XX – საუკუნის 60-70 – იან წლებში დასავლურ სამყაროში კიდევ უფრო დიდი კრიზისული ფონი შეიქმნა, ვიდრე ეს ამ საუკუნის დასაწყისში განიცდებოდა. სულიერ-ინტელექტუალური და გრძნობად-განცდადი სიტუაცია საყოველთაო და ტოტალური სკეპტიციზმით ხასიათდებოდა, რომლის ინტელექტუალური შინაარსი აგნოსტიციზმი და რელატივიზმი იყო, ხოლო განცდადი შინაარსი – ნიჰილიზმი, გაუცხოება და დეჰუმანიზაცია-დეანთროპოლოგიზაცია. ფილოსოფიური სკოლები, რომლებიც საუკუნის დასაწყისიდან კანტის მიმართულებით ან კანტის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდნენ, ისინი კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ ეპოქის კრიზისულ სიტუაციაში და ზოგიერთნი თავად გახდნენ საუკუნის 60-იანი წლების ნეგატიური სულიერი კლიმატის ჩამომყალიბებელი შინაარსები. მაგრამ XXI - საუკუნის დასაწყისში ის სკოლები, რომლებიც ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ, მათ სრულებით საწინააღმდეგო მსოფლმხედველობრივ მიმართულებებზე შეძლეს გასვლა. ეს ეხება პოზიტივიზმს და მთლიანობაში ანალიტიკურ ფილოსოფიას. დღეს ანალიტიკური ფილოსოფია გადაიქცა თანამედროვე „ახალ თეოლოგიად“. ხოლო თანამედროვე პრაგმატიზმი დაუბრუნდა ადამიანს და ექსისტენციალურ პრიზმაში ჩვენი ცხოვრების განხილვას. ადამიანის გადარჩენის კუთხით პოსტმოდერნიზმის უშედეგობამ ალენ ბადიუ ადამიანის „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ ძიებამდე მიიყვანა. ფრანგულ მორალურ ფილოსოფიაში კი სათნო ცხოვრების ფუნდამენტებს განიხილავდნენ ინტენსიურად. არაანალიტიკურ თეოლოგიაში კი ორი ხაზი გამოიკვეთა: ერთნი, რომლებიც ქმნიდნენ „პოსტმოდერნულ თეოლოგიას“, რომელიც ადამიანის ფილოსოფია იყო და მეორენი - „რადიკალი ორთოდოქსები“, რომლებმაც გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ თეოლოგიურ „კლასიკას“, მეტაფიზიკას. ამ უახლოესი ფილოსოფიების ლამდშაფტიდან ის საერთო იყო ყველასათვის, რომ ისინი ან უბრუნდებოდნენ მეტაფიზიკას და ადამიანის საკითხების განხილვას ან მეტაფიზიკის გარეშე, მაგრამ მაინც ადამიანის საკითხებს აყენებდნენ ცენტრში. ეს ყოველთვის იყო ჰუმანიზმი - მეტაფიზიკით ან მეტაფიზიკის გარეშე.
მაგრამ ჩვენი საუკუნის ათიანი წლებიდან თანდათანობით ყალიბდებიან ფილოსოფიური მიმართულებები, რომლებიც ზოგადად ჰუმანიზმის წინააღმდეგ იწყებენ აქტიურ მოძრაობას ... დაუპირისპირდნენ უახლესი ფილოსოფიის აღნიშნულ ტენდენციებს და ღიად ანტიჰუმანისტური გეზი აიღეს მომავლის აზროვნებაში. ასეთი ერთ-ერთი მიმართულებაა ე.წ. „ბნელი განმანათლებლობა“, რომლის კვალიფიცირება შეიძლება, როგორც პოსტჰუმანიზმის. ამ მიმართულებას 2007 წელს საფუძველი ჩაუყარა ამერიკელმა ინტერნეტ-ბლოგერმა და მოაზროვნემ კურტის იარვინმა (დაბ. 1973 წ.), რომელიც თავის ბლოგებში გამოირჩეოდა საუბრებით ამერიკული დემოკრატიის დასასრულზე და მისი მონარქიით ან კორპორატიული ხელისუფლებით შეცვლაზე. მისი იდეები საერთოს პოულობს ულტრამემარჯვენეობასთან და ე.წ. „სამეცნიერო რასიზმთან“. მას სხვანაერად „ჰიპერრასიზმსაც“ უწოდებენ. პირველ რიგში მას აკავშირებენ ალტერნატიულ მემარჯვენეობასთან - Alt-right - რომელიც აშშ-ში წარმოიშვა და იქედან გავრცელდა. მათი სამუშაო იდეებია ულტრამემარჯვენე თეთრი ნაციონალიზმი, მიგრაციის, მულტიკულტურალიზმის და პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ გამოსვლა. ეს არის რადიკალური ანტიეგალიტარიზმი და ანტიდემოკრატიზმი. კურტის იარვინი, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ მოაზროვნედ არ ითვლება აკადემიურ წრეებში, 2025 წელს ის The New York Times - მა „ტრამპის სასახლის ფილოსოფოსად“ დაასახელა.
გაცილებით დიდი ფიგურაა ამ მიმართულებაში ბრიტანელი ფილოსოფოსი ნიკ ლანდი (დაბ. 1962 წ.), რომელიც იარვინთან ერთად აყალიბებდა „ბნელი განმანათლებლობის“ მსოფლმხედველობრივ პლათფორმას როგორც თავის ბლოგებში, ასევე წიგნებსა და ესეებში. მან 2013 წელს გამოსცა იმავე სახელწოდების წიგნი - „ბნელი განმანათლებლობა“.
ნიკ ლანდის აზროვნების გასაგებად, პირველ რიგში უნდა აღვწეროთ ის თუ როგორ ესმის მას ფილოსოფია და ფილოსოფოსობა. მისთვის ფილოსოფია, დასავლური ცივილიზაციის შიგნიდან გაგებული, არის როგორც „პირველყოფილი ცოდვა“. ის არის „აკრძალულის წყურვილი“ და როგორც კი ფილოსოფოსებს მიეცათ სიცოცხლის უფლება, მაშინვე არსებული ცივილიზაციის დასასრულიც დგება. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფილოსოფია ახლა დასრულდება. ის დასრულდება ყველაზე ბოლოს, როცა უკვე ყველაფერი იქნება დასრულებული. აზრი რომ ფილოსოფია უკვე მოკვდა არის ყველაზე შეზღუდული გონებების აზრი. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ავტორის აზრით ფილოსოფია სწორედ ის იქნება, რაც ყველაზე ბოლოს დარჩება ადამიანისაგან. შესაძლებელია ის გახდეს საბოლოო დასასრულის მთავარი იმპულსიც. ფილოსოფიაში ის აზრი, რომ კაცობრიობა განწირულია დასასრულისათვის არის ფილოსოფიის საერთოდ გამოსადეგობის ატესტაციაც. ფილოსოფია ამას თუ არ აღიარებს ის საერთოდ გამოუსადეგარია, „რადგანაც საკუთარი ბიოლოგიური სახეობის პოზიციიდან აზროვნება - ეს საცოდავი შეზღუდულობაა“.
როგორც ვხედავთ ბრიტანელი მოაზროვნისთვის ფილოსოფია უკავშირდება რაღაც „ბნელს“, „საკრალურს“, ანტიჰუმანურს, საშიშს და რაღაც სასტიკსაც. ლანდის აზროვნება დავალებულია ჟორჟ ბატაის, ჟილ დელიოზის, ფრიდრიხ ნიცშეს, ასევე ჟან ბორდიარის იდეებისაგან. 1992 წელს გამოცემულ წიგნში - „ანიჰილაციის წყურვილი“ ავტორი წერს: „ფილოსოფოსები ჯალათები არიან, ქირურგები, რომლებმაც ჰიპოკრატეს ზომიერება უარჰყვეს. მათ აქვთ ზუსტი, რეპტილიური ინტელექტი, რომელიც თან ახლავს ყველა ცოცხალ არსებაზე ექსპერიმენტების ჩატარების მსურველს. შესაძლოა, ნამდვილი ფილოსოფოსის მგრძნობელობა ყველაფერზე მეტადაა გაყინული, რადგან თეორიულად დამაინტერიგებლად საინტერესო მასალის მოსაძებნად ძალიან ცივი გონებაა საჭირო. ძლიერი აზრი - ყოველთვის მკაცრი ექსპერიმენტია: „გაჭერი და შემდეგ შეხედე“. ადვილი არ არის იყო მეგობარი - ან სხეული - ფილოსოფიის. მათ ყოველთვის ესმოდათ, რომ თუ ტანჯვას სიამოვნება არ მოაქვს, აზრი არ აქვს მსჯელობის წამოწყებასაც". (Ланд, Ник. (2025) Жажда аннигиляции. Жорж Батай и вирулентный нигилизм. Эссе по атеистической религии. перевод: О. Лунев-Коробский редактура: В. Каменских издатель: Spacemorgue გვ. 265). აქედან გამომდინარე ლანდი მიდის იმ აზრამდე, რომ ფილოსოფოსის მთავარი გემოვნება უნდა იყოს ის, რომ გაექცეს ანთროპომორფიზმის ვულგარულობას. ფილოსოფოსს უნდა ჰქონდეს ტრადიციული შეფასებებისადმი ზიზღი. მას უნდა შეეძლოს, რომ საკუთარ თავს უყუროს და აკონტროლოს, რომ ფეხი არ შედგას ისევ გატკეპნილ, ნაცნობ ბილიკზე. ის უნდა იყო მტერი, უცხო, მხეციც, მაგრამ არასოდეს მოსახერხებელი არსება: „არაფერი ისეთი აბსურდული არაა, როგორც ფილოსოფოსი, რომელსაც სურს თავი მოგაწონოს“.
ანთროპომორფიზმის და ჰუმანიზმის შემზღუდველი ფარგლებიდან გასვლის შემდგომ ნიკ ლანდი გვესაუბრება თავისუფლად სამყაროზე, მის მომავალზე, იმაზე რომ „პროგრესიც უკვე აღარაა ის, რაც ის იყო ადრე“. ფილოსოფოსი გვესაუბრება ნიცშეს პარადიგმიდან ამომავალი, რომ კაცობრიობა არის ის, რაც უნდა გადაილახოს და რომ ამის ჩვენთვის გამხელით ნიცშემ დაბადა ტრანსჰუმანიზმი, რომლის „გონების შვილებიც“ არიან კიბორგები. ამიტომ 2025 წლის 8 ოქტომბერს ანდრეი დუგინთან ონლაინ დისკუსიაში ლანდი ამბობს: „არსებობს კითხვა ნიჰილიზმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ის ისტორიულად და როგორც რელიგიური ფენომენი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, მოგეხსენებათ, ნიჰილიზმის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ის არის, რომ ეს კითხვები უბრალოდ კვდება, უნდა გესმოდეთ... და რელიგია უბრალოდ ისტორიული ფენომენია, ყველაზე ტრივიალური გაგებით: ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რელიგიურები ვართ და შემდეგ ვჩერდებით, ვხვდებით, რომ ეს აბსურდია ან მსგავსი რამ და მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველას ესმის, რომ ეს ისტორია სრულიად არასიცოცხლისუნარიანია. ახლა ყველაფერი ნამდვილად საპირისპირო მიმართულებით მიდის“ ( Nick Land and Alexander Dugin on Liberalism, Empire, and the Eschaton. multipolarpress.com ).
ლანდს - ჟან ბოდრიარის ფილოსოფიით აღფრთოვანებულს - შემოაქვს „ჰიპერრწმენის“ გაგება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ბნელი განმანათლებლობის“ შინაგან მოტივს. „ჰიპერრწმენები“ - ეს ისეთი რწმენებია, რომლებიც თავიანთი არსებობით ქმნიან შესაბამის რეალობას. ის თვითახდენადია და ის არის „ჰიპერ“-ის და „ცრურწმენის“ შეკავშირება-სინთეზი. „ბნელი განმანათლებლობა“ არის პოზიციონირება პოსტჰუმანიზმის და ანტიჰუმანიზმის საფუძვლებიდან. ამ მიმართულებას სამყაროს, ადამიანის, სოციალური სინამდვილის მოწყობაში რაციოს იმედი არა აქვს. რაციონალიზმი უკვე აღარ მუშაობს, მაგრამ მუშაობს ცრურწმენები - ჰიპერრწმენა. მეცნიერება, რაციონალური თეორიები ვერ იპყრობენ ხალხის გონებას, ეს ადრეც იყო შეუძლებელი, მაგრამ ხალხის ფართო მასების გონებას კარგად იპყრობს მითი. ეს კარგად აპრობირებულია სამყაროში. უფრო მეტიც - ნებისმიერი მეცნიერებაც ისევ მითის სახით მიდის მასებამდე. ისევ მითის ენით სჯობს მივაწოდოთ ხალხს ის, რისი მიწოდებაც გვინდა. ეს უფრო ეფექტურად იპყრობს მათ გონებებს. ამიტომ უნდა შევქმნათ ახალი განმანათლებლობის პროექტი, რომელიც დაეყრდნობა არა რაციოს, არამედ ჰიპერრწმენას. ამ მიმართულების მიმდევრების აზრით განმანათლებლობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სხვაგვარად. ჩვენ უნდა შევქმნათ არა რაციონალური თეორიები, როგორც ეს ძველი განმანათლებლობის დროს ოყო, არამედ უნდა გამოვიყენოთ არქაული სტრუქტურები - მითები, მაგია...ჰიპერრწმენები.
და აი აქ იყოფა გზები ამ სკოლის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლებს შორის: ნიკ ლანდსა და რეზა ნეგარესტანს შორის. ნიკ ლანდისათვის „ბნელი განმანათლებლობის“ მიზანი სულაც არაა ადამიანის გადარჩენა-შენარჩუნება რაიმე ფორმით, კაცობრიობის განვითარება, სოციალური ცხოვრების განთავისუფლება, არამედ მიზანია ოპტიმიზაცია. ანუ - „პროგრესიც უკვე აღარაა ის, რაც ის იყო ადრე“. ლანდი წიგნში - „ბნელი განმანათლებლობა“ - წერს: „გრძელვადიანი ტექნოეკონომიკური გაუმჯობესებები და მასთან დაკავშირებული კულტურული კაპიტალის დაგროვება, რაც ძველი გაგებით სოციალური პროგრესია, დღეს არავისთვის არ წარმოადგენს პოლიტიკურ ინტერესს.“ სინამდვილეში კლასიკური განმანათლებლობაც ვერ ხედავდა თავისი „გონების შუქში“ საკმაო „სიბნელეს“, რაც სინამდვილეში მის უკან იდგა. ამ „გონების შუქსაც“ აქვს ბნელი წარმომავლობა. ნიკ ლანდი წმინდა ნიცშეანურ სტილში ამბობს, რომ მაშინაც ყველაფერს წარმართავდა სურვილები, ბიოლოგიური მისწრაფებები, ვიტალური ტექნოლოგიური ძალები. ამ „შუქს“ ისედაც ბნელი წარმომავლობა აქვს და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, თვალი გავუსწოროთ. ამიტომ ამოცანაა არა ის, რომ ახალი საშუალებებით განვაგრძოთ თანამედროვეობის განვითარება, არამედ ამოცანაა, რომ ჩვენ ის დავანგრიოთ. თანამედროვეობა მოხვდა ჩიხში და საჭიროა გამოვცადოთ ყველაზე უფრო ველური იდეები, რომ რაიმე გამოჩნდეს - „გაჭერი და შემდეგ შეხედე“ - ეს ერთდროულად ძალზე ნიცშეანურად და ბოდრიარისეულად ჟღერს.
„ბნელი განმანათლებლობის“ გააზრება შეუძლებელია თუ არ გავიაზრებთ აქსელერაციონიზმის პრინციპს. მისი მამამთავარი სწორედ ნიკ ლანდია. აქსელერაციონიზმი არის მიდგომა, რომელიც საჭიროა, რომ თანამედროვეობის მიღმა გავიდეთ.. გადავლახოთ ადამიანიც და ცივილიზაციაც, მაგრამ ამისათვის კაპიტალიზმის წყობის ალტერნატივა არ ჩანს და ყველა მისი კონკურენტი ისტორიაში უკვე დამარცხებულია. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ჩართულია კაპიტალიზმში, თავად არაკაპიტალისტურად დეკლარირებული სახელმწიფოებიც. ყველა პროექტი, რომელიც ცდილობდა გადაელახა ეს წყობა, ჩავარდა. ამიტომ შიგნით, კაპიტალიზმში უნდა ვიპოვნოთ ისეთი რამ, რაც მის დასასრულს მოიტანს. ლანდის მიხედვით კაპიტალისტური წყობისთვის ის არის დამახასიათებელი და თვალშისაცემი, რომ ის დროს აჩქარებს. ანუ რაც დრო გადის მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციებს შორის დროის ინტერვალი სულ უფრო მცირდება. ეს კი სულ უფრო აჩქარებს სოციალური ურთიერთობების ცვლილებებს. ადამიანებს, კი რომ გაიგონ და დაეწიონ ამ ცვლილებებს სულ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ. ყველაფერი ჩვენს გარშემო იცვლება სულ უფრო ჩქარა და ჩქარა. კაპიტალიზმს ეს ახასიათებს - სამყაროს აჩქარება. ამიტომ რაღაც მომენტში მოხდება „ტექნოლოგიური სინგულარულობა“. ეს ნიშნავს, რომ ისე დაჩქარდება ტექნოკაპიტალიზმი, ცვლილებების სიჩქარე ისეთი გახდება, რომ აღარ დარჩება ადამიანი, რომელიც ამას გაიგებს. ამ დროისათვის ტექნოლოგიური გარემო, ტექნოლოგიური სამყარო გახდება ბუნებასავით. ანუ როგორც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს მცენარეების, ცხოველების, ბუნების მოვლენების გარემოცვაში, მაგრამ სულაც არ ვიცით რა პროცესები მიდის მათში ზრდისა და სხვა ცვლილებების სახით, ასევე არაფერი აღარ გვეცოდინება ჩვენს გარშემომყოფ ტექნოლოგიურ პროცესებზე და მექანიზმებზე. და სწორედ ამ დროს შესაძლოა დასრულდეს კაპიტალიზმი და გამოჩნდეს რაღაც ახალი, რისი წარმოდგენაც ახლა გვიჭირს.
აქსელერაციონიზმის იდეა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 2013 წელს ალექს უილიამსმა და ნიკ სრნიჩეკმა გამოაქვეყნეს მანიფესტი სახელწოდებით - „იაქსელერირე: აქსელერაციონისტული პოლიტიკის მანიფესტი“. რომელზეც ლანდმა ვრცელი შენიშვნები დაწერა ( syg.ma ). ამრიგად ჩვენ კაპიტალიზმი მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ, რომ მისგან გავიდეთ. „სინგულარულობა“ არის მომენტი ჰიპოთეტურ მომავალში, როდესაც გამომთვლელი მანქანების ინტელექტი „გადაყლაპავს“ მთელს ცხოვრებას, მატერიას და ენერგიას და ეს ინტელექტი გაერთიანდება ყოვლისშემძლე მსოფლიო ცნობიერებაში. ეს იქნება ახალი რელიგია. ამის მერე ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ, ადამიანები გავხდებით ზედმეტნი აბსტრაქტული პლანეტარული ინტელექტის წინაშე.
ამიტომ ამბობს ნიკ ლანდი რომ დედამიწის კულტურაში ადამიანის ჰეგემონია არ არის მარადიული. ლანდის ანტიჰუმანიზმი არის პოსტჰუმანიზმი. თავად ფილოსოფოსი, მისი თქმით, ისე იქცევა თითქოს ის უკვე ხელოვნური ინტელექტი იყოს. მისი მოწოდებაა, რომ პიროვნება გახდეს არაადამიანური. ადამიანი განზავდება არაადამიანურ მანქანაში, ბიოსფერო -ტექნოსფეროში. და ამაში არაფერი უჩვეულო ან მიუღებელი არ არის. ეს პლანეტარული ევოლუციის ახალი, გარდაუვალი ეტაპია. ადამიანურობა, კაცობრიობა უკვე წარსულია, უკვე გუშინდელი დღეა. ბრუნო ლატური ამბობს, რომ პოსტჰუმანიზმმა უნდა დაამთავროს ადამიანური განსაკუთრებულობა, რომ უნდა დავიცვათ სიმეტრიულობა ადამიანურ და არაადამიანურ აქტორებს შორის, რომ ბუნების და კულტურის ოპოზიცია არ არსებობს, რომ სინამდვილე ყოველთვის ჰიბრიდია. ადამიანისა და ცხოველის, მანქანურისა და ორგანულის, ქალისა და კაცის, ცივილიზაციისა და ველურობის მკაცრი გაყოფა თვალთმაქცობაა. ეს გაყოფა მხოლოდ პოლიტიკური ჟესტია, რომ მათზე ძალაუფლება განახორციელონ. არავითარი ბუნებრივი არ არსებობს. არავითარი დადგენილი ფორმები არ არის სამყაროში, როგორც ამას პლატონი ამბობდა. ამ დიხოტომიების დეკონსტრუირებაა საჭირო კიბორგით და ჰიბრიდით. რაშიც ლანდი რა თქმა უნდა ეთანხმება.
კაპიტალიზმის დაჩქარების და გადალახვის გზაზე კი ბრიტანელი ფილოსოფოსის აზრით უნდა განვთავისუფლდეთ ყველაფერი იმისაგან, რაც ამ სვლას აფერხებს და ანელებს: სოციალური ინსტიტუტები, სახელმწიფო ორგანიზაცია, მორალის ნორმები. აქ შემოდის ლანდის ნეოკამერალიზმი. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც ბიზნესი. სახელმწიფო უნდა გახდეს როგორც კეძო კომპანია, რომელსაც მართავს გენერალური დირექტორი. სხვაგვარად ეს არის ავტორიტარული კორპორატიული მონარქიზმი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის მითი, რომ სახელმწიფო ეკუთვნის მოქალაქეებს. მასობრივი საარჩევნო ხმა კი არის სენტიმენტალური ტყუილი. სახელმწიფოს მთელი ქონება უნდა გადავიდეს მისი ფაქტიური მმართველის ხელში. მაგრამ ეს ნეოკამერალისტური გადასვლა ერთბაშად არ ხდება. ჯერ ძალაუფლება კარგა ხანი რჩება ჩრდილში, როდესაც დემოკრატიული ფარსი კიდევ გრძელდება. ნეოკამერალიზმი არის პირველ რიგში „კულტურული მარქსიზმის“ მტერი.
ნიკ ლანდი ფიქრობს რომ დემოკრატია ძალიან ნელია უკვე სამყაროსათვის. თანამედროვე სამყაროში მთავარ ადგილს იკავებენ ალგორითმები, ქსელები, მანქანური პროცესები და არა ადამიანები. ახალი განმანათლებლობა განიწმინდება ეთიკისაგან და ადამიანისაგან. უნდა შეიქმნას რაღაც ტექნოფეოდალიზმის მსგავსი: ძალაუფლება ხალხის გარეშე, სტრუქტურა - ისტორიის გარეშე, მართვა - იდეალების გარეშე. დემოკრატია შემაფერხებელია აქსელერაციონიზმის გზაზე, რადგან ის უშლის პროცესს ხელს რომ სწრაფად დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები.
წარმოდგენილი მიმართულება უარყოფს თანასწორობას, დემოკრატიას, ისტორიაში თავისუფლების ზრდას. ჩვენ უნდა გამოვჯანმრთელდეთ დემოკრატიისაგან, როგორც აღმოსავლეთ ევროპა გამოჯანმრთელდა კომუნიზმისაგან. ეს მიმართულება არ მიისწრაფის რომ შეიქმნას საყოველთაო სიკეთე, არამედ იგი ულტრამდიდარი ელიტის ინტერესებს ემსახურება. მთელი საზოგადოების სიკეთეს აზრი არა აქვს. - ეს არაა მიზანი. მასობრივი ელექტორატი, სოციალური „აუტსაიდერები“ არის სამყაროს ბალასტი, რომლისაგანაც უნდა განვთავისუფლდეთ, თუნდაც მოსახლეობის ძალადობრივი შემცირების გზით ამბობს ნიკ ლანდი და ამით მალთუსიანელობის აღორძინება სურს. „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებით მმართველ მენეჯერთან, რომელიც იქნება გენერალური დირექტორი იმისი, რაც ადრე სახელმწიფო იყო. ეს არის სახელმწიფოს პრივატიზება. მათ სურთ დაუბრუნდნენ ძველ სოციალურ კონსტრუქტებს და მმართველობის ფორმებს. მისი თანამედროვე რეანიმაცია შემოგვთავაზონ. იზიარებენ კონსერვატიულ შეხედულებებს სქესებზე, რასებზე და მიგრაციაზე. ლანდი აკრიტიკებს დემოკრატიის, თავისუფლების და ჰუმანიზმის იდეებს, როგორც მიამიტურს და არაეფექტურს. სამყაროს უნდა მართავდნენ კომპეტენტური ელიტები და არა მასები არჩევნებით. თავისუფლების და ტრადიციული პროგრესის მაგივრად ისინი გვთავაზობენ იერარქიულ საზოგადოებას და ტექნოლოგიურად ოპტიმიზირებულ მართვას. ნამდვილი პროგრესი ამაში მდგომარეობს. პროგრესის რწმენა რჩება, მაგრამ ჰუმანუზმის გარეშე, რომელიც გულისხმობს არა განთავისუფლებას, არამედ ოპტიმიზაციას. სამყარო უფრო თავისუფალი და სამართლიანი კი არ უნდა გახდეს, არამედ უფრო მართვადი. ისინი რაღაც სულისკვეთებით ჰგვანან XIX საუკუნის ინდუსტრიულ მოძრაობას. შესაბამისად ფილოსოფოსის აზრით კორპორაციებს უნდა ჰქონდეთ დამთრგუნველი ძალაუფლება საზოგადოებაზე. მსხვილმა გიგანტურმა კორპორაციებმა უნდა მართონ სამყარო.
„ბნელი განმანათლებლობის“ ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ცნებაა ე.წ. „ტაძრის“ ცნება, რომელიც ნიშნავს იმ ინსტანციას თანამედროვე საზოგადოებებში თუ ვინ განსაზღვრავს ღირებულებების და ვინ ფლობს „სწორი“ შეფასებების მონოპოლიას. „ტაძარი“ აერთიანებს პროფესურას, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს. ისინი ერთობლივად განსაზღვრავენ საზოგადოებაში რა უნდა იყოს მისაღები და რა არა. ისინი ქმნიან ასევე ისტორიულ პროცესზე შეხედულებებს, რომელიც გაბატონებულია. კურტის იარვინი გამოჰყოფს აქ ოთხ იდეალს, რომელიც მოაქვს საზოგადოებაში ამ „ტაძარს“. ესენია თანასწორობა, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობა და სიკეთის განაწილებისას „ხალხის მსახურების“ ლიდერობა. ამ “ტაძრის“ კონსენსუსს მიღმა არსებული გამოთქმები კი დასჯადია საჯარო დამცირებით, სამუშაოდან განთავისუფლებით, ბოიკოტით, ოსტრაკიზმით. დემოკრატია სინამდვილეში სიტყვის თავისუფლებას ვერ გვაძლევს, პარტიების ინტერესები კი არაა მიბმული საკუთარ ქვეყანაზე, მაშინ როდესაც მონარქის - კი. ნიკ ლანდი წიგნში - „ბნელი განმანათლებლობა“ წერს - „მრავალპარტიული დემოკრატიული სისტემების დროებით ძალაუფლებამინიჭებულ პოლიტიკურ აგენტებს აქვთ დაუძლეველი (და აშკარად დაუძლეველი) სტიმული, რაც შეიძლება მეტი სისწრაფითა და სისრულით გაძარცვონ საზოგადოება.“ დემოკრატია ბოლოს კოლექტიურ კრიმინალურობას და სრულ სოციალურ დაშლას აღწევს. ატორი აგრძელებს - „ევროპის ანტიკურ ხანაში დემოკრატია აღიარებული იყო, როგორც ციკლური პოლიტიკური განვითარების ჩვეული ფაზა, ფუნდამენტურად დეკადენტური ხასიათისა და ტირანიაში გადახრის წინმსწრები. დღეს ეს კლასიკური გაგება სრულიად დავიწყებულია და ჩანაცვლებულია გლობალური დემოკრატიული იდეოლოგიით, რომელიც სრულიად მოკლებულია კრიტიკულ თვითრეფლექსიას.“ (syg.ma ). რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ეს ბოლო აზრი ძალზე პლატონისტურად ჟღერს (syg.ma ).
“ბნელი განმანათლებლობის“ მეორე დიდი ფიგურაა ირანელი ფილოსოფოსი რეზა ნეგარესტანი (დაბ. 1977 წ.). მან 2008 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით - „ციკლონოპედია“ (Негарестани Р. (2019) Циклонопедия: соучастие с анонимными материалам и / пер. с англ.П. Хановой .— М.: Носорог), რომელიც ფსევდონიმით გამოაქვეყნა და თავიდან ინტელექტუალურ საზოგადოებას ეგონა, რომ მისი ავტორი ნიკ ლანდი იყო. ბევრი სპეციალისტის აზრით ეს არის ექსპერიმენტალური რომანი. ეს წიგნი, რომელიც ფილოსოფიურ ტექს წარმოადგენს, ერთდროულად ამავე დროს არის ლიტერატურული ტექსტიც, სამეცნიერი-გეოპოლიტიკური ტრაქტატიც და ოკულტისტურ თემებზე ნაშრომიც. ნეგარესტანს სურს თანამედროვეობა გაიაზროს არა ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ - მეცნიერება, კაპიტალის ძალაუფლება, ტექნოლოგიების ბატონობა - არამედ, როგორც მითის პროეცირება ისტორიაში. ის საუბრობს უძველეს ოკულტურ ტრადიციებზე, ნავთობზე, დემონებზე. „დემონი“ მისთვის არის ჩვენი შინაგანი პერსპექტივა, ჩვენი ცივილიზაციის შინაგანი ლოგიკა, ის „თუ როგორ ვფუნქციონირებთ დღეს ჩვენ“. ეს წიგნი არის „ნავთობის შეთქმულება“ კაცობრიობის წინააღმდეგ. „ციკლონოპედია“ მუდმივად დადის ზღვარზე რეალობასა და გამონაგონს შორის. ის გადის ყოველგვარ ჟანრებს მიღმა, როგორც ამას ავტორი ამბობს. მას ენით და აზრების ფორმულირების სტილით სიახლოვე აქვს დელიოზის და გვატარის წიგნთან - „ანტიოიდიპოსი“. დემონი არის ის ძალა ავტორის მიხედვით, რომელმაც შეიპყრო თანამედროვე სამყარო, რომელიც ადამიანებს აძლევს დიდ ძალაუფლებას და ამავე დროს აძლევს მათ ერთმანეთის მოსპობის და დედამიწის განადგურების საშუალებას. და ეს არის ნავთობი. ყველაფერი რაც ნავთობს უკავშირდება სიკვდილია - ნავთობი ორგანიზმების სიკვდილის შემდეგ მათი ლპობის შედეგად წარმოიქმნება მიწაში და ნავთობს დღეს ყველაფერი სიკვდილისკენ მიჰყავს. ავტორი წერს - „ნავთობი სიკვდილისგანაა ნაწარმოები და მიდის სიკვდილისკენ“. ნავთობი არის „შავი ოქრო“, როგორც დემონი. ესაა ნეგარესტანთან ჰიპერრწმენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალი „ცრურწმენების“ შემოტანით ადამიანებს უკეთ გავააზრებინოთ კაცობრიობის თანამედროვე მდგომარეობა. განმანათლებლობის ძველი პროექტი ჩავარდა, რადგან რაციონალიზმზე იყო დაფუძნებული, რომელიც ეფექტურად „ვერ მიდის“ ადამიანებთან და ახლა საჭიროა მისი გაგრძელება არქაული სტრუქტურების შემოტანით - მითი, მაგია. ნავთობი ფლობს თანამედროვე კაცობრიობის სხეულს. მას აქვს ბნელი ნება რომელიც გვფლობს და გვიპყრობს ჩვენ. და ეს არის ფილოსოფიურად კონსტრუირებული ახალი მითი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო კარგად გავიაზროთ თანამედროვე მდგომარეობა. საბოლოოდ ეს ახალი „ბნელი განმანათლებლობა“ მიმართულია მომავლისაკენ და პროგრესისაკენ, მაგრამ გველაპარაკება ბნელი მითების ენით.
ნავთობი ყველა გეოპოლიტიკური პროცესების ალფა და ომეგაა. ნავთობი უფრო მონაწილეობს და განსაზღვრავს მოვლენათა განვითარებას, ისტორიას, ვიდრე დრო. ნავთობი წამლავს სამყაროს კაპიტალის სრული სიგიჟით. ნავთობის, როგორც ადამიანის წინააღმდეგ შეთქმულების გამოჩენით კაპიტალიზმი არის არა უკვე ადამიანური სიმპტომი, არამედ პლანეტარული გარდაუვალობა. დედამიწაზე ნავთობის რესურსების ამოწურვის მერეა მხოლოდ შესაძლებელი შეიქმნას პირობები ღმერთის მოსვლისათვის. ღმერთი გამოჩნდება მხოლოდ მას მერე, რაც დედამიწაზე ყველანაერი რესურსები ამოიწურება.
ამ წიგნში რეზა ნეგარესტანი ახდენს თანამედროვეობის მისტიფიკაციას. დედამიწის განვითარება მიდის ეკოლოგიური კატასტროფისკენ, რაც აბრაამის რელიგიის აპოკალიფტური მოლოდინებია. აქედან რელიგია გაიგება, როგორც კატასტროფული დასასრულის დამაპროგრამირებელი. ეს არის ისლამიც და ქრისტიანობაც, რომელიც საფუძვლებს იღებს ზოროასტრიზმიდან.
წიგნის წამყვანი თემაა გეოპოლიტიკა - ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები და წარმოადგენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს დიდ კოსმიურ ბრძოლაში თუ თამაშში. გეოპოლიტიკაში კი დღეს მთავარ როლს თამაშობენ გეოგრაფია, პოლიტიკა, ეკონომიკა და რელიგია. ნავთობი ნეგარესტანის აზრით გვევლინება, როგორც ისლამის ხელში მსოფლიო ექსპანსიის ინსტრუმენტი. ამიტომ ისლამი პოლიტიზირდება, ისლამური ქვეყნების ამბიციაზე დაფუძნებით, რომ გაბატონდეს რეგიონში და სამყაროში.
ტექსტში შემდეგ შემოდის მზე, როგორც მიწის, ნავთობის პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენტი. მზე, როგორც ენერგიის წყარო. შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ წიგნში არის გამომჟღავნებული „ნედლეულის ინტელექტი“, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტის კონკურენტი. ნედლეულის ინტელექტია ნავთობი, გაზი, წყალი და მზე.
ადამიანთან დამოკიდებულებაში რეზა ნეგარესტანი განსხვავებულ პოზიციას იჭერს როგორც ეს ჩვენ უკვე ვახსენეთ. აქ იყოფა მათი გზები. თუკი ლანდი პოს-ჰუმანისტია და ადამიანის, ჰუმანიზმის სრულ დასასრულზე საუბრობს, ნეგარესტანი კლასიკური ჰუმანიზმის მხარეს არ იჭერს, მაგრამ მსჯელობს „ინჰუმანიზმზე“. ეს კი, მისი აზრით, ადამიანისგან გასვლას არ ნიშნავს, არამედ საჭიროა ადამიანის ახალი კონცეფციის შექმნა. ის გაგება ადამიანის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს არის ანაქრონიზმი და საჭიროებს განახლებას. ავტორის აზრით ადამიანი ჯერ საკმარისად არაა შესწავლილი, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში. საჭიროა ახალი კვლევები, რომელიც მიგვიყვანს ადამიანის პრინციპულად ახალ კონცეფციამდე და რომელიც დაუპირისპირდება ჰუმანიზმის კლასიკურ ვერსიებს და ადამიანის ესენციალიზმს.
კლასიკური ჰუმანიზმი ადამიანს განიხილავს, როგორც უკვე მოცემული არსის მქონეს, რომელიც უნდა შეიცნო. ნეოჰუმანიზმი კი ადამიანის არსს არ აღიარებს, მისთვის ის დინამიური არსებაა. ნეგარესტანის აზრით ხელოვნური ინტელექტი და ნეირომეცნიერება ცხადყოფს თუ რამდენად განუვითარებელია ჯერ ადამიანის გააზრება. ეს არის ჰუმანიზმი, რომელიც საბოლოო მიმართულებაზე არ საუბრობს. ეს უფრო „კლასიკური“ ადამიანის თვითგარდაქმნა-რეკონსტრუირებაა და საკუთარი თავისთვის ახალი თვალით შეხედვა. ნიკ ლანდისგან განსხვავებით აქ არაა მანქანის მხარეს გადასვლა, არამედ ადამიანის ახალი გაგების ჩამოყალიბება. ეს კი ახალი სულაც არაა ფილოსოფიის ისტორიაში. გავიხსენოთ თუნდაც პიკო დელა მირანდოლა ან ნიცშე.
2018 წელს რეზა ნეგარესტანი გამოსცემს წიგნს სახელწოდებით - „ინტელექტი და სული“, სადაც ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტის საკითხებს აანალიზებს. ავტორი წიგნში ხაზს უსვამს იმას, რომ თუ ჩვენ მყარად და ცხადად არ ჩამოვაყალიბებთ კრიტერიუმებს თუ რას ვგულისხმობთ ინტელექტში და გონებაში ამის გარეშე ჩვენი დახასიათება არსებების, როგორც გონიერის და მოაზროვნის სრული სისულელეა. ის აქ განიხილავს „ფილოსოფიურ სათამაშოს“, რომლის თამაშით ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ გადავაწყოთ ნებისმიერი კონცეფტები და აზრის სხვადასხვა ექსპერიმენტური ვარიაციები შევქმნათ. როგორც ინჟინრებს აინტერესებთ როგორ მუშაობენ სხვადასხვა მექანიზმები და სურთ გაიგონ მათი მუშაობის პრინციპები, ასევე ფილოსოფოსებს აინტერესებთ თუ როგორ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ახდენენ სამყაროს მოდელირებას, ქმნიან სისტემებს და ქმედით იდეებს. შეგვიძლია ვთქვათ რომ თუკი ნიკ ლანდის ფილოსოფოსობის მეტაფორა დანით შეიარაღებული ცივსისხლიანი ქირურგია, რეზა ნეგარესტანთან ეს მოთამაშე ინჟინერ-კონსტრუქტორია.
კურტის იარვინი გვთავაზობს მეტაფორას, რაც ფილმ „მატრიცა“-ს ერთ-ერთ სცენაშია მოცემული: მთავარი გმირის - ნეოს - წინაშე ორი ტაბლეტი იყო. ერთი ლურჯი, რომელიც ადამიანს ტოვებდა ილუზიაში, ხოლო მეორე - წითელი, რომელსაც ადამიანი გამოჰყავდა ილუზიიდან და რეალობას დაანახებდა. ასევე ფილოსოფიაშიც იარვინი ამბობს რომ წითელი ტაბლეტის არჩევაა საჭირო, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და გამოვიდეთ ანთროპოლოგიური ილუზიიდან. ამას კი სჭირდება გამბედაობა, ძლიერი ნება და ნამდვილი ფილოსოფოსის ალღო. „ბნელი განმანათლებლობის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ისინი ირჩევენ წითელ ტაბლეტს.
შეჯამებისთვის, „ბნელი განმანათლებლობა“ წარმოადგენს ფილოსოფიურ და პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც აკრიტიკებს თანამედროვე ჰუმანიზმს, დემოკრატიასა და თანასწორობას და ამის ნაცვლად აჩქარებას, იერარქიასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციას უჭერს მხარს. კურტის იარვინი, ძირითადად, პოლიტიკურ და ანტიდემოკრატიულ იდეებს გვთავაზობს; ნიკ ლანდი პოსტჰუმანისტური, აქსელერაციონისტული აჩქარების ფილოსოფიას ავითარებს, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანების მოძველებას და ტექნოლოგიური ევოლუციის ცენტრალურობას; ხოლო რეზა ნეგარესტანი გვთავაზობს ინჰუმანისტურ პერსპექტივას, რომელიც ცდილობს ადამიანის ხელახლა განსაზღვრას ინტელექტთან, სისტემებთან და გარემო შეზღუდვებთან მიმართებაში. ეს მოძრაობა, მთლიანობაში, ავლენს მმართველობის, ტექნოლოგიებისა და სოციალური ორგანიზაციის თანამედროვე კრიზისებში ღრმა ჩართულობას და წარმოადგენს ადამიანური და არაადამიანური მომავლის რადიკალურ გადახედვას. ამ ჩარჩოში პოსტჰუმანიზმსა და ინჰუმანიზმს შორის კონტრასტი კრიტიკულია, რაც კაცობრიობის ტრაექტორიისათვის, პლანეტარული და სოციალური ევოლუციის ჩამოყალიბებისათვის ინტელექტის (როგორც ადამიანური, ასევე ხელოვნური), როლის განსხვავებულ ხედვებს გულისხმობს.
