ყველა სტატია
გამოქვეყნებული

ჟაკ მარიტენი — ხელოვნება ხალხისათვის

თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა

ჟაკ მარიტენი10 წთ საკითხავი1
გაზიარება
ხელოვნება ხალხისათვის

თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა

ახლა განვიხილოთ — ხელოვნება ხელოვნებისათვის საპირისპირო დევიზი, რომელიც თავის მიმზიდველობას აგებს სოციალურ, პოლიტიკურ ან ჰუმანისტურ ინსტანციათა სულიერი სიკეთეებისადმი მორჩილებაზე. იგი გვაუწყებს: „ხელოვნება ხალხისათვის“, ან „ხელოვნება საზოგადოებისათვის“.

ვიცი, რომ ამგვარი ფორმულა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეხება ხელოვანის განსაკუთრებულ განზრახვებს, რომლებიც შთაგონებულია კეთილშობილური ადამიანური მიზნებით, მაშინ როდესაც მისი მხატვრულობის პოტენციალი სწორი სახით მუშაობს ნაწარმოების საკეთილდღეოდ; ასეთი შეიძლება იყოს, კერძოდ, ხელოვანის შემთხვევა, რომელმაც საკუთარი თავის წინაშე დასვა ამოცანა ატაროს სილამაზის სიხარული არა მხოლოდ პრივილეგირებულ კლასებში, არამედ არაპრივილეგირებულ მასაშიც. ასეთი სურვილი პასუხობს ღრმა მოთხოვნილებებსა და არსებით აუცილებლობებს. მაგრამ ნება მომეცით ფრჩხილებში აღვნიშნო, რომ იგი საუკეთესო სახით შესრულებულს წარმოადგენს, როდესაც ხელოვანი მეტად ზრუნავს მომავალ თაობებსა და საკაცობრიო სულიერ ერთიანობაზე, ვიდრე თავის დროის საზოგადოებაზე, და მაშინ, როდესაც სხვა მხრივ, ხელოვნების უდიდესი ნაწარმოებები, ერთხელ წარმოშობილნი, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და კომუნიკაციის თანამედროვე სხვადასხვა საშუალებით ხელმისაწვდომი ხდება ყველასათვის — ყველასათვის, ვისაც საზოგადოებამ განათლების ლიბერალური სისტემის წყალობით ასწავლა (არ უნდა ესწავლა) მათით ტკბობა; მაგრამ ყოველივე ეს — საზოგადოების საქმეა და არა ხელოვანის. სინამდვილეში მცდელობები ჩააყენონ საკუთრივ შემოქმედებითი საქმიანობა ხალხის სამსახურში (common people) მეტწილად ჩაიფუშა.

დევიზი „ხელოვნება ხალხისათვის“, თუკი გაგებულია იმ მნიშვნელობით, როგორადაც ახლა შემოგთავაზებთ, ამის წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ მაშინ როდესაც ეს ლოზუნგი გამოიყენება რეალურად, ის აღმოჩნდება იმათ პრეტენზიებთან კავშირში, ვინც გამოდის ადამიანთა საზოგადოების სახელით და სურდა თავისი საზოგადოების მოთხოვნები ან იდეალები აეყვანა შემოქმედებითი წესის რანგში, წესების, რომლებიც მოქმედებენ თავად ნაწარმოების პროდუცირების პროცესში. ამგვარი აზრით აღებული დევიზი — „ხელოვნება ხალხისათვის“ უპირობოდ ახდენს ხელოვნების სამყაროს, როგორც ასეთის, შემოქმედებითი ინტელექტის ღირებულებათა, ფაქტის, რომ ხელოვანი ხელოვანია, იგნორირებას.

მართალია, რომ საბოლოო ანგარიშით ხელოვნება ემსახურება ადამიანთა საზოგადოების კეთილდღეობას რაღაც ღრმა და იდუმალი აზრით, რომლის შემოხაზვასაც ამ ტექსტის ბოლოში ვეცდები. მოცემულ შემთხვევაში შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ჭეშმარიტება მცდარად ესმით, ბოროტად იყენებენ მას და შედეგად მიდიან შეხედულებამდე, რომ ნაწარმოების მორალური ან სოციალური ღირებულება უნდა შედიოდეს თავად შემოქმედების სფეროში, როგორც მისი უმაღლესი რეგულატორი.

სასარგებლოდ მიმაჩნია ანალიზის რამდენამდე განვრცობა. ვთქვი, რომ ყოველგვარ ადამიანურ ინტენციას და ყოველგვარ ადამიანურ მიზანს, როგორიც არ უნდა იყოს ის, შეუძლია ხელოვანის სტიმულირება იმ პირობით, რომ ხელოვნება ნაწარმოებისკენ მიმავალ გზას არ აცდება და, რომ მისი ხელოვნება აღმოჩნდება საკმაოდ ძლიერი, რათა საკუთარ სფეროში დაიცვას თავისი ავტონომია.

როგორაა ეს შესაძლებელი? როგორ შეიძლება ხელოვნების ავტონომია, ამგვარ პირობებში, დარჩეს ხელშეუხებელი?

როგორც მე წარმომიდგენია, — ორი სახით; ან იმდენად, რამდენადაც ადამიანის სასურველი მიზანი სავსებით უადგილოა მხატვრული აქტიურობის დომენში, როგორც ეს ხდება (ან უნდა მოხდეს) მუშის სამუშაოს გასამრჯელოს, მწერლის საავტორო უფლების და ხელოვანის წარმატების შემთხვევაში, ან იმდენად, რამდენადაც ის, რაც ხელოვანს ამოძრავებს ბოლომდე ინტეგრირებულია მისი შემოქმედებითი სუბიექტურობითა და მისი შემოქმედებითი გამოცდილებით.

ის, რასაც დაკვეთას უწოდებენ, ე.ი. საქმის მდგომარეობას, რომლის დროსაც ვინმე მფარველი, იქნება ეს მმართველი თუ მდიდარი მეცენატი, ქირაობს ხელოვანს გარკვეული ამოცანის შესასრულებლად, მე მივაკუთვნებდი პირველ კატეგორიას. ჩვენ აქ საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელიც ხელოვანის წინაშე დასმულია გარედან; იგი ზღუდავს შესაძლებლობათა სივრცეს, მაგრამ გადაწყვეტს მას მხოლოდ ხელოვანის შემოქმედებითი აქტივობა. პოლ ვალერი გვარწმუნებდა, რომ მას დიდ სიხარულს მოუტანდა ლექსების დაკვეთა, რომელშიდაც ლექსთა რაოდენობა, უფრო მეტიც — სიტყვათა რაოდენობა, უფრო მეტიც — ასოთა რაოდენობა, წინასწარ იქნებოდა მოცემული. ასეთ ვითარებაში მესაათის ხელოსნური სიმარჯვე გამოავლენს მთელ თავის შესაძლებლობებს, ვალერი კი ოცნებობდა ყოფილიყო სრულყოფილი მესაათე.

ჩემ მიერ ნახსენებ სხვა შემთხვევაში, როდესაც პოეტი ემორჩილება რაღაც მისთვის ძვირფას იდეას ან ვნებას — და ამასთანავე იდეა ან ვნება თავისი არსით იმდენადაა დაშორებული სულიერი შემოქმედებისაგან, როგორც სოციალური იდეა ან სოციალური ვნება, — არსებობს, ეჭვს გარეშეა, სერიოზული რისკი, ვინაიდან ასეთი ვნება ან ასეთი იდეა, მანამდე ვიდრე იგი არაინტეგრირებულია შემოქმედებითი გამოცდილებით ან ინტუიციური ემოციით, ხელოვნებასთან დაკავშირებით რჩება უცხო ფაქტორად და რამდენადმე შეძლოს ხელოვნების მოთხოვნათა შევიწროვება ან მოახდინოს მათზე პარაზიტირება. ჩვეულებრივ პოეტისათვის არ არის სასიკეთო ეროვნულ პოეტად გახდომა, თუმცა რიგ შემთხვევაში ჩინებული ლექსები იწერებოდა მგზნებარე ნაციონალურ ან თვით პოლიტიკურ ვნებათა ცეცხლში. მაგრამ ამ შემთხვევაში ვნება, რაზედაც საუბარია, შედიოდა მთელ შემოქმედებით იმპულსში, ინტეგრირებული იყო პოეტური ინტუიციით და მისით ხორციელდებოდა; თუკი იგი ერთხელ იყო ინტეგრირებული პოეტური ინტუიციით, იგი ვნებისა ან იდეისაგან გარდაიქმნებოდა პოეტურ ცნობიერებად. ამიერიდან იგი არაა ვნება ან იდეა, რომელიც შედის ნივთის გენეზისში, — ესაა პოეტური ცნობიერება, რომელიც მთელი სისავსით ნივთის გენეზისის შთამაგონებელია. ამიტომაც უკეთესია საქმე გვქონდეს განსაკუთრებულად უნივერსალურ და განსაკუთრებულად ყველგან შემღწევ ვნებებთან, იდეებისა და რწმენის საგნებთან (როგორც რელიგიურ, ფილოსოფიურ ან მეტაფიზიკურ), ან მთლიან ინტელექტუალურ და კულტურულ უნივერსუმთან მსგავსად იმისა, რასაც თავიანთ გონებაში ატარებდნენ დანტე, დონნი ან შესპირი. ამ პოეტებისათვის მთელი საკაცობრიო სიმდიდრე გარდაიქმნებოდა, ყოველივე გამოყენებული ნივთის სიკეთისათვის, პოეტური ცეცხლის ან შემოქმედებითი ინტუიციის სუბსტანციად.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩემ მიერ აღწერილ ორივე შემთხვევაში გამგებლობს მხოლოდ ხელოვნების პოტენციათა ყოველგვარი ჩარევის გარეშე. პირველ შემთხვევაში — იმდენად, რამდენადაც ხელოვანის წინაშე დასმული პრობლემა ან მისთვის შეთავაზებული პირობები ზღუდავენ მისი შემოქმედებითი აქტივობის სფეროს, მაგრამ არ აღწევენ მასში და მთლიანად რჩებიან მის გარეთ. მეორე შემთხვევაში — იმდენად, რამდენადაც ადამიანური იმპულსი დასაწყისიდანვე იმყოფება შემოქმედებითი სფეროს შიგნით, შეადგენს ერთიან პოეტურ ინტუიციას, ასულდგმულებს ხელოვნების პოტენციას და გამსჭვალავს მას. ამით ხელოვნების ავტონომია არ განიცდიოს არანაირ შემცირებას და პირიქით, იგი იზრდება და ძლიერდება, ვინაიდან გავლენა, რომელიც ხელოვნებაზე ამგვარ შემთხვევაში ხდება, მსგასია მზისა და ამინდის მცენარეებზე ზეგავლენისა და ხელოვნების მიერ მიღებული იმპულსი მასზე მოქმედებს როგორც შთაგონება.

მაგრამ „სოციალური ჯგუფისათვის ხელოვნების“ თეორია არ ზრუნავს არც ამგვარ პრობლემებზე და არც ხელოვნების ავტონომიის გაგებაზე. იგი უბრალოდ უარს ამბობს ცნობად მიიღოს ეს ავტონომია: იგი ახდენს საზოგადოებრივი ღირებულების, ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის, ან საზოგადოებრივი რეზონანსის ესთეტიკური ან მხატვრული ღირებულების ნივთად და ამასთანავე უმაღლესად. ამ თეორიის თანახმად რაღაც სიკეთე, რომელიც უკვე აღარ არის ნაწარმოების სიკეთე, მაგრამ ადამიანური ცხოვრების გარკვეული სიკეთეა, უშუალოდ ხდება ხელოვნების შინაგანი ობიექტი, თავად მისი სპეციფიკა და არსი. ფიქრობენ, რომ ნაწარმოები უნდა იყოს მართული, ფორმირებული და ქმნილი, არა შემოქმედებითი ინტუიციისაგან გამომდინარე და მისი ნაშობი პროდუცირების წესისაგან, არამედ გამომდინარე განსაზღვრული მორალური ან საზოგადოებრივი მოთხოვნებისაგან და რომელიც ექვემდებარება დაკმაყოფილებას; ფიქრობენ, რომ ნაწარმოები თვით მისი წარმოშობისთანავე მოცემულ უნდა იქნეს იმგვარი ძალის განსჯებსა და განსაზღვრებებს, რომლებიც დამოკიდებული არაა ხელოვნების პოტენციაზე, არამედ ემოციაზე, მორალური ან სოციალური რიგის ინტერესთა მიზნებზე. ამ საზომით ხელოვნება იძენს გამრუდებასა და აღმოჩნდება მბრძანებლის სამსახურში, რომელიც არ არის მისი ნამდვილი მბრძანებელი და არც მისი ავთენთური ობიექტი. ამის გამო „ხელოვნება სოციალური ჯგუფისათვის“ აუცილებლად გადაიქცევა პროპაგანდის ხელოვნებად. ის, რასაც დღევანდელი ეგზისტენციური მოდა „დაქირავებულ ხელოვნებას“ უწოდებს, ფატალურად აღმოჩნდება მორალური ან ანტიმორალური, სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური ან ანტირელიგიური მიზნების პროპაგანდისტულ ხელოვნებად. ხელოვანი, რომელიც ემორჩილება დაქირავებულის ამ გაშმაგებულ ლტოლვას, მაშინვე ღალატობს თავის ნიჭიერებას, თავის მოწოდებას და თავის ნამდვილ ღირებულებას.

ხელოვნება, ისევე როგორც ცოდნა, ემორჩილება ღირებულებებს, რომლებიც ინტერესებისაგან დამოუკიდებლად, თვით ადამიანური ცხოვრების ყველაზე უფრო კეთილშობილური ინტერესებისაგან, ვინაიდან ეს არის ინტელექტუალური სამყაროს ღირებულებები. პოეტის როლი იმაში კი არაა, რომ სცენაზე ავიდეს პურის ჭამის შემდეგ და შეთავაზოს ქალბატონებსა და ბატონებს მიწიერი საჭმელით ჭარბად გამაბრუებელი ტკბობის სიმთვრალე, რომელსაც შედეგები არა აქვს. მაგრამ მათი როლი არც იმაშია, რომ განავრცოს ეგზისტენციური გულზიდვა, მარქსისტული დიალექტიკა ან ტრადიციული მორალი, პოლიტიკური რეალიზმის ბივშტექსი ან პოლიტიკური იდეალიზმის და ფილანტროფიის ტორტი. ისინი ზრუნავენ კაცობრიობის სულიერ კვებაზე, რომელიც მდგომარეობს ინტუიცუირ გამოცდილებაში, ზეშთაგონებასა და სილამაზეში, ვინაიდან ადამიანი არის ცხოველი, რომელიც იკვებება ტრასცენდენტურით. პლატონი თავის „სახელმწიფოში“ — პოეტებში ხედავს მიბაძვის ცრუ მიმბაძველებს, მათ ჭეშმარიტებებსა და მათ ზნე-ჩვეულებებში სახელმწიფოსათვის საშიშს. იგი სულ მცირედით მაინც იმდენად პატიოსანია მათთან დამოკიდებულებაში, რომ სახელმწიფოდან განდევნის მათ. მას ესმოდა, რომ პოეზია, სანამ ის პოეზიად რჩება, არასოდეს არ გადაიქცევა და არ შეუძლია გადაიქცეს სახელმწიფოს იარაღად.

ყოველივე იმის გამო, თეორია „ხელოვნება ხალხისათვის“, რომელსაც ახლახან ვაკრიტიკებდი, პროვოცირებული იყო „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ თეორიის ექსცესებით. სისტემა და პრაქტიკა ხელოვანის აბსულუტური უპასუხისმგებლობის, რომელსაც იმისათვის, რომ წეროს თავისუფლად, აუცილებელია იყოს დარწმუნებული, რომ დაწერილს შედეგი არა აქვს, დგანან, როგორც ჩვენ ვნახეთ, ბუნების საგანთა საპირისპიროდ. საზოგადოების რეაქცია გარდაუვალი იყო. ადამიანებს არ შეეძლოთ განუსაზღვრელი ვადით აეტანათ, რომ მათი ნორმები და უარსებითესი რწმენა ლანძღვა-გინების საგნად ქცეულიყო, მათი მორალური მემკვიდრეობა საფრთხის წინაშე დადგა, მათი გონება დაბნელების მდგომარეობამდე მიდის და მათი წარმოსახვა იწამლება ხელოვანის უპასუხისმგებლო სიყვარულით. მათი რეაქციები შეიძლება ყოფილიყო გონებაჩლუნგური ან შეუსაბამო, ფილისტერული, გაზვიადებული ან უბრალოდ ხეპრული; და მაინც ჩვენ წინაშეა ბუნებრივი, თითქმის ბიოლოგიური თვითდაცვის ფენომენი. რამდენიმე წლის უკან ვკითხულობდი პრესის განცხადებას, რომლის სისწორეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რომელიც უარეს შემთხვევაში არ არის დატვირთულობას მოკლებული. ცხადდებოდა, რომ თითქოსდა ასოთამწყობებმა უარი თქვეს ერთი ტალანტის მქონე მწერლის ხელნაწერის აწყობაზე, რომელიც შეიცავდა არაორაზროვანი უწმაწური შინაარსის უცოდველ პროზას. თუკი ეს ისტორია მართალია, ასეთი სპონტანური რეაქცია — ჭკუის სასწავლებელი სიმპტომია.

ჩემ თავს ვეკითხები, მაგრამ: რა იქნებოდა, თუკი ასოთამწყობთა სპონტანური ცენზურა გახდებოდა საერთო მოვლენა, იქნებოდა კი შედეგები სასიხარულო, — მე არ ვლაპარაკობ ხელოვნებისათვის, არამედ საზოგადოებისათვის? საკმარისია თავისუფლება მივცეთ წარმოსახვას, რათა დავინახოთ, რაღაც საშინელ სიზმარში მით უფრო მეტად საყოველთაო მოვლენის შესაძლებლობა: მე მხედველობაში მაქვს ე.წ. „უბრალო ადამიანების“ აჯანყება, ქუჩის ადამიანების, მთლიანად მთელი „ინტელიგენციის“ წინააღმდეგ, რომელთა უპასუხისმგებლო მოქმედება ყველას ემუქრება. ხომ არ მიესაჯოთ ამ ფიზიკოსებს თავიანთი ატომური ბომბებით სიკვდილი, ამ ბიოლოგებს მათი ბიოლოგიური ომებით, ამ ფილოსოფოსებს ბაბილონური არეულ-დარეული საკითხებით, ამ პროფესორებს ადამიანთა ტვინების დახლეჩის თავიანთი მანერით, ამ ჟურნალისტებს თავიანთი სენსაციური ცნობებით, ამ ახალ ფერმწერებს თავიანთი გაშმაგებული დეფორმაციებით, ამ ახალ რომანისტებსა და პოეტებს თავიანთი დევიზით „დაწერილს შედეგები არა აქვს“? ამ აჯანყების რაღაც მსგავს ინტელიგენციის წინააღმდეგ და ბარბაროსობისადმი ამ ნოსტალგიას ჩვენ ვამჩნევთ „ცხოვრების“ თავისებურ კულტში და ნაცისტური გერმანიის დროს „ხალხის“ თავშეუკავებელ მლიქვნელობაში.

ჩემ მიერ მოხაზულ კოშმარულ ხედვას არა აქვს რეალურად მოხდენის დიდი შანსი — არა იმიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანებს არ ჰყოფნით ამისათვის გაავება, არამედ იმიტომ, რომ მათ, საბედნიეროდ, არ ჰყოფნით ძალა დაიკმაყოფილონ იგი ამგვარი სახით. მაგრამ კაცობრიობა შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ უფრო დიდი სიბილწის წინაშე. ადამიანებს არ ჰყოფნით ძალაუფლება, მაგრამ ტოტალიტარულ სახელმწიფოებს აქვს ძალაუფლბა იმისათვის, რომ იძულებით დაიმორჩილოს მორალზე კონტროლი მათი განსაკუთრებული მორალიინტელექტის ქმნილება, და უპირველეს ყოვლისა ხელოვნება და პოეზია. ამგვარ შემთხვევაში, როგორც ჰიტლერისა და სტალინის რეჟიმებმა გვიჩვენეს, შემოქმედებითი ძალები პასუხისმგებელნი ხდებიან სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოს მორჩილნი; მხატვარსა და მწერალს აქვთ თავიანთი მთავარი მორალური ვალდებულება პოლიტიკის წინაშე; თანაბარი სახით ისინი უნდა შეეგუონ ესთეტიკურ პრინციპებს, როგორ ფორმირებასაც მათ სახელმწიფო უკეთებს, ასაღებს რა თავს ხალხის ინტერესების გამომხატველად და დამცველად. სახელმწიფო აღარ დევნის ჰომეროსს, როგორი გულუბრყვილობითაც დეკრეტირებდა პლატონი. იგი ცდილობს მის მოშინაურებას.

დასასრულს ერთ შენიშვნას დავუმატებ. ესთეტიკის სპეციალისტები უმეტესწილად სწავლობენ ხელოვნების როლს ადამიანთა საზოგადოებაში. ასევე საჭიროა მათ ყურადღება მიაქციონ ხელოვნებისათვის ადამიანთა საზოგადოების უპირველეს როლს. ამ მომენტიდან, როდესაც საზოგადოება მოიპოვებს მოთხოვნას ხელოვნებასა და მხატვრებზე, საზოგადოებასაც ასევე აქვს განსაზღვრული ვალდებულებები მათ წინაშე. სავსებით იმგვარად, როგორც მწერალი ვალდებულია გრძნობდეს თავის პასუხისმგებლობას, ასევე უნდა მოიქცეს საზოგადოებაც.

მხატვრები, პოეტები, კომპოზიტორები, დრამატურგები ელიან საკაცობრიო ამხანაგობისაგან, როგორც თავიანთი შემოქმედებითი ძალისხმევის განვითარების აუცილებელ პირობას, შემდეგს: იყვნენ მოსმენილნი (მხედველობაში მაქვს გაგებულნი), მიიღონ პასუხი (მხედველობაში მაქვს აქტიური და დიდსულოვანი პასუხი), მოიპოვონ ადამიანთა შორის თანამშრომლობის რაღაც სახეობა, იგრძნონ თავიანთი თავი რაღაც ურთიერთობაში მათთან, ნაცვლად იმისა, რომ ჩაკეტილნი იყვნენ, როგორც ეს დღესდღეობით ასე ხშირად ხდება, თავისებურ ინტელექტუალურ გეტოში. (კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს გეტო წარმოადგენს არაარტისულ, არამედ პოლიტიკურ ერთობას, რომლის გამოც ხელოვანი ჯილდოდ იღებს ნასუფრალს, რომელიღაც ტოტალიტარული სახელმწიფოსაგან.)

ეს ნიშნავს, რომ უპირველესი ვალდებულება ადამიანთა საზოგადოების ხელოვნების წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ პატივი სცენ, — მასსა და მის სულიერ ღირსებას. ხელოვნების ნაწარმოების განსჯა — იმდენადვე რთულია და იმდენადვე საპასუხისმგებლო, როგორც მეცნიერული ან ფილოსოფიური ნაშრომი. ხელოვნების ნაწარმოებს შევყავართ სულიერი საგანძურის მფლობელობაში, რომელიც შედგება ხელოვანის განუმეორებელი სიმართლისაგან, რის გამოც ის მიდის რისკზე და რისთვისაც იგი ვალდებულია იყოს გმირულად ერთგული. განსაჯო იგი ნიშნავს ამ იდუმალი სიმართლის ცოცხალი მეგზურის განსჯას და უპირველესი პირობა ამგვარი განსჯისა მდგომარეობს რაღაც წინასწარ თანაგრძნობაში ხელოვანის ინტენციისა და შემოქმედებითი პერსპექტივისადმი, რომლის შიგნითაც იგი იმყოფება. თავის თანამედროვეთა მხატვრული პროდუქციის შესახებ მსჯელობის გამოტანით, ადამიანები ექვემდებარებიან პასუხისმგებლობას ხელოვანისა და საკუთარი თავის წინაშე, თუ რაოდენ საჭიროებენ ისინი პოეზიასა და სილამაზეს. მათ ნიადაგ უნდა ესმოდეთ ეს პასუხისმგებლობა.

02.03.26

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები