ყველა სტატია
გამოქვეყნებული

გია ხუბუა — სამი საუკუნის მომსწრენი

რევაზ მიშველაძეს

გია ხუბუა8 წთ საკითხავი118
გაზიარება
სამი საუკუნის მომსწრენი

რევაზ მიშველაძეს

გიგლა საგინაძე, დროული, ცხოვრებაგამოვლილი, მაგრამ ჯერაც ჯანზე მყოფი, ჭარმაგი კაცი, 2000 წლის 3 დეკემბერს ერთობ ამაღლებულ განწყობაზე დაბრუნდა ქალაქიდან. მისი ემოცია გამოიწვია ამბავმა, რომელსაც შემთხვევით მოჰკრა ყური ავტოსადგურის სალაროსთან. იქვე, კედელთან მდგომი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი - ტანმაღალი და გრძელცხვირა ახალგაზრდა, ხელში გაზეთი რომ ეჭირა, გაცხოველებით ელაპარაკებოდა შუახნის გლეხური იერის მამაკაცს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა აცილებდა ახლობელს და ავტობუსის გასვლამდე დარჩენილ წუთებში დაბეჯითებით უმტკიცებდა მას რაღაცას, რა დროსაც მეტი დამაჯერებლობისთვის შიგადაშიგ გაზეთზე უთითებდა და ჩამოგრძელებულ, გამხდარ სახეზე ღიმილს გადაიფენდა. გიგლა თავიდან უნებურად და სასხვათაშორისოდ უგდებდა ყურს, მერე კი უცებ დაინტერესდა, სმენა გაამახვილა და გონება დაძაბა. უცნობისგან ასე შემთხვევით მოსმენილი კარგად რომ გაიცნობიერა, ეგრევე დედამისი გაახსენდა და მოჭუტულ თაფლისფერ თვალებში სიხარული გაუკრთა. გიგლა ისე არ დაბერებულა, ქალაქში ყურმოკრული რაღაც სისულელე ადვილად დაეჯერებინა, მაგრამ გულში მაინც ეამა. სანამ მოლარე ბილეთს მისცემდა, იმ ორმა დატოვა იქაურობა, რიგიდან გამოსულმა გიგლამ გარშემო მოატარა მზერა, უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ ისინი აღარ ჩანდნენ. ავტობუსის სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულს თვალწინ დროდადრო წარმოუდგებოდა წოწოლა ახალგაზრდა და მის ნალაპარაკევს რაც მეტს უტრიალებდა, მით უფრო სარწმუნოდ ეჩვენებოდა.

ახლოვდებოდა ახალი წელი, ახალი საუკუნისა და ათასწლეულის დასაბამი. ასეთ დროს ადამიანები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად რაღაც უჩვეულო, კარგ, იმედისმომცემ სიახლეებს ელიან ხოლმე. ჰოდა, რა გასაკვირი იყო, თუ გაერო, რომელიც მსოფლიოს მეტასტაზებივით მოდებულ კონფლიქტებზე უამრავ ფულს ხარჯავდა, დედამიწის უხუცესი ადამიანების მიმართაც გამოიჩენდა ყურადღებას. სწორედ ამაზე ჰყვებოდა ის ახალგაზრდა _ მოხუცებს, რომელებიც სამი საუკუნის მომსწრენი იქნებიან, ნაახალწლევს გაერო 25 ათასი დოლარით დააჯილდოებსო. თუ სიმართლე იყო ეს ამბავი, 1900 წელს დაბადებულ მაკრინეს აუცილებლად შეეხებოდა.

შინ დაბრუნებისთანავე გიგლამ ცოლს ღიმილით უთხრა, დედაჩემის წყალობით ნაახალწლევს შეიძლება გავდიდრდეთო და ხათრიანად აუხსნა, როგორ მოხდებოდა ეს. ზინამ შორს დაიჭირა ქმრის ნათქვამი, თუმცა მეორე დილით თვალი გაახილა თუ

2

არა, ემოციურად თქვა:

_ ეგება მართალი იყოს!

გავიდა ერთი კვირა და სოფელშიც აქა-იქ დაიწყეს ლაპარაკი სამი საუკუნის მომსწრეთა დაჯილდოებაზე. არავინ ამბობდა გაზეთში წავიკითხე ან რადიო-ტელევიზიაში მოვისმინეო, მაგრამ დარხეული ხმა მაინც მეტ დამაჯერებლობას იძენდა თანდათან.

_ მეიძიე ერთი დედაშენის დაბადების მოწმობა, ეგება მართლა აჯილდოებენ! _ უთხრა რამდენიმე დღის შემდეგ ზინამ გიგლას.

_ საბუთი კი მეიძებნება, მთავარია ცოტა კიდევ იცოცხლოს დედამ, - თქვა გიგლამ.

_ შე კაცო, სახელდებით ავადმყოფობა არაფერი სჭირს და რაღა ახლა, საახალწლოდ მოკვდება მაინცდამაინც.

ეს ფრაზა ისეთი ტონით იყო ნათქვამი, „მოკვდებას“ ადგილზე ერთი-ორი სხვა სინონიმი უფრო შესაფერისი იქნებოდა.

_ ვერ ხედავ, რაფერ სუსტადაა? _ შეწუხებული სახით ჩაილაპარაკა გიგლამ.

_ გადამრევს ეს კაცი! ასი წლის ქალი სუსტად იქნება, აბა რაფერ იქნება?!

გიგლა საგინაძეს ჭკუაში დაუჯდა ცოლის ნათქვამი და კარადა, სადაც მაკრინეს მთელი ავლადიდება ელაგა, გულდასმით გადაქექა. ჯერ ზარდახშა გახსნა, სადაც შელოცვების რვეული, ძმისშვილის გახუნებული ფრონტული წერილები, გაუგებარი მიზნით შენახული მელნით ნაწერი რეცეპტები და ძველი ბიჟუტერია ეყარა, მერე უჯრებიდან ამოყარა ყველაფერი: გაყვითლებული თეთრეული, საცვლები, ჭრელა-ჭრულა „კასინკები“, ჩრჩილისგან შეჭმული თავშალი, ჭინჭები და მსგავსი რამ, მერე დედის პალტოს (არავის ახსოვდა, როდის ჩაიცვა ბოლოს) და კაბებს მიადგა, ჯიბეები გადაქექა. ბოლოს დედის ფოტოალბომი გამოიტანა, მცირედი იმედიც არ ჰქონდა, რომ აქ ასე სანატრელად ქცეულ მოწმობას იპოვიდა, მაგრამ მაინც ფურცელ-ფურცელ გადაშალა, ალაგ-ალაგ გახუნებულ, დალაქავებულ ფოტოებს დახედავდა. ბოლომდე რომ ჩავიდა, ალბომი დახურა, ერთი ამოიოხრა და ჩაფიქრდა.

„ჰქონდა კი დედას დაბადების მოწმობა?.. ხომ არ ვკითხო?“

მიუხედავად ღრმა სიბერისა, მაკრინეს გონება საღი შერჩენოდა, მაგრამ სრულიად დაყრუებული იყო და როგორ გაეგებინებინა?

_ სხვა დაბადების მოწმობა აჩვენე და მუნჯურად დეელაპარაკე, ეგება მიხვდეს, _ ურჩია ზინამ.

მაკრინე ათიოდე წლის წინ თავისუფლად უყრიდა ნემსში ძაფს, მაგრამ მერე გლაუკომამ მარჯვენა თვალი დაუშრიტა. მარცხენათი კი ხედავდა ცოტას, ჰოდა, გიგლას მცდელობა არ დაუკლია _ რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვადასხვა

3

მანძილიდან აჩვენებდა შვილიშვილის დაბადების მოწმობას, მიუთითებდა საკმაოდ მსხვილი შრიფტით გაკეთებულ წარწერაზე, მერე საჩვენებელ თითს მისკენ იშვერდა _ ესაოდა, შენს დაბადების მოწმობაზე გელაპარაკებიო, მაგრამ ვერაფერი გააგებინა. საწყალი ქალი, როგორც ჩანს, სულ დააბნია შვილის ასეთმა უცნაურმა ქცევამ, ხმა არ გაუღია საერთოდ, გაკმენდილი იწვა და გულშეწუხებულად გამოიყურებოდა.

თავის დროზე ალბათ სოფლის საეკლესიო წიგნში იქნებოდა აღნიშნული მაკრინეს დაბადება, მაგრამ კომუნისტებს ეკლესია ვერ გადაურჩა და წიგნს დატოვებდნენ?

_ არქივში უნდა ეიღო ცნობა, _ განაგრძობდა ზინა ქმრისთვის რჩევის მიცემას.

_ მომცემენ ვითომ?

_ აბა რაის არქივია, მანდ ყველაა აღრიცხული.

_ კი მეზარება, მარა რა ვქნა, წავალ, _ უნდომლად თქვა გიგლამ.

_ რას ჰქვია გეზარება?! _ ცეცხლი შეუნთო ზინამ. _ 25 ათას დოლარს ეხუმრები შეენ?

მეორე დღესვე წავიდა გიგლა ქალაქში და ტაქსით არქივის შენობას მიადგა. შევიდა შიგნით, მოძებნა მოქალაქეთა მიღების სამსახური, მივიდა თავისუფალ ფანჯარასთან და ტიხარს იქით მჯდომარე ქალს მცირეოდენი ფორიაქით უთხრა, თუ რისთვის იყო მოსული. რა თქმა უნდა, არ გაუმხელია რაში დასჭირდა დედის დაბადების მოწმობა.

_ ჩვენთან მომსახურება ფასიანია, _ გააფრთხილა ქალმა.

_ რამდენია გადასახდელი?

_ ექვსი ლარი.

_ ახლავე გედევიხდი, _ ჯიბისკენ წაიღო ხელი გიგლამ.

_ ჯერ განცხადება უნდა დაწეროთ, უფროსი დაადებს რეზოლუციას, მერე გადაიხდით საფასურს და ერთ კვირაში გაგიმზადებთ ცნობას.

_ მეტი რომ გედევიხადო, დღესვე ვერ გაკეთდება ეს საქმე? _ შეპარვით ჰკითხა გიგლამ.

_ ვერა. მოსაძებნია, ბატონო, ეგრე მარტივად არაა, მილიონი ადამიანის საბუთი ინახება აქ, _ თქვა არქივის თანამშრომელმა, მერე ხმა დაიდაბლა და დასძინა: _ რომ შემეძლოს, ფულზე ვინ ამბობს უარს, მე რომ ვთქვა.

_ გასაგებია.

არქივის თანამშრომელი დაეხმარა განცხადების დაწერაში, უფროსთანაც თვითონ შეიტანა, რის შემდეგ გიგლამ სალაროში შეიტანა მოთხოვნილი ექვსი ლარი და კმაყოფილი წამოვიდა შინ.

4

ერთი კვირის შემდეგ ხელში ეკავა დაბეჭდილი, ხელმოწერილი და ბეჭედასმული ცნობა იმის შესახებ, რომ დედამისი მაკრინე ქაიხოსროს ასული ღვალაძე დაბადებული იყო 1900 წლის, 29 დეკემბერს. წყალგაუვალი საბუთი იყო, მაკრინეს სამი დღე მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ნაცხოვრები, ათიოდე დღეში მეოცე საუკუნეს თავიდან ბოლომდე გალევდა და ოცდამეერთეში შეაბიჯებდა, ჰოდა, სამი საუკუნის მომსწრე გახდებოდა, რითაც შვილისა და შვილიშვილების წინაშე ისედაც ვალმოხდილი, შთამომავლობას კარგ საჩუქარს დაუტოვებდა. მაკრინე, მართალია, სუსტად იყო ძალიან, მაგრამ ცოტა ხანი კი უნდა ეცოცხლა კიდევ, ოჯახის წევრების ვარაუდით ამის რესურსი ჰქონდა. ყოველი შემთხვევისთვის რძალმა სოფლის ექიმს მიმართა, რომ დედამთილისთვის ტონუსის გამაძლიერებელი რაიმე წამალი მიეცა და ახლა ვიტამინების კომპლექტთან ერთად ასმევდა თავში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ ტაბლეტებს.

მაკრინეს ასი წლის იუბილე ოჯახმა დიდის ამბით აღნიშნა. ყველასთვის საამაყო იყო მისი ხნოვანება, მთელ დედამიწაზე ხომ ერთეულები აღწევენ ამ ასაკს! სამი საუკუნე და გაეროს ჯილდო ახსოვდათ, მაგრამ იმ დღეს, რასაკვირველია, ამაზე სიტყვა არ დაუძრავთ. ახლობლებთან და მეზობლებთან ერთად სუფრას ესწრებოდა სოფლის გამგებელი ვილენ ფოცხვერია. თამადობდა იუბილარის ბიძაშვილის შვილი რუზგენ ღვალაძე, სმაში დიდად გამოცდილი ჭარმაგი კაცი. მან დიდებულად წარმართა სუფრა, ყანწით ადღეგრძელა იუბილარი, მერე მასთან შევიდა გვედითა ოთახში, ლოგინზე წამოსვა, შუბლზე აკოცა და შეკრებილთა ტაშის გრიალში ჭიქა ღვინო შეასვა. თამადა გამგებელთან გადადიოდა ალავერდს, არ მალავდა, რომ მისი დათრობა ეწადა. კარგი ღვინო ჰქონდა გიგლას, ცოლიკაური, თავისი ხელით დაწურულ-დაყენებული, პურმარილს საერთოდ ნუ იკითხავთ, ჰოდა, დიდებულად მოილხინეს, ბევრი იცინეს, იმხიარულეს. როცა ბოლო ჭიქა შეისვა და მოქეიფენი წამოიშალნენ, შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. სტუმრების წასვლის შემდეგ ქალებმა სუფრის ალაგება არ დაიზარეს და გათენებას ბევრი აღარაფერი უკლდა, დაქანცულები, მაგრამ მოვალეობის მოხდით კმაყოფილები რომ დაწვნენ დასაძინებლად.

გიგლას ნასმურევზე ადრე ეღვიძებოდა და ირიჟრაჟებდა თუ არა, ადგებოდა ხოლმე. ახლაც ასე მოიქცა. თავი უბრუოდა, მაგრამ მაინც დიდებულ გუნებაზე იყო. როგორც ნაქეიფარზე სჩვეოდა, ცოტაოდენი ჭაჭა გადაჰკრა, მერე ღუმელში ცეცხლი ააგურგურა. დედის იუბილე საამაყოდ აღნიშნა, დღეიდან საახალწლო სამსადისს შეუდგებოდნენ... წარმოიდგინა შობა-ახალწელიწადის დღესასწულები, უქმეები, სმა-ჭამა... ეს ახალი წელი ბევრ კარგ რამეს უქადდა...

5

გიგლა საგინაძეს ღიმილმა დაუსერა სახე.

კარგად რომ გათენდა, დედის ოთახის კარი შეაღო. ვერაფერს გააგონებდა, მაგრამ მაინც სურდა ხმამაღლა და მხიარულად მოეკითხა საუკუნეუკანმოტოვებული, გარჯაში დაბერებული ძვირფასი მშობელი. დააპირა კიდეც წინასწარ მოფიქრებული სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ ფეხი შედგა თუ არა, უცნაურმა სიჩუმემ შეაჩერა. თითქოს საუკუნის დუმილი დაგუბებულიყო დედის ოთახში. გიგლას ტანში გააჟრიალა.

_ დედა! _ წამოიძახა და სულის ფორიაქით მივიდა ლოგინთან.

თვალებს ვერ ხედავდა, თავშალი უფარავდა. საბნის გარეთ დარჩენილ, დაბლა ჩამოცურებულ გალეულ და გაყინულ ხელს რომ შეეხო, გულზე შემოეყარა.

თვალზე ცრემლმომდგარ გიგლას ძალა არ ეყო, გადაეძრო თავშალი. დაზაფრული გამობრუნდა და ცოლთან შევარდა.

ძილში გაპარულიყო მაკრინე. თითქოს დათქმული ჰქონდა, საუკუნეს რომ გადააბიჯებდა, ერთ დღესაც არ დაყოვნებულიყო წუთისოფელში.

_ რა ვქნათ? _ სახეში მიაჩერდა ქმარს ზინა.

_ რა უნდა ვქნათ, ქალო! სანთელი მოიტა!

ზინა დაფაცურდა, სანთელი აანთო, მიცვალებულის გაჩხიკინებულ ხელებში ვერ ჩაამაგრა, ისე ეკავა, თითქოს არ იცის, რა უყოსო.

_ გადი ერთი გარეთ, მეზობელს დოუძახე რომელიმეს, _ უთხრა გიგლამ და სანთელი გამოართვა.

_ მომისმინე ერთ წუთას... - ზინა ისევ სახეში მიაჩერდა ქმარს. _ ახალი წელი დგება... ეგება...

_ რას ამბობ, ქალო! _ დაუცაცხანა ცოლს გიგლამ. _ დედა მკვდარია და ახალი წელი ვიზეიმოთ?!

_ ვინ გითხრა ვიზეიმოთო, მეზობლებს არ ჩავამწაროთ ახალი წელი-თქვა, ეს გევიფიქრე.

_ სიკვდილმა ახალი წელი არ იცის, რაც გითხარი, ის გააკეთე!

ზინა გატრიალდა, გარეთ გავიდა და მეზობელს გადასძახა.

საბრალო მაკრინე გააპატიოსნეს და მისაღებ ოთახში დაასვენეს.

იმ დღესვე საგინაძეებთან ლამის მთელი სოფელი მოვიდა სამძიმარზე. ბედნიერად იცხოვრა, ნეტა, ჩვენც მის ხანობამდე გვამყოფა ყველაო, ანუგეშებდნენ გიგლას და მის მეუღლეს.

ხუთი დღის შემდეგ გარდაცვლილს ოჯახის საკადრისი ქელეხი გადაუხადეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე.

6

მეცხრე დღეც წესისამებრ აღნიშნეს.

ძველით ახალი წელიც გავიდა.

_ ეხლა რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე, _ მოთაფლული ენით უთხრა ზინამ გიგლას ორი-სამი დღის შემდეგ და თვალებში მიაჩერდა.

_ ჰა?

_ ვერ ეტყვი გამგებელს, რომ გარდაცვალების ცნობა იანვრის თვით გააფორმოს?

_ რას ამბობ, ქალო, მთელმა სოფელმა იცის...

_ მერე რა, გაეროს გენერალური მდივანი ჩამოვა და შეამოწმებს თუ?

_ ამხელა ტყუილი დაწერეო, რაფერ ვუთხრა კაცს?

_ თუ ეტყვი, გააკეთებს. დაბადების დღეზე ნახევარი გოჭი რომ შეჭამა, მაგი მაინც არ გაახსენდება?!

_ არ გამოვა ეგი ამბავი.

_ თუ გინდა, მე მივალ და ვეტყვი.

გიგლას არაფერი უთქვამს. მისი დუმილი ქალმა თანხმობის ნიშნად ჩათვალა, სამგლოვიარო კაბა ჩაიცვა და სოფლის ცენტში გასწია, მაგრამ გამგებელი ადგილზე არ დახვდა. იმ კვირამდე არ იქნებაო, უთხრეს. რა თქმა უნდა, განმეორებით მისვლასაც არ დაიზარებდა, მაგრამ არ დასჭირვებია, რადგან ამასობაში გაირკვა, რომ მოარული ხმები სამი საუკუნის მომსწრეთა დაჯილდოებაზე მტკნარი სიცრუე იყო და მეტი არაფერი.

ათასი საფიქრალითა და საზრუნავით დატვირთული კაცობრიობა ისე შეუყვა ახალი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულს, პლანეტის უხუცესი ადამიანები აღარავის გახსენებია.

2020 წ.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები