ყველა სტატია
გამოქვეყნებული

რევაზ მიშველაძე — „ილუზიონისტი“ და სხვა ნოველლები

ილუზიონისტი

რევაზ მიშველაძე24 წთ საკითხავი2
გაზიარება
„ილუზიონისტი“ და სხვა ნოველლები

ილუზიონისტი

ილუზიონისტმა კარლო ჩიომ დაბა ახავაის კულტურის სახლის სცენას მაგნიტოფონის ხრიალში ორი წრე დაარტყა, მერე დოინჯეშმოყრილი შეჩერდა, მაყურებელს გაჩუმება აცალა და თქვა: „გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო. მე გახლავართ ინდივიდუალური ნომრების ოსტატი, ილუზიონისტი კარლო ჩიო. თქვენს მშვენიერ დაბაში პირველად ვარ. თქვენ, ალბათ, ამ სცენაზე სხვა ილუზიონისტების გამოსვლაც გინახავთ და სრული საფუძველი გაქვთ იფიქროთ, რომ ჩვენ, ფოკუსნიკებმა, უსათუოდ უნდა მოგატყუოთ. ის, რასაც სხვაგან სასწაულად იღებდით თქვენ და დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენ ნასწავლი ეშმაკობების და ხელის სისწრაფის მოიმედენი, უსათუოდ რაღაცას მოგაჩვენებთ, თეთრს შავად მოგასაღებთ, მართალს და ტყუილს ერთმანეთში ავურევთ, ხომ ასეა? არ დაგიმალავთ, მეც ვიცი რამდენიმე თვალის ასახვევი ფოკუსი, მაგრამ გადავწყვიტე, დღეს არც ერთი მათგანი არ წარმოვადგინო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ დღეს, პირველად ჩემს სიცოცხლეში, ამ გულთბილ და კეთილშობილ მაყურებელს არ მოვატყუებ. გიჩვენებთ მხოლოდ ეჭვმიუტანელ სიმართლეს, რასაც მე მივაღწიე თანდაყოლილი, მართლაც სასწაულმოქმედი ბიოდენებისა და ტიტანური შრომა-ვარჯიშის შედეგად. დღეს მე უარს ვამბობ ჩემს ასისტენტზეც, რომელიც ახლა კულისებში დგას და ფიქრობს: თუ ასე გაგრძელდა უხელფასოდ დავრჩებიო. ნუ შეეშინდება, სხვა საქმეს გამოვუძებნი. იგი მე სცენის გაწყობაში და მაგნიტოფონის დროზე ჩართვაში მომეხმარება. მაშ ასე, დავიწყოთ. მართალია, ძალიან ცხელა, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღებით მიცქიროთ. ჩემმა ჩაცმულობამ, ვინძლო, არ გაგაკვირვოთ. ამ გაგანია სიცხეში ასე იმიტომ მაცვია, რომ ჩვენ, ილუზიონისტებს, ფიცი გვაქვს დადებული, ჩვენი ინდოელი ვაჟკაც-წინაპრების წინაშე ილუზიონისტის ტრადიციული ჩაცმულობის გარეშე არც ერთი ნომერი არ წარმოვადგინოთ, ჩვენ რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან სასადილოში ფოკუსების კეთებას მოვყვეთ. ქვეყანა გადაგვერევა და ეგ არაფერი, მაშინვე დისკვალიფიკაციას მოგვცემს ილუზიონისტთა მსოფლიო საბჭო.

შევთანხმდით, რომ დღეს მხოლოდ სიმართლე იღაღადებს ამ სცენაზე. ვთხოვ ერთ-ერთ თქვენთაგანს, გამოვიდეს და ახლოს დადგეს ჩემთან. როგორც კი თქვენს მოტყუებას შევეცდები, დაიყვიროს და თავს დამარცხებულად ჩავთვლი. მე სიტყვის კაცი ვარ. დაგპირდით, არ მო- გატყუებთ-მეთქი და ჩემს სიტყვას არ გადავალ. ვის სურს დღეს ჩემი ასისტენტობა? გამობრძანდით, გამობრძანდით, თამამად, საშიში არაფერია“.

მესამე რიგში გრუზათმიანმა მამაკაცმა ჭილოფის ქუდი გვერდით მჯდომს შეაჩეჩა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გულმოდგინედ დაისვა ყელ-კისერზე და სცენაზე გავიდა.

დარბაზში კანტი-კუნტად ტაში გაისმა.

— გთხოვთ წარუდგეთ საზოგადოებას, — ხელები გაშალა ილუზიონისტმა ჩიომ.

— ვაშაკიძე, — განზე გაიხედა „ასისტენტმა“.

კლუბში მართლაც ძალიან ცხელოდა და ვაშაკიძემ გაიფიქრა: „რა მინდოდა ამ გაგანიაში, დაქირავებული არავის ვეგონო, ვიჯექი ჩემთვის, მშვენივრად, რა სცენაზე გამოსაჩენი მე ვარ, ამხელა თავის და ღიპის პატრონიო“, მაგრამ უკვე გვიან იყო. უკანდახევა აღარ გამოდიოდა.

კარლო ჩიომ თითო მტკაველი დიამეტრის მონიკე- ლებული რგოლები ამოალაგა ჩანთიდან, ოთხი თუ ხუთი იქეთ-აქეთ მკლავებზე ჩამოიკიდა, ორი თვითონ დაიკავა და ორი ვაშაკიძეს შეაჩეჩა.

— გასინჯეთ კარგად, ხომ მაგარი რგოლებია? — ხმამაღლა, დარბაზის გასაგონად ჰკითხა ჩიომ ასისტენტს. ასისტენტმა როცა ფოლადის რგოლები გულმოდგინედ გასინჯა და დაუდასტურა, — მაგარიაო, ილუზიონისტმა ახლა ის რგოლები გაუწოდა, რომელიც თვითონ ეჭირა... ესენიც ნახეთ, იქნებ მე რამეს გატყუებთ. ერთნაირია არა? მაგრებია ხომ? ხლა ჩემთან ერთად გააკეთეთ, რასაც მე ვიზამ. აი, დავიკავოთ თითო რგოლი და ვურტყათ ერთმანეთს, იქნებ მოვახერხოთ ჯაჭვივით ჩავაცვათ ერთი რგოლი მეორეს. დავიწყოთ, ერთი, ორი, უფრო მაგრად, სამი, არ გამოდის? კარგად ნახეთ, სადმე ნაჭდევი ხომ არა აქვს, ან გასახსნელი კვალი ხომ არ ეტყობა?!

ვაშაკიძემ ოთხივე რგოლი დაათვალიერა და, არაფერი ეტყობაო, აუწყა ფოკუსების ოსტატს.

— აბა, ერთხელ კიდევ ვცადოთ, შემოვკრათ ერთმანეთს ერთდროულად, ერთი, ორი! ღონივრად, სამი!

და მოხდა ის, რასაც დარბაზიც და ვაშაკიძეც ელოდა, მაგრამ როგორ მოხდა ის, რაც მოხდა, თვალი ვერავინ ჰკიდა.

ერთმანეთში გაყრილი ორი რგოლი ჰაერში შეათამაშა. ასიტენტმა კი ერთხელ კიდევ შემოჰკრა რგოლები ერთმანეთს, მაგრამ ამაოდ.

მერე კარლო ჩიომ თავისი რგოლები მკლავზე ჩამოიკიდა, ვაშაკიძეს გამოართვა ურჩი რგოლები და განუცხადა:

— აბა, ახლა თქვენი რგოლები ვნახოთ. იქნებ ჩემებს მაინც ჰქონდათ სადმე სუსტი ადგილი. კიდევ ერთხელ ყურადღებით დაათვალიერეთ. მაგარია? კეთილი და პატიოსანი. ერთი! ორი! სამი! და თვალის დახამხამებაში რგოლი რგოლზე ეკიდა.

დარბაზში ტაშმა იხუვლა.

— ძალიან გთხოვთ გულახდილად უთხრათ დარბაზს, მოგატყუეთ რამე? გნებავთ ერთხელ კიდევ ვცადოთ?! — პათეტიკურად ჰკითხა კარლომ ვაშაკიძეს.

— არ არის საჭირო, ყველაფერი რიგზე იყო, — ენის ბორძიკით ამოღერღა ასისტენტმა და ცხვირსახოცი ერთხელ კიდევ გულმოდგინედ დაისვა ყელ-კისერზე, — შემიძლია დავჯდე?

— დაბრძანდით. დიდი მადლობა — ილუზიონისტმა მაგიდიდან თავისი სავიზიტო ბარათი აიღო და ვაშაკიძეს გაუწოდა, — ჩემს მომავალ კონცერტზე გეპატიჟებით.

ამის შემდეგ კარლო ჩიომ რიგრიგობით სამი „ასისტენტი“ აიტყუა სცენაზე. ერთს ახალთახალი „კალოდიდან“ კარტი ამოაღებინა, საიდუმლოდ დაიმახსოვრეთ და შუაში ჩადევითო. მერე თვითონვე გულმოდგინედ აარევინა კარტი და განუცხადა: „ახლა დადეთ მაგიდაზე ის კარტი და თქვენ თვითონ მითხარით, რამდენი კარტის შემდეგ ამოვიღო თქვენი დამალულარეული კარტი, რომელიც მე არ მინახავს და რომც მენახა, თქვენს მიერ არეულში რაღას ვიპოვიო“.

— მეცხრე, — თქვა ასისტენტმა.

— მეთერთმეტე! — დაიძახა დარბაზიდან ვიღაცამ.

— მეცხრე თუ მეთერთმეტე? — იკითხა ჩიომ.

— არც ჩემი და არც სხვისი — მეთხუთმეტე! — განუცხადა ასისტენტმა.

— ზემოდან თუ ქვემოდან?

— ზემოდან! — უპასუხეს დარბაზიდან.

— თქვით, რა კარტი იყო, უთხარით დარბაზს, მე ხომ კარტს არ ვეკარები, — თქვა ჩიომ.

— აგურის კაროლი, — დაიძახა ასისტენტმა. დათვალეს ზემოდან მეთხუთმეტე, მართლაც აგურის

კაროლი აღმოჩნდა.

მესამე მაყურებელს ხელში სასწაულთმოქმედი კვერ- თხი მისცა და უთხრა: „კეფაზე შემახე და პირიდან ალუმინის კვერცხს გამოვიღებო“. საკმარისი იყო ჯოხი თმაზე შეხებოდა, რომ ილუზიონისტს ლოყები დაებერა, პირს მომდგარი ალუმინის ბურთულა ყველას დაანახა, პირზე ხელი მოისვა, ხელისგულზე გაგორებული კვერცხი მაღლა შემართა და აისროლა.

დარბაზში ტაშმა იგრიალა.

— იქნებ ის ერთი წინასწარ მედო პირში. აბა, ერთხელ კიდევ სცადეთ! — თქვა ილუზიონისტმა.

ჯოხის კიდევ ერთი შეხება და კიდევ ერთი „კვერცხი“ მოადგა კარლო ჩიოს წითლად შეღებილ ფართო პირზე.

— კიდევ!

— კიდევ!

— კიდევ!

მაგიდაზე შვიდი კვერცხი რომ დაგროვდა, „ეყოფა, ცოდოაო“, დაიძახა ვიღაცამ დარბაზში და ასისტენტმა შემართული ჯოხი ძირს დაუშვა.

ამ ნომერმა ოდნავ დაეჭვებულნიც კი დაარწმუნა, რომ კარლო ჩიო არ ტყუოდა, იგი მართლაც სასწაულმოქმედი იყო. მეოთხე ასისტენტს, ტანკენარ, ქერათმიან ქალს კარლო ჩიომ საათი შეხსნა ხელზე და თავისივე ხელით ცხვირსახოცში გულმოდგინედ გაახვევინა. მერე ცხვირსახოცს სული შეუბერა და ქალს უთხრა, გახსენით, წაიღეთ თქვენი საათი, რაღაც ეს ნომერი ამ ბოლო დროს არ გამომდისო. ქერათმიანმა გახსნა ცხვირსახოცი და ელდა ეცა, მისი ოქროს საათი ხის პაწაწინა ნაფოტებად ქცეულიყო.

— საათი რა იქნა? — თითქოსდა თვით ილუზიონისტიც შეწუხდა, — ხომ კარგად ჩადეთ? ხომ თვითონვე მოუკარით ცხვირსახოცს, თქვენს გარდა, ხომ არავინ მიჰკარებია?

— არავინ... რა ვიცი... ვინ წაიღებდა, — ქალს აცრემლებამდე ცოტაღა აკლდა.

ეძებეს, ეძებეს და ოქროს საათი მაგნიტოფონის გვერდით ილუზიონისტის სათადარიგო ჩალმაში იპოვეს.

ბოლოს ილუზიონისტმა გულაჩუყებულ მაყურებელს სამი წითელი რიკით ჟონგლიორული ნომრები ჩაუტარა, მადლობა გადაიხადა გულთბილი მიღებისათვის, ჩალმა მოიხადა, პარიკზე ხელი ჩამოისვა (კინაღამ პარიკიც ჩამოაყოლა), შავი მოკასინები ქუსლებით ერთმანეთს გაუკაკუნა, დარბაზს ჰაეროვანი კოცნა სტყორცნა, ყველას ბედნიერი ცხოვრება უსურვა და აღტაცებით პირმოღებულ მაყურებელს ცარიელი სცენა შეატოვა.

ტაშის გრიალში რამდენჯერმე უხმეს სცენაზე კარლო ჩიოს. ბოლოს, როცა ილუზიონისტმა ხელებით და მიმიკით ანიშნა მაყურებელს: თქვენი ვარ, მაგრამ ძალიან ცხელა და მეტი აღარ შემიძლიაო, ტაში დაცხრა, ფარდა მძიმედ, ნელ--ნელა დაეშვა.

დაბა ახავაის მცხოვრებნი ილუზიის ჯადოქრის ხელოვნებაზე საუბრით დაიშალნენ და თავიანთ სადაბო ცხოვრებას დაუბრუნდნენ. კარლო ჩიო კი სანამ მისი თეთრიდათვისთვალება ასისტენტი ხელსაწყო-იარაღებს ფანერის მწვანე სკივრში ალაგებდა, პატარა საგრიმიორო ოთახში ბამბა-ვაზელინით საქმიანობდა, რათა სცენის ნიღაბი მოეშორებინა და ის სახე მიეღო, რა სახეც ჩვეულებრივ ამშვენებდა, როგორც საქართველოს ერთ სრულუფლებიან მოქალაქეს.

კარზე ფრთხილი, გაუბედავი კაკუნი გაისმა.

— მობრძანდით, ღიაა! — კარს გასძახა ჩიომ. ვაშაკიძეს დაშვებულ ხელებში ჭილოფის ქუდი ეჭირა.

თითო ნაბიჯი წინ და მარჯვნივ გადმოდგა და იქვე კარებთან გაჩერდა.

— გისმენთ, — ილუზიონისტმა ვაზელინით აზიმზიმებული სახე ჩვეულებრივი, თეთრი პირსახოცით შეიწმინდა, პერანგის ზედა ღილი შეიკრა და სტუმარს სკამი გაუჩოჩა

— დაბრძანდით, გაინტერესებდათ რამე?

კარლო ასეთ ვიზიტებს მიჩვეული იყო. კონცერტის დამთავრების შემდეგ მასთან ყოველთვის შედიოდა სამი-ოთხი განსაკუთრებით ცნობისმოყვარე მაყურებელი, ლამის ერთი და იმავე აღტაცებული მიმიკით და მთრთოლვარე ხმით რომ ეხვეწებოდა, „ჩვენ ორნი ვართ ახლა ამ ოთახში და, თუ ღმერთი გწამს, იმ ნომერს მაინც როგორ აკეთებო. თითქოსდა ყველაფერს ზუსტად მივყვებოდით, მაგრამ ვერაფერი გავიგეთო“. კარლოც, რასაკვირველია, ერთსა და იმავეს იმეორებდა:

„არავითარი საიდუმლოები არ არის, თორემ თქვენზე ახლობელს ვის ვეტყოდი, მე ფოკუსნიკი კი არა ვარ, არ გატყუებთ, ყველაფერი ჩემი განსაკუთრებული ბიოფიზიოლოგიური და ანატომიური (!) შესაძლებლობების ბრალია, მილიონში თითო ადამიანი იბადება ჩემნაირი მონაცემებით, ამას თუ სათანადო ვარჯიშს დავუმატებთ, მიიღწევა ის, რასაც მე მივაღწიეო. ვაშაკიძეს არც გულუბრყვილო მაყურებლის გაოცება ეხატა სახეზე და შეკითხვის მოცემასაც აგვიანებდა.

— გიყვართ ცირკი? — უხერხული სიტუაციის განსამუხტავად შეკითხვის ინიციატივა კარლო ჩიომ აიღო ხელთ.

— კი... რასაკვირველია... ხომ არ გაცდენთ, ორი სიტყვა მინდოდა მეთქვა, — ვაშაკიძე ჭილოფის ქუდს კრიალოსანივით აბრუნებდა და იატაკს დასცქეროდა.

— ბრძანეთ, ბრძანეთ.

— ეს ნომრები გაქვთ, საერთოდ, თუ სხვაგან სხვა ნომრებით გამოდიხართ?

— ძირითადად ეს არის. ერთი-ორი კიდევ მაქვს, მაგრამ შევამცირე, ცხელოდა და მაყურებელი არ გადავღალე. რაზე მეკითხებით?

— არაფერი... ისე... ჩვენი დაბა, კი მართალია, ცოტა მიყრუებული დაბაა, მაგრამ რაღაც-რაღაცები ჩვენც გვინახავს. მთლად ისე კი არაა საქმე.

— ნომრებზე ბრძანებთ? მე ხომ გითხარით, არ მოგატყუებთ-მეთქი, დღეს რატომღაც ისეთ ხასიათზე გახლდით. არ მოგეწონათ?

— როგორ არა... მოგვეწონა, თქვენ თქვენი საქმე იცით, რასაკვირველია, და ისიც არაა ცუდი, თავიდანვე რომ იტყ- ვით: განსაკუთრებით ეს მაყურებელი მიყვარს და არაფერს მოგატყუებთო.

— არ გჯერათ, ხომ? ჩემს გულწრფელობაში ეჭვი შეგეპარათ.

— დაჯერებით მე ბევრი რამ არ მჯერა ქვეყანაზე, მაგრამ ხომ დაინახეთ, მხარი დაგიჭირეთ. მართალია-მეთქი, ტაში დაგიკარით და ჩამოვედი სცენიდან, რატომ თუ იცით? იმიტომ, რომ თქვენ თქვენი საქმე გაქვთ და არ იქნებოდა ლამაზი იქ, სცენაზე რომ კირკიტი დამეწყო.

— მაინც?

— სხვების არ ვიცი და არ მინდა ჩვენი დაბიდან ისეთი შთაბეჭდილებით წახვიდეთ, თითქოს ვინც იჯდა ამ კლუბში, ყველამ ყველაფერი დაიჯერა. თქვენ-მეთქი, მაპატიეთ ვი- მეორებ, თქვენი მუღამი გაქვთ პურის ჭამის ამ ქვეყანაზე, თვარა რა დროს ცირკის ფოკუსებია, ფოკუსს ვჭამ მეე?

— დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებდა რას მიხვდით და რას ვერა.

— რაი და ფოლადის რგოლები რომ ვითომ ერთმანეთში შეგყავდათ, თავიდანვე მკლავზე გქონდათ ჩამოკიდებული ორორად ჩასმული რგოლები. ერთმანეთზე რომ ურტყამდით და უცებ ჩემზე გაამახვილებდით ყურადღებას, ამასობაში ამ ორ რგოლს ადგილს შეუცვლიდით და მაყურებელი ვერ ხედავდა.

— თქვენ რომ რგოლები გამოგართვით?

— სწორედ მე რომ გამომართვით მესამე დაკაკუნებაზე მარჯვენა მკლავზე ააცურეთ, ვითომ ხელი აგიცდათ და ერთმანეთში ჩასმული რგოლები ჩამოყარეთ, არ იყო ასე?

კარლო ჩიო სდუმდა.

— ახლა კარტის ამბავი. ორი კალოდა გაქვთ, ერთ კალოდაში მარტო აგურის კაროლებია. ჯერ პირველი კალოდა დაანახეთ, მერე ის მაჯაში შეაცურეთ და კაროლებიან კალოდაში დაამახსოვრებიეთ „კლიენტს“ ერთი კარტი. მერე ის კალოდა მაგიდაზე იდო და სულერთი იყო ზემოდან იქნებოდა მეშვიდე, თუ ქვემოდან — მეცამეტე, მაინც აგურის კაროლი ამოვიდოდა.

კვერცხები რომ გამოგქონდათ პირიდან, არც ეგ იყო დიდი ფილოსოფია. მუდმივად ერთი ალუმინის კვერცხი გედოთ პირში. ხელს რომ მოისვამდით ტუჩებზე, იმ კვერცხს კი არ იღებდით, პირიქით პირში იდებდით, ხოლო ხელისგულში მეორე კვერცხი გედოთ და იმას ისროდით მაღლა. ასე ამოიღეთ ჯიბიდან შვიდი კვერცხი და ჯადოსნური ჯოხის წყალობით ვითომ პირზე გადგებოდათ.

საათის ამბავი ყველაზე უბრალო იყო. იმ ქალმა რომ საათი მოგაწოდათ, თქვენ, თითქოსდა, მაგიდაზე რაღაცას ეძებდით, მაშინვე ჩააგდეთ იგი ჩალმაში და სანამ ცხვირსახოცში ის ქალი ნაფოტს გულმოდგინედ კრავდა, ასისტენტმა ჩალმა წაიღო და მაგნიტოფონის გვერდით დადო. არ იყო ასე? გაფიცებ გულით საყვარელს, არ ვთქვი მართალი?

კარლო ჩიო სდუმდა.

ვაშაკიძე თვალებში შესცქეროდა გამჟღავნებულ ილუზიონისტს. თავიდან გამარჯვებულის იერით უყურებდა, ცოტა არ იყოს ირონიულადაც, მერე როცა ინდივიდუალური ნომრების ოსტატის ნაღვლიან თვალებს წააწყდა, ცოტა არ იყოს, შერცხვა თავისი საქციელის. „რა უბრალო კაცი ჩანს, არ უნდა მოვსულიყავი, არ ვარ მართალი“, გაიფიქრა და სიჩუმე კიდევ ერთხელ დაარღვია.

— თქვენი სახელი?

— კარლო ჩიო — სხვისი ხმით თქვა და განზე გაიხედა ილუზიონისტმა.

— მე ნამდვილ სახელს გეკითხებით.

— კლიმენტი, კლიმენტი ღელეყვა.

— კლიმენტი ბატონო, მე შანშე მქვია. კი არ გეწყინოს, ეს ყველაფერი ისე გითხარი. ვითომ, ჩემი ჭკუით ჩვენს დაბაზე ნამეტანი დაბალი წარმოდგენა არ დარჩეს-თქვა.

— არა, ბატონო, რა საწყენია, შეიცვალა ქვეყანა, ის ხალხი, ის მაყურებელი, რომ იყო, ნამდვილად აღარ არის.

— მაგაში კი მართალი ბრძანდებით. ჩვენ იმდენ და იმნაირ ფოკუსს გვიკეთებენ ყოველდღე, ყოველთვე, ყოველ ათ წელიწადში, რომ ცირკის ფოკუსები იმასთან ბავშვურ თამაშობად ჩანს. ვხვდებით ყველაფერს ხანდახან. ხანდახან, უნდა გითხრა, ისეთი მაღალი რანგის ფოკუსია, ვერაფერს ვხვდებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ჩუმად ვართ. ასეა ჯერჯერობით და მერე ვნახოთ.

— კი, ბატონო, კი, მართალი ბრძანდებით, — კარლო ჩიომ საათზე დაიხედა.

— ბატონო კლიმენტი, სხვანაირად არ მიიღოთ. ნავახშმი არც თქვენ იქნებით, თუ მიკადრებთ, ახლოს ვცხოვრობ აგერ, ორ ნაბიჯზე ვარ, თითო ჭიქა და წავისამხროთ, თითო ლუკმა ჭადს წავუტეხოთ, დიდხანს არ გაგაჩერებთ, შვილებს ვფიცავარ.

— მადლობელი ვარ, ბატონო. სხვა დროს. ახლა არ ეწყობა საქმეს. თანაც მოგეხსენებათ, მარტო არ ვარ, ასისტენტი მახლავს.

— რავა გეკადრებათ, ბატონო. წამობრძანდეს მაგიც. ერთი საათი, მეტი არა, ამხელა გზაზე უვახშმოდ ხომ არ გაგიშვებთ. მეცით პატივი...

ისეთი გულწრფელობა და მოკრძალება ჩანდა შანშე ვაშაკიძის ხმა-თვალებში, რომ ილუზიონისტმა უარი ვერ უთხრა.

სკივრი პატარა ოთახში შეათრია, კლუბი დაკეტეს და სამივენი მთვარით განათებულ შუკას დაადგნენ.

კლუბის წინ ეზოში, ჭასთან ჩაცუცქული ძაღლი მთვარეს უყეფდა.

უცნაური ქორწილი

— მიტუამ იცოდა ხოლმე თქმა, ცხონებულმა, იდაყვიც ახლოსაა, მაგრამ ვერ აკოცებო.

— როგორ „ცხონებულმა“?

— მიტუა ხომ გახსოვს? წყაროდან მარცხნივ, მეორე ჭიშკარი მისი იყო, ეზოში დიდი კაკალი ედგა.

— მახსოვს რომელია. განა ერთი და ორი ჭიქა მიგვიჭახუნებია აქაც და იქაც, მის მარანში?

— ჰოდა, ეგა, შემოდგომის მიწურულს, მგონი ნოემბრის ბოლო დღეები იყო, თუ დეკემბერი დაწყებული გახლდათ, ერთი სიტყვით, შენი ჭირი წაიღო.

— რამ მოკლა კაცო, მიტუა,საღსალამათი კაცი. ხუნჯი და ენატკბილი, მიტუა?

ჩემმა ნათლიმამამ, მგონია, ცოტა ჩაიღიმა კიდეც, თუ მომეჩვენა.

— რა ვი, აბა. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ისე, კაცმა რომ თქვას, საათივით რომ ააწყო საქმეი, სწორედ მაშინ მოკვდა.

— როგორ, რანაირად?

— სულ უბრალოდ. დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მიტუა. ახლაც თვალწინ მიდგას ხმელ-ხმელი, დაძარღვულხელებიანი, მკვირცხლთვალება მიტუა — ხშირ ჭაღარაში ლამის შეზრდილ-შეხუნებული განუყრელი კახური ქუდით, სქელი, მოუვლელი ულვაშებით და სწორი, ლამაზი ცხვირით. წამდაუწუმ ხუმრობდა და სიცილის დროს ჩაწიკ- წიკებულ თეთრ კბილებს აელვებდა.

— რა იქნებოდა ჯერ მიტუა? სამოცდახუთისა იმ კვირაში შესრულდა. ტოლები ვიყავით. ეგ მარტში იყო დაბადებული, მე აპრილში. ძალიან დაგვაკლდა. რაღაცნაირი მადლი ჰქონდა იმ დალოცვილს, სადაც გამოჩნდებოდა, ეშხი და ღიმილი შეჰქონდა, მიტუას გვერდით ვერ მაიწყენდით. ცოტა უცნაურად კი მოკვდა...

და ჩემს ნათლიმამას ისევ შეეპარა ღიმილი წეკოსაგან გაყვითლებულ, დამჯერე ულვაშებში.

— ჰო, აბა, აბა.

— მიტუას რჯულიერი დედაკაცი, შენ, აბა როგორ დაიმახსოვრებდი, მაშინ იქ იყო ერთი უბრალო, შეუხედავი, მაგრამ გამრჯე და მუყაითი ქალია. ველისციხიდან არის გამოთხოვილი. გვარი აღარ მახსომს. ხომ გაგიგონია — ბუ შეუხედავია, მაგრამ გული კეთილი აქვსო, სწორედ ქალბატონ ლუბაზეა (ლუბა ჰქვიან) ზედგამოჭრილი. განგებამ ბალღები არ მისცათ და ცხოვრობდნენ მარტონი. ამ წუთისოფლი ორომტრიალში, როგორც ილია იტყოდა, თუ მარტომყოფი ეთქმის გლეხკაცსა.

ყველა კაცი თავის ჭკუაში პატარას ეშმაკობს და მიტუასაც ჰყავდა თავისი ოფოფები — რომ იტყვიან, ქალები უყვარდა. ჯეელობაში ხშირად დაქორმწევრობდა ალაზნი გაღმა-გამოღმა ჭალებში. თუ სადმე საკბილო დედაკაც მოიხელთებდა, ტყუილია, არ გაუშვებდა.

არ გესწავლებათ ყოველ სოფელსა ჰყამს თითო-ოროლა (თუ მეტი არა) ლამაზმანი, კახპაი.

ბევრჯერ სდრუზეს კეტი წელში წუწკხვადობითვინა შენს მიტუას, მაგრამ თავისას არ იშლიდა.

ბოლოს, ხანში რომ შევიდა, როგორც ყველა და ყველაფერი — მიტუაც დაცხრა, დადინჯდა, მაგრამ ყელყირმიზა და გავათიმთიმა ქალებისკენ თვალები ყოველთვინ გაურბოდა. რაკი სანადირო-საშლიგინოდ მუხლი ძველებურად აღარ მოსდევდა, ლიზაზე შეჩერდა. ლიზა ხევგაღმა ცხოვრობდა, ჭინჭრიანს ვეძახდით, ხიდს რომ გადახვალ პირდაპირ სკოლაა. სწორედ ამ სკოლი წინ ცხოვრობდა ლიზაი. მარტოხელა ქალი იყო. მშობლები ადრე დახოცოდა და გათხოვება ვეღარ მაეხერხებინა. ხომ იცი, მუღამყისმათი უნდა ყველაფერსა.

არავინ იცის, როდის შეუჩნდ-შეუჩოჩდა და რა დროიდამ დაიდო ლოგინი მიტუამ ლიზას ჭერქვეშ. ჯერ, როგორც ხდება ხოლმე, ჩუმად, ქურდულად შეიპარებოდა. მერე სოფლი თვალსაც აღარ ეპუებოდა.

ბევრიც რომ ეცადო, ეგეთ საქმეს სოფელ ვერ დაუმალამ. სოფელს დიდი თვალი აქვს, ხელათში ჩაგავლებს და საქვეყნოდ გამოგაჭენებს. ტაშტი გატყდა, ხმა გავარდაო, ნათქვამია. ჭორს ერთი თვისება აქვს — აფუვდება, აფარფატდება, აქეთ-იქით მიაწყდება და მალევე ჩაქრება გაზაფხული ქარივითა. გაზაფხულის ქარი დიდხანს არა ჰქრის, გრძელი ქარები შემოდგომამ იცის. მოკლედ ჭორმა იჭორა, იქარიძრომიალა და ჩაცხრა. მიტუა ძველერთგულად, კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც შეაღებდა ლიზიკოს კარებსა. ნანდაურს მოეფერ-მოესურვილებოდა და შეღამებულზე გამოსწევდა შინისაკენ. ბოლო წლებში კარგა შეფერთხილ-შებერებული ჩვენი გმირები სოფლის გულსახეთქად აივანზე ისხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ.

ამ სიყვარულის ამბავი გაღმა-გამოღმა სოფელში, მე მგონი, ყველამ იცოდა, თავად „დაზარალებულის“ — ლუბას გარდა. ეგეცა ძალიან მეეჭვება... აბა, მტერ-მოყვარეში ერთი მაინც როგორ არ გამოჩნდებოდა, ლუბასთვის არ ჩაეყაჭა

— ქმარი გღალატობსო, მაგრამ რაც არ ვიცი, ვერ დავიჩემებ, გარეგნულად ცოლ-ქმრის ცხოვრებას არაფერი ეტყობოდა.

ლამის ოცი წელი ისე ჩაიფურცლა ლუბასა და მიტუას სახლიდან ხმამაღალი ლაპარაკიც კი არავის სმენია. ერთიც ვნახოთ, შარშან ნოემბრი ბოლოს ჩემი ცოლიძმა (ფოსტალიონია) მეუბნება:

მიტუამ ლიზიკო ცოლად მოიყვანაო.

ეგ რა სისულელე ჩაუდენია, ამ სიბერეში, მაგ ღმერთგამწყრალს-მეთქი, რა დროი ჩვენი ცოლის შერთვაა, მიქელგაბრიელის სიაში ჩვენი რიგი გვიახლოვდება და ბრინჯსა და ჯონჯოლს უნდა გვიმარაგებდნენ სახარჯოდ-მეთქი. ლუბას რაღა უყო-მეთქი, მაგ უმადურმა, ეგ ღვთისნიერი ქალი ქუჩაში ხომ არ დატოვა-მეთქი ამ სიბერის წლებში?

არაო, შენ ჯავრი ნუ გაქვს, იცის ბიჭმაო, ორივე შინა ჰყავსო.

ერიჰაა, ე რა კომუნიზმი შამასულა ჩვენს სოფელში და მე კიდე ჩიტი-ნიბლიას მსგავსად ჩამძინებია-მეთქი. ეგ საუბარი ჩემს ცოლისძმასთან ნასადილევს შედგა, საღამოთი კი თვითონ სიძე ბატონი — მიტუა მომადგა ჭიშკარზე და ჩამხმამაღალა:

— გივო, ხვალ საღამოი ჩემსა გადმოდი, პატარა ვახშამი მაქვს და ძველებურად მოვილხინოთო. რა ზეიმ-მეჯლისი გესტუმრა, თუ საიდუმლო არ არი-მეთქი, ვკითხე, მითამ არა ვიცი რა. ცოლი შევირთეო. თვალს მარიდებს. შენ ხომ არ შეურიკინე ზედა სართულებში, ჭკუა ხომ არ შეგიმსუბუქდა, მა ლუბაი-მეთქი? ორღობეში გავჰყევ ლაპარაკ-ლაპარაკითა. როგორ მოვშორდები, — სანამ სიმართლეი არ გავიგებ.

— ყველაფერი ლუბას თანხმობითა და კურთხევით მოხდაო. დავუჯექ და წვრილად ვაუწყე: ჩემო საყვარელო და ტკბილო ლუბა-მეთქი, იგრე და იგრეა საქმე, დიდი ხანია, შეიძლება, ყურიც მაგიკრავს, ჩაღმაანთ ლიზიკოსთანა ერთგვარი მეგობრობა-ამხანაგობა მაქვს-მეთქი. ურიგო ქალი არ არი და შენც ძალიან უყვარხარ-მეთქი. ახლა ამ ჩვენს ყოფას რო ვაკვირდები, ცხოვრები საქმეი უკან-უკან მიდის და ჩვენც ღრმა სიბერეში შევდივართ-მეთქი. სიბერე კიდე ისეთი რამეა, როსტომსაც კი ქედი გაჰდრიკა-მეთქი. მე, შენც მოგეხსენება, ის მიტუა აღარა ვარ და შენ ხომ მიყვარხარ და მიყვარხან, ის ლიზიკოც ძალიან მეცოდება. მარტოხელაა, ჩვენს მეტი (ჩემ ბეხრეკ თავს ვგულისხმობდი), ხელის წამომკრავი არავინ ჰყავს-მეთქი. მე უკვე იმი მუხლები აღარ მაქვს, ამ დანჯღრეულ ბონდის ხიდზე გავიდე და ყოველ მესამედღე იქით-აქეთ ათი ვერსი ვაკეთო ლიზიკოი მოსანახულებლად-მეთქი. არა და ამ სიბერეში ადამიანის მიტოვება უმადურობაა, რასაც შენი მოწყალე გულის ამბავი რომ ვიცი, შენც არ მომიწონებდი-მეთქი. თუ არ გეწყინება, მოვიყვანოთ აქა, შენც ძალიან გამოგადგება, ხმის გამცემი გეყოლება, ამ ვაზის ფურჩნა-აკვრაში მოგეხმარება, მორიგეობით ძროხებსაც მოაძოვებს და იხვებსაც მიხედავს-მეთქი.

იყუჩა, იყუჩა ჩემმა ლუბამ და როდის-როდის ჩამომარცვლა — რა ვქნა, რაკი ეგრეა, როგორც შენმა კაცურმა ჭკუამ გაგიჭრას, იგრე ჰქმენო. მააშ.

მესამე დღეა ლიზიკო ჩვენსა გადმოსახლდა. როგორც შეხმატკბილებული გვრიტები ისე არიან ერთმანეთშიო, იცინის მიტუა, ხვალ ამასთან დაკავშირებით ხბო-ცხვარს ვჰკლავთ, კარგი ხაშლამა-ჩაქაფული გველის და შარშანწინდელი რქაწითელისა ჭურში ორ კოკამდე მისხია. იგეთია, ცუდ კაც არ დაელევინებაო.

ჩავედით, მოვილხინეთ, მიტუაც ისე „უდარზე“ იყო, იმტოლი, მგონი, ჩემ სიცოცხლეში ერთად არ მიცინია.

მეოთხეზე თუ მეხუთე დღეზედ, კარგად აღარ მახსოვს, ძილში გაპარულიყო.

ლუბაც და ლიზიკოცა ორივენი თავთით უსხდნენ კუბოსთან და ისე ალალგულით, ისე სულმდუღარედ სტიროდნენ, გული მოგიკვდებოდა.

ახლაც ორივენი ერთად ცხოვრობენ, ერთად დაფუსფუსებენ მიტუას ნაკვდავ ვენახში და აღდგომას ერთად უგორებენ კვერცხს თავიანთ სულკურთხეულ, საზიარო ქმარსა.

სამი ბიჭის ამბავი

აფხაზეთის ომზე ყველა თავისას ყვება, ბატონო მწერალო, მე ჩემსას მოგიყვები, იქნებ რამეში გამოგადგეს.

ახალდაბაში ვცხოვრობდი. ვცხოვრობდი-მეთქი წამომცდა, ახლაც იქ არ ვცხოვრობ? სად ვცხოვრობ, აბა.

აქ რომ ვართ, ისე გეყოლა მტერი.

მეწვრილმანე ვაჭრებად გვაქციეს და ახლა გვეუბნებიან „კორენნოი თბილისელები“: თქვენ ანაგვიანებთ დედაქალაქს და უნდა აიბარგოთ აქედანო.

ამათ ჰგონიათ, ჩვენ ძლიერ მოგვწონს სიცხეში, ყინვაში, მტვერში და რიარიაში ქუჩაში დგომა ლუკმა პურის საშოვნელად.

მადლობა უნდა ვუთხრა ძირძველ ქალაქელებს, რომ შეგვიფარეს და აგვიტანეს ეს სამი წელიწადი?

საიდან მოვიდა, პატივცემულო, ეს თვითდაჯერებული თავხედობა?

თბილისი, როგორც ვიცით ჩვენ, მთელი საქართველოს დედაქალაქია. თბილისი ყველა ქართველის სახლია და ჩვენს სახლს შევეფარეთ ჩვენ.

არ უნდა იცოდეს თბილისელმა, რა მწარეა ლტოლვილის ლუკმა?

არ გვეგონა, თუ ამდენი ჩარჩი ცხოვრობდა აფხაზეთშიო, გაგვაგონებენ ხანდახან გაუბედურებულ ხალხს.

ჩვენ იქ ჩარჩები არ ვყოფილვართ და თავმოყვარეობაც სხვაზე ნაკლები როდი გვქონდა.

დავმარცხდით წინასწარგაყიდულ ომში, რა ვქნათ, ასე მოიტანა ცხოვრებამ. მარტო ჩვენ კი არ დავმარცხდით — აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, მთელი საქართველო დამარცხდა და მთელმა საქართველომ უნდა ზიდოს დამარცხების ჭაპანი.

ჰგავს ახლა საქართველოს ცხოვრების წესი დამარცხებული ქვეყნის ცხოვრების წესს?

იმდენი აცეკვეს და ახტუნეს ახალგაზრდები, რომ დაავიწყეს შარშანგადატანილი ომის საშინელება.

ბალახი ჰფარავს ზვარაკად შეწირული ბიჭების უპატრონო საფლავებს.

თითქმის აღარ დადიან ახალგაზრდები მათი ტოლა ბიჭების საფლავების მოსანახულებლად ყვავილით ხელში.

რატომ თუ იცით?

თავდადებულთა უმეტესობა ყაჩაღებად, შემცდარ მებრძოლებად გამოაცხადეს და ამით ახალ თაობას პატრიოტული ორიენტირი მოუსპეს, კერპი დაუმსხვრიეს. ესაა საქმე?

აფხაზეთის დასაბრუნებლად ჩვენი ხელისუფლების მცდელობა საპარლამენტო მოსმენებს და ზუგდიდიდან „სამშვიდობო ჯარის“ მანდატის გაგრძელებას არ შორდება. ასე დავიბრუნებთ აფხაზეთს? აბა, თუ გაისმის მსოფლიო განგაში საქართველომ მესამედი ტერიტორია რომ დაკარგა?!

აბა, თუ ვაკაკუნებთ ყოველდღე გაეროს კარებზე, ან თუ ვუგზავნით რუსეთს ნოტებს, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნეო.

შენც არ მომიკვდე. სანამ შეიძლება გვატყუონ? თუ არ აპირებდნენ ჩვენს დაბრუნებას, ეთქვათ თავიდანვე. რაღაზე გვატყუეს და შეგვიქციეს.

თუ ეგუებოდნენ აფხაზეთის დაკარგვას, ჩვენი ცოდო რაღაზე დაიდეს.

მოეცათ სადმე მიწები და დავესახლებინეთ. ჩვენს საქმეს ვეწეოდით.

დღეს ხვალ, დღეს ხვალო, და გაილია ეს სამი წელი. სამასი ათასი ადამიანის ასე მწარედ მოტყუება საკადრისია?

არის წამდაუწუმ ლტოლვილთა რაოდენობის გადამოწმება-რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია. არიქა გარდაცვლილი არ იყოს კაცი და ზედმეტად, შეცდომით არ გაიცეს ჰუმანიტარული დახმარება. მათხოვრებისთვის საზღვარგარეთიდან შემოსულ ტვირთს მშვენივრად ეპატრონებიან და ისეთი სერიოზული სახეებით არიგებენ, გეგონება მათი ჯიბიდან მოდიოდეს.

მე აქ არ ვცხოვრობ, ბატონო, მე აქ ჩემს გაძაღლებულ დღეებს მივათრევ. სიტყვა გამექცა.

სოხუმი რომ დაეცა, ხმა გავრცელდა, აქეთ აღარ წამოვლენ, ზვიადი და არძინბა შეთანხმებული არიან ოჩამჩირეს და გალს ხელს არ ახლებენო.

მეორე დღესვე მოკვდა ეს იმედი. „მოდიან, მოდიანო“, ატყდა წივილ-კივილი. ოცდაშვიდი სექტემბერია. ასე საღამოს ცხრა საათი იქნებოდა. „არიქა, არიქა თავს უშველეთ, რუსები და აფსუები ფეხდაფეხ მოგვდევენო“, ჩამოირბინა რაისაბჭოს მდივანმა ხუხუამ.

შევვარდი სახლში. სად მიდიხარ, რას წაიღებ, სამი ბავშვი მყავს, სამი ბიჭი — ხვიჩა, ავთანდილი და გოჩა. უფროსი ხუთი წლისაა, უმცროსი — ორის.

ოღონდ ეს ბავშვები გადავარჩინო და დავეძებ რამეს?

წასატეხი ჭადიც არ წამოგვიღია, ჯანდაბის გზა ჰქონია ყველაფერს, ოღონდ ეს ბავშვები არ დამიხოცონ.

ჯერ ტყისკენ გავიქეცით, მაგრამ გზას მოგვიჭრიანო ვიღაცამ და ზღვისკენ ვქენით პირი. გავრბივართ, რაც შეგვიძლია. ბავშვები ტირიან. მთელი სოფელი გზაზეა. ზოგიერთს ძროხა გამოუდენია, იქნებ სამეგრელოში გადასვლა მოვასწრო, დამჭირდებაო.

ღამდება. სროლის ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმის. გავიხედეთ, ახალდაბა ცეცხლშია გახვეული. „დივჭვით, დივჭვით, ღორონთი ვარექო?!“ ისმის ტირილგოდება.

კინდღში ჩავაღწიეთ, როგორც იქნა.

ბავშვთა დასასვენებელ სახლთან ორი ტანკი დგას და ჯარისკაცები ირევიან. ჯარისკაცის დანახვა არ გვინდა.

ჯერ ერთი, არ ვიცით, ჩვენები არიან თუ აფსუები და მეორეც, შენიანიც რომ იყოს, რას გიშველის, იმას თავისი თავი უჭირს.

მივვარდით. შემოვეხვიეთ. — რავა იქნება ბიჭებო, ჩვენი საქმე?! — ვეკითხებით.

— ხომ ხედავთ როგორც არის! — სახეს ვერ გვისწორებს ავტომატიანი ბიჭი და ტანკზე ხტება.

— რას შვრებით, მიდიხართ?

— მივდივართ, აბა რას ვუცადოთ აქ. რუსი მოდის, ვერ უყურებ?!

— ჩვენ!

— გაიქეცით, ვისაც შეგიძლიათ. გასაქცევად მოგვიქციეს საქმე და, რა ვქნათ აბა!

— კი მარა, თქვენ ვინ ხართ?

— ქობალიას ჯარი ვართ ჩვენ.

— მერე არ იბრძოლეთ სოხუმისათვის, ბიჭებო? მოგვჭერით თავი?

ავტომატიანი, ცისფერთვალა, შავფრენჩიანი ბიჭი ჩვენსკენ გადმოიხარა.

— აბა, რას ვაკეთებდით, შენი ჭკუით, გუშინ და გუშინწინ. მოდი აქ! — ორნი მივუახლოვდით — ჯარისკაცმა რკინის მრგვალი „ლუკი“ ასწია — ჩაიხედეთ შით.

ჩავიხედეთ. ელდანაკრავივით უკან დავიწიე. ჩექმებს რომ მოვკარი თვალი.

— სამი ხომ აქ არის. იმ ტანკში ოთხი დაღუპული წევს. ტამიშთან დესანტი გადმოსხეს. ქვა-ქვაზე დაადუღეს. რასი კაციდან ნახევარი დაგვიხოცეს. სოხუმი ალყაში მოაქციეს.

გაიქცა ჯარის სარდლობა თავის მინისტრიან-მარშლებიანად და ჩვენ რისთვის გვეცადა იქ. კარგად ვიცოდით ჩვენ რისთვისაც იყო მოგონილი ეს ომი, მაგრამ, თუ მთლად ასე გაგვწირავდნენ, არ გვეგონა.

— ლოთი სად არის?

— წავიდა ამ დილით. გზა უნდა გავასუფთავო ლტოლვილებისთვისო. უბრალო ხალხი დაიღუპება, ენგურის ხიდამდე თუ მოგვასწრო მტერმა. ევაკუაციაა გამოცხადებული. კარგად იყავით, აბა, უშველეთ თავს, როგორც შეგიძლიათ!

— მოიცათ, მოიცათ! — ტანკი აგრუხუნდა, — ერთი წუთით. აქ ქალები და ბავშვებია, საით წავიყვანოთ ესენი! რომ ვერ გადაასწრონ ხიდზე?!

— უნდა იჩქაროთ, თორემ დახოცავენ ყველას!

— ესაა თქვენი სიტყვა?!

— რა ვქნათ ჩვენ? ხო მართლა, ბარჟა უნდა მოვიდეს ამაღამ კინდღში. ასეა დაპირებული, თუ არ მოგვატყუა! ფოთში მიმავალი ბარჟაა ის! დაჭრილებისთვის გამოვიძახეთ, მარა აღარ გვყავს დაჭრილები. ჩვენი დაჭრილები არც ერთი აღარაა ცოცხალი. ხომ ნახეთ თქვენი თვალით. თუ მოვიდა, ის წაიყვანს ქალებს და ბებრებს. თქვენ საიდან ხართ?

— ახალდაბიდან.

— ახალდაბა გადაწვეს მთლიანად, თვითონ აფსუებმა გადაწვეს, თქვენმა მეზობლებმა. ჯარი არ შესულა შიგ. რანაირად შეაძულეთ ასე თავი, თქვენი კარის მეზობლებს?

— სასწაულია პირდაპირ, ჩაილაპარა მოხუცმა ქალმა,

— რაღაც დაემართა მაგ ხალხს, თორემ ჩვენ ერთი პატარა შელაპარაკებაც არ მოგვსვლია ერთმანეთთან. ამ ხნის ქალი ვარ და არ მახსოვს, უერთმანეთოდ ქორწილი და ქელეხი გამართულიყოს ახალდაბაში.

— ა, ხომ ხედავთ, რაც გვიყვეს.

— ხომ გითხარი, სასწაულია-მეთქი.

— არაფერი არაა სასწაული. ჩვენ საწყალი გულის ხალხი ვართ. თქვენ ხომ არ გააკეთებდით, რაც მაგნებმა გააკეთეს?!

— არა, ბატონო, არა. ღმერთმა დაგვიფაროს.

— ჰოდა, კიდეც ამიტომ ხართ მაგ დღეში. აბა კარგად. მოუცადეთ ბარჟას იქ, „პრიჩალთან!“

ტანკები ერთმანეთის მიყოლებით გაგრუხუნდნენ. იქნებოდა ღამის თერთმეტი საათი ბარჟა რომ მოადგა ნაპირს.

უკუნეთი სიბნელეა.

ბარჟას სინათლეები გამორთული აქვს. სროლა უკვე ყურისძირთან გაისმის.

— ჩქარა, ჩქარა, სადაცაა აქ გაჩნდებიან! — ყვირის ბარჟის ქიმზე შემდგარი მეზღვაური და რელსს მსხვილი ბაწრის ქამანდს ესვრის.

ბრბო წყალში შედგაფუნდა.

რა ყოფილა შიში და თავის შველის ინსტინქტი, თუ რა ჯანდაბა ჰქვია.

რისი მოხუცი, რისი ქალი, რისი ბავშვი...

ერთმანეთის უკან დაწევა, მუჯლუგუნი, ხელისკვრა, წი- ვილ-კივილი...

„არიქა, არიქა! ქემმახვარით!“

კბილთა ღრჭიალი, კიბიდან გადაგდება, დედის გინება...

— დაუჩქარეთ! დაუჩქარეთ, მოვლენ და ჩაგვძირავენ, იცოდეთ ეს!

ბავშვებიანად კინაღამ გადაგვთელეს. შევტოპე მკერდამდე წყალში.

ორი ბავშვი აქეთ-იქეთ ხელში მიჭირავს, მესამე — უმცროსი კისერზე მაზის.

— არ იტიროთ, ბაბაია, ახლა მე თქვენ ამ კიბეზე შეგსვამთ, აფორთხდით და იქვე დაჯექით. მე და დედიკო ამ წუთას მოვალთ.

ორნი რის ვაივაგლახით აფორთხდნენ. გოჩას ტირილჭყივილი იქაურობას იკლებს. ვიღაცამ ზემოდან ხელები გამომიწოდა. სიბნელეში ვერ ვხედავ სახეზე.

— იმ ორ ბავშვს მიუსვი გვერდით, თუ კაცი ხარ, მე იქიდან მოვუვლი და ამოვხტები!

— მომეცი, მომეცი, ნუ გეშინია!

— იმათ მიუსვი და არ იტირებს. ნუცა! ნუცა! — სიბნელეში ჩემს ცოლს დავეძებ.

— ბავშვები ავიყვანე! ნუ გეშინია, ახლა მე და შენ ავფორთხდეთ როგორმე. წამოდი, აქეთ, ფრთხილად! ფრთხილად!

ჩემმა ცოლმა ფეხი გადმოდგა, მაგრამ სანამ ქვიშაზე ჩამოხტებოდა, კაბის ბოლო რკინას გამოსდო და კიბეს განზე გადაეკიდა. ცალი ფეხი ამობრუნებული აქვს და კაბით რელსზე ჰკიდია.

— ქვაზი, ქვაზი! მიშველე!

მივვარდი, გამოვწიე, კაბა წელამდე ჩაიხა, მაგრამ როგორც იქნა ჩამოვხსენი.

— რა გინდოდა იქეთ, მე აქეთ გეძახდი!

— ვაიმე დედა, ფეხი!

— ძალიან გტკივა?!

— კი, მაგრამ მოტეხილი არ უნდა მქონდეს.

— აბა, ჩქარა დამეყრდენი, მარცხნიდან უნდა მოვუაროთ!

იქ კიბეა და ავხოხდებით როგორმე!

ძრავი აგუგუნდა.

ვჩქარობთ, წყალს მივტოპავთ.

კიბეს თუ ჩავეჭიდეთ, მერე აღარა გვიშავს.

ცოტაც, ცოტაც და სწორედ მაშინ ერთი მკლავის გაშლაზე რომ დავუახლოვდით კიბეს, ბარჟა ნელნელა გაჩოჩდა და ნაპირს მოშორდა.

— გააჩერე! გააჩერე!

— დავრჩით!

ჩვენს გარდა ორასამდე განწირული ადამიანი მაინც ჰყვირის ამ სიტყვებს.

— გვიშველეთ! გააჩერეთ, ბარჟაზე ბავშვები დაგვრჩა!

— ბავშვები! ბავშვები!

ჩემს ცოლს გული შეუწუხდა.

ჩემს სულისწამღებ კივილზე ახლომახლო მდგომნი წამით გაირინდნენ და უცებ შემომიერთდნენ.

— გააჩერე, კაცს ბავშვები დარჩა!

ბარჟა ჯერ უკანსვლით მოშორდა ნაპირს, მერე წყალი აატალახა-აბურღავა და წავიდა.

— ვაგაშქურინას! ვაგაშქურინას! ბაღანენს მუ უჭირს!

— მამშვიდებს ვიღაც.

გონსმოსული ჩემი ცოლი ცივი ხმით კივის.

— წამოდი აქეთ, ქალო. ტირილი არ უშველის ახლა ამ საქმეს. ხიდზე გადავასწროთ როგორმე და ხვალ ფოთში ვიქნებით. სამ ბავშვს ზღვაში არავინ გადაყრის, ნუ გეშინია!

— მოგიკვდათ დედა! შვილებო!

დავადექით გზას ენგურის ხიდისკენ.

მთელი ღამე მივბრაგუნობთ დოღის ცხენებივით. ჩვენი ქარავანი ყოველ წუთში იზრდება.

გამორბიან შუკებიდან, ცეცხლმოდებული სახლებიდან... გამორბიან ქვაბებით, ვედროებით, ჩემოდნებით, ძროხებით, თხებით, ბუშლატმოგდებულნი, ჩაცალსახელოებული პლაშებით, თასმაშეუკრავ ტუფლებში ფეხწაყოფილნი, ხურჯინში ჩასმული თოთო ბავშვებით, ატატებული თიკნებით, ურიკაზე დასმული სიდედრებით...

ცოდვის გაკითხვა თუ გაგიგონიათ, ეს არის!

მეორედ მოსვლის დროს, მეეჭვება, ასეთი ამბავი დატრიალდეს.

მთელი სამურზაყანო, მთელი ქვეყანა ზუგდიდისკენ მობრიგინებს და უკან შეუბრალებელი, კაციჭამია ლაშქარი მოგვსდევს რუსთა, ჩეჩენთა და აფსუათა.

ვინ ამბობს, ლოთიმ ენგურის ხიდი გადაკეტა და ლტოლვილებს ზუგდიდში არ უშვებდაო.

ნეტავ არავინ გადაიღო ხიდთან მოგროვილი გალ-ოჩამჩირის ქართველობა და ზუგდიდსმიმდგარი ქარავანი?

რას ჰქვია, სამეგრელომ გვიღალატაო, რას ჰქვია, ლტოლვილები არ მიიღესო, არ რცხვენია ასეთ ტყუილებს ვინც ჩმახავს?

ამ მოუზომავმა ყრანტალმა გვიქნა, რაც გვჭირს.

რა პირით გვიყურებს თვალებში ახლა ის ქარაქუცა პოეტკაცუნა ტელევიზიით რომ გაჰყვიროდა — სამეგრელოს ჭკუა უნდა ესწავლოსო.

გამთენიისას ზუგდიდში ვართ. მოედანზე მილეთის ხალხი ირევა.

— ვაიმე შვილებო, ვაიმე შვილებო! — პირს არ აჩერებს ჩემი ცოლი.

ვიღაცამ პურის ნაჭერი მომაწოდა. შუაზე გავტეხე.

— პირი გაისველე, ნუ გეშინია, მოკვდები შიმშილით. პურზე ხელი ამიკრა და ძუ ვეფხვივით შემომღმუილა:

— პურს შევჭამ ახლა მეე! ჩქარა ფოთში წამიყვანე! ფეხით წავალ, იცოდე! სირბილით დავადგები ახლავე გზას!

— სად მირბიხარ, შე გადარეულო, თენდება, წავა რამე და გავყვებით!

— შენ! შენ! ფეხებზე გეკიდა ბავშვები ყოველთვის! შენ... ხომ იცი, ერთ წამს რომ თავს არ ვიცოცხლებ!

— მე ვიცოცხლებ, შენ გგონია?!

— აბა, წავიდეთ ახლავე. რა მინდა ააქ?!

— ნუ ღრიალებ, სირცხვილია!

* * *

ფქვილის ჩამოსატანად წასულმა ფურგონიანმა ბეტეერმა ფოთში დილის რვა საათზე ჩაგვიყვანა.

ნავსადგურს მივარღვევთ. ბარჟა არსად ჩანს.

— აქ წუხელის... კინდღიდან ბარჟა უნდა ჩამოსულიყო... ლტოლვილები მოჰყავდა... სამი პატარა ბავშვი გამოვატანეთ.

— არ ვიცი არაფერი, პორტის უფროსთან მიბრძანდით.

— საითაა?

— კიბეები, მარცხნივ... მესამე სართული! სულმოუთქმელად ავრბივართ.

ნავსადგურის უფროსის კაბინეტში აგურისფერ ფარდაგზე სხედან და ბუღრაობენ, ბურთს ერთმანეთს უგორებენ და იცინიან ჩვენი ბიჭები, სამი ფუნთულა, ცხვირპაჭუა კოლხი, დამპყრობელი რუსის სამი ხვალინდელი რისხვა — ხვიჩა, ავთანდილი და გოჩა.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები