ყველა სტატია
თარგმანი

გელა გელაშვილი — ჰრანტ მათევოსიანი - კამეჩი

თარგმანი - გელა გელაშვილისა

გელა გელაშვილი44 წთ საკითხავი37
გაზიარება
ჰრანტ მათევოსიანი - კამეჩი

ჰრანტ მათევოსიანი

კამეჩი

(მცირე რომანი)

მთის თხემზე მყინვარის ნატეხი ქათქათებდა, მის ზემოთ კი პატარა ღრუბელი უხმოდ იხსნიდა ჩვილის არტახებს. ღრუბლის დაბლა ტოროლა ნეტარებდა; ღრუბლის მაღლა — ნახირთა, შევარდენთა, მთათა, საძოვართა და მესაქონლეთა სადგომების მაღლა — სხვა სამყაროთა შეურყვნელ ქარებს ბრიალით მიჰქონდათ ვეება მზე.

იქაურ ბალახს არნახული გემო ჰქონდა და ნახირიც ხარბად ძოვდა. მეველე საცაა უნდა მოსულიყო და გულმოსულს შეეძახა — რაღა ამ გემრიელ ბალახს მისდგომიხართო. იქნებ უკვე კარგა ხნის გამაძღრებიც იყვნენ, მაგრამ მეველე არსად ჩანდა. მყინვარიდან ნაკადული მოედინებოდა, მირაკრაკებდა და ძროხებს შორის ჩამოედინებოდა. ძროხებს ყურის წვერით ესმოდათ, რომ ნაკადულიც იქვე იყო. ბალახს სძოვდნენ, მუცელქვეშ სარძევე ძარღვებით აქაფებული რძე გადაჰქონდათ და გამუდმებით უმეორებდნენ საკუთარ თავს: „ნაკადულიც ხომ აქვეა“.

თბილ სურნელში ჩაფლული კამეჩი პატარა ხევში ბალახობდა. მონაქროლ სიოს ხევიდან ბალახის სურნელი ჯერ არ გაეტანა, რადგან იქამდე არც კი მიეღწია. ახლა შეიძლებოდა ნახირი მოსულიყო, იქურობა გაეთელა და დაესვარა, ამიტომაც კამეჩი გაცხარებული ძოვდა, ირჩოლებოდა და იმუქრებოდა. ერთიც და ბალახი გაუგემურდა, გამომხმარ ჩალად გადაიქცა. ნაკადულიც ხომ იქვე იყო. ზურგი გაუცივდა. ესე იგი, მზეს ღრუბელი გადაეფარა. ზურგიდან ჩრდილის ჩამოგდება სცადა, შეიფერთხა, მაგრამ ტყავი უმაგრდებოდა. თავაწეული ელოდა, რა მოხდებოდა. ძარღვებში სისხლი უნელდებოდა და უშრებოდა, მერე გაუწებოვნდა, შეუდედდა და დადგა. ყურთ დაუყრუვდა, სამყარო დადუმდა და ჩაქრა; ჩამობნელდა, საცაა ღრუბელი გასკდებოდა, სიო, ტოროლა და ნაკადული სადღაც მიმალულიყვნენ... და უცებ ძარღვები გაუფართოვდა, სისხლი აუდიდდა და ჩქრიალით დაიწყო დენა.

კამეჩი ხევიდან ამოვიდა. ნისლში ლამაზად მოჩანდა ძროხები, შორეთი, მდუმარე ღრუბელი, მაგრამ ნახირში სხვა კამეჩი არ ერია. სისხლი უხურდა, მსუბუქმა, ტკივილნარევმა სითბომ კანჭებში დაუარა და ძარღვები შეუფხიზლა, კისრიდან კუდამდე ხერხემალი საამო ჟრუანტელმა გაუმსჭვალა. ფეხი მოიცვალა, ძროხების ბუღასთან შებმა დააპირა, მაგრამ იგრძნო, რომ სურვილი გაუქრა, ბრაზი დაუცხრა და სხეულიდან გაეცალა.

ღრმა სიჩუმეში ბალახები ღერო-ღეროდ აქსოვდნენ სურნელის მაქმანს მთელ ამ მწვანე სამყაროს და სურნელთან ერთად იქსოვებოდა რაღაც ტკბილი სევდაც.

კამეჩმა დაიზმუვლა.

ძროხებმა გახედეს — მეველე კი არა, კამეჩი იყო და ზმუოდა. თავები დაღუნეს და უპატრონო, ნორჩი ბალახის სიუხვეში ძოვა განაგრძეს. რა ენაღვლებოდათ — კამკამა წყლის სიახლოვეს, თავიანთი აბრეშუმის ბუღის გარემოცვაში, ადიდებული რძის ჩქრიალსა და მოთბო მზით მოგვრილ ნოყიერ კმაყოფილებაში ჩაფლულებს.

კამეჩი სადგომისკენ გაეშურა. ფეხებს შუა მოქცეული ცური საამოდ იზილებოდა და კამეჩი ნანისთან მოსაწველად მიდიოდა. მის მზერაში ზეგანზე სადგომი გამოკრთა და დაიკარგა. ღელესთან კამეჩმა ერთი-ორი პირისმოვლება ბალახი მოწიწკნა და დაიბნა: „ჰო, სადგომისკენ მიდიოდა! მაგრამ ნახირი რატომღა სძოვს? ნახირი ძროხებია, თავად კი — კამეჩი და თანაც — მარტოკამეჩი — აი, ასე!“.

კარვის კართან შედგა, დაიზმუვლა და ნანის გამოსვლას დაელოდა.

— მოხვედი? — თქვა ნანიმ.

— ამ სადილობისას რამ მოგიყვანა? — თქვა ნანიმ.

— ნახირი საძოვარზეა, შენ კი ამდგარხარ და წამოსულხარ.

— კარგი, რაკიღა მოხვედი, მოდი, მოგწველო.

— ცური ნახევრად ცარიელია, რა დროს მოსვლა იყო?..

მწველავი კარგად ვერ წველიდა, ცურს სტკენდა. კამეჩმა კისერი მოღრიცა, დაყნოსა — ნანის სუნი იყო, ნანის ხმა, მაგრამ ამჯერად სულაც არ წველიდა კარგად. ნახა, რომ მოწველა აღარ უნდოდა. შორს, შორეთებს გადაღმა, თბილ ნისლებში კამეჩთა ჯოგები ილანდებოდნენ და მათგან ერთ-ერთი, ბუღა კამეჩი, ტყეთა და გზათა ზემოდან მას უგზავნიდა თავის ჰაეროვან სევდას.

— ჰა, სათიკ!.. ნანის თელავ? მერე ვინღა მოგწველის?

— არა, რძე არ მოგიტანია და რაც გაქვს, ისიც არ მომეცი!

— უი, უი, უი, უი, ნანი გადათელე!

— მინას!.. კამეჩი რაღაც სხვანაირი მეჩვენება!

— ჰოო... ჩვენს კამეჩს ბუღა უნდა!

— მაშ, ბუღა სდომებია? ივლისი, აგვისტო, სექტემბერი... მარტი... მარტი, მაისი... კარგ დროს მოიგებს. შენს ზაქს ჯაგრცხილის ფოთოლს ვაჭმევ... სიმწვანე და მზე იქნება, მაისი იქნება!..

კამეჩი ბორცვის თავს გადმოდგა და ღვთის შექმნილ ამ მწვანე სამყაროს სიმაღლიდან შორეულ ჟღალ ხეობებს გახედა.

ქვემოთ, კლდის ნაპრალებში, ერთ მოშიშვლებულ ადგილას მელა მომკვდარიყო ისე, რომ ბალახებს ხელი არ შეეშალა და ცაში მოტრიალე შევარდენს მისი ლეში უსათუოდ შეენიშნა. იმდენად დამაჯერებლად და სწორად მომკვდარიყო, რომ სიო უფრიალებდა კუდს.

შორეთის ჩალისფერ ხეობებში, ნისლებში, კამეჩების დასიცხულ-გათანგული ჯოგები ირწეოდა და მათში ერთ მხურვალე, ღონიერ ბუღას თავი აეღირა და მას უხმობდა. კამეჩმა ამოიზმუვლა, ბორცვის თავს მოსწყდა და ხევისკენ დაეშვა...

— ეს რას შვრება?.. რას შვრება, რას შვრება ეს პირუტყვი!.. — დაფეთებული წამოვარდა მელა, — ათასჯერ ვთქვი, რომ ეს დაწყევლილი სორო ამ რბილობში არ გამოვთხაროთ-მეთქი, ტფუი!.. მელა კამეჩს დრუნჩქვეშ დაუსხლტა, გათელვას ძლივს გადაურჩა, თვითონაც მოახერხა ცოტათი კამეჩი შეეშინებინა და მისთვის გეზი ოდნავ შეეცვლევინებინა. მერე წამოსკუპდა და კამეჩის მიმავალ გავას თვალი გააყოლა.

კამეჩმა ტყისპირა ჭინჭარმოდებული მაყვლოვანი გაარღვია, გადათელა და გაიარა, მშვიდი შუქით განათებულ ტყეში შევიდა, სადაც გლუვტანიანი მაღალი ხეები იდგა, მიწა კი დაძარღვული ფესვებით იყო დაწნული. კამეჩი ტყის მშვიდ სუნთქვას უსმენდა. მერე მიწა დარბილდა, ლპობაშეპარულ ნაყარ ფოთლებად იქცა, დათვისბალახამ იმატა, ჟოლოიანი კორდი გამოკრთა და ერთიანად გადათეთრდა. ბზუილი ხეების კენწეროებს სწვდებოდა, ჟოლოს ბუჩქები კამეჩს ფარავდა, სურნელი კი ხეების სიმაღლის ნახევრამდე იდგა, გადახლართული ტოტები კამეჩს რქებით იჭერდა და ყურებს შარიშურით უვსებდა. კორდი გათავდა და ტყემ იყუჩა. სიჩუმე ისე ჩასაფრებულიყო, რომ კამეჩი თითქოს დაეყრუებინა.

მიწას სოკოს სუნი ასდიოდა, ფოთლქვეშ ნიადაგი გამომპალი გამოდგა, უხმაუროდ ჩამოიშალა და კამეჩი ხევში ჩაიყოლა. იქ კი სქელი, აყალონარევი საფლობი ტალახი დახვდა, კამეჩს ფეხები სათითაოდ ჩაუთრია, მყესები და სახსრები დაუჭიმა. კამეჩი ხევიდანაც ამოვიდა და ტყის პირს მიადგა.

ოცდახუთი დღის შემდეგ ბაქია მონადირე ძია ადამმა გათელილი ტალახი დაინახა. შენიშნა ისიც, რომ კუნძი ხევში ახლახან ჩამოგორებულიყო. ჟოლნარის პირას შედგა და ჟოლოს საჭმელად შიგ შესვლა ვეღარ გაბედა, მერე კი სოფლის შუაგულში მდგარი თუთუნს ფშვნეტდა და ტრაბახობდა: — ამას წინათ დათვს არ გადავაწყდი?.. ჩემს ხმაურზე ხევში გადეშვა... ხეები სულ მილეწ-მოლეწა... ჟოლნარი გადაჯეგა... ვიფიქრე, გავყვები-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ნადირობა აკრძალულია...

კამეჩი ტყის პირას შედგა, თეთრი სინათლის პირისპირ, ქერის ყანასთან. მზისგულზე ყანა მდუმარედ იცდიდა. თავთავები ზემოთ აეღირა, არავინ არავის მზეს არ ართმევდა. ყანას თავზე დიდი მზე ადგა — სხივუხვი, კაშკაშა. ქერის ყოველი თავთავი თავის წილ მზეს ეწაფებოდა, წიაღში მარცვლებს ამწიფებდა და ამისგან, თბილ სინათლეში გახვეული ყანა კიდით კიდემდე შრიალებდა.

ყანაში ასკილის ბუჩქი მოსჩანდა, რომელსაც ერთი თეთრი ყვავილი, ერთი კენტი კოკორი და ათი ცალი მწვანე ასკილი გამოეტანა და თავისსავე თბილ სურნელში გახვეული მშვიდად იცდიდა. ბუჩქს ბუსუსა ველური ფუტკრების პატარა ოჯახი მოსდებოდა და სქელი, გაბმული ბზუილი გაჰქონდათ.

ყანისპირა თაფლამსხალი ფრთხიალა სინათლეში ლღვებოდა, ფოთოლი ცოტა ჰქონდა და სხივთა ნაკადს მსხალი ძირიდან კენწერომდე თაფლივით გაეხურებინა. მთელი სამოცდაათი წელი ყრუდ მკვნესარი იტანჯებოდა მეხისგან დადაგული მძიმე ჭრილობის მოსაშუშებლად, სიყმაწვილე ამას შეალია და ჯერ კიდევ ნამეხარი რიგიანად ვერც კი შეეხორცებინა, რომ ქარაანთ შერეკილი მაცაკი მიადგა, ნაჯახი დაჰკრა და პირდაღებულმა, სრუტუნა ცხვირით მაღლა ახედა. მერე კი, თითქოს მკვდარ შეშას სჩეხსო, ისე, რომ თავიც არ აუღია, ხის ტანიდან ოცდაათი საკოვზე და სამი საჩამჩე ამოაჭრა. მსხლის ხეს ძალა აღარ შერჩა და ასე მშვიდად, ყანის პირას, მზის გულზე, თავისი ხანგრძლივი სიკვდილით დაიწყო ცხოვრება.

გაზაფხულის ჭაობი ახლა სიმშრალისგან გამომხმარიყო და დამსკდარიყო, მაგრამ კამეჩის ფეხქვეშ სიმძიმისგან მაინც ატორტმანდა; ბალახის მცირე გროვა ირგვლივ ვაშლის გამხმარი ყვავილის სურნელს აფრქვევდა და ამ სურნელსა და მზეში ილანძებოდა. ჯეელი კაკლის ხე გვარიანად ჩამოებეგვათ და მისი მწვანე ნაყოფი მურაბისთვის წაეღოთ. კაკალქვეშ ბრტყელ ქვაზე მოკლე გველი მზეს მიფიცხებოდა და მილულულ-მინავლული თავის წილ წვეთ შხამს ადუღებდა.

მერე გამოხმა, გადაიხრუკა და ქარაანთ ხმელი გორა ხვატში გავარვარდა, ცხელმა ჰაერმა კამეჩს ტალღა-ტალღა დაჰკრა და ნესტოები და უპეები ამოუშრო. კამეჩი დაღმართზე დაშვებამდე ქშენით შედგა და მიმოიხედა.

გორაკის ძირას სოფელი მიყუჟულიყო, ბაღები დუმილს მოეცვა, გზებს წითური გადაჰკრავდათ, მწველ სხივებში გახვეული სახლების სახურავები კი წითლდებოდნენ და შავდებოდნენ.

ღობის ქვეშიდან ქარაანთ კომბოსტოს ბაღში წვრილი რუ შეედინებოდა. მზესუმზირებს ფართო სახეები გზაზე მდგარი კამეჩისკენ მიექციათ. ადამის ალვის ხეს ფოთლები ამოებრუნებინა და გათეთრებულიყო. ის ორი წლის ვაშლის ხის, კარტოფილის, აყვავებული კიტრისა და წიწაკის ძირებიდან კომბოსტოს წყალს ცოტ-ცოტაობით იპარავდა, მაგრამ თავს ისე აჩვენებდა, თითქოს წყურვილისგან გათანგული წვიმას ნატრობდა და წვიმაც საცაა უნდა მოსულიყო. წითური ქოფაკი ვაშლის ხის ქვეშ ქოშინებდა. მბზინავ, მელოტთავიან და თეთრწვერ-ულვაშა სარგის პაპას, რომელიც საფუტკრეში ფიჭებს ატრიალებდა, ფუტკრების დაბოხებული, გაბმული ზუზუნის ფონზე ყრუ ნაბიჯების ხმა შემოესმა და მზესუმზირებთან, თავისსავე ძველ პიჯაკში გამოწყობილ და გვერდზე ქუდმოქცეულ საფრთხობელას მოჰკრა თვალი, რომელიც მეზობლის ბაღში მდგარ ბლის ხეს გაჰყურებდა.

გზის ქვემოთ სახლი იდგა, სახლსა და გომს შორის კი დიდი ეზო იყო მოქცეული. ეზოში ფარდაგებზე მარცვალი გაეშალათ და ნათელს ასხივებდა. იქვე თათებზე თავჩამოდებული ლომისებრი ნაგაზი თვლემდა და თავისთვის ფიქრობდა: „მე ბასარა ვარ, ხორბალს ვდარაჯობ და ჩიტებს სძინავთ“. თათებქვეშ მიწის სუსტი ბიძგები იგრძნო და გაიფიქრა: „ცხენოსანი მოდის, ნეტავ ვინ არის“. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიფიქრა: „ცხენოსანი კი არა, ხარია, ნეტავ სად მიდის ამ პაპანაქებაში“. ბიძგები მიწყნარდა და ძილ-ბურანში მყოფმა ძაღლმა ვიღაცის მძლავრი მზერა იგრძნო. ქუთუთოები აზიდა: „უი, კამეჩი!“ მიირბინა და დრუნჩი დრუნჩზე მიადო, მიეალერსა, მერე ქუჩაში გავარდა ნანის შესაგებებლად, მაგრამ მზეში გალურსულ გზაზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ჩაფიქრდა, ღობეს მოსახვევამდე ჩაუყვა. ორღობის მთელ დაყოლებაზე, ქარაანთ გადამხმარ გორამდე, გზა უკაცრიელი იყო. ძაღლმა ვერაფერი გაიგო, დაღონდა, უკან შემობრუნდა და მარცვალსა და კამეჩს შუა დაწვა.

ძაღლზე მზერამიპყრობილი კამეჩი ყრუდ ზმუოდა და არ ამხელდა, რა სურდა. მერე გომის წინკართან მივიდა, შეიცადა, კარს რქებით მიაწვა და შიგნით შევიდა. შევიდა და დადგა. ბნელი გომი ცივი თვალებით გამოჰკრთოდა, რაღაც უცნობ კვნესას მოეცვა, ვიღაც ჩასაფრებულიყო. ეგებ აბლაბუდაში დადარაჯებული ობობა იყო, ან იქნებ საყრდენი ბოძები კვნესოდნენ. კამეჩი თავის ალაგს მიდგა. ბაგაში ქვამარილი გაოფლილიყო და ნელ-ნელა ილეოდა, ბაგის ფიცრები სიბნელეში ბერდებოდნენ, მუხის ბოძებს სიმძიმისგან ძალა ეცლებოდათ და სიკვდილი ყველაფერს ზანტად შთანთქავდა. კამეჩმა უკან-უკან დაიწია, საბელი არ აკავებდა, ჰო, განა თავად არ შევიდა შიგნით?.. ჰო, ზაფხული იყო!..

კამეჩი გომიდან გამოვიდა, ეზოში დადგა და დაიზმუვლა. ეს კომბოსტოს კვლები იყო, ეს — ღობე, ის — მათი ძაღლი, ესეც — მარცვალი, მაგრამ თავად რა უნდოდა? შორეთის ჟღალ მინდვრებში, თბილი ტბორებისკენ კამეჩები ჯგუფ-ჯგუფად მიირწეოდნენ და მათ შორის იყო ის ერთიც — მხურვალე, ძლიერი და მოხდენილი. კამეჩი მოწყვეტით გავიდა ეზოდან, ძაღლი უკან აედევნა და თავისთვის გაიფიქრა: „ეს კამეჩი სად მიდის ნეტავ?“ კამეჩი ღობეს ჩაუყვა.

ღობის ბოლოში სხვა სახლია, სახლის კართან — წითელყვავილა ლობიო, ლობიანაში კი — ერთი აწოწილი ძუკნა, გამვლელს რომ არ უკბინოს, არ ცემონ ან ცოტა მაინც რომ არ იყეფოს, ბოღმისგან ატირდება. ამიტომაც ბასარამ კამეჩს გადაუსწრო, ლობიანასთან მივიდა და დადგა, თავაწეულმა და კუდაპრეხილმა დაიღრინა: „მე აქ ვარ!“ ძუკნა ლობიანადან არ გამოსულა და ბასარამაც, ასე თავაწეულმა და კუდაპრეხილმა, კამეჩი ორღობის ჩავლით წყარომდე ჩააცილა, მიტოვებული ბაღი გადაატარა, ქვაჯვრებს გვერდი აავლებინა და სამლოცველოს ქვემოდან სოფლიდან გაიყვანა.

ღელეში ბავშვები ბანაობდნენ. ნუნიკი და გაიანე გოგოები იყვნენ და ამიტომაც ტრუსებს არ იხდიდნენ, ჰოვიკი, ტიგრანი და მანუკი კი ბიჭები იყვნენ, ამიტომაც დედოშობილა ბანაობდნენ. წყალი კრიალა იყო, შეძახილები – წკრიალა და სამყაროს ამ ერთადერთხელ ათბობდა ერთი დიდი, ბავშვური მზე. ჩალისფერ გზაზე კამეჩი მიიზლაზნებოდა, უკან წითელი ნაგაზი მიჰყვებოდა და ისინი ასე ივლიდნენ ქალაქების, მარცხიანი ცხოვრებისა და სიბერის გავლით ამ ბიჭების სიცოცხლის ბოლომდე. კამეჩმა ღელეში გატოპა და გაიარა, ძაღლმა კი ვიწრო სახტომი მოძებნა. კამეჩს უკვე გაევაკებინა.

კამეჩი და ძაღლი ჰონუტის გორაზე გამოვიდნენ — წინ გადაშლილი ჟღალი ველიდან ტალღა-ტალღად ეხეთქებოდათ მზისგან გადახრუკული ყვავილების მშრალი მტვერი. კამეჩმა უკან მიიხედა. ძაღლი გორის თავს ჩამომჯდარიყო და უნდოდა კარგად დაემახსოვრებინა ის ადგილი, რათა, როცა ჰკითხავდნენ: „ბასარ, კამეჩი სად წავიდა?“, აქ მოეყვანა და ეთქვა: „აქამდე მოვსდიე და მერე აღარ მინახავს!“ ძაღლმა თვალი გააყოლა და კამეჩი მზერით გააცილა ბილიკის დასახვევამდე. ცოტა დაღონდა მისი წასვლის გამო, ცოტათიც იმაზე, რომ ნანის აგერ უკვე მესამე ზაფხულია მთაში აღარ მიჰყავდა. მერე წამოხტა და უკან გაიქცა: „ჩიტები ახლა გონს მოვლენ და მარცვალს აკენკავენ, მარცვალს აკენკავენ, სულ აკენკავენ და აღარაფერი დარჩება!

ამეჩმა ბილიკს გადაუხვია, გზა გაიკაფა და ხევში ჩავიდა. იქ წყარო უნდა ყოფილიყო. წყლის მოძებნა დააპირა, მაგრამ ნესტოებში მაშინვე ახალმოხნული შავი მიწის მომჟავო სუნი ეცა. ამ გადამწვარ უკიდეგანობაში, სადღაც ახლომახლო, ახალმოხნული შავი მიწა უნდა ყოფილიყო, იქვე — ერთი მსხლის ხე, ხის ქვეშ კი ჩაწოლილი ხარები, ხარებს შორის — ორი კამეჩი. იმ ორიდან ერთ-ერთ კამეჩს ახლა თავი მაღლა აეღირა და ამავე მიწაზე მდედრის ყოფნას ხერხემლით გრძნობდა, მის მოახლოებულ ნაბიჯებზე მიწაზე გაკრული ჭიპით ნადირობდა.

ნესტოებში სურნელშეგუბებული კამეჩი ხევიდან ამოვიდა. ყველა მხარეს მხოლოდ ჟღალი მინდვრები გადაშლილიყო. ჭრიჭინას ჭრიალში მწველი ჰაერის ტალღამ დაჰკრა და კამეჩს ნესტოებში ჩარჩენილი ხნულების მომჟავო სიგრილე ამოუშრო. გადახრუკული ველი კვლავ დაცარიელდა. ყრუდ ამოიბღავლა და დაელოდა. სიცარიელეში მისი ძახილი ნელა იფიტებოდა. ოთხივე ფეხით მყარად დაბჯენილმა, მიწას შორეული ჭაპანწყვეტის ღრჭიალი ამოგლიჯა და გამოარჩია: სადღაც ფესვები იგლიჯებოდა, ბელტი ბრუნდებოდა, გუთნეული ირწეოდა, კამეჩებს მუხლი ეკეცებოდათ და გუთანი ჩამუხლულებს მიჰქონდათ.

კამეჩმა მიწიდან ფშვინვით სუნი ამოგლიჯა და წინ გაიჭრა, მიზანზარებდა და მისთელავდა დახრუკულ სურნელებს, გამოძახილებსა და ჭრიჭინებს.

კამეჩი შეცდა. სახნავი მიწები მალე გათავდა და ქვაღორღის სამყარო დაიწყო, რომელიც თავის თავზე მის მძიმე ნაბიჯებს უთრთოლველად იღებდა. კამეჩი შედგა — მისი სიმძიმე ქვაღორღს არც ამჯერად უგრძვნია. კამეჩი უკან გამობრუნდა — ქვაღორღმა ცოტაზე სდია, მერე დაქანდა, ჩაემხო და მიწისქვეშეთში ჩაიკარგა. ამ მინდვრებში სადღაც გუთანი ხნულებს დინჯად ავლებდა, მინდვრების განაპირას ბუღა დამდგარიყო და თავისი მძიმე მზერა კამეჩის გავისთვის მიებჯინა. კამეჩს მისი ხმაც კი შემოესმა. შეჩერდა, მიაყურადა — სიჩუმე იყო. კამეჩმა სიარული განაგრძო. მიწა თრთოდა და ქარვისფერი ჩლიქების დინებები წვრილ ტალღებად ბუღა კამეჩთან მიჰქონდა და მისი სიმძიმის ქვეშ ინავლებოდა, უკან კი მისი მამრული არსებობის ამბავი მოჰქონდა.

კამეჩი კვლავ შეცდა. სახნავი მიწა აღმართის ძირას გათავდა, აღმართი დამძიმდა, მიწა გათხელდა და კლდოვან ფილას მოსწყდა, მერე წინ კლდე აღიმართა. მისი ბნელი ღრუდან დაუხამხამებლად ბრმა სიცარიელე იმზირებოდა. კამეჩმა დაიზმუვლა. უკაცრიელმა სიჩუმემ წამით ადროვა, მერე შეირხა და ექოდ იქცა. გამოქვაბულიდან მელიისა და ფრინველის დაგუბებული სიმყრალე გამოვარდა. კამეჩმა ამოქშენით უკუაგდო მელიის სუნი, შემობრუნდა და დანისლულ სიშორეებს გახედა, სადაც, ღმერთმა უწყის, ელოდა თუ არა ბუღა კამეჩი. ფეხქვეშ მიწის თხელი ფენა გამოეცალა, ფეხი დაუსხლტა, წაიბორძიკა, გახელდა და ადგილიდან მოსწყდა, წინ გავარდა — ხეთქებით, ნგრევითა და ხტომით. მთელი სისხლი თავში მოაწვა, თავისივე ხმაურმა ყურები დაუხშო, სახნავი მიწები დამთავრდა და ხევის პირთან სუნთქვაშეკრული უფსკრული ჩასაფრებულიყო. კამეჩი კვლავ შეცდა. მზერა ლურჯი ღმერთისკენ ზეცად აღაპყრო და ფილტვების მთელი ძალით დაიზმუვლა და დაიზმუვლა... მისი სველი ზმუილი მინდვრებს გადასწვდა, მზის ქვეშ გამოშრა, ძველ ჩურჩულებსა და მონატრებებს შეერია და სიჩუმედ იქცა. იები ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაყოფიერებულიყვნენ ცვრის წვეთითა და ხოჭოს ფრთით; ზამბახებსაც დიდი ხნის წინ მიებარებინათ თავიანთი მკვრივი თესლი მიწისთვის; ნეკტრის ყვავილს უკვე მოესწრო თავისი წილი ცვრისა და სითბოს შესმა და შთამომავლობა მტკიცე კოლოფში გამოეკეტა, რომ მშვიდად მომკვდარიყო; ჭრიჭინებს თავიანთ სახლებში პატარა ჭრიჭინობელები გაეჩინათ და გამხმარ ღეროებში შეყუჟულნი საღამოს დადგომას ელოდნენ, რომ სიმღერა შემოეძახათ; მზის გულზე ბაბუაწვერა ჩუმად მიფრინავდა, სახნავის განაპირას კი კამეჩი გადმომდგარიყო.

ზანტად მიუყვებოდა კამეჩი დატალღულ ქვეყანას, ხევებს ჩასდევდა და ბორცვებს ამოსდევდა.

მსხლის ქვეშ თვალებზე ქუდჩამოფხატულ მთვლემარე გუთნისდედას ყურის წვერით ესმოდა, რომ ახლა უღლეული დასარწყულებლად მიჰყავდათ, რომ საქონელმა უკვე რუს თავი მოსწყვიტა და ახლა მოხდენილი რწევით უღელში შესაბმელად ბრუნდებოდა. გუთნისდედას ასეთივე მკვრივმკერდიანი და ღონიერჭიპიანი შიშველი ქალი ესიზმრებოდა. მისი მხურვალე ხარხარი ესმოდა და თავის თავს ღიმილით ეუბნებოდა: „- არაა! კარგი რა!..“. ახლა მეხრე გორახის ასაღებად დაიხარა და ტალახიან ცხელ გუბეში ცალთვალდავსილმა კამეჩმა თავი შეიფერთხა. გუთნისდედა მზის განელებას გრძნობდა და ჰაერში რაღაც ფრთებს ისწორებდა, რომ ნიავად ქცეულიყო. იქვე ახლოს ვიღაც ჩასაფრებულიყო. გუთნისდედა ყურის ძირში ვიღაცის მზერის შეხებას გრძნობდა და იმას კიდევ, რომ მხარი უბუჟდებოდა. „- არა, კაი ერთი!..“ - ამბობდა გუთნისდედა, მერე წამოჯდა და შემღვრეული თვალებით მიმოიხედა. ისევ ის ძველი სახნავი იყო, მზე და მოახლოებული ხარების ფეხის ხმა. გუთნისდედამ ჩექმები ამოიცვა, ზმორებითა და ზლაზვნით წამოდგა, წელი გაიტკაცუნა, დაამთქნარა და პირი დააღო, რომ შიშველი ქალის გაქრობით გულმოსულს ჯავრი მეხრეზე ეყარა, გვარიანად გამოელანძღა, რას ზოზინობო — ხნულებში კი ფურკამეჩი იდგა და მშვიდად ფშვინავდა...

– შენ ხომ სახორცედ ჩაგაბარეთ, აქ საიდან გაჩნდი?

კამეჩმა დაიზმუვლა, ადგილიდან მოსწყდა და ხნულებს გაუყვა.

– არა! - თქვა გუთნისდედამ, - მანიშაკ ნანის კამეჩი ხარ, ბუღასთან მოსულხარ.

– შე საწყალო, შენა, - ღიმილით თქვა გუთნისდედამ, - შენი ბუღა სახორცედ გავრეკეთ.

როცა დაკოდილი ცალთვალა კამეჩი ტალახიანი გუბიდან ამოვიდა, თავისი მოდგმის სუნი ეცა და სევდიანი ძახილიც მაშინვე მოესმა. მისი მეწყვილე სასაკლაოზე გაერეკათ, თავად კი ხარებს შორის ყველაზე გადარეულთან ერთად აბამდნენ უღელში. ჯაჭვს უღლის შუაგულიდან ორი მტკაველით კამეჩისკენ სწევდნენ, რომ მეტი ძალა დასდგომოდა და ის აუტანელი ხარი არ დაელეწა, პირიქით, აქეთ დაეჯაბნა ეს ზანტი, ღონიერი და მზრუნველობამოყვარული ქმნილება. დავსილი თვალის მხარეს კისერი გვარიანად მოღრიცა და თავისი მოდგმა იხილა. მასში თავისიანის მონატრებამ გაიღვიძა, დაიზმუვლა და შესაგებებლად გაიწია. მიუახლოვდა, მიეკვრა და მიხვდა, რომ ეს მისი უღლის მეწყვილე არ იყო. კამეჩის ზურგზე თავმიდებულს, ღმერთისთვის თავისი მეწყვილის შესთხოვა სურდა, მაგრამ ვედრება სანახევროდ დაურჩა, რადგან მასში მამრობის თითქოს ნაცნობი და თითქოს უცნობი თრთოლვა აბრიალდა და მაშინვე ჩაიფერფლა. თუმცა ეს მამრული ჟინი როდი იყო, ერთი წვეთი ბრაზი იყო საუღლე პირუტყვის უზარმაზარ სხეულში. კამეჩის ზურგზე თავმიდებულმა სევდიანად გაჰზმუვლა შორეთსა და ღმერთს, – ბრმა თვალის მხარეს სიბნელეს დაესადგურებინა, საღი თვალის მხარეს კი ხარები უღელში შესაბმელად მიდიოდნენ.

ხარკამეჩს თავი ზურგზე მიედო, ფურკამეჩი კი განაბული ელოდა. ის მხოლოდ ზმუოდა. ფურმა თავისი ცხელი ფერდებით მიეფერა, კისერი და სითბო შეახო, შემოუარა; ხარის მძლავრი სხეული, ნესტოები, ჭიპი და თავი მთელი თავისი მდედრობით მოიცვა და სამალავისკენ გაიხმო, მაგრამ ის გაუნძრევლად იდგა — ხნულებში ფესვგადგმული, უღელმორჩილი და მშვიდი.

ფურკამეჩი მხოლოდ ერთი დღეღამით სთხოვდა მხვნელებს მამრს, რომ მერე მათთვის ერთი დიდთავა ზაქი ეჩუქებინა, ისინი კი ყურით ექაჩებოდნენ ხარს უღელში ჩასაბმელად და ისიც თავის მამრობაწართმეულ კისერს მორჩილად უწვდიდა.

ფურკამეჩი გუთანს ხნულების ბოლომდე აჰყვა, შემოტრიალდა და ზლაზვნით უკანვე ჩამოჰყვა, მიუახლოვდა, მიეკვრა და ხარი უღლიდან გამოიხმო, ის კი დორბლების რხევით მშვიდად ეწეოდა გუთანს. მაშინ ფურკამეჩმა მსუბუქად წაჰკრა რქა, მან კი უღლიდან საცოდავად ამოხედა — ცალთვალდავსებულმა და კისერდაკოჟრებულმა. ფურკამეჩი ერთ შემოვლაზეც გაჰყვა გუთანს — ის ხარი იყო და სხვა ხარებთან ერთად თავის სახნავს მშვიდად ხნავდა. ფურკამეჩი შეჩერდა, შეიცადა — გუთანი შორდებოდა.

კამეჩი ბილიკს გაუყვა, ბუჩქნარს მიადგა, შეჩერდა და უკან მოიხედა: დინჯი ხარები ფხვიერ ბელტს ბელტზე მშვიდად აბრუნებდნენ, დორბლების კონწიალით ხნულებს ავლებდნენ და ეს ყველაფერი, რაღაცნაირად, სულაც არ იყო მკვდარი და დამარხული. კამეჩმა ჯაგნარის ლეწვით გზა გაიკაფა და ქვაღორღში შევიდა. ერთი წამით წყაროს ბილიკი დაკარგა, მერე ისევ იპოვა, მაგრამ ბილიკი იმდენად ძველი იყო, რომ უკვე იშლებოდა და საცაა დაიკარგებოდა. ქვაღორღი კლდედ იქცა, ბილიკმა კლდის ნაპრალში გაიარა და ხევში, სათავისკენ ჩაცურდა, სადაც ერთბაშად ღელე იღებს სათავეს. ღელეში კი უჩუმრად ცხოვრობს კალმახების ქრისტიანული თემი: ერთი ცალი გადატეხილი ლერწამი, ორი ბუჩქი პიტნა, წყლის ქვეშ ზურმუხტისფერი ქვიშა, მზის ორიოდე სხივი, წყლის ზედაპირზე ოთხიოდე მუმლი და კიდევ დედა-თევზი, მამა-თევზი, ათი შვილი — გოგო-ბიჭები, მაგრამ... მაგრამ...

კამეჩმა წყარო ვერ იპოვა. წყარო გამქრალიყო. შეფარვით, საიდანღაც მის სუნს გრძნობდა, ჩუხჩუხი ეყურებოდა, თვითონ წყარო კი არსად ჩანდა. სუნს აყოლილმა კამეჩმა წინ და უკან იტრიალა, თითქოს იპოვა კიდეც და მერე ისევ დაკარგა, არა, წყარო ნესტოებქვეშ უქრებოდა. მიწა ფუყე იყო, მერე გამაგრდა და ფეხქვეშ თუჯი გაჩხაკუნდა. წყარო თუჯის ქვეშ შხრიალებდა. კამეჩმა წყლის დასალევად წაიჩოქა — თუჯმა დრუნჩი უკუუგდო. წამოდგა, შემოუარა, კვლავ წაიჩოქა — თუჯმა კვლავ უკუუგდო. ახლა ჩაჩოქილმა უტრიალა სურნელს — თუჯი მძიმედ და უსიცოცხლოდ ჩამჯდარიყო. კამეჩმა თუჯს შუბლი მიაბჯინა — რქებმა ყრუდ დაიჭახუნეს და დადუმდნენ. კამეჩი ასე ელოდა — თუჯი არც ნებდებოდა, არც უკან აგდებდა. თუჯს ასე ათასი წელი შეეძლო დარჩენა, კამეჩმა კი თუჯის კიდეებიდან წყლის სურნელი ალოკა. გახელდა, სურნელი ხომ მხოლოდ სურნელი იყო და თუჯი ხელს უშლიდა, რომ იგი წყლად ქცეულიყო. შუბლით მიაწვა, თავი მოგრიხა, რომ რქები გამოედო და მოეგლიჯა, მაგრამ თუჯი გლუვი იყო, მყარი და მოსაჭიდი არ ჰქონდა. რქები დაჰკრა, წაიჩოქა და რქებმიბჯენილმა დაიწყო ირგვლივ ტრიალი: წყალი დრუნჩქვეშ გაურბოდა, წყალი იყო და თან არც იყო. კამეჩმა იტრიალა, იტრიალა, იტრიალა ამ ცემენტსა და თუჯზე, უცებ რქები დაუსხლტა, გაიჩაჩხა და ცემენტზე გაიშხლართა.

მერე დაღლილი კამეჩი მზეში მიაბიჯებდა, შარაგზა გადაჭრა, ხევში ჩაიკარგა და მზის ჩასვლისას მთაგრეხილზე ლურჯად გაილანდა. მერე ყველა ბუჩქიდან სიომ გამოჰქროლა, ერთმანეთს შეერწყა და დღის ყველა სურნელი აურია, მაგრამ არცერთ სიოს ბუღაკამეჩის ძახილი არ მოჰყოლია. ხეობას მწუხრი მოერია, მთათა წვერებზე ცივი მზის სხივები სანთლებივით ჩამოდნა, კამეჩმა ბორცვების გადასახედიდან უცნობობისკენ გაზმუვლა, დაეშვა და ხეობის წყვდიადს მიეფარა.

სიჩუმე წყლის ხმებისგან იქსოვებოდა. ამ ხმაურში ოდნავ უფრო რომ ჩაიფლო, კამეჩმა იგრძნო, რომ წყალი თბილი იყო და ყარდა. მერე ცხენი გაილანდა — თავაწეული იდგა, ვიდრე დაინახავდა, რომ კამეჩი უახლოვდებოდა, მერე კი უძრავად გაირინდა, აღარ ძოვდა და წყვდიადში სევდიანი მოჩანდა. კვლებში წყალი ჩამდგარიყო, გუბეები დაეყენებინა და ღამურების გაზეთილი ფრენის ქვეშ ხან ბრწყინავდა და ხან არა. კამეჩი ან ისევ შემცდარიყო და ბოსტანში შესულიყო, ან ღობე იყო მორღვეული — ფეხებში რაღაც ეკლიანი ტოტი გაეხლართა.

— ვინ ხარ მანდ? — იკითხეს.

კამეჩი შეჩერდა.

— ცხენი ხარ, თუ ვინ ხარ?

კამეჩმა თავი დაღუნა, ღობის ღიობში გაძრომა მოინდომა. ერთმანეთში გადაწნული გამხმარი ტოტები აჭრიალდა და ჩამოიშალა.

— ვინ ხარ, ბოლოს და ბოლოს, ჰა?!

დამჟავებული საზამთროს სუნი მოდიოდა, მერე თოფმა იჭექა.

ერთხელ, შემოდგომის ჭირხლობისას, ღამით კამეჩი კომბოსტოს ბოსტანში შევიდა. სიცივისგან მჭიდროდ ჩაფუთნული კომბოსტოები წვნიანი, ტკბილი და თბილი იყო. უცებ სიახლოვეს ჩრდილი გამოუხტა და ზურგზე სახრემ გაიტკაცუნა. კაცი დიდხანს დასდევდა და უნდოდა მუცელშიც ამოეკრა, ღობის ღია კარში არ უშვებდა, ვიდრე კამეჩმა მკერდით ღობე არ გაანგრია და მეზობლის ბოსტანში არ გააღწია.

მის ფეხქვეშ ბილიკი მოულოდნელად გაცოცხლდა, ერთი-ორი მოკლე მოსახვევი აჭრა და აღმართის თავს მოექცა, სწორი ხაზით წყაროს მიადგა, დანგრეული გომების კართან ჩაიარა და ტყეში შევიდა. თითქოს წინიდან, თითქოს გომებიდან — ბუ ბავშვივით ტიროდა და ავი სულივით ხარხარებდა. ცოცხალი წიფლის უკან ნახევრად უჩინარი თეთრსამოსიანი ქალი იდგა და კამეჩს ელოდა. სადღაც უცნობ ადგილას გზააბნეული ბავშვი ისევ ატირდა, წიფლის უკან ფოსფორისფერი შუქი გაიბნა და მხოლოდ ფეხზე მდგარი დამპალი კუნძიღა დარჩა. მერე კუნძი ისევ ქალად იქცა და კამეჩი მდუმარე მზერით ციცინათელების ველისკენ გააცილა.

ფერდებზე თითო-თითოდ ძუძუებჩამოკონწიალებული, გრძელფეხება, მკერდგანიერი, გამხდარი და მკვრივი თავისქალიანი მგელი ბუჩქს უხმაუროდ გამოეყო, ორი ნახტომით ხეობის ყელში გადაეშვა და ქვას გაეკრა. ვიღაცის ნაბიჯების ქვეშ მიწა მშვიდად ირწეოდა, ნაბიჯები შენელდა და ნაფიქრი გახდა. მერე კი საერთოდ შეწყდა. მგელმა თვალები დახუჭა და სუნთქვა შეაჩერა, რომ თავადაც სრულიად მკვდარი და სრულიად წყვდიადი გამხდარიყო. ნაბიჯს უნდობლობა შეეპარა.

კამეჩმა გააბიჯა, ვიწრობი კი ჩასაფრებულიყო. კამეჩი შედგა, სიბნელეს ჩააშტერდა, ჩვეულებრივი ხევი იყო, მაგრამ ვიწრობში ბილიკი კუზივით ამობურცულიყო. კამეჩმა ნაბიჯი გადადგა — კუზი სუნთქავდა. შეჩერდა, შეიცადა, კუზი მაინც სუნთქავდა, ხევი მგლის მჭახე სუნში იხრჩობოდა. კამეჩმა ზიზღით ამოიფშვინა, ჩლიქებისა და ქვების მტვრევით ვიწრობის სიპზე ავარდა და ხევის ყელში შუბლშემართული აღიმართა.

ქუთუთოს ვიწრო ჭრილიდან კამეჩის თვალს მგლის სხეულიდან მხოლოდ დრუნჩი გამოერჩია, მაგრამ თავად მგლის გარდა არავინ იცოდა, რომ ფილაზე გართხმული ქვა სინამდვილეში ქვა არ იყო. კამეჩის მზერამ ქვას გადაუარა, მგელს გადაუარა, მერე ისევ ქვას, სწრაფად შემოუარა მგელს და მის თავისქალას მძიმედ დააწვა. მგელიც ნელა აიბურძგლა, ნელა წამოიმართა, ოთხ თათზე გაჩაჩხული ბილიკზე აქანავდა და ეშვებდაკრეჭილი თავისი განზრახვის საპატრონოდ დადგა.

კამეჩი მის გასასრესად გაქანდა, მგელმა ცოტა ადროვა, მოითმინა, ეგონა კამეჩი დაფრთხებოდა, ის კი ჯიქურ მიიწევდა და მგელი უკან გახტა, დაჭყეტილმა დაიცადა. დრუნჩის მიწაზე ხახუნით კამეჩი მხოლოდ გასასრესად მიდიოდა, მის ფეხქვეშ ლოდი იძროდა და ხვინჭა მიწაში ჩადიოდა, მგელი კვლავ უკან გახტა და კუდამოძუებული ბილიკიდან ოდნავ განზე გადგა. არადა, კამეჩს კისერი ხორცით სავსე ჰქონდა, ყელიც და მკერდიც... კამეჩი შედგა და მგელს ბილიკიდან შორს გაცლა მოსთხოვა, მგელმა ცოტა კიდევ დაიხია. კამეჩმა თავი გაიქნია, ამოიქშინა და მისი მძლავრი სუნთქვა მგელს თავისქალაზე მიეხალა და ცოტათი კიდევ უკან დახია. კამეჩი გაცოფდა, დაიგრგვინა და მგელი ბილიკს გაეცალა. მგელს სახლში ოთხი მშიერი ლეკვი ელოდა, რომლებიც ძუძუსთან ერთად, ლამის სისხლს სწოვდნენ დედას. მკვდარი ლეკვის ძუძუს შეშრობაც კი არ აცალეს, ხვადმა ლეკვმა მიიტაცა და ახლა ორ ძუძუს ღეჭავს. მათი მამა ცხვრის მოსანადირებლად წავიდა და უკან დაფლეთილი დაბრუნდა. დამწუხრებული ცოტა ხანსაც დარჩა ბუნაგში და მერე კი წავიდა, რომ სადღაც, მოფარებულში ჩუმად მომკვდარიყო.

კამეჩის გავა ბილიკზე სევდიანად მიირწეოდა, ფეხებშუა ერთი პირის ჩავლება რბილი ცური მოუჩანდა. მხოლოდ ნახევარი, სულ ცოტა, ერთი სალუკმე... ცური, რბილი!.. სამყარო დაიმსხვრა და ჩამოდნა.

საუკუნემ განვლო თუ წამმა, სამყარო აიმღვრა, მერე ნელ-ნელა დაიწმინდა, სინათლითა და ჩურჩულით გაივსო. სახლში ოთხი ლეკვი ელოდება, დიდთავა ხვადი ორ ძუძუსა სწოვს, კამეჩმა კი წიხლი ჰკრა. ცხოვრება ტკბილი და ბალღამიანი იყო. ძარღვებიდან და ძვლის ტვინიდან რძე სადინარებში მიიწურებოდა და ცხელი ნაღველი მუცელს უთუთქავდა. კამეჩს ზურგზე უნდა შეხტომოდა, ჩაფრენოდა და ეშვებით ყელი გამოეღადრა. ოღონდაც მშველელები წამოიზარდონ!.. ხვადს წელი შეუსრულდეს!.. უფალო, თუ მძიმე ცხოვრებისთვის შეგვქმენი, შენი ნებაა, ოღონდ ოდნავ მაინც შეგვეწიე, რომ ჩვენს რძეში ნაღველმა არ იწვეთოს, თორემ ლეკვები ავები და უმწეონი დაიზრდებიან!..

— ბასარ, რა იყო, რა დაინახე? — ჰკითხა მენახირემ თავის ძაღლს.

ტყიდან, ტოტების ლაწალუწით, ველობზე გამოვიდა და მონატრებით ამოიზმუვლა. ძროხებმა თავები ასწიეს, მაგრამ ვერ იცნეს. დეკეულისგან ცეცხლმოდებული ბუღაც შემოუბრუნდა და კამეჩი თავის მტრობის მძვინვარე სამიზნედ აქცია. ის კი ძროხებს შორის ბუღა კამეჩს ეძებდა.

— ვისი კამეჩი ხარ, ემანდ საიდან მოდიხარ?..

— ბუღა გინდა? აღარ გვყავს! — უთხრა მენახირემ.

— შეეენ... წმაკუტელების კამეჩი არ ხარ? მანიშაკ ნანის კამეჩი. გოგო, ამ მთებსა და ხევებში, ამ ქურდებსა და მგლებში აქამდე როგორ გამოაღწიე?.. მაშ, ნანი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა. მისი საცოდავი ბიჭი კი ფრონტიდან ვეღარ დაბრუნდა. მე უნდა მიმეტანა ამბავი, რომ შავ ზღვაში თევზების კერძი გახდა და ნეტამც კარგი ამბისთვის გამეღო პირი.

ბუღა მძიმედ მიემართებოდა კამეჩისკენ და გზად ჭიანჭველების ბუდეებს თელავდა. ის კი ძროხებს შორის ბუღა კამეჩს ეძებდა და ძლივს მიხვდა, რომ ბუღა მასთან შესარკინებლად მიდიოდა. კამეჩმა თავი დახარა, კისერი მოზიდა, მწყობრ ნაბიჯზე გადავიდა, ველობის მთელი სიმხურვალე ჩაისუნთქა და ნახტომით გაექანა, მაგრამ წინ არავისი შუბლი არ დახვედრია — ბუღას გავა შეექცია და მენახირე მას ძროხებისკენ ექაჩებოდა.

— ეგ ხომ გოგოა? გოგოსთან ჩხუბი სად გაგონილა?..

— გოგო, შენ კიდენა, როგორი მოჩხუბარი გოგო ყოფილხარ?.. ეგეთი ლამაზი, ეგეთი მკვრივი, ეგეთი ჩამრგვალებული... ათი წელია კამეჩის მაწონი არ მიჭამია. ეს ცური ვინღა ჩამოგკაწრა? ძაღლმა თუ მგელმა? მოიცა, ერთი მოიცა... რა ღრმად ჩასულა, ის ოხერი!..

კამეჩი მენახირეს გაექცა და ნახირისკენ გაბრუნდა. იქ ბუღა კამეჩი უნდა ყოფილიყო. ნახირში, ძროხებს შორის იძრომიალა, სათითაოდ დაყნოსა და დიდხანს ეძება ბუღა კამეჩი, მაგრამ ისინი ხომ ყველანი ძროხები იყვნენ? იცოხნებოდნენ და რძით ივსებოდნენ, ნახირს რძის სუნი ასდიოდა. ისინი მშვიდად და უდარდელად სძოვდნენ, რადგან ბალახი გემრიელი იყო, წყაროც იქვე ჰქონდათ და ბუღის სიახლოვეში ლივლივებდნენ. ნახირზე ერთი თავით მაღლა მდგომმა კამეჩმა, სხვათა ამ ნათელ ბედნიერებაში სევდიანად ამოიზმუვლა და ეს მისი გაქრობისა და დასრულების სურვილი იყო.

ოდესღაც, მზე-ღმერთის ქვეშ, თბილი ტბებისკენ კამეჩთა ჯოგებს რწევა-რწევით უვლიათ. წვრილკისერა, დიდთავა და თავებზე ცომივით რბილრქებამოწვერილი ზაქები, დედების ზურგს აკრულნი, ბავშვური სევდით ტაატით მიჰყოლიან. ფურკამეჩები მზის გულზე ნაღვლიანი დედობრივი გრძნობით ავსილან, ბუღა კამეჩები კი დროდადრო შემდგარან, უკან გაუხედავთ და მღვრიე ვნებით გადაუძახნიათ — თვისტომი ვინმე ხომ არ ჩამოგვრჩა, სადმე ტყისპირას წამოწოლილიო?.. ასე რწევითა და ზოზინით უვლიათ გადახრუკულ ველებზე და, ვინ იცის, ახლა სად დაიკარგნენ?

— სად გაგიშვა, რომ შენთვის უკეთესი იყოს? მოდი, გაგიშვებ...

მენახირემ წკეპლა მოსცხო, ვინაიდან კამეჩი კეჩუტისკენ მიიწევდა, კეჩუტი კი უკვე ქარხნად ქცეულიყო. ხეს ორთქლში კარგად ხარშავდნენ, ცხლად გამოჰყავდათ, ღუნავდნენ, ხრახნებს უჭერდნენ და მზა სკამებს სპარსეთში აგზავნიდნენ. კამეჩმა უკან მოიხედა, მენახირე ხელით ანიშნებდა — წადი, წადიო... მენახირე დაიხარა, ვითომ ქვა უნდა ავიღოო, კამეჩმა თავი გაიქნია და წავიდა.

ტყის პირას, რცხილებს შორის, მწვანე ხავსში ჩაკარგული სამლოცველოს ბნელი კარი იმზირებოდა. სამლოცველოსთან ქვა გაინძრა და ისევ გაშეშდა. მერე კვლავ გაინძრა და ადამიანის ზურგი აღმოჩნდა. დედაბერი, რომელსაც ქვაჯვარზე სანთელი დაენთო და ნიავისგან იფარავდა, რომ არ ჩამქრალიყო, მიბრუნდა და პირჯვარი გადაიწერა. ლოცვას მოჰყვა და ვიდრე არ დაასრულებდა, არ სჯეროდა, რომ ის, ვინც მას უყურებდა, სიკვდილი კი არა, კამეჩი იყო. კარგია, რომ სიზმარი არ იყო, რადგან სიზმარში კამეჩის ხილვა მძიმე ავადმყოფობასა და სიკვდილს მოასწავებდა. კამეჩისგან მზერამოუშორებლად ყავარჯენი ხელით მოსინჯა, — იესო ქრისტეო, — ჩაიბუტბუტა, დაეშვა და გზაზე გამოვიდა.

ერთმანეთს კარგად დააკვირდნენ, კამეჩმა გააბიჯა და დედაბერს გულმა რეჩხი უყო — ეს ხომ მისი დის, მანიშაკის კამეჩია?!.. აგერ უკვე მერამდენე ზამთარია, თავის ვაჟს, სტეფანს სთხოვს: ერთ შემოდგომას ჩემი დის, მანიშაკის სახლში წამიყვანე და გაზაფხულამდე დამტოვეო... მანიშაკის შვილიშვილი მათ ეჩმიაძინში წაიყვანდა, წინამძღვრის მარჯვენას ემთხვეოდნენ და მადლიერნი მოახსენებდნენ — შენი ნაბოძები სიცოცხლით კმაყოფილნი ვართო.

— ეგ საით გაგიწევია? ჩემმა დამ გაგყიდა, თუ სად მიდიხარ? ჯერ გოგო ვიყავი, როცა ამ მთებით ზურნითა და დოლით წამომიყვანეს, სამი დღე და ღამე მთა-მთა მატარეს. ჩემი და როგორ ტიროდა ჩემს გამო, ჩემს ძმას კი წარბები შეეკრა და მოღუშული ცხენზე ამხედრებულიყო. ჩემი კარგი ძმა, ჩემი ცამეტი წლის ოქრო და, ჩემი სევდიანი მამა.

მაგრამ დედაბერი კამეჩს ჩამორჩებოდა, — ე, ბიჭო! — გაიძახოდა და საიდანღაც მისაშველებლად ბიჭის გამოჩენას ელოდა, თუმცა მოთიბულ თეთრ ყანებში მის გარდა არავინ იყო, სადაც აყვავებული ყორანგალი მკრთალ შუქს გამოსცემდა. დედაბერს თვალები ასტკივდა, კამეჩი კი მზის გულზე დადნა და დაიკარგა. დედაბერი სოფლის შუაგულში გაემართა, რათა ვინმე ისეთი ენახა, ვისაც ტელეფონის გაეგებოდა, რომ კეჩუტში დაერეკათ, იქიდან — ერევანში, მერე — გუგარქში და იქიდან კიდევ წმაკუტში, წმაკუტის მწვანე მთებში, მის დასთან, მანიშაკთან და ეთქვათ: „შენმა კამეჩმა, სათიკმა ძორაგიუღზე გამოიარა და შენმა დამ დაინახა, მაგრამ შეჩერება ვერ შეძლოო, — გაყიდე, თუ სად მიიპარებოდაო?“.

ბილიკთან ერთი ბიჭი და სამი გოგო ჩამომსხდარიყვნენ. კამეჩს გულგრილად გაჰხედეს, შემდეგ კი, ნახირიანი ველის ნაცვლად, სინათლეში ჰაეროვანი ტბა ალივლივდა. ქვიშაზე წამოწოლილ ბიჭებსა და გოგოებს თავიანთ ორკვირიან საუბრებში ასეთი ფორმულა გამოეყვანათ: თუ ვწერ, ვხატავ, დავრბივარ, მიყვარს, ვხტუნაობ, ვიცვამ — მაშასადამე, თვითდამკვიდრებისკენ ვისწრაფვი, ესე იგი, ვფიქრობ, რომ არასრულფასოვანი ვარ; ხოლო თუ არ ვწერ, არ ვხატავ, არ დავრბივარ, არ მიყვარს, არ ვხტუნაობ, არ ვიცვამ, არამედ ჩემთვის ასე შიშველი წამოვგორებულვარ ტბის პირას — მაშასადამე, არ ვსაჭიროებ თვითდამკვიდრებას, ესე იგი, არ მსურს ჩემი ჯიშის გამრავლება ან წრთობა, ესე იგი, საკუთარ თავზე შეყვარებული არ ვარ და დაე, გადაშენდეს ჩემი ჯიში, რომელსაც არ ვთვლი არსებულთა შორის საუკეთესოდ და არსებობის ღირსად... ეს ფორმულა გამოეყვანათ და ქვიშაზე კმაყოფილნი წამოგორებულიყვნენ. შიშვლებმა, გარუჯულებმა, კმაყოფილებმა და მოთენთილებმა ქვიშიდან და საკუთარი მკლავებიდან თავები წამოსწიეს და ხელოვნების ფილოსოფიასა და ვაგნერის მუსიკაში კამეჩი დაინახეს. მერე კი, როცა გახსენებას შეეცადნენ, თუ რა ნახეს მზის გულზე — თვითმფრინავის ჩრდილი თუ ეშმაკი, კამეჩი უკვე იქ აღარ იყო, ხოლო თეთრი დარბაზის ლავგარდანზე რეპროდუქტორი მხოლოდ ბზინავდა და სადილად ჯერჯერობით არავის უხმობდა. უცნობი იყო, ვინ იყვნენ ისინი, ან რომელი წყლით იკვებებოდა ეს ტბა, საიდან იყო მოტანილი ქვიშა, საიდან წარმოიქმნებოდა, როგორ მოდიოდა და უერთდებოდა სამზარეულოს ღუმელს ელექტროდენი, საიდან იკვებებოდა მათი ტვინები, რომ შეეძლოთ თავიანთი რბილი ქვეცნობიერის ასე დაგუნდავება. მოწყალე დიდსულოვნებით ესქილეს დათანხმებიან, რომ მან იცის, რა არის ტრაგედიაო, მერე კი ერთმანეთისთვის თვალი ჩაუკრავთ, შეტრიალებულან და ერთმანეთში გადაუწყვეტიათ, რომ ყველაზე ტრაგიკული მეოცე საუკუნეა, მეოცე საუკუნეში კი — თავად ისინი, რადგან ტრაგედია მისი გაცნობიერებაა და არა მასში ცხოვრება. მათ აღქმაში და შეგრძნებებში ეს ტბა სწორ ადგილას იყო ჩამდგარი, ქვიშაც მოსახერხებლად იყო გაშლილი, შორეულ მინდვრებში მანქანები პურსა და ხიზილალას ამზადებდნენ, ექიმი ქალების თეთრი ბატალიონები ბავშვების ფუმფულა მკლავებზე ნემსებს ასობდნენ, ელჩები პიჯაკის ჯიბეებში ახალთახალ ცხვირსახოცებს იტენიდნენ, ტრამალებსა და ხეობებში გაზსადენებს გაზი მიჰქონდათ, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის ხდებოდა, რომ პირველქმნილი რეალობების სიმრავლის ნაზავიდან, მათ, მზის სისტემაში დროისა და დედამიწის არსი შეეცნოთ. ამასობაში კი მათი საშვილოსნოები და ხერხემლები ასე იშრიტებოდნენ დროის მერყევ, ნელთბილ დინებაში.

უცებ კამეჩს ნესტოებქვეშ ჰაერი გამოეცალა — ფერდობზე ჩასრიალდა და გაუჩინარდა. კამეჩი შედგა. ყვავილები, ფუტკრები, ფოთლები და ბალახის ღეროები ახალ ჰაერს ქსოვდნენ, ირგვლივ კვლავ ბეგქონდარასა და პიტნის სურნელი ირეოდა. კამეჩმა გზა განაგრძო.

გაბმული მშვიდი ხმაურით, მერე რახუნით, ბრახუნით, ჯახუნით, სიმხურვალით, ორთქლით, ქშენით, კარბიდის მახრჩობელა კვამლით, მოძრაობით, ზრიალით, ალებითა და უსიცოცხლო სიმძლავრით, რაღაც შეუცნობელმა კამეჩს გზა გადაუღობა, რაც გუშინ აქ არ ყოფილა. ტყიანი ლურჯი მთებიდან კლდოვანამდე, ფოთლებიდან, ხეების ფუღუროებიდან და ყვავილთა ფიალებიდან ყველა სურნელი და სიო პირწმინდად გამოგავა, შეისრუტა, გაახურა, გაავარვარა და კარბიდის მწველი ალით კამეჩს შეაფრქვია. რკინა რკინას შეადუღა, ასფალტზე ცხელი ასფალტი გადააგო, თიხა გაადნო, თუჯად აქცია და ერთი დღის სავალ მანძილზე, არწივის ერთი აფრენის სიმაღლეზე, ტყიანი მთებიდან კლდოვან მთებამდე, კვლავ შთანთქა და მოაშთო ყველა სურნელი და სიო. ყველაფერი მის ბეტონქვეშ მოქცეულიყო - ძველი მწვანე ტაფობი, ეული მუხა, მცირე ლელიანი, ოთხი ღერო ყაყაჩო, ასკილის ბუჩქი, ველური ფუტკრების ბუსუსა ოჯახი, ქერის თეთრი ყანა, ბუღა კამეჩი, მენახირის წითელი ნაგაზი, ხბო, კამეჩთა ნაფეხურები - ყველაფერი მიწის ქვეშ ჩამარხულიყო. მაგრამ, ხომ შეიძლება ცუდი ამბავი დატრიალებულიყო? რადგან ბუღა კამეჩი მიწისქვეშ მოქცეულიყო, ძველი თქმულება კი ამბობდა, თუ წითელმა ძროხამ მიწისქვეშ დაიბღავლა, მიწისძვრა მოხდებაო.

ბილიკის პირას კლდეზე გადმომდგარი კამეჩი ეჭვებსა და შიშებს შეეპყრო.

სიმთვრალეში საზოგადოების ფანჯრებქვეშ სიმღერის გამო, მილიციას მხატვარ რუბენ კოსტანიანისთვის ხუჭუჭა თმა გადაეპარსა და ოთხი დღით ასფალტის მხარშავ-მტკეპნავ დაწესებულებაში გაემწესებინა. ხელში სატკეპნი მიეჩეჩებინათ, ნიჩბით ასფალტს შლიდა და ცხელ, ფისნარევ ქვიშას ძველ ასფალტზე აგლუვებდა. წებოვანი კვამლის მიღმა მან კლდეზე მდგარი კამეჩი შენიშნა, შეხტა, სატკეპნი დაამტვრია და შავ ასფალტზე პირქვე დაენარცხა. — არამზადებო! — ასფალტის ფხოჭნით გაჰყვიროდა ის, — ნაძირლებო... მჩაგვრელებო!.. რატომ არის თავისუფალი მთის კამეჩი, ფრინველი, ქარი, ბუჩქი და მე კი არა?!.. საწნეხებო! კუბებო! კვადრატებო! მმტვრეველ-მჭრელ-მკრეჭველნო, რობოტებო, თარგზე გამომჭრელნო!.. და როცა მან თავი ასწია და მსახიობობის, გუდრონის, გულწრფელობისა და ოხშივრის საბურველიდან კვლავ გახედა კლდეს, მოეჩვენა, რომ კამეჩი ქალაქის თავზე, პირდაპირ ლურჯი ჰორიზონტებისკენ მილივლივებდა.

კამეჩების ძველი მწყემსი, პაპა ტიგრანი, მეექვსე სართულის აივანზე მკერდზე თავჩამოგდებული იჯდა, კრიალოსანს მარცვლავდა და იქვე ავიწყდებოდა „უფალო შეგვიწყალენ“-ის მარცვლები და სიკვდილის ტკბილი ძახილის, ღვთის ხსოვნისა და ქალაქის ხვატის შუაგულიდან ბუტბუტებდა: — ეგ კამეჩია, თუ ტყუილია?.. ეგ კამეჩია?.. ყველაფერს აქვს დასასრული... მერე ლევონი მოჭენდა ცხენით, თუ... ეგ კამეჩია, თუ ტყუილია?.. კეთილი-ბოროტი-ღმერთი... კეთილი-ბოროტი-ღმერთი... უფალო დაგვიფარე... უფალო სიკეთით აგვიხდინე...

კამეჩმა ბილიკი დატოვა და ქალაქის შემოსავლელად გაემართა. მზე ჩამოიწურა, მიილია და მინავლდა. კლდის ქვეშ ქალაქი მიედინებოდა და ბოლო არ უჩანდა. კამეჩმა ნაღვლიანად გაჰზმუვლა მეწამულ მზეს – რატომ ტოვებ შენს შვილს ამ მტრულ სამყაროშიო, შემდეგ კი კლდეზე გადმომდგარი მარტოდმარტო დარჩა. ხეობა ღამით გაივსო, არეული, ხშირი ხმაური ჩამოიფხრიწა, შეთხელდა და ძაფ-ძაფად გაილია. მერე ხეობაში ერთბაშად მილიარდი ჭრაქი აინთო და ქალაქს მანათობელი სახურავი გადაახურა - თითქოს ქალაქის თავზე გაბიჯება და შორეული მთებისკენ წასვლა შეიძლებოდა. ხეობა სიღრმეში იტყუებდა კამეჩს, ის უფსკრულს უახლოვდებოდა და უკან იხევდა. კლდის თავს მიუყვებოდა, რომ როგორმე ქალაქის ბოლო ეპოვნა, წაადგებოდა უფსკრულს და ისევ უკან იხევდა. უცებ რაღაც მშობლიური შეეხო, მიეფერა და მთლიანად მოიცვა. ეს ან მოწველის მონატრება იყო, ან ძაღლი ბასარა შემოეგება მზეზე გაშლილი ხორბლის სიახლოვიდან, ან იქნებ შორეულ ნისლებში თბილად და ყრუდ მოზმუოდა ბუღა კამეჩი?.. შინ მისასვლელი გზები მეხსიერებაში აებურდა, ნანის თავსაფრის სურნელი ნესტოებიდან გაუქრა, ბუღა კამეჩი ეძახდა და თვითონ არსად ჩანდა, ტყუილი იყო ეს ყველაფერი, – და კამეჩს ცრემლი მოადგა.

ქალაქი მშვიდად თვლემდა. გამთენიისას აცივდა. კამეჩი უკვე ქალაქის განაპირას იყო. სადღაც ძაღლი ყეფდა, თუმცა არსად ჩანდა, მერე მამალმაც იყივლა. კამეჩს რული ერეოდა, საკუთარი ნაბიჯების ხმა სადღაც შორიდან, ყრუდ ჩაესმოდა. ცხვრის ნესტიანი მატყლის სუნი ეცა, მაგრამ ეს ალბათ მოჩვენება იყო, რადგან მთები კარგა ხნის წინ ჩამოიტოვა. ცხვრის ბღავილი შემოესმა, მერე კი ნანის ხმაც გაიგონა: დღეს ბევრი რძე მოგიტანია, ყოჩაღ. კამეჩმა წაიფორხილა, ოდნავ გამოფხიზლდა და შედგა. მიწა ცხვრის ფარის წვრილი ნაბიჯებისგან თრთოდა. კამეჩს მწყემსის სტვენაც შემოესმა და ეს უკვე აღარ იყო მოჩვენება. ერთმა ცხვარმა, ისევ იმავე ცხვარმა, სამჯერ დაიბღავლა. მერე დაღმართის თავთან წინამძღოლი ვაცი დადგა, დააცემინა და კამეჩისა და ქალაქისკენ დაეშვა. მის უკან მთელი ფარა მოდგა, წამით შეყოვნდა და ისიც ქალაქისკენ ზვირთივით ჩამოედინა.

- ვაჰ, ვაჰ, ვაჰ!.. - სიცილი ატეხეს მწყემსებმა, - როგორ განვითარებულა ქალაქი, კამეჩს ინახავს!

ისინი თავისიანები იყვნენ — ფარაც, ის ერთადერთი ნაგაზიც და მათ გვერდით კამეჩს ქალაქის აღარ ეშინოდა. თუმცა, მისმა იქ ყოფნამ მწყემსებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ვიღაცამ უცებ ყურში ჩასჩურჩულათ, რომ კამეჩი უპატრონოა: კილო სამი მანეთი, გამრავლებული სამას კილოზე — ცხრაასი მანეთია; აქედან ასი იმათ, ვინც იკითხავს, ეგ რა ხორცსა ჰყიდითო, ესე იგი, რვაასი მანეთი დარჩება ორზე გასაყოფი. ამ სავსე ქვეყანაში უბრალო ქურდობა სირცხვილია, გაციმბირება — მით უმეტეს; მაგრამ მოუპარაობაც ძნელია, რადგან მერე სულ უნდა გახსოვდეს, რომ არ მოიპარე და ინანო. არადა, ხომ არიან ისეთი ბრიყვებიც, რომ მოგადგებიან და გეკითხებიან: „ეგ რა ხორციაო?“ ეტყვი: „კამეჩისო“, და ისევ გეკითხებიან: „ეგ რა ხორციაო?“ თან ხელებში კი არ გიყურებენ, პირდაპირ თვალებში მოგჩერებიან. ჩაბნელებული ფანჯრებით ქალაქი მალულად უგდებდა ყურს მწყემსების შფოთვასა და ფარის ფეხის ხმას. არა, აჯობებს ისევ საკუთარი თავის გრცხვენოდეს, ვიდრე სხვისი და პასუხისმგებლობის გამო თავს აჩვენებდე, რომ მართლა გრცხვენია. მეორე სართულის ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს და იკითხეს:

– ეგ ცხვარია?

– ცხვარია. დილა მშვიდობისა!

– ეგ კიდევ კამეჩია, – თქვეს მეორე სართულის ფანჯრიდან.

ქუჩის ლამპიონები უკვე ნელ-ნელა ყვითლდებოდნენ. ფარის დაღლილ ნაბიჯებს შენობებს შორის მოქცეული ქუჩა გაევსო. ისევ იმ შეცივნულმა ცხვარმა დაიბღავლა და ხმა ექოდ გაისმა, გამოქვაბულის მსგავსად. უცნაური იყო, რომ ამ უსიცოცხლო სამყაროშიც არსებობდა ფარეხი, კერა და სადარაჯოზე რულმორეული ძაღლები. ძნელად თუ ეს გზა საძოვრებამდე მიიყვანდათ. კამეჩმა სისხლის მლაშე გემო იგრძნო და გაყინული თვალები, გაყინული თავები დაინახა. ძარღვები ერთიმეორის მიყოლებით, უმტკივნეულოდ უშეშდებოდა, თითქოს ნელთბილ წყალში იძირებოდა; შეიძლებოდა დამხრჩვალიყო კიდეც და არც უძალიანდებოდა. ცხადში, სიზმარში თუ მის შიშებში, ფარის თავზე ფრინველის თუ სიკვდილის ფრთამ შეიფრთხიალა და კამეჩი დაყრუვდა.

ფარა ჭიშკართან შეჩერებულიყო და შიშით ძრწოდა. მეცხვარე ნაგაზი წკმუტუნებდა და უკან-უკან იხევდა, მერე კამეჩის ფეხებს მიეკრა, თითქოს საკუთარი ხმის ჩაყლაპვა უნდოდა და მალევე მიყუჩდა. ვიღაც ფარას თბილ ბურანში ახვევდა — ძარღვებს, შიშსა და წინააღმდეგობის უნარს ულღობდა და ზედ რბილ თვლემას აფრქვევდა. შემდეგ ჭიშკარი შუაზე გაიყო, უკან გაიწია და კედლებში ჩაიმალა. კამეჩმა დაინახა უხამხამო წყვილი თვალი, რომელიც სიბნელეში, ფარის წინ, უკან-უკან მიცურავდა, მიიბჟუტებოდა და კვლავ მწვანედ, დაუხამხამებლად აშტერდებოდა. ფარა, თითქოს მიწას მოსწყდაო, მშვიდად და რბილად შეედინა ჭიშკარში. ვიღაც კამეჩის ძარღვებს ეალერსებოდა და სასიამოვნო ძალით ჭიშკრისკენ უბიძგებდა. მერე ვიღაცამ კამეჩს დაუყვირა — და ეს მწყემსი იყო. მწყემსმა კომბლის წვერი ყურის ძირში მიადო, მიაწვა, კისერი მოუგრიხა, თავი უკან მიაბრუნებინა, დაუყვირა, დაჰკრა და გაბრუებული ძარღვები გამოუღვიძა.

– წადი, შენი დროც მოვა, ახლა წადი და პატრონი იპოვე.

– წადი, – და კომბალი დაჰკრა.

ვიღაც ჯერ კიდევ უკან ექაჩებოდა, ფეხები თითქოს თიხანარევ ტალახში ეფლობოდა და ყოველ ნაბიჯზე ლამის ბორძიკობდა. მწყემსს დაუნდობლად დაერტყა და ტკივილი მალებს უღრღნიდა. უნდოდა, ნერწყვით მოეშორებინა ბეჭიდან ტკივილი, ის კი კვერნასავით ჩაჰფრენოდა, არ ეშვებოდა და იქაურობიდან შორს დევნიდა.

ქალაქის ერთმა ჩამოფლეთილმა ძაღლმა კამეჩი ცოტაზე გააცილა, საკუთარ თავში მასთან სიახლოვე თუ ნაცნობობა ეძია, მერე შედგა, ფიქრს შეეცადა, მაგრამ არეულ თავში მეხსიერების კვანძებს თავი ვერ მოუყარა, საძნელო საქმეს შეეშვა და სასაკლაოსკენ გაბრუნდა.

სწორედ ამ დროს, ტურისტების ახალგაზრდულ ბანაკში, ერვანდ ხაჩატრიანი ცივი წყლით იბანდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ მტკიცე მამაკაცია — სომეხივით ტემპერამენტიანი და ევროპელივით განათლებული; რომ რუსულიც, ინგლისურის მსგავსად, საერთაშორისო ენაა, ხოლო ის ორმოცი პოლონელი გოგო, ერთმანეთზე რომ ეჭვიანობენ, მასზე ყურებამდეა შეყვარებული, რადგან იგი შავგვრემანია, ბანჯგვლიანი და თავდაჭერილი.

– საუზმისთვის — თხუთმეტი წუთი! – განკარგულება გასცა მან ისე, რომ იმ გოგონებიდან არცერთისთვის არ შეუხედავს.

– ოსტატო, ვფიქრობ, თხუთმეტ წუთში მანქანა მწყობრში იქნება, – თქვა მან ისე, რომ არც მძღოლისთვის შეუხედავს.

სომხეთი განვითარებული ქალაქების, კარგი გზებისა და უძველესი ნაგებობების ქვეყანაა. სომეხი ერი შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე ხალხია. თურქებს ჩვენი ნახევარი რომ არ ამოეჟლიტათ, ამ ხალხს შეეძლო მთელი მსოფლიოსთვის გაეშალა სტუმართმოყვარეობის სუფრა. ჩვენი კლდეები ველური და პირქუშია, მაგრამ არც ერთ სამალავში არ ზის ავაზაკი, ხანჯლით ხელში რომ გამოხტეს, შეაშინოს და გააუპატიუროს ტურისტები. აი, რატომ ეწოდება ამ პატარა სომხეთს კონტრასტების ქვეყანა: ერთი მხრივ — პირქუში კლდეები, მეორე მხრივ კი — გულთბილი ადამიანები.

მანქანა გამყივანი სიგნალითა და მუხრუჭების ღრჭიალით გაჩერდა. ერთი უცნაური არსება შუა გზატკეცილზე ზანტად მიირწეოდა და მანქანისთვის გზის დათმობას არც კი ფიქრობდა. მძღოლი ჩავიდა, ნაპირზე გადაიყვანა, ამოვიდა და ის იყო, საჭეს უნდა მისჯდომოდა, რომ ცხოველი ისევ შუა გზაზე გადასულიყო და რწევით მიაბიჯებდა. ერვანდ ხაჩატრიანმა ფანჯრიდან თავი გაყო, რომ მენახირეს გაწყრომოდა, მაგრამ ნახირი არსად ჩანდა, კამეჩი მარტო იყო. მანქანა გაბმული საყვირით დაიძრა, რომ დაეფრთხო იგი, მაგრამ კამეჩი გზიდან არ გადადიოდა. მაშინ მანქანამ მსუბუქად წაჰკრა კამეჩს და პოლონელმა გოგონებმა კი თქვეს:

– ეს სომხები რა ფიცხი და ტემპერამენტიანი ხალხია.

ერვანდი მანქანიდან ჩამოვიდა, კამეჩი გზიდან განზე გაწია — მას ცური გაკაწრული ჰქონდა — ყურზე ხელჩავლებულმა მანქანის გავლას დაუცადა და მერე ტორეადორის სიდინჯით მანქანაში ავიდა. იქ, მანქანაში, მხურვალე მუხლების, მწვანე სათვალეების, ულიფო მკვრივი ძუძუების თრთოლვის, საერთაშორისო თავაზიანობისა და სქესთა შორის ფარული ლტოლვის გარემოში, მან თავისი სპორტული უკანალი მოხერხებულ სავარძელში მოათავსა და წარმოთქვა:

– ამას, მგონი, კამეჩი ეწოდება. კავკასიის მთებში ჯერ კიდევ შემორჩა ერთი-ორი მესაქონლე ტომი. პირველი პოლონელ სომეხთა დასახლებები ჯერ კიდევ ღრმა შუა საუკუნეებში შექმნილა. თქვენს ხალხს კარგად მიუღია ჩვენი წინაპრები, თემების შიდა თვითმართველობის უფლებაც კი მიუნიჭებიათ. ცნობილია, რომ გრიუნვალდის ბრძოლაში სომეხთა ერთი ბატალიონიც მონაწილეობდა. კინორეჟისორ ეჟი კავალეროვიჩის პოლონურ ძარღვებში სომხური სისხლი ჩქეფს. პოლონეთში ყოველ სომეხს შეუძლია გახდეს ეჟი კავალეროვიჩი, რადგან ყველა პოლონელი ქალი ნიჭიერი მსახიობია. ყურადღება! ვიწყებთ აღავნავანქის მონასტრისკენ ასვლას. მონასტრის მშენებლობა რვაას ოცდახუთი წლიდან დაწყებულა. ხუროთმოძღვარი უცნობია, მოდით, შევთანხმდეთ და ტრდატი ვუწოდოთ. საიდან გვახსოვს ეს სახელი? ტრ-და-ტი! გვახსოვს ა-ნი-სის ნან-გრე-ვეე-ბიი...-დან! – და ასე, დირიჟორივით ოდნავ თავდაკრული, ყელზე ჩამოკიდებული ჰალსტუხითა და მწვანე სათვალეებით აღიბეჭდა იგი პოლონელი გოგონების შთაბეჭდილებებსა და ფოტოფირებზე.

მერე, გუმბათისკენ გაშვერილი მისი ხელიდან, ყველა სათვალიანი თავი უკან, ზმუილის ხმაზე შებრუნდა. კამეჩს არქიტექტურასთან საერთო არაფერი ჰქონდა და მათ გაეღიმათ. ერვანდ ხაჩატრიანმა კი თავს უფლება არ მისცა, მათი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო.

– ლირიკული გადახვევა! – გამოაცხადა მან და ისე მოხდა, რომ ახლა ყურადღების ცენტრში ერთდროულად ისიც იყო და კამეჩიც. იგი კამეჩთან მივიდა, სათვალის მიღმა თვალები მაგრად დახუჭა, მაგრად! რქაში ხელი ჩაავლო და ჯიბეში მუშტშეკრულმა, სახე ფოტოაპარატებისკენ მიაბრუნა.

– გადაიღეთ, სამახსოვროდ აფრიკიდან!..

ზურგზე, ხერხემლის მალასთან, კაკლისხელა კოპი გამობერვოდა; მგელს თუ ძაღლს ცურში კბილები ჩაესო; განაყოფიერების სამდღიანი სინაზით თრთოდა და ცურიც უნდა სტკიებოდა, რადგან კერტები გაფშეკოდა. კამეჩი ყრუდ ზმუოდა, ერვანდ ხაჩატრიანმა კი, სულელური, მოღრეცილი ღიმილით, ცხვირი აიბზიკა. მერე, თვალდახუჭული, ხელისგულით ისე შეეხო ბეჭზე, ვერ გაიგებდი, ეფერებოდა თუ ურტყამდა; განზე გაწია და გონებაში თუ ჩურჩულით ჰკითხა:

– ეს საით გაგიწევია?.. როგორ ხარ, სათიკ-ჯან, როგორ ხარ, დაიკო?.. ნანი როგორ არის?.. რა უნდა ვქნა ახლა მე?..

მანქანა საყვირით უხმობდათ. ტუჩებმოკუმული ერვანდ ხაჩატრიანი ქვიდან წამოდგა და ჯიბეებში მუშტებჩაწყობილი მანქანისკენ წავიდა. რუსული, ინგლისურის მსგავსად, პატივსაცემი ენაა; ცხოვრებისგან ბევრი უნდა აიღო და ბევრიც გასცე, ხოლო თუ შესაძლებელია — არაფერიც არ გასცე. რთული ცხოვრება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა შენგან შორს არის.

დამაკება წინა ჯერზეც გაუჭირდა. ბუღა უკანა გზაზე იპოვა, ცოტა ხანს დარჩა მასთან, მაგრამ ვერ დამაკდა. ორიოდე თვის შემდეგ სისხლი კვლავ აუდუღდა, ძველ ნაკვალევს გაჰყვა, ეული მუხის ველს მალევე მიაგნო და ორი დღე იქ დაჰყო. იმ წლის ზაქი ზაფხულის მიწურულს დაიბადა, სიცივემ მოუსწრო, იკვნესა, იხვნეშა, ამოიხრიალა და მოკვდა.

კამეჩი იდგა და ელოდა, სანამ ზღარბმა ეკლები არ დაუშვა, პატარა თავი არ გამოყო, მბზინავი თვალებით არ ამოხედა და ბილიკიდან ცუხცუხით არ გაიქცა. მერე მზით გახურებულ ჯაგნარში ორმა თხამ დაიკიკინა, ფეხქვეშ კი გველმა გაისისინა. ყანის პირას ძროხამ დაიბღავლა, ცხენივით თოკით რომ დაებათ. ძროხის დაბმა ვის გაუგია? ყანაში, ერთმანეთთან ახლოს, ორ ადგილას თავთავები ირხეოდა — ესე იგი, ბატკნები შესულიყვნენ. მეველე არსად ჩანდა, შორს კი, მთის ფერდზე, მესაქონლეთა კარვები თეთრად ელვარებდა. კამეჩმა ცოტა ხანს ყანის პირას იარა, მერე კი, სადღაც ჩასაფრებული მეველესთვის სრულიად მოულოდნელად, ყანაში შევარდა და მეველეს შეძახილის მოლოდინში ყურდაცქვეტილი გაექანა. თავთავები შრიალებდა და ცურზე ელამუნებოდა, კამეჩი კი ბუღის მთრთოლვარე სიახლოვეს გრძნობდა. ეს თითქმის ნამდვილი ბედნიერება იყო, მაგრამ ყანა ერთბაშად მოასფალტებულმა გზატკეცილმა გადაჭრა. გზის პირას მბზინავი მანქანა იდგა, მის მახლობლად კი ბალახებში იჯდა მელოტი, მსუქანი და კეთილი ედვარდ ჰაირაპეტიანი, რომელიც თანმხლებ ქალბატონებს საამო სიტყვებით ამკობდა. მაგრამ ეს სიტყვები მკვდარი იყო, რადგან მხოლოდ სიტყვები იყო და მეტი არაფერი. მან მელოტი თავი ცხვირსახოცით მოიწმინდა და კამეჩის შემხედვარე აღფრთოვანდა:

– ტოროო... ახ, საყვარელო, რა ლამაზი ხარ! – უთხრა მან კამეჩს და იცრუა, რადგან კამეჩი სულაც არ იყო ლამაზი. მერე მან ქალებს ესპანურ კორიდაზე უამბო — ასევე ლამაზად, ყალბად და უსულოდ, რადგან გზატკეცილზე გადამსვლელი ცხოველი ბუღა კი არა, ფურკამეჩი იყო, რომელიც გასანაყოფიერებლად მიდიოდა. მერე მან ქალებს მუხლების მრგვალი სიგლუვე შეუქო, მაგრამ ეს მუხლებიც მისთვის მკვდარი იყო, თორემ ასე აუღელვებლად და თანაც ორივესას ერთდროულად არ შეაქებდა. მერე მან ქალებს დაუფარავად განუმარტა, რომ თუმცაღა პანთეიზმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით არ სარგებლობს, თავად ჭეშმარიტი პანთეისტია და პლანეტის ტრაგიკული ბედისწერისგან ერთადერთ ხსნად სწორედ ის მიაჩნია; მაგრამ ესეც მხოლოდ სიტყვები იყო, რადგან კამეჩი, ელვა თუ სათიბი მას მხოლოდ იმ დღეს ნაჭამი მოტკბო ფაფის ძალით უყვარდა, ისიც — ავტომობილის სალონიდან. მან ქალებს აუხსნა, რომ თურმე ამ ბუღას რქები ექავება და სხვა ბუღასთან საბრძოლველად მიდის, რომელსაც ასევე რქების ძირები ექავება — ჯიშის გასალამაზებლად.

კამეჩმა მთელი დღე შეალია მესაქონლეთა სადგომისკენ რთული აღმართის ავლას, მაგრამ მთის კალთაზე გაშლილი კარვები სადგომი არ აღმოჩნდა. გეოლოგებს საბურღები დაედგათ და დედამიწას ხვრეტდნენ. მათ დანადგარი გამორთეს და კამეჩს უთხრეს:

  • კეთილი იყოს შენი მოსვლა!..

კამეჩი წასასვლელად დაიძრა, მაგრამ მიხვდა, რომ ფეხები სტკიოდა და წასასვლელიც არსად ჰქონდა. უკან მიიხედა, ამოიზმუვლა, ორიოდე პირი ბალახი მოწიწკნა და თავის შესაფარებლად გეოლოგებს მიადგა. კარვებს შორის უქარო იყო, მიბრუნდა-მობრუნდა და ჩაწვა; მერე თავისივე სიმძიმის ქვეშიდან ფეხები გამოითავისუფლა, გამოშალა, მიწას თავი დაადო და დაიძინა. ბურღები რიტმულად აკაკუნებდა, კამეჩი კი თითქოს ჰაერში ირწეოდა, მერე კი ღრმა ძილს მიეცა.

სიზმარში თავის იმწლევანდელ, მწუხარე ზაქს რბილ რქებს შუა ლოკავდა, ზაქი კი სუსტად კვნესოდა. მერე ნანიმ და მენახირე მინასმა მისი მოტყუება მოინდომეს: მისი ზაქის ბეწვიანი ტყავი რომელიღაც ხბოს მოაცვეს და მარილიანი წყლით დაასველეს. სიზმარში თავისი სნეული ზაქის დიდ თავს ლოკავდა, ტიროდა და ეს ნაზი სევდა ძილივით საამო იყო. მერე ზაქის ბეწვიანი ტყავი უკან გადასრიალდა და მის ქვეშ აკანკალებული, ძროხისსუნიანი ხბო შერჩა. ხბო დრუნჩით უკუაგდო და დაიბღავლა.

კამეჩს გამოეღვიძა, შემღვრეული თვალებით გამოიხედა — ბურღები რიტმულად აკაკუნებდა და ადი-ჩადიოდა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ დაეზარა; ფეხები შეიკეცა, თავი მხარზე დაიდო და კვლავ ჩათვლიმა. ცური ოდნავ აწუხებდა — ახლა ნანი მოვა და მოწველის. ნანი ღიღინით შეუდგა წველას, მაგრამ ცური არ იცლებოდა. მან სარძევე ძარღვები მოადუნა; ნანი რბილი შხრიალით წველიდა, მაგრამ კერტები მაინც ეჩხვლიტებოდა და სტკიოდა.

შუაღამისას გამოეღვიძა, წამომჯდარმა გაიხსენა, სადაც იყო. ყური მიუგდო — ადამიანები და დანადგარები ვარსკვლავების შუქზე მშვიდად თვლემდნენ. ღვთის სამყაროს დასალიერში სადღაც ძაღლი ყმუოდა და მწყემსის კოცონი ინავლებოდა; წინა დღის ადამიანები კარვებში თბილად და რბილად ფშვინავდნენ, ვარსკვლავები კი ცივსა და საღ ნათელს ღვრიდნენ. წამოდგა, გრილ ღამეში ზურგი კუდამდე გაიზმორა და კარვებთან ძოვა დაიწყო. გამთენიისას, როცა მოსაშარდად გამოვიდნენ და შეამჩნიეს, მან პირი მიწას მოსწყვიტა და მოკლედ დაიზმუვლა, რითაც თავიანთი მშვიდობიანი თანაარსებობა ამცნო. მათ უბოროტოდ გაეღიმათ:

– ჭირი შენა! ხომ შეგვაშინე!

შიგნიდან ჩახლეჩილი ხმით იკითხეს:

– ეგ რა იყო?

– არაფერი, – მიუგეს მათ, – წუხანდელი კამეჩია, დილა მშვიდობისაო, გვეუბნება!

– პატრონი, ალბათ, ახლა ეძებს.

– ტვინი ნუ წაიღეთ, გამოუძინებელი ვარ, ძილი მაცალეთ!

სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ვიღაც საშინლად გაბრაზდა, დანარჩენებმა კი ერთხმად გადაიხარხარეს. დილით კი კამეჩს უთხრეს:

– გადაწყვიტე, რომ მაწონი გვაჭამო? სწორად გადაგიწყვეტია!

მას წასასვლელი არსად ჰქონდა. სამყარო, რა თქმა უნდა, დიდია და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო დიდდება, ბილიკიც მრავლადაა და თანაც ჭკვიანურად გაკვალული; მაგრამ სამყაროს გემო ეკარგებოდა, რადგან მისი ზედაპირიდან სევდა ორთქლდებოდა და მხოლოდ უხვი ბალახი რჩებოდა. მან იგრძნო, რომ სადღაც მახლობლად ნახირი იყო, მაგრამ შფოთვა გაყუჩებოდა და მიძინებულიყო. ბილიკიდან ნაბდის, ძაღლის, ყველის, შაბისა და რეზინის ჩექმების სუნი მოდიოდა, მაგრამ მის არსებას აღარ ძალუძდა, მთის გადაღმა ფერდობზე მესაქონლეთა სადგომები და კამეჩები წარმოედგინა და მათი მონატრებით ათრთოლებულიყო.

მან ასე უბრალოდ შეიგრძნო წყაროს წყლებს აყოლილი ნახირის ახალი სუნი და, რადგან წყალი ეგემრიელა, კამეჩურადაც დაეწაფა და ნაყროვანებისგან ამოიხვნეშა. მან გზა არ დაუთმო წყალზე წყვილი სათლით მომავალ ქურთ ქალს და ძაღლების ყეფასაც მშვიდად შეხვდა. შავი, ძლიერი და დიდი — მძიმე მზერით დადგა მყეფარე ძაღლების შუაგულში და დაელოდა. ქურთი მოვიდა, ძაღლებს შეუტია, კომბალი დააგდო, მიუახლოვდა, ყურის ძირი მოუფხანა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ქურთის დედაც მოვიდა, დიდი მკერდის ქვეშ ხელებდაკრეფილმა ყოველმხრივ შეათვალიერა, ჩაიცუცქა, ცური გაუსინჯა, ძუძუსთავები დაუთვალა; ყველა წესრიგში იყო: ერთი, ორი, სამი, ოთხი!.. – თქვა მან, კამეჩის წინ დადგა და აღფრთოვანებისგან გაბრწყინდა.

– შკო!.. – კამეჩიდან თვალის მოუწყვეტლად მიმართა შვილს, – დედაშენმა კაცად დაგბადა, რატომ არ ყიდულობ დედაშენისთვის ერთ კამეჩს, შკო?..

ქურთმა კამეჩს ყურში ჩაავლო და კარვის კართან მიიყვანა.

– მარილი გამოიტა! – უთხრა დედას. – ეგ არა, ის, კარგი. ახლა თოკი მოიტა! – უბრძანა მან.

– დედაშენს ერთი კამეჩი უყიდე, შკო!.. რომ დედაშენმა ასი წელი იცოცხლოს, ბავშვებს მიგიხედოს, ცხვრები მოგიწველოს, შკო... შენთვის კამეჩის მაწონი ჩაადედოს.

ქურთი კამეჩს ბეჭზე მოფერებით ჩაუყვა, გავაზე შემოუარა, ზურგზე ამოუყვა; მივიდა, ყურის ძირი მოუფხანა, მერე უცებ ყურის წვერი ჩაუჭრა და ნაცარი წააყარა. ქურთს ახლა უკვე მარცხენაყურჩაჭრილი ორმოცდაათი ცხვარი, ერთი კამეჩი, ოთხი ძროხა, სამი თხა, კვიციანი ფაშატი და ორი ძაღლი ჰყავდა. კამეჩის სახელია — ნარღოზი! — ვინ თქვა, ვითომ ფაშატიც სხვისი იყოო? აგე, ბაშპორტი! მივიდნენ და ბაშპორტში ჩაიხედონ. კვიცობიდან მისი არ არის ეს ფაშატი?!

– მოწველე, – უთხრა მან დედას, – ცური სავსე აქვს, მოწველე. მერე კამეჩს უთხრა: – მარილი ლოკე, ყური დიდად აღარ გტკივა, ლოკე.

ქურთის დედა ხელებდაკრეფილი იდგა და ტიროდა, მერე კი ღიმილით უთხრა შვილს:

– შკო, რომ გაუშვა, წავიდეს და მგელმა შეჭამოს, ხომ აფსუსი იქნება, არა, შკო?..

ქურთი კამეჩს ყურის ძირს უფხანდა და მიუგო:

– შეჭამს, აბა, არ შეჭამს? სულელი მგელია, მა რას იზამს? თერთმეტი წლისაა.

ქურთის გოგონა წყაროდან წყვილი სათლით მოვიდა. ვერცხლის სამკაულების წკრიალით ტაში შემოჰკრა, თითები ერთმანეთში გადახლართა და კამეჩის წინ დადგა:

– ეს რა კარგი კამეჩუნა მყა~ვს! ზაქი სადღაა?

ქურთის დედამ სპილენძის ჭურჭელი გარეცხა, უხმოდ აცრემლებული ჩაუჯდა კამეჩს და ტირილითა და სიმღერით რბილად შეუდგა წველას: ფხ-ფხ, ფხ-ფხ... კამეჩმა კისერი მოაბრუნა, დაყნოსა — ქალს ცხვრის სუნი ასდიოდა; ფეხი უკან გადგა და სარძევე ძარღვები ნება-ნება მოუშვა. სიო მთას ელამუნებოდა, ცხვრის მძაფრი სუნი კი სადგომს მიჰკვროდა. მზე იყო, მაგრამ არ ცხელოდა; სადგომის თავზე კი ჩვილის სახვევისოდენა თეთრი ღრუბელი ჩუმი ოხვრით იხსნიდა საკვრელებს. ღრუბლის ქვეშ, თავისივე სიმღერის ჰამაკში დარწეული პატარა ტოროლა ხარობდა: მზეა, სიოა, ღრუბელია, მე ვარ, დედაბერი კამეჩს წველის — რა მხიარულებაა!

და უცებ სარძევე ძარღვები გაუმაგრდა და ერთბაშად ჩაეკეტა.

– ვუი, ეს რა იყო?! – ელდა ეცა ქურთის დედას, – რა ეშმაკი შეუჩნდა?!

რბილ თვლემაში მყოფმა კამეჩმა უცებ შენიშნა, რომ გარინდული, ქვემოთა პატარა ტაფობი იღვიძებდა და სული ედგმებოდა. ირგვლივ ბინდდებოდა, ტაფობი კი თბილი ნათელით კიაფობდა. ერთიც და, ქვემოთ, იმ ცხელ ტაფობზე, კამეჩთა ჯგუფს ბუღა გამოეყო, გაშავდა, გაბუმბერაზდა და თავაწეულმა თბილად და ყრუდ ამოიზმუვლა — უფრო ხერხემლით და მხრებით, ვიდრე ფილტვების ძალით.

კამეჩმა შეიცადა, თვალები აუწყლიანდა და მის ძახილს გვიან, ძალიან გვიან გაეპასუხა. მერე დაყრუვდა, დაბრმავდა, გაშმაგდა, მიწას მოსწყდა და თავაწეული გაექანა. რაღაცამ კისერი მკვეთრად მოუგრიხა და მოსტეხა, ლამის მოსტეხა. თოკმა და პალომ. ელოდა, რომ ქურთი საბელს შეხსნიდა, მაგრამ ქურთი პალოს ჩაფრენოდა და თოკს ახვევდა, კიდევ უფრო ამოკლებდა. უკან-უკან დაიწია, თოკი მაგარი გამოდგა, რქის ძირები ეტკინა, ქურთი კი პალოიანად ადგილიდან მოწყვიტა და გვერდით გაითრია. დიდი ნახტომებით გაიჭრა; დრუნჩქვეშ თუ ფერდებთან რომელიღაც ძაღლი აწყდებოდა, თოკი ჩლიქებს შუა მოჰყვა, გამოუსხლტა და პალო მუცელში მოხვდა, ძაღლი კი უკვე სადღაც შორს წკავწკავებდა. საბელი კვლავ ფეხებში გაებლანდა, წაიბორძიკა, მუხლებზე დაეცა და მხურვალებისგან გაბრუებული მაშინვე წამოდგა. მერე შედგა, სველი თვალებით გახედა და დაიზმუვლა.

კისერმოღრეცილი ბუღა უძრავად იდგა და ყრუდ ზმუოდა.

ფურკამეჩი ყოველი ნაბიჯის შემდეგ ჩერდებოდა, ზემოდან მშვიდად ეშვებოდა და ბუღას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა. ისინი ერთმანეთისგან მოშორებით შედგნენ და ერთმანეთს შეხედეს. ამის მერე მათ აღარაფერი უქნიათ, ყველაფერი ნახირთა და კამეჩთა ღმერთმა აღასრულა. მათ შორის მანძილი წაშალა, ფურკამეჩის კისერი ბუღის ყელქვეშ შეაცურა, მათი ქარვისფერი დინებები ერთმანეთს შეურწყა და ისინი ყრუ გუგუნის, ჟინის, სიყრუის, სიბრმავის, უსირცხვილობისა და სისხლის მგზნებარე სიმხურვალის ერთსა და იმავე სქელ ნაბადში გაახვია. და როცა ისინი ერთ არსებად იქცნენ, ის უკვე აღარ არსებობდა, ის კამეჩი აღარ იყო — არამედ ალმოდებული, ღია, გავარვარებული საშო. და როცა მისი აგიზგიზებული სისხლი ჩაინავლა, იგი ბუღას გამოეყო, ჩაიკეტა და კვლავ ცალკე არსებად — შავ, მომავალ დედა კამეჩად იქცა. მთის ხმებმა შრიალით აუვსო ყურები, სიბნელემ უკან დაიხია, ნათელი ჩამოდგა, მთებისა და კამეჩების კონტურები შეირხა და მკვეთრი გახდა. სამყარო ისევ სამყაროდ იქცა.

ქურთს მისი დაპატრონება სურდა, ძაღლს კი, ვინ იცის, რა უნდოდა, დრუნჩქვეშ რომ უხტებოდა; პალოც ისე ბოროტად მოხვედროდა მუცელში, გეგონება განზრახ დაჰკრესო. ქურთის თოკი კი ხელს უშლიდა. წავიდა, წყალი დალია და თავაწეულმა, ნისლებსა და დღეებს მიღმა ნანი დაინახა. მაშინვე მოინდომა, გზას გასდგომოდა, მაგრამ თოკი ჩლიქებს შუა გაებლანდა და შეაბრკოლა. თვალის კიდით ბუღა დალანდა, რომელიც ახლა რაღაც აბსურდულ და გაუგებარ არსებად ქცეულიყო. თოკმა კვლავ ხელი შეუშალა და შედგა. უკან ვიღაც მოჰყვებოდა: ეს ბუღა იყო და მისი გამოყოლა უაზრობა იყო, რადგან ის მისი მთების მობინადრე არ იყო. თოკი აღიზიანებდა. სასოწარკვეთილი შეჩერდა და ამ დროს ვიღაცის თავი ზურგზე გაეხახუნა. ჯიქურ შემოტრიალდა და ურქინა — ეს ბუღაც ერთი ბრიყვი ცხოველი გამოდგა; ბილიკზე ჩამომდგარიყო, კისერი სულელივით მოეღრიცა და უკან იყურებოდა. თოკმა ამჯერად ჩლიქებს შუა ატკინა და თვალიც მოუჭყლიტა. შეჩერდა, რათა თავისი ტკივილებისთვის ყური დაეგდო — საშვილოსნო მასში მშვიდად ქსოვდა ჩანასახს, ჩლიქებს შუა სტკიოდა, თვალი ეწვოდა, ხერხემალიც ძველებურად და ყრუდ ახსენებდა თავს, პალოს ნაცემი კი ხან უფეთქავდა, ხანაც მიყუჩდებოდა, ყურის წვერიც ექავებოდა — ალბათ, ზედ ბუზი დაჯდომოდა. ერთმანეთს მშვიდად აყოლილი ტკივილების მიღმა ყრუ ფეხისხმა მოესმა, ქშენით შემოტრიალდა, კისერი მოიღრიცა და დაელოდა. ამ დროს ბუღა დაბნეული შეჩერდა, გაიხედა, გამოიხედა და მერე სულელივით ძოვას მოჰყვა.

გეოლოგები კამეჩს შემოეხვივნენ, ნაჯახმომართულებმა გზა გადაუღობეს, სიცილით დაესივნენ, ვიღაც გაბრაზდა, მუხლებზე დააჩოქეს, და მერე, როცა სრულიად დამარცხდა და დანებდა, ხელი უშვეს და გაეცალნენ.

– აბა, ახლა კი წადი!..

ფრთხილად, დაძაბულმა გააბიჯა, წაიბორძიკა და შედგა, მაგრამ თვალი აღარ მოსჭყლეტია და არც ჩლიქებშუა გადაყვლეფია. წამით შეიცადა და კვლავ გააბიჯა — თოკი აღარ აბრკოლებდა. შეჩერდა, თავი გაიქნია, რქები თოკის მოგონებისგან გაითავისუფლა და სწრაფად წავიდა — მიზანდასახულად, შეუჩერებლად. სამყარო მყარი იყო მის ნაბიჯებქვეშ და შეურყევლად ატარებდა მის უთრთოლველ არსებობას.

მეხუთე საღამოს, ბინდთან ერთად, როცა ცურებდამძიმებული საქონელი მოსაწველად მოდგა, დაღლილ-დაქანცული კამეჩი თავის სადგომს დაუბრუნდა. შიგ ისე შეაბიჯა, როგორც სახნავიდან მოსულმა ნაჯაფმა ხარმა, როგორც მკიდან დაბრუნებულმა გლეხმა, როგორც სამჭედლოსკენ მინადენმა გუთანმა, როგორც შუაღამისას დანიშნულების ადგილს მიღწეულმა გზამ, როგორც ზაფხულის საღამომ სოფელში. გულდინჯად მომლოდინე ძროხებშუა ჩაიარა, ქეჩის ძველი კარვის კართან დადგა და თავადაც კარვისხელამ, დაღლილმა ამოიზმუვლა: – მმმ!..

– ჯა~ან!.. – გამოსძახა ნანიმ, – მოხვედი?!..

სომხურიდან თარგმნა

გელა გელაშვილმა

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები

ჰრანტ მათევოსიანი - კამეჩი — მნათობი 1869