ყველა სტატია
გამოქვეყნებული

ხათუნა თავდგირიძე — „არაბთა ეზოპე“ - ლუყმან ჰაქიმი

ქართულ-აღმოსავლური ფოლკლორული ურთიერთობიდან

ხათუნა თავდგირიძე16 წთ საკითხავი12
გაზიარება
„არაბთა ეზოპე“ - ლუყმან ჰაქიმი

ქართულ-აღმოსავლური ფოლკლორული ურთიერთობიდან

მსოფლიოს ისლამის აღმსარებელი ხალხების კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული უძველესი ლეგენდარული ბრძენის, ნახევრად ისტორიული და ნახევრად მითიური გმირის - ლუყმანის სახელი. ლუყმანი არაბული წარმართული პერიოდის ლეგენდარული ფიგურა იყო, რომლის სახეც შეითვისა ყურანმა, შემდეგ კი, შუა საუკუნეების არაბულმა და სპარსულმა პოეზიამ. ლუყმანის პოსტმითიურ პერიოდთან არის დაკავშირებული მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი გადმოცემები - ანდაზებისა და იგავ-არაკების თხზვა.

ქართულ შუა საუკუნეების მწერლობაში მიუხედავად მძლავრი სპარსული ლიტერატურული ნაკადისა, არსად გვხვდება ლუყმანის სახელი. მაგრამ ლუყმანის სახელი ცნობილი იყო ქართულ ფოლკლორში. აჭარული, ლაზური, ჭანური თქმულებები გვიყვებიან ლუყმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის იმ ეპიზოდებს, რომელიც ლუყმანის სახის თავდაპირველ, ანუ წინარეისლამურ, ფოლკლორულ-მითოლოგიურ პლასტად არის საგულვებელი.

ლუყმან ჰაქიმი აღმოსავლურ წყაროებში

ყურანი ორგზის იხსენიებს ლუყმანს, მრავალგზის იხსენიება იგი ძველარაბულ და სპარსულ პოეზიაში. მისი ბიოგრაფიული შტრიხები ძალზედ ბუნდოვანი და არაისტორიულია. იგი მითიური დროის შვილია და ყველა მითიური გმირივით ზებუნებრივი.

ვინ იყო ლუყმან „ჰაქიმი“?

ლუყმანის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა, მისი სახელის განუშორებელი ეპითეტი - ,,ჰაქიმი“ -  al-Hakeem, უხსოვარი დროიდან დღემდე შემონახული ერთადერთი უტყუარი ბიოგრაფიაა ბუნდოვანებით მოცული გმირისა: ბრძენი, წიგნიერი, სწავლული, მორეული მნიშვნელობით - ფილოსოფოსი და მოაზროვნე. საბოლოოდ, ყველაზე გვიან შეიძინა ამ სიტყვამ მკურნალის მნიშვნელობა[სპარსული 1983:514] - ამ შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელია ,,ჰაქიმი“ ძველარაბულად. ამ არაბული ზედწოდებით იხსენიებს ლუყმანს ქართული თქმულებებიც.

მსოფლიოს ფოლკლორულ და ლიტერატურულ წყაროებშიც, ლუყმანი, თავისი ზედწოდების ,,ჰაქიმის“ შესაბამისად, გვევლინება როგორც მითიური ბრძენი და გრძნეული მკურნალი, მარადიული სიცოცხლის - ,,უკვდავების წამლის“ აღმოჩენასაც რომ ცდილობს.

ცოტა რამ ისტორიულიც იკვეთება ლუყმანის პრეისტორიულ, მითიურ ბიოგრაფიაში. ძველარაბული ტრადიციის თანახმად, იგი ჩრდილოარაბი ჰაბაშელი(ჰაბინისიელი) ან ნუბიელი იყო[ამიდი 1997:215]. წარმოშობით ,,ად“[1]-ის ხალხს ეკუთვნოდა, რის გამოც ,,ადის ვაჟიშვილს“ ეძახდნენ[ისლამი 1961:289]. მუსლიმან სქოლასტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, იგი იყო ბაურას, იოვას ძის შვილი.

ლეგენდები ლუყმანს ხატავენ მოღუშულ, წინდახედულ, დაკვირვებულ ადამიანად. გარეგნობით იგი შავი იყო, რის გამოც ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ ლუყმანი მშვიდად პასუხობდა: ,,თუმცა მაქვს შავი სახე, გული მაქვს თეთრი; თუმცა მაქვს სქელი ტუჩები, სამაგიეროდ ისინი სიბრძნეს მეტყველებენ“[სპარსული 1983:308-309].

ლუყმანი ცნობილია როგორც ხანგრძლივად მცხოვრები. მან ათასი(ან სამი ათასი) წელი იცხოვრა და ბიბლიურ დავითს მოესწრო. მუსლიმანური ლეგენდები ამჟღავნებენ ტენდენციას ლუყმანის სახით შექმნან უდიდესი ბრძენის სახე. ამიტომ როდესაც მუჰამედი ლუყმანს შესთავაზებს აირჩიოს წინასწარმეტყველის ან სიბრძნის ნიჭი, ლუყმანი სიბრძნეს აირჩევს, წავა დავითთან და მისი ვეზირი გახდება. დავითმა მას ,,იღბლიანი“ უწოდა. ლუყმანს ასევე უწოდებდნენ ,,ებრაელთა მოსამართლეს“[ისლამი 1961:290]. ყურანის გადმოცემის მიხედვით, ლუყმანმა დაინახა როგორ მუშაობდა დავითი მადანზე. უნდოდა ეკითხა, თუ როგორ აკეთებდა ამას, მაგრამ დადუმდა, რაკი დარწმუნებული იყო, თავადაც შეიტყობდა ამ ხელოვნების საიდუმლოს. მართლაც, ლუყმანი მალე მიხვდა, რომ დავითის ხელში ღმერთი რკინას რბილ მასალად აქცევდა[სპარსული 1983:309].

მსოფლიო ტრადიციებში ძირითადად ლუყმანის სახის სამი ასპექტი იკვეთება:

1.წინარეისლამური ლუყმანი: ბრძენი, მარადიულად(ან ხანგრძლივად) მცხოვრები გმირი;

2.ლუყმანი ანდაზების ავტორი;

3. ყურანის შემდგომი პერიოდი: ლუყმანი იგავ-არაკების ავტორი[ისლამი 1961:289].

ლუყმანი ძველარაბულ(წინარეისლამურ) მითოლოგიაში ცნობილი იყო, როგორც ხანგრძლივად მცხოვრები, ბრძენი. როცა ადის ხალხი გვალვებმა მოიცვა, ლუყმანი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც გაიგზავნა მექაში, რომ წვიმისათვის ელოცა. ლუყმანმა თავისთვის ილოცა და ალაჰს ხანგრძლივი სიცოცხლე გამოსთხოვა[ენციკლობედია 1998:77]. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, ლუყმანი ღებულობს შვიდი ფასკუნჯის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ის თანმიმდევრობით ზრდის თითოეულ ფასკუნჯს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იხოცებიან. ლუყმანი მეშვიდე ფასკუნჯის სიკვდილისთანავე იღუპება. ,,ალმუ ამმარინის“ წიგნში(ქითაბში), რომლის ავტორია აბუჰათიმალ-სიდისტანი, ლუყმანს სიცოცხლის ხანგრძლივობით მეორე ადგილი აქვს მინიჭებული ყადირის შემდეგ[ისლამი 1961:289].

შუა აზიის ხალხებში ლუყმანს იცნობდნენ როგორც უდიდეს მკურნალს, ექიმთა უფროსს. ხშირად ისლამის აღმსარებელ ხალხებში ლუყმანის სახელს ეთვისება ადგილობრივი ფოლკლორული ნიმუშები. მკვლევრები მას აიგივებენ ისეთ ისტორიულ და მითოლოგიურ პერსონაჟებთან, როგორებიც იყვნენ: ვალაამომი, აჰიკარი, ეზოპე და სხვა[ენციკლობედია 1998:77].

ლუყმანის სახელი, როგორც ბრძენი გმირისა, ძველარაბული მითოლოგიიდან თავდაპირველად ყურანმა, შემდეგ კი ისლამურმა ლიტერატურამ - არაბულმა და სპარსულმა პოეზიამ შეითვისა. აგრეთვე, მიუთითებენ ლუყმანის სახელის გავრცელებას წინარეისლამურ პოზიაში[ისლამი 1961:289]. ი.ფილშტინსკი შუა საუკუნეების არაბული ლიტერატურის კვლევისას, საგანგებოდ აღნიშნავს წინარე ისლამური გადმოცემების ნაკადს ისლამურ რელიგიაში: ,,ყურანში ჩვენ განუწყვეტლივ ვაწყდებით უძველესი ჩრდილოარაბული და სამხრეთარაბული ლეგენდების გამოძახილს. მაგალითად, ხშირად იხსენიება სამხრეთარაბული წარმოშობის ლეგენდები ადი-სა და სამუდ-ის ტომებზე, რომლებმაც არ შეისმინეს წინასწარმეტყველ ჰუდასა და სალიჰას გაფრთხილება, რის გამოც მკაცრად დაისაჯნენ ალაჰისაგან. ასევე იხსენიება ლუყმანი, როგორც სამხრეთარაბი უდიდესი ბრძენი და იგავ-არაკების მთხზველი, რომელსაც ალაჰმა ,,უბოძა სიბრძნე“[ფილშტინსკი 1977:121]. ყურანი ლუყმანს იცნობს როგორც საღვთო შეგონებების ავტორს და მიმართავს ამ შეგონებათა ციტირებას. ალაჰი ლუყმანს ათქმევინებს სიტყვებს, რომლითაც იგი თითქოს შვილს მიმართავს: ,,ო, ჩემო შვილო, ნუ გამოუგონებ ალაჰს მეგობრებს, მრავალღმერთიანობა დიდი უსამართლობაა“(სურა 31, ტაეპი 12)[ფილშტინსკი 1985:131].

ყურანის შემდგომი პერიოდის ტრადიციებს ეკუთვნის ლუყმანის დაკავშირება ანდაზებთან და იგავ-არაკებთან. არაბი მკვლევრის ჰანაალ ფაჰუბის ცნობით, არაბებს შორის მრავალი ქმნიდა ანდაზებს. მათ შორის სახელგანთქმული იყო ლუკმან ადი და ასკამ იბნ სეიფი. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ნაწილმა ამ იგავ-არაკებისა, რომლებიც დრემდე მათი პოპულარობისა და ფართო გავრცელების წყალობით შემორჩა[ფაჰუბი 1959:131]. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, იმ ანდაზებისა და იგავ-არაკების სიჟეტები, რომელსაც ლუყმანს მიაწერენ, ასევე თანაბრად მიეწერება ეზოპეს, აჰიკარს. ბევრი რამ რაც ევროპაში ეზოპეზე ითქვა, აღმოსავლეთში გადატანილია ლუყმანზე. იგი არაბების ეზოპედ იქცა. ძალიან ადრეული ლეგენდები ლუყმანში ხედავს მხოლოდ გმირს, ბრძენს, მოსამართლესა და წინასწარმეტყველს, ხოლო მოგვიანო აღმოსავლური ლეგენდები მას უკვე ახასიათებს, როგორც დურგალს, მეცხვარეს, თერძს, მახინჯ მონას, ეგვიპტელს, ეთიოპიელს და ა.შ. ეს არის ის ნიშან-თვისებები, რომლებიც აღებულია ეზოპეს თქმულებებიდან. უძველესი არაბული წყაროები ლუყმანს არ იცნობს იგავ-არაკების ავტორად. მისი იგავ-არაკები პირველად გვიან შუა საუკუნეებში გამოჩნდა. პარიზული ხელნაწერი, რომელიც გამოქვეყნებულია ჯ.დერენბერგის მიერ, მიეკუთვნება 1299 წელს და შეიცავს 41 იგავ-არაკს. ამ იგავ-არაკთაგან მხოლოდ ერთს არ მოეპოვება ანალოგი სხვა ლეგენდარულ მეიგავეთა შემოქმედებაში[ისლამი 1961:290].

ისლამურ მწერლობაში ლუყმან ბრძენი ძირითადად აფორიზმების, ანდაზების, იგავ-არაკების ავტორად იხსენიება. ფრანგ მეცნიერს რენე ბასეტს( R’Basset’s) თავის წიგნში - ‘Loqman Berbere’, რომელიც გამოცემულია პარიზში 1890 წელს, გამოკვლეული აქვს ლუყმანის თქმულებათა კვალი ადრეული მუსლიმანური პერიოდის პოეტთა(ალ-აშას, იმრუალ-კაისის, ლაბიდის) შემოქმედებაში[ბასეტი 1890].

ლუყმანი ძალზედ პოპულარულია შუა საუკუნეების სპარსულ პოეზიაში, სადაც მისი სახელი სიბრძნის სიმბოლოა. ამას ადასტურებს XI საუკუნის სპარსი პოეტის ნასერ ხოსროვის სტრიქონებიც:

,,თუ მოვცილდი სახლსა და ხალხს,

დავუმეგობრდები ლუყმანის სიბრძნეს“[მო’ინი 1996].

იმავე პოეტს ეკუთვნის ლუყმანით შთაგონებული სხვა სტრიქონებიც:

,,ქვეყანა გონებით აშენდა,

გონებამ ლუყმანი გაათავისუფლა“[ავიაკვარ 1994].

XIII საუკუნის სპარსი პოეტი საადი, თავის ცნობილ დიდაქტიკურ თხზულებებში ,,გულესთანსა“ და ,,ბუსთანში“, ორივეგან მოიხმობს ლუყმანის ბრძნულ გამონათქვამებს. ,,გულისთანში“ საადი წერს: ,,ლუყმანს ჰკითხეს, ზრდილობა ვისგან ისწავლეო. უპასუხა: უზრდელებისაგანო. რაც მათში არ მომწონდა, იმას არ ვაკეთებდიო“[საადი 1957:116]. მეორე დიდაქტიკურ თხზულებაში ,,ბუსთანში“ საადის მონათხრობი ლუყმანის შესახებ ბიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. პოეტური ფორმით გადმოცემულია, თუ როგორ გახდა ლუყმანი ერთი ბატონის მონა:

,,გამიგონია გონიერი ძველი თქმულება:

ბრძენ ლუყმანს ჰქონდა თურმე სუსტი აგებულება.

ყოფილა შავიც და ამიტომ საკუთარ მონად

ჩათვალა ერთმა, სამუშაოც მას მოუზომა“[საადი 1964:172].

შუა საუკუნეების სპარსულ ლიტერატურასთან, იმ პერიოდის ქართული საერო ლიტერატურის მჭიდრო კავშირების მიუხედავად, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, არსად გვხვდება ლუყმანის სახელი, თუმცა ლუყმანს ძალიან კარგად იცნობს და მასზე მრავალ მითოლოგიურ გადმოცემას ინახავს ქართული ფოლკლორი.

ლუყმანის თქმულებების ქართული ფოლკლორულ-მითოლოგიური ვერსიები

უკლებლივ ყველა ქართული ფოლკლორული ტექსტი, რომლიც ლუყმანის მითოლოგიურ თავგადასავლებს გვიყვება, მითოლოგიური ხასიათისაა და მათ არაფერი აქვთ საერთო ანდაზებისა და იგავ-არაკების მთხზველ ლიტერატურული პერიოდის არაბი ბრძენის - ლუყმან ჰაქიმის სახესთან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მრავალ მუსლიმან დამპყრობელთა შემოსევების, აღმოსავლურ კულტურასთან ახლო ურთიერთობის მუხედავად, ლუყმანის ,,ქართულ პერსონაჟს“ არც ლიტერატურული და არც რელიგიური(ყურანისეული) შტრიხები არ შემატებია. ქართულ თქმულებებში ლუყმანი ანდაზების, იგავ-არაკების, აფორიზმების მთხზველად არსად იხსენიება. ეს ფაქტორი უშუალოდ მიგვანიშნებს ლუყმანის ქართული თქმულებების წინარეისლამურ, პირველადი მითოლოგიური პლასტის გავრცელება-დამკვიდრებაზე, რომლის სტრუქტურული კანონზომიერება ვერ ითავისებს ისტორიულ ელემენტებს, როგორც სხვა, არაორგანულ, არამითიურ სტრუქტურულ ,,დანამატებს“.

ქართული ფოლკლორი ლუყმანს იცნობს, როგორც ხანგრძლივად მცხოვრებ, ,,გველისმჭამელ“ და გრძენეულ მკურნალს. ლუყმანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ადასტურებს აჭარული ტექსტები, რომლებიც გვეუბნება, რომ ლუყმან ექიმმა სამი ათასი წელი იცხოვრა. ამავე გადმოცემის მიხედვით, ლუყმანი პირველი ექიმი იყო. ყველა წამალი, რომლითაც მომავალი თაობები სარგებლობდნენ, ლუყმანის სამკურნალო წიგნიდან - ქითაბიდან“[2] დარჩენილა[თავდგირიძე, 2001:72].

ლუყმანის ქართული მითოლოგიური პერსონაჟი ხშირად იმეორებს ლუყმანის საერთო აღმოსავლურ მოტივებს - მკურნალი, ბრძენი, ხანგრძლივად მცხოვრები და ა.შ. მაგრამ ეს მოტივები რეალიზებულია ქართულ ფოლკლორულ-მითოლოგიურ პარადიგმაში.

ლუყმანის ქარული თქმულებები სამ სიუჟეტურ ხაზს ავითარებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთ მთლიან ნარატიულ სტრუქტურას ქმნის:

1. ლუყმანი - ,,გველისმჭამელი“ გმირი, რომელიც გველის ხორცთან/სიბრძნესთან ზიარების შემდეგ გრძნეული მკურნალი ხდება;

2. ლუყმანი - ექიმი, რომელიც უკვდავების ძიებას იწყებს, პოულობს და კარგავს;[3]

3. პირველი ორი სიუჟეტის კონტამინაცია.

სხვადასხვა ტექსტების გათვალისწინებით, მთლიანი ნარატივის თანმიმდევრული სიუჟეტური ქარგა ასე გამოიყურება:

ლუყმანი გარკვეული გარემოებების წყალობით გველის ხორცს ეზიარება და როგორც ,,გველიმჭამელი“ გმირი, ბუნების ენის მცოდნე ხდება. ეს უნარი მას თანდათან გრძნეულ მკურნალად გადააქცევს და ხანგრძლივ სიცოცხლესაც მოუპოვებს. თუმცა საბოლოო მიზანი სიკვდილის დამარცხება და მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნაა. ამიტომ ლუყმანი საბოლოოდ ,,უკვდავების წამლის“(,,სიკვდილის წამლის“) ძიებას იწყებს, პოულობს, მაგრამ კარგავს, გილგამეშის - შუამდინარული ეპიური გმირის მსგავსად.

ლუყმანი ქართულ თქმულებებში გველისმჭამელი გმირის, გრძნეული მკურნალისა(ჰაქიმი) და უკვდავების მაძიებლის ტიპური არქეტიპული სახეა. ქართულ მითოსში იმთავითვე არსებობდა ,,გველისმჭამელისა’’(მაგ. ხოგაის მინდი) და ,,უკვდავების მაძიებლის“(მაგ. ,,მიწა თავისას მოითხოვს“) სიუჟეტები, რომელთა ლოგიკურ შერწყმას ვხვდებით ლუყმანის ქართულ ფოლკლორულ ციკლში. ამდენად, ვფიქრობ, რომ ლუყმანი ქართული, ადგილობრივი ფოლკლორულ-მითოლოგიური გმირია(კოლორიტული ფიგურა) და არა აღმოსავლური ფოლკლორის პერსონაჟი.

ლუყმან-ლახმანის სავარაუდო წარმომავლობა და ,,გველისმჭამელის“ სიუჟეტი

ქართულ თქმულებებში, ლუყმანის მითიური მოღვაწეობის დასაწყისი მისი გველის სიბრძნესთან ზიარება, ანუ გველისმჭამელობაა, რაც გმირს ზებუნებრივ უნარს ანიჭებს: - ზოომორფული და მცენარეული სამყაროს, სრულიად ბუნების ენას, მოკვდავისთვის დაფარულ ცოდნას შეამეცნებინებს. გველისმჭამელობა ლუყმანის თქმულების ერთ-ერთი ყველაზე არქაული პლასტია.

ლუყმანის გველისმჭამელობას ადასტურებს აჭარული ტექსტი,,ლუკმან ჰექიმისა და ჯამისების ამბავი“[თავდგირიძე, 2001:104]; ხოლო მეორე აჭარულ თქმულებაში ,,ეჯილლი ხელმწიფის გოგო“, გველის ხორცის ფუნქციით ეჯილლი ხელმწიფის ქვეყნიდან მოტანილი პურის ფქვილი არის აღჭურვილი[თავდგირიძე, 2001:99]. ორივე თქმულებაში ლუყმანის ზებუნებრივი სიბრძნის წყარო გველ-გველეშაპთა მეუფეა, რომელიც ერთ შემთხვევაში ,,შაჰმერანად“, მეორე შემთხვევაში კი ,,ეჯჯილი ხელმწიფედ“ იხსენიება.

ლუყმანის გველისმჭამელობის დამადასტურებელ ცნობებს ლაზურ და ჭანურ ტექსტებშიც ვხვდებით, სადაც მეორდება აჭარული ,,ლუკმან-ჯამისების“ თქმულების სიუჟეტი. ამ თქმულების მიხედვით, მეგობრებისაგან განწირული, ორმოში ჩატოვებული ლუყმან-ჯამისები მიწას გამოთხრის და გველების, გველეშაპების სამეფოში მოხვდება. გველების უფროსი გველ-კაცა შაჰმერანი, რომელსაც ადამიანის თავი და გველის ტანი აქვს, ლუყმან-ჯამისებს გრძნეულ მკურნალს გახდის. თქმულების ფინალში საუბარია ქვესკნელიდან თავის სოფელში დაბრუნებულ ლუყმან-ჯამისების განსაცდელზე. გველ-კაცა შაჰმერანი, რომელსაც დაკლავენ, სიკვდილის წინ თავის ძველ მეგობარსა და მოწაფეს დაარიგებს, რომ, მისი ნახარში წყალი არ დალიოს, არამედ თავის მტერს დაალევინოს, რაც მომაკვდინებელი აღმოჩნდება[თავდგირიძე, 2001:104]. ტექსტის ეს უკანსკნელი ეპიზოდი დეგრადირებულია, აქ შეკუმშულია სწორედ ის ეპიზოდი, რომელიც გმირის გველისმჭამელად გადაქცევას უნდა გვაუწყებდეს. თუმცა ეს ეპიზოდი აღდგება ამავე სიუჟეტის ლაზური და ჭანური ტექსტებით, რომელთაც საერთო სათაური და საერთო სიუჟეტი აქვთ - ,,შაჰმერანი და კაცი“. ამ თქმულებების ფინალში საუბარია გველის ხორცის ნახარშის სამგვარ სახეობაზე. ჭანური ტექსტის მიხედვით, შაჰმერანი სიკვდილის წინ ლუყმანს დაარიგებს: ,,მე ახლა თავს მომჭრიან და მომხარშავენ. ნახარშის სამი ჭიქიდან პირველი ჭიქა მეფეს დაალევინე და განიკურნება. მეორე - შენ დალიე და მესამე, წამალივით იქნება სავსე და ექიმებს დაალევინეო“. ლუყმანს გველის ნახარშის დალევის შემდეგ ესმის ბენების ენა, ყვავილების, ბალახების საუბარი“[ჟღენტი 1938:73]. ლაზური ტექსტის მიხედვით, გველისმჭამელის ფუნქციას გმირს გველის ნახარშის მეორე ჭიქა ანიჭებს[ლაზური 1970 :21].

ლუყმანის გველისმჭამელობას ადასტურებს კიდევ ერთი თქმულება, რომელსაც ა.ხახანაშვილი შეცდომით ვაჟა-ფშაველას პოემის ,,გველის მჭამელის“ ხალხურ წყაროდ მიიჩნიევს: ,,ამგვარი შინაარსის ლეგენდა ცნობილია ალექსანდრე მაკედონელის ექიმზე(ლახმანი), რომელიც გველის შეჭმით გაბრძენდა და ბუნების საიდუმლოება გამოიცნო“[ხახანაშვილი 1913:209], წერს მკვლევარი. აგვარი ვარაუდი სამართლიანად უარყო ა.გაჩეჩილაძემ და მანვე მიუთითა თუ როგორ შეიძლებოდა დაკავშირებოდა ლუყმანის სახელი ალექსანდრე მაკედონელს: ,,ლოყმან ექიმზე და ა.მაკედონელზე თქმულებების კავკასიაში გავრცელება გვაფიქრებინებს, რომ მაკედონელის სახელი აქ შეეზარდა ლეგენდარული არაბი ექიმის ,,ლოყმანის“ სახელს. ყოველ შემთხვევაში, საბერძნეთი არ იცნობს ასეთ ლეგენდას“[გაჩეჩილაძე 1959:5]. მართლაც, კავკასიაში ფართოდ იყო გავრცელებული თქმულებები ლუყმან ექიმზე, რომლის სიუჟეტი სხვადასხვა დროს დაუკავშირდა სხვადასხვა გამოჩენილ ისტორიულ პირებს. ცნობილია ქართული და სომხური თმულებები თამარ დედოფალსა და ალექსანდრე მაკედონელზე, რომლებშიც მოთხრობილია თუ როგორ გახდა ერთი გლახა(იგივე ლუყმანი) ბრძენი ექიმი. ამ გადმოცემებში გველის ხორცის ფუნქცია ,,მაგიურ ქადას“ აქვს დაკისრებული[საქართველო 1913 :219)].

ლუყმანის სახელს გველთან აკავშირებს თურქული მითოლოგია. თურქულ მითოლოგიაში იგი წარმოდგენილია ნახევრად ღვთაებრივ არსებად, რომელიც გამოზარდა ორმა გველმა - ლაქჰმუმ და ლაქჰამემ[ურაზი 1994:52]. ეს მოტივი პარალელურია აჭარულ, ლაზურ და ჭანურ ტექტებში დადასტურებული გველისმჭამელობის მოტივისა, რომელსაც წინ უსწრებს გველთა ხელმწიფის - შაჰმერანის მიერ ლუყმანის გამოზრდისა და მფარველობის ეპიზოდები.

ლუყმანის თურქული მითოლოგიური სახე კონსტრუირებულია იმ ფართო გავრცელების მოტივზე, რომელიც ლუყმანისა და გველის, აქედან კი გველის სიბრძნესთან(,,გველისმჭამელობის“) მითოლოგემას მოიცავს. თუმცა აქ უნდა დავაზუსტოთ ერთი საკითხიც, რომელიც ზოგადად თურქული მითოლოგიის შუამდინარულთან მიმართების, უფრო ზუსტად, - სესხების, პრობლემის ჭრილშია განსახილველი. [4] ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორი გველი, რომელთაც ლუყმანის გამოზრდა მიეწერებათ, შუამდინარული მითოლოგიის - ბაბილონური ეპოსის ,,ენუმა ელიშის“ პერსონაჟები არიან. ამ ბაბილონური კოსმოგონიური ეპოსის თანახმად, ლახმუ და ლახამე არიან ის პირველი ურჩხულებრივი არსებები, რომლებიც აბზუმ და თიამათმა(დაუსაბამო პირველარსებული წყლების, ქაოსის პირველარსებები) თავიანთი წიაღიდან წარმოშვეს. აბსუსა და თიამათის შვილებს ლახმუსა და ლახამეს, ბაბილონურ პერიოდამდე, ჯერ კიდევ შუმერული მითოლოგია იცნობს, როგორც წყლის სტიქიის დემონურ არსებებს[ნემიროვსკი 2000:54]. ლახამები, რომელთა საერთო რაოდენობა ორმაცდაათს აღწევს, შუმერული მითოლოგიის მემკვიდრეობაა, სადაც მას სხვადასხვა შუმერულ მითებში ვხვდებით. მაგ. შუმერული მითი ,,ენქი და სამყაროს შექმნა“, ან მითი ინანაზე, რომლის მიხედვით, ენქი ქალღმერთ ინანას ხუთ ლახამს დაადევნებს[ენციკლობედია 1998:40]. ლახამის მრავალრიცხოვნება მიუთითებს, რომ ლახამი ამ მითოლოგიურ არსებათა საკუთარი სახელი არ არის, არამედ ამ სახელით გამოხატულია მითიურ არსებათა გარკვეული კატეგორია, კერძოდ - წყლის ურჩხულებრივი(წყლის გველ-ურჩხული) არსებები(ისევე როგორც, ტიტანები, გიგანტები, კენტავრები და სხვა ....).

წყლის სტიქიის დემონური, ურჩხულებრივი არსებები - ლახამები , ქვესკნელური წყლების ხთონური არსებანი არიან. მათი მითოლოგიური ბუნება ზუსტად მიესადაგება გველ-გველეშაპურ საწყისს. ამგვარი იდენტიფიკაციის გზით დაუკავშირა თურქულმა მითოლოგიამ ლუყმანის ზებუნებრივი სიბრძნის წყარო გველ-ურჩხულებრივ პერსონაჟებს - ლახმუსა და ლახამეს. შუამდინარული ლახამების მითიური ვარიაციაა ისლამური მითოლოგიის ,,შაჰმერანიც“ - გველთა ხელმწიფე, რომელიც ლუყმანის გამზრდელ და მფარველ, მისი ყოველგვარი სიბრძნის წყაროდ გვევლინება ქართულ, კავკასიურ და ისლამური ქვეყნების ფოლკლორში. გველ-კაცა შაჰმერანი ანთროპომორფიზებული და გაზღაპრებული/ფანტასტიკური სახეა არქაულ-მითოლოგიური ლახმუ-ლახამისა. ანთროპომორფიზაცია მომხდარა შუმერული ლახამას შემთხვევაშიც. ერთ-ერთ მოგვიანო პერიოდის აქადურ ღმერთთა ჩამონათვალში, შუმერული მითოსის ურჩხულებრივი პერსონაჟი უკვე ტრანსფორმირებულია: ლახამუს სახელით მოხსენიებული ღმერთი გარეგნულად ნახევრად ანთროპომორფულია - ნახევარ-კაცი და ნახევარ-თევზია[ენციკლობედია 1998:40].

შუმერული ლახამა, ვფიქრობ უშუალოდ გვიხსნის ლუყმანის მითოლოგიური სახის წარმომავლობასა და მისი სახელის მითოსურ ეტიმოლოგიას. გარდა იმისა, რომ ლახამა გმირის-ლუყმანის გამზრდელი და ცოდნის გადამცემია, ამასთან, ყველაზე არქაული სტადიის გათვალისწინებით, ამ ორი პერსონაჟის სახელობითი ინდენტიფიცირებაც არის შესაძლებელი: ლუყმანის სახელი მსოფლიო ფოლკლორში სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება. მათ შორის კი ყველაზე არქაულად გამოიყურება მისი სახელის ის ვერსია, რომელიც შუმერული გველ-ურჩხულის - ლახამას სახელწოდებას იმეორებს - ,,ლახმანი“(ალექსანდრე მაკედონელის თქმულებაში დადასტურებული).

ლახმანისა და გველ-ურჩხულის ლახამის სახელობითი იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათი პერსონაჟების იგივეობას, ანუ იმას, რომ ლუყმანი თავად არის გველ-ურჩხული პერსონაჟი(ამის დასამტკიცებლად სათანადო წყაროები არ მოგვეპოვება). აქ უფრო იმის დაშვება შეიძლება, რომ ლახმანი ლახამას გამოზრდილი გმირია და ამიტომაც ატარებს მის სახელს, როგორც ზედწოდებას, მსგავსად ,,ჰაქიმისა“. არც ლახამა და არც ჰაქიმი ამ მითიური გმირისთვის საკუთარი სახელი არ არის, არამედ მისი მახასიათებელია.

ვფიქრობ, ლახმანის სახით საქმე უნდა გვქონდეს ლუყმანის სახის ყველაზე არქაულ, მითიურ პლასტთან, რომლის წარმომავლობაც სპეციალურ კვლევას საჭიროებს - შუმერული გენეზისის უნდა იყოს იგი თუ - არაბული.[5] მით უფრო, რომ ,,ლახმ“ ფუძე, ძველარაბული სამყაროს კუთვნილებაც ჩანს: შესაძლოა, ლუყმანის სახელის ყველაზე არქაული ფორმა ,,ლახმანი“, ზოგადად, სამხრეთელი არაბის აღმნიშვნელი ზედწოდება იყოს, რადგან სიტყვა ,,ლახმ“, არაბეთის ერთ-ერთი უძველესი კახტანური(,,კახტან“ - ეპონიმი), ყველა ,,სამხრეთელი“ არაბი ტომის აღმნიშვნელი ტერმინი ყოფილა[პიოტროვსკი 1977:137].

რაც შეეხება გავრცელებულ სახელს ,,ლუყმანი“, ამ მითიური პერსონაჟის ლიტერატურული ფორმა უნდა იყოს, რომლის სახემაც განსაკუთრებული პოპულარობა წინარეისლამურ კულტურებში, მათ შორის კავკასიის ფოლკლორშიც მოიპოვა. მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირების შედეგად, მითიური ლახმან-ლუყმანის სახეს სხვა ისტორიული, ლეგენდარული პიროვნებების სახეც შესაძლოა შეერწყა, რომელიც წინარესლამური კულტურებიდან მოდიოდა.

ლუხუმი: ლახმან-ლუყმანის კიდევ ერთი ქართული ფოლკლორული სახე?!

ლახმან-ლუყმანის მითიური სახის კიდევ ერთი ქართული ფოლკლორული ვარიაცია შეგვიძლია დავინახოთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის პოპულარული თუში გმირის - ლუხუმის შესახებ არსებულ ისტორიულ და ფოლკლორულ გადმოცემებში.[6] ლუხუმიც, რომლის სახელის მსგავსება ლახმან-ლუყმანთან ეჭვს არ იწვევს, ამავე პერსონაჟის მსგავსად, გველის ხორცთან/სიბრძნესთან არის ნაზიარები. საქართველოს მთიანეთის ფოლკლორული ტექსტების თანახმად, განსაცდელში ჩავარდნილ ლუხუმს ისევე დაიხსნის გველი, როგორც ჭაში, ორმოში ჩავარდნილ ლუყმანს - შაჰმერანი. ხევსურული ხალხური ლექსის მიხედვით ლუხუმი თუში გმირია, რომელიც ლეკებს ებრძვის. გასაჭირში ჩავარდნილი ლუხუმი, გველისმჭამელი გმირის დარად ბუნებას ეზიარება, ბუნებაში პოულობს ხსნას:

,,შიმშილით დაღონებულმა,

ქუჩი მოძოვა მთისაო,

წყურვილით დაღონებულმა

ცვარი ალოკა ცისაო“[პოეზია 1974:197].

ბუნებასთან საკრალური შერთვის შემდეგ, ეს კავშირი გველთან ზიარებით გვირგვინდება:

,,ლუხუმს გველ შამეეჩვია,

მუხლს ულოკს, უკურნისაო.

ორი კვირა რო წავიდა,

ლუხუმს მუხლ ექნა მგლისაო“[პოეზია 1974:197].

ლუხუმის გვიანდელ ფოლკლორულ წყაროებში გმირს ორმაგი ბუნება აქვს შეძენილი - ისტორიული(ლეკიანობასთან მებრძოლი) და მითიური(გველთან ნაზიარები). ბუნებასთან ნაზიარები და გველის განკურნებული ლუხუმი არქაული მითოლოგიური პერსონაჟია, რომელიც ძალიან გვიან დაუკავშირდა მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიულ მილიტარისტულ მოტივებს. მითოსური ლუხუმის შესახებ ამჟამად თითქმის არაფერი ვიცით, ამიტომ მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ლუხუმის გველთან ზიარების მოტივი და მისი სახელის თვალსაჩინო მსგავსება ლახმანთან, ამ პერსონაჟსაც შუმერულ-არაბული ლახმან-ლუყმანის მსოფლიო თქმულებათა ციკლში მოაქცევს.

ამდენად, ლახმან-ლუყმანის სახელის ეტიმოლოგიური მიმართება ერთი მხრივ, შუმერულ-ბაბილონურ ლახმუსა და ლახამესთან, რასაც სიუჟეტურად(ნარაციულად) მხარს უჭერს თურქული მითოლოგიაც, მაფიქრებინებს, რომ მეიგავე, ლეგენდარული ბრძენის, ,,არაბთა ეზოპეს“ - ლუყმანის სახით, საქმე უნდა გვქონდეს, ორი იდეურად/მითოლოგემურად მსგავსი პერსონაჟის, ერთი მხრივ, - ლახმანი/ლახამე: მითიური გველ-ურჩხულისა და მეორე მხრივ, ლუყმანი: ნახევრად ისტორიული, ლეგენდარული ,,გველისმჭამელი“(ანუ, გრძნეული, ბრძენი მკურნალი, ჰაქიმი) გმირის სახეთა კონტამინაციასთან. ეს მეორე ნახევრად ისტორიული გმირი წინარეისლამურ კულტურულ რეალიას(უფრო არაბულს) უნდა ეკუთვნოდეს, რასაც ადასტურებს ლუყმანის ძველარაბული, ადის ხალხისაგან წარმომავლობის ტრადიცია.

ლიტერატურა:

ავიაკვარ 1994 – Devkvoola Aviakvar, Joghatname(Encyclopedie dictionary), Tahran, 1994.

ამიდი 1997 - ფარჰანგე ამიდ(ამიდის ლექსიკონი), ტ.3. სპარსულ ენაზე, თეირანი 1375(1997).

ბასეტი 1890 – Rene Basset’s, Loqman Berbere, Paris, 1890.

გაჩეჩილაძე 1959 - ა.გაჩეჩილაძე, გადმოცემა ,,ხოგაის მინდიზე“ და პოემა ,,გველის მჭამელი“, თბ.1959.

ენციკლობედია 1998 - Мифи Народов Мира. Энциклопедия. II. М.1998.

თავდგირიძე 2001 - ხ.თავდგირიძე, მითოლოგიური გადმოცემები აჭარაში(წერაქვეთას მითი, უკვდავების მაძიებელი ლუყმანი), ბათ.2001.

ისლამი 1961 – Shorter encyclopaedia of Islam, edited on Behalf of the Boyal Netherland academy, by H.A.R. Cebb and J.H. Kramers, London, 1961.

ლაზური 1970 - ლაზური ზღაპრები, შემდგენელი ზ.თანდილავა, თბ.1970.

მო’ინი 1996 – A Persian Dictionary, Tehran, VI, 1996.

ნემიროვსკი 2000 – А.И. Немировский. Мифи и легенды древнего Востока. 2000.

პიოტროვსკი 1977 – М.Б. Пиотровский. Южная Аравия В ранее средневековье. М.1985.

პოეზია 1974 - ქართული ხალხური პოეზია. საგმირო ლექსები, ტ.3. თბ.1974.

ჟღენტი 1938 - ს.ჟღენტი, ჭანური ტექსტები, ტფ.1938.

საადი 1964 - საადი, ბუსთანი, დ.კობიძის თარგმანი, თბ. 1964.

საადი 1957 – Саади. Гулистан. М.1957.

საქართველო 1913 - ძველი საქართველო. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული - ტომი II - ე. თაყაიშვილის რედაქტორობით - ტფილისი - 1913.

სპარსული 1983 – Персидско-Русский словар. М.1983.

ურაზი 1994 – Murat Uraz, Turk mitolojisi, 1994.

ფაჰუბი 1959 – Ханнаал-Фахуби. История Аравской литературы. I, М.1959.

ფილშტინსკი 1985 - И.М. Филштинский. История Аравской литературы(V – X в.в.). М.1985.

ფილშტინსკი -1977 - И.М. Филштинский. Аравская литература в средние века. М.1977.

ხახანაშვილი 1998 - ა.ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია(მეცხრამეტე საუკუნე), ტფ.1913.

ადის ხალხი - უძველესი არაბული ტომი.

  • ქითაბი - არაბულ ენაზე წიგნი.

  • ლუყმანის თქმულებათა უკვდავების ძიების სიუჟეტის სტრუქტურა განხილულია ჩემს წიგნში[თავდგირიძე 2001] ამიტომ ამ საკითხს აქ აღარ მივუბრუნდები.

  • ამ პრობლემის კვლევა ჩემს მიზანს არ წარმოადგენს, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ თურქული მითოლოგიის პერსონაჟებად ძალიან ხშირად, ცნობილი შუამდინარული მითოლოგიის პერსონაჟები არიან გამოცხადებული.

  • კიდევ ერთი მოულოდნელობა ,,ლახამის“, როგორც ტოპონიმის საქართველოში, კერძოდ სვანეთში არსებობაა: ორი სოფლის სახელი ზემო სვანეთში - ლახამი და ლახამულა, რომელთაც ახლოს ჩამოუდის მდინარე ენგური, რომელიც ასევე შუმერული ენგურის პარალელური ტოპონიმური სიტყვაა: შუმერული მითის თანახმად, ენგურის ქვესკნელურ წყლებში ცხოვრობენ ურჩხულებრივი ლახამები.

  • ლუხუმი ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემის ,,ბახტრიონის“ პერსონაჟია, რომელიც ვაჟას ნაწარმოებში ზეპირსიტყვიერების გზით შევიდა.

  • მოგეწონათ ეს სტატია?

    გაზიარება

    სიახლეების გამოწერა

    ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

    კომენტარები