ყველა სტატია
გამოქვეყნებული

ზაალ ებანოიძე — სიზმარი

ზაალ ებანოიძე6 წთ საკითხავი1
გაზიარება
სიზმარი

‎ამოსული ნისლიდან

‎ცას ტოროლა შეაფრინდა,

‎(ავიმგზავრე სიზმრიდან –

‎ამ გონების სპექტაკლიდან):

‎უფერობა - ხილული.

‎ფერვანობა - უხილავი.

‎თვალი. თვალში - ბინული.

‎მერე - ზღვა და ლურჯი ნავი.

‎მოლს შვენოდა თქორი,

‎მოლისა და თქორის მერეც,

‎იყო რაღაც... მგონი...

‎იყო, მაგრამ, ვერ ვიხსენებ.

ასე გაირკვევა

‎„იქიდან აქეთ - მოკრძალება,

‎აქიდან იქით - სიამაყე“...

‎რომელს ვეკუთვნი? - მომცა ნება

‎პასუხის, მაგრამ მე არ ვამხელ.

‎თავის თავს თავად ემკითხაოს,

‎(ქედზე ორთავეს გავიჩერებ);

‎ამ დროს მომესმის - „მე მკითხაო,

‎ვუპასუხებ და დამიჯერებს“.

‎სმენა სულ უფრო ფაქიზდება -

‎ესეც „დარეკე, დაუბარე“;

‎თუმცა ხანდახან გვავიწყდება,

‎რაზე დავიწყე საუბარი.

‎ლანდი ლანდს მისდევს მომიზეზედ.

‎დაღამდა. მალე აცივდება.

‎და ტვირთიც ებანოიძეზე

‎თანდათან სამად ნაწილდება:

‎„შენ“ და „ის“ თვალწინ სხეულდებით,

‎(„მეც“, რა თქმა უნდა, თქვენ შორის ვარ)

‎და ნუ გაიკვირვებ - ჩვეულებრივ

‎ხალათს ამის გამოც ვერ მოვისხამ.

‎გარეთ მოშუღარი ქარებია

‎და შინ მინებია მოქვითინე;

‎ბევრი, ბევრი რამე მყვარებია.

‎ბევრი, ბევრი რამე მოვითმინე.

‎გული საწუხარით შეიხავსა,

‎უნდა დაჩოქილიც მაზიაროთ.

‎ასე გაირკვევა - მე „იმ“ ხმასთან

‎რაც რო მაკავშირებს საზიარო.

უსხეულო სიმართლე

„ქარის გადმოწერას ვეპირები,“

შიშით ეღირები კალამს;

„მომეცი ამდაგვარი შეპირების,

უფალო, შესრულების ძალა“.

​სმენა ღალატობსო – ვერ ამბობენ

(ჰოდა, დანარჩენი შენ იცი);

„ნიავებს, ნიავებს შევაგროვებ

და ხელში ბალღებივით შევიზრდი.“

​ასე იახლოვებ ქარებამდე

გზებს და საცალფეხო ბილიკებს,

კაცი, დანისპირზე გარებამდე,

გულს რო იმაგრებ და ქილიკობ,

​მჩატედ, რა თქმა უნდა... შრიალიდან,

რამე შრიალიდან აერთებ

ბგერებს – თანაც ისე მიამიტად,

ლამის ყურისგდებით გავერთო.

​თვალწინ მოცახცახე მოლი არის,

ტბორებს მიზეზ-მიზეზ მოიძევ,

ლამის – ანტიკვარულ როიალის

როლიც ფეხაკრეფით მოიწევს.

​ბნელში სმენა უფრო ფაქიზდება

და თან წარმოსახვაც იმატებს,

სარკმლის მინებთან რომ ატირდება

ქარი – უსხეულო სიმართლე.

​ნარზე დაწოლილი აყურადებ,

(შენდა გამეტებულ დროიდან):

ქარი „იმ“ გულიდან „ამ“ გულამდე

რაებს მიიტანს და მოიტანს.

​ამბავს თვალის ნამი ესხურება

(ნამზე ხელი უნდა მოვითბოთ),

ტექსტის ამდაგვარი შესრულება

რამდენ ღამისტეხვას მოითხოვს.

​ალბათ გადმოწერაც ამას ჰქვია

(მეტი სიახლოვე რა ვიცი):

შენ რომ ჟრუანტელი დაგახვია

და მეც შენთან ერთად განვიცდი.

დაუმთავრებელი ლექსი

მიდიხარ! - იქნება სჯობდა, არ გამეშვი

(ფეხდაფეხ მოგყვები - გიხსნი და გარიგებ),

ვიდრე არ ჩახედავთ სამოყვროდ თვალებში

ერთმანეთს - მე ამ ლექსს ვერ დავათარიღებ.

​დრო - ამონარიდი ციტატი ჟამიდან,

როდესაც სინანულს მოიტანს გულამდე,

კანკალი, თქვენ გამო, კანკალი ამიტანს

და გაბოროტებულ ქარს დავაყურადებ.

​ზართქმაში გადააქვს გზადაგზა ხრამების

ყრუ ამოძახილი და ამოკვნესება;

ცრემლებით მევსება ასეთ დროს თვალები,

ასეთ დროს თვალები ცრემლებით მევსება.

​შუქი გამოჟონავს ღამეში შორიდან

და რიბირაბოთი ცა შეიფაკლება.

ასეთ დროს ჟრუანტელს, ჟრუანტელს მოიტანს,

სიცხის მოჭარბებაც და სიცხის დაკლებაც.

​ღიმილი აპურებს ორჭოფულ იმედებს

და მიმტევებლობა ამშვიდებს მოდავეს;

ეს დღე და ეს წამი რას გამოიმეტებს,

რომელიც ზიარად გჭირდებათ ორთავეს.

​დაბინდულ ქლიავის ლივლივა სარკეში,

მოძრაობს მიდამო და ლანდებს არიგებს,

ვიდრე არ ჩახედავთ სამოყვროდ თვალებში

ერთმანეთს - მე ამ ლექსს ვერ დავათარიღებ.

სიტყვის გაღმერთება ავტორის დაკარგვის ხარჯზე

ტყე-ტყე იდუმალი ხმები ამოკრიფე,

წაიმეგზურე და მიდიხარ;

უკვე რა ხანია, ამგვარ აპოკრიფებს –

სიტყვა-სახრჩობელებს ჰკიდიხარ.

მხოლოდ გამოხმობა გავალია –

სიტყვამ თავად უნდა დახატოს:

განცდას რო მეგზურობ, მთავარია,

ყველას საკუთრება გახადო.

„შენ“ რომ ლაპარაკობ, „მე“ და „ის“ რომ ვისმენთ,

ტანში საზიარო სიცხე დგას;

მაგრამ, ამის მერე, მეტს რო დავაკისრებთ

სიტყვას – სხვა სამყარო იწყება.

უკვე მსმენელებში „შენ“-ც რო გვემატები

და ვინ ლაპარაკობს, არ ვიცით,

მუხლზე დაჩოქილი, ანთილ კელაპტრებით,

სიტყვის გაღმერთებას განვიცდით.

დგება ასპარეზი ამ დროს ხმა - მთხრობელის –

ტექსტის მეუფის და პატრონის:

ასე იკარგება სიტყვა - სახრჩობელის

ბოძზე მოქანავე ავტორი.

სამის სათქმელი

ვიდრე ამოიტყვის, ღაწვზე ახატია,

(მზერით შეისწარი ელამურით):

"ჩვენი ასპარეზი მაინც ქაღალდია,

თეთრი ფანტაზიის მელნით შეწამული".

წვიმამ დაასველა რიკულები,

უკვე რახანია გულში ქარი სახლობა;

ჭარბი სიჯიუტით იყურები -

რასაც გიკარნახებს - თვალით დაინახო:

"ვარდზე ლოკოკინის ლორწოს მიაგავდა,

თუ ზოლს მიაგავდა ჩიტის ფრთაზე"

(ფრთხილად აახლოვებს სურათს ნიაღვართან -

დუჟმოდებული რომ მიდის გზაზე).

წვიმით შეფერილი ხმები გამოისმის,

ხათრით ხოშკაკალაც წაუშაშუბეშებს.

"მორჩა, ტყვეობიდან თავს ვერ გამოვიხსნით",

თუკი მიაკითხავ - ასე განუგეშებს.

საქმე საზიარო წასულია

(მეც ხომ გაჩენიდან ბედი მეჩემება).

ნეტა, ავსულები ახლაც გარს უვლიან

ცეცხლს თუ გალენჩებულ თვალებს ეჩვენება.

ერთის კი არა და სამის სათქმელია,

"ხანმა უნდობარმა" შუქს რომ მოარიდა;

ამ დროს შეგახსენა თავი გამთენიამ

და მეც ამოვზიდე ტანი კოშმარიდან.

მუნჯი ბედნიერება

რა ხმები, რა ხმები გამოისმის,

მთვარე რომ წარმოსახვას კარს უღებს;

შიგნიდან მარჯვენს რომ გამოიწვდი,

გარედან თავის დაკვრით პასუხობ.

და მოჩვენარობა ალამაზებს

საგნებს და დახატვას გაძალებს

და ცვრიან მინდვრების დანახვაზე

შემთვრალი კაცივით ბანცალებ.

თავლაღი ხასიათის გამო არის,

ცაშუ რომ უსხეულოდ ადიხარ,

თუ ცეცხლზე შემდგარი სამოვარის

ორთქლიდან ამოზრდილი ლანდი ხარ.

"სიცოცხლე ჰაერით თრობაშია" -

ამბობ და ხეტიალით ერთობი;

შენივე ფანტაზიამ მოგაშია

და თვალში ჩაიყენე ფერდობი.

თვალთვალი, თვალთვალი შეგიძლია

და ფიქრი შეგიძლია ასევე;

ბერდები, მხარი არ შეგიცვლია -

ჯიუტად ანგრევ და აშენებ.

და გული, ბებერი თუა მთელი,

სურათიც ერთია მარადის:

ფოთლების, ფოთლების ჟრუანტელი

ფეხდაფეხ დუმილში გადადის.

დუმილი გრიგალის სამოსია,

საცაა შემოიხევს მგონია;

თანდათან ქარქაშიდან ამოსწია

ხმალი და ტაშს უკრავ გოლიათს.

ალავერდს გადადის ქარებთან,

(მთავრდება იმათი გარინდებაც);

და გულს რო ხურჯინივით დაბერტყავს -

მტვერიდან სიტყვები ყალიბდება.

ვიღაცა ჩურჩულებს - "ღვთისათანა"

და იწყებს ლოცვას და ფერებას

და ფიქრი - უფალთან მისატანი,

იმოსავს მუნჯ ბედნიერებას.

***

ამ თვალისმომჭრელ ციმციმს,

გულზე რომ რჩება კვალი,

ვერ გავაკვირვებ ვიცი,

ჩემი სესხით და ვალით.

მიდის, მჩატდება ეს დღეც,

ამტვერებულა გზები,

რომ არაფრობას შევწვდე,

ყველაფრობაში ვდნები.

მე ვიცვლები თუ თავად

საგნებს უცვლიათ ფერი,

ვერ ამიხსნია - სხვა ვარ

თუ ჩემს სატირალს ვმღერი.

გადაყივლებამ დართა

ცა შეამძივა თქორით

და ვარ გაღებულ კართან

ორთა არაფერს შორის.

ღაწვზე მაშრება ცრემლი

თუ ფერშეცვლილი სისხლი

და ყვავილობას ტყემლის

თეთრ მარლასავით ვიხსნი.

უკვე მძიმდება ტვირთიც,

წლებს ებევრება ვერცხლი;

და ღამეების ქვითკირს

შუბლის ხეთქებით ვებრძვი.

ამ სატანჯველის ფასად

რას მაზიარებს ზენა,

გზა გასაქცევი - არსად,

მხოლოდ თავს შიგნით ფრენა.

ფრთების სავსავით დაღლილს

მიჩანს ცა - მყარი ფუყე,

გულზე დაბმული ძაღლის

ბოღმით ვარსკვლავებს ვუყეფ.

ლადო ასათიანს

"პირს მარიდებენ!" - იყვირე

(რაზეც იყვირე, მესმის)

აფსუს, რამდენი ღიღინებს

ახლა მაგ შენი ლექსით.

ზურგზე რო ამოგეფარე

ჩემი სესხით და ვალით,

ჭლექის ცოფიან მყეფარებს

მაშინ მოვთხარე თვალი.

ახალი დროის ქალ-ვაჟებს

მეც მივუმატე რწმენა,

გული ინახავს დანარჩენს,

რასაც ვერ ვანდობ ენას.

შემოვლით გეარაკები

და ახირებას ვლამობ:

"მგელმა თხა თხაზე ნაკლები

როდემდი უნდა ჭამოს."

მიმიხვდი? - ღიმილს იფერებს

შენი ფერმკთალი სახე;

არ გეკადრება სიბერე -

ძუის მაცდური მახე.

მოლზე ნამია კამკამა

თუ ვარსკვლავები ჰყრია;

მტკვარი? - ხანდახან ანკარა

და უფრო ხშირად მღვრია.

ყაყაჩოების წყლულებმა

შენი წუხილი გათქვა;

გულბაათს მოეწყურება

ჭრელი ჭინჭილით დამთვრალს.

ყანაც, ხმალივით ნასროლი,

ახლაც ივსება ღვინით;

ცხოვრობ ცაგერის ბაზრობით

და კახელებთან ლხინით.

თვალში ხანძარი გინთია,

გულშიც ხანძარი ხარობს;

შენი სიცოცხლე მითია

და ლეგენდების წყარო.

ჰა, ლეგენდების წყაროზე

ნამკაშურების ლოლოც;

სტრიქონში მახვილს ამოსწევ

და ბასიანში ომობ.

"უფრო ლამაზი?!" - კაი შენ, -

ნატრობ ლაღსა და გაშლილს;

მე კი საცაა წავიშენ,

ხელებს წავიშენ თავში.

სულ ნაწილ-ნაწილ მიმიდის

და ცრემლიანი ვუმზერ,

და გუმარეშის სიმინდის

მჭადი მადგება გულზე.

ისევე შენი ყვირილი,

შენი გეზელი თვალი, -

სილბო რომ ახლავს გვირილის

და სიკისკასე ხმალის.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები