I
xxv საუკუნის დასაწყისისთვის მეცნიერებამ იმ დონეს მიაღწია, რომ შესაძლებელი გახდა სიბერისა და სიკვდილის დამარცხება. შეიქმნა მარადიული სიცოცხლის ფორმულა, მაგრამ გამოთვლებით დადგინდა, რომ დედამიწა ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის მუდმივ ზრდას საარსებო რესურსებით. ამიტომ მსოფლიო საბჭო იძულებული გახდა დაემტკიცებინა „აუცილებელი სიკვდილის“ კანონი, რომლის თანახმადაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრა ას ორმოცდაათი წლით. გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებისთვის, რომელთაც მარადიული სიცოცხლის უფლება მიენიჭათ. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, უკვდავ ადამიანს, თუკი იგი თავისი ნებით წყვეტდა არსებობას, უფლება ჰქონდა ასი წლით გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე ას ორმოცდაათ წელს მიღწეული ნებისმიერი პირისთვის, გარდა ახლო ნათესავისა.
II
სახელგანთქმული პოეტი თინათე ზეკარელი ჩაბნელებულ ოთახში, საწოლზე იწვა. ადგომა არ უნდოდა, იმისდა მიუხედავად, რომ კარგა ხნის წინ გაიღვიძა. სევდამორეული იგონებდა წარსულს, ახალგაზრდობას, შვილებს, შვილიშვილებს, მათ შთამომავლობას, რომლებიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. თავად კი, უკვე ხუთას წელს მიღწეული, თუმცა გარეგნულად მარად ახალგაზრდა, მარტოდმარტო აგრძელებდა ცხოვრებას.
„კაცობრიობა ოცნებობდა მარადიულ სიცოცხლეზე და ამას მიაღწია კიდეც, – ფიქრობდა თინათე, – მაგრამ ეს მარადიულობა ერთეულთა პრივილეგია გახდა. ამას გენიოსებისთვის ბედნიერება არ მოუტანია, რადგან, საბოლოოდ, სრულიად მარტონი ვრჩებით. იმდენი თაობა წავიდა, რომ გაწყდა ძაფი, რომელიც მათთან მაკავშირებდა. მარტოდ დარჩენილისთვის ეს სამყარო, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება, უცხო ხდება. ეს კი ძალიან მძიმე ასატანია“.
უზარმაზარ სახლში სრული სიცარიელე დასადგურებულიყო. მარტოდ დარჩენილ ქალს ხშირად უფიქრია უფრო პატარა ბინაში გადასვლაზე, მაგრამ ვერ ელეოდა მოგონებებით სავსე გარემოს. დილის ათი საათი იქნებოდა, როდესაც თინათემ, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა, ლოგინიდან წამოდგა და სქელი ფარდები გადასწია. სასოწარკვეთილების გრძნობა დაეუფლა, როდესაც სარკეში საკუთარ ფერგამკრთალ სახეს მოჰკრა თვალი.
„ჯერ მხოლოდ ხუთასი წელია, – ჩურჩულებდა ქალი, – რაც ვარსებობ ამქვეყნად და უკვე საშინლად დამღალა ცხოვრებამ. ისეთ სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს მთელი დედამიწა ზურგზე მქონდეს მოკიდებული. წინ კი უსასრულო სიცოცხლე მელის, მაგრამ, ღირს განა ამგვარი უსიხარულო არსებობა? რამდენი ძვირფასი ადამიანი დავკარგე! მშობლები, საყვარელი მეუღლე, ჩემი ერთადერთი ვაჟი!.. აღარავინ დამრჩა, ვისთანაც შემიძლია ერთად განვლილი გზა გავიხსენო, მოგონებები გავუზიარო, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოაჩნდათ. მეც, რა ხანია, არაფერი დამიწერია, გამოვიფიტე. რაც იყო, იყო. ახლა რა სიკეთე შემიძლია მოვუტანო კაცობრიობას?! რისთვის გადამარჩინეს, როცა თავის მოკვლა ვცადე?! ხომ მაქვს უფლება, ჩემი სიცოცხლე დავასრულო მაშინ, როდესაც მოვისურვებ?!..“
– ქალბატონო თინათე, – მოესმა საძინებელ ოთახში შესული მსახური რობოტის ხმა, – შეგახსენებთ, დღეს ორი შეხვედრა გაქვთ ჩანიშნული. თორმეტ საათზე უნდა იყოთ…
– ვიცი, ვიცი, – უპასუხა თინათემ და სასადილო ოთახისკენ გაემართა. მსახურის მიერ მირთმეული საუზმიდან ძლივს გადაყლაპა ორიოდ ლუკმა და სახლიდან გავიდა.
გარეთ ციოდა. ახალ წლამდე ათი დღე იყო დარჩენილი. ქალაქში საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. თინათემ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ფეხით გაუყვა უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას.
III
„ნეტავ რატომ გამეღვიძა ასე გულდამძიმებულს? – ბუტბუტებდა მამაკაცი, რომელსაც ჯერ თვალიც კი არ ჰქონდა ხეირიანად გახელილი, – თითქოს რაღაც საშინელება მომხდარიყოს. მე კი არაფერი მახსოვს. დაიცა, ჯერ კარგად გამოვფხიზლდე და მერე იქნებ გავიხსენო რამე. ძალიან ცივა. არ გინდა ახლა თბილი ლოგინიდან გამოძრომა? ისიც არ ვიცი, ნამდვილად გათენდა თუ არა. ამ ჯურღმულში ვერ გაიგებ, როდის თენდება და როდის ღამდება. თუმცა ეს ბნელი, ნესტიანი სარდაფი რომ არა, თავს ვერსად შევაფარებდი. მიწისქვეშეთშიც იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რომ ღამის გასათევად თავისუფალ ადგილს ვერ იპოვი. კარგი ვქენი, თაია აქ რომ მოვიყვანე, თორემ ქუჩაში უსათუოდ გაიყინებოდა“, – გაიფიქრა მან და მის გვერდით მძინარე ქალს გახედა.
თანდათანობით გონებაში ერთი წლის წინ მომხდარი ამბავი ამოუტივტივდა. საღამო ხანი იყო, როდესაც შინ ბრუნდებოდა. საშინელი ყინვისა და სუსხიანი ქარის მიუხედავად, ლაღად მიუყვებოდა დათოვლილ გზას. ჩინებულ გუნებაზე იყო, რადგან მათხოვრობით იმ დღეს კარგა ბლომად ფული იშოვა. ასიოდ მეტრიღა რჩებოდა სახლამდე გასავლელი, როდესაც დაინახა ხეს მიყრდნობილი, სიცივისგან გალურჯებული ქალი. გაახსენდა, როგორ გამოსდო ხელი მკლავში და წამოიყვანა. ქალიც მორჩილად გამოჰყვა. მას შემდეგ ერთად არიან, ჯარჯი და თაია, ორი უთვისტომო მარტოსული.
ჯარჯიმ ხელის ფათურით მოძებნა შუქის ჩამრთველი, საბანი გადაიძრო და საწოლიდან წამოდგა. უეცრად თავზე იტაცა ხელი და გაშეშდა, თითქოს რაღაც ზარდამცემი ამბავი ახლაღა გაახსენდაო. სწრაფად მოტრიალდა და გაფითრებული თაიას უსიცოცხლო სახეს დააცქერდა.
„გუშინ ისინი იყვნენ, ისინი… – ჩაიჩურჩულა ჯარჯიმ, – თაიას არ სძინავს, ის მოკვდა. გუშინ ხომ მას ას ორმოცდაათი წელი შეუსრულდა. მოსახლეობის აღრიცხვის კომისიამაც არ დააყოვნა და თავისი რობოტები გამოაგზავნა“.
თავზარდაცემული ჯარჯი უყურებდა, როგორ მოაწერინა ხელი თაიას რაღაც საბუთზე ერთ-ერთმა მათგანმა და პატარა, ცისფერი აბი გადააყლაპვინა. ხვალ დილით ისევ მოვალთ და მის გვამს წავიღებთო, უთხრეს მას და სარდაფიდან გავიდნენ. როგორც კი კარი გაიხურეს, ჯარჯი თაიასკენ მიტრიალდა და აკანკალებული ხმით ჰკითხა:
– ნუთუ არ შეიძლებოდა რაიმე ხრიკით თავიდან აგვეცილებინა ეს უბედურება? კიდევ ცოტა ხანს მაინც ვიქნებოდით ერთად.
– განა არ იცი, რომ ეს შეუძლებელია? ჩვენ რომ რაიმე წინააღმდეგობა გაგვეწია, მაშინვე მომკლავდნენ. მათ ამის უფლება კანონით აქვთ მინიჭებული. ახლა კი რამდენიმე საათი კიდევ ვიცოცხლებ. ეს საწამლავი მხოლოდ ძილის დროს იწყებს მოქმედებას. მოდი, აქ დაჯექი და ჩამეხუტე. ბევრი დრო არც შენ გაქვს დარჩენილი, – იყო თაიას განსაცვიფრებლად მშვიდი პასუხი…
ჯარჯი ფიქრებიდან გამოერკვა და თავს ძალა დაატანა თაიასკენ გაეხედა. ის-ის იყო აპირებდა ზეწარი გადაეფარებინა მის სანთელივით გაყვითლებულ სახეზე, რომ ზარის ხმა გაისმა. ჯარჯიმ კარი გააღო, უკან დაიხია და რობოტებს გზა დაუთმო. ისინი პირდაპირ საწოლისკენ გაემართნენ და უსიტყვოდ შეუდგნენ ცხედრის გატანის პროცესს. სწრაფად გაახვიეს ნაცრისფერ სუდარაში, დადეს საკაცეზე და კარისკენ მიტრიალდნენ.
– მომავალ კვირას ჩემი ჯერია, არა? – ჰკითხა მათ ჯარჯიმ ისეთი ჩახრინწული ხმით, თითქოს ყელში რაღაც გასჩხეროდა.
– დიახ, ბატონო ჯარჯი. უფრო ზუსტად, ორშაბათს, საღამოს ექვს საათზე. მანამდე კი სამი დღე კიდევ გაქვთ, – მიუგო ერთ-ერთმა რობოტმა.
– თქვენ ალბათ არც კი გესმით, რა ძნელია ასე გამოემშვიდობო ცხოვრებას. არ შეიძლება, ას ორმოცდაათ წელს მიღწეული ადამიანები სადმე სხვა პლანეტაზე გადაასახლოთ?
– სამწუხაროდ, შეუძლებელია, ბატონო ჯარჯი. ყველა სხვა პლანეტაზეც, სადაც ადამიანი დღესდღეობით სახლობს, საარსებო რესურსების ისეთივე უკიდურესი კრიზისია, როგორც აქ, დედამიწაზე.
– მაშ, საშველი არ ყოფილა, – ხელი ჩაიქნია ჯარჯიმ და გასასვლელისკენ მიმავალ რობოტებს თვალი გააყოლა. შემდეგ მოტრიალდა, საწოლზე ჩამოჯდა და სინესტისგან ჩაშავებულ კედელს მიაჩერდა.
„სული მეხუთება. აქ გაჩერება აღარ შემიძლია. აქედან უნდა წავიდე“, – გაიფიქრა ჯარჯიმ, ქვის კიბის გაცვეთილი საფეხურები სწრაფად აიარა და ქუჩაში გავიდა.
IV
სიცივისგან მობუზული ჯარჯი ახალდადებულ, თხელ თოვლზე მიაბიჯებდა და თავადაც არ უწყოდა, სად მიდიოდა.
„ნუთუ მხოლოდ სამი დღე დამრჩა? – ბუტბუტებდა ჯარჯი, – არ მესმის, რატომ არის შეუძლებელი ადამიანებს საკმარისი რაოდენობის საზრდო ჰქონდეთ დედამიწაზე. რას აკეთებენ ის გენიალური მეცნიერები, რომლებსაც მარადიული სიცოცხლის უფლება აქვთ მინიჭებული?! მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ? როგორია იცოდე, რომ მალე დილა აღარ გაგითენდება!“
კარგა ხანს უმიზნოდ იხეტიალა ქალაქის ქუჩებში. ბოლოს ერთი ცათამბჯენის წინ შეჩერდა, სადაც მოწყალების სათხოვნელად იდგა ხოლმე. ჯიბიდან ფული ამოიღო და თვლა დაიწყო. ორშაბათამდე მეყოფაო, გაიფიქრა და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა დააპირა.
– ჰეი, ჯარჯი, საით მიიჩქარი? – დაუძახა ვიღაც თმაგაბურძგნულმა მამაკაცმა, – დღეს არ აპირებ მოწყალების თხოვნას? სხვაგან უკეთესი ადგილი იპოვე სამათხოვროდ? თუ ასეა, მაშინ იქნებ მეც წამიყვანო.
– ბოდიში, ბერდია, ფიქრებში ისე ვიყავი გართული, რომ ვერ შეგამჩნიე, – მიუგო ჯარჯიმ. – არსაით მივიჩქარი. მე ახლა თავისუფალი კაცი ვარ, საითაც მოვისურვებ, იქით შემიძლია წავიდე. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ ლუკმაპურის შოვნაზე დარდი არ მაწუხებს. მომავალ კვირამდე თავზე საყრელად მეყოფა ის ფული, რაც ჯიბეში მაქვს. შემდეგ კი საერთოდ აღარაფერი დამჭირდება.
– ას ორმოცდაათი წელი გისრულდება, არა? – ჰკითხა გულწრფელად შეწუხებულმა ბერდიამ.
თანხმობის ნიშნად ჯარჯიმ თავი უსიტყვოდ დაუქნია. ბერდია კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მათ მიუახლოვდა მაღალი, მიმზიდველი გარეგნობის ქალი, ბერდიას სამოწყალოდ გაწვდილ ხელში ფულის კარგა მოზრდილი დასტა ჩაუდო და ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა.
– ნეტა ვინ იყო ის ქალი? რა სევდიანი სახე ჰქონდა, – თქვა ჯარჯიმ.
– მგონი, ის უნდა იყოს, თინათე ზეკარელი. ამას წინათ ახალ ამბებში ვნახე და მისი სახე კარგად დამამახსოვრდა. იქ თქვეს, რომ გენიალური პოეტიაო, – უპასუხა ბერდიამ და ქალს თვალი გააყოლა.
– კარგი, აბა, მშვიდობით ბერდია, მეტად აღარ მოგაცდენ, – უთხრა ჯარჯიმ და იმ მხარეს გასწია, საითაც თინათე მიდიოდა.
V
„უფრო მეტი უნდა მიმეცა იმ საცოდავისთვის, – ფიქრობდა თინათე თავისი მოწყალებით გაბედნიერებულ მათხოვარზე. – როგორია ამ სიცივეში ქუჩაში დგომა?! ნეტავ მას თუ უფიქრია ოდესმე თავის მოკვლა ან, ეგებ, პირიქით, უკვდავებაზე ოცნებობს? ჩვენ ხომ ყოველთვის ის გვინდა, რაც არ გვაქვს. აი, მე, რომელსაც მარადიული სიცოცხლის უფლება მაქვს მონიჭებული, სიკვდილზე ვფიქრობ. გავბედავ, ისევ ვცადო და დავასრულო ჩემი არსებობა ამქვეყნად? ალბათ…“
ჯარჯი ცდილობდა მხედველობიდან არ დაეკარგა სწრაფი ნაბიჯით მიმავალი თინათე. სულ უფრო მეტად მცირდებოდა მანძილი ქალსა და მამაკაცს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჯარჯის რაიმე გაცნობიერებული განზრახვა არ ედო გულში, ის მაინც ანგარიშმიუცემლად მიისწრაფოდა მისკენ, თითქოს თინათე გზის მაჩვენებელ შუქურად ქცეულიყო. ჯარჯის გონებაში თანდათანობით ისახებოდა რაღაც ბუნდოვანი აზრი, რომ, თუკი იგი ქალს დაეწეოდა და გაანდობდა თავის სადარდებელს, ცოტა შვებას მაინც იგრძნობდა. ამასობაში თინათე უნივერსიტეტის შენობას მიუახლოვდა და, ვიდრე ჯარჯი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ნაბიჯს უმატა, ქვის ფართო კიბე აიარა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
ჯარჯი შენობის წინ კარგა ხანს ბოლთას სცემდა და ელოდა თინათეს გამოჩენას, მაგრამ, როდესაც ქალის კვლავ ნახვის იმედი გადაეწურა, თავი ჩაღუნა და სვლა განაგრძო.
„მგონი, აქ წიგნის მაღაზია უნდა იყოს, – უეცრად გაიფიქრა ჯარჯიმ, – იქნებ ამ ქალის ლექსების კრებული ვიყიდო და წავიკითხო. ვნახო ერთი, რა პოეტია, რით დაიმსახურა უკვდავება. უკვდავება… ჰმ, ალბათ ამიტომ ამეკვიატა ამ ქალზე ფიქრი. ნეტავ რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ არასოდეს მოკვდება. მე კი სამი დღეღა დამრჩა“.
უეცრად ჯარჯის მთელი სხეული კანკალმა აიტანა. მან ფეხს აუჩქარა და ისე სწრაფად მიაბიჯებდა საახალწლოდ ლამაზად მორთულ ფართო ქუჩაზე, თითქოს სურდა გაჰქცეოდა იმ ავზნიან, ბნელ ფიქრებს, რომლებსაც ერთიანად მოეცვა ძრწოლით დაბინდული გონება.
„რა მომდის, ვერ გამიგია. ჰო, მეშინია და ამიტომ მივძუნძულებ ასე უკანმოუხედავად. მაგრამ რას მიშველის ეს უთავბოლო სირბილი, განა იმათ სადმე გავექცევი?“ – ჩურჩულებდა მამაკაცი. იგი იმდენად იყო დაზაფრული და აფორიაქებული, რომ ხალხმრავალი ქუჩის ხმაური მის ყურამდე ძლივს აღწევდა. ხანდახან დაბინდულ მზერას შეავლებდა გამვლელებს და თითოეული მათგანის სახეზე საკუთარი წუხილის ანარეკლს ხედავდა. ისინიც ხომ მისი ბედის თანაზიარნი იყვნენ, – უბრალო მოკვდავები. მათაც, სულ რაღაც, ას ორმოცდაათი წელი შეეძლოთ ეარსებათ დედამიწაზე.
„ასე ძლიერ არასოდეს შემშინებია, – განაგრძობდა ბუტბუტს ჯარჯი, – თვით იმ საშინელი მიწისძვრის დროსაც კი, როდესაც სამი დღე-ღამე ნანგრევების ქვეშ ვიყავი მოყოლილი. თუმცა მაშინ ხომ გადარჩენის იმედი არ მქონდა დაკარგული და ალბათ სწორედ ეს იყო ჩემი მხნეობის მთავარი წყარო. ახლა კი საათებს ვითვლი გარდაუვალ აღსასრულამდე...“
– ასანთი ხომ არ გექნებათ? – უეცრად მოესმა ჯარჯის. შემკრთალმა თავი ასწია და მის წინ მდგარ მამაკაცს შეხედა.
– არ ვეწევი, – უკმეხად უპასუხა მან და მიიხედ-მოიხედა. ქუჩის კუთხეში თვალი მოჰკრა ლამაზ შენობას, რომლის აბრაზე ცისფრად ციმციმებდა წარწერა: ლიტერატურული კაფე.
„მგონი, ვიპოვე ადგილი, სადაც წიგნის ყიდვაც და დანაყრებაც შეიძლება“, – ჩაილაპარაკა ჯარჯიმ და კარი შეაღო.
კაფე თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ისინი საუბრით იყვნენ გართული და მისკენ არც მიუხედავთ. ჯარჯი უკანა კედელთან მივიდა, რომელიც ჭერამდე წიგნებით გაჭედილი თაროებით იყო დაფარული და თვალიერება დაიწყო. მაშინვე მოხვდა თვალში თინათეს ლექსების კრებულის მთელი რიგი. ერთი ღვინისფერგარეკანიანი ტომი გადმოიღო და ფანჯარასთან მაგიდას მიუჯდა.
– წიგნს იყიდით, თუ აქ გნებავთ წაიკითხოთ? – ჰკითხა ლამაზმა ცისფერთვალება გოგონამ, რომელიც დახლის უკან იდგა.
– ყიდვას ვაპირებ, – უპასუხა ჯარჯიმ, – ერთი ბუტერბროდიც მომიტანეთ, ყველით, ხორცი არ მინდა.
ჯარჯი დიდხანს ფურცლავდა წიგნს, ნელა კითხულობდა და ზოგჯერ ბუტბუტით იმეორებდა სტრიქონებს, თითქოს დაზეპირება უნდოდა. განსაცვიფრებელი ის იყო, რომ ამ გენიოსი ქალის ლექსები, ქალის, რომელსაც სიკვდილის არ უნდა შინებოდა, უმძაფრესი დარდით და სრული უიმედობით იყო გაჟღენთილი. უფრო მეტიც, ერთ-ორგან ავტორი თვითმკვლელობის აშკარა სურვილსაც კი გამოთქვამდა.
– ბოდიში, კაფე იკეტება. თუ გინდათ წიგნი იყიდოთ, გადაიხადეთ ფული სალაროში, – მოესმა ჯარჯის. მან კითხვისგან გაბრუებული თავი ასწია და ისეთი დაბნეული გამომეტყველებით გახედა ცისფერთვალება გოგონას, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო.
– დიახ, დიახ, ახლავე, – უპასუხა გოგონას, ჯიბიდან გაცრეცილი საფულე ამოიღო და სალაროსკენ გაემართა.
„თვითმკვლელობაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ, იქნებ, ზოგჯერ ეს მართლაც უკეთესი გამოსავალია“, – ჩაიბუტბუტა ლიტერატურული კაფედან გამოსულმა ჯარჯიმ.
VI
აუდიტორიაში შესულმა თინათემ ძალზე დუნედ და უხალისოდ დაიწყო ლექცია. იგი ისევ განაგრძობდა თვითმკვლელობაზე ფიქრს და ვერ ახერხებდა მთელი გულისყური საქმისთვის დაეთმო, მაგრამ ლიტერატურაზე საუბარმა თანდათან გამოაცოცხლა ქალი. აზრებს ნელ-ნელა სიმახვილე ემატებოდა, სიტყვებს კი – ძალა.
– აი, უკვე თითქმის ორი საათია ვსაუბრობთ ბედისწერის იდეაზე მხატვრულ ლიტერატურაში. ამ თემის განხილვა დავიწყეთ ჰომეროსით და დავასრულეთ აიე აიელით, რომელმაც სულ ახლახან უაღრესად საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს თუ არა ბედისწერა? თუ არსებობს, როგორ უნდა განვიხილოთ პიროვნების თავისუფლება? ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თუ ჩვენი ყოველი მოქმედება წინასწარაა განსაზღვრული? შემდეგ ლექციაზე ვისაუბროთ ამ თემაზე.
თინათემ ამ სიტყვებით დაასრულა ლექცია და აუდიტორიიდან გავიდა. ნახევარი საათის შემდეგ იგი იჯდა უნივერსიტეტის ახლოს მდებარე კაფეში და ყავას სვამდა. ქალი სევდიანი თვალებით გასცქეროდა თხელი თოვლით დაფარულ ნაცრისფერ ქალაქს. უცებ მის მაგიდას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა.
– გამარჯობა, ქალბატონო თინათე. მე თქვენი პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. შეიძლება ცოტა ხნით გაგესაუბროთ?
– დაბრძანდით, – უპასუხა თინათემ.
– გმადლობთ, ქალბატონო თინათე. მე ადვოკატი გახლავართ, მაგრამ ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ზოგიერთი თქვენი ლექსი ზეპირადაც ვიცი. ზოგჯერ თქვენს ლექციებსაც დავსწრებივარ.
– მართლა? ძალიან სასიამოვნოა. არ მეგონა, რომ თქვენი პროფესიის ადამიანს პოეზია ეყვარებოდა, – უპასუხა თინათემ. – თქვენ ცხოვრების უფრო პრაქტიკული მხარეებით ხართ, ალბათ, დაკავებული.
– მართალი ბრძანდებით, მაგრამ ჩემი პროფესია არ გამორიცხავს ინტერესს ხელოვნების მიმართ. სხვათა შორის, თქვენმა ერთ-ერთმა ლექციამ, თვითმკვლელობის თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. თუ არ ვცდები, ეს ლექცია თქვენს პირად გამოცდილებას ასახავდა, არა?
– დიახ, – უპასუხა თინათემ და ფანჯრისკენ გაიხედა.
– თქვენს პოეზიაშიც იგრძნობა რაღაც განსაკუთრებული პესიმიზმი, – განაგრძობდა ვექილი.
– ამით რისი თქმა გინდათ? – წარბშეჭმუხნით ჰკითხა ქალმა.
– მე ისეთი აზრი შემექმნა, რომ თქვენ ხშირად ფიქრობთ თვითმკვლელობაზე და ეგებ აპირებთ კიდეც ისევ სცადოთ სიცოცხლესთან გამომშვიდობება.
– ვთქვათ და ვაპირებ. მერე, თქვენ რა გნებავთ? – თინათეს ხმაში გაღიზიანება შეეპარა.
– გამოგიტყდებით, მე დღეს ერთი ჩემი კლიენტის თხოვნით მოვედი. ძალზე მდიდარი ქველმოქმედი ვაჩე სარალიას სახელი ალბათ გაგიგონიათ.
– ბატონი ვაჩეც თქვენსავით პოეზიის მოტრფიალეა? – დაუფარავი ირონიით ჰკითხა თინათემ.
– ნამდვილად ასეა, ქალბატონო თინათე, მაგრამ, ამასთანავე, მას სურს ერთი წინადადება შემოგთავაზოთ. თქვენც კარგად იცით, რომ, თუ გენიოსი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მას უფლება აქვს ასი წლით გაუხანგრძლივოს ამქვეყნად არსებობის ვადა ნებისმიერ ადამიანს, გარდა ახლო ნათესავისა.
– მერე? – თინათეს გამოხედვა ახლა უკვე ზიზღით იყო სავსე, – ამას რა კავშირი აქვს ბატონ ვაჩესთან?
– თუ თქვენ ისურვებთ ეს ასი წელი ბატონ ვაჩე სარალიას გადაულოცოთ, ის ვალში არ დაგრჩებათ. თქვენს პატივსაცემად ააშენებს თეატრს, მუზეუმს, სასწავლებელს; ყველაფერს, რასაც თქვენ ინებებთ და, რასაკვირველია, ისინი თქვენი სახელობის იქნება. იფიქრეთ ამ წინადადებაზე. აუცილებელი არ არის ახლავე გამცეთ პასუხი. ბატონი ვაჩე ჯერ მხოლოდ ას ორმოცდახუთი წლისაა.
თინათე ერთხანს ხმაამოუღებლად შესცქეროდა ვექილს, მერე სწრაფად წამოდგა, ხელჩანთა აიღო და გასასვლელი კარისკენ გაემართა.
VII
ქუჩაში გამოსულმა თინათემ ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მიიხედ-მოიხედა და ნელი ნაბიჯით დაუყვა სანაპიროსკენ მიმავალ დაღმართს. სანაპიროს გასწვრივ დარგული ხეების ფოთოლგაცვენილმა ტოტებმა სამათხოვროდ გაწვდილი ხელები მოაგონა ქალს.
– გამიშვით, გამიშვით, თქვენ უფლება არ გაქვთ დამაკავოთ. მე მინდა თავი მოვიკლა! ორშაბათს ხომ მაინც უნდა მოვკვდე, ას ორმოცდაათი წლის ვხდები! – მოესმა უეცრად მამაკაცის ყვირილი.
თინათემ თავი ასწია და შორიდან შენიშნა ერთ ადგილზე თავშეყრილი ხალხი. ისინი შემოხვეოდნენ რამდენიმე პოლიციელს, რომლებიც ცდილობდნენ ხელიდან არ გასხლტომოდათ თავით ფეხებამდე გალუმპული მამაკაცი. თინათემ ფეხს აუჩქარა და მათკენ გასწია.
– სადაც გინდათ, იქ მოიკალით თავი, მაგრამ არა მდინარეში ჩახტომით. არ გესმით, რომ ამით თქვენი გვამი წყალს დააბინძურებს? ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსია, – მშვიდად პასუხობდა ერთ-ერთი პოლიციელი. – თქვენ უფლება გაქვთ ოფიციალურად მოითხოვოთ გამოსამშვიდობებელი აბი. მოითხოვეთ და რაც გინდათ, ის ქენით თქვენს ბინაში.
– გამოსამშვიდობებელი აბი? ჰა, ჰა, ჰა! ეს ის არის, ას ორმოცდაათ წელს მიღწეულს რომ გადააყლაპებენ ხოლმე, არა? ჰა, ჰა, ჰა! – მდინარეში დახრჩობას გადარჩენილი მამაკაცი განაგრძობდა ისტერიულად ხარხარს მაშინაც კი, როცა იგი საკაცეზე დააწვინეს და სასწრაფო დახმარების მანქანაში შეაცურეს.
– ვინ იყო ის კაცი, ხომ ვერ მეტყვით? – ჰკითხა თინათემ ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც იქვე, პარაპეტთან იდგა.
– ჯარჯი ვაჩიაური ვარო, ასე უთხრა პოლიციელს. სხვა არაფერი ვიცი. მეც შემთხვევით შევესწარი ამ ამბავს, – უპასუხა ქალმა და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა.
ცნობისმოყვარეთა ჯგუფი მალევე დაიშალა, გულდამძიმებული თინათე კი კარგა ხანს იდგა ერთ ადგილას. „რა ნაცნობი სახე ჰქონდა. სადღაც მინახავს ეს კაცი... მგონი, ის არის, დღეს მათხოვართან რომ იდგა, – ფიქრობდა ქალი, – თვითონაც მათხოვარს ჰგავდა. საბრალოს სამი დღის სიცოცხლე ჰქონია დარჩენილი. მისი სიტყვებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გარდაუვალი სიკვდილის აუტანელმა მოლოდინმა აიძულა განეზრახა თვითმკვლელობა. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?“
უეცრად თინათეს რაღაც აზრმა გაუელვა თავში, შებრუნდა და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით გასწია.
VIII
ღამით საშინელი ქარბუქი ამოვარდა. ქარი ღმუილით დაგრიალებდა ქუჩებში და თოვლის ნამქერში ახვევდა ქალაქს. ჯარჯი თბილ პალატაში იწვა და ქარის გაავებულ ზუზუნს უგდებდა ყურს. ორი დღეა საავადმყოფოშია და თითქოს შეეგუა იმ აზრს, რომ ისიც, მილიარდობით სხვა ადამიანის მსგავსად, ყოველგვარი ჯანყისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, უნდა დამორჩილებოდა კანონს და გადაეყლაპა ის წყეული აბი. დროდადრო ჩამოუგორდებოდა ლოყაზე ცრემლი საკუთარი თავისადმი სიბრალულის და გარდაუვალობის წინაშე სრული მორჩილების ნიშნად. მას თავზარს სცემდა მოახლოებული სიკვდილის მოლოდინი, მაგრამ, იმავდროულად, მოუთმენლად ელოდა იმ წამს, როდესაც ეს წამება დასრულდებოდა. მღელვარებით მოქანცულს, განთიადისას ჩაეძინა.
გათენდა. ჯარჯიმ თვალები გაახილა და პალატას მზერა მოავლო. მშვიდი, სევდიანი გამომეტყველებით ლოგინიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. ქარბუქი ისევ ბობოქრობდა.
– ბატონო ჯარჯი, თავს როგორ გრძნობთ? – მოესმა ფანჯარასთან მდგარ მამაკაცს პალატაში მოულოდნელად შესული ექიმის ხმა.
– გმადლობთ ექიმო, არა მიშავს, – მიუგო ჯარჯიმ.
– თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა უდიდესი პოეტის სიკვდილი, – თქვა ექიმმა. – წუხელ თავი მოიკლა გენიალურმა პოეტმა თინათე ზეკარელმა, რომელმაც თქვენი სახელი და გვარი შეიტანა თვითმკვლელობის წინ დაწერილ ანდერძში და ასი წლის სიცოცხლე გაჩუქათ.
– ასი წელი… მე მიანდერძა?.. კი მაგრამ, საიდან შეიძლებოდა გაეგო ჩემი ამბავი, ქალბატონ თინათეს? – ჰკითხა გაოგნებულმა მამაკაცმა.
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ალბათ თქვენი თვითმკვლელობის მცდელობას შეესწრო და... – ექიმმა აღარ დაასრულა წინადადება. – ახლა კი უნდა გაგსინჯოთ. თუ ყველაფერი კარგად არის, საავადმყოფოდან გაგწერთ.
ნახევარი საათიც არ დასჭირდა ყველა დოკუმენტის გაფორმებას, რათა ჯარჯის საავადმყოფო დაეტოვებინა. ქუჩაში გამოსულს გამყინავი ქარი შეეგება, მაგრამ სიცივეს ვერ გრძნობდა. მისი გონება იმ უცნაურ საჩუქარზე ფიქრით იყო მოცული, რომელიც ბედმა ასე მოულოდნელად არგუნა.
„ასი წელი! მე მაქვს კიდევ ასი წელი! რამდენი რამ შეიძლება გავაკეთო. მე და თაია ზღვაზე წავალთ, ხომ შევპირდი, მთელი დღეები სანაპიროზე, სილაში ვიგორავებთ. თაია... – უეცრად ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს გულში დანა გაუყარესო, – თაია აღარ არის... წავიდა თაია... გადააყლაპეს ის საშინელი აბი“.
ქარი თავბრუდამხვევი სისწრაფით ატრიალებდა ნაცრისფერი ციდან მომავალ მსხვილ-მსხვილ ფიფქებს და ჯარჯის სახეში აყრიდა. მან ქურთუკის საყელო წამოიწია და ნაბიჯს უმატა. უნდოდა, რაც შეიძლება მალე მისულიყო სახლამდე, ცოტა გამთბარიყო და დამშვიდებით ეფიქრა მომავალზე. „საწყალი თაია. მაგრამ მე ხომ ჯერ დრო მაქვს, ვინმეს შევხვდები. რაღაცას მოვიფიქრებ ან, ეგებ, მე და ბერდიამ რამე საქმე წამოვიწყოთ. ალბათ გაუხარდება, ხვალ რომ დამინახავს... ნეტა რამდენი წლის არის ბერდია? არასოდეს მიკითხავს... მაგრამ ნამდვილად ას წელზე მეტის უნდა იყოს. თუმცა მერე ისიც წავა, როგორც თაია. მე კი ისევ მარტო დავრჩები...“
ჯარჯი ფიქრებიდან გამოერკვა და დაინახა, რომ თავისი სარდაფის შესასვლელთან მისულიყო. ქვის კიბე ჩაიარა, კარი შეაღო და ხელის ფათურით მიაგნო საწოლს. საბანი გადასწია და გაუხდელად ლოგინში ჩაწვა. ოთახში ნესტის მძიმე სუნი იდგა. პაწაწინა ფანჯარაში დროდადრო ჩქარი ნაბიჯით მიმავალი გამვლელების ფეხები გამოჩნდებოდა ხოლმე; ზოგჯერ სიცილის და შეძახილების ხმაც ისმოდა. ჯარჯის უეცრად შეეცვალა სახე და უცნაურმა ფიქრმა გაუელვა გონებაში: „იქნებ ჯობდა, ყველაფერი დღესვე დასრულებულიყო. რა გადაიტანს კიდევ ას ზამთარს!“
