ყველა სტატია
გამოქვეყნებული

რაულ ჩილაჩავა — მომავალი წიგნიდან „დრო უთარიღო“

თოვლი ზუგდიდში

რაულ ჩილაჩავა9 წთ საკითხავი1
გაზიარება
მომავალი წიგნიდან „დრო უთარიღო“

თოვლი ზუგდიდში

უხდება თოვლი ზუგდიდის ჭადრებს,

ზუგდიდის ბულვარს უხდება თოვა.

აქ სულმა სრული სიმშვიდე ჰპოვა,

და თუმცა მე ეს ვიცოდი ადრეც,

ახლა მით უფრო ვიცი და ვხვდები,

სამყაროს ჭიპი სწორედ აქ არი

და არასოდეს ნაქალაქარი

ის არ გახდება განგების ნებით.

თოვს ხვავრიელად, ცვივა და ცვივა

ქათქათა ფიფქი -ზეცის ნობათი.

და ჩანს ფიფქივით თეთრი მყოფადი, -

არავის შია, არავის ცივა.

თვალი ვერ ძღება თოვლის ყურებით,

რომელიც ჩვენგან სიჩუმეს ითხოვს...

და მანცხვარისკენ მიგვიძღვის თითქოს

მაცხოვრის წმინდა ნაფეხურები.

თურმე ასედაც შეიძლება - არ გაჰყვე ადათს...

წელს არ დამიდგამს არც ნაძვის ხე, არც ჩიჩილაკი.

გადამწვარია ჩემს კედელზე ნატვრის ღილაკი.

თურმე ასედაც შეიძლება - არ გაჰყვე ადათს,

ჩასთვლიმო იქვე, იჯექი თუ იწექი სადაც.

უსმინო სიზმრად "კირიალესას", ქარების სტვენას,

დიდი ხნის წინათ დავიწყებულ ბავშვობის ენას,

ნახო მშობლები, და-ძმები და ნათესავები,

მოყვრები, მტრები, სისხლისმსმელი ნახო სვავები.

იჯერო გული გუნდაობით, სუფრით, გართობით,

სოფლის ავ-კარგით, წაღმართობით, უკუღმართობით.

მერე უეცრად გაიღვიძო სროლების ხმაზე

და გაიფიქრო: "შეიძლება ხანდახან ასეც!"

მე მაინც ვცდილობ ტკივილი ვმართო...

სანამ შემეძლო, ვმართავდი ტკივილს,

ახლა კი მხოლოდ ოცნებას ვმართავ.

სხეულო ჩემო, რა დაგემართა,

რომ შენში სული კივის და კივის!

სამყაროს ტანზე ვეძებ დასაყრდენს,

ვსინჯავ ნიადაგს, მისხლტება ფეხი...

სადაც ასხია შენს დარგულ ხეხილს,

იქ საუკუნოდ უნდა დასახლდე.

ქრიან ქარები და ალვებს ხრიან,

ალვები მაინც ამაყად დგანან.

ფოთლები მასრებს არ ჰგვანან განა,

სასტიკი ბრძოლის ველზე რომ ჰყრია!

მაკრთობს აწმყო და წარსული მართობს,

ვარ ატუზული მომავლის კართან.

და თუმცა მხოლოდ ოცნებას ვმართავ,

მე მაინც ვცდილობ ტკივილი ვმართო.

მე, როგორც იქნა, დავუჯერე წინათგრძნობის ზარს...

არ გაყოფილა ჩვენი გზები, ისინი გაწყდა,

უცებ დაიწყო უგზოობა და სიმარტოვე.

რა მისტიკაა!.. ნაფეხურს და კვალს რომ არ ვტოვებ,

ვერც ვინმეს ვხედავ, თითქოს მთელი ქვეყანა გაწყდა.

მე ახლა ვცხოვრობ ტყის კაცივით... სიცივეს ვიტან,

ჩემი სარჩოა მხოლოდ კენკრა და კურკანტელი,

სულში კი ელავს და არ ქრება ტრფობის კანდელი,

თუმც უბერავენ ძველებურად ქარები ზღვიდან.

უკვე შობამაც ჩაიარა, ჩამთავრდა უქმე

დღეების წყება, მაგრამ ჩემთვის შეცვლილა არც რა.

ამ პანდემიას ვერ უშველის პირბადე, აცრა,

ვაფასებ წარსულს, თანაც ჩუმად საკმეველს ვუკმევ.

ვნების კოცონი ჩაინავლა, დარჩა ღადარი,

მე, როგორც იქნა, დავუჯერე წინათგრძნობის ზარს.

გეტყოდი კიდეც: "კარგად გნახე, გზა მშვიდობისა!"

მაგრამ მითხარი, გზა რა იქნა, გზა, გზა სად არი!

ფიქრებიდან ვერ ამოჭრი კადრებს...

მესიზმრები, მაგონდები, მახსენდები,

სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ, ვერა!

გონებაში აღრეულა აქცენტები,

კალაპოტში ამღვრეულა ვერა.

სადაური სად ვიყავი და სად არა,

მაგრამ ყველგან თან დამდევდა მაშვრალს

შენი სახე - შთაგონების დასადარად,

ხომ არ ფიქრობ, ვნების წყარო დაშრა!

თუმც ცხოვრება აირია, დაირია,

ბევრი რამე თვალსაც მიეფარა,

მაინც ვხედავ ზეცას, მთვარის დაირიანს,

ვერ მიბინდავს მზერას ღრუბლის ფარა.

მე დამჩემდა შენზე დარდში ღამისთევა,

როგორც მაშინ, როგორც უწინ, - ადრე!..

შენ იქ ხარ და იქ იქნები, სადაც მე ვარ,

ფიქრებიდან ვერ ამოჭრი კადრებს.

სად მიდიხარ. არ დამტოვო. წამიყვანე მეც!

ხმას ჩავიგდებ. გავჩუმდები. არ ვიანგლებ მეტს.

სად მიდიხარ. არ დამტოვო. წამიყვანე მეც!

განთიადი ნისლის რძეში თითქოს ფეხებს გბანს.

ტყე შრიალებს, წყარო მღერის, ქარი ამბობს ბანს.

ზოგჯერ თვალებს დასდინდება ცხელი ცრემლის რუ.

რას მიშვრება ეს სოფელი, ბოროტი და ცრუ!

რომ შემეძლოს ძველებურად, შემოგხვევდი მკლავს,

სიახლოვე ცეცხლს მიკიდებს, განშორება მკლავს.

რომ შემეძლოს, ერთხელ კიდევ შევიცვლიდი ბედს,

სად მიდიხარ. არ დამტოვო. წამიყვანე მეც!

რა ერთბაშად მოგეწია დრო უთარიღო...

განშორება სიყვარულთან, ო, რა ძნელია!

გელოდება ცივი ღამე, ქუფრი ვაგზალი.

დავიწყების ბურუსია შენი საგზალი,

შენი ჰიმნის რეფრენია: აბა, დელია!

უცებ იგრძნობ, რომ ძალ-ღონე გამოგელია!

რად გეგონა, ლომი ვარ და ვინ მომერევა!

ახლა გლოვობ, ახავაი, ყველას მერე ვარ!

აბა დელა, ოდელია, აბა დელია!

ეს ცხოვრება, ღმერთი-რჯული, საკვირველია,

წინ დაგხვდება მეწყერივით, რასაც არ ელი.

არც ღიმილი, არც სიტყვები გასახარელი,

მხოლოდ: დელი ოდელია, აბა დელია!

გახსენდება: ჯაგნარს სტოვებთ, კაბა მრთელია.

იყო, იყო, ესეც იყო, განა არ იყო!..

რა ერთბაშად მოგეწია დრო უთარიღო...

აბა, დელა, ოდელია, ორუდელია!

გული მაინც სავსეა ძველი სიხარულებით...

თითქოს გეუცხოვე და თითქოს გეპატარავე.

ჩემი ცის კაბადონზე აღარ ჩანხარ სრულებით.

თუმცა ქონდრისკაცები სიხარულებს მპარავენ,

გული მაინც სავსეა ძველი სიხარულებით.

როგორ მოგიხელთო და როგორ დაგიდარაჯო,

სულის საყდარს ფრესკები ჯერ კიდევ შერჩენია.

უნდა ისევ აღვმართო ძველ კედლებთან ხარაჩო,

რომ ერთბაშად არ გაქრეს, რაც უდავოდ ჩვენია.

ვდგავარ ფანჯარასთან და ვითვლი, ვითვლი ფანტელებს,

ვგრძნობ, შენთან გადამისვრის მოგონების შურდული.

ცეცხლი გალობს ბუხარში, მე კი მაჟრუანტელებს,

თოვლის ურდოს სცოდნია შემოტევა ურდული.

შენზე ფიქრი მბოჭავს და აღარ მაძლევს გასაქანს,

მახსენდება ერთბაშად კარგიცა და ავიცა.

თითქოს ვიღაც მიმიზნებს ქაშქვილსა და ქასაგანს,*

მე კი თავს სიყვარულის ოქროს ფარით დავიცავ.

*ქაშქვილი დო ქასაგანი (მეგრ.) მშვილდ-ისარი.

თან გისტუმრებ, თანაც ვთლი მზღვის დასალევ კოვზს...

სანამ თოვლი მღერის და ქარი ცეკვავს ვალსს,

ცოტაც დამაცადე და დაგიბრუნებ ვალს.

წუხელ არ მიძინია, ქაჯებს ვყავდი ტყვედ,

ბრიალებდა გარშემო მაშხალების ტყე.

თითქოს ვისაც ვიცნობდი, ყველამ ხელი მკრა.

ნეტავ, რა დავაშავე, რა შევცოდე, რა?

სანამ ქარი მდუმარებს, სანამ უხმოდ თოვს,

თან გისტუმრებ, თანაც ვთლი ზღვის დასალევ კოვზს.

დღეს შენს მაგივრად თოვლი მოვიდა...

როგორ ველოდი, როგორ ველოდი,

გამოჩნდებოდი ამ საღამოსაც.

გავიგონებდი ხმას მონატრებულს,

ზოგჯერ მწარეს და ზოგჯერ ამოსაც.

მაგრამ შენს ნაცვლად მოვიდა თოვლი

და დრო დარდისთვის არ დამიტოვა.

შევყევი ნელა ფიქრის უღრანებს

და დაბნეული ახლა მიტომ ვარ,

რომ გზა დავკარგე და აღარ ვიცი,

სამშვიდობომდე როგორ მივიდე.

წარმოვიდგინე შენი ხელები

და ავგაროზად გულზე მივიდე.

მხოლოდ ისინი, მხოლოდ ისინი

გამომიყვანენ მე ამ თოვიდან.

დღეს გაპატიე, რომ არ მოხვედი,

დღეს შენს მაგივრად თოვლი მოვიდა.

ხეც ვერ გადარჩა, უდაბნოში ჩრდილს ვეძებთ ახლა!..

ეს ლექსი უნდა ავაწვდინო, როგორც ნობათი,

ღმერთებს, რომლებიც მეუფობდნენ დიდი ხნის წინათ.

ცნობადის ხეზე დამჭკნარია ხილი - ცნობადი,

თავად ღმერთებს კი გახუნებულ ლაჟვარდში სძინავთ.

მაინც რა მოხდა, რამ გაუხმო ფესვები ამ ხეს?

ჩვენ ვიტკბარუნებთ პირს ამჟამად უკვე სხვა ხილით,

ხოლო გარშემო სანამ ძველი კერპები ამხეს,

ქაოსმა დანთქა ხალხის მოთქმა და შეძახილი.

კი, ჩვენ ვარსებობთ, გვიდგას სული, ვდგებით და ვწვებით,

ზოგჯერ გვგონია, რომ რაღაცას ვაკეთებთ კიდეც,

მაგრამ ეს წლები, ულმობელი, სასტიკი წლები,

გვახეთქებს შუბლით გაყინული სამყაროს კიდეს.

სადაა ახლა წარსული და მყოობადი - სად?

რატომ დაეტყო ნაადრევად გონებას დაღლა?..

დაფერთხეს ბოლო ნაყოფამდე ხე ცნობადისა,

ხეც ვერ გადარჩა, უდაბნოში ჩრდილს ვეძებთ ახლა.

ოღონდ არ თქვათ: კაცობაში შეცდა!..

ვდგავარ განსაცდელის კართან,

რაც მწამდა და რაც მიყვარდა,

ყველაფერი მეკარგება, მგონი.

ჩაიარეს გვირილებმა,

დუმილებმა, ყვირილებმა,

მუხა გახმა, ირგვლივ ყრია რკონი!

არაფერზე აღარ ვდაობ,

ჩემო ძმებო, ჩემო დაო,

მეც იქ მოვალ, სადაც თქვენ ხართ ახლა.

თვალს ვუსწორებ ბედისწერას

ანუ დავიწყების ერას

და ფიქრები მიილტვიან მაღლა.

მე ცხოვრებამ ჯვარზე მაცვა,

მაგრამ მაინც ის ვარ, რაც ვარ

და რა შემცვლის სხვა სამყაროს ბჭესთან!

რაც გენებოთ, დამიძახეთ,

გინდ მაქეთ და გინდა მძრახეთ,

ოღონდ არ თქვათ: კაცობაში შეცდა!

ვხედავ ღია სამარეს...

ზღვა ნაპირს აწყდებოდა,

ქსელში დენი წყდებოდა,

მე არ მავიწყდებოდა,

სად ვარ, რისთვის, რატომ!

როგორც სევდის მოდელი

ჰყვაოდა ასფოდელი,*

იდგა თეთრი ოტელი,

ვერცხლის საგუმბათო.

მე ვიცოდი: აქ არი

ვნების ნაქალაქარი.

იფშვნება მინანქარი

უტკბილესი წლების.

ნისლი გადააფარეს

ამ მინდორ-ველს, ამ არეს,

ვხედავ ღია სამარეს

და შიგ უხმოდ ვწვები.

*ბერძნული მითოლოგიის მიხედვის მიწისქვეშა სამყაროს ყვავილი.

აღარ დამაბრუნო, აღარ დამაბრუნო,

აღარ დამაბრუნო იქით!..

აღარ დამაბრუნო, აღარ დამაბრუნო,

აღარ დამაბრუნო იქით.

თუმცა ცოცხალი ვარ, მკვდარი უნდა ვიყო,

დიახ! - წესითა და რიგით!

ის, რაც მესიზმრება, ის რაც მელანდება,

ის, რაც დღენიადაგ მზაფრავს,

ნავად ქცეულა და ტალღებს შერევია,

ქარში ვეღარა შლის აფრას.

როგორ დაკნინდა და როგორ დაილია,

როგორ დაემსგავსა მარტვილს,

ზამთარგამოვლილი, ესხერგამოვლილი,

ჩემი იმედების მარტი!

აღარც ორშაბათი, აღარც სამშაბათი,

აღარც ოთხშაბათი უკვე.

ნაცვლად - ხუთშაბათი, ნაცვლად - პარასკევი,

შაბათ-კვირას საკმელს ვუკმევ!

ცხოვრებამ კი შეუმჩნევლად გაიარა...

ყოველ დილით გიყურებდი აივნიდან,

და მთელი დღე მერე გულით გატარებდი.

სიზმრად ნანახ ციურ სურათს გადარებდი,

თან მეგონა, ეს სიცელქე გაივლიდა.

მაგრამ თურმე არ ნელდება ჰაიჰარად,

ცეცხლის ალი, ავარდნილი წლების წინათ.

შენ ჩემ გულში ძველებურად გიდევს ბინა,

ცხოვრებამ კი შეუმჩნევლად გაიარა.

ქარი, რომელიც ჰქროდა...

აღარც შეძლება, აღარც მოტივი,

აღარც იმედი მქონდა,

გულში ჩამეკრა შენსავით ნაზად,

ქარი, რომელიც ჰქროდა.

ბუხრით თბებოდა თოვლში ჩაფლული

ჩემი პატარა ოდა.

შენზე ჰყვებოდა უნათლეს ზღაპარს

ქარი, რომელიც ჰქროდა.

შენ სად იყავი, მე სად ვიყავი?

არსად, აღარსად! - ჰოდა,

ჩვენს განშორებას ტიროდა მწარედ

ქარი, რომელიც ჰქროდა.

რაც გულში მქონდა გადანახული

ხოტბა, შესხმა და ოდა,

სულ წარმტაცა და სულ მიმოფანტა

ქარმა, რომელიც ჰქროდა.

ეს რა დაგემართა და, ეს რა მოგივიდა!

მე რომ თვალი მომეკრა, მე რომ რამე მეთქვა,

მკერდზე ისე მომეკრა, ვიგრძენ გულის ფეთქვა.

იდგა თებერვალი დამძაფრი ქარი ჰქროდა.

კვამლი ამოდიოდა სულის საამქროდან.

როგორ ხელში ჩამადნა, როგორ დამეკარგა.

თითქოს გაქრა ეკრანზე სიყვარულის ქარგა.

ჩამესმოდა შორი ხმა, წამოსული ზღვიდან:

"ეს რა დაგემართა და, ეს რა მოგივიდა!"

ოთხი ლექსი ოთარ ჭითანავას ხსოვნას

1

მხოლოდ მადლით და სიკეთით სავსე!

შეწყდა მდინარის დინება ჩქარი

და ნაპირები გაქვავდა თითქოს.

ასეა, ერთხელ წუთისოფელი

ყველას მოგვიწყობს საკუთარ დიდგორს.

ჩვენ იქ მარტო ვართ, არ გამოჩნდება

აღარც მაშველი და აღარც მხსნელი.

სულ მისხალ-მისხალ აგვეწონება

ცოდვაც და მადლიც უჩინარ ხელით.

იძინე მშვიდად! ნათლის კიაფი,

შენი მარადი სასახლის თავზე

გვამცნობს, იყავი მთელი ცხოვრება

მხოლოდ მადლით და სიკეთით სავსე!

ამიერიდან უფლის ხატია

შენი მეგზური და წინამძღვარი

და გულში გიკრავს შვილს უსაყვარლესს

შენი ზუგდიდი, შენი მანცხვარი!

2

ოთარ ჭითანავას დამშვიდობება თბილისთან

გემშვიდობები, ჩემო თბილისო,

დამთავრდა ჩემი ბალ-მასკარადი.

ვერც კი შევნიშნე, ვერც შევამჩნიე,

როგორ მივედი კუბოს კარამდი!

მშვიდობით, ჩემო ვაკის პარკო და,

ჩემო ზემელო და ჩემო ვერავ!

ვტოვებ რუსთაველს, ქაშვეთის კედლებს

და შეუჩვეველ სივრცეებს ვზვერავ!

უკანასკნელად მივდივარ ზუგდიდს ,

ბედს არ ვემდური, არც ვებუტები.

ზეგ მშობელ მიწას, ერთგულ გადიას,

სამარადისოდ ჩავეხუტები.

ჯვარი გწერია, დედულ-მამულო,

ჩემო ქვეყანავ, ჯვარი გწერია!

გახსოვდეთ შვილი, რომელიც გყავდა

და აღარა გყავს... ბინდს შეერია!

3

დღეს, ძმაო ოთარ, მზე ამოვიდა...

ზუგდიდში წვიმდა, იმგვარად წვიმდა,

ცა მართლაც ფეხად ჩამოდიოდა.

თოვლზე სპეტაკი, ყინულზე წმინდა,

მიტევდა სუსხი, სული მტკიოდა.

ედგა ოდიშის სატახტო ქალაქს

სასოწარკვეთის, ტკივილის ჟამი.

თითქოს ახადეს მას თავის ქალა

და ჩააწვეთეს სიკვდილის შხამი.

შენ ურიცხვ ხალხში იყავი მარტო,

მათთან, მათ გვერდით ყოფნას ჩვეული.

ეთხოვებოდა საკუთარ გვარტომს

გაქვავებული შენი სხეული.

მაინც რა მოხდა, მაინც რა იყო,

რამ გააავა ასე ბუნება?

ზეცამ მიწასთან რა ვერ გაიყო,

რად არ ისურვა მისალბუნება

მასთან?.. დარეკა ვლაქერნის ზარმა,

შენი სასახლე აცურდა მაღლა.

მე დავიზაფრე, სიტყვები არ მაქვს,

მუხლებმა იგრძნეს სასტიკი დაღლა.

მე შემომესმა მეგრულ გლოვიდან

ლოცვა, რომელსაც გულში ვინახავ.

დღეს, ძმაო ოთარ, მზე ამოვიდა,

მაგრამ შენ იმ მზეს ვერ დაინახავ!

4. ასი წლის მერე, ასი წლის მერე...

რა ხდება, ოთარ, იმ ქვეყანაში,

დაგხვდნენ ბიჭები?.. კარგად არიან?..

ჩვენთან ჯერ კიდევ იანვარია

და სულს ვუბერავთ სულის ქვანახშირს.

შენი არყოფნა დაგვეტყო ყველას,

გავხდით სულ სხვები, სულ სხვაგვარები.

დაიმახსოვრე ჩვენი გვარები,

შენი ისედაც ჩვენ თვალწინ ელავს.

ისე გავიდა ორმოცი დღე და

ისე გავიდა ორმოცი ღამე,

სიზმრად სულ შენზე სპექტაკლებს დგამენ,

თვითონაც ერთხელ თუ ნახე, ნეტავ?

კიდევ ცოტაც და ზეცაში ახვალ,

შეავლებ მზერას კოსმოსურ ფერებს.

ასი წლის მერე, ასი წლის მერე,

კვლავ გაგვახარებს ერთურთის ნახვა!

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები