ყველა სტატია
გამოქვეყნებული

გენრიეტა ქუთათელაძე — ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვის – 2024

ასე მგონია

გენრიეტა ქუთათელაძე5 წთ საკითხავი27
გაზიარება
ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვის – 2024

ასე მგონია

ვით მდუმარე სასაფლაოს

გვიან ღამისას,

მეც აჩრდილები დამტრიალებენ

პირქუში მზერით,

ასე მგონია წყალში ჩავვარდი

და დაუნდობლად გადამრეცხავს

მალე დინება;

წყალწაღებულს ვინ დამიდარდებს,

ხავსიც ვერ ვნახე, რომ მოვეჭიდო,

ჯანდაბას ჩემი თავი,

მაგრამ სხვებიც რომ ჩემ დღეში არიან

აუ, წყალში ჩავარდნილებს რა გვეშველება? ცაზე აენთო ტაბლო წარწერით: ფრთხილად, ადამის ძენო! რა ვიღონო აღარ ვიცი,

მშველელს ვნატრულობ...

და აი შენც გამოჩნდი,

ხელს მიწვდიდი მეც და სხვებსაც,

მაგრამ ნიღაბი რომ გიკეთია,

როგორღა გენდოთ?

ვარსკვლავების მკრთალ სინათლეზე

მაინც დაგლანდე,

კი, შენ იყავი,

სხვა ქვეყნიდან გადმონერგილი,

გამომეცხადე როგორც რაინდი ქველი და ბრძენი,

თქვენდა მსახურად ვარ მოვლენილიო-

ირწმუნებოდი,

მაგრამ მზაკვარი დავინახე

მე იმ წამებში,

ნიღბებს შენსას ვერ დაითვლის

კაცი ვერაფრით,

ანტიქრისტე ხარ, ანტიქრისტე,

კი, კი, ნამდვილად,

ღმერთმა დაიცვას შენგან

ერიც და ბერიც;

ისევ ჯობია წყალმა წაგვიღოს,

ვინც ხელს გაანძრევს,

გაცურავს კიდეც და გადარჩება

და ეს იქნება დაბადება

ისევ თავიდან,

დიახ, მეორედ დაბადება,

ახლა ყველაზე უფრო აუცილებელი.

ციკლიდან: შემოდგომის ეტიუდები

  • * *

ისე ნარნარად ირწეოდა იასამანი,

ცეკვავდა თითქოს...

და ტოტს, როგორც ხელს საამბოროდ უწვდიდა წვიმას; წვიმა კი წვიმდა,

ნელა და მშვიდად,

ძირს ჩამოჰქონდა ზეცის მუსიკა...

აშარიშურდნენ მერე ფოთლები

და მთელი გულით დაეწაფნენ

ანკარა წვიმას,

მაგონებდნენ მე ფოთლები

ღვინისმსმელ კაცებს,

ბახუსის ტრფიალთ.

მღერის ნიჟარა

ზღვის ნაპირას დავეძებ კენჭებს, როგორც ყრმობისას

და ისევ ვნატრობ:

ვიპოვო ნიჟარა

უცხოფერი, დიდი ნიჟარა.

დღეს გამიმართლა,

აი, ნიჟარაც, მოთეთრო, თლილი, ბუნების ნამდვილი შედევრი,

ვინც ყურს დაუგდებს, ხმებს გაიგონებს, ჰანგებს გამოსცემს ათასნაირს,

მღერის ნიჟარა,

მთელი სამყარო ჩატეულა ამ ნიჟარაში: აო, ზღვა ღელავს,

ქარი დაჰქრის,

ჩიტი ჭიკჭიკებს;

კიდევ? უცხო ხმა ისმის,

იდუმალი, ენით უთქმელი...

დრო და სივრცე უცებ გაქრა,

დროის მიღმა აღმოვჩდი და

მე გამახსენდა ჩემი წარსული,

როგორ დავეშვი ვარსკვლავეთიდან

ციური ფრთებით

აქ, ამ მიწაზე

და სავსე მთვარის შუქზე

აღვავლინე საგალობელი,

რომ მიწა არის სიცოცხლის ბაღი,

სიყვარულით და რწმენით ნაშენი. მერე?

მერე, ო, საოცრება – პეპლად ვიქეცი
და ნიავქარს ავუყევი ნელი ფარფატით...
უწოდეთ ამას ცნობიერების ევოლუცია,
გნებავთ, მე-ს ტრანსფორმაცია,
ანდა სულაც:

სულის აღზევება

და დაბრუნება საკუთარ თავში.
ახლა ბუნებას, მთელ ბუნებას
ვესალბუნები;

პეპელა რომ ვარ, ერთ დღეს ვიცოცხლებ?

მერე რა, ჩემთვის ეს წამიც უდრის მთელ საუკუნეს.

ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვის – 2023

  • * *
  • მოძალადე ხარ, მოძალადე,

წადი, მომშორდი!

  • მოძალადე? უცნაურია,

კი მაგრამ, როდის შეგეხე,

განა ოდესმე მომიქნევია

მუშტი მე შენთვის?

  • მუშტი არა, მაგრამ სიტყვებით,

სიტყვებით ხომ იძალადე...

  • სიტყვებით? რაღაც არ მახსოვს,

როდის გითხარი ავი სიტყვები?

  • პირდაპირ არა, მაგრამ ირიბულად

ხომ თქვი ათასჯერ,

როცა ცდილობ, დაამცირო ჩემს ირგლივ ყველა,

ილაპარაკო მათ ცოდვებსა და შეცდომებზე,

როცა იცინი და გსიამოვნებს სხვათა ძაგება და რეცეპტივით იძლევი შენიშვნებს, როცა გამუდმებით სხვას ჭკუას ასწავლი, სწორედ ამით შეურაცხმყოფ და ძალადობ ჩემზე,

ბეწვს რომ ხედავ სხვათა თვალში

და საკუთარში დირეს ვერ ამჩნევ,

როგორღა გენდო და კვერი დაგიკრა?

არა, ამას ჩემგან ვერ ეღირსები...

სხვათა ღირსებას

პატივს უნდა სცემდეს

როგორც საკუთარს კაცი ყოველი

და სანამ ამას ვერ გაიგებ და გაითავისებ,

იქნები მუდამ აგრესიული და მოძალადე, სხვათა მკილავი... და ადრე თუ დაბერდები,

ნუ გაიკვირვებ.

ღმერთმა გიშველოს!

ჩემო მკითხველო!

რასაც ახლა ვწერ,

არამგონია, იყოს შენთვის მოულოდნელი,

შენ ხარ იმ უამრავი ტექსტის თანაავტორი,

რაც დაწერილა აქამდე

და ახლა ყოველდღე რომ იწერება,

დიდიხანია იდეალური მკითხველი გიწოდე,

სულ თანმიმდევრობით წაიკითხე ასობით წიგნი

(ჰომეროსიდან დაწყებული დღევანდელ ავტორთა წიგნებით დამთავრებული, მათ შორის ჩემიც)

და გონებაში გარდასახე მხატვრულ ფილმებად;

ამასობაში სხვა კაცი გახდი,

ციდან ჩამოსული გიწოდა ბევრმა,

მესამე თვალი აგეხილა და

დამზერ სამყაროს ასტრონომივით

სულაც არ მიკვირს, რომ შეიცვალე,

წესია ბუნების-რასაც მეტს სწავლობ, უფრო ივსები

(ტვინში ახალი უჯრედები იქმნება)

და დაფარულის შეცნობაც იწყება... ასპარეზზე გამოდის კვანტური ცნობიერება... ჰოდა, სამყაროს საკრალურობის გაგება, გადმოთარგმნა რომ გწადია, არ მიკვირს სულაც...

რამდენად იდუმალია, მით უფრო მიმზიდველია იდეა –

სამყარო იმართება მიუწვდომელი გონითი საწყისის პრინციპით...

ჩვენებურად – ბუნება მბრძანებელია!

დავდივარ ველზე ფრთაშესხმულივით,

ღმერთთან შეხვედრის იდუმალ ველზე

და ვარსკვლავების ყვავილებს ვკრეფ,

ყვავილწნულს შენ გიმზადებ, ჩემო მკითხველო!

  • * *

რაც იყო, იყო,

კარგი თუ ცუდი,

მოგონებების საწნახელში გადავუძახე,

მტევანივით რომ დაიწუროს...

ეს ამბებია ადამის ძეზე,

დროს რომ გაექცა და თავი მოიკლა,

მას გაუჭირდა მიწაზე ყოფნა,

(მიწაზე ყოფნას ახლავს ათასი ვაი და ვუი, ლხინიც ხანდახან), ისე თვალები ფართოდ რომ გაეხილა,

გულს ჩაჰკითხოდა,

შეგიყვარებდა და იცოცხლებდა.

  • * *

გამაძევე აწმყოდან და ახლა ნიშანს მიგებ,

ვითომ გიყვარვარ, ისე მიღიმი...

შენ დამიჩრდილე მზე, შენ,

შენ, ბოროტებითა და უკეთურებით აღზევებულო, ფარისეველო,

განჯგონებულო,

ზესთამშჩენის სინდრომით შეპყრობილო, მანქურთო და განტენბაინო,

ვაი რომ ჩვენს საზოგადოებაში პატივდებულო... შენ, რომელსაც არ შეგიძლია წაიკითხო

ღამეული ცის წიგნი,

შეიგრძნო ყვავილის სილამაზე,

პეპელას იდუმალება,

უსმინო წვიმის სიმფონიას,

მდინარის დუდუნს,

მთვარის შუქზე იცეკვო მინდორში...

ყველა და ყველაფერი შეიყვარო!

ეჰ, რა ღარიბი ხარ!

დიალოგი ციფრულ მეგობართან

  • არა, არაფერი გეშველება!
  • და ვითომ რატომ?
  • დროს ფეხს ვერ უწყობ,
    ცვლილებებს ვერ ეგუები.
  • მაშასადამე, უნდა მოვკვდე,
    სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის?
  • ხსნა ყველგან არის,

თუკი მართლა გსურს, მაგრამ...

შენ ეს არ გინდა,

წარსულში დარჩი.

  • ჰო, წარსულის დღემდე ჩაუმქრალი მოვლენები მარწმუნებენ, უკეთესი ვარ, ვიდრე გგონია...

და საერთოდ,ადამიანის შეფასება

არ შეიძლება ზედაპირულად,

ადამიანით უნდა იარსებო,

მის სულს უნდა გრძნობდე,

მისი წაკითხვა უნდა შეგეძლოს.

  • ადამიანის წაკითხვა? მიკვირს ღმერთმანი!
  • ჰო, სწორედ წაკითხვა;

ვინც ამას შეძლებს,

მრავალი აღმოჩენის სიხარული ელის...

ისე, იცოდე,

ერთხელ და სამუდამოდ ამოხსნილი

ადამიანი არ არსებობს.

  • და თუკი არსებობს?
  • ის მაშინ კიბორგია და არა ადამიანი.
  • მე მაინც გირჩევ,

გადაეწყვე ციფრულად,

ეს დროის მოთხოვნაა.

  • * *

ამოიწვერა როგორც ბალახი,

სიტყვა, რომელსაც გაზრდა სწყურია,

რომ ღმერთად იქცეს...

და ჩემი ლურჯი, დიდი კალთიდან თვალს ახელს,

სიყვარულით გიცქერით;

ალბათ, იცანით ყრმა უცოდველი –

ძეი უფლისა...

მაგრამ აქამდე სულ ეჭვებით იყავით სავსე, არ დაიჯერეთ მისი ღმერთობა,

როცა წყალი ღვინოდ აქცია...

წყალზე რომ გაიარა, როგორც მიწაზე, მაშინ დაფიქრდით;

5000 ადამიანი მხოლოდ ხუთი

პურით

და ორი თევზით რომ დააპურა,

გვერდით დაუდექით,

ბრმას რომ თვალები აუხილა

და საპყარი ფეხზე დააყენა,

მუხლზე დაეცით და უფალი უწოდეთ,

მისი იწამეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ჯვარზე გააკარით და განა ერთხელ,

2000 წელიწადია გრძელდება ასე;

ახლაც გოლგოთის გზას მიუყვებიან რჩეული შვილნი... ტირის სიტყვა და იცრემლება;

ღმერთო, სანამდე!

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები