„ქართული ევროპიული მოძრაობა“ და კალისტრატე სალია
ცნობილი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და პარიზში 1948-1984 წლებში ქართულ და ევროპულ ენებზე გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის - „ბედი ქართლისას“ რედაქტორ-გამომცემლის - კალისტრატე სალიას (1901-1986 წწ.) ცხოვრების ემიგრანტული პერიოდი 1922 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მესვეურებს გადაწყვეტილება სამშობლოდან მისი და მისი თანამოაზრე ქართველი ახალგაზრდების სამუდამოდ გაძევების შესახებ იმის გამო მიუღიათ, რომ ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმხანად მიმდინარე ანტისაბჭოთა გამოსვლებში. აი, რას წერს თავად კ. სალია ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჟურნალ „ბედი ქართლისას“ 1952 წლის XIII ნომერში გამოქვეყნებულ წერილში - „62 ქართველის გადასახლების 30 წლის თავი“:
ქართველ პატრიოტთა 62 კაციანი ჯგუფის წევრებს, რომლებიც ხსენებული ბრალდების გამო მეტეხის ციხეში იხდიდნენ სასჯელს, შეუტყვიათ, რომ ჩეკას გადაწყვეტილებით, მოსკოვში უპირებდნენ სასწრაფოდ გადაყვანასა და საზღვარგარეთ გაძევებას. ამ ამბავს არევ-დარევა რომ არ მოჰყოლოდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ციხეში რუსული ჯარის შეიარაღებული ნაწილი მოუყვანიათ და პატიმრებისთვის უბრძანებიათ, სასწრაფოდ მომზადებულიყვნენ წასასვლელად. ამ ბრძანებას ქართველ პატიმართა მძაფრი პროტესტი მოჰყოლია, მაგრამ ბოლოს იძულებული გამხდარან, ხელისუფალთა მოთხოვნას დამორჩილებოდნენ („ბედი ქართლისა,“ 1952, #XIII: 28).
აი, როგორ აღწერს პუბლიკაციის ავტორი თავისი ცხოვრების გარდამტეხ მიჯნად ქცეულ ამ ეპიზოდს: „ციხის ეზოში მთელი მეტეხის ქართველობა შეგროვდა გამოსათხოვებლად. უცნობნი და ნაცნობნი ყველანი გვკოცნიდნენ და გვეხვეოდნენ. უცებ, თითქო უხილავი ლოტბარის ხელმა ანიშნაო, იგუგუნა „დიდებამ.“ გეგონებოდათ, 2 500 კაცი რაღაც მაგიური ძალით ერთ არსად გადაქცეულიყო და ისეთი „დიდება“ დავჭექეთ, რომ იქ მყოფთა მახსოვრობითგან ვერავითარი ძალა და დრო მას ვერ აღმოფხვრის. ასე დავტოვეთ მეტეხის ციხე, მრავალჯერ მნახველი საქართველოს ტრაღედიისა. მწარე ფიქრებით გამოვეთხოვეთ ჩვენს ძმებს“ („ბედი ქართლისა,“ 1952, #XIII: 28).
ცხენოსანი ჯარით გარშემორტყმული პატიმრები მეტეხის ციხიდან ნავთლუღში მიუყვანიათ და სატუსაღო ვაგონით მოსკოვში გაუმგზავრებიათ, ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ კი ქვეყნიდან გაუძევებიათ. კ. სალიას ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იმ გარემოებით ყოფილა განპირობებული, რომ „საბჭოთა ხელისუფლება იმ დროს ერიდებოდა პატარა კონფლიქტსაც კი, რომელიც მის წინააღმდეგ საპროპაგანდოთ იქნებოდა გამოყენებული.“
ასე აღმოჩნდნენ სამშობლოდან გაძევებული კალისტრატე სალია და მასთან ერთად მყოფი პატიმრები გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ბერლინში, „ჩეკის ტყვეობიდან თუმცა უკვე განთავისუფლებულნი, მაგრამ უსამშობლოოთ, უსახლკაროთ და უოჯახოთ“.
ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში კალისტრატე სალია „თეთრი გიორგის“ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი გახდა, 1937 წელს კი „საქართველოს ფაშისტურ დარაზმულობას“ დაუკავშირდა. როგორც ცნობილია, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შემადგენლობის უმთავრეს ბირთვს „თეთრი გიორგის“ წევრები შეადგენდნენ.
„საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ შექმნის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად გერმანიის ხელისუფლების სათავეში ფაშისტური ხელისუფლების მოსვლა იქცა. ქართველ ემიგრანტთა მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს კი სწორედ ეს ხელისუფლება მიაჩნდათ იმ სამხედრო ძალად, რომელსაც რეალურად შეეძლო საბჭოთა სახელმწიფოს დამარცხება, რაც სათანადო საფუძველს შექმნიდა მის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.
სწორედ ამ ილუზიური მოლოდინიდან გამომდინარე მოგვევლინენ „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ პოლიტიკური ალიანსის წევრები, მათ შორის კალისტრატე სალიაც, გერმანიის იმდროინდელი ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერებად. თუმცა მათი ამგვარი მოლოდინი მეტად ხანმოკლე გამოდგა და ფაქტობრივად 1939 წლის 23 აგვისტომდე, გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხელისუფლებებს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების (ე. წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის) ხელმოწერამდე, გაგრძელდა. იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ხელშეკრულება მის მხარეებს ერთმანეთზე თავდასხმისაგან თავის შეკავებას ავალდებულებდა, „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ წევრთა მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანია საბჭოთა კავშირთან საომარ კონფლიქტში ჩაებმებოდა, რასაც შედეგად საბჭოთა იმპერიის დაშლა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვებოდა, საფუძველი გამოეცალა. ამას კი ლოგიკურად მოჰყვა მათი გაერთიანების დაშლა.
არადა, ამ პარტიულ გაერთიანებაში ქართველ ემიგრანტთა მართლაც გამორჩეულად თვალსაჩინო წარმომადგენლები რომ შედიოდნენ, ეს მისი პერსონალური შემადგენლობის ამ არასრული ჩამონათვალითაც თვალნათლივ ჩანს: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ვიქტორ ნოზაძე, მიხაკო წერეთელი, შალვა მაღლაკელიძე, კალისტრატე სალია...
კ. სალია ხსენებული პოლიტიკური ორგანიზაციის ჟურნალის - „ქართლოსის“ (გამოდიოდა ბერლინში 1937-1939 წლებში) გამოცემის პროცესში თავიდანვე იყო ჩართული. კერძოდ, ამ ჟურნალში მან ორი პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა - 1937 წლის თებერვალში გამოცემულ პირველ ნომერში - „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა“ და 1937 წლის გაერთიანებულ IV-V ნომერში - „მეოცე საუკუნის იდეური მიმართულებანი.“ პირველ პუბლიკაციაში ოპტიმისტური თვალთახედვით იყო წარმოჩენილი „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ პარტიული გაერთიანების წევრთა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, გერმანიის ფაშისტური ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის შედეგად საბჭოთა კავშირი უსათუოდ რომ დაინგრეოდა, რასაც შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაც მოჰყვებოდა.
კ. სალიასა და მისი თანაპარტიელების ასეთ ოპტიმისტურ მოლოდინს არსებითად განაპირობებდა რწმენა იმისა, რომ ორ ბანაკად გაყოფილ იმდროინდელ მსოფლიოში მხოლოდ გერმანიის ფაშისტური ხელისუფლება წარმოადგენდა იმ ძალას, რომელიც რეალურად შეძლებდა კომუნიზმის, როგორც „ცივილიზაციისა და ერთა გამანადგურებელი ანარქიული მოძღვრების“ (კ. სალიას სიტყვებია) დამარცხებას.
აქედან გამომდინარე, „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ წევრთა ოპტიმისტური მოლოდინი კ. სალიას პირველ პუბლიკაციაში განზოგადებული სახით ამგვარად იყო გამოხატული: „ერთა გადარჩენისა და ცივილიზაციის დამხსნელი როლი ფაშიზმმა, ნაციონალიზმმა იკისრა. წითელი სენის წინააღმდეგ სხვა ძალა არ არსებობს.
ფაშიზმი, ეს მეოცე საუკუნის ძლევამოსილი ეროვნული ფაქტორი, როგორც უაღრესად სოციალური მოვლენა, გადამწყვეტი დიდ და მძიმე სოციალურ პრობლემათა, - დღეს სავსებით უნივერსალური მოვლენაა... უაღრესად ეროვნული მოვლენა...
ჩვენ მივიღეთ აშკარად ფაშისტური დარაზმულობის სახელწოდება იმიტომ, რომ ვერც ერთი სხვა სახელი... ვერ გამოხატავს ჩვენი მოძრაობის ნამდვილ შინაარსს...
ხალხი აშკარად ხედავს კომუნიზმის მოპირდაპირე ძალათ ფაშიზმს და ბოლშევიზმისა და რუსეთის მოწინააღმდეგენი ხსნას მისგან მოელიან, იდუმალად ფაშიზმს ეტრფიან.“
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ხსენებულ პუბლიკაციაში კ. სალია თუმცა თავშეკავებულად, მაგრამ მაინც, იმ გარემოებასაც აღნიშნავდა, რომ პირადად მისი და მისი პარტიული თანამოაზრეების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მიზანსწრაფვა სულაც არ გულისხმობდა „საქართველოში იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის იდეების“ უცვლელად გადმოტანას. კერძოდ, მისი ხაზგასმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ „ქართულ მიწაწყალზე გადმონერგილ ფაშიზმის მთავარ პრინციპებს“ ისინი პირველ ყოვლისა „ჩვენი ქვეყნის სინამდვილეს დაუქვემდებარებდნენ“.
კ. სალიას პირველი პუბლიკაციისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავდა სტატიის ბოლოს წარმოდგენილი დასკვნითი დებულებები, რომელთა მეშვეობითაც ამგვარად იყო ჩამოყალიბებული ახლად შექმნილი პარტიული ალიანსის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი პრინციპები: „ჩვენს სამეფოში ქართველი მუსოლინი ან ჰიტლერი ჩვენ ქართულ ქულაჯაში გვრწამს და ფაშისტურ სახელმწიფოს წარმართვა წარმოგვიდგენია მხოლოდ ჩვენი ერის ისტორიულ-სულიერ და მატერიალურ თვისებათა მიხედვით.
მომავალ ქართულ სახელმწიფოს ფუძედ იქნება ჩვენი ისტორია და საუკუნეთა განმავლობაში ქართული გენით დაგროვილი ეროვნული კულტურა.
ჩვენი დარაზმულობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში ფაშისტური იდეების განმტკიცებას და ქართულ ფაშიზმზე დამყარებული ჩვენი ისტორიის საუკეთესო ტრადიციათა და იდეალთა მატარებელ საქართველოს სამეფოს აღდგენას.“
რაც შეეხება მეორე პუბლიკაციას - „მეოცე საუკუნის იდეური მიმართულებანი,“ კ. სალია შეეცადა, ხსენებული სტატიის მეშვეობით არგუმენტირებულად წარმოეჩინა იმდროინდელ მსოფლიოში არსებულ უმთავრეს პოლიტიკურ მიმდინარეობათა, პირველ ყოვლისა კი ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის, იდეოლოგიური პრინციპები და მათთან მიმართებით განესაზღვრა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მომავალი. კერძოდ, კ. სალიას განმარტებით, „ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის სიძლიერე იმაში გამოიხატებოდა, რომ მათ აღიარეს ეროვნული იდეალი და მისი უზენაესობა. ეროვნული იდეალი ჰქმნის უდიდეს ენტუზიაზმს, ერის სასიცოცხლო ძალთა დარაზმვას. მხოლოდ ასეთ პირობებში შეუძლია ერს შემოქმედება და აღორძინება, რადგან იგი სულიერად ამაღლებული, განსაცდელსა და გაჭირვებას იოლად გადაიტანს; ეგოიზმი და მატერიალიზმი მის საზოგადოებრივ ცხოვრებას ვერ დაანგრევს...
აქედან ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ მეოცე საუკუნის პირველი და მთავარი მოთხოვნილების გამომჟღავნება არის ეროვნული იდეალი, ერის, სახელმწიფოს ინტერესთა უზენაესობის გაბატონება“ („ქართლოსი,“ 1937, #4-5:10).
კ. სალია გამონაკლისი არ ყოფილა და, როგორც მოსალოდნელი იყო, „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მიზნების განმარტებას სხვა ავტორთა პუბლიკაციებშიც ჰქონდა მიქცეული განსაკუთრებული ყურადღება. მაგალითად, ჟურნალის რედაქტორ-გამომცემელთა განმარტებით, „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ მიზანი იყო, „განთავისუფლებული საქართველო შეიქმნას ეროვნულ სახელმწიფოდ, რომელიც დამყარებული იქნება ფაშიზმის ანუ ეროვნული ერთობის საფუძველზე და განმსჭვალული ქართული ეროვნული სულის ბრწყინვალე ტრადიციებითა და ქართული ისტორიის იდეალებით“ („ქართლოსი,“ 1937, #1, გვ. 3).
„საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის“ დაშლის შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენებში კალისტრატე სალია ადრინდელი აქტიურობით უკვე ნაკლებად იყო ჩართული. ამ დროიდან მოყოლებული, მისი მოღვაწეობის უმთავრეს მიმართულებად ამჯერად სამეცნიერო, შემოქმედებითი და საგამომცემლო საქმიანობა იქცა. მისი ცხოვრების გარდამტეხ ეტაპს ამ თვალსაზრისით 1948 წელი წარმოადგენს - ქართველოლოგიურ ჟურნალ „ბედი ქართლისას“ დაარსების თარიღი. როგორც ცნობილია, მის მიერ დაარსებული ეს ჟურნალი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ქართულ, 1957 წლიდან 1984 წლამდე კი გარდა ქართულისა, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებზეც გამოდიოდა პარიზში, მრავალპროფილურ სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენდა და უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართველოლოგიურ მეცნიერებათა განვითარების მიმართულებით.
არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ კალისტრატე სალიამ უპირველეს ყოვლისა სწორედ ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებათა შედეგად დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი შესაბამისი პერიოდის საქართველოს ისტორიაში. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დიდი ეროვნული საქმის განხორციელების პროცესში მას თავისი მეუღლეც - ნინოც აქტიურად ედგა გვერდით.
პოლიტიკური პროცესებისაგან ამგვარი დისტანცირება კ. სალიამ ხსენებული ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებული საპროგრამო წერილითაც გამოხატა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბედი ქართლისა“ „რომელიმე პოლიტიკური მიმართულების კუთვნილებას“ არ წარმოადგენდა და „მასში თანამშრომლობა შეეძლო ყველა ქართულ კულტურულ ძალებს, ვინც კი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ნიადაგზე იდგა“ („ბედი ქართლისა,“ 1948 წ. #1: 2).
მიუხედავად იმისა, რომ კ. სალია თავისი ჟურნალის გამოცემის დროს მართლაც ცდილობდა ამ პრინციპის დაცვას, იგი ამის გაკეთებას ყოველთვის ვერ ახერხებდა და საკუთარი ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც ცდილობდა იმ პრინციპების წინა პლანზე წამოწევას, რომლებიც მას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად დიდი პერსპექტივების განმაპირობებელ ფაქტორებად მიაჩნდა.
სწორედ მისი ამ პოზიციის თვალნათლივ წამოჩენად უნდა მივიჩნიოთ ის დამოკიდებულება, რომლის მეშვეობითაც მან უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა ქართველ ემიგრანტთა გარკვეული ნაწილის მიერ 1950-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კოალიციისადმი - „ქართული ევროპიული მოძრაობა.“
როგორც ცნობილია, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შედეგად ქართველ პოლიტიკოსთა და მამულიშვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და თავი მსოფლიოს, უმთავრესად კი ევროპის, სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენ გზათა ძიების პროცესს მათი უდიდესი ნაწილი ევროპული ქვეყნების აქტიურ მხარდაჭერას უკავშირებდა და რეალურად ცდილობდა განესაზღვრა საამისოდ სამოქმედო პროგრამა.
ამ მიზნის მისაღწევად, ქართველ ემიგრანტთა ერთმა ჯგუფმა 1950-იანი წლების დასაწყისში მიუნხენში დააფუძნა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური საზოგადოება - „ქართულ-ევროპიული მოძრაობა“ (Georgian-European Movement), რომლის შექმნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსაყვანად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად და ევროპასთან კავშირ-ურთიერთობის განსამტკიცებლად.
დღესდღეობით ნაკლებად ცნობილი ამ ორგანიზაციისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავს ის გარემოება, რომ 1952 წელს პარიზში ქართულ ენაზე გამოცემულ მათ წიგნში - „საქართველო - ევროპა. ქართული ევროპიული გამოცემა“ მკაფიოდაა განსაზღვრული ხსენებული პოლიტიკური გაერთიანების სამოქმედო პროგრამა.
არ გავავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ხსენებული წიგნი ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი საპროგრამო დოკუმენტია, რომლის მეშვეობითაც დასახელებული პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებმა, რომელთა ერთ-ერთი წამომადგენელი კალისტრატე სალიაც იყო, ქართული სახელმწიფო ევროპული სამყაროს განუყოფელ ნაწილად მიიჩნიეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ევროპიული მოძრაობის“ დამფუძნებელთა შორის ევროპაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა არაერთი ცნობილი პიროვნება იმყოფებოდა, მკვლევართა არაერთი წარმომადგენელი მათგან პირველ ყოვლისა მიხეილ მუსხელიშვილს (მუსხელს. 1903-1964 წწ.) გამოყოფს, პიროვნებას, რომელიც ევროკავშირის შექმნის იდეის ერთ-ერთ პირველდამამკვიდრებელ პოლიტიკოსადაც არის მიჩნეული. მაგალითად, ედიშერ ჯაფარიძის შეფასებით, იგი არა მარტო თეორიულად და სიტყვიერად უჭერდა მხარს ამ იდეის რეალობად ქცევას, არამედ პრაქტიკულადაც აქტიურად ცდილობდა მის აღსრულებას.
კერძოდ, „1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინა დღეს, ევროპის 8 ქვეყნის 300-ზე მეტმა სტუდენტმა ევროგაერთიანების მგზნებარე ინიციატორის მიხეილ მუსხელიშვილისა და სამი სხვა მომხრე პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა (ჯაფარიძე, 201 :70).
მიხეილ მუსხელის (მუსხელიშვილის) პოლიტიკურ თვალთახედვას კიდევ უფრო რეზონანსულს ხდიდა ის გარემოება, რომ ხსენებული იდეის ავტორი დიდი სამეცნიერო მიღწევებითა და აქტიური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით ღრმად განსწავლულ იურისტსა და ადამიანის უფლებათა აქტიურად დამცველს, „ფედერალური ევროპის მოძრაობის“ ცენტრალური კომიტეტის წევრსა და ევროპის ფორმირების ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტს (მ. მუსხელიშვილის შესახებ ასევე იხ: სარალიძე, 2022:131-136).
მიხეილ მუსხელიშვილის ცხოვრების ემიგრანტული პერიოდი 1921 წლიდან - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის დროიდან - დაიწყო. თავდაპირველად იგი გერმანიას შეეხიზნა, სადაც გიოტინგენისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში სწავლობდა, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა და პარიზის, ლიონისა და სორბონას უნივერსიტეტებში ეუფლებოდა იურიდიულ სპეციალობას.
საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ მ. მუსხელიშვილი ენერგიულად შეუდგა აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო მუშაობას. კერძოდ, „1948-1949 წლებში შექმნა სსრკ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის (ე. წ. სოციალისტური) შემსწავლელი ცენტრი, რომელსაც 18 წელი ედგა სათავეში. ამ ცენტრს შემდგომში მის საპატივცემულოდ „მუსხელის ცენტრი“ ეწოდა. „მუსხელის“ ცენტრი წარმოადგენდა პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო სამართლის, სოვეტოლოგიის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს საფრანგეთში, სადაც მუშავდებოდა ევროინტეგრაციისა და ევროპული საზღვრების მოშლის იდეა. იგი იყო პირველი ქართველი და ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური მოღვაწე მსოფლიოში, რომელმაც ევროგაერთიანების და ევროპული საზღვრების მოშლის იდეა წამოაყენა და დაიცვა...
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუცია დგას მიხეილ მუსხელიშვილის მიერ დაწერილი კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებზე. მ. მუსხელიშვილმა გასტონ სტეფანთან ერთად 1949 წელს დაწერა ევროპული კონსტიტუცია, სადაც გაწერილია პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპები“ (ჯაფარიძე, 201 :75).
ბუნებრივია, „ქართულ-ევროპიული მოძრაობის“ დამფუძნებელთა შორის ესოდენ დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნების ყოფნა ხსენებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელთა მიზანსწრაფვას კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შესძენდა; მით უფრო, რომ მათ შორის იმდროინდელი ქართული ემიგრაციის ისეთი ავტორიტეტული პიროვნებებიც იმყოფებოდნენ, როგორებიც გრიგოლ რობაქიძე და მიხაკო წერეთელი იყვნენ.
„ევროპიული ქართული მოძრაობა“ ოფიციალურად 1953 წლის 10 აგვისტოს დაარსდა სტრასბურგში. დამფუძნებელთა ჯგუფის მიერ არჩეული სამდივნოს შემადგენლობაში შედიოდნენ: ალ. ჯინჭარაძე, კ. სალია, მ. ალშიბაია და ვ. ცხომელიძე. „ევროპიული ქართული მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მიხეილ წერეთელი, საპატიო წევრად კი გრიგოლ რობაქიძე. ორგანიზაციის მუშაობას საფუძვლად დაედო 1953 წლის 7 აპრილს ქალაქ მიუნხენში შეკრებილი დამფუძნებელი კრების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესდება, რომელშიც შემდეგნაირად იყო განსაზღვრული ხსენებული ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამა:
„I მიზანი:
1. გავრცელება ქართველთა შორის ევროპის სახელმწიფოთა კავშირის და მასში სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს შესვლის აუცილებლობის იდეისა.
2. გაცნობა უცხოელთათვის, რომ საქართველო მუდამ იყო სულიერად და კულტურულად ნაწილი ევროპისა და რომ მას სურს გახდეს მისი წევრი.
ამ მიზანთა მისახწევად იგი უკავშირდება კავკასიელ მეზობელთა და ევროპის სხვა ერთა ევროპულ მოძრაობებს.
II წევრები:
ქართულ ევროპიულ მოძრაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყოველ ქართველს, განურჩევლად მრწამსისა და მიმართულებისა, ვინც აღიარებს საქართველოს სუვერენობას და იზიარებს ევროპის მთლიანობის იდეას...
მოძრაობა ირჩევს საპატიო წევრებად დამსახურებულ ქართველთ და უცხოელთ.
III ხელმძღვანელობა:
ყველა ქვეყნებში, სადაც ქართველობა ცხოვრობენ, არსდება მოძრაობის ადგილობრივი სექციები, რომლებიც ირჩევენ საზოგადო კრებაზე ხელმძღვანელ ორგანოს“ („ბედი ქართლისა,“ 1953, #15: 31).
წესდებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ „ქართული ევროპიული მოძრაობა“ არ წარმოადგენდა რომელიმე პარტიის კუთვნილებას და მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ ქართველს, რომელიც აღიარებდა „საქართველოს სუვერენობას და იზიარებდა ევროპის მთლიანობის იდეას“.
თავისი ეროვნულ-პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, კალისტრატე სალია თავიდანვე რომ იღებდა აქტიურ მონაწილეობას ამ ორგანიზაციის შექმნასა და საქმიანობაში, ეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით მისი რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოქვეყნებული წერილებითაც თვალნათლივ ჩანს. კერძოდ, ამ პუბლიკაციების მეშვეობით ნათელი წარმოდგენა გვექმნება ხსენებული ალიანსის წარმომადგენელთა ეროვნულ და პოლიტიკურ პრინციპებსა და პრაქტიკულ საქმიანობაზე.
ხსენებული „მოძრაობის“ თავკაცები მათ საქმიანობას მეტ მასშტაბებს იმითაც სძენდნენ, რომ თავიანთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მისწრაფებების ხორცშესასხმელად წარმართულ საქმიანობაში უცხოელ პოლიტიკოსთა ჩართვასაც აქტიურად ცდილობდნენ. სწორედ ამის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ჟურნალ „ბედი ქართლისას“ ინფორმაციით, 1952 წელს ქართულ ენაზე მათ მიერ გამოცემული თავიანთი საპროგრამო წიგნი - „საქართველო - ევროპა“ „უკვე ითარგმნა და მალე უცხო ენებზეც გამოიცემოდა“ („ბედი ქართლისა,“ 1953, #14: 32).
როგორც უკვე ითქვა, კალისტრატე სალია ხსენებულ მოვლენათა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. „ქართული ევროპიული მოძრაობისადმი“ მისი ამგვარი დამოკიდებულების განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორს ის გარემოება წაროადგენდა, რომ „ევროპაში მცხოვრებ ქართველთა ერთი წრის ინიციატივით და ჩვენი პროფესორების დახმარებით“ დაარსებული ეს „ევროპიული მოძრაობა“ რომელიმე „პარტიისა ან ჯგუფის კუთვნილება“ არ იყო და „მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვინც კი ამ მოძრაობის იდეებს იზიარებდა“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 2).
ხსენებული „მოძრაობის“ ორგანიზატორთა მიერ ცალკე ბროშურად გამოცემული ზემოთ ხსენებული დოკუმენტისადმი დღევანდელ ინტერესს პირველ ყოვლისა ორი უმთავრესი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, ამ საპროგრამო დოკუმენტის ავტორებმა ერთმნიშვნელოვნად აღიარეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შექმნილმა თვისებრივად ახალმა რეალობამ „ძირითადად შესცვალა ერთა პოლიტიკური სტრუქტურა“. ამ ვითარებამ კი უფრო მეტად გაუმყარა საფუძველი, ერთის მხრივ, ევროპულ სახელმწიფოთა შეკავშირების „პოლიტიკურ კონცეპციას“ და თვალნათლივ გამოკვეთა ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი როლი ამ რეალობის შექმნის პროცესში; მეორეს მხრივ კი უფრო მეტად „ცხადჰყო ის, რომ საქართველოს მომავლისთვისაც ახალი ფაქტორები იწყებდნენ როლის აღსრულებას.“ აქედან გამოდინარე, „აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ამ მდგომარეობის განჭვრეტა და შეფასება, მისი ღირებულებისა და წონის გამორკვევა და ქართული საქმიანობის ამ ახალ ფაქტორებთან შეფარდება“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 3).
ხსენებული პოლიტიკური კოალიციის შემქმნელთა მიერ გამოქვეყნებული სამოქმედო პროგრამისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავდა მასში ხაზგასმული სიმკვეთრით ჩამოყალიბებული ორი უმთავრესი დებულება: პირველი, ევროპულ სახელმწიფოთა მძლავრი კოალიციის შექმნა (რაც ევროკავშირის დაარსებით შემდგომში მართლაც იქცა რეალობად) და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მომავლის განუყოფელობა ევროპული სამყაროსაგან.
კერძოდ, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული მათი პოლიტიკური თვალთახედვა ხსენებულ დოკუმენტში ამგვარად იყო განსაზღვრული: „უდიდესი აზრი, რომელიც მე-20 საუკუნეში იქმნა წამოყენებული, არის ევროპის გაერთიანების იდეა, იდეა ზოგ საკითხებში უკვე სინამდვილედ ქცეული... ეს მხოლოდ მკრთალი დასაწყისია, მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მას მეტი და უფრო დიდი ამბები მოყვება...
საქართველო მუდამ იყო ამ დიდი ევროპიული ოჯახის წევრი, ამ ოჯახის შემძენი და ამ ოჯახით მოსარგებლე. ჩვენ გვწამს, რომ დამოუკიდებელი საქართველო თავის ადგილს დაიკავებს გაერთიანებულ ევროპაში. ეს ადგილი მას დამსახურებული აქვს. ჩვენ გვწამს, რომ თავისუფალი ქართველი ერი ძველებურად გაშლის თავის ბუნებას და ნიჭს მთლიან ევროპაში“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 3).
ხსენებული კოალიციის შემქმნელთა მიერ მომზადებულ და გამოცემულ წიგნში განზოგადებული ფორმით იყო ჩამოყალიბებული ევროპული ქვეყნების კოალიციაში საქართველოს აუცილებლად ყოფნის განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორები. კერძოდ, მათი განმარტებით, ხსენებული პოლიტიკური ორგანიზაციის შემქმნელთა ამგვარ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ თვალთახედვას არსებითად განსაზღვრავდა ის გარემოება, რომ საქართველო „ევროპის ისტორიის დასაბამითგან იყო მონაწილე კაცობრიობის იმ სულიერი განვითარებისა და კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიური ფორმაციების შექმნისა, რომლებიც შეადგენენ ევროპის ცხოვრების არსს. საქართველო არის მრავალ საუკუნეთა განმავლობაში წილის შემტანი ევროპის შემოქმედებაში... ეს თანაღვაწლი არის წილი შეტანილი ევროპის კულტურის საძირკვლის ჩაყრაში და მის გაშლაში“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 7).
ყოველივე ზემოთქმულის ნათელსაყოფად წიგნში შესაბამისი ფაქტებიცა და ეპიზოდებიც იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის წარსულიდან და ხაზგასმით აღნიშნული, რომ ქართველი ხალხის მიერ ამ მიმართულებით გამოვლენილი აქტიურობა იმის თვალნათლივ გამოვლენებას წარმოადგენდა, ჩვენი წინაპრები როგორ აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს მყარად დამკვიდრებას ევროპული სახელმწიფოებრივი სივრცის განუყოფელ ნაწილად.
სამწუხაროდ, მათი ეს მისწრაფება ყოველთვის რჩებოდა წარუმატებელ მცდელობად. კერძოდ, ხსენებული წიგნის ავტორთა შეფასებით, „საქართველომ ვერ შეძლო თავისი ევროპიული მიზნების განხორციელება, მაგრამ განგრძობა მისი ევროპიული ცხოვრებისა არ შეწყვეტილა. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, მან დროთა განმავლობაში ბევრი დაჰკარგა: მთლიანობა, ძალ-ღონე, ტერიტორია, სიმდიდრე, მაგრამ მთლიანად ის არასოდეს ყოფილა დაპყრობილი და ამიტომ არც შეცვლილა მისი ცხოვრების ბუნებრივი მსვლელობა (ხაგასმა ავტორებისაა - ა. ნ.). დასავლეთ ევროპის დიდი განვითარება მე-18-19 საუკ. მან უშუალოდ განიცადა... საამისოდ დიდი ჯაფა იყო საჭირო, რადგანაც კავშირის დაჭერა დასავლეთთან არ იყო ადვილი“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 10).
„ქართული ევროპიული მოძრაობის“ ფუძემდებლურ პრინციპთა წარმომჩენი წიგნის ავტორთა ხაზგასმით, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნიდან დაწყებული საქართველო რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყანას წარმოადგენდა, იგი თავისი კულტურითა და სულიერი ფასეულობებით კვლავაც რჩებოდა ევროპული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და „მდიდარი იყო ევროპიული შემოქმედებით და იდეებით. მაშინ გაჩნდენ ქართული საზოგადოებები, თეატრები, სკოლები და სხვა, ისე როგორც დასავლეთში. მაშინ ჩამოყალიბდა მოდერნული ქართული პოლიტიკური აზროვნებაც. აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს. მათი იდეოლოგები განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში განათლება მიღებულნი იყვნენ“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 10).
ასე რომ, „ქართული ევროპიული მოძრაობის“ დამფუძნებელთა რწმენით, საქართველოს სწორედ ევროპასთან ინტეგრირების შედეგად „ეძლევა საშუალება, მოაგვაროს და მოათავოს ისტორიული დავა მის მეზობლებთან: რუსეთთან და ოსმალეთთან... შიში დიდი ერის წინაშე ჰკარგავს თავის ძალას, რადგანაც უდიდესი ერიც კი სუსტია მთლიან ევროპასთან შედარებით (ხაზგასმა ავტორებისაა - ა. ნ.). მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება მოიპოვოს ქართველმა ერმა უზრუნველყოფა მისი ფიზიკური არსებობისა და ეკონომიური კეთილდღეობისა“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 12).
„ქართული ევროპიული მოძრაობის“ ფუძემდებლურ პრინციპთა განზოგადებული ფორმით წარმომჩენი ამ წიგნის ავტორებმა მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური კოალიციის (ფაქტობრივად - პოლიტიკური პარტიის) სამოქმედო პროგრამის შემაჯამებელ დასკვნით დებულებაში მათ მიერვე დასმულ უმთავრეს კითხვას - რა წარმოადგენდა მათი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უმთავრეს მიზანს? - ასეთი პასუხი გასცეს:
„ჩვენი მიზანი იგივეა, რაც ყოველი ევროპიელი ერისა: ვიყოთ უფალი ჩვენი თავისა, მოვაწესრიგოთ და გავშალოთ ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც ეს ჩვენს ბუნებას შეეფერება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით, თუ საქართველო თავისუფალი იქნება. ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისაღებად მას სჭირდება ევროპა, როგორც მცველი მისი თავისუფლებისა, როგორც მომცემი ახალი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიური შესაძლებლობებისა (ხაზგასმა ჩვენია - ა. ნ.). საქართველო არ მოისურვებს იყოს მხოლოდ მოსარგებლე. ის თავის მოვალეობად სთვლის, ისე როგორც წარსულ საუკონოებში, იყოს აგრეთვე შემძენი ევროპისა, დამცველი მისი მთლიანობისა და მისთვის მებრძოლი.“
აქედან გამომდინარე, „ბრძოლა ევროპისათვის ნიშნავს დაცვას და გაშლას ჩვენი კულტურისა და ცივილიზაციისა.
თითოეული ჩვენთვის ევროპა არის: თავისუფლება და წეს-რიგი, უფლება და მისი უზრუნველყოფა, მუშაობა და სოციალური სამართლიანობა. მის გამარჯვებას უკავშირებთ კვლავ აღდგენას და გამარჯვებას ქრისტეანობის მიერ დაფუძნებულ ცხოვრების წესებისა, რომელმაც განამტკიცა ცხოვრება ჩვენი მრავალ საუკონოების წინ და თანდართული აქვს იმ მაღალ კულტურას, რომელიც ქართველმა ერმა შექმნა საშუალო საუკუნოებში და რომელიც დღესაც სიამაყით ავსებს ჩვენს სულსა და გულს“ („საქართველო - ევროპა,“ 1952: 15-16).
საბოლოოდ, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას, რომ „ქართული ევროპიული მოძრაობის“ დამფუძნებელ ქართველ ემიგრანტთა მიერ გამოქვეყნებულ საპროგრამო წიგნში განზოგადებული ფორმით გამოხატული პროევროპული თვალთახედვა, პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი დებულებანი და განვითარების უმთავრესი ვექტორები კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სამომავლო განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შემქმნელ უმთავრეს ფაქტორად.
„ქართული ევროპიული მოძრაობის“ შექმნასთან და მიზანდასახულობასთან დაკავშირებულ ეროვნულ და პოლიტიკურ პერსპექტივებზე მსჯელობის დროს რამდენიმე სიტყვა კალისტრატე სალიას მიერ გრიგოლ რობაქიძისაგან აღებულ ინტერვიუზეც მინდა ვთქვა. როგორც ითქვა, ხსენებული მოძრაობის შექმნასთან და საქმიანობასთან მწერალი აქტიურად იყო დაკავშირებული. კ. სალიას შეკითხვაზე, რა აზრისა იყო იგი ამ პოლიტიკური მოძრაობის მიერ გამოცემულ წიგნაკზე - „საქართველო - ევროპა,“ როგორც აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის საპროგრამო დოკუმენტზე, გრ. რობაქიძემ ასეთი პასუხი გასცა: „ეს წიგნაკი წავიკითხე. წავიკითხე დიდი ინტერესით და დავუმატებ: დიდი სიხარულით. პოლიტიკური კონცეპტი, იმ წიგნაკში გაყვანილი, უკანასკნელად მხვედრია დღევანდელ ისტორიულ პირობებში. ამ კონცეპტით თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ როგორც რუსეთს, აგრეთვე ოსმალეთს, ასევე ყველა სხვა ხალხთ - ყოველგვარი „ფსიხოლოგიზმის“ აცილებით. საქართველოს დღევანდელ საქმისთვის ეს კონცეპტი პირდაპირ ზედგამოჭრილია“ („ბედი ქართლისა,“ 1953 წ. #14: 8).
ჟურნალ „ბედი ქართლისას“ 1952 წლის XII ნომერში დაბეჭდილ წერილში - „ქართველი ერის ბრძოლა ოცდაექვსი მაისისათვის“ კალისტრატე სალიამ რუსეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის პერმანენტულ ბრძოლათა ისტორიიდან დამოწმებულ ეპიზოდებზე დაყრდნობით მკითხველს არგუმენტირებულად განუმარტა ამ ორგანიზაციის უმთავრესი მიზანსწრაფვის არსი.
კერძოდ, მისი ხაზგასმით, რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ „116 წლის განმავლობაში რუსეთი ებრძოდა საქართველოს ეროვნულ არსებობას, სცდილობდა მის გადაგვარებას, გარუსებას. მას სურდა ამით ქართველი ერისათვის მოესპო სურვილი საკუთარი სახელმწიფოს აღდგენისა და ამ მიზნის მისაღწევად ყოველნაირ საშუალებას ხმარობდა. მან იცოდა, რომ ქართველი ერის სიძლიერე მისი წარსული იყო... ამიტომ დაუწყო დევნა ქართულ ეკლესიას, შეეხო საქართველოს ეროვნული ორგანიზმის ყოველ უჯრედს და თავისი შხამი ყოველ მათგანს ჩააწვეთა“ („ბედი ქართლისა,“ 1952, #12: 3).
ყოველივე ზემოთქმულისთვის მეტი სიცხადისა და დამაჯერებლობის მისაცემად კ. სალია კონკრეტულ ეპიზოდებსაც იხსენებდა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ ქართველი ხალხის პერმანენტულ ბრძოლათა ისტორიიდან, რითაც მკითხველს არგუმენტირებულად უსაბუთებდა ხსენებული „მოძრაობის“ შექმნის აუცილებლობას.
თავისი ამ პუბლიკაციით კ. სალიამ მკითხველს ისიც განუმარტა, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ამ პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები „ამერიკული კომიტეტის“ მიერ მოწვეულ ვისბადენის კონფერენციაზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანიც იყო „რუსებთან ერთად საერთო ანტიკომუნისტური ფრონტის“ შექმნის მცდელობა.
კ. სალიას განმარტებით, „ამერიკული კომიტეტის“ მიერ ვისბადენში მიღებული ამ გადაწყვეტილებისადმი ქართველ ემიგრანტთა ნეგატიური დამოკიდებულება უპირველეს ყოვლისა იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის უმთავრეს მიზანს ამ ქვეყნის ხელისუფლების დამხობა კი არ წარმოადგენდა, არამედ მისგან წართმეული „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. - ამიტომო, - განაგრძობს იგი, - ვინც ცდილობს ეროვნული ბრძოლის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლათ გარდაქცევას, მიუტევებელ დანაშაულს ჩადის თავისი ერის წინაშე, უკარგავს რა ამით ამავე დროს ყოველგვარ მნიშვნელობას თვით ემიგრაციის არსებობას“ („ბედი ქართლისა,“ 1952, #12: 3).
კ. სალიას მართებული განმარტებით, აქედან გამომდინარე, „ამერიკის აუცილებელი სურვილი საერთო ფრონტში რუსების შემოყვანისა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ დაჩაგრული ერების სუვერენული უფლებების სრული დაცვით და არა მათი ბედ-იღბლის რაღაც ბუნდოვან ფორმულებში გახვევით რუსების დასაკმაყოფილებლად.“
ესოდენი სიმკვეთრით გამოთქმულ ამ მოსაზრებას კ. სალია მეტ დამაჯერებლობას იმითაც სძენდა, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილ ერთა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემას რუსი ემიგრანტებიც მათი სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელ შინაურ საკითხად მიიჩნევდნენ. ასე რომ, კ. სალიას დასკვნით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „წითელ და თეთრ რუსებს ერთნაირი იმპერიალისტური მიზნები აქვთ და მათ შორის ამ მხრივ არავითარი განსხვავება არ არის“ („ბედი ქართლისა,“ 1952, #12: 5).
აღნიშნულ პრობლემას კ. სალია კიდევ უფრო მწვავედ შეეხო „ბედი ქართლისას“ 1952 წლის მე-13 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში „ქართული ევროპიული მოძრაობა“ და წინანდელი პუბლიკაციით დაფიქსირებულ თავის ანტირუსულ პოზიციას მეტი სიმწვავე შესძინა. კერძოდ, მისი ხაზგასმით, რუსეთში იმხანად არსებული ბოლშევიკური „რეჟიმის წაქცევა“ სულაც „არ მოასწავებდა უეჭველად დამოუკიდებლობის აღდგენას,“ რადგანაც რუსი ემიგრანტებისა და საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით არსებითად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. საამისო საფუძველს პირველ ყოვლისა ის გარემოება ქმნიდა, რომ ამ შემთხვევაში მათი პოლიტიკური პოზიციები ერთმანეთს ემთხვეოდა. კერძოდ, რუსი ემიგრანტების აზრითაც, რუსეთში მცხოვრებ არარუს ხალხთა ეროვნული პრობლემის მოგვარება ამ ქვეყნის შინაურ საქმეს წარმოადგენდა.
კ. სალიამ თავისი ამ პუბლიკაციით კიდევ ერთხელ გამოხატა აქტიური მხარდაჭერა ქართველ ემიგრანტთა მიერ დაარსებული „ქართული ევროპიული მოძრაობისადმი“ და ხსენებული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას ყველა დროის რუსეთისადმი, როგორც აგრესორი სახელმწიფოსადმი, ასეთი განზოგადებული შეფასება მისცა: „საქართველოს მტერი არის რუსეთი როგორც სახელმწიფო, როგორც იმპერიის მქონე ერი და არა ესა თუ ის მისი რეჟიმი. რეჟიმი არის მხოლოდ განსაზღვრული ეპიზოდი ამა თუ იმ სახელმწიფოს ისტორიაში, რომლის ძირითადი პოლიტიკა რჩება უცვლელი საუკუნეთა განმავლობაში...
ამ პოლიტიკას ემსახურებოდნენ რუსეთის ყველა რეჟიმები... ამავე პოლიტიკას აუცილებლად და შეუცვლელად ემსახურებიან შემდეგშიც რუსეთის ყველა რეჟიმები, სანამ ეს სახელმწიფო, როგორც იმპერია, არ დაინგრევა და არ ჩადგება თავის ეთნოგრაფიულ საზღვრებში.
ეს არის ისტორიული სინამდვილე, რომელიც უნდა იყოს აღიარებული აშკარად და ახდილად, რომ ქართველმა ერმა კარგად იცოდეს, ვინ არის მისი მტერი“ („ბედი ქართლისა,“ 1954 წ. #16: 17).
ხსენებული „მოძრაობის“ სამოქმედო პოლიტიკის განმსაზღვრელ პროგრამაში განზოგადებული ფორმით დაფიქსირებული ამ დებულებასადმი თავის ამგვარ დამოკიდებულებას მეტი დამაჯერებლობა კ. სალიამ იმითაც შესძინა, რომ აღნიშნული პუბლიკაციის ბოლოს შესაბამისი მაგალითებიც დაიმოწმა რუსულ ემიგრანტულ პრესაში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილებიდან და თავისი მსჯელობა ამგვარი განმაზოგადებელი დასკვნით შეაჯამა: „სინამდვილემ დაგვანახა, რომ დროთა სვლას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მათზე. იგივე იმპერიალისტური ზრახვები, იგივე ცინიზმი, იგივე უპატივცემულობა სხვა ერთა მიმართ, რაც მეფეთა რუსეთს ახასიათებდა. აიღებთ დღევანდელ ემიგრანტულ რუსულ გაზეთებს და გეგონებათ, რომ რეაქციონერი კატკოვის „მოსკოვსკია ვედომოსტი“ გიჭირავთ ხელში იმ განსხვავებით, რომ კატკოვი გვირჩევდა საქართველოს დროშა ცირკისთვის გადაგვეცა... ხოლო „დემოკრატი“ მელგუნოვი... სანაგვე ყუთს გვთავაზობს ჩვენ უფლებათა „შესანახად“ („ბედი ქართლისა,“ 1954 წ. #16: 17).
კ. სალიას აზრით, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად აქტიური ბრძოლის გამგრძელებელ უმთავრეს ბირთვს იმხანად ქართული ემიგრაცია წარმოადგენდა, ჩვენი კანონიერი მთავრობის მეთაურობით მებრძოლი ის ძალა, „რომელსაც ხელთ ეპყრა ქართველი ერისაგან მიცემული დროშა.“
მიუხედავად იმისა, რომ 1950-იანი წლების დასაწყისში „თეთრი გიორგის“ პატრიოტული ორგანიზაცია მისი უმთავრესი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ადრინდელი აქტიურობით უკვე ვეღარ იბრძოდა, მ. წერეთლის, კ. სალიასა და მათი იმდროინდელი თანამზრახველების მცდელობა, განახლებული ძალით ებრძოლათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად, უსათუოდ უნდა შეფასდეს საბჭოთა პერიოდის ქართული ემიგრაციის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდად.
კ. სალიას ეროვნულ-პოლიტიკური თვალთახედვის შეფასების დროს ყურადღება ხსენებული პუბლიკაციისთვის თანდართული ავტორისეული შენიშვნის მეშვეობით გამოთქმულ იმ განმარტებასაც მინდა მივაქციო, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ჟურნალი „ბედი ქართლისა“ არც პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენდა და არც რომელიმე პარტიის კუთვნილებას. ამისდა მიუხედავად, ამ პუბლიკაციით მან თუ მაინც დაარღვია ეს პრინციპი, ამის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორს ის გარემოება წარმოადგენდა, „თეთრი გიორგის განცხადება საქართველოს უფლებების დაცვის საკითხს რომ შეეხებოდა.“
კ. სალიას ხსენებული პუბლიკაციისადმი ინტერესს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ისიც, რომ მისი მეშვეობით პუბლიცისტმა ხაზგასმით დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვთარების უალტერნატოვო გზად არსებული ევროპული ორიენტაცია. კერძოდ, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „ერთად-ერთი მისაღები გზა ჩვენთვის არის ეროვნული ორიენტაცია, ევროპის ფედერაციაში უშუალო შესვლა, ამისთვის მუშაობა და ნიადაგის მომზადება“ (ხაზგასმა ავტორისაა. იხ: „ბედი ქართლისა,“ 1952, #13: 2).
როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირად წოდებული ის გაერთიანება, რომლის შემადგენლობაშიც დღეს ევროპაში არსებულ სახელმწიფოთა უმეტესობაა გაერთიანებული, იმხანად ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, საამისო მოძრაობა უკვე იყო აქტიურად დაწყებული. ევროპული ქვეყნების ამგვარი გაერთიანების იდეას მაშინ ქართველ ემიგრანტთა ცალკეულმა წარმომადგენლებმაც, მათ შორის კალისტრატე სალიამაც, დაუჭირეს მხარი იმის პერსპექტივით, რომ ამ გაერთიანების შემადგენლობაში საქართველოც დაიმკვიდრებდა კუთვნილ ადგილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
„ქართულ-ევროპიული მოძრაობის“ შექმნასთან დაკავშირებით მკითხველთა უფრო მეტად ინფორმირების მიზნით კალისტრატე სალიამ 1952 წელს „ბედი ქართლისას“ მე-13 ნომერში ინფორმაციულად დატვირთული წერილიც გამოაქვეყნა სახელწოდებით „ქართული ევროპიული მოძრაობა.“ ამ პუბლიკაცის მეშვეობით მან მკითხველს საკმაოდ საფუძვლიანად განუმარტა ხსენებული „მოძრაობის“ შექმნის უმთავრესი მიზანი და განსაკუთრებული ყურადღება მიაპრო ევროპის უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოში.
ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან დამოწმებულ ეპიზოდებზე დაყრდნობით დაწერილი ამ პუბლიკაციის მეშვეობით კალისტრატე სალიამ მკითხველთა ყურადღება არგუმენტირებულად მიაპყრო ჩვენი ქვეყნის მმართველთა და დიდ მამულიშვილთა დაუცხრომელ სწრაფვას ევროპულ სამყაროსთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად. ევროპის განუყოფელ ნაწილად საქართველოს დამკვიდრების უმთავრეს და უალტერნატივო ფაქტორად მას ის გარემოება მიაჩნდა, რომ „ევროპა არის თავისუფლება და წესრიგი, უფლება და მისი უზრუნველყოფა, მუშაობა და სოციალური სამართლიანობა“ („ბედი ქართლისა,“ 1952, #13: 3).
კ. სალიას ხაზგასმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების სწორედ ამ გზის გაგრძელებას ისახავდა მიზნად „წარჩინებულ ქართველ ემიგრანტთა“ მიერ „ქართული ევროპიული მოძრაობის“ დაარსება. კ. სალია ამ გარემოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იქიდან გამომდინარეც სძენდა, „მსოფლიოს რთული პოლიტიკური მდგომარეობის გავლენით“ ჩვენი ემიგრაცია იმხანად „კრიზისს რომ განიცდიდა და მისი ეროვნული ერთობა დაშლილი იყო.“
ასეთ რთულ ვითარებაში ამ ახალი ქართული მოძრაობის შექმნა კ. სალიას იმის რეალურ მოლოდინს უჩენდა, სწორედ იგი რომ იქნებოდა ის მიმდინარეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარების „სწორ ეროვნულ გზას“ დაუსახავდა. ამ გზის ერთადერთ მაგისტრალურ მიმართულებას კი „ევროპის ორიენტაცია, ევროპის ფედერაციაში უშუალოდ შესვლა და საამისო ნიადაგის მომზადება“ (ხაზგასმა ავტორისა - ა. ნ.) წარმოადგენდა („ბედი ქართლისა,“ 1952, #13: 13).
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როცა კალისტრატე სალია თავის ამ მოსაზრებას ესოდენი სიმკვეთრით გამოთქვამდა, საქართველო საბჭოთა კავშირად სახელდებული რუსული იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, თავისი ამ განაცხადით მან და მისმა იმდროინდელმა თანამოაზრეებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი პირველ ყოვლისა ევროპული ქვეყნების თანამეგობრობის განუყოფელ ნაწილად მის დამკვიდრებას დაუკავშირეს.
კ. სალიას განმარტებით, ევროპულ სამყაროსთან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მომავლის ამგვარი დაკავშირება საფუძველს მოკლებული ფანტაზიის შედეგს რომ არ წარმოადგენდა, ეს ხაზგასმით იყო აღნიშნული „ქართული ევროპიული მოძრაობის“ მესვეურთა მიერ 1952 წელს გამოცემულ ზემოთ ნახსენებ წიგნაკში - „საქართველო - ევროპა.“
როგორც მკითხველი წინამდებარე მიმოხილვითაც დარწმუნდება, „ქართული ევროპიული მოძრაობის“ მიერ გამოცემული ზემოთ ხსენებული წიგნი ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ისტორიის პროევროპული ისტორიის განზოგადებული ფორმით მოთხრობის მცდელობასაც წარმოადგენს და ევროპულ წიაღში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საქართველოს დამკვიდრებისა და სამომავლო არსებობის განსაზღვრელ პროგრამასაც.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ხსენებული წიგნი ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი წერილობითი დოკუმენტია, რომელშიც ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მომავალი ევროპული ტერიტორიული სივრცის ორგანულ ნაწილად მისი დამკვიდრებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
სალია კ. „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა“, ჟურნ. „ქართლოსი,“1937 წ. # I.
სალია კ. მეოცე საუკუნის იდეური მიმართულებანი, ჟურნ. „ქართლოსი,“ 1937 წ. #IV-V.
სალია კ. რედაქციისაგან. ჟურნ. „ბედი ქართლისა,“ პარიზი, 1948 ს. #I.
სალია კ. ქართველი ერის ბრძოლა ოცდაექვსი მაისისათვის, „ბედი ქართლისა,“ 1952 წ. #XII.
სალია კ. 62 ქართველის გადასახლების 30 წლის თავი. იხ: „ბედი ქართლისა,“ 1952 წ. #XIII.
სალია კ. ქართული ევროპიული მოძრაობა, „ბედი ქართლისა,“ პარიზი, 1952 წ. # XIII.
სალია კ. ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან, „ბედი ქართლისა,“ პარიზი, 1953 წ. #XIV.
სალია კ. საქართველოს უფლებათა დაცვისათვის, „ბედი ქართლისა,“ 1954 წ. #XVI.
სარალიძე ლ. მიხეილ მუსხელიშვილი და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. იხ. წიგნში: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია, 28-29 ივლისი. კონფერენციის შრომათა კრებული, #I, თბ. 2022 წ.
„საქართველო - ევროპა.“ ქართული ევროპიული გამოცემა, პარიზი, 1952 წ.
ქართული ევროპიული მოძრაობისაგან, იხ: ჟურნალი „ბედი ქართლისა,“ პარიზი, 1953 წ. #XV.
ჯაფარიძე ე. მიშელ მუსხელი - ევროპული კავშირის ინსტიტუციური სამართლის შესახებ. იხ. წიგნში: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში (NATO) გაწევრიანებისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ნაშრომთა კრებული, თბ. 2019 წ.
