დავბორიალობ პოეზიის ღრმა შედევრებში,
ციტატებს ვეძებ შევადარო უთქმელ მშვენებას,
გალაკტიონის, შოთასი თუ ვაჟას რითმები,
შევუსაბამო სულის ფიქრს და გულის მწირ ნებას.
გრძნობების აღლუმს, ბესიკი რომ ამოსთქვამს ლექსად,
მე შენ მოგიძღვნი... ჩავიმუხლე წამწამთა ჩრდილში,
ბარათაშვილის გაფრენილი ოცნების ბედად,
წარმომესახე... გავეხვიე გრძნობათა ნისლში.
ის ფრთაფარფატა თოლიაც შენ ხარ,
უცხო საყურეც, თეთრი მანდილიც,
ყველა პოეტის შენა ხარ მუზა,
ვერდაწერილი გრძნობით განცდილი.
მშვენიერებავ, ფრთაშესხმულო ღაწვ-ბაგე-მკერდში,
დიდრონ თვალებში, წარბ-წამწამში, მაგ ბროლის ყელში,
ლამაზ თითებში, ბაგეთაგან წარმოთქმულ ხმებში,
ვეღარ ვმეტყველებ...თეთრი ვარდია წაბლისფერ თმებში.
აღარც შენ
აღარც შენ მინდიხარ, აღარც თეთრი ვარდი,
აღარც გვირილები, როცა თეთრად ბარდნის,
უნდა გავეცალო ყოფას უსულგულოს,
მინდა სიმშვიდეში მხოლოდ მზეს ვუყურო.
ზეცას შემოადნა სხივთა მელოდია,
მიწაც დაიღალა უტყვი საუბრებით,
ჩემი სამოსახლო ჯერ ვერ მიპოვია,
მთებზე ნისლებს სძინავთ, სძინავთ უფლის ნებით…
აღარც ეს დღე მინდა, ღამეც ჩამობინდდა,
ვხედავ ჩაიკარგა სხივი სინათლისა,
უნდა გავეცალო ამქარს, სხვა გზა მინდა,
სადაც იზეიმებს რწმენა სიმართლისა.
აღარც შენ მინდიხარ, აღარც თეთრი ვარდი,
აღარც გვირილები, როცა თეთრად ბარდნის,
უნდა გავეცალო ყოფას უსულგულოს,
მინდა სიმშვიდეში მხოლოდ მზეს ვუყურო.
მეეზოვე
სძინავს ქალაქს, სძინავს მშვიდი ძილით,
მხოლოდ ერთი მეეზოვე ფხიზლობს,
რა ჰქნას, სახლში ელოდება შვილი,
ჰგვის ქუჩას და ფიქრებთანაც ფრთხილობს.
არ აძინებს ქარი შემოდგომის,
გაზაფხულს კი იმედებით ელის,
დრო არა აქვს უსაქმურად დგომის,
მხოლოდ დროა მის დარდებს რომ შველის.
გაიღვიძებს ქალაქი და მაინც,
რას მიხვდება მეეზოვის შრომას,
ქუჩა ისევ მეეზოვეს ელის
და გამვლელებს სევდის თვალით ზომავს.
ახლა ხომ ხვდები
რატომ დავკარგე სილაღე თვალთა?
გიკვირს ღაწვებზე ცრემლი რატომ მდის?
დარდმა, ვარამმა, გამტანჯა და თან,
აღარც ალერსი მოაქვს ნიავს მთის.
ვეღარ მაპურებს მზერა თავთავთა,
ვეღარც სურნელი მათრობს ვარდების,
დავრჩი ეული საკუთარ თავთან,
მომავალს ებრძვის აწმყო დარდების.
შენგან ნასროლი ისარი დღესაც,
ჭრილობად მეწვის და შარი-შური,
შენგან ნაბოძებს ფიქრებს მახსენებს
და ამ ფიქრებსაც დაეტყოთ შური.
ახლა ხომ ხვდები, რატომ ვარ მარტო,
რატომ დავკარგე სილაღე თვალთა,
რა ვქნა თუ ისევ მხოლოდ შენ გნატრობ,
გთხოვ, მიმაცილე სამარის კართან.
გავთავისუფლდი...
გავთავისუფლდი, დარდი უკან შემოგაყარე,
დავცილდი ლოდინს,
მონად ქცეულ შენ აზროვნებას...
მჯერა, ღვთის ნებით უკეთესი დადგება ხვალე
და აფეთქებულ სამყაროსთან გავშლი ამ ვნებას.
შემომაჩერდი საუკუნის ნაფლეთი მზერით,
ვერ აიტანე სილამაზე ვარდების ბაღის,
ვერც სიომ მთისამ ვერ მოგხიბლა ჯადოსნურ ბგერით,
დარჩი წარსულში შეცდომებით...
და შენთან არ ღირს...
დატყვევებული მზის სხივები ვითვალოთ ერთად,
ცისფერ ალიონს ცრემლიანი უმზერდეს თვალი,
გავთავისუფლდი...
დღეს იმედი დაბრუნდა ღმერთად
და შენ სიყვარულს დავუტოვე უვადო ვალი.
ყოველ დილით ალიონზე,
უცხო მხარეს, უცხო სახლში,
დედის ნაცვლად სულ სხვა მოხუცს,
უვლის, როგორც თოთო ბავშვი.
მშობელსა და დამბადებელს,
ფიქრში ეფერება მხოლოდ,
სარჩოსა და საბადებელს,
ასე ცრემლით იძენს ბოლოს...
სიზმრებში კი შვილის ალერსს,
კოცნის წყურვილს დაიამებს,
ასეთია განაჩენი,
დარდი და ტკივილი ჩვენი,
უცხო მხარეს გახიზნული,
ჩემი მიწის სული, გული,
დამიბრუნე, გთხოვ, უფალო.
გელოდები
გელოდები....
ამ თვალებში სევდამ ისევ დაიბუდა,
დრო ვერ შეცვლის გრძნობას გულში,
სიყვარული გაიბუტა.
დამიბრუნდი....
მოგონება წარსულ დღეებს მიმაისებს,
შენი ერთი გამოხედვა ოცნებებსაც მიხალისებს..
შემიყვარდი.....რა ვქნა ძლიერ,
გულს ბრძანება აღარ ესმის,
ნაწყენი ვარ მაგრამ მაინც დამალულად ისევ გეტრფი,
ვეღარ დაგთმობ....
დამიბრუნდი, გულს ალერსი დაუბრუნე,
გელოდები...
გელოდები...
დამიბრუნდი...
დაგიბრუნებ.
დამესიზმრე
რომ დამესიზმრე ამ ღამეს, იცი?
თაიგულებით თმას მიფერავდი,
ზღვა მოჰყოლოდა ტალღების ლიცლიცს,
ცას სანთლად ენთო სხივი ფერადი.
თვალებნათელი მიგყავდი მზესთან,
ტანის სურნელი სახეს გითბობდა,
გსურდა, გყოლოდი სიცოცხლის ხესთან,
ამაზე მეტი მეც რა მინდოდა?
ნაღვლიან თვალებს ნამავდა ცრემლი,
წვიმა მზესა და ცას თვალებს ბანდა,
შენ მოდიოდი - სინათლე ჩემი,
გზაზე უკუნი აღარსად ჩანდა.
და დამესიზმრე ამ ღამეს ჩემო,
მინდვრის ყვავილებს თმაში მიბნევდი,
თვალს გიჩრდილავდა გრძნობათა ჩერო
და იმ ჩეროს ჩრდილს მშვიდად მივნებდი...
გეძებ ყველგან
ღამე სარკმელს მოეხეთქა,
გაიბზარა სულის გამა,
მთვარემ მომიქსოვა თექა,
ჟამი გადაშალა წამმა.
ვიტირებდი, რომ არ მყავდე,
შორს წახვედი... შორს, გადაღმა,
ბედი მძიმედ დამატარებს,
გეძებ ყველგან...აღმა-დაღმა.
ძლივს თქმული
გაზაფხულს დავფენ ზეწრად,
ზაფხულს დაგხურავ საბნად
და შემოდგომის ზეწნას,
გამოგაყოლებ საგზლად.
ზამთარს ავყვებით თოვით,
თოვლი დაგვათოვს როცა,
ჩამოგიდგები შორით,
თუკი მომიწევს მოცდა.
არ დამისველოს ვინძლო,
წვიმამ სათუთი ვარდი,
ვესიყვარულო, ვიგრძნო,
გრძნობებით გაყრა დარდის.
შემოგახვიო ჯავშნად,
ალერსი შენით მთვრალი,
გულს მაწევს ისევ ჯავრად,
წარსულის ცოდვა-ბრალი,
დავაგვიანე, მაგრამ
ნუ გეგონები მხდალი.
უფალი გვიპატრონებს,
უფლის დამყვება მადლი.
აღარც შენ
აღარც შენ მინდიხარ, აღარც თეთრი ვარდი,
აღარც გვირილები, როცა თეთრად ბარდნის,
უნდა გავეცალო ყოფას უსულგულოს,
მინდა სიმშვიდეში მხოლოდ მზეს ვუყურო.
ზეცას შემოადნა სხივთა მელოდია,
მიწაც დაიღალა უტყვი საუბრებით,
ჩემი სამოსახლო ჯერ ვერ მიპოვია,
მთებზე ნისლებს სძინავთ, სძინავთ უფლის ნებით…
აღარც ეს დღე მინდა, ღამეც ჩამობინდდა,
ვხედავ ჩაიკარგა სხივი სინათლისა,
უნდა გავეცალო ამქარს, სხვა გზა მინდა,
სადაც იზეიმებს რწმენა სიმართლისა.
აღარც შენ მინდიხარ, აღარც თეთრი ვარდი,
აღარც გვირილები, როცა თეთრად ბარდნის,
უნდა გავეცალო ყოფას უსულგულოს,
მინდა სიმშვიდეში მხოლოდ მზეს ვუყურო.
დავაღალატე თავად ღალატი
წუხელ მთვარესთან დაგაღალატე,
მთვარე მიცქერდა შენი თვალებით,
წუხელ ზღვასთანაც რომ გიღალატე,
ზღვა სიყვარულის მწვავდა ალები.
მერე გარიჟრაჟს გავეარშიყე,
თითქოს მკოცნიდნენ შენი ტუჩები,
ეს სიყვარული და კაეშანი,
მათრობდა, ალბათ ვერც ვიურჩებდი.
სიყვარულისგან ღამენათევი,
სხივებში ჩანდა შენი ფერება,
და გული წრფელი, თბილი, ნათელი,
დილის მზის სხივით რომ მეფერება.
მე ამ ღალატით დავგმე ღალატი,
დავგმე და სევდაც შემომეხეთქა,
სიყვარულია მხოლოდ მთავარი,
სიყვარულს სიტყვა ეთქმის ღმერთებთან.
მიყვარს ეს გრძნობა, წრფელი, ხალასი,
მარადიულად გულში რომ ფეთქავს,
დავაღალატე თავად ღალატი,
დავაღალატე...რადგან ბევრს ბედავს!
დროში სიყვარული
შენი თვალები,
დღის მნათობი მზის სხივებია,
სამყაროს ხიბლი მაგ ტუჩებში ღიმილად კრთება,
თბილი ალერსი ტრფობის ცეცხლად გადამდებია
და ამ სიყვარულს სამყაროც კი სხვაგვარად ხვდება.
იმედის სხივო,
სიყვარულის ტკბილო სასმისო,
მომხვიე ხელი, ვიდრე ძალა შესწევს სიცოცხლეს,
თორემ ფიალა მოთმინებით თუ გადაივსო,
ეს სიყვარული დროში შენთან ვეღარ იცოცხლებს.
ვეტრფი სიყვარულს
გაუაზრებელს,
მაგრამ ნამდვილს ვეტრფი სიყვარულს,
ღამის ბახუსი გამიტაცებს ტრფობის ედემში,
შემომანათებს მზე ალიონს, როგორც ცის ფარდულს
და შემოაღწევს მზის სხივები სითბოდ დღეს ჩემში.
დასეტყვილ გრძნობას,
ფოთოლცვენა მოჰყვება ალბათ,
როცა განთიადს შემოჰკრავენ ცისკრის ზარები...
ვდგავარ ტაძართან, სადაც ჩემი სული ანთია
და სიმარტოვეს მივუხურე გლოვის კარები.
თვრება სიცოცხლე
ქარი აცეკვებს ფოთლებს მიწაზე,
ცას სიყვარულად აენთო მთვარე,
ღამე დაახრჩობს ქალის სინაზეს,
რომ მოგონება გაფანტოს მწარე.
ფარდად ეშვება ნისლები მთებზე,
ალიონს სტაცებს ნათებას მწუხრი,
ტვირთი ჰკიდია სიცოცხლეს მხრებზე
და ეკვეთება სიმძიმით მუხლი.
გარდაიცვალოს უნდა სიკვდილი,
რადგან ფოთლები ცეკვავენ ქარში,
თვრება სიცოცხლე ბებერ მიწაზე,
როცა ბახუსი ღვინოს სცლის ჯამში.
მაინც შენ მიყვარხარ
მაინც შენთან მინდა, მაინც შენ მიყვარხარ,
შენი სიყვარული, საგზლად შემინახავს,
თითო წუთით ლოდინს, ღამე დაელია,
თითო წვეთი შხამით, დარდიც გამერია.
მაინც შენ მიყვარხარ, მაინც მენატრები,
მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩუმად გეპარები...
და თუ მოგენატრო, ან თუ გეზღაპრები,
წიგნის თარო ნახე, მორცხვად იქ დაგხვდები.
მე ისევ გეტრფი,
ჩემთვის,
უბრალოდ,
რადგან შენა ხარ სულ სხვა სამყარო…
და გევედრები ცაში უფალო,
ამ დიდ სიყვარულს,
აღარ გამყარო…
ეს სიყვარული
ჩემთვის ხსნა არის,
რადგანაც იგი თვითონ მოვიდა
და ყოველ დილით,
როგორც საარი,
მესმოდეს ეს ხმა…
თუნდაც შორიდან.
მოგონებები
ეს წუთიერი გაელვება რა იყო ნეტავ,
ბახუსის წვეთებს ვერ ელევა გრძნობა გვიანი,
ცოტაც და ალბათ მოიტაცებს სამყარო ვხედავ,
მოიტაცებს და დაღონდება დილაც მზიანი.
დაგდებულ კალამს ახლაც ვუმზერ წარსულის ხედვით,
დაუფლებია ნოსტალგია მუზების მეფეს,
შავად შეფერილ ღვინოს შევსვავ მალული გრძნობით,
და მერე ღვინოს დავაბრალებ ტირილს და ცრემლებს.
ეს წუთიერი გაელვება ავსებს სიცოცხლეს,
მოგონებებში გადაბარგდა ნეტარი წამი,
შავად შეფერილ ღვინოში კი მუდამ იცოცხლებს,
მოგონებებში ჩაკარგული ის დრო და ჟამი.
