ყველა სტატია
გამოქვეყნებული

მაყვალა გონაშვილი — რად გაბოროტდნენ სარკეები

რომლებიც ერთ დროს

მაყვალა გონაშვილი4 წთ საკითხავი0
გაზიარება
რად გაბოროტდნენ სარკეები

რომლებიც ერთ დროს

ჩემს დანახვაზე ლამაზდებოდნენ.

***

ადამიანი შეცდომებზე ჭკვას რომ სწავლობდეს,

მთელი ქვეყანა ბრძენკაცებით აივსებოდა.

***

აჩქარდა დედამიწის გულისცემა,

ზეცა ტკივილებით შეშლილია,

ნიღაბთა ცვენის ეპოქაში

სახეთა ცქერის მეშინია.

***

რადგანაც ღორებს უფეშქაშე მარგალიტები,

იცოდე, მაშინ არას გარგებს სიკეთის თესვა,

შენს მტერს დაეძებ? ჩაიხედე სარკეში წამით

და დაინახავ დაუნდობელ ორეულს შენსას.

ქალის სახელით

ეძღვნება ირანში მორალის დეპარტამენტის

ძალადობის მსხვერპლს მაჰსა ამინს

მითხრეს:

„გრცხვენოდეს, როგორ გხურავს თავზე ჰიჯაბი,

პატივს არ სცემო წინაპართა წესებს, ადათებს“,

მითხრეს:

„მორჩილი უნდა იყო“,

დამაჭრეს ფრთები.

მითხრეს:

„ამაყად ნუ გვიმზერო“!

ჩინი წამართვეს.

მითხრეს:

„ლამაზო, სამკაული მოგიხდებაო,

სისხლის ვარდებით მომიჩითეს მთელი სხეული“.

ზნეობის მცველი - ქონდაქარი მიმზერდა ავად,

„კიდევ დაჰკარით“, - გაჰკიოდა ჟინმორეული.

სექტემბრის ზეცა გადაფარეს თითქოს ყორნებმა,

წამერთო ძალი, მომერია თვალებზე რული,

„გეყოფათ-მეთქი“, - კვნესა დასცდა გამშრალ ბაგეებს,

ვთხოვდი: - „გაჩერდით“,

არ გაჩერდნენ,

გაჩერდა გული.

ღრუბლის ჰიჯაბი მოისროლა მზემ და ატირდა,

სილურჯე ღამემ მთვარის ცელით შავად მოცელა,

მერე სითეთრემ გადაშალა ის მრუმე ფერიც,

თეთრმა - საწყისმა ყოვლისა და ყოვლისმომცველმა.

გაჩერდა გული, თუმცა მისი ნება-ძახილი,

ისე, ვით ექო გადავიდა ქალიდან ქალში

და დედამზემაც მოიკვეცა ოქროს დალალი,

როგორც ალამი მწუხარების გაფინა ქარში.

გახსოვდეთ, მაა ამინია ჩემი სახელი,

რაც იწერება სისხლით, იმას ვერავინ წაშლის.

ეს მე ვარ, დავარ...

მას სიბრძნისა სასწავლებლად

თვით მეფემან მისცა შვილი.

შოთა რუსთაველი

სახელად მქვია მე დავარ!

დიდი ხელმწიფის და ვარ.

ვისთვის გულქვა და ზვიადი,

ვისთვის მე სიბრძნის ზღვა ვარ

და უთენარო სოფელში

მრუმე ჯანღივით დავალ.

არ მომასვენა ცოდვებმა

მდია ნადირის გეშით,

სამოთხის კარს ვინ გამიღებს,

უსიყვარულოდ შეშლილს?

შევრჩი ჯოჯოხეთს, ჯოჯო ხეს

ცრემლებს ვაპკურებ პეშვით.

აქ მზე არ მზეობს, უკუნეთს

გაჰკვეთავს მთვარის ეშვი,

დგას ჩემში დიდი ტკივილი,

ვით მიწის ძალა ხეში,

მე სიბრძნის ყველა წიგნს გავცვლი

მიჯნურთა სიშლეგეში.

მახსოვს ხელმწიფის მუქარა,

აქაც ჩამესმის ის ხმა,

ქაჯებმა ვერა დამაკლეს,

გამწირა ჩემმა სისხლმა,

უსიყვარულოდ სიბრძნის ხე

რა მწარე ნაყოფს ისხამს.

განა სულ ასეთი ვიყავ,

ვით ნაავდრალი ზეცა,

ერთ დროს მეც ვიყავ მზის სწორი,

მეც გაზაფხული მეცვა.

ცრუ და მუხთალმა სოფელმა

მალე მიცვალა სახე,

დამცინა წერა-მწერალმა

ქაჯებთან მეინახემ,

ფერადი ჭიჭნაურები

სკივრებში გადავნახე,

სულ წყევლა-ცრემლით დავკემსე

ღამე-ქვრივთათვის მახე.

გული ჰგავს გამსკდარ ბროწეულს,

წამით დამადეთ ხელი,

მე რა ბრალი მაქვს, სოფელი

იყო ავისა მქმნელი.

წიგნს შევრჩი გახსნილ ჭრილობად,

როგორც ღაწვს ცრემლი, სველი.

ეს მე ვარ დავარ, მეფის და,

ერთ დროს ბრძენი და ქველი.

 კარს ნუ გამიხსნი

„ქალი მორჩილებით იმორჩილებს მამრს“.

ლაო ძი

არ ვარ მორჩილი,

შენც ვერაფრით დაგიმორჩილე,

ვერ დავემსგავსე

თვალფახულა, ლამაზ თოჯინებს.

მიხმობდა ზეცა,

მიწა იყო ჩემი სასჯელი,

მიკვირს ამდენხანს

გალიაში როგორ გავძელი.

მახსოვს, რძის ბილიკს მივყვებოდი,

ფეხი დამიცდა.

კარს ნუ გამიხსნი,

ფრენა უკვე გადამავიწყდა.

ობლობა

ის, რაც გონებამ დაივიწყა,

სისხლს ახსოვს მხოლოდ,

აგულიანებს ბრიყვ წინამძღოლს

სულელთა ქორო.

ჩავჭიდებივარ წარსულ დღეებს

ვით დედის კალთას,

ერთი ფასი აქვს ცრუ სოფელში

ტყუილს და მართალს.

დუნე თაობა...

დაიწრიტა ვნების თავწყარო,

ამაოების ბაზრად იქცა

მთელი სამყარო.

მთავარი არის, ფეისბუქზე

„ლაიქი“, „ნახვა“

და იხარშება ბოროტ გონში

ბოროტი ზრახვა.

გააქტიურდა მზე, ჭორები,

კაცთასიავე,

სულელთა „სიბრძნე“

მოიწონე, გაიზიარე“

ვინ მომიშუშებს გულში გახსნილ

სისხლმდენ იარებს,

ეშმა ნირს უცვლის

ღმერთის შექმნილ ადამიანებს.

მეც დავიღალე ცრუ იმედით

და შეგონებით,

ქვეყნის მეფობას იბრალებენ

ფულის მონები,

მე რადგან ვდუმვარ,

გულუბრყვილო ნუ გეგონებით,

ლექსი? რა ლექსი?!

უსქესოთა არის მარულა,

შიში შიშსა შობს,

სულში შხამად შემოპარულა...

და ფობიების ქსელსა ხლართავს

ტვინში ობობა,

სადა ხარ, დედა?

ახლა ვხვდები, რაა ობლობა.

ის, ვინც შენ გსურდა

არ უწერიათ დამშვიდება შეშლილ ქალაქებს,

არც შეშფოთებულ პოლიტიკოსებს,

არჩევნების წინ ხალხზე მზრუნველებს,

მშვიდობისათვის დაწყებულ ომებს,

სხვათა ომებში დაღუპულ გმირებს,

არ უწერიათ დამშვიდება და მოსვენება.

არ უწერიათ დამშვიდება დაცლილ სოფლებს და

დამშრალ წყაროებს, დამშრალ ცრემლებს,

სიმწრისაგან გამშრალ ბაგეებს,

მათ, ვისაც ომმა ჩამოუჭკნო ბავშვობის ია,

მამებს, რომლებიც უმწეობით დაპატარავდნენ,

დედებს, რომლებსაც რძე დაუშრათ, მკნავანა შვილებს

აწოვეს ბოღმა, უნანავეს ,,შურისძიება~!

არ უწერიათ დამშვიდება და მოსვენება

საშოვარზე გაქცეულ ქალებს,

ცოლის იმედად დარჩენილ კაცებს,

კომპიუტერში დაკარგულ შვილებს,

რწმენადაკარგულ თაობებს და უთავო ლიდერს,

არ უწერიათ დამშვიდება და მოსვენება.

ეს ვინ გამოჩნდა, ვინ ამაღლდა

ზეცის თავანზე?

ანგელოსია? სატანუსია?

ან იქნებ სულაც,

სხვა პლანეტის მოქალაქეა?

ის არის, ვისაც შენ ელოდი,

ის, ვინც შენ გსურდა,

რადგან ცხოვრება იმას გვაძლევს,

რასაც ვეძებდით,

რადგან სამყარო ისეთია,

როგორსაც ვხედავთ!

***

ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი,

გზებს მიჰყვებოდნენ წვიმის და ქარის,

მიჰქონდათ გულიც ნაწილ-ნაწილად

და ჭრილობაზე მადებდნენ მარილს.

როგორც მისანი შელოცვილ კენჭებს,

ტკივილებს ბოღმით ვაჩხრიალებდი,

დარდით, ვნებით და სიტყვით მოქანცულს

მელოდა ზეცის ლურჯი კარედი.

და რომ გეპოვეთ, მე ნაკვალევზე

ფეტვის მაგიერ ლექსებს ვფანტავდი,

მაგრამ გავიდა ჟამი ვარდობის,

ღმერთო, როდემდის? ღმერთო, სანამდის?

მე ვდარაჯობდი თქვენს მაძღარ სიზმრებს,

თქვენ კი ცხადშიაც ბევრჯერ გამწირეთ,

ხე ხენეშივით ტრიალ მინდორზე

ვმასპინძლობ დაღლილ ქარებს და წვიმებს.

ჩამოივლის და ნედლ ტოტს მომამტვრევს

ათასი ტლუ და შარახვეტია,

ვარ განძარცვული, რადგანაც გულის

კარი არასდროს ჩამიკეტია.

***

ცილი ბევრჯერ დამწამეს

წუთისოფლის მდგმურებმა,

ვერც ღალატმა, ვერც შურმა,

მომკლა უმადურებამ.

აღარც მადლი ფასდება,

აღარც ჭკუა-გონება,

მარგალიტი ობოლი

ლაფში ჩაფლეს ღორებმა.

წყენა ცრემლად იქცევა,

ლექსად დაიწურება,

მორიელს კი დასტანჯავს

თავის ზნე და ბუნება.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები