ქვეცნობიერად ვრწმუნდები მაშინ,
რომ ხარ კეთილი იმედის კონცხი
უიმედობის ბობოქარ ზღვაში.
მატან ლოცვას და მაბრუნებ წაღმა,
მზად ხარ თვალების გასატანებლად.
ო, არ ეხილოს მაგ თვალებს წარღვნა
და ანგელოზის გასატანება.
იმედი
შარშან შემპირდნენ შემოდგომის
თვეებში შეშას,
დამაიმედეს, თუმცა უკვე
ზამთარი დადგა.
არც იმათ დუმილს და არც ხელის
ველოდი შეშლას
არანაირად, - სიტყვის კაცნი
არიან რადგან.
კი, ჯერჯერობით უნალექო
დგას იანვარი,
მაგრამ საეჭვოდ შეიფიფქა
ბურეთის მთები.
პატივისცემას აღარა აქვს
ფასი ამნაირს.
ვწერ ცივ ღუმელთან სონეტებს და...
იმედით ვთბები.
* * *
მოწმენდილ ცაზე დაქუხებას
ჰგავდა უარი
(ჯერ არ ვიცოდი თუ მიქადდა
შველას მე ნელი)
და ზმნა - „მიყვარხარ“ - სიკვდილივით
გარდაუვალი,
შენთვის ვერაფრით ვერ გავხადე
შემასმენელი.
მე ვწერდი შენზე. გახსენების
ღირსო, იმ ნაწერს
ვინახავ, როგორც ლექსებს ზღვაზე
და მიმინოზე.
ნეტავ სადა ხარ, სად გათხოვდი,
ფისო იმნაძევ?..
ცხელა ბათუმში. შეშრობია
ნამი მიმოზებს.
ვაჟკაცის სადღეგრძელო
სიმართლისათვის აღუდგები მზაკვარ დემონს წინ,
ამპარტავნულად არ გაივლი ციხე მისჯილთან.
შენი თვალებით დანახული საქართველოსთვის
სიცოცხლე ხომ ღირს, სიკვდილიც ღირს თუკი მისჭირდა.
ნამუსის ქუდი ვერ მოგხადა თავიდან ქარმა,
დაგტრიალებდა ქარბორბალა, თუმცა მრავალი.
მეგზურად გახლდა სინათლეში გამსვლელი კარმა -
მეწამულიდან სილურჯეში გარდამავალი.
რწმენისთვის ძელქვად აღუდგები მზაკვარ დემონს წინ,
რომ ამოზარდო ფესვებიდან ჯანსაღი დუყი.
შენი თვალებით დანახული საქართველოსთვის
სიცოცხლე ხომ ღირს, სიკვდილიც ღირს, მისჭირდა თუკი.
* * *
მოდის ენკენისთვე, გვიცდის წინ წვიმები,
უნდა დაითვალოს ხალხმა წიწილები.
ხალხი ღრუბელივით დადის მოქუფრული,
ბრბო კი პირღიაა და პირმოკუპრული.
მიჰქრის თვითმფრინავი და ეს შემოდგომაც
წავა თუ მოასწრო ბორტზე შემოხტომა.
მოდის ენკენისთვე, გველის წინ წვიმები,
ხვრელებს მოძებნიან გველის წიწილები.
ავტოპორტრეტი
„არ გეჩვენება, რომ ჩვენნაირი
ადამიანების სიცოცხლე
განსაცვიფრებლად ჰგავს სიკვდილს?“
ფ. მორიაკი „ტერეზა დისკეირუ“
გარშემოსილი ზოგჯერ აურით
გამოვდიოდი ხალხის წინაშე,
ისე ვიკლებდი სცენას ხმაურით,
რომ ვიღლებოდი მტრების ჯინაზე.
ვერ დავიმალე ედემის ბაღთან,
ანდა რა იყო აქ დასამალი.
ჩემი სიცოცხლე სიკვდილი გახლდათ,
ოღონდ სიჩუმე აკლდა სამარის.
ხიდისთავური იმპრესიონიზმი
მუხლს ვიყრით მარიამ ღვთიშობლის წინაშე,
მტკვისპირზე შერჩეულ ერთ ადგილს ვცოცხავთ.
გურმანი მურმანი უსინჯავს სიმლაშეს
ბუერის ფოთოლში გახვეულ ცოცხალს.
კვლავ ასდის სურნელი ატმისა ხიდისთავს...
„საუზმე ბალახზე“ - ედუარდ მანე!
ზომიერ ყალიბში ქეიფი მიდის და
მწვანეზე მიგვაწვენს „გორული მწვანე“.
ნიმფის დაღუპვა
შენ ბრძანდებოდი ნიმფა დრიადი,
პანს პირველობის პალმას პარავდი.
იმართებოდა შენთვის დიადი
ტყის სახელმწიფოს ბალ-მასკარადი.
როცა ნეპტუნი მუხთლად გახრჩობდა,
ჩამავალი მზე დაგადგა ნიმბად.
მე გამოვედი სიზმრის ჩარჩოდან,
მაგრამ ვეღარსად დაგლანდე, ნიმფავ.
სად იყვნენ მაშინ ნერეიდები,
სიმშვიდის ზღვისკენ რომ წარეტაცეთ?
ბზაში გეძებე მერე იმდენი,
იმერულ ბზაში მოწამეთაზე.
* * *
მოისწრაფოდა ჩქარი ნაბიჯით,
არ ემდუროდა ჯანს.
მერე ერთ რიგთან დადგა ნაპირში,
ქრისტიანია, ჩანს.
ენდროს ძირებით აივსო მუჭა,
აღდგომა არის ხვალ.
თვალებში ძველი შეკითხვა უჩანს:
„უფალო ვიდრე ჰხვალ?“
ქარის წისქვილი უდაბნოში
ისევ ის ხმა გაქვს, რა ხმაც გქონდა ორმოცი წლის წინ,
საფქვავის ნაცვლად მოგონებებს ვცლი ხვიმირაში.
ჩემს უდაბნოში გვალვა დადგა. ხანდახან ძლივს წვიმს.
ისევ ის ხმა გაქვს, რა ხმაც გქონდა ორმოცი წლის წინ.
ჟამი - მემინდე იტოვებდა ყოველთვის მის წილს
და მისხლტებოდა მე ხელიდან ციყვი - მირაჟი.
ისევ ის ხმა გაქვს, რა ხმაც გქონდა ორმოცი წლის წინ,
საფქვავის ნაცვლად მოგონებებს ვცლი ხვიმირაში.
ჩამდგარა ქარი და წისქვილის ამოძრავება
მოსალოდნელი ამინდითაც არ ისახება.
ცხელი უდაბნო გადათქერეს ამორძალებმა.
ჩამდგარა ქარი და წისქვილის ამოძრავება
უიმედობის ეწირება ამ მომძლავრებას,
როგორც პირსახე ჩამომჭკნარი ქალი საღებავს.
ჩამდგარა ქარი და წისქვილის ამოძრავება
მოსალოდნელი ამინდითაც არ ისახება.
