ოტია პაჭკორიას პორტრეტი თამაზ ჩხენკელის ესეში
მცირე პარალელური ბიოგრაფიები
თამაზ ჩხენკელი - ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი...
დაიბადა 1927 წლის 26 ნოემბერს, თბილისში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
თარგმნა ბო ძიუს ლირიკა, თაგორის „გიტანჯალი“ და „ბჰა - გავატგიტა“, ჰომეროსის „ოდისეა“(ზურაბ კიკნაძესთან ერთად), დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება“, უიტმენის „ბალახის ფოთლები“...
გამოსცა ლიტერატურულ- კრიტიკული წერილების მრავალი კრებული(„ტრაგიკული ნიღბები“, „მწვანე ბივრიტი“, „მშვენიერი მძლევარი“...).
იკვლევდა ქართული ასომთავრულის წარმოშობას, მის გრაფიკულ და რიცხვულ სტრუქტურას(„ლაზარე, გამოვედ გარე!“)...
გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული(„მზებუდობა“).
გარდაიცვალა 2010 წელს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ოტია პაჭკორია - ქართველი კრიტიკოსი.
დაიბადა 1928 წლის 5 იანვარს, თბილისში.
უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა სამშობლოს სიყვარული დანაშაულად ჩაუთვალეს და, რვა წლით, შორეულ კატორღაში გაამწესეს.
კატორღიდან დაბრუნებული, მუშაობდა ჟურნალების „ცისკრისა“ და „მნათობის“ რედაქციებში.
გამოსცა ლიტერატურული წერილებისა და პორტრეტების კრებულები(„დრო და სახელები“, „ფიქრი მზისა და სიტყვის გამო“...).
გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები(„გობელენი“, „შენდობა“...).
გარდაიცვა 1984 წელს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
პროლოგი, ანუ ორიოდე სიტყვა - პორტრეტის არსზე.
ლექსიკონის მიხედვით, „პორტრეტი“ ფრანგული სიტყვაა(portrait) და ნიშნავს „გარკვეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხატვრულ ან ფოტოგრაფიულ გამოსახულებას“.
რაც შეეხება ჟანრობრივ ასპექტს, ვიკიპედია მას ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, ფოტოხელოვნების ერთ-ერთ ჟანრად წარმოგვიდგენს, ჟურნალისტიკის თანამედროვე სახელმძღვანელოში კი პორტრეტი განიხილება ანალიტიკურ ჟანრად, რომელმაც ნარკვევი ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ვიკიპედია და ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო თანხმდებიან მთავარში: პორტრეტი არის ჟანრი, რომელიც „ასახიერებს ადამიანის, ინდივიდის პირისახეს, ფიგურას და ავლენს არა მარტო მის გარეგან თავისებურებებს, არამედ დაფარულ მოქალაქეობრივ, მორალურ-ეთიკურ ღირსებებს ან მის მანკიერებებს“.
სახელმძღვანელოში პორტრეტი ლიტერატურული ჟურნალისტიკის კლასიკურ ჟანრად არის მოხსენიებული. ეს, რა თქმა უნდა, საკამათოა: თუ ნარკვევი ჩაანაცვლა, კლასიკური როგორღა არის?! მეტიც, „ლიტერატურული ჟურნალისტიკა“ არ არსებობს. არსებობს ჟურნალისტიკის ორი სახეობა: საინფორმაციო(ახალი ამბების) და ანალიტიკური, შესაბამისი ჟანრებითურთ.
ჩვენს ამოცანას ართულებს ის გარემოება, რომ პორტრეტის ხელოვნებას ესეში, ანუ სხვა ჟანრში ვეძებთ.
ესეს კი იგივე სახელმძღვანელო ასე განმარტავს: „ესეი პოლიფონიური ჟანრია, რომელიც სხვა ჟანრების არაერთ თვისებას აერთიანებს. ესეისტი წარმოგვიდგება მიმომხილველად და ანალიტიკოსად, რეპორტიორად და ინტერვიუერად, პორტრეტისტად“.
აჯობებს, აქ გავჩერდეთ, პოლემიკას ნუღარ გავმართავთ, რადგან გადავიკვეთეთ: პორტრეტისტადო...
***
ოტია პაჭკორია, საყოველთაო აღიარებით, უბადლო პორტრეტისტია.
მისი ყოველი ესე პორტრეტის ხელოვნების მასტერკლასია.
ის რჩეულია ოსკარ უაილდისეული გაგებით, რადგან მისთვის „მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს“.
კი, ის ლიტერატორია, კრიტიკოსია და არა მხატვარი, მაგრამ ლიტერატურაშიც მხატვარია, რადგან, იმავე ოსკარ უაილდის აზრით, „კრიტიკოსი ის არის, ვისაც ძალუძს, ახლებურად ან ახალი მასალით გვამცნოს მშვენიერებით მინიჭებული საკუთარი შთაბეჭდილება“.
***
„თამაზ ჩხენკელი ოტია პაჭკორიას ესეში“.
შეგვეძლო, ასეც დაგვეწერა: „ოტია პაჭკორიას პორტრეტში“.
სხვათა შორის, თამაზ ჩხენკელსაც აქვს ესე ოტია პაჭკორიაზე.
იქაც არაჩვეულებრივი პორტრეტია დახატული, იშვიათი სიღრმითა და მრავალი ფერით.
აი, როგორ წარმოგვიდგენს რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ, საბჭოთა კატორღიდან დაბრუნებულ ოტია პაჭკორიას:
„გამოჩნდა. მოდის ბეჭების რწევით. მხნედ არის, მაგრამ თმა გასცვენია. თმა სულ აღარა აქვს, ხშირი წაბლისფერი თმა, ტალღებად რომ ეყარა თავზე, აღარა აქვს! მაგრამ „ირიბად აჭრილ“ დიდ თვალებში რაღაცნაირი ხისტი სიამაყე უდგას. ოცდაათი წლის შემდეგ დაწერს თავის მოთხრობაში: „მკერდით დაჰქონდა პატარა მიწის ნაშიერის გულის გამხეთქი, აუტანელი სიამაყე... მკლავზე მოუჩანს სვირინგი: IWERIA (სწორედ ასე, დაბლ-ვეთი ჰქონდა ამოსვირირინგებული). ეს არის მისი დამღა, ჰერალდიკური ნიშანი, რომლითაც უნდა გამოარჩიონ სხვათაგან. ნებაყოფლობითი დამღა. იგი სიკვდილამდე ამგვარ „დამღიანთა“ ორდენის წევრი იყო“.
***
გრივერ ფარულავას, ვინც მხატვრული სახის ბუნებას ძველ ქართულ პროზაში იკვლევდა,
ერთგან მოჰყავს პერსონაჟთა გარეგნობის აღწერილობის ორი მაგალითი.
პირველი - გრიგოლ ხანძთელის პორტრეტი მერჩულის თხზულებიდან: „იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო“.
მეორე - დავითის პორტრეტი „დავით და კონსტანტინეს წამებიდან“: „იყო დავით უხუცეს დღითა, ჰაეროან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“.
რაგინდ გასაკვირიც იყოს, ამ შთამბეჭდავ პორტრეტთა მკვლევარი მოულოდნელ შეფასებას გვთავაზობს: „არ შეიძლება, არ გვაოცებდეს ქრისტიანი მწერლის შეუფარავი აღტაცება ადამიანის სხეულის მშვენიერებით, მაგრამ ორსავე შემთხვევაში სუსტია მხატვრობა. აქ სწორედ აღწერილობაა და არ არის ხატი, გრძნობადი უშუალობით ვერ ვხედავთ იმ საგანს, რომელზეც მოგვითხრობენ“.
ძნელია, დაეთანხმო მკვლევარს, თუმცა, მისი პოზიცია სრულიად გასაგები ხდება ლესინგის თვალსაზრისის დამოწმებით. ლესინგი განიხილავს „ილიადას“ იმ მონაკვეთს, როცა ტროელ უხუცესთა კრებაზე ელენე გამოჩნდება:
„რა მოგვცემს უფრო ცოცხალ წარმოდგენას ამ მომხიბვლელ სილამაზეზე, - განმარტავს ლესინგი, - თუ არ ვნებაგაციებული მოხუცების აღიარება, რომ იგი ღირსია ომისა, რომელიც ასე ბევრი სისხლი და ცრემლი დაჯდა“.
რა თქმა უნდა, დიდებული არგუმენტია, მაგრამ აქაც ემოციური შეფასებაა, აღტაცებაა და არა მხატვრობა. რაც მთავარია, ის ოდნავადაც ვერ დაჩრდილავს სილამაზის რუსთველისეულ მეტაფორას:
„თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინებდა“...
შეუძლებელია, აქ ლადო ასათიანის ასევე გასაოცარი შედარებაც არ გაგვახსენდეს:
„ეს ნაკადული ნანაობს, თუ ყანა ნათავთავარი? სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი“...
ცოტა ქვემოთ, პოეტი დაწერს:
„შეწყდა ხმა ნაკადულისა, მეფემ გადადო წერილი“...
ანუ უპირატესობა პირველ შედარებას მიანიჭა.
***
ოტია პაჭკორიაც თავის ესეში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს თამაზ ჩხენკელის გარეგნობას, რომელსაც მეტყველი, ცოტა მოულოდნელი და მოურიდებელი შტრიხებითაც კი, სხვადასხვა ადგილას, რამდენჯერმე წარმოგვიდგენს.
ჯერ ამას იტყვის: „იგი მშვენიერი კაცია, მშვენიერია, რადგან კენტავრია და გონების ძალით კენტავრულისგან განთავისუფლებას ცდილობს“.
შესაძლოა, აქ ცოტა შევცბეთ, მაგრამ რამდენიმე აბზაცის იქით დავმშვიდდებით:
„მან მოახერხა, თავი დაეღწია „ლამაზი კაცის“ მელოდრამისთვის, რაც ბოლოსდაბოლოს ემოციური და გონებრივი სიჩლუნგისაგან თავის დახსნაა, და ეს ჩინებულია. რაც შეეხება სილამაზეს, მე იშვიათად მინახავს უფრო მიმზიდველი გარეგნობა, ვიდრე მას ჰქონდა ჩვენი სიჭაბუკისას - კოლხი ადონისის თავი, დადგმული ჯერ კიდევ სუსტი, ზრდადაუსრულებელი ყმაწვილის ტორსზე“...
ესეს მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ ავტორი თამაზ ჩხენკელის სულიერ პორტრეტსაც მნიშვნელოვანი „შინაგანი ბრძოლების“ ფონზე წარმოგვიდგენს. მეტიც, ამით იწყებს:
„თამაზ ჩხენკელი ოდითგანვე ებრძვის საკუთარ თავში ორგიასტულს. იგი ფიზიკური წყობით, ფსიქიკით არ არის სუფთა „სულიერი კაცი“. ჰედონისტური მასში მძლავრია და თამაზი თრგუნავს მას. ამ დათრგუნვაშივე პოვებს ძალას სულიერ ღირებულებათა შესაქმნელად.“
„მოურიდებელი შტრიხები“ შემთხვევით არ გვიწოდ ებია. იშვიათი გულახდილობით საუბრობს ავტორი თამაზ ჩხენკელის პატივმოყვარეობასა და ნარცისიზმზე, მამაკაცური სრულყოფის საკუთარ არსებაში ძიების გზაზე, რაც ესეს განსაკუთრებულ დამაჯერებლობასა და ემოციურ მუხტს ანიჭებს.
შტრიხები კი თანდათან მატულობს და პორტრეტიც უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება:
„იგი ყოველთვის აღწევდა შინაგანი დისციპლინით მოპოვებულ წარმატებას, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასკეტი. პოეტური ზრახვებით არის აღსავსე და არ არის სალონის ლომი. იგი მხნეა, ხმაურიანი, მოხიბლული თავისი ჯიშით, მისი ეგოცენტრიზმი ბუნებრივია, ეგზალტაცია - თვისება, ალტრუიზმი - თეორიული დასკვნა.“
***
მოურიდებლობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა აღინიშნოს:
ოტია პაჭკორიას თამაზ ჩხენკელზე ესე სამჯერ აქვს გამოქვეყნებული - ჯერ გაზეთში, შემდეგ წიგნებში.
განსხვავებულია სათაურები: „თამაზ ჩხენკელი“, „თამაზი“, „ქედმოდრეკილი მსახურებით“.
სრულიად ლოგიკურად შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს სამი სხვადასხვა ესეა, მაგრამ, სინამდვილეში, ერთია, მცირეოდენი სახეცვლილებით.
ეს კი აშკარაა: მოურიდებლობა ცოტა შერბილებულია.
მაგალითად, დასაწყისში, „ჰედონისტური“ შეცვლილია „ეპიკურეულით“.
არის სხვაგვარი „შერბილებანიც“.
ოღონდ, ეს ხაზგასმით უნდა ითქვას: ესეს ყველა ვარიანტში მოჩანს უდიდესი პატივისცემა თამაზ ჩხენკელის პიროვნების მიმართ.
***
მთავარი კი, რითაც თამაზ ჩხენკელის პიროვნება განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია, ჯერ მაინც არ თქმულა.
ავტორმა ეს ბოლოსთვის მოიტოვა.
და აი, მთავარი შტრიხიც:
„მას ქართული სიტყვისადმი უაღრესად რთული, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონცეფცუალური დამოკიდებულება ახასიათებს, თუნდაც იმის გამო, რომ სიტყვა მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე პოეტური მეტყველების იარაღი. მისთვის სიტყვა არის იდეა, ფეტიში, ღვთაება... იგი თავგამოდებით იბრძვის ამ სიტყვის თავისთავადობისა და შეურყვნელობისათვის, რადგან მას ერთადერთი სიმდიდრე გააჩნია - სიტყვა, ქართულად თქმული“.
ასე შეივსო პორტრეტი, რომელიც ლესინგის მკაცრ მოთხოვნასაც ადვილად გაუძლებდა.
პორტრეტი - გარეგნულიც და შინაგანიც.
ფიზიკური მშვენიერებისა და სულიერი სიმდიდრის თანაბრად გამომხატველი.
და მაინც, ფინალური აკორდისთვის, ავტორს სრულიად ორიგინალური შტრიხი შემოუნახავს და ამითაც ისევ იმ „ შინაგან ბრძოლაზე“ მიუთითებს:
„ამ კაცს თავი ცალკე აქვს და გული ცალკე“, - უთქვამს ერთ დიაცს მის გამო. თუ ასეა, მაშინ ამ კაცის პიროვნული „სურათი“ ამგვარ გათიშვასთან ბრძოლით არის აღბეჭდილი“.
***
აქ კი ჩვენც შეგვიძლია, დავასრულოთ ზემოთ შეწყვეტილი აზრი, ანუ ესეს თეორიული დახასიათება:
„იგი(ესეს ავტორი) თავისი დაკვირვების, ანალიზის, განსჯის შედეგებს გადმოგვცემს აზრის თავისუფალი მდინარებით, ზოგჯერ მოზაიკურადაც. ეს ჟანრი განსაკუთრებულ ოსტატობას, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მოითხოვს“.
ოტია პაჭკორიას ესე ამ თეორიის საუკეთესო პრაქტიკული გამოხატულებაა.
ეპილოგი, ანუ...
თამაზ ჩხენკელმა 83 წელი იცოცხლა, ოტია პაჭკორიამ - მხოლოდ 56.
ბევრი არც ოთხმოცდასამია, მაგრამ ორმოცდათექვსმეტი?!
მიზეზი ადვილად გამოსაცნობია: რვაწლიანი კატორღა.
თუმცა, თამაზ ჩენკელი მიზეზს საკმაოდ რთულად ხსნის:
„თავი იჩინა ერთგვარად მოუხელთებელმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნელად მოქმედმა სტრესმა, რასაც მისი ახლანდელი - გლუვი და თვინიერი, და იმ რვაწლიან პერიოდში გამომუშავებული ბასრი და უტეხი ცხოვრების წესის შეუსაბამობა იწვევდა. კონიაკით ებრძოდა ამას“.
აქ ბუნებრივად გაგვახსენდება ანდრო ბუაჩიძის მოსაზრება, რომლის თანამხმადაც, ოტია პაჭკორიასაც ახასიათებდა ის თვისება, რაც გურამ რჩეულიშვილში მოსწონდა: თვითონაც მოქმედებებით ცხოვრობდა და არა სიტყვებით.
ერთხელაც, მეგობრებთან ქეიფის დროს, აივანზე გასული, ბეჭზე ხელს რომ მოიკიდებს, თამაზ ჩხენკელი ეტყვის: „ხომ იცი, რაა ამის ბოლო!“
ოტია პირდაპირ თვალებში შეხედავს, მხარზე ხელს მოხვევს და მშვიდად წარმოთქვამს: „ტაკ ხაჩუ, ბრატ!“ ოცი დღის შემდეგ ინფარქტი დაემართება.
შთამბეჭდავია თამაზ ჩხენკელის ესეს ფინალი:
„ოტია პაჭკორია ფეხზე მდგარი ებრძოდა სიკვდილს, ფეხზე მდგარიც არა, - ყალყზე შემდგარი... ბოლოს თავის ტახტზე წაიქცა, იმ სურათის ქვეშ, რომელზეც დაფიონის სისხლიან მწუხრში თავგანწირვით მიმქროლი თეთრი ცხენია გამოსახული“.
ჩვენ უკეთესად როგორ დავამთავროთ?!
