თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფიაში ნაციონალიზმისა და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დისკურსს წარმოადგენს. წინამდებარე სტატიის აქტუალობა განპირობებულია იმ ეგზისტენციალური და სოციალური კოლიზიით, რომელიც წარმოიშობა ეთნოცენტრულ ნაციონალიზმსა და ამერიკული პრაგმატიზმის პლურალისტურ, ექსპერიმენტულ ბუნებას შორის. პრაგმატული სოციალური ფილოსოფია, რომელიც სხვადასხვაგვარი კატეგორიის იდეებს მათი „სამუშაო ღირებულებითა“ და სოციალური ეფექტურობით აფასებს, განსაკუთრებულ კრიტიკულ პრიზმას გვთავაზობს ნაციონალური იდეოლოგიების ანალიზისთვის. ისეთ საჭირბოროტო ეპოქაში, როდესაც გლობალიზაცია და ლოკალური იდენტობების რადიკალიზაცია ერთიმეორესთან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, პრაგმატიზმის მიერ შემოთავაზებული „ინსტრუმენტალისტური“ მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ნაციონალიზმი განვიხილოთ არა როგორც სტატიკური მეტაფიზიკური მოცემულობა, არამედ როგორც დინამიკური სოციალური ინსტრუმენტი, რომლის ვალიდურობაც პირდაპირპროპორციულია მისი უნარისა__ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინკლუზიურობის პროცესს. ჩვენს შემთხვევაში, ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს სიონიზმი, როგორც მრავალშრიან იდეოლოგიურ კონცეფციად განხილული პროექტი, ასევე მისი რეცეფცია ამერიკულ ინტელექტუალურ სივრცეში მე-20 საუკუნიდან დღემდე. სიონიზმი აქ არ არის გაგებული, როგორც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური მოძრაობა, არამედ როგორც მსოფლმხედველობრივი დისკურსი, რომელიც ცდილობს მოახდინოს ისტორიული მეხსიერების, ეთნიკური თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სინთეზი. ამერიკულ ინტელექტუალურ სივრცეში ამ პროექტმა რთული ჩამოყალიბების გზა განვლო__ჰორას კალენის მიერ მისი „კულტურული პლურალიზმის“ ნაწილად აღიარებიდან დაწყებული__ნოამ ჩომსკისა და რიჩარდ რორტის ეთიკურ-პოლიტიკური დეკონსტრუქციის მიმართულებით დასრულებული. კვლევის პროცესში გამოყენებული მეთოდოლოგია ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას, სადაც იკვეთება სამი ძირითადი ღერძი: 1. პოლიტიკური ეთიკა: რომელიც აფასებს სიონისტური პრაქტიკის შესაბამისობას სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურ სტანდარტებთან; 2. სოციალური ეპისტემოლოგია: რომლის მეშვეობითაც ხდება იმ ნარატივებისა და ცოდნის სტრუქტურების ანალიზი, რომლებზეც დგას სიონისტური მსოფლმხედველობა; 3. ისტორიის ფილოსოფია: რაც საშუალებას გვაძლევს, სიონიზმი დავინახოთ ისტორიული აუცილებლობისა და სოციალური კონსტრუქტივიზმის ჭრილში. აღნიშნული სინთეზური მიდგომა უზრუნველყოფს საკითხის არა მხოლოდ რეპრეზენტაციულ, არამედ ღრმა კრიტიკულ-ანალიტიკურ გააზრებას.
ამერიკული პრაგმატიზმი, თავისი კლასიკური ფორმით, უარყოფს ყოველგვარ მეტაფიზიკურ აბსოლუტიზმს და ჭეშმარიტების კრიტერიუმად იდეის პრაქტიკულ ქმედითობას მიიჩნევს. უილიამ ჯეიმსის მიხედვით, იდეა არ არის რეალობის პასიური ასლი, არამედ არის მოქმედების გეგმა. ჭეშმარიტება „ხდება“ იდეის ვალიდაციის პროცესში, რასაც ჯეიმსი იდეის „სამუშაო ღირებულებას“ (Working Value) უწოდებს. იგი აღნიშნავს: „ჭეშმარიტება არის ის, რაც ჩვენთვის უკეთესია დავიჯეროთ... ჭეშმარიტი იდეები კი ისაა, რაც შეგვიძლია ავითვისოთ, დავადასტუროთ და გადავამოწმოთ“ (James, 1907, გვ. 76)__ სიონიზმთან მიმართებით ეს ნიშნავს, რომ იდეოლოგიის ღირებულება განისაზღვრება არა მისი ისტორიული, ან რელიგიური „ჭეშმარიტებით“, არამედ იმ კონკრეტული სოციალური შედეგებით, რაც მას მოაქვს მოცემულ დროსა და სივრცეში. ამ ეპისტემოლოგიურ შემობრუნებას ფუნდამენტურ ისტორიულ-იდეურ კონტექსტს სძენს ლუი მენანდი. თავის მონუმენტურ ნაშრომში „მეტაფიზიკური კლუბი“, მენანდი ამტკიცებს, რომ პრაგმატიზმი იყო პასუხი იმ დესტრუქციულ იდეოლოგიურ სიხისტეზე, რომელმაც ამერიკის სამოქალაქო ომი გამოიწვია. მენანდის პოზიციით, პრაგმატიზმის მთავარი მიღწევა იდეების „გაუფასურებაა“ იმ გაგებით, რომ ისინი აღარ აღიქმებიან როგორც წმინდა დოგმები, რომელთა გამოც ერთმა ადამიანმა მეორეს სიცოცხლე უნდა მოუსწრაფოს. მენანდი წერს: „პრაგმატიზმი არის ფილოსოფია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც იდეები მარადიულ ჭეშმარიტებებს კი არ განასახიერებენ, არამედ ისინი მხოლოდ იარაღებია, რომლებსაც ადამიანები იგონებენ კონკრეტულ სიტუაციებთან გასამკლავებლად“ (Menand, 2001, გვ. 371). ეს ხედვა უმნიშვნელოვანესია სიონიზმის კრიტიკული ანალიზისთვის: თუ ნებისმიერი „იზმი“ მხოლოდ ინსტრუმენტია, მაშინ სიონიზმის ვალიდურობაც მის პრაქტიკულ, ჰუმანურ ეფექტურობაზე დადის და არა აბსტრაქტულ ისტორიულ „ვალდებულებაზე“. ჯონ დიუის ინსტრუმენტალიზმი კიდევ უფრო აფართოებს ამ ხედვას და პოლიტიკურ მოძრაობებს განიხილავს, როგორც „სოციალურ ინსტრუმენტებს“. დიუისთვის ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა თუ იდეოლოგია არის ერთგვარი ჰიპოთეზა, რომელიც მუდმივ ექსპერიმენტულ შემოწმებას საჭიროებს. ნაშრომში „საზოგადოება და მისი პრობლემები“, დიუი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ინსტიტუტების ლეგიტიმაცია ეფუძნება მათ უნარს__მოემსახურონ საზოგადოებრივ ინტერესებს და ამით უზრუნველყონ დემოკრატიული ინკლუზიურობის პრინციპი. იგი წერს: „დემოკრატია არ არის მხოლოდ მმართველობის ფორმა; ის პირველ ყოვლისა, არის ასოცირებული ცხოვრების წესი, ერთობლივი ურთიერთგაზიარებული გამოცდილება“ (Dewey, 1927, გვ. 143). შესაბამისად, პრაგმატული პერსპექტივიდან, სიონიზმი, როგორც პოლიტიკური ექსპერიმენტი, უნდა შეფასდეს მისი უნარით, დარჩეს ღია და დინამიური ხასიათით, ნაცვლად იმისა, რომ იგი იქცეს ეთნოცენტრულ დოგმად.
ამერიკული პრაგმატიზმის ადრეულ ეტაპზე სიონიზმი აღიქმებოდა არა როგორც იზოლაციონისტური ნაციონალიზმი, არამედ როგორც პროგრესული, დემოკრატიული პროექტი. ამ დისკურსის ცენტრალური ფიგურაა ჰორას კალენი, ჯონ დიუის მოწაფე, რომელმაც შემოიტანა „კულტურული პლურალიზმის“ ცნება. კალენისთვის ამერიკული იდენტობა არ იყო „სადნობი ქვაბი“ (Melting Pot), სადაც ეთნიკური განსხვავებები ქრებოდა, არამედ ეს იყო „ორკესტრი“, სადაც თითოეული ერი საკუთარ უნიკალურ მისიას ასრულებდა. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „სიონიზმი და მსოფლიო პოლიტიკა“, კალენი ამტკიცებს, რომ სიონიზმი არის ებრაული იდენტობის შენარჩუნების პრაგმატული გზა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ამერიკულ იდეალებთან. მისი აზრით, ებრაელების დაბრუნება პალესტინაში იყო არა უკან გადადგმული ნაბიჯი, არამედ „ეროვნული თვითგამორკვევის უზენაესი დემოკრატიული უფლების რეალიზაცია“ (Kallen, 1921, გვ. 126). კალენი სიონიზმს განიხილავდა როგორც სოციალურ ინსტრუმენტს, რომელიც ებრაელებს საშუალებას მისცემდა, გამხდარიყვნენ „თანამედროვეობის აქტიური სუბიექტები“ და არა უბრალოდ ისტორიის ობიექტები. იგი წერდა: „სიონიზმი არის გზა, რომლითაც ებრაელი ხალხი დაიბრუნებს თავის კულტურულ მთლიანობას გლობალური დემოკრატიის ფარგლებში“ (Kallen, 1921, გვ. 192).
ამ იდეას სამართლებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაცია შესძინა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ლუი ბრანდაისმა. ბრანდაისი, რომელიც ცნობილი იყო თავისი იურიდიული პრაგმატიზმით, სიონიზმს უყურებდა, როგორც სოციალური სამართლიანობისა და ეფექტურობის პროექტს. მან მოახდინა სიონიზმის სინთეზი ამერიკულ პატრიოტიზმთან, რითაც გააქარწყლა ეჭვი „ორმაგი ლოიალობის“ შესახებ. თავის ცნობილ ნაშრომში „ებრაული პრობლემა: როგორ გადავჭრათ ის“, ბრანდაისი ავითარებს პრაგმატულ არგუმენტს: სიონიზმი ეხმარება ებრაელს გახდეს უკეთესი მოქალაქე, რადგან ის აძლევს მას საკუთარი ღირსების განცდას. მისი ფორმულა რადიკალურად პრაგმატული იყო: „იყო კარგი ამერიკელი, ნიშნავს იყო კარგი ებრაელი; ხოლო იყო კარგი ებრაელი, ნიშნავს იყო სიონისტი“ (Brandeis, 1915, გვ. 24). ბრანდაისისთვის სიონიზმი იყო „სოციალური ლაბორატორია“, სადაც პრაგმატული ეთიკა და სოციალური რეფორმები (მაგალითად, კოლექტიური მეურნეობები) უნდა დანერგილიყო. იგი ხაზს უსვამდა, რომ სიონისტური იდეალები — სოციალური სამართლიანობა და დემოკრატია — იდენტურია ამერიკული იდეალებისა (Brandeis, 1915, გვ. 28).
ამ პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივი წიაღსვლების სიღრმისეულ ისტორიულ ანალიზს გვთავაზობს მელვინ უროფსკი. ნაშრომში „ამერიკული სიონიზმი ჰერცლიდან ჰოლოკოსტამდე“, უროფსკი ხაზს უსვამს, რომ ბრანდაისმა სიონიზმი გარდაქმნა ამერიკული „პროგრესივიზმის“ განუყოფელ ნაწილად. უროფსკის პოზიციით, ბრანდაისის დამსახურებაა ის, რომ სიონისტური მოძრაობა გათავისუფლდა ვიწრო ეთნიკური ჩარჩოებიდან და შეიძინა პრაგმატული, სოციალური რეფორმიზმის ხასიათი. ავტორი აღნიშნავს, რომ ბრანდაისისეული ხედვით, „პალესტინის აღმშენებლობა იყო ამერიკული სოციალური ექსპერიმენტის გაგრძელება სხვა ნიადაგზე“ (Urofsky, 1975, გვ. 114). უროფსკი აჩვენებს, რომ სწორედ პრაგმატულმა მიდგომამ გახადა სიონიზმი მისაღები ამერიკელი ლიბერალებისთვის, რადგან ის ორიენტირებული იყო არა აბსტრაქტულ მესიანიზმზე, არამედ კონკრეტულ სამართლებრივ და ეკონომიკურ კონსტრუქციულ გათვლებზე (Urofsky, 1975, გვ. 118). წარმოდგენილი იდეოლოგიური პლატფორმების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკული პრაგმატიზმი და სიონიზმი გვევლინებიან, როგორც „პარალელური პროექტები“, ვინაიდან ორივე ორიენტირებული გახლდათ რეალობის ტრანსფორმაციაზე, გამოცდილების გაფართოებასა და ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციაზე. თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარების შემდგომი პერიპეტიები გვიჩვენებს, მიღწეული ჰარმონია დაირღვა მაშინ, როდესაც სიონიზმის „სამუშაო ღირებულება“ დაუპირისპირდა პრაგმატიზმის უნივერსალურ დემოკრატიულ ინკლუზიურობას.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკულმა პრაგმატიზმმა განიცადა „კრიტიკული შემობრუნება“, რაც დაკავშირებული იყო იდეოლოგიური ნარატივების დეკონსტრუქციასთან. თუ ადრეულ ეტაპზე სიონიზმი აღიქმებოდა, როგორც „დემოკრატიული ექსპერიმენტი“, თანამედროვე პრაგმატისტებისთვის ის სულ უფრო მეტად ემსგავსება ხისტ მეტაფიზიკურ სისტემას, რომელიც ეწინააღმდეგება პრაგმატიზმის ფუნდამენტურ პრინციპს — ანტი-ფუნდამენტალიზმს, რაშიც პირდაპირ იგულისხმება ყველაზე დინამიური და პოლემიკური კულმინაციის საფეხური, სადაც პრაგმატული „ინსტრუმენტალიზმი“ღიად უპირისპირდება სიონისტურ „ფუნდამენტალიზმს“, რითაც არაჩვეულებრივად იკვეთება პრაგმატიზმის დიამეტრული გარდასახვის მომენტი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გარდაიქმნება იგი სიონიზმის მხარდამჭერი პლატფორმიდან მის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკულ ინსტრუმენტად. მოცემულ დისკურსში ცენტრალურია რიჩარდ რორტის პოზიცია, რომელიც თავის ნაშრომში, „შემთხვევითობა, ირონია და სოლიდარობა“, ამტკიცებს, რომ პროგრესული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა „ისტორიულ უფლებებს“, ან „ობიექტურ ჭეშმარიტებებს“, არამედ „სოციალურ იმედს“ და ტანჯვის შემცირებას. რორტისთვის ნებისმიერი ნაციონალიზმი, რომელიც აბსოლუტიზირებულ ისტორიულ ნარატივს ეყრდნობა, სახიფათოა. იგი მიიჩნევს, რომ სიონიზმის ვალიდურობა ამოიწურა იმ მომენტში, როდესაც მან დაკარგა პრაგმატული მოქნილობა და გადავიდა ეთნოცენტრულ ექსკლუზივიზმში. რორტისეული „ლიბერალური ირონიკოსი“ ეჭვქვეშ აყენებს სიონისტურ „მეტანარატივს“, რადგან პრაგმატიზმისთვის არ არსებობს მიწაზე უფლება, რომელიც აღემატება ცოცხალი ადამიანების (მათ შორის პალესტინელების) ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და ღირსებას (Rorty, 1989, გვ. 189-192).
კიდევ უფრო რადიკალურია ნოამ ჩომსკის კრიტიკა, რომელიც, მიუხედავად მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა, ხშირად ეყრდნობა დიუისეულ პრაგმატულ ეთიკას. ნაშრომში „ბედისწერის სამკუთხედი“, ჩომსკი ამხელს სიონიზმს დემოკრატიული პრინციპების შერჩევით გამოყენებაში. მისი არგუმენტის თანახმად, სიონისტური სახელმწიფოებრივი მოდელი პრაგმატული თვალსაზრისით არის „წარუმატებელი ექსპერიმენტი“, რადგან მან ვერ შეძლო უნივერსალური დემოკრატიული ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. ჩომსკი ხაზს უსვამს, რომ სიონიზმი ამერიკული პრაგმატიზმის სახელით ვეღარ ილაპარაკებს, რადგან ის გახდა იარაღი ერთი ჯგუფის დომინაციისთვის სხვა ჯგუფის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება დიუისეული „გაზიარებული გამოცდილების“ იდეალს (Chomsky, 1983, გვ. 38-42). ამ ეთიკურ კოლიზიას ახალ განზომილებას სძენს ჯუდიტ ბატლერი. თავის კვლევაში „გზების გაყრა: ებრაელობა და სიონიზმის კრიტიკა“, ბატლერი იყენებს პრაგმატულ ეთიკას (ემანუელ ლევინასისა და ჰანა არენდტის გავლენით), რათა მოახდინოს ებრაული იდენტობის დე-ნაციონალიზაცია. ბატლერის პოზიციით, სიონიზმმა მოახდინა ებრაული ეთიკის „ინსტრუმენტალიზაცია“ სახელმწიფოებრივი ძალადობის გასამართლებლად. ის ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტად პრაგმატული და ეთიკური მიდგომა მოითხოვს „თანაცხოვრების“ (cohabitation) პრინციპის აღიარებას, რაც გულისხმობს ნაციონალური სუვერენიტეტის დათმობას უნივერსალური ჰუმანიზმის სასარგებლოდ. ბატლერისთვის სიონიზმის კრიტიკა არის არა ებრაელობის უარყოფა, არამედ მისი დაბრუნება პრაგმატულ, დიასპორულ და მულტიკულტურულ საწყისებთან (Butler, 2012, გვ. 14-18).
ამ გამძაფრებული კრიტიკული დისკურსის კულმინაციის ფონზე, უაღრესად საყურადღებოა რიჩარდ ბერნშტაინის შუალედური პოზიცია__იგი, როგორც დიუის ტრადიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამგრძელებელი, გვთავაზობს „ზომიერ“, მაგრამ ღრმა კრიტიკულ ანალიზსს, რომელიც ერთგვარად არბილებს და თანმიმდევრულად ალაგებს რორტისა და ჩომსკის რადიკალიზმს, კლასიკური პრაგმატიზმის ეთიკური საწყისებისა და თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ურთიერთდაკავშირების მიზნით. თავის ნაშრომში „ბოროტების ბოროტად გამოყენება“, ბერნშტაინი აკრიტიკებს იმ იდეოლოგიურ ტენდენციებს, რომლებიც პოლიტიკურ კონფლიქტებს „აბსოლუტურ სიკეთესა“ და „აბსოლუტურ ბოროტებას“ შორის ბრძოლად წარმოაჩენენ. სიონიზმთან მიმართებით, ბერნშტაინის პრაგმატული კრიტიკა მიმართულია იმ „მორალური აბსოლუტიზმის“ წინააღმდეგ, რომელიც გამორიცხავს დიალოგსა და ფალიბილიზმს (შეცდომის დაშვების შესაძლებლობის აღიარებას). ბერნშტაინი ამტკიცებს, რომ ნამდვილი პრაგმატული პოლიტიკა მოითხოვს „სამოქალაქო მეგობრობას“ და სხვისი გამოცდილების მოსმენის უნარს. მისი პოზიციის თანახმად, სიონიზმის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მან დაკარგა დიუისეული „დემოკრატიულობის რწმენა“ და გადავიდა ძალისმიერ პოლიტიკაში, რაც ბერნშტაინისთვის ამავდროულად არის პრაგმატიზმის ეთიკური კრახიც. იგი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი იდეოლოგია, რომელიც საკუთარ თავს „უცთომლად“ მიიჩნევს და უარს ამბობს თვითკრიტიკაზე, გარდაუვალად ხდება რეპრესიული თვისების მატარებელი (Bernstein, 2005, გვ. 58-60). შექმნილი მდგომარეობიდან ოპტიმალურ გამოსავალს ის ხედავს პრაგმატიზმის კოსმოპოლიტურ ფესვებთან დაბრუნებაში, სადაც ნაციონალური ინტერესი ყოველთვის ექვემდებარება უფრო მაღალ, უნივერსალურ დემოკრატიულ პასუხისმგებლობას (Bernstein, 2005, გვ. 62).
წარმოდგენილი კვლევების მიხედვით ნათელი ხდება, რომ თანამედროვე ამერიკულ პრაგმატიზმში სიონიზმი განიხილება, როგორც დისკურსი, რომელიც დაშორდა თავის საწყის „სამუშაო ღირებულებას“ და იქცა ხისტ იდეოლოგიურ კონსტრუქტად, რაც აჩენს გადაულახავ ეთიკურ უფსკრულს პრაგმატულ დემოკრატიასა და ეთნოცენტრულ ნაციონალიზმს შორის, ეს უკანასკნელი კი, უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ სიონიზმის პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივი დისკურსის რეცეფცია ამერიკულ პრაგმატიზმში დინამიურ და წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს. თუ ადრეულ ეტაპზე, ჰორას კალენისა და ლუი ბრანდაისის შრომებში, სიონიზმი გააზრებული იყო, როგორც დემოკრატიული პლურალიზმისა და პროგრესივიზმის ნაწილი__ერთგვარი პრაგმატული „ინსტრუმენტის“ სახით, ებრაელი ხალხის ემანსიპაციისთვის, თანამედროვე პერიოდში ეს აღქმა უკვე რადიკალურად შეცვლილია. კრიტიკულმა ანალიზმა გარკვევით ცხადყო, რომ სიონიზმის ტრანსფორმაცია ეთნოცენტრულ სახელმწიფოებრივ იდეოლოგიად, დაპირისპირებაში მოვიდა პრაგმატიზმის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებთან, როგორიცაა ანტი-ფუნდამენტალიზმი (რორტი), დემოკრატიული ინკლუზიურობა (ჩომსკი) და თანაარსებობის ეთიკა (ბატლერი). რიჩარდ ბერნშტაინისეული ხედვა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრაგმატული ფილოსოფიისთვის ნებისმიერი ნაციონალური პროექტი სიცოცხლისუნარიანია მხოლოდ იქამდის, სანამდისაც ის ინარჩუნებს ღიაობას, თვითკრიტიკას და პასუხისმგებლობას, სხვა ალტერნატიული მოდელების წინაშე. საბოლოო ჯამში, ამერიკული პრაგმატიზმი გვთავაზობს მძლავრ ინტელექტუალურ ინსტრუმენტს სიონიზმის იდეურ-მსოფლმხედველობრივი „მხილებისთვის“, რაც გულისხმობს პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მითების დეკონსტრუქციას და ინტელექტუალურ-შემოქმედებითი აქტივობის დაბრუნებას ცოცხალი, გამოცდილების გაზიარებისა და ეთიკურ-სამართლებრივი ჰუმანიზმის სფეროში.
აბსტრაქტი
საკვანძო სიტყვები: ამერიკული პრაგმატიზმი; სიონიზმის დისკურსი; კულტურული პლურალიზმი; სოციალური ინსტრუმენტალიზმი; ანტი-ფუნდამენტალიზმი; ეთიკური კოლიზია.
თემის დასახელებიდან გამომდინარე, ძირთადი პრობლემის დასმა ხორციელდება ინტერდისციპლინარულ-მეთოდოლოგიური საკითხების განხილვის კონტექსტში, სადაც ერთმანეთთან იკვეთება სოციალურ-პოლიტიკური, ეთიკურ-სამართლებრივი და ისტორიის საზრისისეული ზოგად-ფილოსოფიური კვლევა-ძიების უმნიშვნელოვანესი ღერძული ხაზები, სადაც ამერიკული პრაგმატიზმი (განსაკუთრებით ჯონ დიუის, უილიამ ჯეიმსისა და მოგვიანებით რიჩარდ რორტის ხაზი) აქცენტს აკეთებს სოციალური ურთიერთობების ჰარმონიზაციის სარგებლიანი იდეების „სამუშაო ღირებულებაზე”, დემოკრატიულ ინკლუზიურობასა და გამოცდილებაზე. როდესაც ეს ჩარჩო სიონიზმის მსოფლმხედველობრივი დისკურსისკენ მიემართება, კრიტიკა ხშირად ეხება ნაციონალიზმისა და უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების თანაარსებობას. ამერიკული პრაგმატიზმი (განსაკუთრებით ჯონ დიუის, უილიამ ჯეიმსისა და მოგვიანებით რიჩარდ რორტის ხაზი) აქცენტს აკეთებს იდეების "სამუშაო ღირებულებაზე".
ადრეულ ეტაპზე პრაგმატიზმი და სიონიზმი ხშირად განიხილებოდა, როგორც "პარალელური პროექტები", იმდენად, რამდენადაც ორივე ორიენტირებული გახლდათ გლობალური სოციუმის რეალობის ტრანსფორმაციასა და მისი წარმმართველი დომინანტი ეთნოსის თვითგამორკვევაზე; ამ დამოკიდებულების საილუსტრაციოდ, შეგვიძლია ნიმუშად მოვიყვანოთ_ჰორას კალენი, ჯონ დიუის მოწაფე და ამერიკული "კულტურული პლურალიზმის" მამამთავარი, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სიონიზმი სრულ შესაბამისობაში მოდიოდა ამერიკულ პრაგმატიზმთან. მისი აზრით, ებრაული იდენტობის შენარჩუნება პალესტინაში იყო არა იზოლაციონიზმი, არამედ დემოკრატიული მრავალფეროვნების გამოხატულება. რაც შეეხება ლუი ბრანდაისის_აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შეხედულებას, იგი უშუალოდ უთავსებდა სიონისტურ იდეალებს პრაგმატულ სამართლებრივ აზროვნებას; ცნობილია მის მიერ წამოყენებული ფორმულაც: „იყო კარგი ამერიკელი, ნიშნავს იყო კარგი ებრაელი; ხოლო იყო კარგი ებრაელი, ნიშნავს იყო სიონისტი“. თანამედროვე პერიოდში, მას მერე, რაც შეიცვალა პრაგმატიზმის აქცენტები, ის უფრო კრიტიკული გახდა სიონიზმის მიმართ. სიონიზმის კრიტიკოსებიდან შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ცნობილი მოაზროვნეები როგორებიც არიან ნოამ ჩომსკი, რიჩარდ რორტი და ჯუდიტ ბატლერი.
სოციალურ-პოლიტიკური ფილოსოფიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ერთნაირად საინტერესო და აქტუალურია, როგორც სიონიზმის მხარდამჭერი აპოლოგეტური თვალსაზრისები, ასევე დიამეტრულად საწინააღმდეგო დებულებებიც და არგუმენტებიც, რომლებიც არაერთგვაროვან აღქმებთან და რეაქციებთანაა დაკავშირებული ისეთ ავტორიტეტულ და სოლიდურ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში, როგორიცაა ამერიკული პრაგმატიზმი.
ბიბლიოგრაფია:
(References)
- Bernstein, R. J. (2005). The Abuse of Evil: The Corruption of Politics and Religion since 9/11. Cambridge: Polity Press.
- Brandeis, L. D. (1915). The Jewish Problem: How to Solve It. New York: Zionist Organization of America.
- Butler, J. (2012). Parting Ways: Jewishness and the Critique of Zionism. New York: Columbia University Press.
- Chomsky, N. (1983). The Fateful Triangle: The United States, Israel and the Palestinians. Boston: South End Press.
- Dewey, J. (1927). The Public and its Problems. New York: Henry Holt and Company.
- James, W. (1907). Pragmatism: A New Name for Some Old Ways of Thinking. New York: Longmans, Green, and Co.
- Kallen, H. M. (1921). Zionism and World Politics: A Study in History and Psychology. New York: Doubleday, Page & Co.
- Menand, L. (2001). The Metaphysical Club: A Story of Ideas in America. New York: Farrar, Straus and Giroux.
- Rorty, R. (1989). Contingency, Irony, and Solidarity. Cambridge: Cambridge University Press.
- Urofsky, M. I. (1975). American Zionism from Herzl to the Holocaust. Garden City, NY: Anchor Press.
Badri Porchkhidze_Kutaisi Ak. Tsereteli State University;
Doctor of Philosophy, Associate Professor
of Philosophy and Psychology Department .
A Critical Analysis of the Political-Ideological Discourse of Zionism within American Pragmatism
Abstract
Keywords: American Pragmatism; Zionist Discourse; Cultural Pluralism; Social Instrumentalism; Anti-foundationalism; Ethical Collision.
Consistent with its title, this study frames its core problem within an interdisciplinary-methodological context, where the pivotal axial lines of socio-political, ethico-legal, and general-philosophical inquiries into the meaning of history intersect. Within this framework, American Pragmatism—specifically the lineage of John Dewey, William James, and later Richard Rorty—emphasizes the "working value" of ideas conducive to the harmonization of social relations, democratic inclusivity, and experience. When this paradigm is applied to the ideological discourse of Zionism, the critique frequently addresses the coexistence of nationalism with universal democratic values.
In its nascent stages, Pragmatism and Zionism were often perceived as "parallel projects," insofar as both were oriented toward the transformation of global social reality and the self-determination of a dominant governing ethnos. To illustrate this stance, one may cite Horace Kallen, a disciple of John Dewey and the progenitor of American "cultural pluralism," who sought to demonstrate that Zionism was in full alignment with American Pragmatism. In his view, the preservation of Jewish identity in Palestine did not constitute isolationism but was rather an expression of democratic diversity. Similarly, Louis Brandeis, Associate Justice of the U.S. Supreme Court, directly synthesized Zionist ideals with pragmatic legal reasoning; he is well known for his formulated proposition: "To be good Americans, we must be better Jews, and to be better Jews, we must become Zionists."
In the contemporary era, following a shift in the focal points of Pragmatism, the movement has adopted a more critical stance toward Zionism. Among the prominent critics of Zionism within this tradition, one may distinguish such notable thinkers as Noam Chomsky, Richard Rorty, and Judith Butler. For the scholarly community interested in socio-political philosophy, it is equally compelling and pertinent to examine both the apologetic viewpoints supporting Zionism and the diametrically opposed propositions and arguments. These reflections elicit diverse perceptions and reactions within such an authoritative and robust philosophical current as American Pragmatism.
