ყველა სტატია
გამოქვეყნებული

გია ტუღუში — სიცარიელის ახირება

სიცარიელის აელვება − ქართა ასული

გია ტუღუში3 წთ საკითხავი10
გაზიარება
სიცარიელის ახირება

სიცარიელის აელვება − ქართა ასული

უნდა დავძლიოთ, ან ნიღბებით შევთხზათ ლექსები

ჰაეროვანი, სტრიქონებად გადასალტული −

მართლაც დღეგრძელი უარსობას შეელექსები.

მაგრამ ამ ,,ანსაც“ მოვაცილებ არყოფნის ბურანს,

რომ დარჩეს მხოლოდ სიზმარი და გრძელი დუმილი,

მე უნაზესად, უდრტვინველად მეარამყოფა,

მერე გათოვდა, შემოვიცვი ღმერთის მუნდირი.

და ირგვლივ თეთრი შეცისფრებაც დუმდა წუხილით,

მერყეობაში გავატარე ათასწლეული,

ბოლოს კი მაინც ავტიტინდი ლექსის ამურად −

ბნელი მელექსეს მეტოქეთა გადანთხეული.

ძირძველ მარტვილში ჩავდგი ერთი პატარა ოდა,

უკვდავ სიცოცხლედ და გენიად მაკურთხეს ასე,

მანამდის, ოდეს პოეზიაც არ არსებობდა,

ცეცხლის აკვანი გავურწიე ასურულ ღამეს.

და გაუმარჯოს მხიარულებს და ვინც მწუხარებს,

მე შევიკედლე ქარავანნი, ვიყავ ხიზანიც,

კავკასიონი პოეზიას მიიმწუხარებს,

დასრულდეს როკვა, ამზევება, ციდან ვარდნანი.

ფიფქთა მოლანდო, მოვარდისფრო სულთა ვარდნარი

იყოს სამჭედლო ცის და მიწის, იყოს ფლაგმანი,

ოღონდ დაწესდეს მგოსანების საერთო ლოცვა −

აღარ აღძრავდეს ვნებებს ია, იასამანი.

ყოვლნი მისანნი და უბადლო პოეტთ სადარნი

გადაიჩეხნონ შუადღისდარ ცხელ ღუმელებში,

როგორც სიჩუმე შრიალშრიალ მომისადავდი

ბავშვობის ეზოს წვიმანარევ, ბნელ კუთხეებში.

7.11.2024

პარალელური სამყაროდან

პირველსაწყისი ივსებოდა პირმომღიმარე,

როცა ქაოსში უსპეტაკეს ლექსად იქეცი,

ხორცშევისხმები სიმებში და ცვივა სინათლე,

დღეა უიღბლო, უიმედო, რაღაც ისეთი...

სარკეში ვჩნდები შემოქმედის ბოლო სიანცე,

ნაღალატევის, განწირულის და მადლიერის,

შენ გაგრძელებად არმყოფობის ამოიქანცე,

დღეა ქარების, ქარიშხლების, რაღაც ისეთი...

პოეზიაა ყველგანმყოფის საღმრთო მისია,

ისევ დავეძებ ალმურებში წყლისფერ მწვერვალებს,

მე მოგევლინე შეჩერებულ ციფერბლატიდან,

სიყვარულისთვის წავიმღერე უკვე მეასედ.

თუ არსებობაც მითოსია, მაშინ მისმინე:

ოდეს შეგიცნე ფიფქის ცრემლში მყივარ ექოზე,

იქვე პირველად ლანდადქცეულს შენ გამიღიმე,

არ მიფიქრია გაქცევაზე, ხიბლად მებოძე.

პარალელური სამყაროდან როგორ მომაგნე?!

პარალელური სამყაროდან რისთვის დამლანდე?!

ექოს სიტყვა ხარ, ხარ ფიქრფიფქვა და ხმოვანება,

ჩემთვის ვიყავი, მაფრთიანე, დამძარი, ვაჰ, მე...

და ახლა გიდგამ ობელისკებს ჩრდილთაჩრდილებში,

პარალელური სამყაროც ხომ სალექსეთია,

დამაგრიალე ბალადებად ასე მღელვარემ,

დღეა ეული, აღსაგველი, რაღაც ისეთი.

21.11.2024

ამელნისფრებული გემები

ნისლშიგან ქარმა დაიწივლა და მზე გამოჩნდა,

მტევნებად იქცა მძივისფერად ნისლი რხეული,

აქ დაიშალა უფლის ხმათა სიმპოზიუმი,

მარტოღა დარჩა ნაკადულის ცივი სხეული...

თუმცაღა მალე ნაკადულიც იქცევა წვიმად,

წვიმა დარდებად და დარდები მზის პოეზიად,

თუ მომაგონდა მდელოსფერი ის შენი კაბა,

ლექსებით გიხმობ, ტანჯვის ფერდობს სიმწრით ავიარ.

და ბოლოს ისევ დაირწევა სულში არარა,

ამოივსება კვდომის უბე წარმავალობით,

უშენობასაც გადაქრობამ უიანვარა,

მე კი გადავრჩი, ანგელოზნო, თქვენც აღარ მოდით...

და დაიწყება ყოველივე კვლავაც თავიდან,

ნისლში ქარები, უძღები მზე, თეთრი მტევნები,

მხოლოდ ღვინოთი გავიქცევი ამიერიდან

სიზმრებში ამელნისფრებული, ნელი გემებით.

22.02.2026

ღაწვისფერ შუადღეს

ღაწვისფერ შუადღეს −

თვალგატეხილს და შფოთიანს

მოვკარი თვალი,

გათოვება სანამ დაცლიდა

მზენარევ ცათა

სახეშეშლილ მელანქოლიას,

მადლობა უფალს,

დაობლებულს რომ ჯვარცმა ამცდა.

29.01.2026

პოეზიაა

პოეზიაა, როცა ნამქერი

გირლიანდების ფერებს იტაცებს,

აივანზე რომ პაპიროსს მოწევ,

ან შეახარბებ ღვინოს იმამებს.

და მერე დილას სიცივე ერჩის,

რომ შუადღემდე გზა გაიკვალოს,

დაე, მოწყენილ საღამოს ჩრდილში

ძველი თოვლივით გადაიკვალოს.

გამეფდეს ყინვა, შენი სხეული

მათბობდეს, როგორც იუდას ვერცხლი,

ხოლო შეშლილმა მეორე დილას

დავწერო მაქორებელი ლექსი.

ლექსმა დალეწოს ყველა ბორკილი,

ცრემლით განწმინდოს მოწამლავს ვისაც,

იშვას სამყარო კდემამოსილი −

მიწისაც იყოს და იყოს ცისაც.

ივლისში იწვის ვიღაცის ძეგლი,

ალბათ იმისი, ვინც ამასწინად

ჯვარს ეცმებოდა ფიქრის წყვდიადში,

პოეტს ხომ სიკვდილს არავინ აცლის!

17.01.2026

ანანო

მეასედ მოხველ ოქროსფერ ხმაში,

ზაფხული იდგა, აგვისტო იყო,

დღეები სულთა მოთოვებაში

შუადღის სიცხით დაორთქლილიყო.

ველოდებოდი სულ სხვა ხმის ქუხილს,

არა აგვისტოს, არა ზაფხულის,

კახეთს რთველზედა მივაჭიუხდი,

შემხსნეს ნიღბები მონა-მსახურის.

მთვარემოფრქვეულ ყანებში გეძებ

პოეტიური შეზარხოშებით,

შველივით უნდა დაგაკვდე მკერდზე,

მერე ლექსი ვთქვათ, ნელა, ოჰ, ლექსი...

მთელი სამყარო ოქტომბრად იქცეს,

გაქრეს ყოველი გადამეტება,

მე, შეღონების ბოლო ორდერი

წამებას მიმცეს აქაველებმა.

ვიწვოდი, როგორც უწმინდურობა,

თუმც ჩემი ფერფლით იშვა სამყარო,

სადაც ბნელეთი მზეს არ შეეფრთა,

სადაც უყვარდა ყველას ანანო.

თუმცა ანანოს მაინც, რატომღაც

უკანკალებდა ბავშვური ყელი,

ეჰ, მერამდენე მთვარე აღმოხდა,

მაინც არაა ჩვენი საშუელი.

ამ კანკალს ალბათ ჰქვია სიმორცხვე,

სიწმინდე მალე წამებად მოვა,

ახლა გეყოფა, ნუ გაიოცე,

სრულყოფილება რომ არ მოთოვა.

06.01.2026

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები