოლო მესამეს — ბარბაროსობას. თანამედროვე ადამიანები ინსტინქტურად უმალავენ საკუთარ თავს, რომ ზოგჯერ ადამიანმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, უნდა აიძულოს საკუთარი ნება, მოკლას ტირანი.
ჩვენ დროში აი რატომ გაპარპაშდნენ ტირანები.
რომ არ ვიფიქროთ, ღმერთო დაგვიფარე, იმ შემთხვევებზე, როდესაც ძალიან გვსურს ვიყოთ მშვიდობიანნი, ხოლო მოვალეობა მოგვიწოდებს ჩხუბისკენ, მეცნიერი აქუცმაცებს პიესას და ეძებს მის ახსნას უაზრობამდე ბუნდოვან თანამედროვე მოძღვრებაში. იგი ცდილობს მის ახსნა-განმარტებას ახალი მორალის შუქზე, რომლის შესახებაც შექსპირს არ გაუგონია, ვინაიდან როგორც ცეცხლის ეშინია ძველი მორალის, რომლის შესახებაც შექსპირს უბრალოდ არ შეეძლო არ სმენოდა. ეს მორალი კი (მრავალი შეხედულებით, დაფუძნებულია ადამიანის ფსიქიკის გაცილებით ღრმა ცოდნაზე) ცნობს ტირანის მოკვლას არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მივყავართ თავისუფლებისაკენ, არამედ კიდევ იმიტომ, რომ იგი ცოდვას გამოისყიდის. როდესაც ჩვენ მოგვიწოდებენ შურისძიება შებრალებით შევცვალოთ, ეს ნიშნავს ერთს: ვერ გადაგვიწყვეტია იმათი დასჯა, რომლებიც დასჯის ღირსნი არიან, თანამედროვე მსოფლიო სჯის იმათ, ვინც შებრალების ღირსნი არიან.
20.02.26
