14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღეს, კათალიკოზ-პატრიარქმა ამბროსიმ თავისი აღსაყდრება ასე შეაფასა: „მე ავდივარ გოლგოთაზე". მრავლისმეტყველი იყო მოვლენების მისეული შეფასება: „დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა, ამის საუკეთესო მატარებელი და დამცველია ეროვნული ეკლესია, ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს სარწმუნოების შეცვლას, პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირად ეროვნული იდეალებიც დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეაც სამარადისო და შეუცვლელია. ხალხი მჭიდროდ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაიდან ის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოების, სამშობლოს დასაცავად, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა მამულის დაცვასაც. ესე მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებად და აუცილებელ მოთხოვნილებად, ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდან... ვისთვის და რისთვის არის ეს საჭირო, სასურველი? ასე იტყვიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, ეროვნულ შენობას უნდათ გამოაცალონ ბურჯი, რომელზეც ის აშენებულია და ჩაუყარონ ახალი – ინტერნაციონალიზმის და ურწმუნოების საძირკველი, მაგრამ ფუჭი, უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა... მაშ, მორწმუნენო მამულიშვილნო, საჭიროა შემოვკრბეთ ეროვნული ეკლესიის გარშემო. პოლიტიკურ ცვალებადობასთან ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე, ვემსახუროთ ეროვნულ თავისუფალ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას, შევუნახოთ ჩვენ ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც" (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ამბროსი ხელაიას ფონდი, #38, გვ. 58).
ხელისუფლება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კათალიკოსი ამბროსი, საკათალიკოზო საბჭოს წევრების უმრავლესობა, არასოდეს არ გაიზიარებდნენ საბჭოთა იდეოლოგიას, ისინი ყოველთვის იქნებოდნენ რეაქციული სამღვდელოების მასაზრდოებლები, ამიტომ საჭირო იყო ეკლესიის შიგნიდან აფეთქება, სასულიერო დასში ისეთი პირების მოძებნა, ვინც უყოყმანოდ გაიზიარებდა საბჭოთა ხელისუფლების პოზიციებს, იქნებოდა დამჯერი და ახალი ხელისუფლების ინტერესების გამომხატველი. რუსეთში ეს ჯგუფი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ობნავლენცების, ცოცხალი ეკლესიის" სახელით იყვნენ ცნობილი. 1923 წლის აპრილ-მაისში რუსეთში ეკლესიის „განახლების" ჯგუფის წევრებმა საბჭოთა ხელისუფლების მხარდაჭერით ჩაატარეს კრება, რომელსაც უწოდეს „სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება", რომელმაც გამოაცხადა რუსეთის ახალი ეკლესიის რეფორმები. მათი გადაწყვეტილებით დაკანონდა ეპისკოპატის ცოლოსნობა, სასულიერო პირთათვის მეორედ და ხელდასმის შემდეგ ქორწინების შესაძლებლობა, დასაშვებად იქნა მიჩნეული ანაფორის გახდა ტაძრის გარეთ, უქმდებოდა მონასტრები და სამონასტრო ცხოვრება, იქმნებოდა ქრისტიანული შრომითი თემები. დეკანოზ ალექსანდრე ვედინსკის მოთხოვნა იყო პატრიარქობის გაუქმება და ეკლესიის სამართავად უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შექმნა, როგორც კოლეგიალური ორგანოსი. ამ შეკრებაზე 54 ეპისკოპოსმა მხარი დაუჭირა ტიხონისათვის პატრიარქობის ჩამორთმევას და ანაფორის ტარების უფლებას. ამ დროს რუსეთის სამრევლოების 70%-ზე მეტი მხარს უჭერდა ობნავლენცებს, ბოლშევიკური რეჟიმის მოწინააღმდეგე სასულიერო პირთა დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა...
1923 წელს პატრიარქმა ტიხონმა სპეციალური განცხადებით აღიარა დაშვებული შეცდომები, მოინანია ხელისუფლების წინაშე და უკვე მორალურად და სულიერად გატეხილი დაბრუნდა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელად. თუმცა ობნავლენცები მას, როგორც რუსეთის ეკლესიის პატრიარქს, არ აღიარებდნენ. ობნავლენცების ერთ-ერთი ლიდერი, ეპისკოპოსი ანტონინე გრანოვსკი, თავის თავს რუსეთის ეკლესიის მეთაურს უწოდებდა. საქართველოშიც, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, 1922-1923 წლებში დაიწყო „განახლების და რეფორმების" ჯგუფმა საქმიანობა. ქართველმა ობნავლენცებმა – „განახლების და რეფორმების" ჯგუფის წევრებმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ცვლილებების აუცილებლობაზე მსჯელობისას გაიხსენეს საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს 1922 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება, სადაც საუბარი იყო ეკლესიაში ისეთი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელიც მას გაათავისუფლებდა მონარქისტული რუსული პრავოსლავნიკური გავლენებისაგან. მათ ეს სხვანაირად გამოიყენეს და შეუდგნენ რუსეთის ეკლესიაში მიმდინარე ობნავლენცური რეფორმების განხორციელებას. „განახლებისა და რეფორმების" ქართულ ჯგუფს თავიდან ხელმძღვანელობდნენ დეკანოზები იოსებ ჩიჯავაძე, ილარიონ ოქროპირიძე და კირილე ჯავახია, რუსულ სამრევლოებს, რომელნიც არ აღიარებდნენ საქართველოს საკათალიკოსოს იურისდიქციას, წარმოადგენდა დეკანოზი იოანე ლოზოვოი. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, დეკანოზ კირილე ჯავახიას მონაწილეობა მიუღია მოსკოვში „ცოცხალი ეკლესიის" შეკრებაში, ძველი სენაკის და ნოქალაქევის 28 სამრევლოს სახელით გაუკეთებია განცხადება, ამ სამრევლოებს არ სჭირდება ეპისკოპოსი. ამავე დროს მას საკათალიკოზო საბჭოს გვერდის ავლით თვითონ შეურჩევია ახალი ეპისკოპოსი – ონოფრე შუშანია. ასეთი კაცის თვითნებური გაეპისკოპოსება, ან ანაფორაგახდილი პროფესორის კორნელი კეკელიძისათვის პატრიარქობის შეთავაზება, დეკანოზ კირილე ჯავახიასაგან იყო ჩვეულებრივი ავანტიურა. დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე მოსკოვში „ცოცხალი ეკლესიის" სამდივნოში აირჩიეს, რის გამოც მას არაერთხელ მოუხდა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოზო წევრებთან განმარტების გაკეთება და „ჟივაია ცერკოვნიკებთან" კავშირის უარყოფა. ქართველი სამღვდელოების უმრავლესობა გრძნობდა, ეს მოძრაობა ათეისტური ხელისუფლებისაგან იყო პროვოცირებული. აი, რას წერდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე: „ეს მიმდინარეობა გაბატონებული პარტიის იარაღია ეკლესიაში არევ-დარევის და უთანხმოების შემოსატანად, რომ შინაური განხეთქილებით დასცენ სარწმუნოება და ერის ზნეობა". ასე საღად ფიქრობდა ქართველი სამღვდელოების ის ნაწილი, ვინც კათალიკოზ ამბროსის გარშემო იყვნენ შემოკრებილნი, ამიტომ ჯერ კიდევ 1922 წლის 13 დეკემბერს თბილისის ქართველმა სამღვდელოებამ იმსჯელა იმ საფრთხეებზე, რაც „ჟივაია ცერკოვნიკების" ქართული ვარიანტის – „განახლების და რეფორმის" ჯგუფისაგან იყო მოსალოდნელი და მიიღო საგანგებო რეზოლუცია, სადაც ჩაწერა: „საქართველოს ეკლესიას არავითარი საერთო არ აქვს რუსეთის „ცოცხალ ეკლესიასთან". საქართველოს ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციისათვის „განახლების და რეფორმის" ჯგუფის საქმიანობა მისაღები იყო, ამ მოძრაობის მხარდაჭერით ის ვარაუდობდა მისი შეფასებით რეაქციული ქართველი სამღვდელოების დასუსტებას. ხელისუფლების პროპაგანდისტები ქალაქად თუ სოფლად ავრცელებდნენ ხმებს იმის შესახებ, რომ კათალიკოსმა ამბროსიმ, საკათალიკოზო საბჭოს რეაქციულმა ნაწილმა გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას, ამიტომ აუცილებელი იყო სამღვდელოება გამიჯვნოდა მათ, დაეგმოთ გენუაში გაგზავნილი მემორანდუმი, პასუხი მოეთხოვათ კათალიკოზისათვის. ახლა უკვე ასპარეზზე გამოვიდნენ ეპისკოპოსები დავით კაჭახიძე და ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელთაც ჯერ კიდევ 1923 წლის 10 სექტემბერს მეტეხის ციხეში დატუსაღებულ ამბროსის მიტროპოლიტმა დავითმა და დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა ასეთი შინაარსის წერილი მიართვეს: „სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტის დავითის და ურბნელი ეპისკოპოსის ქრისტეფორეს განცხადება. სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭომ ამა წლის 9 სექტემბერს თავის კრებაზე დაადგინა: საკათალიკოზო საბჭო სცნობს, რომ კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის ყოფნა საქართველოს ეკლესიის სათავეში ვნებას აყენებს ეკლესიას და ამისათვის განაჩინებს: ეთხოვოს მის უწმიდესობას, თვისი ადგილი დაუთმოს სხვა პირს" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, ფ #539). კათალიკოსმა ამბროსიმ გადადგომაზე უარი განაცხადა. რაკი ხელისუფლებამ ვერ მიაღწია კათალიკოზ-პატრიარქის გადადგომას და მისი, როგორც კერძო პირის, გასამართლებას, ახლა უკვე მთავარი იმედები „განახლების და რეფორმების" ჯგუფის საქმიანობაზე დაამყარა. ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობდა იმხანად ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე, რომელმაც ჯერ კიდევ 1923 წლის ბოლშევიკურ გაზეთ „მუშა და გლეხში" გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც განმარტავს საეკლესიო რეფორმის აუცილებლობას: „საეკლესიო რეფორმის შემოღების შესახებ პირველად მე რყევაში ვიყავი, მერე კი, როცა ჩვენი მდგომარეობა კარგად ავწონ-დავწონე და მოვისმინე ზოგიერთ მღვდელთა და ინტელიგენტთა სიტყვები, თბილისში და გურია-სამეგრელოში, მივედი იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად საჭიროა ახლავე მოხდეს ჩვენში საეკლესიო რეფორმები. ქუთაისის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა ჯგუფთან შევადგინეთ საეკლესიო ცვლილებების პროექტი. ამ პროექტში შეტანილია ის სურვილები, რომლებიც არაერთხელ გვსმენია რეფორმებზე მღაღადებელთაგან. ვიცი, რომ ბევრი „მწიგნობარი და ფარისეველითაგანი" აღიმაღლებს ხმას და მოსდებს ქვეყანას: არიქა, გვიშველეთ, ეკლესია იღუპებაო, და გახდებიან წინააღმდეგი საეკლესიო წეს-წყობილებაში ცვლილებათა შეტანისა. გარნა ამისთანა პირთა ვურჩევ, რათა დამშვიდდნენ, რათა ქრისტე მაცხოვრისაგან მოისმინონ სიტყვები, რომლებიც ნაჩვენებია სახარებაში: იხილეთ მათესაგან 7, 21-23. ახლა მე დრო არ მაქვს და შემდგომში, შეძლებისდაგვარად, ნათელვყოფ, რომ საეკლესიო რეფორმების მოხდენა, როგორც ნაჩვენებია ჩვენს პროექტში, არ ნიშნავს რელიგიის-ქრისტიანობის დამხობას. დარწმუნებული ვარ, რომ გათვითცნობიერებული, გონიერი და ღვთის მოსიყვარულე კაცი მხურვალედ მიეგებება ეკლესიის განახლების საქმეს და შეეცდება გლეხობის მომზადებას საქმისათვის და ალაგმავენ ბოროტ ჭორიკანა ადამიანებს. ჩემის ღრმა რწმენით, რაც მალე მოვახდენთ ცვლილებებს ეკლესიაში, მით უმჯობესია" (გაზ. „მუშა და გლეხი", 1923 წლის 26 აგვისტო, #35). ამ წერილის გამოქვეყნებისთანავე ეპისკოპოსმა დავითმა ქუთაისის სამღვდელოების წარმომადგენლებს აცნობა, საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა. ეპისკოპოსი დავითი უხეშად შეიჭრა ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის ეპარქიაში და თავის თანამოაზრეს, დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილს, მისწერა: „დრო არის, განახლება იქნას შეტანილი ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში თანახმად თანამედროვე სახელმწიფოებრივი წყობილებისა, ამიტომ გევალებათ გამოითხოვოთ ადგილობრივი მთავრობისაგან ნებართვა სარეფორმო კომისიის შედგენის და საჭირო კრებების გამართვისა, რათა გამომუშავებულ იქნას რეფორმის პროექტი" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავითის ფ. 1523). თავის მხრივ, დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა საბჭოთა ხელისუფლების საამებლად და ეპისკოპოს დავით კაჭახიძის მხარდასაჭერად მოამზადა საგანგებო წერილი „საბჭოთა ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია".
ამ წერილის შინაარსიდან კარგად ჩანს, ვისი კარნახით და სურვილით შეიძლებოდა მისი შედგენა, იმ დროს, როდესაც კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკოზო საბჭოს წევრები მეტეხის ციხეში ისხდნენ. „რეფორმატორი" დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი პათეტიკურად წერდა: „საუკუნოობით დამონებული კაცობრიობის უმრავლესობა დღეს დადგა თავისუფლების გზაზე. მან მოიშორა მონობის მძიმე უღელი და ოფლის უმნიშვნელოდ და უხვად დამქცევი აუტანელი ტვირთი, საუკუნოებიდან მოდრეკილ წელის გამართვით გადიგდო. გამარჯვებულმა მუშამ და თავისუფალმა გლეხმა დღეს ისტორიას გადასცა საუკუნოებით გაჭედილი უსამართლობა და მედგრად სდგას თვითშემეცნების სწორ გზაზე. შეიქმნა ხელისუფლება, რომელიც იცავს მუშურ-გლეხურ ინტერესებს და დაუღალავი მუშაობით უყრის მაგარ საფუძველს მუშა და გლეხის მომავალ სრულ ბედნიერებას... რას ფიქრობს ამ დროს ეკლესია და მისი წარმომადგენელნი – სულიერი მამები? თუ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნათლად აასრულეს თვისი მოვალეობა და მიჰყავთ ხალხი ხორციელ სრულ ბედნიერებისაკენ, ჩვენ, სულიერ მამებს, ეკლესიის მესვეურებს, გვაქვს თუ არა უფლება თამამად შევძახოთ: „ჩვენც მიგვყავს ხალხი სულიერად სრული ბედნიერებისაკენ!" თუ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუშრო ცრემლი და ცხელი ოფლი ხალხს, გვაქვს თუ არა ჩვენც შეძლება დავიჩემოთ: სულიერად ტანჯულ მორწმუნეს ჩვენც ვუშრობთ ცრემლებს! ვუდგევართ თუ არა დღევანდელ თავისუფალ ხალხს გვერდით და მას, თვითშემეცნების გზაზე უკვე დამდგარს, ვუწყობთ თუ არა ხელს სრულ ბედნიერებისაკენ მის მსვლელობას. ვართ თუ არა ხალხის მეგობრები, ვართ თუ არა მისი სულიერი გამძღოლნი, ვართ თუ არა მისი გულის მესაიდუმლენი, მისი გრძნობების დარაჯნი?!... დროა, ჩვენც გამოვფხიზლდეთ, ამოვუდგეთ თავისუფალ ხალხს გვერდით, გაუგებრობა ღვთის მსახურებაში განვდევნოთ, შევიქმნეთ მორწმუნეთა მესაიდუმლე და მოვუპოვოთ მას სრული სულიერი სიმშვიდე და განვახორციელოთ უდიდესი დავალება ქრისტესაგან მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა განსვენება" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავით კაჭახიძის საქმე #1523, გვ. 7).
ასეთი განცხადებების ფონზე ხელისუფლებას კიდევ უფრო გაუადვილდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასის დაყოფა რეაქციულ ანტისაბჭოელებად და პროგრესიულ სამღვდელოებად, რეაქციულების დაპატიმრება, გადასახლება, იძულების წესით განმოსვა, მუქარა, შევიწროება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხოლო საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მოსურნე სამღვდელოება კარგი მოკავშირე ჩანდა ეკლესიის შიგნიდან აფეთქების გზაზე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სარეფორმო ჯგუფის მოთხოვნას ნება დართო, ქუთაისში სამღვდელოების შეკრებების ჩატარების. 1923 წლის 2 სექტემბერს შედგენილი სარეფორმო ჯგუფის ოქმი #1 გვაუწყებს: „ქუთაისის საეკლესიო რეფორმების საინიციატივო ჯგუფის მოწოდებით და ადგილობრივი მთავრობის ნებართვით მოხდა მორწმუნეთა ნაწილის და ქუთაისის სამღვდელოების კრება, რომელიც გახსნა ეპისკოპოსმა დავითმა (ამ დროს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარია, მაგრამ ეპისკოპოსი დავითი მის უნებართვოდ შეიჭრა მის ეპარქიაში. – ს. ვ.). მისი აზრით, დრო არის, ეკლესიაში შევიდეს ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. ამ გზით იქნას გადადგმული პროგრესიული ნაბიჯები ეკლესიურ ცხოვრებაში. სხდომაზე მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუ რა შემთხვევაში აღარ იქნებოდა დაპირისპირება ეკლესიას და ხელისუფლებას შორის. შეკრებამ აირჩია საინიციატივო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: ეპისკოპოსი დავითი, არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი, დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, მოქალაქენი: სამსონ ყიფიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, თეოფილე ხუსკივაძე, მელიტონ კანდელაკი, ვასილ წერეთელი, ევსევი ნიკოლაძე, დიმიტრი დგებუაძე" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავითის ფ. #1523, გვ. 4). სხდომამ ერთხმად მიიღო ეპისკოპოს დავითის მიერ შედგენილი მოწოდება, რომელშიც აღნიშნული იყო: „გენუის კონფერენციაზე კათალიკოზ ამბროსის მიერ გაგზავნილმა მემორანდუმმა, კონტრრევოლუციურმა გამოსვლებმა საქართველოს ეკლესია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ხელისუფლებას ის თავის მტრად მიიჩნია და ამიტომ დაარბია ეკლესიები, დაქსაქსა სამღვდელოება. მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეკლესიას პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. ამას თუ დაამტკიცებთ ნორმალურ პირობებში, მაშინ ხელისუფლება შეწყვეტს ეკლესიის დევნას" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავითის ფ. #1523, გვ. 7). 1923 წლის 5 სექტემბერს სარეფორმო ჯგუფის სხდომას საინიციატივო კომიტეტის წევრების გარდა ესწრებოდნენ: ქუთაისის მაზრის პარტკომი ვალია ბახტაძე, დასავლეთ საქართველოს პროკურორი ამბროსი ურუშაძე. სხდომამ დაპატიმრებული კათალიკოზ ამბროსის და საკათალიკოზო საბჭოს საწინააღმდეგოდ დაადგინა: „დღეს საქართველოში არსებული საბჭოთა ხელისუფლება არის ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, მხარი დავუჭიროთ მას, ვაცხადებთ კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის გამოსვლას მცდარად და არაკანონიკურად, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ იგი გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან, იქნებ თვითონაც გადადგეს მოლაპარაკების გზით" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავით კაჭახიძის საქმე #1523, გვ. 9). ქუთაისის საეკლესიო რეფორმის საინიციატივო ჯგუფის 14 სექტემბრის სხდომაზე მოისმინეს ეპისკოპოს დავითის და დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილის ინფორმაცია, რომელთაც აღნიშნეს, რომ კათალიკოზი გადადგომაზე უარს აცხადებდა, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ახალი გეგმის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლებასთან ერთად ხალხში კათალიკოზ ამბროსის და საკათალიკოზო საბჭოს დაპატიმრებული წევრების საწინააღმდეგო აგიტაციას, რომ თითქოს საბჭოთა ხელისუფლება, თითქოს მაშინვე შეწყვეტდა ეკლესიის დევნას, თუ კათალიკოზი ამბროსი შეცდომად აღიარებდა გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ მემორანდუმს, მოინანიებდა მას და გადადგებოდა პატრიარქობიდან. მათ ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, მორწმუნე საზოგადოების ნდობის მოპოვების მიზნით: „აუცილებელია გაიხსნას დაკეტილი ეკლესიები, აღდგეს ღვთისმსახურება, წინადადება მიეცეთ თბილისში დატუსაღებულ სამღვდელო პირთ, მიიღონ ქუთაისის სარეფორმო ჯგუფის პლატფორმა: ეკლესიის პროგრესი პოლიტიკის გარეშე დგომაა, დასვან ამაზე განსაკუთრებული ხელწერილი და იქნან გათავისუფლებულნი" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავით კაჭახიძის საქმე #1523, გვ. 10). ეპისკოპოსმა დავითმა საგანგებო შუამდგომლობის წერილით მიმართა საერო ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ არქიმანდრიტი პავლე ჯაფარიძე, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე, ანტონ თოთიბაძე, დიმიტრი ლაზარიშვილი, იოსებ მირიანაშვილი, რომელნიც მისი აზრით, აქტიურად ჩაერთვებოდნენ ეკლესიის სარეფორმო საქმიანობაში. საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, ქუთაისის სამაზრო კომიტეტის მდივანს, ვალია ბახტაძეს, შეატყობინა თბილისის სიონის და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განძეულობის ადგილსამყოფელი. „განახლების და რეფორმის" ჯგუფმა შეადგინა და გამოაქვეყნა საქართველოს ახალი ეკლესიის შექმნის პროექტი, რომლის თანახმადაც უქმდებოდა კათალიკოზ-პატრიარქის თანამდებობა: „საქართველოს ეკლესიას განაგებს თბილისის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც ქართლ-კახეთის ეპარქიის კათედრა აქვს თბილისში და ჰყავს თანაშემწედ ქორეპისკოპოზი. იმერეთი, გურია და სამეგრელოს ეპარქიას მართავს ქუთაისის მღვდელმთავარი, რომელსაც კათედრა აქვს ქუთაისში. აფხაზეთ-სამურზაყანოს მართავს ცხუმ-აფხაზეთელი ეპისკოპოზი, რომელსაც კათედრა აქვს სოხუმში. მღვდელმთავრებს ეხმარებიან მთავარხუცესები, რომელთაც ეპარქიები დაყოფილი აქვთ ოლქებად და ცხოვრობენ, სადაც მოეხერხებათ. საქართველოს ეკლესიის საადმინისტრაციო დაწესებულებანი არის: სამრევლო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარებს მრევლის მღვდელი, საოლქო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს ოლქის მთავარხუცესი, საეპარქიო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს ეპარქიის მღვდელმთავარი და სამთავარეპისკოპოზო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს ეკლესიის მთავარეპისკოპოზი. ხსენებული საბჭოები თავ-თავიანთ რაიონებში ასრულებენ სასულიერო სასამართლოს ფუნქციებსაც: უმაღლესი ინსტანცია საბჭო-სასამართლოებისა არის მთავარი საეპისკოპოზო საბჭო. საბჭოს სამმართველოს შემადგენლობა მორწმუნეთა წარმომადგენლებისაგან შედგება. წევრებად შეიძლება იყოს კაცი და ქალიც. ეპარქიებში შემცირებულია სამრევლოების რიცხვი, დღევანდელ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულში – თემში უნდა მოხდეს მორწმუნეთა რეგისტრაცია და თუ აღმოჩნდება შიგ 50-1000 კომლამდე მორწმუნე, ეს იქნება შემადგენლობა ერთი სამრევლოსი, რომელსაც მიეცემა ერთი კრებულის უფლება: თუ ამავე თემში მორწმუნეთა რიცხვი გადაემეტება ათას კომლს, მაშინ მიეცემა თემს 2 ეკლესია და 2 კრებული. ყოველივე ხარჯები ტაძრის, სამღვდელოების, საეკლესიო და საეპარქიო დაწესებულებათა შენახვისათვის და მათი უზრუნველყოფისათვის ევალებათ მორწმუნეებს. დაშვებულია სამღვდელო პირთა დაჯილდოება. ტაძარი არის შენობა, სადაც იკრიბება მორწმუნე ხალხი და ისმენს ღვთისმსახურებას და საეკლესიო მოძრაობას, მისი მოწყობილობა უბრალოა: ღიაა საკურთხეველი, კანკელის მაგივრად დაბალი მოაჯირია, ტრაპეზის უკან-ზევით ასვენია ან დახატულია ქრისტეს ხატი, სხვა ხატების ტაძარში დახატვა აკრძალულია, მლოცველები სხედან საგანგებოდ მოწყობილ დასაჯდომებზე: მეფსალმუნე კაცი, ან ქალი, ან მგალობელთა გუნდი ამღერებს საეკლესიო მუსიკალურ ინსტრუმენტზე საგალობლებს და ფსალმუნებს, მას შეაჩერებს მღვდელმსახურთა მიერ წარმოთქმული ლოცვები, ასამაღლებელი, სახარება და ქადაგება. საკურთხეველს ორივე მხარეზე ახლავს კედლებამდე ბუდუარები და ამათ შორის ჩამოშვებულია ფარდა. ღვთისმსახურების გარეშე შუა ტაძარი გამოსადეგია საქველმოქმედო და საეკლესიო საგანმანათლებლო საქმეებისათვის, თუმცა აქ არ შეიძლება არავითარი საერო წარმოდგენების და გასართობების გამართვა... ბარძიმ-ფეშხუმსა და ჯვარს გარდა არავითარ ოქრო-ვერცხლს და სიძვირფასეს ადგილი არ აქვს ტაძარში, მოსპობილია საცეცხლურის და საკმეველის გამოყენება, ზარი არის ერთი, წირვა-ლოცვის დაწყების მაჩვენებელი. არ არსებობს სასწაულმოქმედი ხატი, საგრძნობლად გამარტივდეს და შემცირდეს წირვა-ლოცვა, ჩამოშორდეს მას ყოველივე ის გარეგანი ფორმები, რომელნიც დღევანდელი დროის მიხედვით ზედმეტი და აზრდაკარგულია, დანარჩენი წესები წირვა-ლოცვაში ისე შემცირდეს და გამარტივდეს, რომ არაფერი არ დარჩეს მორწმუნეთათვის გაუგებარი და პრაქტიკაშიც იყოს ადვილად შესასრულებელი, ყველანაირ ღვთისმსახურებისაგან და მღვდელმოქმედებიდან განიდევნოს სამოციქულოს წაკითხვა, შვიდ საიდუმლოში სინანული და ზეთის კურთხევა არ წარმოადგენს ვალდებულებას, ჰიგიენური მოსაზრებებით შეიცვალოს მორწმუნეთა ზიარების გარეგანი ფორმა, მომაკვდავისათვის ზიარების მიცემა მღვდლისათვის სავალდებულო არ არის, არასავალდებულოა საეკლესიო წიგნების ხუცურ ანბანზე არსებობა.
საგრძნობლად გამარტივდეს მღვდელმთავრის, მღვდლის და დიაკონის შესამოსელი, შეიცვალოს სავალდებულო ყველა სასულიერო პირისათვის დღევანდელი საგარეო ტანისამოსი (ანაფორა), ეს ფორმა დაუშვებელია ეკლესიისა და სხვა მღვდელმოქმედების დროის გარეშე. ეკლესიაში აღარ არსებობს პრივილეგირებული შავი სამღვდელოება, თავისთავად შეუძლიათ ცხოვრებაში განდეგილად მოეწყონ, ამიტომ არსებულ მონასტრებში ბერები აღარ იცხოვრებენ. სამღვდელო და საეპისკოპოსო კანდიდატები შეიძლება უცოლონიც და ცოლიანიც. ქვრივ მღვდლებს შეუძლიათ დაქორწინდნენ. მრავალდღიანი და თითოდღიანი მარხვა მორწმუნეთათვის არ არის სავალდებულო. დღესასწაულთა რიცხვი უნდა შემცირდეს და გადატანილ იქნას ახალ სტილზე, სასურველია საეკლესიო დღესასწაულთა უმრავლესობა შეუფარდდეს კვირა დღეებს" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავით კაჭახიძის არქივი, #1523, გვ. 34-35).
ამ დოკუმენტიდან კარგად ჩანს ქართველი რეფორმატორების კავშირი რუსეთის ცოცხალი ეკლესიის წარმომადგენლებთან, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში რეფორმატორები მოითხოვდნენ საპატრიარქო მმართველობის ინსტიტუტის გაუქმებას, წირვა-ლოცვის შემცირებას, მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური საეკლესიო ტრადიციების მოსპობას, ეკლესიის მიერ ხელისუფლების პოლიტიკის უპირობო გამართლებას. ქუთაისის საეკლესიო რეფორმის ჯგუფმა კიდევ ერთხელ დააზუსტა საეკლესიო რეფორმის მიზანი: „ესაა საეკლესიო მოძღვრების განწმენდა, გაფაქიზება, ღვთისმსახურების რთული ფორმების გამარტივება, ეკლესიის საქმიანობის გამოცოცხლება-გაფართოება, მისი დაყენება პროგრესის გზაზე, სახარების ნიადაგზე დამყარება, ეკლესიის საქმიანობის კარჩაკეტილობის და ცალმხრივობის მოსპობა, მისი გამოცოცხლება და გავრცელება ყველა იმ საქმეებზე, რომლებიც ემსახურებიან, როგორც კერძო პიროვნების, ისე საზოგადოებრივი განვითარების და პროგრესის საქმეს" (საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ დავით კაჭახიძის ფონდი #1523, გვ. 37). უფრო მეტიც, ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე კომუნისტური ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერს, მიხა ცხაკაიას, ასეთ მაამებლურ წერილს უგზავნის: „მე თქვენ გიცნობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვსწავლობდი თბილისის სასულიერო სემინარიაში, როდესაც თქვენ მოსწავლეთა შორის სთესდით სოციალიზმის თესლსა... სუფთა რელიგია თავისთავად სრულიადაც არ უშლის ხელს კომუნისტური ურთიერთობის დამყარებას, მით უფრო სახარებისებრი ქრისტიანობა, არა ჯერ არს მღვდელთა და ღვთისმეტყველთა ნაკლულევანება, შეცოდებათა გადატანა თვით სარწმუნოებაზე, ადამიანის და კაცობრიობის დღევანდელი ფსიქიკა აუცილებლად მოითხოვს, დაკმაყოფილებულ იქნას მისი მისტიკურ-რელიგიური მოთხოვნილებაც... კომუნიზმის გაძლიერებისათვის უმჯობესია, საბჭოთა ხელისუფლებამ უმაღლესი საერო მთავრობის #25 დეკრეტი სარწმუნოების შესახებ დაიცვას. ხოლო, თუ საეკლესიო წესებში და სამღვდელოებაში რამეა დასაგმობი, მიზეზი თვით რელიგიაში-ქრისტიანობაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ თავად სამღვდელოებაა გასაჩოთქი" (საარქივო მოამბე #8, 2010 წ., გვ. 80-81).
ხელისუფლებას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ სასულიერო დასის განადგურება, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ ბოლშევიკურ ოკუპაციას, იცავდნენ ქართველი ერის ეკლესიური და სახელმწიფოებრივი თავისუფლების იდეას. ეკლესიის „განახლების და რეფორმის" ჯგუფს, რომელნიც ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ, ე. წ. „რეაქციული" სამღვდელოება „სამშობლოს მოღალატეებად", „ბურჟუაზიული დასავლეთის აგენტებად" უნდა წარმოეჩინათ და ჩამოეშორებინათ ეკლესიის მართვის სადავეებიდან, სამაგიეროდ შეექმნათ ახალი საბჭოთა ტიპის ეკლესია, რომელიც ხელისუფლების ყველა დავალებას უსიტყვოდ შეასრულებდა. ასეთი დავალება მიიღო „განახლების ჯგუფის" წევრებმა, როგორმე დაეთანხმებინათ მეტეხის ციხეში მყოფი კათალიკოზი ამბროსი გადადგომაზე, ან გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის უარყოფაზე. მოღალატეობის და ცინიზმის გამოხატულება იყო სასულიერო პირების ერთი ჯგუფის 1924 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებული ასეთი მიმართვა: „ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერით, გავითვალისწინეთ რა საქართველოს ეკლესიის დღევანდელი უნუგეშო მდგომარეობა, ტაძრების ნგრევა, მღვდელთაგან ნაძალადევად სამსახურისათვის თავის დანებება, დაჭერა და ციხეში ჩაგდება და ბოლოს დახვრეტაც კი, მორწმუნე ერის წუხილი და გოდება ეკლესიების გაუქმების გამო, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზია მემორანდუმი. კათალიკოზ-პატრიარქმა ამბროსიმ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, როგორც მთლიანად ქართველ ერს, ისე განსაკუთრებულად საქართველოს ეკლესიას, ამისათვის კვლავ მოვითხოვთ, ამბროსიმ აღიაროს თავისი შეცდომა, თუ არ აღიარებს, მოწვეულ იქნას კრება მის გადასაყენებლად". მიმართვას ხელს აწერდნენ: ეპისკოპოსები დავით კაჭახიძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი, სვიმეონ ჭელიძე, ნესტორ ყუბანეიშვილი (სუიცსა, ფ. 284, საქმე 37, გვ. 2).
საქართველოს ეკლესიის „განახლების და რეფორმების" ჯგუფის საეკლესიო მმართველობაში სრული გადატრიალების გზაზე შეფერხება შეექმნათ 1925 წლის 10 მარტის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკოზო საბჭოს დაპატიმრებული წევრები მოულოდნელად ციხიდან გაათავისუფლეს. არ გამართლდა ოფიციალური ხელისუფლების ვარაუდი, მორწმუნე მრევლი ზურგს შეაქცევდა ფიზიკურად დასუსტებულ და მორალურად გატეხილ კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის და მის მომხრე საკათალიკოზო საბჭოს წევრებს. 11 მარტს კათალიკოზ-პატრიარქის წირვაზე სიონის საკათედრო ტაძარში უამრავი ხალხი შეიკრიბა და ციხეში ნატანჯ სულიერ ლიდერს, როგორც გმირს, ისე შეეგება.
პატრიარქმა შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით მორწმუნე მრევლს ერთიანობისა და სიმტკიცისაკენ მოუწოდა. მან გადააყენა ეპისკოპოსი ქრისტეფორე საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველის თანამდებობიდან, გააძლიერა საკათალიკოსო საბჭო თავისი მომხრეებით, უარყოფითი შეფასება მისცა ე. წ. საეკლესიო რეფორმების ჯგუფის საქმიანობას, საკათალიკოზოს შექმნა ე. წ. რეფორმატორების საქმიანობის შემსწავლელი კომისია ეპისკოპოს მელქისედეკ ფხალაძის ხელმძღვანელობით. მისივე ლოცვა-კურთხევით 1925 წლის 30 ოქტომბერს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში, მას იმავე დღეს მიენიჭა მიტროპოლიტობა, რომელიც დაინიშნა კათალიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ. საქართველოს ეკლესიის „განახლების და რეფორმების" ჯგუფის წევრები არაოფიციალურად ერეტიკოსებად გამოცხადდნენ. კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის დავალებით ქუთაისში საგანგებო კომისია ჩავიდა ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმეების შესასწავლად. ეპისკოპოსი დავითი ქუთაისის ეპარქიაში შეიჭრა ჯერ კიდევ ბათუმ-შემოქმედელად ყოფნის დროს და ადგილობრივი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ნაზარის, გვერდის ავლით დაიწყო მოქმედებები, მიიმხრო ხელისუფლების პროპაგანდით გაბრიყვებული სასულიერო პირების ნაწილი, ნაზარის დახვრეტის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველის, ეპისკოპოს ქრისტეფორეს, თანხმობით დაიკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. ეს იყო გაუწონასწორებელი კაცი, რომელსაც უყვარდა სკანდალები, ხმაური, დაპირისპირება. ის მტრულად დაუხვდა საკათალიკოზო საბჭოს მიერ გამოყოფილ კომისიას, ცდილობდა მათ დამცირებას, აბეზღებდა ადგილობრივ მთავრობასთან. კომისიის დასკვნით, ქუთაისის ეპარქიაში დაძაბული ვითარება იყო, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა ეპისკოპოს დავითის სხვა ეპარქიაში გადაყვანა. ეპისკოპოსი დავითიც და მისი მომხრეებიც ბოლშევიკური ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ, მათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსის გვერდის ავლით ჯერ მორწმუნე მრევლს, ეპარქიებს, საზოგადოების ცნობილ სახეებს დაუგზავნეს საგანგებო მოსაწვევები, ხოლო 26-27 დეკემბერს ქუთაისში ჩაატარეს საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 77 დელეგატი, მათ შორის თვითნებურად გამიტროპოლიტებული ქრისტეფორე, დავითი, ეპისკოპოსები: იოანე, სიმეონი, ნესტორი. საეკლესიო რეფორმების ჯგუფის წევრებმა ჯერ კიდევ 1926 წლის მარტში ასეთი „განჩინება" მიიღეს: „დაევალოს მიტროპოლიტ ქრისტეფორეს, შეუდგეს კათალიკოზ-პატრიარქის მოვალეობის შესრულებას" (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფ. #102). ეს ხომ ორხელისუფლებიანობას ნიშნავდა საქართველოს ეკლესიაში, ახლა კი ქუთაისის კრების მიზანი იყო კათალიკოს ამბროსის და ხელისუფლებისათვის მიუღებელი საკათალიკოსო საბჭოს საეკლესიო მმართველობიდან ჩამოშორება. ქუთაისის საეკლესიო კრება ბოლშევიკური ხელისუფლების სრული მხარდაჭერით გაიმართა. კრების დღის წესრიგი: 1. დროებითი საეკლესიო მმართველობის დაარსება, 2. საქართველოს მორწმუნე მრევლისადმი მიმართვის ტექსტის შემუშავება, 3. საქართველოს მოქმედი საკათალიკოზო საბჭოს მუშაობის შეფასება და მისი წევრების გადაყენება, 4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეოთხე საეკლესიო კრების მოწვევის დროის განსაზღვრა, 5. მიმდინარე საკითხები. კრებამ გადაყენებულად გამოაცხადა საკათალიკოზო საბჭოს შემადგენლობა, საეკლესიო კრების მოწვევამდე შექმნა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ ქრისტეფორეს თავმჯდომარეობით, დროებით მმართველობას დაავალა საკათალიკოზო ქონების, ბლანკიანი ქაღალდის და ბეჭდის ჩაბარება, ხოლო ის სასულიერო პირები, რომელნიც წინააღმდეგობას გაუწევდნენ დროებით მმართველობას, დათხოვნილ იქნებოდნენ ეკლესიიდან. ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეებმა შინსახკომის დახმარებით 1926 წლის 28 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა გაატარეს, როგორც ერთადერთი კანონიერი საეკლესიო მმართველობის ორგანო, ხოლო საკათალიკოზო საბჭო და კათალიკოზ-პატრიარქი კანონგარეშედ გამოაცხადეს, თუმცა ზრდილობისათვის იქვე დასძინეს, რომ კათალიკოზ-პატრიარქი რჩება თავის ადგილზე და წინადადება ეძლევა ითანამშრომლოს ამ ახალ ორგანოსთან. კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი, მისი ერთგული საკათალიკოზო საბჭო შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ამ მოძალადეებისათვის, კათალიკოზმა ამბროსიმ ქუთაისის კრება გამოაცხადა უკანონოდ, საეკლესიო რეფორმების ჯგუფი მიხვდა, რომ დაუძლურებულ ამბროსის უფრო ადვილად გატეხავდნენ, თუ მოსაყდრე მიტროპოლიტ კალისტრატეს აიძულებდნენ გადამდგარიყო მოსაყდრის თანამდებობიდან და მთავარი იერიში მასზე მიიტანეს, რასაც მოსაყდრემ ვერ გაუძლო და 1926 წლის 30 დეკემბერს გადადგა მოსაყდრის თანამდებობიდან. კათალიკოზმა ამბროსიმ არ დაანება რეფორმატორებს კანცელარია, საპატრიარქო ბეჭედი და გაიმეორა, რომ არ სცნობდა ე. წ. დროებით მმართველობას, მაგრამ აქ გამოჩნდა ხელისუფლების საცეცები: 1927 წლის 4 იანვარს დროებითი მმართველობის მიმართვის საფუძველზე შინსახკომის ბრძანებით კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის ჩამოართვეს საპატრიარქო და საეპარქიო კანცელარიები, საქმის წარმოების უფლება, ფინანსები. მიტროპოლიტი ქრისტეფორე ეკლესიაში შექმნილ კრიზისში ადანაშაულებდა საკათალიკოზო საბჭოს, რომელსაც ვადაგასული ჰქონდა უფლებამოსილება, მაგრამ მაინც აგრძელებდა უკანონო საქმიანობას, ასევე საყვედურობდა მათ ეპისკოპოსების გამრავლებას, საეკლესიო კალენდრის ახალ სტილზე გადასვლაში დაბრკოლებას, რეფორმატორების მიმართ ცილისწამებას, ეპისკოპოს დავითის მიმართ უსამართლო მოპყრობას, საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღიარებისათვის უმოქმედობას, ქუთაისის უკანონო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებათა კანონიერებას. გასაოცარი იყო რეფორმატორების ლოგიკა, მოქმედი კათალიკოზ-პატრიარქის გვერდის ავლით ჩაატარეს საეკლესიო კრება, შექმნეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, გადაყენებულად გამოაცხადეს მოქმედი საკათალიკოზო საბჭო და ამავე დროს ირწმუნებოდნენ: „ქუთაისის საეკლესიო კრების მონაწილეთა მიზანია, უმთავრესად საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ჩააყენოს ნორმალურ კალაპოტში, გარეშე პოლიტიკისა, მის სრულ ავტოკეფალობის საფუძველზე" (მიტროპოლიტი კალისტრატე, გვ. 21). საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა, რომელიც ხელისუფლებისაგან ერთადერთ კანონიერ საეკლესიო მმართველობის ინსტიტუტად იქნა ხელისუფლებისაგან აღიარებული, დაუფარავად შეუდგა კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის შევიწროებას, ჩამოართვა მას კანცელარია, 22 მარტს დროებითი მმართველობის სახელით მასთან შევიდნენ მიტროპოლიტი ქრისტეფორე და მიტროპოლიტი დავითი, რომელთაც გამოუცხადეს: ხელისუფლების დასტურით იგი გადაყენებული იყო კათალიკოზ-პატრიარქობიდან. ამ შეხვედრის შემდეგ „23 მარტს მან მეტყველების უნარი დაკარგა, 27 მარტს – გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა" (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კ. ცინცაძის ფ. #102).
ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი ქრისტეფორე ხელისუფლების დაკვეთით შეუდგა ეკლესიიდან იმ სასულიერო პირების გაძევებას, რომელნიც საბჭოთა სისტემისათვის მიუღებელნი იყვნენ, ეკლესიაში დაიწყო დიდი წმენდა, სასულიერო პირების რეპრესიები, დაპატიმრებები, გადასახლებები... ეკლესიის კონტროლი მთლიანად საბჭოთა სისტემის ხელში გადავიდა.
