ყველა სტატია
გამოქვეყნებული

ნინო დარბაისელი — ხისტი სამკუთხედი

ლექსმცოდნეობითი ოპუსების ეს პუბლიკაცია ეძღვნება აკაკი გაწერელიას გამორჩეულად საყვარელი მოწაფის, ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ლექსმცოდნის როლანდ ბერიძის ნათელ ხსოვნას.

ნინო დარბაისელი24 წთ საკითხავი2
გაზიარება
ხისტი სამკუთხედი

ლექსმცოდნეობითი ოპუსების ეს პუბლიკაცია ეძღვნება აკაკი გაწერელიას გამორჩეულად საყვარელი მოწაფის, ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ლექსმცოდნის როლანდ ბერიძის ნათელ ხსოვნას.

მრავალი წლის მანძილზე იგი შთამაგონებდა, რომ საქართველოში, რომელსაც პოეტების ქვეყანას სავსებით სამართლიანად უწოდებენ, თხზვის თანამედროვე სახელმძღვანელო საერთოდ არ გვქონდა და არც ქართული პოეზიის ისტორია იყო განებივრებული ამგვარი სასწავლო წიგნით, თუ არ ჩავთვლით მამუკა ბარათაშვილის .ჭაშნიკს’,

აუცილებლად საჭირო იყო, დაწერილიყო და გამოცემულიყო რაიმე თანამედროვე სახელმძღვანელო დამწყები პოეტებისთვის, თავისი სავარჯიშოებით, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი ამ საქმისთვის მას ზედგამოჭრილად მიაჩნდა, რადგან ჰქონდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებთან, თან - პოეტებთან პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, იყო პროფესიონალი ლექსმცოდნე და ამავე დროს მოქმედი, მაძიებელი ნატურის პოეტი.

კიდევ ბევრი საქები სიტყვით მამხნევებდა, მაგრამ ამისი გასაჯაროება ვიკმაროთ. მე ხომ ბუნებით დიდად მოკრძალებული ადამიანი ვარ (აქ - გაიღიმეთ). უკვე ნათქვამს კი მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ამ ყველაფერს ბატონი როლანდი „ხისტ სამკუთხედს“ უწოდებდა და პაროლივით, მოკლედ, ასე შემახსენებდა ხოლმე, „ხისტი სამკუთხედი არ დაგავიწყდესო“.

სამწუხაროდ, მის რჩევას არ გავყოლილვარ. ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები არ დამელია.

ლექსმცოდნეობა - ლიტმცოდნეობის დარგია და შესაბამისად, როგორც სხვა ნებისმიერ დარგს, აქვს თავისი აქსიომატიკური საფუძვლებიც და ტერმინოლოგიური ბაზაც. ქართული ლექსმცოდნეობა ისევე, როგორც მთლიანად ლიტერატურათმცოდნეობა , საბჭოთა პერიოდში ძირითადად ცენტრალურ, რუსულ (სხვათა შორის - ერთ-ერთ საუკეთესო) სკოლაზე იყო ორიენტირებული. თავისი მხრით, ეს სკოლა მეტწილად, გასული საუკუნის გერმანული გამოცდილებით იყო დავალებული.( აღსანიშნავია, რომ რაღაც პერიოდის მანძილზე გასული საუკუნის დასაწყისში - ფრანგული ხაზი - გაძლიერდა), ხოლო დარგის ინგლისურენოვანი გამოცდილება შედარებით, მოკრძალებულად იყო ათვისებული. ეს ხარვეზი მეტად საცნაური შეიქნა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ინგლისურენოვან ლიტერატურაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობის გაჩენისთანავე. არ მინდა, ნათქვამი ისე გამომივიდეს, თითქოს ცენტრს იგნორირებული ჰქონდა ინგლისური ლიტერატურის უზარმაზარი კორპუსი. არსებობდა გამოკვლევები, გამოკვლევათა კრებულები, პერიფერიის საორიენტაციოდ რომ აქტიურად გამოიყენებოდა, მაგრამ პერიფერიის კვლევით შესაძლებლობათა საზღვრები მაინც იდეოლოგიურად შემოწერილი იყო. ამ მხრივ გარღვევას წარმოადგენდა ზვიად გამსახურდიას დამსახურება ამერიკული ლიტერატურის შესწავლის საქმეში. ( ამის თაობაზე იხ, ჩემივე გამოკვლევა ‘ზ. გამსახურდია - ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი’).

მაშ ასე, ლექსმცოდნეობითი კონტაქსტიც შემოვხაზეთ, თავიც მოვიწონეთ, როგორც შეგვეძლო და რა!

იყო ლექსმცოდნე - თუნდაც საუკეთესო - რომლის განსახიერებანიც, საბედნიეროდ, არ გვაკლია - სახელმძღვანელოზე მუშაობისას აუცილებელი, თუმცა მაინც არასაკმარისი პირობაა.

აქ უნდა ჩართულიყო პედაგოგი. ნებისმიერი დარგის პედაგოგის ამოცანა ხომ ისაა, რომ რაც შეიძლება, მარტივად და გასაგებად გადმოსცეს რთული და ურთულესი. მაშ, რაღას აკეთებს აქ პოეტი?!- პოეტი ქმნის საჭირო საილუსტრაციო მაგალითებს, თუკი ავტორს ან არ ეგულება შესაბამისი ქართული მასალა, ან სხვადასხვა გარემოების გამო, ხელი არ მიუწვდება მასზე.

სხვათა შორის, უნიკალურ შემოქმედს - პაატა ნაცვლიშვილსა და მე ადრე გვინდოდა, ერთად გვემუშავა ასეთ სახელმძღვანელოზე. ფუნქციებზე ასე მოვილაპარაკეთ: მე - უნდა მომემზადებინა ახსნითი - ლექსმცოდნეობით-პედაგოგიური ნაწილი, მას - შესაბამისი საილუსტრაციო პოეტური ტექსტები უნდა შეექმნა, ხოლო მარტივი სავარჯიშოები ერთად მოგვეფიქრებინა.

ესეც განუხორციელებელ ოცნებათა სფეროს მიემატა, უკეთესი დროის ლოდინში.

უი, რა გამახსენდა, ერთხელ, ახალგაზრდობაში გერმანულს გვასწავლიდა ნაირა გელაშვილი. მკითხა ერთხელ გაკვეთილი - არ ვიყავი მზად, მკითხა მეორედ - კიდევ არ ვიცოდი, მესამედ - თავი ვიმართლე, არა მაქვს მე ახლა საამისოდ შესაფერისი დრო-მეთქი და მიპასუხა. ‘დაიხსომე, როცა მიზანი გაქვს, ყველაფრის მიუხედავად უნდა მისდიო, რადგან ცხოვრება ისეთია, შესაფერისი დრო არასოდეს არაფრისთვის მოგეცემაო“.

დახსომებით კი დღემდე მახსოვს მისი სიტყვები, მაგრამ ვნანობ, რომ თუნდაც ამ საქმეში არ გამომიყენებია.

ეჰ, რამდენი ჭკვიანური და ბრძნული აზრი ვიცით, პირად ცხოვრებას კი ვერა და ვერ ვარგებთ, მაინც თავისი დინებით გაგვირბის!

ძირითად სათქმელს დავუბრუნდეთ:

ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა“ მომცა შესაძლებლობა, სპეციალური ლექსმცოდნეობითი პრობლემები ტერმინოლოგიისგან განმეტვირთა და უმარტივეს ენაზე, ასე ვთქვათ, ყველასთვის გასაგებად, პუბლიცისტურად გადმომეცა, თან ამგვარი მუშაობის უგეგმობა და ტემპიც ხელს მაძლევდა, როგორც თავისუფალ, პირობებით შეუზღუდავ ავტორს. ვწერდი, როდისაც რა მომესურვებოდა. ამასობაში საკმაო მასალა მოგროვებულა.

ამ ნაკრებში, გარდა რამდენიმე საჩვენებელი სტრუქტურის გაკვეთილისა, რომელიც მოქცეულია დასაწყისში, შესულია თავისუფალი რეფლექსიებიც, არა მხოლოდ ვერსიფიკაციის, არამედ პოეტიკის სფეროდანაც, არის კრიტიკული ‘’დრაფტებიც“ - საფიქრო მასალა. ჩანაფიქრის მიხედვით, წიგნს არ უნდა ჰქონდეს მკაცრად სახელმძღვანელოს სახე, მან არუნდა დააფრთხოს დამწყები ავტორი, რომელსაც სურს, მეტი იცოდეს პოეზიის შესახებ. მან უნდა გააერთიანოს მარტივად, ანბანთრიგზე დაწყობილი საგაკვეთილო მონაკვეთები, ხოლო დანარჩენი მასალა მათ შუა უნდა ‘’ჩაეწყოს’ ჩანართებად.

წავიოცნებოთ: რაკი ვირტუალურიდან რეალურ, ბეჭდვით სივრცეში გადმომაქვს ჩემი ლექსმცოდნეობითი ოპუსების ნაწილი(!) რაღაც კარგის ნიშნად მეჩვენება. იქნებ მე თუ არა, ‘’შემდგომად ჩემსა’ სხვას დაებადოს სურვილი ამგვარი სახელმძღვანელოს შექმნისა და ამ პუბლიკაციიდანაც რამე გამოადგეს.

ანაგრამა

ტერმინ “ანაგრამას” უამრავჯერ ვიყენებთ, გვისაუბრია მის შესახებ, სხვა ოპუსშიც შევხებივართ. არსებობს მისი ვიწრო და ფართო განმარტებანი. ასეთი მოკლე ახსნა, თუმცა მხოლოდ მისი ერთი ასპექტის მომცველი, პირადად მე ჯერ არ მინახავს და მომინდა თქვენთვის გაზიარება:

“Anagram

A word spelled out by rearranging the letters of another word; for example, “The teacher gapes at the mounds of exam pages lying before her.”

ვთარგმნოთ:

ანაგრამა ეწოდება სიტყვას, რომელიც სხვა სიტყვის ასოთა გადაადგილებითაა მიღებული.

აქ განმარტების მერე ორიგინალში მოყვანილია მაგალითი, რომელშიც ინგლისური სიტყვის ანაგრამაა.

ეს, ცხადია, თარგმანში ასე ადვილად ვერ გადმოვა, ამიტომ მაგალითისთვის, სახელდახელოდ შევადგინოთ მარტივი ქართული ანაგრამა:

მაგ.:

მობუზულია ვაცი, რადგან ძალიან ცივა. გაპარსულია იგი, ვერც ვერაფერი იცვა. ამიტომაა ახლა უმადოცა და ავიც.

თუ შეციებულს იცავ, თუ გეცოდება, აცვი!

აქ სიტყვა “ვაცი” - ხუთჯერაა ჩაანაგრამებული:

ვაცი

ცივა

იცვა

ავიც

აცვი

იცავ

სახალისო დავალება:

ა.მოიფიქრეთ სხვა ანაგრამები

ბ. ეცადეთ, მოფიქრებული მაგალითი გააშინაარსიანოთ, დააკავშიროთ ერთმანეთთან და აქციოთ წინადადებად, მით უკეთესია, თუ გამოგივათ ლექსად.

გ. მოიძიეთ ანაგრამის ნიმუშები ქართული პოეზიიდან

გეზი: ქართულ პოეზიაში ანაგრამა საუკუნეთა მანძილზე ცოტა როდია, ხოლო თანამედროვე პოეზიიდან მისი ნიმუშების სიმრავლით მკვეთრად გამოირჩევა პაატა ნაცვლიშვილის ლექსები.

ანაფორა

შეგიმჩნევიათ ალბათ, ზოგ ლექსს იმგვარი სინტაქსური პარალელიზმები - ანუ მეორადი მარიტმირებელი საშუალებანი ახასიათებს (პირველადი - ჩვეულებრივ, მეტრული სქემის მიმდევარი რიტმია ქართულში,ზოგი - რითმასაც აქ განიხილავს) - რომ მაგალითად, ტაეპი (კონვენციურობის შემთხვევაში) ან სტრიქონი ვერლიბრისა) რაიმე, ერთი და იმავე სიტყვით იწყება.

ამის კლასიკურ ნიმუშია შექსპირის საყოველთაოდ ცნობილი 66-ე სონეტი, რომელსაც რეზო თაბუკაშვილის ბრწყინვალე თარგმანით იცნობს ქართველი მკითხველი.

ორიგინალისეული, თანწყობითი “და” კავშირი (And needy nothing trimm'd in jollity, And purest faith unhappily forsworn,

And guilded honour shamefully misplaced) მასში მთარგმნელმა წარმატებით შეანაცვლა ქვეწყობითი, მიზეზობრივი კორელატით ,,რადგან” :

66

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,

რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,

რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,

რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,

რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,

რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,

რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,

რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,

მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

საკუთრივ ქართული მასალიდან ჯერ ხალხური გავიხსენოთ, ამირანის ეპოსიდან

ყამარს რომ ეუბნება განწირული მამა:

რისთვი გაგზარდა დედამა,

რისთვი გეტყოდა ნანასა…

და ყამარი პასუხობს:

არცრა გამზარდა დედამა,

არცრას მეტყოდა ნანასა…

შემდგომში ეს გამოიყენა ვაჟა-ფშაველამ:

***

მარტო გამზარდა დედამა,

გამიშვა ქვეყანაზედა,

ის მიანდერძა, რო მევლო

საქვეყნო ბეგარაზედა.

მეც არ ვღალატობ ანდერძსა,

ვჯახირობ ახირებული:

გზას ვწალდავ ნარ-ეკლიანსა

საშრომლად აბირებული,

დღე და ღამ თვალ-ცრემლიანი,

მუდამ ჟამს ატირებული.

მაინც არ ვსდრკები, წინ ვიწევ

და მტრობა დაძინებული

იღვიძებს, როდი მასვენებს,

კისერშია მცემს მჯიღითა…

უიარაღოდ შთენილი

ზოგან კლდეს ვამტვრევ კბილითა,

ზოგჯერ. ნუ გაგიკვირდებათ,

წყალსაც კი ვზიდავ ცხრილითა.

არ იქნა. ჩემი სიცოცხლე

ვერ დავაყენე დონეზე:

ხან მოთმინება დავიწყე,

ხან დავემყარე ღონეზე.

ვერაფერს გავხდი, ვყიყინებ,

როგორც ბაყაყი ოლეზე.

ვაჟას უყვარს ანაფორები, მათ შორის ფლექსიურებიც ანუ როცა უცვლელად კი არ იმეორებს, არამედ ლექსითი ტექსტის სხვა მაორგანიზებელი ელემენტების წყალობით, მასში ცვლილება შეაქვს , თუმცა ფუნქციურად - პოზიცია იგივე რჩება.

(მაგ რაფიელ ერისთავის:

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,

სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,

სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.)

ვაჟამ ზემოთ მოხმობილ ლექსში ასეთი ანაფორა გამოიყენა:

ხან მოთმინება დავიწყე,

ხან დავემყარე ღონეზე.

გავიხსენოთ ამასწინ დადებული ლექსი მუხრან მაჭავარიანისა, რომელიც ქართულებიდან ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე თვალნათლივი ნიმუშია.

საერთოდაც, ვიტყოდი, რომ ეს ლექსი ინტონაციური გრადაციის საუკეთესო ნიმუშად მიმაჩნია ქართულ პოეზიაში.

ცოტა გადავუხვევ საკითხს და აღვნიშნავ, რომ ყოვლად ტრივიალური, მე ვიტყოდი, საგაზეთო კლიშე-ფრაზით, უწყნარესად დაწყებული ეს მცირე ქმნილება, ფინალში, ანაფორული და სხვა გამეორებების წყალობით, კიბურად უმაღლეს რეგისტრში ადის (იქნებ მერე მთლიანად განვიხილო კიდეც ამ თვალსაზრისით, თუ უკვე გამოკვლეული არაა)

საქართველო

ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,

ვინც არ უნდა იყოს იგი - ფინელი თუ ინდოელი,

ვინც გლეხია,

ვინც მუშაა,

ვინც სიმართლის მძებნელია -

საქართველო არ უყვარდეს - ყოვლად შეუძლებელია!

კიდევ უფრო, კიდევ უფრო იღორძინე, საქართველო,

კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო,

კიდევ ერთი რუსთაველი,

კიდევ ერთხელ აამღერო;

შენც იხარო -

ჩვენც გვახარო, -

გამხნევდე და გაგვამხნევო,

გევალება,

საქართველოვ!

შეგიძლია,

საქართველოვ!

გაგიმარჯოს,

საქართველოვ!

დღესდღეობით, რაკი ვერლიბრი ძირითადად უარს ამბობს ლექსში პირველადი მარიტმიზირებელი საშუალებაზე - კონვენციურ, “ მეტრულ”რიტმზე ან იყენებს მას, არა საზოგადოდ დადგენილი წესით, არამედ ინდივიდუალური სურვილით, ანუ სადაც და როგორც საჭიროდ მიაჩნია ავტორს, პოეტური ტექსტის მეორადი მარიტმიზირებელი საშუალებების აქტუალიზება ხდება. მათ შორის, ამჯერად ჩვენთვის საინტერესო - ანაფორა, (რეფრენისა და პარალელიზმის სხვადასხვა სახეობასთან ერთად) აქტიურად გამოიყენება.

აქ უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, ეს თქვენი დავალება იყოს!

დავალება:

მოიძიეთ და დადეთ, ან თავად შეთხზეთ კონვენციური ან თავისუფალი ლექსი ანაფორის გამოყენებით.

პოეტური აკრობატიკა

სიბერის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იცით, რა არის?

არა ადვილად დაღლილობა, ძალის კლება, მხრებში მოხრა, ნაოჭები და დამოკლებული ნაბიჯი, მოჭარბებული სიფრთხილე მოძრაობისას და ა. შ. ,

აი, გუშინ რა ჭამე, რომ არ გახსენდება, სამაგიეროდ, უფრო ცხოვლად რომ გიბრუნდება ადრეული ბავშვობის შეგრძნებები, განცდები, ფერები, გემოები, სუნები, არომატები და …

აი, მაგალითად, მახსოვს, პატარობისას სახემღიმარ, ბაც-ვარდიფერ თუ ბაც- ცისფერ ბრჭყვიალა ტრიკოიან, ოქროსკულულებიან აკრობატებს დაძაბული როგორ ავცქეროდი;

ვხედავდი, როგორ ისროდნენ და იჭერდნენ ცირკის ჭერში ჩამობმულ წვრილი ბოგირებზე დაკიდული წვრილივე საქანელებზე მდგომნი ერთმანეთს, ან პირში ჩადებულ რაღაც მრგვალზე ჩამოკიდებულს ჰაერში როგორ ატრიალებდნენ!

სადღაც, ჩვენს ზემოთ, მარცხნივ, თავგამეტებით ჭექდა სასულე ორკესტრი, სასიკვდილო ნომრების დროს მუსიკა წყდებოდა, თითქოს სულს იგუბებდნენ მუსიკოსები და უცებ გატრუნულობაში ერთდროულად დასარტყმელს და ციმბალებს (ასეა ქართულად, ბრინჯაოს თეფშები როა, არა?) შემოჰკრავდნენ, რაწამს ნომერი წარმატებით შესრულდებოდა.

სადღაც, გულის-გულში, ფიქრის-ფიქრში თუ გრძნობის-გრძნობაში კი ბჟუტავდა სახელდაურქმეველი, მაყურებლური ავი იმედი, რომ შეიძლება, უცებ რაღაც გამწყდარიყო, აკრობატებს წამის-წამი ვერ მოეზომათ და ჩემს თვალწინ საშინელებაც მომხდარიყო.

(ახლა ალბათ ვიტყოდი, ქვეცნობიერში გააქტიურებული ამბივალენტური მოლოდინები-მეთქი, მაგრამ მაშინ ხომ ეს სიტყვები არც გამეგონა, ადამიანური ქართულით ვაზროვნებდი და ვლაპარაკობდი).

ყოველ წარმატებულ ჯერზე დაძაბულნი ამოვისუნთქავდით და აღტაცებულს იმწუთას მეგონა და მჯეროდა, მეც შემეძლო იმ ყველაფრის ისევე და კიდევ უკეთესად გაკეთება;

ო, როგორ მინდოდა, ვინმეს უცებ მეც მათთან ავეშვი! ვხედავდი კიდეც წარმოსახვაში საკუთარ, ჰაერში მოსკოვური ფოჩიანი კანფეტივით მობრჭყვიალე, კოხტად შეკრულ-მოტრიალე სხეულს, ქერა, მოკლე კულულებს, სახეზე - უხვად გრიმსა და დიდ ღიმილს.

ახლა ვიცი, სწორედ ესაა მაყურებლური ექსტაზი, ეიფორიული განცდა, ილუზია, რომელიც გამოუცდელ ბავშვს მრავალგზის გამოცდილ მოზრდილთან შედარებით, ადვილად, უცებ ეუფლება და რომლის გამოსაწვევადაც ასეთ სამკვდრო- სასიცოცხლო რისკზე მიდიან სახეღიმილიანი აკრობატები.

***

ვფიქრობ, ხელოვნების სხვა დარგებში, საკუთრივ კი ჩემს სფეროში - პოეზიაშიც არსებობს ანალოგიური, რაღაც მკითხველ- მსმენელური ექსტაზი.

რას ვგულისხმობ?

აბა შეხედეთ, რა უნდა ამის დაწერას!

***

_ არაყი?

_ ლუდი!

_ ერთი?

_ ერთი!

_ ინებეთ!...

_ გმადლობთ! _

ვჯდები კუთხეში...

გარეთ წვიმს...

...

გნატრობ...

არადა, როგორი “ძალიანუმაგრესობაა” , არა? - როგორც ჩემები სლენგურად იტყოდნენ.

წარმომიდგენია, რა გულისკანკალით გამოაქვეყნებდა იმდროინდელი პოეტური კონტექსტიდან თითქოს სრულიად ამოვარდნილ, სხვანაირად მსუნთქავ, ამ ლაპიდარულ ლექსს მუხრანი.

გაეცნობა ვინმე მუხრან მაჭავარიანისგვარი უმაღლესი პილოტაჟის ოსტატის ლექსს და იფიქრებს, ეს რა არის, ამის დაწერას რაღა უნდა, ეს ხომ მეც შემიძლიაო, ის კი არა და, ამაზე უკეთესადაც კი გამომივაო.

მაგრამ ირგვლივ ყველა შურიანია, ბოროტულად მეღობებიან და წინ არ მიშვებენო.

გულწრფელია, სრულიად გულწრფელი ამ დროს ადამიანი.

უბრალოდ, ვერ აცნობიერებს, რომ თრობისმაგვარი რაღაც, მკითხველური ექსტაზი, ეიფორია აქვს იმ დროს დამართული.

***

რამდენი ლექსი იქმნებოდა საუკუნეთა მანძილზე და იქმნება ქართულ პოეზიაში ამის წყალობით.

ეტყობა, ადრე ცხოვრებისეული გამოცდილება, პრობლემის ფართო ხედვის უნარი დიდად მაკლდა და ამგვარი თანამედროვე ავტორებისადმი შეუვალად მკაცრი ვიყავი.

ნეტა ვინ დამავალა ეს ქართული პოეზიის ციციკორეობა.

ლეონიძე კი წერს, ციციკორე - დარბაისელი იყოო, მაგრამ ეს გვარი კი არა, ეპითეტია, მე წინაპრად რატომ ჩავთვალე.

დრომ ჭკუა მასწავლა.

ეროვნული სათვალმჩენოდან თუ შევხედავთ. დღეს გადასარჩენი - საზღვრებმორღვეული ჩვენი ქართული ენაა, რომელზეც ასე, ათი მილიონი ცოცხალი ადამიანის გარდა, მთელს მსოფლიოში კიდევ რამდენიმე სპეციალისტი ლაპარაკობს და ლექსისქმნადობა - -ავი თუ კარგი უძველესი ქართულისათვის დღეს - პრაქტიკული, წერილობითი “ცოცხლადყოფნის” გზაა.

ამოცანას ისიც ამარტივებს და თან ართულებს, რომ გენიოსი გალაკტიონის მოვლენიდან არც ისე დიდი დროა გასული, ამ სფეროში ვინმე ახალ გენიოსს რომ ელოდეს ერი და იმისი მაღალი გადმოსახედიდან ყველაფერი, ეს მისხლური მეტნაკლებობა რაღაცნაირად მაინც, ბავშვურ თამაშად რჩება.

თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. უმჯობესოა, აქ კონკრეტიკა არ დავკარგოთ!

***

კონკრეტული მაგალითი პირადი ცხოვრებიდან:

კოვოდის დროს რაღაც ქართული ლიტერატურული გვერდი , ჯგუფი არსებობდა ფეისზე, ,,პარნასი” ერქვა- ისრაელში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახი, ქართველ-ებრაული წყვილი ედგა სათავეში.

თავისთავად რამხელა ამბავია, არა?!

იყო ისრაელში და უსასყიდლოდ, 24 საათიან რეჟიმში, სიყვარულით ქართულ ლიტერატურას ემსახურებოდე!

იმ გვერდზე ძირითადად დამწყებთა ეროტიკული ლექსები იდებოდა, ეროტიკა ძაან მოდაში იყო მაშინ. ზოგი ვარგოდა, ზოგი - არა, კონვენციურებიდან - ორიოდეს არა უშავდა, სხვა კი ძირითადად თავისუფალი ლექსები იყო, თავადაც სუსტი, მაგრამ საცდურზე წამოგებას, მათი გარეგნობის იმიტირებას - ჩამოგრძელებას და სტრიქონებზე დასახსრვას, თუ პოეტური ტექსტის შინაგან ბუნებაში ვერ წვდები, თუ საკუთარ პოეტურ სმენას, ტემპო- რიტმს არ მისდევ, ან არ გაგაჩნია, ან არ ენდობი, მეტადრე კომპში აკრეფილისას - რა დიდი შრომა უნდა!

იყო რაღაც სიმართლე ძველ პოლემიკაში, რომ ამბობდნენ, კონვენციურ ლექსში უნიჭობა უფრო ვერ ინიღბებაო, თუ რაღაც ასეთს.

პრინციპში მე ნიჭიერება- უნიჭობის ანტონიმურ წყვილს ვერ ვიღებ ლექსის ავკარგის განმსაზღვრელ კრიტერიუმად, ვთვლი, რომ ნიჭი - პირველი, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა …

თუმცა პირველსავე სიტყვასთან მივიდეთ!

… და როგორც ჩანს , ფეისბუქელ დამწყებთა ბაძვით, სპეციალობით არალიტერატორმა ვაჟმაც მოინდომა და სცადა რაიმე “პოეტური აკრობატობა”.

თან მთხოვეს, ლექსზე აზრი გამოთქვიო. წავიკითხე და ჩემში კრიტიკოსი ლექსმცოდნის თავმოყვარეობამ (ან იქნებ პატივმოყვარეობამ) უდროოდ გაღვიძებულივით თვალები ბრაზით მოიფშვნიტა.

იმ ლექსში ასეთი რამ ეწერა ,,შენი თმების ნაზი ქათიბიო”… გავგიჟდი და გადავირიე, ქათიბი - ხომ ხევსურული უკლავო მოსაცმელია, მარტივად ჟილეტი! ამას რას ამბობს, სექსის დროს ადამიანს თავზე ჟილეტი აქვს წამოცმული? ეს როგორ არ იცის, ქათიბი ჟილეტს რომ ნიშნავს, ენაში სალექსიკონო დონეზე ვერ გარკვეულა და პირდაპირ პოეზიას შებედა-მეთქი.

საფიქრებელია, რომ იქ, შორეულ ისრაელში, საქართველოს ნოსტალგია მოეძალა და ბავშვობა-ყმაწვილობაში წანაკითხი ვაჟა- ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობის” დასაწყისიდან ეს სიტყვა კი გაახსენდა, მაგრამ მნიშვნელობა ჟღერადობით რაღაცას - მორჩილსა(?) და სილბილეს დაუკავშირა (ქათიბი - სათიბი-?).

ეს როგორ იქნება, სადაა ჩემი პროფესიული ღირსება, როგორ ვთქვა - კარგია - მეთქი ლექსზე, სადაც ეროტიკაზე ლაპარაკობენ თავზე ჟილეტდახურულები. არადა ხომ შემეძლო წყნარად მერჩია, ეგ სიტყვა და კიდევ პატარა რაღაცეები ჩაასწორეთ და აზრს მერე ვიტყვი-მეთქი.

მოკლედ, სეტყვა მოვიდა, ქვა დახვდაო, რომ იტყვიან, ისე გამოვიდა.

მას მერე წლები გავიდა.იმ ჯგუფს კი არა, მთელს ისრაელს დაემუქრა, როგორც ახლა უყვართ თქმა, ეგზისტენციალური უბედურება.

ეს დღეები თავს სინანულით ვეუბნებოდი - რა იყო, შე დალოცვილო, შორ ისრაელში შენს “შეიწრებულ” ენაზე ებრაელი ახალგაზრდა კაცი ცდილობს და ლექსს წერს. იმის ნაცვლად რომ გაგხარებოდა და მოფერებოდი, რა “ქოში უკუღმა ყარე”-მეთქი.

ეს დღეები მთელი ისრაელისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის და მათიანებისთვის ვლოცულობდი, ღმერთო, მშვიდობით გადაარჩინე- მეთქი.

ეჰ, კიდევ რამდენჯერ უნდა მასწავლოს ჭკუა ამ ცხოვრებამ, ამასობაში კი დავბერდი ადამიანი!

წეროს ყველამ ქართულად, თუ უნდათ, ბაძონ, თუ უნდათ, იორიგინალონ, ჩვენს მეტი პატრონი ქართულ ენას, რომლის გავრცელების არეც ყოველდღიურად, უკიდურესად ლიმიტირებული ხდება, მსოფლიოში ორიოდე მკვლევარის გარდა, მაინც არავინა ჰყავს და მით უფრო, მოვეფეროთ ქართულად მეტყველ საქართველოს გარეთ მყოფ ქართველებსა თუ არაქართველებს!

ალბა და სერენი

ანუ

დილისპირული და ღამისპირული

ალბა და სერენი - ეს არის პროვანსული ლირიკის ორი სხვადასხვა ჟანრი.

ძალიან მოკლედ - პირველი არის ერთგვარად გამაფრთხილებელი ლირიკული ლექსი მეგობარი-მზირისა, დარაჯისა, გუშაგისა, რომელიც ღამეული ტრფობით გატაცებულ წყვილს რაიმე საფრთხის, ქმრის, მეტოქის, მოულოდნელი სტუმრისა თუ რიჟრაჟის მოახლოების შესახებ ატყობინებს.

მას შეიძლება გამოთქვამდეს, მღეროდეს/ამბობდეს აგრეთვე შეყვარებული კაცი, რომელიც საყვედურობს მეგობარს, ჯერ დილამდე დიდი დროა, ადრე რატომ გაგვაფრთხილე, ან საფრთხე რატომ მოგეჩვენაო.

ბულბული ისევ გალობს და მღერის,

დღეა ნათელი თუ ღამე ბნელი,

მე ამ ბაღნარში ჩემს ულამაზეს

სატრფოს ვეხვევი საამო ხმაზე,

ვიდრე კოშკიდან გუშაგი ჩვენი

ყვირილს დაიწყებს: - ვეღარ გიშველით,

დროა დაშორდეთ, არ გეწყინოთო,

მოგისწრებთ ვინმე, უკვე ინათა!

(თარგმანი ნდს-სი)

სერენი კი - მიმწუხრის ლირიკაა, სატრფოს მონატრებას გამოხატავს, თუმცა შეხვედრის ბედნიერი მოლოდინი ახლავს.

იგი შედარებით გვიან, მეცამეტე საუკუნეში (1263) წელს შეიქმნა და ერთ-ერთი უკანასკნელი ოსიანელ-პროვანსელი ტრუბადურის გუირა რიკერ დე ნარბონას (Guiraut Riquier de Narbona 1130-1292) სახელს უკავშირებენ.

ესაა რეფრენი მისი ცნობილი სერენისა:

ხოლო მიჯნურმა ამოიოხრა:

ჯერ დღე მტანჯავდა ძლივს გარდასული.

საღამოვ, ასე გრძელდები, ოჰ, რად?

აწ მოლოდინით მელევა სული!

(თარგმანი ნდს- სი)

შეიძლება ვთქვათ, რომ დილისპირულსა და ღამისპირულს საერთო აქვთ მოლოდინის მოტივი, ოღონდ განასხვავებს ის, რომ თუ პირველში სატრფოსთან განშორების მწუხარე მოლოდინი გვაქვს, მეორეში მოლოდინი შეხვედრის იმედით არის სავსე, შესაბამისად, განწყობითად, პირველი მთლიანად სევდიანია, მინორული, მეორე

- ნაკლებად სევდიანი და სამაგიეროდ - იმედიანი.

ზოგადად, პოეტურ ლირიკას ფესვები სიმღერაში უდგას.

ინგლისურენოვან ქვეყნებში დღემდე სასიმღერო ტექსტები - ლირიკად იწოდება.

ლირიკულობა ჩვენში ტრადიციულად, ლიტერატურულ ლექსს ნაკლებად ახასიათებდა, სავარაუდოდ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებას მეტი შესაძლებლიბა ჰქონდა, უფრო ღია და კანონიკისგან თავისუფალი იყო საამისოდ.

აქ გვიწევს, მხოლოდ ლოგიკასა და ვარაუდს დავჯერდეთ, რადგან ფილკლორულ ჩანაწერებზე ზრუნვა ჩვენში გაცილებით გვიანდელი ამბავია.

უთუოდ აღმოსავლური პოეზიის გავლენით, ბესიკისა და მის პერიოდელთა, შემდგომ ალექსანდრე ჭავჭავაძისა და კიდევ შემდგომ აკაკი წერეთლის წყალობით, ლირიკა თანდათანობით წარმმართველი გახდა მთელი მომდევნო ხანის ქართული პოეზიისათვის. დღესდღეობით იგი მკვეთრად რედუცირებულია და ჩანაცვლებული მრავალგვარი დესკრიფციულობითა და ნარატიულობით.

გალაკტიონოლოგიური სავარჯიშოებიდან

დაითვალეთ, ამ ტექსტში რამდენჯერ არის ნახსენები “ალი” და “ალები”

თუ სურვილი გაქვთ, კომენტარში დაწერეთ, რამდენი გამოგივიდათ.

უფრო გარკვეულებმა ლექსის მუსიკალურ ამბებში იქნებ ისიც შენიშნოთ, გარდა თქვენი დაძებნილი სიტყვებისა კიდევ სხვა მარცვალი ხომ არ მონაწილეობს ამ ლექსის მომხიბლავ ბგერწერაში

ნდს

VOILES*

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,

სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!

საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:

ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!

საიდუმლო ალები! ისევ მომემალება

უმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!

ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,

ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!

სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -

რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!

საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,

სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!

ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი),

და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები!

საიდუმლო ალები! ისევ დამევალება

უმიზეზო წვალება და ლურჯი მწერვალები!

ესთეტიკა და პორნოგრაფია ლექსში, ანუ ვაგინა და ფალოსი

რაკი ერთგან მეკითხებიან, პორნოგრაფიული ლექსი თუ დაგიწერიათო, არ გამოვრიცხავ, რომ თქვენთვისაც საინტერესო იყოს.

დამიწერია, თანაც ბევრჯერ და აი, როგორ, …. მანამდე კი გავიხსენოთ, პორნოგრაფიის ყველაზე მოკლე, თანამედროვე განმარტება:

ეს არის ტექსტში სქესობრივი აქტის პირდაპირი გამოსახვა, გენიტალიური ორგანოების პირდაპირი დასახელებით.

მე ვთვლი, რომ სიტყვათა, მეტადრე რითმათა თამაშითა და ირონიულ- პაროდიული კონტექსტის შექმნით, ანუ ესთეტიზაციით, გარკვეულწილი ალეგორიზაციით - პორნო-შინაარსის, მოქმედების გადმოცემა სავსებით შესაძლებელია ლექსში.

ამას წინათ ხომ მედო ინცესტის ამსახავი ,,ტაძრის მეძავი”, ასევე ეროტიკული ,,პომპეი, ორი”, სადაც მეძავი პირდაპირ აღწერს სქესობრივ აქტს, მაგრამ ტექსტი ისეთ კონტექსტშია ჩასმული, რომ, როგორც იტყვიან, ,,არ ყვირის”…

ვაგინა და ფალოსი - შესაბამისად - ქალისა და კაცის გენიტალური ორგანოების ლათინური სახელებია.

ესენი ძველებია, ეტიუდები და მოვიძიე.

და ბოლოს, კეთილსინდისიერებისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მე არ მომიგონია. ქართულ პოეზიაში

ეროტიკისა და პორნოს ესთეტიზაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

ვფიქრობ, აქ მაგალითად დავით გურამიშვილის ,,ქაცვია მწყემსის” დასახელებაც კმარა.

ნინო დარბაისელი

ეროტიკული ფლს

(ეტიუდი)

ყოლა გსურს დედოფალასი, თანყოფით კმაყოფილისა,

სხვასთან არგაყოფილისა,

თქმა ,,ჩემო დედოფალოსი”,

მაგრამ ერთია სიმკვრივით ფლასი და შენი ფალოსი?

- ხარჯვა მოგიწევს ფულისა, იმისი სამყოფელისა.

მოუკლებ? - იტყვის, “რად უნდა ფული მიწაში დაფლასო,

კაპიკს ვერ გააგდებინებ, ამ გულის დასათაფლასო,

ან რას უშველის ხშირ- ხშირად თქმა “ მიხსენ, შენ, უფალო”-სი?

ჰორიზონტალში - სიცივით მიჰგავს ყინულის ფილასო”.

ჰოდა, სჯობს, რაც გაქვს, დასჯერდე,

საშენოდ დაიფალ ასო!

ნინო დარბაისელი

ზაფხულის ვაგონი

(ეტიუდი)

ვაგონი,

ზაფხულის ვაგონი!

მეტოქეს ვიღაცა ვეგონე,

უგონო!

ვერარა ვაგონე,

და ვეღარც ვუგანე,

ვიგინე,

ვაგინე!

ვაგენი, შენკენ გზას ვაგენი.

ღამეა,

ვაგინა, ვაგონი!

ჩემია,

ჩემია ვაგინა!

ვა, გონი!

პანტუმი (Pantoum)

უცხოური მყარი სალექსო ფორმებიდან დასავლეთში მალაიზიური პანტუმი დღეს ძალზე გავრცელებულია სასკოლო პროგრამებში, როგორც თხზვაში კარგი სავარჯიშო.

ჩვეულებრივ, ეს კატრენული - ოთხტაეპიანი, ოთხსტრიქონიანი სტროფებისგან შედგენილი ლექსია.

ჯვარედინად გარითმვის სქემა - ერთი შეხედვით, რთული მოგეჩვენებათ, მაგრამ ერთი თუ აუღეთ ალღო, სახალისოა.

ჩემი ნიმუშის შინაარსი პირობითია, ეროტიკულია, რაკი ეროტიკა დღეს ჩვენში ძალიან მოდაშია. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი შინაარსი აიღოთ, თუ უცებ არაფერი გაფიქრდებათ, პირველივე ლექსი, რაც გაგახსენდებათ, ვისიც გინდა იყოს, თავად გარითმეთ და თამამად “გადააპანტუმეთ”!

საავტორო უფლებების დარღვევაში ვერავინ მოგედავებათ, რადგან ეს უკანასკნელი იცავს ნაწარმოების ფორმას და არა - შინაარსს.

სიგრძეს რაც შეეხება, უფრო გავრცელებულია ოთხსტროფიანები, მე ექვს-სტროფედი გავაკეთე, თქვენ შეგიძლიათ შეთხზათ უფრო მოკლეც და უფრო ვრცელიც.

გაევროპულებული ვარიაციები ამ ფორმისა, მათ შორის თითქმის ორასი წლის წინ შექმნილი პანტუმიც შარლ ბოდლერისა, რომელზეც შემდგომ კლოდ დებიუსიმ მუსიკაც შექმნა Harmonie du soir - უკვე არაკანონიკურია. (ვურთავ ბოლოში)

გარითმვის მხრივ:

პირველი სტროფის მეორე-მეოთხე - გადავა

მეორე სტროფის პირველი- მესამედ,

მეორე სტროფის მეორე- მეოთხე

გადავა მესამე სტროფის პირველ-მესამედ

და ასე შემდეგ

ოღონდ დამხურავი, ბოლო სტროფი უნდა იმეორებდეს პირველის პირველ-მესამე ტაეპს.

რიტმულად - კლასიკური პანტუმი მოკლესაზომიანია, მაგრამ მისი მოდერნიზებული ვარიაციები ამ მხრივ არჩევანში თავისუფალია. მათთვის, ვისაც რითმათა სქემის კითხვა ურჩევნია, სქემასაც ვამატებ.

ABAB, BCBC, CDCD….DEDE და ა.შ.

ბოლო, დამხურავი, ჩამკეტი სტროფი

AXAX

ნდს

ბეტის პანტუმი

რად იყო ამ დილას მკრთალი,

ან ერეკებოდა აქ რა!

შიშველი, შიშველი ქალი

ეჩვენა სიზმრად და გაქრა.

ან ერეკებოდა აქ რა,

შენთან დავბრუნდიო, ბეტი!

ეჩვენა სიზმრად და გაქრა,

არ იყო სარგო და ბედი.

შენთან დავბრუნდიო, ბეტი!

სურდა ჩაკონება ცურთა,

არ იყო სარგო და ბედი,

ალბათ დავწეოდი სურდა!

სურდა ჩაკონება ცურთა,

გავუშვი, თან თავი ახლავს.

ალბათ დავწეოდი სურდა,

მე სხვას ჩავეკონე ახლა.

გავუშვი, თან თავი ახლავს,

რად უნდა ფიცი და მტკიცი!

მე სხვას ჩავეკონე ახლა,

დღეს - სხვას ჩაეკვრება, ვიცი!

რად იყო ამ დილას მკრთალი,

რად უნდა ფიცი და მტკიცი!

შიშველი, შიშველი ქალი

დღეს სხვას ჩაეკვრება, ვიცი!

გვაქვს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ეკფრასისი?

ეკფრასისი - ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს აღწერას. მისი ტრადიცია ანტიკური ლიტერატურიდან იწყება და მის კლასიკურ, საუკეთესო მაგალითადაც მიჩნეულია ჰომეროსის მიერ “აქილევსის ფარის აღწერა”. სხვა გმირთა ფარების აღწერის ლიტერატურული ტრადიციაც ანტიკურსავე ლიტერატურაში, რომლის ნიმუშების ნაწილმაც ჩვენამდე მოაღწია, დიდადაა ჰომეროსის ქმნილებით დავალებული.

აქ მაგონდება ეკფრასისადმი მიძღვნილი საკუთარი ძველი ლექსი (2014), რომელსაც იცნობს ჩემი მკითხველი

აქილევსის ფარი

,,- თვლემდა ალბათ ჰომეროსი,

თვლემდა დიდხანს

და მთვლემარე თხზავდა,

არა - ამბავს ომებისას,

ვინ ვის როგორ შეერკინა,

ანდა დაუზავდა,

ფარს ლანდავდა გასაოცარს,

თვით ჰეფესტოს ხელით ნაჭედს,

გმირი აქილევსის

და ასოცზე მეტი ბწკარის

დამტეველი ვრცელი ლექსი

მის აღწერას უძღვნა.

გვასწავლიან:

,,ეკფრასისი",

(მოიძიე ლექსიკონში)

ასე დააფუძნა.

ეს რომ არც ადვილია და

ეს რომ არც ტყუილია და

ჭორი,

გაიხსენე ილიადა,

და მითხარი,

აქილევსი,

ბრძოლით ნაჯაფარი

მარჯვენათი მტერს თუ უტევს,

მარცხენა ხელს რაღად აცდენს,

რაღად უნდა ფარი.

ვისაც სადმე შეეჭიდა,

ყველგან მისი ძალა ჭრიდა

აცამტვერა მტერი.

მჯობის მჯობი მოსრა ყველა,

ანუ, როგორც ნათქვამია,

მტერს გაავლო მუსრი,

მაგრამ ფარით იფარება ქუსლი?

ასეთია ხელოვნება,

თუ ოსტატმა ნიჭით გააჯერა,

იყოს დაუჯერებელი,

გვჯერა!"

დაგეთანხმე.

წავიმახვილგონიერე:

,,-იმ ჰეფესტოს ფარის ნაცვლად

ქუსლსაფარი შეეჭედა, სჯობდა.

ანდა დევგმირს ქალის კაბა დაფარავდა?

ზომით ვერ ცნეს?

მტერი დარაჯობდა..."

თემის შეცვლა განა ღირდა?

მეხსომება, რაც ამაგი დამდე,

მარიდებდი მახვილთ, გულზე დანაღირთა.

მოვაღწიეთ დღეს ამ მაგიდამდე:

ორი ჭიქა,

ერთი ბოთლი კონიაკი,

(ამირია გონი აკი.. -

უადგილოდ რა მარითმებს ამდენს!)

ერთი ვიცი,

წინ - არ დარჩა არაფერი.

გინდ მეფერო, გინდაც გამიავდე.

სიყვარული დარჩეს ამბად!

ნახავ, ალბათ -

თეფშქვეშ

შენი გასაღები დავდე.

2014

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ეკფრასისი - ნათლად და მარტივად, დესკრიფციას ანუ აღწერას ნიშნავს.

ჩვეულებრივ ლექსსა თუ სხვა ლიტერატურულ ტექსტში აღიწერებოდა ხელოვნების რაიმე ქმნილება, ტაძარი, ნაგებობა, ქანდაკება, ნივთი და მისთ.

გალაკტიონის ეკფრასისულ შედევრს ,, ქებათა ქება ნიკორწმინდას” თეიმურაზ დოიაშვილმა საგანგებო გამოკვლევა უძღვნა.

(ლექსს აქ აღარ დავდებ. დარწმუნებული ვარ, ჩემმა და ზოგადად ქართველმა მკითხველმა ზეპირად იცის).

არსებობს ინტერნეტით ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ ეკფრასისად უნდა მივიჩნიოთ გრიგოლ ორბელიანის ,, თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში” , რასაც მე ვერ გავიზიარებ, იმის გამო, რომ მხოლოდ იმ მწირი მახასიათებლებით, რაც ამ ლექსში გვაქვს, ემოციურად რაოდენ მძლავრადაც არ უნდა იყოს ნათქვამი, მეფის სახე გაბრწყინებულიაო, თვალნი კი ცად აუპყრია, ხოლო ტაძარი- სადაც იგია გამოსახული, ნანგრევებადღაა შემორჩენილიო, ძალზე მცირეა იმისთვის, რომ ტექსტი ეკფრასის ნიმუშად მიგვეჩნია.

თანაც, სიტყვები ლექსიდან ფიქციაა:

...მარამ ცად თვალნი

გაქვს მიქცეულნი,

და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,

იქნებ ამაზე ყურადღება არც უნდა გამემახვილებინა, რომ არა ერთი გარემოება:

პროექტი, საიდანაც ეს გაუგებრობა იღებს სათავეს, ასე იწოდება”ლიტერატურული თერაპია”. ხოლო ეკფრასისის შესახებ თავის ცოდნას პოეტი რატი ამაღლობელი გვიზიარებს

(იხ . ლინკი

share.google

შედეგად გამოდის, რომ მცდარ ინფორმაციას ავტორიტეტულად ვუნერგავთ მოწაფეებსა და მათ მასწავლებლებს, რომელთაც ერთხელ ასე ჩანერგილი შემდგომ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

საქმე ისაა, რომ ბეთანიის ფრესკაზე თამარის მზერა ცად კი არაა მიმართული, არამედ მაშინდელი ქართული, ქრისტიანული ფრესკული ხატწერის ტრადიციის მიხედვით, სწორად იცქირება მნახველ-შემხედავისკენ და ამაში ადვილად დარწმუნდება თუნდაც ფრესკის ფოტოს მნახველი.

ანუ კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვიმეორებ . ეს - ეკფრასისი კი არაა, ორბელიანისეული პოეტური ფიქციაა. ეს ერთერთი უმცირესი ფრაგმენტი ლექსისა რომ ეკფრასისად ჩაითვალოს, გამოვა, რომ მთელი ქართული პოეზიაა მისი ნიმუშებით სავსე!

ვიტყოდი, მაინც რაღაცაა, ჩვენს ლიტერატურაშ თეთრი ლაქის შესავსებად რა უჭირს-მეთქი, მაგრამ ეკფრასისის ამაზე ბევრად უწინარესი ნიმუში მეგულება ვეფხისტყაოსანში:

ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,

გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,

დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,

მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

თუ რაკი აქ ქაჯეთისაა ციხეა, ეს არ ითვლება?

თუ მაგალითს ვეძებთ, ბარათაშვილის “საყურე” - გაცილებით ახლოა იმასთან, რასაც ეკფრასისს უწოდებენ.

ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრევო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

ნახეთ, თან რა დინამიკაა სახისა!

და რაც მთავარია, ქართულ პოეზიაში გვაქვს ეკფრასისის სრულიად უნიკალური ნიმუში, რომელიც დაახლოებით იმავე დროსაა შექმნილი, რა დროსაც ორბელიანის ზემოთ დასახელებული ქმნილება. (მაპატიეთ, აქედან თარიღების დაზუსტების შესაძლებლობას მოკლებული ვარ . ჩავთვალოთ, რომ ეპოქაა ნამდვილად იგივე!)

ვგულისხმობ ალექსანდრე ჭავჭავაძის ,, გოგჩას”.

დიდი ზომის ლექსია. მომყავს ფრაგმენტი:

აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.

აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,

აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;

მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!

აქ უკვე ნამდვილად ეკფრასისის, თანაც ორმაგის (!) და მე ვიტყოდი რეტროსპექტიული ეკფრასისის უნიკალური ნიმუში გვაქვს. შეგახსენებთ, ლირიკული გმირი შესცქერის ტაძრის ნანგრევებს, აღწერს მათ და აცოცხლებს გარდასულთა ყოფას)

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გოდერძი ჩოხელმა (სავარაუდოდ, “გოგჩით” შთაგონებულმა) თავის ერთ-ერთ პირველ ფილმში ,,ადგილის დედა” - კინემატოგრაფიის ენაზე გააკეთა იგივე - ორმაგი ანუ რეტროსპექტიული ეკფრასისი. შეგახსენებთ: იქ დათოვლილ-დაცარიელებულ სოფელში გარდასულთა ხმები ცოცხლდება.

რა დროსაც გოდერძი ჩოხელის ფილმი გამოვიდა. დაახლოებით იმავე პერიოდში გერმანულენოვანი ეკფრასისის ცნობილი ნიმუში - რაინერ მარია რილკეს ,,ჰეტერათა სამაროვნები”გამოქვეყნდა ანუალურ ანთოლოგიაში ,,პოეზიის დღე”. 1984:

…შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები

და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის,

მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი,

ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე -

- სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები,

ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში -

- წითელი თიხის მრგვალი ნატეხი

და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი -

გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები,

კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები

და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის

და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის

ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან

გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა.

(მთარგმნელი ნინო დარბაისელი)

თუმცა არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ ქართულ პროზაში გვაქვს ეკფრასისის ბრწყინვალე ნიმუში, რომელსაც მე ნაწარმოების ჟანრიდან გამომდინარედ ,, ფიქციურ ეკფრასისს ვუწოდებდი.

ეს არის ნაირა გელაშვილის რომანის ,, დედის ოთახის” დასაწყისში დედის ნაქსოვი ფარდის აღწერა.

ამ მოკლე ოპუსს არ შეიძლება, სრული სურათის წარმოდგენის პრეტენზია ჰქონდეს.

ვვარაუდობ, რომ ქართულ ლიტერატურაში სხვა მრავალი მაგალითიც იქნება. ჩემთვის შეხსენებასაც არ დაიზარებთ.

მე, უბრალოდ, ახლა ესენი გამახსენდა.

და კიდევ ერთი ლექსი თქვენი მონა- მორჩილისა:

ნინო დარბაისელი

სულელების ხომალდი. ბოსხი

სულელების ხომალდი,

კაპიტანიც - სულელი,

ნამთვრალევნი, ხომლამდი

ყირას გადასულები!

გზა მთვარემდე პგონიათ ნიჩბის ერთი მოსმა,

ნების თავისუფლება - ზედ გემბანზე მოფსმა,

ღრიანცელში სჩვევიათ ცეცხლზე ზეთის მოსხმა.

სულაც არ ენაღვლებათ ის, რაც იცის ბოსხმა,

რაც შორეულ ანტიკას ჩაესახა საშოში:

არის ძალზე საშიში

ბრძენის მასხრად აგდება.

ამ აგდებით ქვეყანა ბრიყვებით მარაგდება.

შუა ზღვაში ბრიყვობა

არის ნამეტანი,

დააშორო ერთმანეთს, ვით თავი და ტანი,

ხომალდი და იმისი ბრძენი კაპიტანი.

ტვინის ერთი ნასახიც არ ემჩნევათ ლუპით,

საჭმელ-სასმელს დააცხრნენ, ნთქამენ ყლაპა- ყლუპით,

მერე - ვეღარ უშველით ცრემლის ღაპაღუპი,

სულელების ხომალდი არის დასაღუპი!

მაგრამ მეტისმეტადაც ნუ დაგწყდებათ გული.

- უკვე დაღუპულია და ხავსმოდებული

ხმელეთზეა ხომალდი სადღაც მიგდებული.

დღესდღეობით პირადად მე შემხვედრია ამ ტერმინის მნიშვნელობის უტრირების ანუ გაზვიადების ცდები.

გაუგებრობაში რომ არ გაიხლართოთ, მარტივად დაიხსომეთ, ეკფრასისი - რაიმეს აღწერაა.

სად შემიძლია მე ამდენი სერიოზულობა. ახლა გამახსენდა რევაზ ლაღიძის ცნობილი “სიმღერა თბილისზე”,რით არაა ეკფრასისი:

ნეტავ სად არის კიდევ ცა

უძიროდ ლურჯი, ხალასი

სწორედ ისეთი როგორც შენია.

ნაიარევი წარსული

ნანგრევი ნარიყალასი

ჭაღარასავით შემოგვრჩენია...

თბილისო!...

მზის და ვარდების მხარეო

უშენოდ, სიცოცხლეც არ მინდა...

სად არის, სხვაგან ახალი ვარაზი,

სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

ჩაივლი მტკვართა ხეივანს

და გაზაფხულის ვარდები,

გვეგებებიან მწვანე ჭადრები.

აქ არ იმღერო ძნელია.

აქ ხომ ფოთლებიც მღერიან

და ცა ფირუზზე ლურჯი ფერია.

- - -

დავალება: აირჩიეთ რომელიმე ფერწერული ნამუშევარი, მაგალითად, ფიროსმანის ნამუშევარი და აღწერეთ ლექსად, ფორმა და სახეობა ლექსისა - თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები