ჩემს გოგოს,
უკანონობის კანონებით გაჩენილ გოგოს,
სამოქალაქო კოდექსებით გამოზრდილ გოგოს,
სიკვდილ-სიცოცხლის ნეტარებით სრულყოფილ გოგოს,
სიცილ-კისკისში
ჩამალული ცრემლი და სევდა,
როგორც წყევლა და როგორც სასჯელი,
ედემის ჭიშკარს გამომცდარმა
მარადი მაყარივით რომ გამოიყოლა,
ველური კატის მოქნილობა და
ხეზე თამამად გასული თხის თვალები ჰქონდა.
ჩემს გოგოს,
გველივით ჭკვიან და ჩურჩუტ გოგოს,
ფერად-ფერადი ეშმაკობები
და მისივე თმებივით
აბურდულ-დავარცხნილი საიდუმლოებები,
ლამაზ-ლამაზი და მსუბუქი სულელობებით,
აფუებული ბალიშის ქვეშ
ბლომად ელაგა.
ჩემს გოგოს,
ღმერთის და ეშმას მარტოობით დალოცვილ გოგოს,
ეშმას და ღმერთის ცალმაგობით
დაწყევლილ გოგოს,
პოეტი-ევად გაჩენილ გოგოს,
დედოფლის ქოში ადიდასზე რომ გადაცვალა,
მეჯლისებზე თუ კარნავალებზე,
ბალ-მასკარადზე თუ პანაშვიდზე,
ყველა გოგოსგან გამორჩეულად,
ჰაიკუების მინი იუბკა და
ტრიოლეტების კოპლებიანი მაისური ეცვა.
ჩემს გოგოს,
გრძელფეხება და წელწვრილა გოგოს,
არამქვეყნიურს და მიწიონელს,
ქალღმერთისა და მეძავის ნაზავს,
დაცინვასა და ღიმილს შუა დაბანაკებულს,
მსხვრევად ცრემლსა და ღალატთან ერთად,
ჰქონდა ბავშვივით ნეკის თითები,
ცხრამაგხაზიანი ხელის გულები
და სხვა სურნელით გაჟღენთილი იღლიის ოფლი.
ჩემს გოგოს,
რომანტიულ და პრაგმატულ გოგოს,
სიყვარულივით საძაგელ გოგოს,
ერთგულებით და ცბიერებით შეკაზმულ გოგოს,
როგორც ჩანთაში ტუალეტი და კოსმეტიკა,
საფულის მეცხრე ჯიბეში ეწყო,
განცდა, მსჯელობა და ემოცია.
ჩემს გოგოს,
შვიდი მარტივით ჭირვეულ და ბუტია გოგოს,
მშვენიერებამისჯილობით თავმობეზრებულს,
ლამაზ შტერს,
მაგრამ მბრძანებელს და გამაშტერებელს,
მეგვირაბედ და ცის კიბედ რომ გამომიყენა,
მე რომ თავკერძა მესაკუთრის ჟინით მიყვარდა,
მას სეზონური ერთგულების ჯიბრით ვუყვარდი.
ჩემს გოგოს,
ყველა დროის და
ყველა სივრცის ბინადარ გოგოს...
მუხა, კაქტუსი და მეტალექსი
გადამეკიდნენ კრიზისულ კრიტიკოსებად ქცეული პოეტები.
ჩვენ გახლავართო ლიტერატურული სამყაროს
ბატონ-პატრონი,
გამომებნენ ხმელი ეკლებივით და
აღარ მაძლევენ საშველს,
„დეგრადირებულ“ და „უღმერთო“, (მათი სიტყვებია)
პოეტ-ვიგინდარას.
მე – ქართულ მუხას მაძალებენ რომ ვიყო კაქტუსი,
სულში მიფათურებენ ცივ და უხეშ ხელებს,
ჩემი ნერვების ცადმიმავალ საფეხურებს
ტალახიანი ბათინკებით მიუყვებიან,
რაღაცას ეძებენ გულმოდგინედ,
გამიზნულად იქექებიან, იჩხრიკებიან,
უნდათ როგორმე, ფილისტერის ჟინის მორევით,
ჰერმეტულ წრეში მიმავალი მარგინალური შარა-ბაწარა,
დროის და სივრცის მაგისტრალურ ხაზს ჩაანაცვლონ.
გადამეკიდნენ კრიზისულ კრიტიკოსებად ქცეული პოეტები.
გადააზრებული აზრების ნავით,
პანეგირიკის ცივზე-ცივი ინტონაციით,
ერზაცმდინარე გადმოლახეს და
მასკულტურიდან გლობკულტურის ტბაში შეცურეს.
რიტორული ხმით მომძახიან, მიკიჟინებენ,
თან მასწავლიან, (მუშტების ქნევით),
თუ რა ფორმა ავირჩიო წყობილსიტყვაში,
დომინირებული შაირის უარყოფაზე მიმითითებენ,
რაც იმას ნიშნავს,
დავიწუნო პირიმზე კაბით.
ლექსის საზომად გაუხდიათ პლიუს-მინუსი,
ცინიზმის ბლაგვი დანით ებრძვიან რითმას,
როგორც გადმონაშთს,
როგორც ბებერს და ჩახჩუებულს,
ხოლო ვერლიბრი შარშანდელი ხურმა ჰგონიათ.
არადა, ლექსის ეს ნედლი და უფორმო ფორმა,
მიღმიეთიდან გონის თვალით რომ იმზირება,
დღეისსწორს კი არ იბადება,
კი არ მკვიდრდება,
დღესასწაული მისი ახლა, ესევითარი,
ძალდატანებით და მუქარით დავიწყებულის,
განახლებას და აღდგენას ნიშნავს.
ფსევდოპოეტის ყაისნაღით მოქსოვილ ვერლიბრს,
ნაძალადევი სირთულის ძაფი,
დედაბრის უხეშ თმასავით რომ აბურდვია,
უსატკივრობის სჭირს სენი და ავადმყოფობა.
გადამეკიდნენ კრიზისულ კრიტიკოსებად ქცეული პოეტები.
უჭირავთ ხელში, გამოსაპირი ცელივით,
დილეტანტის დორბლიანი კალამი,
მისდგომიან ლექსის ტყე-ჭალებს,
და აცელილი ცრემლების ხარჯზე,
და აცელილი დარდების ხარჯზე,
სურთ გაახარონ, გააჯეჯილონ,
კლერტა ბალახი და ნარ-ეკალი.
რა ქნან? არ ესმით, რომ უნდა შედგეს,
(დუელი და ბრძოლა კი არა),
ტრადიციის და ნოვაციის თეთრი ქორწილი.
რა ქნან? არ ესმით,
რომ ზოგჯერ და, არამც ყოველთვის,
პოეტს – ყველაზე კეთილ ხულიგანს,
ყელზე თუ არა, ფეხის წვერზე მაინც ჰკიდია,
გრამატიკის და ლინგვისტიკის ყველა კანონი.
სევდა, რომელიც დევნილ ადამს ედემიდან გამოაყოლეს,
ჩვენს მაჟორულ და აზღარბულ დროში,
ამ ნარცისებს და ამ კონფორმისტებს,
ჰგონიათ მკვდარი და დიდი ხნის მიწადაყრილი.
სევდა კი... სევდა... კაცთა ყოფის ანი და ჰოე,
თავდაპირველი ხმის ტემბრით და ფერის სიმძიმით,
ცათამბჯენების ხმაურიან ქუჩებში დადის,
სადაც, ვითარცა მომთაბარენი,
მიმოჯირითობს ხვნეშითა და ხველებ-ხველებით,
სხვადასხვა დამღის, მარკისა თუ ფერის და ჯიშის,
ავტომობილთა ურიცხვი ტომი.
მე – სევდის შვილი და სიკვდილზე მიშვილებული,
წვიმის კიბით რომ ჩამოვედი გალაქტიკიდნ,
გადამცეს წყევლას და ნერვიულ გილიოტინას,
თითქოსდა, ჭრელი გველი შემეწვას,
რატომ უსხამო გამომშრალ და გამომხმარ დღეებს,
მეტალექსის ცრემლსა და სისხლს,
როგორც სულიერი ნეტარების მომგვრელ ნარკოტიკს...
არადა, ვხედავ, არადა, ვგრძნობ,
რომ მეტალექსმა,
ლამაზი და მთრთოლვარე სულის თეთრმა შედევრმა,
შემეცნება რომ ამჯობინა სანახაობას,
ელექტრონულ დროს აზრიანი ფიქრით გაასწრო.
ნული ნინიძეს
ყველა სიმღერა იყო – სიყვარულზე,
ყველა ღიმილი იყო – სიყვარულზე,
ყველა ტირილი იყო – სიყვარულზე,
სიყვარული კი,
უჩინო და უფრთო ქარივით,
იყო ყველგან და არ იყო არსად.
ყველა გაბუტვა იყო – სიცოცხლისთვის,
ყველა დარჩენა იყო – სიცოცხლისთვის,
ყველა სიკვდილი იყო – სიცოცხლისთვის,
ხოლო სიცოცხლე,
ცალფრთიანი გამჩენის ჩიტი,
შეცდომით მეჯდა მარცხენა მხარზე.
ყველა ყოყმანი იყო – სიკვდილისთვის,
ყველა გაქცევა იყო – სიკვდილისთვის,
ყველა სიცოცხლე იყო – სიკვდილისთვის,
ხოლო სიკვდილი,
უხორცო და ყორნისფრთისფერი,
მეჯდა, მარცხიანს, მარჯვენა მხარზე...
და ყოფნა იყო-არყოფნისთვის,
არყოფნა იყო-ყველაფრისთვის.
ღმერთის ორი შედევრი
მიყვარს სიცოცხლე... თავი ვანდე მას,
გულიც ამ ტკბილ შხამს მიტომ ეწამა,
რომ ქრონიკული ლექსის ანთებას,
გული და ფილტვი გამოეჭამა.
მიყვარს სიკვდილი... ცხადი და მითი,
არის არსად და ყველგან ის არი.
თან ნაცადი და თან მიამიტი,
თან მშიშარა და თან უშიშარი.
მიყვარს სიცოცხლე... (არ ვამბობ მკრეხელს),
ასე ცხოვრების ბალზე თუ ხდება,
სოცოცხლის ღიმილს და მაღალ ფეხებს,
სიკვდილის მინი-კაბა უხდება.
მიყვარს სიკვდილი... ვაი და უი...
თეთრი რვეულის შავი ფურცელი.
მიყვარს სიკვდილი... ტყუის თუ ვტყუი,
ერთმანეთისთვის ვრჩებით უცვლელი.
მიყვარს სიცოცხლე... ჯვარცმა და ჯვარი,
მისი ტირილის სიმღერა მიყვარს.
რეპრესირებულ სურვილთა ჯარი,
საბელწაბმული ცხვრებივით მიმყავს.
მიყვარს სიკვდილი... ღმერთის შედევრი,
მიყვარს სიცოცხლე... ღმერთის დიდება.
დღე-ღამეების ხშირი ტყე-ტევრი,
კვლავ იჩეხება და ითიბება.
მიყვარს სიკვდილი... რაც ჟამი გადის,
ჩრდილს მისას ვხედავ მხარდამხარ მავალს.
მიყვარს სიკვდილი... მე ამ გიგანტის,
ისევ Contra და ისევ Pro ძმა ვარ.
არყოფნა ყოფნის ზიარ ზარს რეკავს,
სიხარულს მაყრად სდევს დარდუბალი.
ცეკვავს სიცოცხლე, სიკვდილთან ცეკვავს,
როიალთან ზის თავად უფალი.
წრიული
როცა ქაოსით მღვრიე ცა დაწდა,
არც მარტი იყო და არც თიბათვე,
შენი ბედი კი მაშინ გადაწყდა,
დაბადებამდე რომ დაიბადე.
უფალი ღრუბლის გემით შეგცილდა,
არც კი ახსოვხარ, ალბათ, მას ახლა,
ბრალი იმისი, ვინაც ზეციდან
გადმოგაგდო თუ გადმოგასახლა.
მიწიონელის დამღა გეკეთა,
სხვა გალაქტიკებს ამოდ უძახი.
სიკვდილ-სიცოცხლე აქ დაგებედა,
ამ მზისქვეშეთის შენ ხარ ტუსაღი.
მიხვალ არსაით და ფიქრს მიიშლი,
არც დაცული ხარ, არც განწირული.
არა მგონია შეგხვდეს ფინიში,
მიწა – ბურთია, გზა კი – წრიული.
გინდა დარჩი ან გასცილდი ტიხარს,
უაზრობაა რა გზას აირჩევ.
გაიქცევი და სიკვდილთან მიხვალ,
გამოიქცევი – აქ მოხვალ ისევ.
შენნაირები მიდი-მოდიან,
შეამქრებიათ წვა და წვალება.
სიკვდილი მართლა ბუა როდია,
დაბადებაა გარდაცვალება.
წვალებით შუბლი რად დაიორთქლე,
სიზმარს ცხადი ცვლის, ცხადს კი – სიზმარი.
შენ აღარ გახსოვს ადგილი, თორემ,
გუშინ რომ იდექ, ისევ ის არის.
წერას ბედისას რად არ ნებდები,
ურჩობას ამდენს ინანებ მწარედ.
არ მიგიღებენ სხვა პლანეტები,
სხვისი სახლია წრიულის გარეთ.
მძულს ეს სამყარო
მომსკდარი გრძნობა
დასახრჩობად მიჭერს არტახებს,
მზის სხივზე ვეღარ გამზეურდა
ფიქრი ფარული.
ჩემს უბედობას ახლა ქუჩის ძაღლიც არ დაყეფს,
თავსაც გავძულდი,
ყველაფერში ხელმოცარული.
გაჩენის დღიდან სავალ გზაზე
ჩამშლია ზვავი,
ღია კარივით გახსნილი მაქვს ყველა იარა.
სურვილის ტევრმა მომაბეზრა სიცრუით თავი,
მოგონების ჯგრომ
მოწყენილმა ჩამომიარა.
გზა სამარტვილო
არ ყოფილა დღემდე უვალი,
სხვაც ვერ გაექცა ბედისწერის
მძიმე სამსჯავროს.
კაცის ბჭობაზე კვლავ იცინის სადღაც უფალი,
ლამის ცხოვრებამ
ყველა ჭირი მე დამამგზავროს.
რა ხეირია,
გზად ეკალი ყრია თუ პალმა,
სიკვდილ-სიცოცხლის სათამაშო მეც ვარ თოჯინა.
ჩემისთანები თვალხილულმა
და ბრმა უფალმა,
ჯერ დაბადა და... მერე ფეხი გაათოშინა.
გადამსვეს ნოეს კიდობნიდან ქარონის ნავში,
ვერ დამამშვიდა ბედისწერამ,
ვერც გამაოცა.
დაწყევლილია დაბადებით ყველა ის ბავშვი,
რომელსაც ღმერთმა
აკვანშივე შუბლზე აკოცა.
სევდამისჯილი მეც ვარ მგზავრი
ღვიძილ-ძილითა,
მიწაზე ცოდვის კალოა და... მიწაში – ცივა.
ადრე ნავალი,
ისევ
ძველი
ჟინით
ვივლი და...
მე – უჯიათი, ჩემზე ჯიუტ სიკვდილთან მივალ.
ისე ვარ ახლა,
ლამის სული სხეულს გავყარო,
ქარის მდევარი, თავად ქარის გავხდი ლტოლვილი.
(გამემტყუნება), მაგრამ მაინც, მძულს ეს სამყარო,
ფარსით,
ცოდვით და
გულგრილობით გადათოვლილი.
შმორიანი პარნასი
დრომ ჟანგიანი
და ფუტურო ფიქრი დაობა...
ახალ პუბლიკუმს მოეწყინა აზრი მომპალი.
შმორიან პარნასს
ძველმოდური არ თმობს თაობა,
არადა, ლექსის არც მეფე ჩანს, არც დედოფალი.
აკვანში
უფალს აკოცნინა შუბლზე ვერავინ,
ცის გუმბათებზე ასავლელი ცაა მაღალი.
ვინ არის იგი – სივრცეების გადამსერავი,
ძველებში – ძველი
და ახლებშიც მარად ახალი.
ძველი ჯიქია,
ახალი კი, ძველზე ჯიუტი,
კოსმიურ წვიმებს მოელიან
გრძნობათ ზვავები.
ყველა თაობას საკუთარი აქვს ჰოლივუდი,
პატარ-პატარა მზეებით და
ცრუ ვარსკვლავებით.
ალდება სული
დროის სისხლით ნაწერ-ნაძერწი,
გოლგოთად ექცა, ვისაც ნაღდი ნიჭი ებადა.
ოინბაზობებს შეწირული
და შურის კერძი,
გამტყდარა გული, უღარიბეს მოგონებათა.
ქმედითი ყოფა,
ცალფა გზაზე, ჭვრეტითს შესცილდა,
პიედესტალზე დროებითი ზეობს დიდება.
სამოქალაქო ლირიკაში გადაჯეჯილდა,
ასი სიმართლე
და არც ერთი ჭეშმარიტება.
დრომ რომანტიკას
ალიყური უკვე აჭამა,
ახლა ჟამია, ცივი ჟამი, რკინის აშართა.
რა დროს მთვარეა,
როცა უფლის ხატმა – ადამმა,
დაადგა ფეხი – მიწიერი და დააშარდა.
გალიის ლომის
ვეღარ კაწრავს უბრჭყალო თათი,
ვერლიბრი – კნავის
და შაირი წუწუნ-კუკუნებს.
მსოფლიოს სევდა შეიცვალა
ბოსტნის სევდათი...
ვინ დაიჩემებს... ერთის იყო ის საუკუნე.
ტანგო
დროს ხელის გულზე
სილიკონის უდევს ეპოქა,
ბირთვულ ღრუბლებში მიჭიხვინებს
ვერცხლის პეგასი.
კლასიკურ პროფილს
კლონის კლიშე გადაებოგა,
ბამბის ფიფქივით თოვს ღიმილი სტატუეტკასი.
ახლა ცელოფნის ქარში ფრიალს
ჰქვია მშვენება,
ჭორფლიანმა მზემ
მკრთალი სხივით ზეცა შებოლა.
იშვიათობა,
შენეული,
ღირს აჩემებად,
რა საჭიროა მადრიგალი ან ჰიპერბოლა...
შენ ეს სამყარო შეგიძლია
მზერით მიბანგო,
დადიხარ მოდა,
ყველა დროის სტილი რომ ერქვა.
მოდი, მე და შენ, ძველმოდური ვიცეკვოთ ტანგო,
ვიდრე ცალ-ცალკე მოგვიწევდეს
სიკვდილთან ცეკვა.
შენში ნიამორს ენაცვლება შავი ავაზა,
სინაზეს – ჯინი,
დამპყრობელის გზას რომ მიუშვი.
რადგან ცხოვრებამ
პოდიუმი შემოგთავაზა,
ნუ გეშინია, უფალია თავად ჟიურიში.
წაიღო ოხრად
ბედისწერამ სიცოცხლის მანკო,
წასასვლელ დღეთა, (ჰორიზონტზე),
რიგი თხელდება.
მოდი,
მე და შენ,
თავხედურად ვიცეკვოთ ტანგო,
ვაჩვენოთ სიკვდილს, როგორ უნდა გათავხედება.
რაღა გვეშველება, სანდროუკა
დროის გადაძოვილ კორდებიდან,
ცრემლს რომ აუვსია გუბურები,
ყველა მოგონებას ვშორდები და
ყველა მოგონებას ვუბრუნდები.
ვიცი ახლა დარდი აუგია,
რადგან ქიმერაა ძველი ხატი,
თმენის ქარბორიოს წაუღია
ჩემი ოცდაექვსი წელიწადი.
რაიც სიკვდილივით მწამდა უწინ
ყველა გამხდარია საცნაური,
ყრმობის ბილიკებზე წამდაუწუმ
დავალ პოეზიის აზნაური.
ძველი სიზმრებისკენ ამ თარეშით
კიბეს საფეხური ვერ ვუპოვე,
მოვა, წასულია სხვა მხარეში,
ჩემი სურვილების მეკუბოვე.
მწარე ფიქრის ტყეებს წყენით ვუმზერ
სადაც მეოცნებე ცა დამიწდა,
ვაი, ღიმილიან გაზაფხულზე,
თეთრი ყვავილები დამავიწყდა.
სული მარტოობამ გადარია,
მღვრიე სიყვარულით ნატაცები,
აღარც შორეული ნანაია,
აღარც მეამბოხე ძმაკაცები.
სიკვდილს გაუშლია ფართო რუკა,
მალე გადმოლახავს გზა-ნაპირებს.
რაღა გვეშველება სანდროუკა,
ღმერთი მოშველებას არ აპირებს.
გაქცევა
„მალარმე: აბა, პოეზია?
რემბო:აღარ ვწერ!“
კარგი რამ ყოფილა,
როცა ვეღარ კი არა, აღარ ფიქრობ...
როცა როდენის „ფიქრზე“ გაზრდილი ფიქრი,
ხმამაღალი და ფითქინა ფიქრი,
წყობილსიტყვაობის ეკლიანი
გვირგვინის ტარება რომ ჰქონდა მისჯილი,
მზით გავსებული ხოდაბუნიდან
მკვდარი ტალახის ბორცვზე გადარგე
და თავად გახდი
იმნაირი ფიქრის ნაწილი,
სადაც ბანაობს და სადაც ყვინთავს,
მოხეტიალე ბრბო და
საერთო ფიქრში ჩამხრჩვალი მასა.
კარგი რამ ყოფილა,
როცა ვეღარ კი არა, აღარ ხედავ...
უკუღმა ცხოვრებას ქუდი რომ შეუბრუნე
და წაღმა ცხოვრების გატკეპნილ გზას
შეგნებულად დაადექი,
ბასრი მზერა რომ დაიბრმავე
და შენს ღრმა მე–ში ჩაბუდებული პოეტი
გამეტებით დაიკიდე.
რაღა საჭიროა თვალთვალი და გაფაციცება,
ღმერთსაც მობეზრდა შენეული SMS-ები
და გასულია უკიდეგანო სამფლობელოდან_
მომსახურების ღია ზონიდან.
მიდი, შენც იმზირე მირიადი მომზირალივით...
ამ ელექტრონის,
ამ ატომის,
ამ შეშლილ დროში,
რა ბედენაა პოეტობა და პოეზია,
მოკალი შენში დიდი ბავშვი,
დამარხე ყველა
დროის და სივრცის უმისამართო სასაფლაოზე,
ტანჯვის კედელზე მიჯაჭვული სული გაითავისუფლე.
კარგი რამ ყოფილა,
როცა ვეღარ კი არა, აღარ ხედავ...
რა კარგი ქენი,
გაქცეული პატიმარივით
თავი რომ დააღწიე
შენნაირად მოქაქანე პოეტების ტრაბახს,
თითქოსდა,
მართლა ყოფილიყავი დედამიწის
ჭიპი და შუბლი...
კარგი ქენი, ჰო, ძალიან კარგი,
ნარცისებისა და ავტოაპოლოგეტების
ყეფას და ჟღარუნს შეგნებულად რომ წაუყრუე
და მოსიარულე ქანდაკების დარად,
დაიარები ცოცხალ–მკვდრების თავყრილობებზე...
აღარც კი ნანობ,
აღარ განიცდი და გაღელვებს,
ერთ დროს პოეტი რომ იყავი და
გამიზნულად გახდი ნაპოეტარი.
კარგი რამ ყოფილა,
როცა ვეღარ კი არა, აღარ წერ...
გულის გამაწვრილებელ სურვილს
საკუთარი ნებით რომ სძლიე და
აღაც კი ილანდები
წერას აყოლილთა და წაყოლილთა
შეშლილ ლაშქარში.
როცა ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი
აღარ გეცემა გულზე
ციხის ქონგურიდან დაგორებული ლოდივით,
როცა აღარ გაწუხებს
უფლის მიერ თვისად შექმნილი ხატი კი არა,
ფრთამოტეხილი ქარის სიხეიბრეც კი...
სისულელეა და წყლის ნაყვაა,
პლასტმასებითა და ცელოფნის პარკებით
დაფარულ ცაში,
ლექსისთვის ფრენა და ხეტიალი.
ისედაც
დაბერდა და დაჩაჩანაკდა კონვენცია,
გლეხის კალოშივით გახუნდა და გაცვდა,
ნესტისა და ფორის სუნი აუდის,
არტახებში მოქცეულს,
შვიდნაქმარევი რითმებივით შეესია
ათასი ჯურის უნიჭობა,
დორბლიანი აზრებითა
და ბლაგვი კალმებით...
ჩამქრალს, ჩალეულსა და ჩანაცრებულს
რაღა გააცოცხლებს...
პოეტურ ტრაბახას,
ჰიპერბოლას და მეტაფორას,
ნერვიულ კოცონს,
წვას და წვალებას,
დამპყრობელივით დაეპატრონა
კომპიუტერის შეშლილი გონი,
ხელოვნური ინტელექტის სახელითა და გვარით.
ნეირონების ნერვიულ და ხელოსნურ ქსელში
გაჭედილია ლიტერატურა.
მადლობა, ღმერთო,
ქვის გული რომ გთხოვე და მომეცი!
ვიცნობ პოეტებს...
ბირთვული ნაძვის
თავზე ათოვს სამყაროს წიწვი,
ვერა და ვერა, ვერ დაზავდა სიცხე და თოში.
ისევ ფაფხურობს პოეზია, ანთია, იწვის,
ამ ელექტრონის,
ამ სოცქსელის,
სქემატურ დროში.
მწამს გარდასახვა,
მაგრამ პოზა?...პოზა მახელებს
და კიდევ უფრო ყალბი ცრემლის მამღვრევს ოფორტი.
ვიცნობ პოეტებს,
მოქაქანე–მოტრაბახეებს,
კვეხნად ნასწავლი ტანჯვა რომ აქვთ, საგზლად–კომფორტი.
ხუთი–ექვსია, მონეტები ლექსის რომ მოჭრეს,
ვინ შეარიგებს
ნაღდსა და ყალბს ოდით ნაუბრალს...
ვიცნობ პოეტებს,
ლექსით მჭლეებს, ბრმებსა და კოჭლებს,
გასაძღომად რომ შესევიან სხვათა ნასუფრალს.
ტოლ–სწორად ირჩევს
უნიჭობა ძველებს და ბედებს,
ლექსში თავსხმაა ტკივილების, სულში–დარია.
დამწუხრებულებს,
ქვეყნის ბედით, ვიცნობ პოეტებს,
არადა, ბედკრულ სამშობლოზე უკეთ არიან.
ვადაგასული
ლიტპროდუქტით გაივსო კაბრა,
წალდს და მეწალდეს ელოდება ბარდი და ტევრი.
ყველა დროს მისი ჩალა–ბულა კი ჰქონდა, მაგრამ
ლექსს ჯერ არ ახსოვს სარეველა ესოდენ ბევრი.
გარდაცვალება
დასრულდა უკვე...
რასაც ვამბობ, ვამბობ არახალს,
პარნასზე ღმერთის გავაცდინე ბოლო ლექცია.
დრომ,
ულმობელმა,
ქვეტექსტების ტექსტში ჩამარხა,
აპერცეპციის ხელით მკვდარი ინტროსპექცია.
დასრულდა უკვე...
გაიაფდა ღმერთის ქულები,
მდუღარე გული, რახანია, ნელზე-თბილია.
პოეზიას რომ ავუჯანყდით ლექსისწულები,
ის აჯანყება
დროის ლაშქრით ჩახშობილია.
დასრულდა უკვე...
მივატოვე წერა ლექსების,
აღარ მაწუხებს პოეტური ნერვის ჰეთ თრიკი.
ვცოცხლობ
და ვცხოვრობ
ბანალური ქცევის წესებით,
რუტინამ ჩემში ამოშანთა ეგოცენტრიკი.
დასრულდა უკვე...
გაოცებაც ვეღარ მაოცებს,
გინცთან ჭიდილში უგინცობა უფრო მხნედ არი.
მივყავარ სურვილს
გულგრილობის სასაფლაოზე,
ერთ დროს პოეტი, უკვე გავხდი ნაპოეტარი.
დასრულდა უკვე...
არყოფნის გზა ისეც იცნობა,
სიკვდილ-სიცოცხლის იცრიცება რუხი უსტარი.
მობეზრდება და
თავს მოიკლავს მარადისობა,
ყოფნა-არყოფნაც აბსურდია – კამიუსდარი
რვა პოეტი
მე – შენი გულის ნაწილი და სულის ნატეხი,
ფრთებით, რომლებიც შენი ლექსებით მხრებზე გამომასხი,
უსახელო და უბინაო მეტეორივით,
ისევ დავფრინავ
გულგამოჭმულ მზისქვეშეთში და
მის მენაპირე ატაქსიურ ატმოსფეროში.
აქ განფენილი კოსმიური სივრცის მინდორზე,
აპოკალიფსის უხორცო და რუხი ხელებით,
შენდება შავი ოზონის ოდა,
როგორც მარადი დროის მკვლელი უდროობა.
ვდგავარ სიცივით გამაძღარი ოდის კიბეზე,
უსითბოობით დაღლილი და ნაშიმშილარი,
დარდების ყულფში თავგაყოფილი,
სურვილებდალეწილი,
ბრძოლების წაგებაში გამარჯვებული,
და მე, თითქოსდა, დღემდე არყოფილს,
და მე, თითქოსადა, ჯერ არარსებულს,
ბავშვობაში დაკარგული ღიმილივით მაგონდება,
შენი მდიდარი სიჩუმე დუმილიან სიმღერაში.
აქ მაქაური ყველაფერი-არაფერია,
არაფერია ყველაფერი მაქ აქაური.
ცვარმოცელილი ცაა ცარცივით,
მე კიარადა, უფალსაც ცივა.
ცის კიდის იქით და იმ კიდის კიდეებს იქით,
არამქვეყნიური სილამაზის ფრიალო მთაზე,
სადაც იწყება გარინდების მარადი გარსი,
სადაც მგზავრობა მხოლოდ რჩეულს ხელეწიფება,
ჩანს უკვდავება –
ჩემი სურვილების აცდენილი სამიზნე,
დაბედებული უბედო ბედი,
ვინ იცის, იქნებ ბედისწერა,
მისი ყოფნა-არყოფნა
შენი წამწამების შერხევით რომ უნდა აიწონოს.
აქ, სადაც ახლა წევს ზამთარი თერმობირთვული,
სადაც ყვავილობს ქიმიური ედელვაისი,
სადაც ფიქრია სივრცეზე ბევრი,
და თოვს მიწისკენ რუხი ფერფლის უდაბურება,
გუშინ, გუშინწინ თუ იმის წინ, (ზუსტად არ მახსოვს),
სულეთის მხრიდან მოფრენილი სანთლის ხომალდი,
სამოქალაქო ლექსებითა
და რვა პოეტით,
ცხელი პროგრესის ცივ და უხეშ შუბლს შეეჯახა.
ღრმა კომაშია შვიდი მათგანი:
პოეტი – ესთეტიკა,
პოეტი – ემოცია,
პოეტი – სიყვარული,
პოეტი – გარდასახვა,
პოეტი – ფანტაზია,
პოეტი – სევდა,
პოეტი – გაოცება.
დისჰარმონიის ცალმხრივი და უნომრო ქუჩით,
ქაოსისა და ტექნიკური პროგრესის ტყეში,
გადაკარგულებს,
ჩამალულებს
თუ ჩაკარგულებს,
მიაქვთ დუმილი, როგორც სასჯელი,
მიაქვთ სიჩუმე, როგორც ხუნდი, როგორც ბრალდება
და მიაქვთ უხმოდ ხვალინდელი დღის მისტერია.
გახუნდა, გაცვდა და დაილია
ფერადი სული და ამ სულის შვიდი ბეჭედი.
მიადგეს კიბე
დროებითი დიდების კვარცხლბეკს,
დაცლილი სულის მკრთალმა ასლებმა
და ვარიაციის ვარიაციებმა.
დღის ხალათს ირგებს რაქიტიანი ლექსების ღამე.
შენი ლექსების ჯადოსნურ და მფრინავ ხალიჩას,
როგორც უტყუარ და ერთგულ მაშველს,
გამოატანე გადანახული ცრემლების ამპულები,
გადაარჩინე შვიდი პოეტი.
P.S.
მერვე კი... მერვე, ყოვლად საღი და სალამათი,
სახელწოდებით:
„კომბინირებული პოეტი – გულგრილობა“,
ინფანტილური გონითა და
ფილისტერის შესამოსელით,
თვალით უნახავ, მაგრამ ხილულ სიცივესავით,
გაუჩინარდა ყველგან და არსად.
