ყველა სტატია
გამოქვეყნებული

გორვანელი — მარსიანი

ქართულმა ლიტერატურამ რამდენი ნებაყოფლობით განდეგილი იცის? ცოტა მათგანი თუ ახერხებდა თავისი განდეგილობით ისე ბუნებრივად ეცხოვრა, რომ მისი დანახვისას გვეფიქრა: ეს კაცი არც გრძნობს, რომ მარტოა, არც განშო…

გორვანელი8 წთ საკითხავი0
გაზიარება
მარსიანი

ქართულმა ლიტერატურამ რამდენი ნებაყოფლობით განდეგილი იცის? ცოტა მათგანი თუ ახერხებდა თავისი განდეგილობით ისე ბუნებრივად ეცხოვრა, რომ მისი დანახვისას გვეფიქრა: ეს კაცი არც გრძნობს, რომ მარტოა, არც განშორების ცრემლი დაჰგროვებია, არც სიყვარულის ნეტარება მოუთხოვია.

იყო ასეთი ესეისტი, კრიტიკოსი, პროზაიკოსი, პოეტი, ფილოლოგი და მხატვარი, არაერთი ნიჭისა და იდეის მატარებელი კაცი, სახელად გია ბენიძე, რომელმაც ფსევდონიმად მარსიანი დაირქვა. ფსევდონიმის ეს არჩევანი თვითდახასიათების მცირე მტკიცებულება იყო: კაცი, რომელიც არაამქვეყნიური შთაგონებებითა და აღმაფრენით სავსე გახლდათ, თავის ადგილს ამქვეყნად თითქოს ვერსად პოულობდა, მაგრამ, ამავდროულად, ყველგან იყო. სხვა მარსისდარი ფსევდონიმის მქონე ავტორი, ფერნანდო პესოა, საკუთარ თავს ჰეტერონიმებად ფშვნიდა იმისათვის, რომ ერთი სიცოცხლე მრავალგზის ეცხოვრა; მარსიანი, პირიქით, ერთ ფსევდონიმში იკრიბებოდა, რათა მისი მარსიანული სტატუსი არასოდეს დავიწყებოდა მკითხველს, პირველ რიგში – არც თავად.

ის რამდენიმე პოეტური კრებულის, რამდენიმე კრიტიკული ნაშრომისა და რამდენიმე რომანის ავტორია. გაურბოდა საკუთარი დაბადების ადგილს, პროვინციად მიაჩნდა ქუთაისიც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი ქუთაისში დაჰყო და მისი ცხოვრების ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი ზუსტად ქუთაისს უკავშირდება. ეს ის ცნობილი პროვინციული კომპლექსი არ ყოფილა, რომელიც ბოვარის ქალბატონს ემართებოდა ფლობერთან – გულუბრყვილო ხალისი დიდი ქალაქის წინაშე; მარსიანის შემთხვევაში გვაქვს უფრო შარლ ბოდლერის ცხოვრებისეული ლოგიკა: ბრბოდან გასვლა მხოლოდ მცირე ბრბოში დასაბრუნებლად, სადაც შენი ენა ვინმეს მაინც ესმის. წავიდა თბილისში და იდეას მიუძღვნა თავისი თავი. სკეპტიკოსიც იყო და თვითდაჯერებული ირონისტიც, რომელიც საზოგადოების მანიპულირებას მცირე გართობასავით ეპყრობოდა.

ცხოვრობდა უბრალოდ, განდეგილივით; ერთი მზერით თქვენ იფიქრებდით, რომ თავს ცუდად გრძნობდა. გარკვეული პოზა შექმნა საკუთარი პერსონით და მის ირგვლივ ადამიანების ყოფნაცა და არყოფნაც მისივე ნება-სურვილიდან გამომდინარე ხდებოდა. ამას არ ჰქვია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა; ალბათ უფრო შეეფერება ეს ფრაზა: იცოდა ვინ იყო და კარგადაც თამაშობდა საკუთარი ინტელექტის ხარჯზე. შეიძლება გეფიქრა, რომ შენიანი იყო, მაგრამ ის უსათუოდ გაგაცურებდა. ეს ის ბაირონისეული დენდიზმი არაა, რომელიც აყვავებულ სალონებში ნადირობდა აღფრთოვანებას; ეს უფრო ფლობერისეული თვითდისციპლინაა, რომელიც კარგად ფარავდა საკუთარ მოწყვლადობას ინტელექტუალური დისტანციით.

მისი პოეზია მრავალფეროვანია, მუსიკალური და რიტმული. დეკლამაციაც კარგად გამოსდიოდა; რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ პროზაიკოსი და მხატვარი უფრო იყო, ვიდრე კრიტიკოსი, ესეისტი ან პოეტი. ეს თვითდაკნინება ანდა, უფრო ზუსტად, თვითგაცილების კოკეტურობა, ჟანრული თვითიდენტიფიკაციის ის სიფრთხილე იყო, რომელიც სტეფან მალარმეს ახასიათებდა, როცა საკუთარ თავზე ამბობდა: მე, უპირველესად, ენით ვარო.

მარსიანი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო – ნებისმიერ ჟანრში მისი ხელწერა ხედავდა იმას, რასაც სხვა ვერ ხედავდა. ეს ბელინსკისეული პოზიცია არ არის, რომელიც ნაწარმოებს იდეოლოგიური ბადით ფსკერამდე ცრიდა; ეს უფრო შარლ ოგუსტენ სენტ-ბევის ხელწერაა, რომელიც მწერლის შეცნობას მისივე პერსონის შიგნიდან ცდილობდა. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მარსიანი, იმავდროულად, ის მწერალიც გახლდათ.

ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა თბილისში; შეიძლება ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდა, მაგრამ მეგობრები, ასე თუ ისე, ტრიალებდნენ მის გარშემო. ცხოვრების ბოლო წლებში თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებდა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორ ქალბატონთან, რომელსაც არაერთი წერილი თუ ლექსი მიუძღვნა. მარსიანის ინტელექტის მესაკუთრე გახდა თითქოს ეს ქალბატონი და მარსიანის ოჯახიც ამ მხრივ ეწინააღმდეგებოდა პოეტის თბილისში ყოფნას. ყველას ეგონა (რამდენიმე მისი ძველი მეგობრის გარდა), რომ მიუსაფრობა ღვთიური განგების განაჩენი იყო, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რომ ეს ადამიანური არჩევანი გახლდათ. რაც ოჯახური თვალთახედვით სოციალურ მარცხად აღიქმებოდა, თვით მარსიანისთვის ეგზისტენციური თავისუფლების ფორმა იყო: ის უარს ამბობდა ცხოვრების მოწყობის ბურჟუაზიულ მოდელზე ისე, როგორც კავაფისი უარს ამბობდა ალექსანდრიის დატოვებაზე ხელსაყრელი კარიერისთვის. სიღატაკე მისთვის სიმბოლური კაპიტალი იყო და არა მარცხის მტკიცებულება, – განსხვავება, რომელიც ბოლომდე არ აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას, რომელშიც დღემდე ცხოვრობს რწმენა, თითქოს მწერალი მხოლოდ მაშინაა „წარმატებული", როცა მისი ბინა გარემონტებულია.

მარსიანის დაკრძალვაზე ვიყავი წინა წლის იანვარში, ლეჩხუმში, ხვამლის მთის ძირში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მარსიანის დის ოჯახში, სადაც ის დაასვენეს და რომელი სოფლის სასაფლაოზეც მიწას მივაბარეთ. პარადოქსია, არა? ჭირივით ეჯავრებოდა სოფელში ყოფნა, ის კი არა, ქუთაისიც პროვინციად და განვითარების შემაფერხებლად მიაჩნდა მარსიანს და მკვდარი მაინც დააბრუნეს იქ, საიდანაც უკან მოუხედავად გარბოდა. თბილისში უნდა დაკრძალულიყო, მაგრამ მისმა დამ და დის ოჯახმა ასე ისურვა, – გამოსტაცეს მეგაპოლისს გარდაცვლილი მარსიანის ცხედარი. ლოგიკა აქ თავისებურია და ისეთი მძაფრად ქართული, რომ ღიმილისა ღირსია: თუ ცოცხალი არა, მკვდარი ხომ მაინც ჩვენი იქნებაო. სოფელმა, რომელსაც პოეტი სიცოცხლეში ვერ იტანდა, სიკვდილით დაიბრუნა სრულუფლებიანი მფლობელის ქედმაღლობით. ეს ის უძველესი ანტიგონესეული კონფლიქტია, ოღონდ შებრუნებული: სოფოკლესთან ანტიგონე ცხედარს მიწას აბარებს, მიუხედავად სახელმწიფო კანონისა; მარსიანის შემთხვევაში, ცხედარს მიწას აბარებენ, მიუხედავად მისივე უნებობისა. ეს უკვე არც ერთი კლასიკოსის სცენარი არაა; ეს ჩვენებური, ფოლკლორული „დაბრუნებაა ფესვებთან", ფესვების სამარისებურად დახასიათების გარეშე. იმ დღეს მირიან ებანოიძეს შევხვდი მარსიანის დაკრძალვაზე. ვისაუბრეთ. ფილოსოფოსი ებანოიძე კარგად იცნობდა მწერალს, ძველი მეგობრობა აკავშირებდათ ჯერ კიდევ ქუთაისიდან.

მარსიანს არ ჰყავდა ცოლ-შვილი. მისი ნაწარმოებები ესთეტიკურია, დახვეწილი და ფსიქოლოგიური; მეტაფიზიკური გატაცებებიც ახასიათებს. კრიტიკისა და ესსეისტიკის პროფესიონალი იყო, რომელსაც კლასიკური კრიტიკის არაერთი ნიმუში აქვს შექმნილი. მისი კრიტიკული წერა ვერც ჰაროლდ ბლუმის სიდიადეშფოთვის თეორიული აპარატით აიხსნება და ვერც როლან ბარტის სტრუქტურალისტური სქემებით, იგი უფრო ბენიამინისეული სტილის მონათესავეა, სადაც კრიტიკოსი ნაწარმოების მუზეუმის ექსკურსიის გამცილებელი არ არის, არამედ თავისივე აღმოჩენილ მაგნიტურ ველში მოგზაურია. კრიტიკოსის დაკვირვებები მწერალთა შესახებ კი ხშირად აქცევდა მათ ისეთ რაკურსში, რომელშიც თვით ავტორებსაც აღმოჩენის გრძნობა უჩნდებოდათ, რასაც ცოტა კრიტიკოსი თუ ახერხებს. გალაკტიონისეული თვითპოეტიზაცია მისთვის უცხო იყო; მისთვის ახლობელი გახლდათ ის სიფხიზლე, რომელიც ოსიპ მანდელშტამის პოეტურ ფიქრს ახასიათებდა, ფიქრი, რომელიც ლექსამდე ცდილობს ლექსი იყოს.

მისი შემოქმედებითი ფაქტურა იშვიათად ძირავდა მკითხველს ერთ რეგისტრში. პოეტური მონაცემები გვაგრძნობინებენ ფონეტიკურ მგრძნობელობას: ლექსი მისთვის უპირველესად სმენადი მოვლენაა, რომელშიც ცეზურა, ანჟამბემანი და ალიტერაცია არ არიან ტექნიკური ხერხები, ისინი აზრის სხეულის ძარღვებია. ასე იყო პოლ ვალერთან, რომელიც ლექსს ლექსიკოგრაფიულ მოვლენაზე მეტად ფონოლოგიურ ხდომილებად მიიჩნევდა; მარსიანის სტრიქონებიც ვერბალურ მუსიკას უფრო ეთანხმებიან, ვიდრე სემანტიკურ ფიქსაციას. აქედან არ გამომდინარეობს ფორმალისტური სიცარიელე, პირიქით, მისი პოეტიკის ეიდოსი იყო ის სიფხიზლე, რომელშიც ფონური და ნოეტიკური ერთმანეთს კი არ ებრძვიან, არამედ კუზანელისეულ დაპირისპირებულთა დამთხვევად ერთიანდებიან.

მისი პროზაულ-ფსიქოლოგიური ფაქტურა გარეგნულად მინიმალისტურია; შინაგანად კი – ფენომენოლოგიური ექსპერიმენტი. პერსონაჟის ცნობიერების შრეები მისთვის არ იყო პლასტიკური მოცემულობა, რომელშიც ავტორი თავისუფლად მანევრირებს; არსებობდა ჰუსერლისეული რედუქცია – ხედვის სარკმელი, რომელშიც სამყარო „ეპოქესეული" შეჩერების შემდეგ აღმოჩნდება. გარკვეული თვალთახედვით, მისი პროზა აპოფაზური ნარკვევია – გვიყვება არა იმას, რაც არის, არამედ იმას, რაც აღწერას არ ექვემდებარება. ეს უფრო მორის ბლანშოს „წერის სივრცის" ნათესავია, ვიდრე ბალზაკისეული რეალისტური ცნობიერებისა. ბახტინისეული ქრონოტოპის გაგებითაც მისი დროითი ხაზი მუდმივად გადაგრეხილია: წარსული, აწმყო და ჰიპოთეტური მომავალი მის ფრაზებში ერთ ფენომენოლოგიურ პლანში თანაარსებობენ.

კრიტიკული ხელწერა მისი (აქ ვერ მოვერიდები ცხად ხაზგასმას) ჰერმენევტიკული ოპერაცია იყო და არა მსჯავრის გამოტანის სამართალწარმოება. დასავლურ კრიტიკულ ტრადიციაში ეს ხელწერა შლაიერმახერისა და დილთაის შემდგომი გადანერგვაა; ფრიდრიხ შლეგელისეული „ლექსად დაწერილი კრიტიკოსობის" ცდუნებას მარსიანი ცნობდა, თუმცა საკუთარ ტექსტებში სუვერენული აპოლონური სიმტკიცე უფრო ეახლოვებოდა, ვიდრე დიონისური თვითდავიწყება. გნოსეოლოგიური თვალთახედვით, კრიტიკოსი მისთვის ის სუბიექტი იყო, რომელიც ნაწარმოების ეიდოსს კი არ ეძებდა გარეგან მონაცემებში, არამედ მის შინაგან ენტელექიაში – არისტოტელესეული გაგებით. ეს იყო კრიტიკული პრაქტიკის ის სახე, რომელშიც ინტენციონალური აქტი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საანალიზო ობიექტი.

ესსეისტიკაში მარსიანის ხერხები ფრაგმენტებად უახლოვდებოდა ფრიდრიხ შლეგელისეულ დევიზის: „ფრაგმენტი ბურთივით უნდა იყოს ჩაკეტილი". მისი ესე მცირე ფორმის ეპიფანიაა; იქ, სადაც სხვა მკვლევარი ხშირად სქოლასტიკურ ექსპლიკაციას ანიჭებს უპირატესობას, მარსიანი ნუმინოზურ შტრიხს ირჩევდა. სტილისტური ეთოსი მისი მინიმალისტურია, თუმცა პათოსი – მაქსიმალური, რასაც ნახევარტონის გავლით აღწევდა და არა ხმის აწევით.

მარსიანის მხატვრობა ცალკე საუბრის ღირსია. მისივე ლიტერატურულ კოდს იცავდა. ფერი მისთვის გრაფიკული ჟესტი იყო და არა ემოციური ექსპრესია; ბიზანტიური იკონოგრაფიის სიმტკიცე და მოდერნისტული ფიგურის ფრაგმენტი ერთად თანაარსებობდნენ მის ფურცლებზე ისე, თითქოს მალევიჩი უპირისპირდებოდა რუბლიოვს, ხოლო ისინი ერთად მარსიანის ნებას ელოდებოდნენ.

მცირე ყურადღებაც ახარებდა, განსაკუთრებით ასაკში. მისი ინტელექტი, თითქოს, გარკვეულწილად, გაუბედავსაც ხდიდა. ჩვენ პირადად არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ შორიდან – საკმაოდ კარგად. ერთხელ ტელეფონზე დავურეკე, ალბათ გარდაცვალებამდე ექვსი-შვიდი თვით ადრე. ტექსტების დაბეჭდვა შევთავაზე ჩემს ლიტერატურულ ჟურნალ „აფინაჟში". მადლობა გადამიხადა, დამპირდა გამოგზავნას, თუმცა შევატყვე – მისი ლოიალობა სხვა ჟურნალისადმი ერთგვარ პასუხს გვაძლევდა მისი დიპლომატიის ფარგლებში. ეს არ იყო უარი; ეს იყო თვითპატივისცემის თავაზიანი ფორმა.

გავიხსენებ აქ ნეკროლოგისეულ ტექსტს, რომელიც მისი გარდაცვალების დღეებში დავწერე:

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ მიწიერი სამყარო დატოვა მარსიანმა (გია ბენიძე) – შემოქმედმა, რომლის სულიერი სიღრმეები პლოტინისეულ უმაღლეს საწყისს „ერთს" ეზიარებოდა. მისი კალამი აერთიანებდა მიწიერსა და ზეციურს, როგორც გონი აერთიანებს სამყაროსეულ პირველსაწყისებს უზენაეს სიბრძნეში. როგორც სოფოკლეს გმირი აიასი იცავდა ღირსებასა და სამართლიანობას სიკვდილის ფასად, ისე იცავდა იგი მხატვრული სიტყვის სიწმინდეს. მისი თავმდაბლობა ლაო-ძის სწავლებას ასხივებდა – „ჭეშმარიტი ბრძენი მოქმედებს უმოქმედობით და ასწავლის დუმილით". მისი სიტყვა იყო ვით წყარო ანკარა, რომელიც მთის კალთებიდან მოედინება და თავის გზაზე ოქროს მარცვლებს ჰფენს. ვით ოვიდიუსის „მეტამორფოზებში" გარდაისახება ყოველი მიწიერი საგანი ღვთაებრივ ხატად, ისე გარდასახავდა მარსიანის კალამი ჩვეულებრივს საოცრად, მიწიერს – ზეციურად. ბიბლიური იობის მსგავსად, მისი სული არასდროს დამდაბლებულა ამქვეყნიური განსაცდელის წინაშე – პირიქით, ყოველი გამოცდა მის სულიერ სიმტკიცეს ამჟღავნებდა. მარსიანის ფილოლოგიური აზროვნება ლოგოსის საკრალურ არსს სწვდებოდა, ხოლო მისი კრიტიკულ-ესეისტური მემკვიდრეობა – პლატონური დიალექტიკის სიმაღლეს. აზრის სიღრმე და სიცხადე ერთმანეთს ერწყმოდა. მარსიანის პოეზია იყო ვით ძველი ბერძნების ამფორა – გარეგნულად თავმდაბალი, მაგრამ შინაგანად საღვთო ნექტარით სავსე. მისი მხატვრობა კი – ვით ბიზანტიური ხატი, სადაც ყოველი ხაზი საღვთო გეომეტრიას ემორჩილება."

ეს ის ხატია, რომელიც გონებაში დარჩება მის მკითხველს. გარეგანი მონაცემები აქ უმნიშვნელოა: სად ცხოვრობდა, რას ჭამდა, ვის იღებდა და ვისზე უარს ამბობდა. მნიშვნელოვანია სხვა რამ: მან საკუთარი ცხოვრება ისე გააფორმა, როგორც ცალკეული ხელნაწერი, რომელშიც კორექტურისათვის თვითონაც არ ჰქონდა მზადყოფნა და სხვისთვის კი მით უმეტეს. იცხოვრა მცირე, თქვა მცირე. ბევრი ადამიანთგანი დიდი ხნით ადრე გავიდა მთვარის გავლენიდან, რომელშიც მარსიანი დარჩა. საკუთარი თავი თავად შექმნა და საკუთარი მდგომარეობაც მისი არჩევანი გახლდათ. ცხედარიც თბილისში უნდა დარჩენილიყო. გადავასვენოთ.

14 V თვე 2026 წლისა

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები