ჯაჰით სითკი თარანჯი
1910-1956
ასაკი ოცდათხუთმეტი!-
ცხოვრების გზაგასაყარს უდრის.
დანტესავით შუა ასაკია ცხოვრების.
სიგიჟეების და სიმამაცის დრო.
ცეცხლწაკიდებული ემუდარე თუნდაც,
თვალცრემლიანს არც შემოგხედავს,
წავა.
საფეთქლებზე დაუთოვია,
თუ ეს რა არის?
ღმერთო,ჩემია ეს ნაოჭები?
ეს ჩაშავებული უპეები?
რატომ მიმზერთ მტრულად,-
წლების მეგობარო სარკეებო.
დრო როგორ ცვლის ადამიანს,
ფოტოებს ვუმზერ,-ეს მე არა ვარ.
სადაა ის დღეები,
ის გრძნობები,
ის მღელვარება,
ნუთუ მე ვარ ეს მომღიმარი კაცი,
არა,მე არ ვარ.
უსამართლო და ცრუა ცხოვრება,
სადღაც ოცნებებში,პირველი ტრფობის
გახსენებაც კი გეუცხოვება.
სიყმაწვილის სამეგობროც
გზადაგზა გეფანტება,
მათი წასვლაც ამუქებს სიმარტოვეს.
ვხედავ ცას სხვა ფერებიც ჰქონია.
გვიან შევიგრძენი:
ქვა რომ მაგარია,
წყალი რომ ადამიანს აღრჩობს,
ცეცხლი წვავს თურმე.
ყოველი დღე დარდი რომ ყოფილა-
ადამიანი ამ ასაკში იგებს.
კომშის ყვითელი,
ბროწეულის წითელი შემოდგომაა.
მერე...თანდათან,
ყოველწლიურად გრძნობ,-
რატომ ბზრიალებენ ჩიტები ჰაერში.
საიდან გამოჩნდა ეს
დაკრძალვის პროცესია...
მკვდარი ვინაა...
ეს მერამდენე ბაღი ვნახე გაბარდული...
რას იზამ...
სიკვდილი ყველას თავსაა,-
დავიძინეთ-ვეღარ გავიღვიძეთ,-
ასეც ხდება.
ვინ იცის სად...
როგორ...
რამდენი წლის...
ერთი სამეფო ლოცვა აღევლინება შენთვის.-
ტახტრევანზე ხარ დასვენებული...
მერე... საფლავის ქვა...
საფლავის ქვა...
Kara Sevda *
შეგიყვარდა? შემოგიჩნდა
თუკი გულში გრძნობის ელვა,
როგორც ცეცხლი, ისე დაგწვავს,
როგორც ცეცხლი, ისე გფერფლავს.
სიყვარულით თუკი ივლი,
დაგაბრმავებს მეჯნუნივით,
მან არ იცის თუ რა დროა,
ზაფხული თუ შემოდგომა.
ცალკე რჩება დედამიწა,
ოცნებები მასზე- ცალკე,
ის კელაპტრად აფრქვევს ალებს,
შენ ფარვანად დასტრიალებ.
მთელ ცხოვრებას ანაცვალებ,
კუთხიდან მზერ მისსა თვალებს.
ვერც უმისოდ ვერ იძინებ,
და დღეები ასე ვლიან,
განშორება- ეს სიკვდილის
კიდევ ერთი სახელია.
*kara sevda- შავი სევდა. ტრაგიკული ტრფობა.სიყვარულის ნაღველი
***
ისეთი წელი მოსულიყოს:
ცა - ლურჯი,
ტოტები- მწვანე,
ყანა - ყვითელი ყოფილიყოს.
ხარობდეს მიწა
ჩიტებითა და ყვავილითა.
ისეთი წელი მოსულიყოს:
არც თავში- დარდი,
არც გულში- მონატრება,
ძმებს შორის შუღლი გამქრალიყოს.
ისეთი წელი მოსულიყოს:
აღარც სიმდიდრე ან სიღარიბე,
აღარც ჩემი და შენი...
ზამთრის დღეს ყველა თბილ სახლში იყოს.
ისეთი წელი მოსულიყოს:
ცხოვრება ტრფობასავით გულიდან მოჩქეფდეს;
თუ გვძულს და- სიკვდილი შევიძულოთ;
ახალგაზრდებმა იხარონ.
ხელოვანის სიკვდილი
წავიდა, არ დაბრუნდება, გაზაფხულის ნიავი,
ვერ დასრულდა, სანახევროდ დარჩა ობლად ნოტები,
დაიკეტა, დაიკლიტა ბაღჩები და ბაღები,
გასაღები ღმერთს მიბარდა, ვეღარ დაიტოტება.
წარბშეკრული, ბოლოს მაინც შემობრძანდა სიკვდილი,
აღარც ხილი...ყვავილებიც დარჩა გაუფოთქავი,
ცარიელნი, მზეში იწვის სკები, სკაში ფიჭები,
დრო გაჩერდა, დაუღვრელი თაფლი რჩება ფუტკარსო.
პაიდოსი!*
მორჩა, დრო არი შევისვენო ამ სიგიჟისგან,
მკაცრად დაიწყეს სარკეებმაც ჩემი დაგმობა,
არიქა, იქნებ სიყვარულის მივუსწრო რიგსაც,
ამ სასმელმა და ამ ყომარმა გამანადგურა.
რატომ დავმალო სისულელეს რომ გადავყევი,
ახალგაზრდობა ჩემი ხელით როგორ გავფანტე,
წავალ, მოვძებნი მშვენიერ გემს, სადმე გავყვები,
აღარ აბრუნებს ზღვა არაფერს, რასაც წარგვტაცებს.
დამრჩება უკან დუქნები და ღამის ბარები,
საძმო: მხატვრები, პოეტები, მაწანწალები,
ძმებო, ნუ იტყვით, გიღალატეთ, თუკი გავქრები,
თუკი იმ ღამის ნადიმებზე არ დაგეწვევით.
წლები მიქრება...
ალბათ ძლიერ დავიგვიანე,
მქონოდა სახლი, სიმყუდროვის თბილი სავანე;
რომ მოვა ის დღე და მოვკვდები, ძმებო, დოსტებო,
ჩემს დაკრძალვაზე ნუ დარჩებით დიდხანს საფლავზე.
* პაიდოსი- paydos- სამუშაოს შესრულებისას დროებითი
შესვენება გარკვეული დროით, ხელახლა საქმის დაწყებამდე.
სიკვდილი
სიტყვა გატეხეს ლურჯმა ზეცებმა,
ღამდება, ველი ნელი ნელ სიკვდილს,
საღამოს სიო სინანულს ყვება,
სინანულია რისკენაც ვილტვი.
ან რა ვიღონო, ვით გავათენო,
დრო არ ჩერდება, აკავებს არც რა,
სული თუ გავა ამ სხეულიდან
როგორ მივაწყდე დაკეტილ ფანჯრებს.
ვიყავ ურწმუნო, ვინ დავიცავი...
ან მომავალში ვუშველი ვის კი...
წყლებს წაუღია სულყველა ნავი,
იმედით ვუმზერ მხოლოდღა სიკვდილს.
სიყვარულით
რას ვხედავ, ცის ყოველ კიდეს
შავი ღრუბელია,
დაივიწყეო, ჩამძახის,
ლამაზი დღეები,
ვუყურებ, ზღვის ყველა ტალღა
ავი და მტერია,
ჩიტებისა და თევზების
არის მისტერია.
ძალიან შორს დარჩენილა
პორტი, სანაპირო,
არსაითა ჩანს კუნძულიც,
თავს რომ შეაფარებ,
ვხედავ დღე დადგა შავბნელი,
რა გსურს დააპირო,
ეკიპაჟებს და მგზავრებსაც
სიკვდილს რომ ანატრებს.
არც ნიჩაბია, არც ძელი,
იალქანი ...ან რამ...
სიყვარულს ვუხმე, გავუძელ
ქარაშოტს და წკვარამს,
გემიც მოვმართე და მთებიც
ველებად ავკაფე,
ბოლოს კი მოვინადირე
პატარა კაკაბი.
