ყველა სტატია
გამოქვეყნებული

რუსა მერაბიშვილი — ეს ღამეც წავა ტანზე სილურჯით

ხმელი დეკემბრის ყინვით ნაკბენი

რუსა მერაბიშვილი3 წთ საკითხავი2
გაზიარება
ეს ღამეც წავა ტანზე სილურჯით

ხმელი დეკემბრის ყინვით ნაკბენი

და ველურ ქარებს - რაშის სიურჩით

დარჩებათ ქუჩა გადასარბენი...

***

ვერ იხდენს ეს დღე უთეთრო ზამთარს,

მზე, თითქოს ცაზე ხელით გაწელეს...

დრო ძველებურად დაათრევს დავთარს,

ჩვენი დუმილით სავსე ნაწერებს...

***

როდემდე უნდა შეშალო ღამე,

ვნებით დაათრო აისის თქორი,

ისევ სიჩუმით ამბობდე სათქმელს

და გერქვას ისევ, -- არავის ცოლი...

ყელზე შებმული მონატრებები,

შეიხსნა,მერე უჯრაში ტენო,

ზეწარზე დაგრჩეს ყრუ ოცნებები,

ჩამომდნარ ცრემლებს უსინჯო გემო...

გამოხვეული სიმარტოვეში,

სევდის ნასუნთქი ჰაერით ჩათბე,

საწოლზე,იწვე, ნისლის ტორებში,

ფერადი სიზმრის, გვირილებს რგავდე...

რაფაზე წლები დაჭკნეს ქოთანში,

ღრიჭოდან ჩუმად გიმზერდეს ქარი,

მოგონებებით სავსე ოთახში,

როდემდე გერქვას, -- არავის ქალი?!

***

ამ შემოდგომის სევდას გაფიცებ,

(ხომ დარჩა შენში ულევი სევდა...)

ძველი სიზმრიდან ნუ გამაღვიძებ,

კიდევ ცოტა ხანს მამყოფე შენთან....

სახეს შრეები ჩამოვაცილო,

თხელი თითების ნაზი შეხებით,

მერე ტუჩები,ნაგვიანები

ალუბლისფერი,კოცნით შევღებო...

თვალი დავადგა თუნდაც ხანდახან)

სიბრაზისაგან აზიდულ წარბებს

და მოვიფიქრო,რაღაც ისეთი,

რაც გადაგიყრის გულიდან დარდებს...

მწყინდება ცრემლი,ისე ბევრია

და შენ კი ერთი,ისიც დაგკარგე....

დღეს ჩემი სუნთქვა ქარს შეერია;

არ შემიძლია,შენ რომ არ მყავდე...

გიწამე,ჩემად დასაფიცარო,

სულზე დამატყე ნათითურები...

ეს სიმარტოვე ისე თამამად,

უშენობით რომ მედიდგულება

ნელ-ნელა მაღრჩობს...

სუსტი მსხვერპლი ვარ,

უთანასწორო ბრძოლას განვიცდი,

სიკვდილი რაა,როცა სიცოცხლე

უშენოდ მართლა,მართლა არ ვიცი...

ამ შემოდგომის სევდას გაფიცებ,,,,

ძველი სიზმრიდან ნუ გამაღვიძებ...

***

უნდა დამპირდე შეშლილ აისებს,

თვალებში ჩამდნარ სხივთა ფორიაქს...

სიტყვებით უთქმელ მოლურჯო განცდას,

ცეცხლივით მწველი ტუჩის კონიაკს...

უნდა დამპირდე,ყოველი ღამე,

ჩამოიშლება,როგორც კედელი

და მილეული მთვარის წინაშე

იქნები ციხე–აუღებელი...

წარმართი ქარის მზერას დაიჭერ,

(ჰელიოსისგან სისხლი მოგყვება,)

ათასმეორედ მოუსმენ ზღაპარს

და კიდევ ერთი ღამე მოკვდება;

იწვიმისფერებს ის განთიადი

და შემახმება წვიმის კვირტები,

როდესაც წახვალ უკანასკნელად

და მოსვლას მეტად არ დამპირდები...

***

მიწას ვეცხე თოვლის ნამად,

ავუტირდი იის ღეროს,

ღირდა ჩემი მოსვლა ამად,

თვალი - თვალში ვტყორცნე ეროსს...

ყინულივით ყელს მიწვამდა

ღალატის და ცრემლის აბი,

ჩემი წილი ღმერთი მწამდა,

ლოცვა კვირტად გამოვაბი...

სხვა მიყვარდა, სხვას ვუყვარდი,

სხვის სარეცელს ვუნთე ალი,

ქარს მკლავებში დავუქალდი,

მთვარისფერი პატარძალი...

თვალით ზეცას დავეკიდე,

სულს რომ მიწა დაეშალა

ვოცნებობდი, დღემდე კიდევ,

ფრთები ცამდე გამეშალა....

***

თოვს,ერთ ღამეში დაბერდა მიწა,

ღამემ ჩემს თმებში დადგა კარავი,

ჩემი სიზმარი,შენს კართან მიწვა,

გარეთ არ დაგრჩეს,მოიპარავენ...

თოვს,საოცარი მიპყრობს შეგრძნება,

ეს მონატრება თვალებს დაუვლის...

ხვალ, თოვლზე ვიღაც ფეხით შედგება

და როგორც ხდება,ზედ გადაუვლის...

***

ჩვენ ვდუმდით,როგორც ზამთრის ქალაქში

შეჩერებული სუნთქვა გულების...

ვიდექით ტაძარდაკარგულ გზასთან

და აღარ გვწამდა სასწაულების...

მზემ სუიციდის ცქერას შეასწრო

ღმერთის თვალები...ლოცვა მომინდა...

ჩვენ ისე ვდუმდით,როგორც მარცხის დროს

მეფე ბრუნდება ბოლო ომიდან...

ღირსება აყრილ სულთან მარტოა

და სიმწრისაგან რომ ესხმის რეტი...

ჩვენ ვდუმდით,რადგან ჩვენი დუმილი

იყო სათქმელზე მძიმე და მეტი...

***

იმ დროს ვერ მივხვდით ვის რა შევწირეთ,

მერე ვიდექით უფლის წინაშე.

მაშინ ტკივილზე ვიყავ ფეხმძიმედ

და გულს მირევდა ცრემლის სიმლაშე.

სულს კი,რომელზეც ხორცი ეკიდა,

ვაშლის სიმწიფე ისევ სტკიოდა

და შიშველ სხეულს ცალი ნეკნიდან

სისხლი გველივით ჩამოსდიოდა...

***

ხვალ თოვლი მოვა,

ღმერთი გვირილებს

ციდან ჩამოცლის,

ყველაფერს

თეთრი ფერი ეცმევა,

მეც ვიქნები თეთრი სამოსით...

მოვნახავ შენს ჩრდილს,

მძლავრი მკლავებით,

მდუმარეს,

ჩემთვის სანდო კავალერს,

მერე ვიცეკვებთ...

ფიფქებთან ერთად,

ვიდრე დავდნებით...

***

ხვალ თოვლი მოვა,

ღმერთი გვირილებს

ციდან ჩამოცლის,

ყველაფერს

თეთრი ფერი ეცმევა,

მეც ვიქნები თეთრი სამოსით...

მოვნახავ შენს ჩრდილს,

მძლავრი მკლავებით,

მდუმარეს,

ჩემთვის სანდო კავალერს,

მერე ვიცეკვებთ...

ფიფქებთან ერთად,

ვიდრე დავდნებით.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები