ულამაზესი ქალი ყოფილა ახალგაზრდობაში ლეკიაანთ ანანო. მაგის ბადალი ქალი არ დადიოდა მთელ ამ მხარეშიო, ამბობენ ანანოს ახალგაზრდობის მომსწრენი. ახლა კარგა მოხუცებულია ანანო, მაგრამ ისეთი მეხსიერება და სიტყვა-პასუხი აქვს, პირდაპირ შეგენატრება ადამიანს.
ანანოს იმ ავადსახსენებელ ოცდაჩვიდმეტ წელს დაუპატიმრეს ქმარი. კოლიმაზე მომკვდარა უბედური. მარტოდმარტომ გაზარდა ოთხი ვაჟკაცი, ოთხივე იშვიათი თვალტანადი და გამრჯე, დედასავით აუწონავი სიკეთითა და მადლით ავსებულნი.
– რა ქალი იყო, რა ქალი, – რამდენჯერაც წელში კითხვის ნიშანივით მოკაკულ ანანოს დაინახავს, იმდენჯერ იტყვის მამაჩემი, – რა ქალი, ფრესკის ანგელოზს ჰგავდა. კარგა მოზრდილი ბუჭები ვიყავით მაგის ქმარი რომ დააპატიმრეს, თავმჯდომარე იყო საწყალი. არა, მაინც რა იყო დალოცვილი, გედივით ყელმოღერებული, წყვილი ნაწნავის რხევითა და ლურჯი თვალების ციმციმით შარაზე რომ ჩამოივლიდა, ასე გვეგონა პატარა ბიჭებს, რაღაც სასწაული ხდებოდა, ძალიან დიდი, შეუცნობელი სასწაული. უჰ, რამდენი უტრიალა იმ საწყალი შალიკოს ნაცვლად მოვლენილმა ქალაქელმა თავმჯდომარემ, მაგრამ ბოდიში, ვერ აისრულა საწადელი. რაღაც სხვანაირი, ზებუნებრივი მადლითა და სიწმინდით დაჯილდოებული ქალი იყო. ასეა, შვილო, მარტო სილამაზე რა ბედენაა, თუ მას შინაგანი სიწმინდე და უმწიკვლოება არ ასხივოსნებს, – დაამატებს ბოლოს აუცილებლად.
თვალებმოჭუტული დედაჩემი უხმოდ აკანტურებს თავს. ესაა ერთადერთი, უნიკალური შემთხვევა, ასე უსიტყვოდ რომ ეთანხმება მამაჩემს.
მახსოვს, ბავშვობაში ანანოაანთ ეზოში თამაშს არაფერი გვერჩივნა. ეზო ჰქონდათ ისეთი, ედემის ბაღი შემირცხვენია. ეზოში მდგარი თუთის და ბლის ხეები კიდევ კაკლის ხეებს გასჯიბრებოდნენ სიდიდეში. მე შენ გითხრა, ვინმე გაგიჯავრდებოდა ან ცერად შემოგხედავდა. ჰო, იყო მთელი დღე ერთი ყურისწამღები ჟრიამული და ჯივილ-ხივილი, ვინ იყო დამშლელი.
– წამოდით, შვილო, რას იტყვიან ეს ღვთისნიერი ხალხი, ან სახლი არა აქვთ, ან პატრონი არ ჰყავთო, – ვინ იცის მერამდენედ გვიმეორებდნენ ღობესთან მომდგარი დედები.
– კაი, ქალო, ვინ რა უნდა თქვას, მე რა ბალღი არ ვყოფილვარ, თუ ბალღები არ დამიზრდია? – ღიმილით ეპასუხებოდა ანანო.
– გეხვეწებით რა... ცოტახანიც ვიქნებით რა... ჯერ ხომ არ დაღამებულა... ცალკე ჩვენ ვიბრდღვნიდით ხვეწნა-მუდარით ყელს, ცალკე ანანოს შვილიშვილები.
ბოლოს საქმეში ჯოხი ერეოდა და ჩვენც იძულებით ვტოვებდით ანანოაანთ ედემს.
ერთი მამისეული, ნამზითვი ხალიჩა ჰქონდა ანანოს, იშვიათი სილამაზის, იშვიათი ოსტატობით მოქსოვილი. სპარსულია, შეფარული სიამაყით იტყოდა ხოლმე ანანო, მამაჩემმა, როგორც უფროს შვილს, მე მარგუნა მზითვად. იმაზე კი, თუ როგორ მოხვედრილიყო ეს სპარსული ხალიჩა მათ ოჯახში, არაფერს ამბობდა, შეიძლება არც იცოდა. ეკიდა ეს ძვირფასი ხალიჩა ანანოაანთ ღარიბული ოთახის კედელზე და ათას ჯადოსნურ ფერს ასხივებდა ირგვლივ. კედელს ხომ ფარავდა და ფარავდა დალოცვილი, კედელზე მიდგმულ ტახტზეც გადმოდიოდა მთლიანად. შინდისფერი იყო, უფრო სწორად, მწიფე შინდისფერ ფონს უნატიფესი გემოვნებით გამოყვანილი სხვადასხვა ტონალობის ყავისფერი, ყვითელი, შავი ორნამენტები და კიდევ ძალიან ლამაზი ყვითელი რელიეფური ყვავილები ამშვენებდა, ირგვლივ კი ღია ყავისფერი ფოჩი ჰქონდა შემოვლებული. არ მგონია, ზღაპრებში აღწერილი ჯადოსნური, თუ სულთან-ფაშების მოსასვენებელი ხალიჩები ამ ანანოაანთ ხალიჩაზე ლამაზი და ძვირფასი ყოფილიყოს. სოფელში ხომ პირდაპირ ლეგენდები დადიოდა – ქალი ხომ არის და არის დალოცვილი, ხალიჩა მოიტანა კიდევა მზითვში იმისთანა, მთელ სოფლად ირსო, კარგა ხანს ლაპარაკობდნენ თურმე სოფელში.
სიტყვა გამიგრძელდა. იმას მოგახსენებდით, ოცდაჩვიდმეტში ანანოს ქმარი რომ დააპატიმრეს და კოლიმაზე გადაასახლეს. ახლახანს კი „ქაღალდი" მოვიდა – ბოდიში, შეგვეშალა, ტყუილად დავიჭირეთ და გადავკარგეთ, უდანაშაულო ყოფილაო. ესე იგი, კანონის ენაზე, რეაბილიტაციის ცნობა.
კარგა ხანს დასტიროდა ანანო იმ „ქაღალდს", კარგა ხანს აყრიდა მდუღარე ცრემლებს, შემდეგ იმ მამისეულ ხალიჩას შეხედა და თქვა: – ნეტა, ამ ხალიჩას არ ეკუთვნის ეს რეაბილიტაცია თუ რაღაც ჯანდაბა?
ცალკე რძლებმა, ცალკე ანანოს რძლებთან ყავაზე მიბრძანებულმა მეზობლის ახალგაზრდა ქალებმა ერთმანეთს გადახედეს, ზოგმა მალულად ჩაიღიმა კიდეც.
– რა გაკვირვებულები მიყურებთ, ქალებო, რა, თითქოს ცხრამთას იქიდან იყოთ ჩამოსულები, – გაიკვირვა ანანომ. – თუმცა თქვენ რა გეცოდინებათ, მაშინ, იმ დაწყევლილ წლებში თქვენ დაბადებულებიც არ იქნებოდით და ის თქვენი ქმრები ალბათ სიზმრებშიც არ გეყოლებოდათ ნანახი, აბა ახლა თქვენ ძველებსა ჰკითხეთ, ისინი გეტყვიან სუყველაფერსა.
ქალებს სირცხვილის ალმურმა გადაუარათ სახეზე, მუდარით შეხედეს ანანოს, რაც იმას ნიშნავდა, – რაღა ის ჩვენი დედამთილ-მამამთილები დავამუნათოთ, აქ არა ხარ, შენზე უკეთესად ვინ გვეტყვის იმ შენ სატირალსა და სადარდებელსაო.
ანანომაც აღარ დაანახა, თუმცა სახეზე შეეტყო, წარსულის გახსენებას სიკვდილი ერჩია.
– შუაღამისას დაგვეცნენ თავზე, ლოგინებიდან წამოგვყარეს. სამნი იყვნენ, სამივენი თითქოს ერთ თარგზე მოუჭრიათო, ერთნაირი ტარტაროზები და უცხვირპიროები. მთელი სახლი ააქოთეს და აატრიალეს. რას ეძებთ, კაცო, არ იტყვით მაინცაო, ეკითხება ის ჩემი საცოდავი ქმარი. ეგ შენი საქმე არ არის, შენა, უმჯობესია ის გვიხსნა, ვინ გაიძულა სამშობლოს ღალატი რომ განიზრახეო. თქვენა, შვილოსა, ჭკუაზე აფრაკად ხომ არ ხართო. რა ღალატი, რის ღალატი, რა მაქვს სამშობლოზე უკეთესი, რომ ვუღალატოო, – კინაღამ გადირია კაცი. ვინ უგდო ყური. გირჩევნია ყველაფერი სიმართლე თქვაო, ეს დიდად შეგიმსუბუქებს მდგომარეობასაო, თორემ ოხრად დაგრჩება სამშობლოცა და ეგ შენი ლამაზი კნეინაცაო, – ისეთი თვალებით შემომხედეს, სირცხვილით დავიწვი. რაღაცნაირ უცხო, უცნაურ სიტყვებს ახსენებდნენ, თან გამწარებულები დაეძებენ რაღაცას. ის ჩემი სულგანათლებული ქმარი კი ზის და პაპიროსს პაპიროსზე ეწევა გამწარებული, – არა, მაინც რა დავაშავე ისეთი, არ მეტყვით მაინცაო. მაგას იქ გაარკვევენო. ჭირი გაარკვიეთ და სიკვდილი-მეთქი, ვიწყევლები და ვიწყევლები ჩუმადა. აატრიალეს და ააქოთეს მთელი სახლი, რა გვქონდა, რას იპოვიდნენ. ორი პატარა წიგნი გამოარჩიეს, კიდევ ღვთისმშობლის ხატი, ჩემი ცხონებული დედამთილის ნაქონი. იმ წიგნებიდანა ერთი, კარგად მახსოვს, ჩვენი დიდებული ვაჟა-ფშაველას წიგნი იყო, მეორე კიდევა, სახელი დამავიწყდა, აი, სულ სიკვდილზე და საფლავებზე რომ წერდა, იმისი. თავი გადააქ-გადმოაქნიეს. ეს ხალიჩა საიდანაო, მეკითხებიან. რა მათქმევინებდა ხალიჩის სადაურობას. მამაჩემმა გამომატანა-მეთქი მზითვში. ვინ არის მამაშენი, რა კაცია, რას საქმიანობს, ადრე ან კულაკი იქნებოდა ან ბურჟუაზიული ელემენტი, თორემ ასეთი ხალიჩის შეძენას როგორ ეხუმრებიო, ახლა მე მომდგნენ. აი, თქვენ მიუწექით ადრე და მალე იმ ჩემ კარგ მამასა-მეთქი, კინაღამ ხმამაღლა წამომცდა. რომ გაიგეს, მკვდარი იყო, თავი დამანებეს. სანამ წაიყვანდნენ იმ ჩემი ცოდვით სავსესა, გვერდზე გამიხმო. ცალკე მე ვღრიალებ, ცალკე კიდევ ბავშვები... გაჩუმდით, ეხლავე გაჩუმდითო, დაგვიღრიალეს. ეჰ, შენი მკვდრის ტირილის უფლებაც არ გქონდა, მაშა. რა კარგი, რა ძვირფასი დრო იყოო, დაუკაჭკაჭებია ზოგიერთსა. ახლა მე მკითხონ და კიდევ ჩემისთანა უბედურებსა. ჰო, იმას ვამბობდი, ცალკე გამიხმო, მაგრამ ერთი კაცი მაინც ტურასავით მოგვჩერებია, სიტყვა-სიტყვით კრეფავს, რასაც მეუბნება. აბა შენ იცი, ანანო, მე მალე დავბრუნდები, თუ ვერ დავბრუნდიო... ხმა გაებზარა. მე იმისთანა ღრიალი ამოვუშვი, რომა... ხმა ჩაიწყვიტე, ქალო, შენ გეუბნებიანო, კიდევ დამიყვირეს. ვცდილობ, შევიკავო ტირილი, რაც ძალი და ღონე მაქვს, პირზეც ვიჭერ ხელებსა, მაგრამ საქმეში ხარ, არაფერი გამოდის. კარგი, ანანო, დამშვიდდი, მეუბნება, ამას ისე ვამბობ, სიტყვის მასალადა. ხომ გაგიგონია, ანდერძი კაცს არ მოჰკლავსო... თუ ვერ დავბრუნდი, შენ იცი და შენმა ქალობამაო, კერა არ გააციო, ბიჭები დამიზარდე, ჩემზე აუგი არაფერი უთხრა, სხვამ თუ არ იცის, შენ არ გესწავლება, რა კაციც ვიყავიო. თუ ძალიან გაგიჭირდეს, გაყიდე, თვალით ხალიჩაზე მანიშნა, გიორგი დაგეხმარება, გამოცდილი კაცია, შენზე მეტი ესმისო. გიორგი ჩემო ძმა იყო. ეს იყო იმ საცოდავის უკანასკნელი სიტყვები. ბავშვები უნდოდა დაეკოცნა, არ მისცეს ნება. ხელის კვრით გაიგდეს წინ, წაიყვანეს და წაიყვანეს, იმის მერე თვალით აღარ მინახავს.
გიორგიმ ჩააკითხა მეორე დღესვე ქალაქში, ათასი მურდალი ხალხი დადისო იქ, მე არ დამანება წასვლა. ერთი კვირის მერე დაბრუნდა ცოცხალ-მკვდარი. ისეთი ამბავი მოიტანა, თქვენ მტერსა და ავადმახსენებელს. რაღა არ დასწამეს თურმე იმ საცოდავსა. – მავნებლურ საქმიანობას ეწეოდი, შეგნებულად არღვევდი მინდვრების რწყვის გრაფიკსაო. რატომ ღმერთი არ გაიცინებს. ემაგ არხს რომ უყურებთ, სულ ჩემი სულგანათლებული ქმრის ხელმძღვანელობითაა გაჭრილი. ორ წელიწადზე მეტი იწვალეს ცარიელა ბარებით და წერაქვებით მთელი ამ მხრის ბიჭებმა, თორემ იწვოდა და იხრუკებოდა უწყლოობით ეს ამოდენა ტირიფონას ველი, იმათ კიდევა მავნებლურ საქმიანობას ეწეოდიო. გაფუჭებული ხორბალი დათესე, შიმშილით რომ ამოგეწყვიტა მშრომელი მასებიო. აღდგომა და ხვალეო, თავი უმართლებია იმ საცოდავსა. ამაღლებასა ნახეთ ის ჩემი ხელმძღვანელობით დათესილი ყანა და მაშინ მელაპარაკეთო. მამა გიცხონდა, სხვა არაფერი გინდაო, ისე რატომ მაინცა და მაინც ამაღლებასაო, დაინტერესდნენ თურმე. ამაღლებასა იმიტომ, რომ იმ ჩვენ ჭკვიან წინაპრებს უთქვამთ, თუ ამაღლება დღესა იმხელა მაინც იქნება ჯეჯილი, რომ შიგ ყვავი დაიმალოსო, შიმშილის ნუღარ გეშინიაო. იმ ამაღლება დღისთვისა კიდევა იმხელა იყო, ქალებო, ჯეჯილი, ყვავი რა სახსენებელია, ბატკანიც თავისუფლად დაიმალებოდა. ეს აღდგომა და ამაღლება საიდან იციო, ჰკითხეს თურმე. საიდან უნდა ვიცოდე, რა, ქართველი არა ვარ, ქრისტიანი არა ვარ, თუ რაო, დიდად გაჰკვირვებია, ყველა სიკეთესთან ერთად ცრუმორწმუნე და წარსულის გადმონაშთიც ყოფილხარო. ახლა პოლიტიკურიო. წაუკითხეს და წაუკითხეს, წაუკითხეს და წაუკითხეს თურმე იმისთანები, სახტად დარჩენილა საცოდავი, ეს ვინ ვყოფილვარ, კაცო, აქამდე არ ვიცოდიო, მწარედ გაცინებია. ერთი სიტყვით, მიზეზ... მიზეზო... და დაჰკარგეს სამუდამოდ, სამუდამო ჭირი ეძგეროთ იმათ მოდგმა გასაგისსა. ოქროს კაცი იყო, შვილო, ოქროსი. ასე ჩემი რომ იყო, იმიტომ კი არ ვამბობ. ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, იმის მომსწრე ხალხსა და ისინი გეტყვიან, რა კაციც იყო ლეკიაანთ შალვა, თვალტანადობით გინდოდათ თუ ადამიანობით და ვაჟკაცობით. მთელი სოფელი დამწუხრდა და დაიზაფრა, მაგრამ ვინ გაბედავდა შიშით ხმის ამოღებასა. სულ ერთი ბეწვა, იოტისოდენა მიზეზი იყო საჭირო და დაღუპავდნენ სამუდამოდ ადამიანსა.
ორი კვირაც არ არის გასული ჩემი უბედური შალიკოს დაპატიმრებიდან, სამუშაოდან მოვდივარ, ძლივს მოვათრევ ფეხებს, ცალკე დაღლილობით, ცალკე თავს დატეხილი უბედურებით გასრესილ-განადგურებული. ვხედავ, გაფრიალებულია სახლის კარი. ეხლა რომ უყურებთ, ასეთი სახლი კი არ გვქონდა, ერთი ალიზის ოთახი გვედგა, თავისი მარნითა და საჩიხით. სადღაა ჩემი ყბადაღებული ხალიჩა, აღარც ბავშვები ჩანან. ვაი, შენს ანანოსა-მეთქი. შემოვიკარი თავში ხელები. სადღა მახსოვს ხალიჩა, ბავშვებს დავეძებ გამწარებული. მეზობელთან ვიპოვე დაფეთებულები, ტირილისგან დაღლილ-დაოსებულები. გული საგულეს რომ დავიდე, მერე, მორიდებული საყვედური ვკადრე იმ ჩემ მეზობლებსა, – ასე, დღისით-მზისით გამომიცარიელეს სახლი და დავიჯერო, არავინ დაინახეთ, ვინ წაიღო ჩემი ხალიჩა-მეთქი? მოიცა, ქალო, რა თოფის წამალივით აფეთქდი, გვათქმევინეო. თურმე, ნუ იტყვით და... ისინი ყოფილიყვნენ, ისინი, ჩემი დამღუპველ-დამაქცევარნი. ხალიჩა წაუღიათ, ნივთმტკიცებააო და დაუბარებიათ, – ხვალვე გამოცხადდეს ამ ადრესზეო. გულს შემომეყარა. სად უნდა წავსულიყავი. ახლა რია-რია რომ დააქროლებენ მანქანებსა, ასე კი არ იყო მაშინა, ქალაქში ჩასვლას და იქიდან დაბრუნებას დღეები სჭირდებოდა. გიორგისთვის არაფერი მითქვამს, შემეშინდა, ემანდ რამე შარში არ გავხვიო-მეთქი, გავიყოლე ერთი შეუხედავი ბიძაშვილი მყავდა და წავედი. რის ვაივაგლახით მივაკვლიე იმ დაწყევლილ შენობასა. შემიყვანეს ვიღაც დიდი კაცის კაბინეტში. ვხედავ ჩემ ხალიჩასა, დახვეული არ დაუბრძანებიათ სავარძელზე. ცრემლები მომერია. ჩუმად გადავუსვი ხელი, როგორც ცოცხალ არსებას, ისე მივეფერე და მივესათუთე – შე საწყალო, შენ რაღა დააშავე, შენ რიღასთვის დაგაპატიმრეს-მეთქი. დაწყნარდი, ქალო, მეუბნება ის დიდი კაცი, დაწყნარდი და ისე მიპასუხე, – ტროცკი თუ გაგიგონიაო. გაკვირვებულმა შევხედე, კაკლის საბერტყელასავით გრძელი, გამხმარი კაცი იყო. ვინ, სტრონცკი-მეთქი, შევუტრიალე კითხვა, სტრონცკი კი არა, ტროცკიო, შემისწორა. ეგა, ჩვენებური არ იქნება, იმისთანა უცნაური სახელი აქვს-მეთქი, ვუპასუხე. მართალი ბრძანდები, უცხოაო. აბა, კარგად დაფიქრდი, სად და რა პირობებში გაიგონე ეგ სახელი და ისე მითხარიო. სად უნდა გამეგონა. ისე, ჩვენ სოფელში კი დადიოდა სამი უცხო კაცი, ლეკები იყვნენ, ხან შამფურებსა და ზედადგრებს დაატარებდნენ გასაყიდად, ხან კიდევა სპილენძის ჭურჭელს ჰკალავდნენ, მაგრამ კარგად მახსოვს, ერთს რაშიდა ერქვა, მეორეს – აბდულა, მესამეს მგონი გამზათი. ერთი მეწვრილმანე ურიაც დადიოდა, იმას კიდევა ხაიმა ერქვა. ესენი რომ ვუთხარი, იმისთანა ხარხარი ატეხა, ფანჯრის მინებმა ზრიალი დაიწყეს. მერე კაბინეტში მუხის კასრივით ჩამრგვალებულ-ჩაჯირკვული კაცი შემოვიდა. მაშინვე ვიცანი, ის იყო, ის ჩემი უბედური შალიკო რომ დააპატიმრა. დამაყარეს და დამაყარეს ხოვლური სეტყვასავითა ჯვარედინი კითხვები, სულის მოთქმას არ მაცლიან, ხან ერთი მეკითხება რაღაც სისულელეს, ხან მეორე... იქნებ იმპერიალიზმი გაგიგონიაო, მკითხა იმ ჯირკვმა. არც ეგ იქნება ჩვენებური-მეთქი. მართალი ბრძანდებითო, ახლა მეორე, კაკლის საბერტყელამ მიპასუხა, იმპერიალიზმია ჩვენ დიად, სოციალისტურ ქვეყანას საფრთხეს რომ უქმნისო. ჩვენი ვალია, გამოვაშკარაოთ აქ მოკალათებული, იმპერიალიზმის აგენტების ძირგამომთხრელი... რაში მაინტერესებს ეგენი, ჩემ უბედურ, უდანაშაულო ქმარზე მითხარით რამე-მეთქი, შევაწყვეტინე გამწარებულმა. შენი ქმრის საქმე ძალიან ცუდად არისო, სამშობლოს ღალატს და ხალხის მტრობას როგორ ეხუმრებიო. მოჰყვა და მოჰყვა იმისთანები, ყურებზე ხელი დავიფარე, რომ არ გამეგონა. ახლა ჩვენ ის გვაინტერესებს, იმ ღამეს რომ მიგანიშნა, გადამცემია ხალიჩაში, სად არის და რა იქნაო. ამიტომ დავაპატიმრეთ ეგ შენი ხალიჩა, სიმართლეს გვეტყვი, შენ ქმარსაც ეშველება, სასჯელი შეუმსუბუქდება, ხალიჩასაც დაგიბრუნებთ და ჩვენივე მანქანით გაგისტუმრებთ სახლში, თუ არაო და... დღისით-მზისით, მოწმენდილ ცაზე მეხი რომ გავარდნილიყო, ისე არ გამიკვირდებოდა, როგორც ამის გაგონება. რა გადამცემი, რის გადამცემი, ან საერთოდ რა არის გადამცემი, ისიც არ ვიცი-მეთქი. თავს ნუ იკატუნებო, დამიბრიალეს თვალები, მაშ რადიო-გადამცემი არ გაგიგონიაო? ერთი თეფშივით მრგვალი, ქიტესაანთ მათიკოს გადაბერებული მამალივით ხმაჩახრინწილი რადიო კი ეკიდა ჩვენი სოფლის ბირჟაზე, ის თუ აინტერესებს-მეთქი, მაგრამ ან მე, ან ჩემი საწყალი ხალიჩა რა შუაში ვართ, თვითონ ვერ ნახა თავისი დასამიწებელი თვალებით-მეთქი, გავიფიქრე. მოვკუმე პირი, აღარაფერი მითქვამს, გავქვავდი დარიალის კლდესავითა. ჰმ, თავი გადააქ-გადმოაქნიეს, როგორ კარგად დაუგეშიხართ პოლიტიკურადაო. ისე აგიდგებათ გვერდები, როგორც მე ან პოლიტიკისა, ან მაგ თქვენი აბდა-უბდისა რამე გამეგებოდეს-მეთქი, კინაღამ ხმამაღლა წამომცდა. მგონი იმ დასაწვავ ღამეს, ჩემი უბედური შალიკო რომ დააპატიმრეს, იმ ღამეს მოვეწონეთ, ოღონდ რომელი, მე თუ ჩემი ხალიჩა, ეს ვეღარ გავარკვიე. ამას მე თვითონ მივხვდი, ქალს რას გამოაპარებ, შვილო, ისეთი გამგელებული შემომყურებდა. რა ჩუმ-ჩუმად გაგეცინათ, ქალებო, ახლა რომ მიყურებთ გადაბერებულ-გადაჩერჩეტებულსა, ასეთი კი არ ვიყავი, ქალი ვიყავი იმისთანა, რომა... თქვენი ძველებისგან მაინც არ გაგიგონიათ ლეკიაანთ ანანოს ქება? იმას ვამბობდი, ეგრეთი გამოვედი გარეთა, დანა დაეკრათ, წვეთი სისხლი არ გამომივიდოდა. ხვალ, ამ დროს, მოხვალ დაკითხვაზეო, მითხრეს, ვიდრე კაბინეტს დავტოვებდი. მანამ, არაფერი ჭამოთ-მეთქი, კვლავ მივაძახე გულში, ჩავკიდე იმ ჩემ ბიძაშვილსა ხელი და სულ კისრისტეხვით გამოვიქეცით სოფლისკენ. კარგა ხნის შემდეგ, ლამის წელიწადი იყო გასული, ვიღაც მადლიანმა კაცმა, თუ შეიძლება მადლიანი ეწოდოს იმ ჯოჯოხეთის მსახურსა, მანქანით მომაყენა ეს ჩემი ხალიჩა, არ დადასტურდა ჩვენი ვარაუდი, აჰა, ჩაიბარე, თავისუფალიაო, მითხრა. ისე გავოგნდი, მადლობის თქმაც დამავიწყდა, – სიცილ-ტირილით დაამთავრა მოხუცებულმა.
– ტყუილად სწუხართ, ანანო დეიდა, ეს თქვენი ხალიჩა მაშინვე გაუმართლებიათ, – სიმწრით გაეცინათ მეზობლის ქალებსაც.
