გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე, ცვლილებები, ძირითადად, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შეეხო, მათ შორის საბჭოთა კავშირს. მცირერიცხოვან, მაგრამ დიდი წარსულის მქონე ქვეყნებს, მიეცათ ისტორიული შანსი დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ არსებობა, თუმცა მაინც მსხვერპლის ფასად. საბჭოთა იმპერიის ნგრევას თან მოჰყვა ხელოვნურად წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტები, მათ შორის საქართველოში. სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაღვივებული კონფლიქტებს მოჰყვა საქართველოს მიწა-წყლის 20% ოკუპაცია, ადამიანური მსხვერპლი, საკუთარ ბუდეს მოწყვეტილი ათასობით ადამიანის მძიმე ხვედრი და მშობლიურ კერაზე დაბრუნების ჯერჯერობით ამაო ლოდინი.
უსამართლობის მძიმე განცდას გვიტოვებს ოკუპანტების თავსმოხვეული იდეოლოგიური ომიც. მათი კარის ისტორიკოსები ყველა ხერხს მიმართავენ იმისათვის, რომ გააყალბონ ისტორია და გაამართლონ ქართული მიწის მიტაცების მცდელობა. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ქართულმა, ისე მსოფლიოს საზოგადოებამ და მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა ოსმა და აფხაზმა ხალხმა იცოდეს იმ მხარის რეალური ისტორია, რომელსაც გვედავებიან. ეს კი თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მშვიდობიან თანაარსებობას საქართველოში, რომელიც ოდითგანვე იყო სხვა ერების პატივისმცემელი, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქვეყანა.
ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნება ისტორიული წერილების ციკლი, რომელიც მიეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის წარსულს, რელიგიურ და ეთნოგრაფიულ ყოფას. ისტორიული ქსნის საერისთავო იყო საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი სათავადო, რომლის ტერიტორიაზეც ქვედა პალეოლითის ხანიდან უწყვეტად სახლობდა ქართული მოსახლეობა... სხვა რომ არა, ამ კუთხის დიდებისა და ძლიერების დასტურად მეოცე საუკუნის დასაწყისში, ისტორიულ სოფელ საძეგურში აღმოჩენილი უნიკალური ნივთებიც იკმარებდა, რომელიც დღეს ახალგორი განძის სახელითაა ცნობილი. მიეცით რომელიმე უწარსულო ერს ახალგორის განძი და მას ისტორია ექნებაო - ბრძანებდა ბატონი ნიკო კეცხოველი.
„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“ - გვმოძღვრავდა ილია მართალი და ჩვენც ჩვენი მისია გვაკისრია ქვეყნისა და დროის წინაშე, ვუთხრათ ხალხს მართალი სიტყვა.
გედესკარის საგანძური
ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემში, ქსნის მარჯვენა მხარეს, დაბის ცენტრიდან 12 კმ.-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს ქსნის ხეობის ერთ-ერთი უძველესი სოფელი საძეგური.
ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით, საძეგურის სამხრეთით ზებეყურის „კლდეს ქუეთ მტკურამდე კსანი არს ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი... და ამ კლდეს ზეით იწრო და მჭიდრო, უვენახო, უხილო, მწირი". ცნობილ ისტორიკოსს და გეოგრაფს საძეგური თავის რუკაზეც აქვს აღნიშნული...
საძეგურის შესახებ ცნობებს გვაწვდის გერმანელი მოგზაური იოჰან (ანტონ) გიულდენშტედტიც, რომელმაც ქსნის ხეობაში XVIII საუკუნის 70-იან წლებში იმოგზაურა. იგი კორინთიდან ერთ საათში მისულა „ადგილამდე, სადაც ადრე გადმოდიოდა მთის კუპრი და შემდეგ - ქსანზე სოფელ საძეგურამდე მდინარე საძეგურის შესართავამდე მას ქსნის ორივე ნაპირზე აქვს სახლები“. მოგზაურის მინიშნებით „საძეგურთან ზემოთ ქსანზე, ძველად გადმოდიოდა მთის ფისი (ქართულად კუპრი), რისგანაც კირქვას აქვს მოლურჯო-მოშავო ფერი" . ავ. სონღულაშვილის ცნობით: „ნავთობის პროდუქტების გამოსავალი შავი ოზოკერიტის სახით გვხვდება ქსნის ხეობის სოფელ საძეგურთან, სადაც იგი წარმოდგენილია ეოცენური ფიქლების ნაპრალებში“.
XX საუკუნის დასაწყისში საძეგურში აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის უნიკალური ძეგლი, რომელიც ახალგორის განძის სახელითაა ცნობილი.
საძეგურელი მჭედლის ისაკ ნავროზაშვილის მოგონებით: ლექსო, იაკობა და სოსიკა ნავროზაშვილებს გედესკარში ხვნის დროს უპოვნიათ ოქროს ნივთები: ფაიტონი, ზედადგარი, ჭედილა, ტევანი, საყურეები და სხვა წვრილმანი... „შიშით საბძელში შეუნახიათ, პატრონი არ ყავდესო (იგულისხმება „მცველი", არარეალური პატრონი). ჩაუტანიათ ახალგორში და ჩუმად მიუყიდიათ იგი ვაჭრებისთვის. ამათ თბილისში ჩაუტანიათ და იქ დიდ ფასად გაუყიდიათ"...
ადიდებული მდინარისაგან ჩამორეცხილ სამაროვანზე, მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით მიკვლეულ განძს საქართველოში აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლად მიიჩნევს იულონ გაგოშიძე. მიეცით რომელ უწარსულო ერსაც გნებავთ ახალგორის განძი და ამ ერს ისტორია ექნებაო - ბრძანებდა ნიკო კეცხოველი.
ფერდობიდან, სადაც განძი იქნა მიკვლეული, ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ნასოფლარი გედეს-კარი, სადაც შემორჩენილია კლდის ქვით ნაგები დარბაზული ტიპის საცხოვრებელი ნაგებობების კვალი, ასეთივე ნანგრევების ნაშთებია შემორჩენილი გედეს-კარის ზემოთ, რამდენიმე მეტრში. ს. მაკალათიას დასკვნით, მაღლობზე მდებარე ნასოფლარ გედეს-კარში უნდა ეცხოვრა ხეობის უძველეს მოსახლეობას, „რომელსაც სალოცავი ხატი ჰქონდა ქვემოთ, სადაც საძეგურის განძი აღმოჩნდა. ეს ძვირფასი განძიც ამ ხატის (სალოცავის) საკუთრებას შეადგენდა“. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ, ს. მაკალათიასაგან განსხვავებით, ახალგორის განძს სამარხეულ ინვენტარად მიიჩნევს ი. გაგოშიძე: „ახალგორის განძი არის ქალის მდიდრული სამარხის ინვენტარიო“ - წერს იგი. განძი შედგებოდა 500-ზე მეტი ნივთისაგან და აქედან 300 - ოქროსი იყო. მათგან აღსანიშნავია სასაფეთქლეები შეწყვილებული ცხენების გამოსახულებით, სხვადასხვა ფორმის საყურეები, რკალგახსნილი საბეჭდავები, ოქროს ბალთები, ყელსაბამი გომბეშოს გამოსახულებიანი საკიდებით, საკიდი ჩიტისა და შვლის გამოსახულებით, ოქროს საკისრე რკალები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ბრინჯაოს შტანდარტი ჯიხვის თავების გამოსახულებით, შტანდარტი ჯიხვის თავებისა და ადამიანის გამოსახულებით, დოქისა და სფერულტანიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, მთის ბროლის, ძვლის, მინის მძივები, სამაჯურები, ფარაკიანი ბეჭდები, ოქროსა და სარდიონის მძივ-საკიდები, შესამოსელთან დაკავშირებული ნივთები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ბრინჯაოს სარკე... „ვერცხლის ნივთებიდან აღსანიშნავია იმდროინდელ კულტურულ სამყაროში გავრცელებული ომფალოსიანი ფიალები. ცხენის აღკაზმულობას მიეკუთვნება რახტის შესამკობი ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვანაირი ფირფიტა, ბრინჯაოს რგოლები, ლაგმები. ახალგორის განძის ტიპის ლაგმები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოშია აღმოჩენილი". სრულიად მართებულად შენიშნავდა ჩვენთან ახალგორის განძზე საუბრისას ქსნის ხეობის მკვიდრი ჯემალ ჩიტიშვილი: „ყველაფერთან ერთად, საძეგურში აღმოჩენილი აღვირის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის მსგავსიც საქართველოს არცერთ კუთხეში და არც სხვაგან არ დაფიქსირებულა, იმაზე მიუთითებს, რომ ცხენოსნობა საკმაოდ ძირძველი და კარგად განვითარებული სფერო იყო ქსნის ხეობაში"... ახალგორის განძი სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგადად, ძვ.წ. აღრიცხვით VI-IV საუკუნეებითაა დათარიღებული. თუმცა განძის ისტორიის მკვლევარებს შორის დათარიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა: შ. ამირანაშვილის მოსაზრებით ძვ.წ. აღრიცხვით V საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ; ი. გაგოშიძე ძვ. წ. აღრიცხვით IV საუკუნის დასასრულით ათარიღებს, ა. ტალგრენი - ძვ.წ. აღრიცხვით VII საუკუნით...
როგორც ვ. ხოცუაშვილი წერდა: საძეგურში აღმოჩენილ ნივთებს ახალგორის განძის სახელწოდება „იმიტომ შემორჩა, რომ იგი ძირითადად ახალგორში იქნა შეგროვილი". მაკალათიას მიხედვით კი, განძს ახალგორის უწოდეს იმის გამო, რომ საძეგური მაშინ ახალგორის საბოქაულოში შედიოდა.
ნივთების მოძიებასა და გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს.
ნ. კეცხოველის მონათხრობით: 1907-1908 წლებში ექვთიმეს გაუგია, რომ ოქრომჭედლობის ვაჭარი ბერუჩევი (ბერუჩაშვილი) ყიდიდა იშვიათ ოქროს ნივთებს, რომლებიც ახალგორელებისგან ჰქონდა ნაყიდი. ექვთიმემ ბერუჩაშვილისგან ნივთები კავკასიის მუზეუმს შეაძენინა, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს დიდი განძეულის მხოლოდ მცირე ნაწილი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც, დუშეთსა და ახალგორში თავის მოსწავლეებს გაუგზავნა ბარათები - ახალგორში რაიმე განძი ხომ არ არის ნაპოვნიო. გაირკვა, რომ საძეგურელ გლეხებს განძი ახალგორელი ვაჭრის - მზარეულოვისათვის მიუყიდიათ. „ამ დროს დუშეთის ბოქაული განუწყვეტლივ ეძებდა 15 წლის წინ გაძარცული ოქროსკარიანის ნივთებს (საუბარია ალევის სამებაზე - დ.ა.) და ვინაიდან ეგონა, რომ ნივთები გაძარცული ტაძრის საკუთრება იყო, ისინი ჩამოართვა მზარეულოვს და ჩააბარა შესანახად დუშეთის მაზრის სამმართველოს. ე. თაყაიშვილი დაუყოვნებლივ გაემგზავრა დუშეთში და თან ფოტოგრაფიც წაიყვანა. მისდა გასაკვირად, მაზრის უფროსი შეეცადა, დაემალა ნივთები, მაგრამ ბოლოს იძულებული იყო, ეჩვენებინა. აღმოჩნდა, რომ ოქროს ნივთები ერთი გირვანქა და 79 მისხალია, ვერცხლისა კი ორი გირვანქა და 37 მისხალი (საქართველოში გირვანქა უდრიდა 0,4267 კგ.-ს - დ.ა.). გამოირკვა, რომ ნივთები ტაძრის კუთვნილება არ იყო. გადაწყდა მზარეულოვისაგან შეეძინათ ეს განძეული, მაგრამ მაზრის უფროსი ფეხს ითრევდა, ხუთი-ექვსი დღე ალოდინა დუშეთში და ახალგორში არ გაგზავნა. ბოლოს ე. თაყაიშვილი თვითონ ავიდა ახალგორში, ნახა მზარეულოვი და შეიძინა მისგან ეს ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ საძეგურელმა გლეხებმა სარჩელი წამოაყენეს, ნივთებში ფული ჯერ არ მოუცია და ფული ჩვენ უნდა ავიღოთო. ბოლოს ეს საკითხიც მოგვარდა. ისიც გამოირკვა, რომ საძეგურში და ახალგორში გაყიდულია ამ განძის ნაწილი. ვ. მზარეულოვის დახმარებით ე. თაყაიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობაში მოაგროვა ეს დაქსაქსული ნივთები და შეიძინა. ე. თაყაიშვილი ახალგორში 1909 წელსაც იყო და კიდევ დაზვერა; მაშინაც შეიძინა მან რამდენიმე ძვირფასი ნივთი".
ექვთიმე ბოლომდე დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდა ახალგორის განძს საქართველოშიც და საფრანგეთშიც. „დავალებული მაქვას განძის დაცვა და კიდევაც ვიცავ, რამდენადაც შემიძლიაო“ - ბრძანებდა იგი და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა კუთვნილ საგანძურს ისევ საქართველოს ჩააბარებდა...
1945 წელს საქართველოში ჩამობრძანებული ჩვენი ეროვნული განძი და მათ შორის საძეგურში ნაპოვნი უნიკალური ნივთები, დღეს აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება...
„სოფელს ამ საგანძურის შემდეგ ზუსტად მასე - საგანძური ერქვა, დრომ საძეგური მოგვიტანაო" - გაგვაცნო საძეგურში მცხოვრებთა შორის გავრცელებული მოსაზრება სოფლის მკვიდრმა ალეკო ნაროზაშვილმა... მართალია, საგანძური XX საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა, საძეგური კი გაცილებით ბევრად ადრე იხსენიება წყაროებში, მაგრამ მაინც საყურადღებო ცნობაა, არ უნდა გამოვრიცხოთ, ტოპონიმი „საძეგური" უძველესი დროიდან მართლაც საგანძურთან ყოფილიყო კავშირში, ეს მხარე ხომ განძეულით მდიდარი იყო... ი. გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ქსნის საერისთავო ადრეანტიკურ ხანაში ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფორპოსტთაგანი იყო შიდა ქართლში და მას მჭიდრო კავშირურთიერთობა ექნებოდა IV-III საუკუნეთა მიჯნაზე აღმოცენებულ ქართლის სამეფოს ცენტრთან, რასაც ქსნის ხეობისა და მცხეთის მიდამოების ტოპონიმიკური თანხვედრებიც უნდა გვიდასტურებდეს, გავიხსენოთ ქსნის ხევის ბაგინი, არმაზი, საძეგური, ძეგლევი და მცხეთის ბაგინეთი, არმაზციხე, არმაზისხევი, ძეგვი...
ბერიანიძეების ჯვარი
ბერიანიძეები ერთ-ერთი დიდი გვარია საქართველოში, დიდი გვარი ჩვენი დემოგრაფიული ვითარების ფონზე, თორემ მაინცდამაინც ბევრი არ ეთქმის 2252 კაცს (2016 წლის აღწერის მონაცემებით). აქედან უმეტესობა თბილისში (611 სული), გორში (542 სული), კასპში (505 სული) და ახალგორში (243 სული) ცხოვრობს. ახალგორში მცხოვრებთა შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობაც იგულისხმება.
XVIII-XIX საუკუნეების აღწერებიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის ბერიანიძეები, ძირითადად, ცხრაზმის ხეობის სოფელ დადიანეთში და ჭურთის ხეობის სოფელ საქორეთში ცხოვრობდნენ. მათი ბუდე სოფელი დადიანეთი იყო, რომელიც მოხსენიებულია X საუკუნის სამთავნელის სარგოსა და XV საუკუნის სამთავნელის სამწყსოს დრამისა და შესავლის გარიგების დავთრებში: „დადანეთს: პური ა, დრამა ბ, ქალმ[ა]ნი ა, საბ[ე]ლი ერთი, რ[ა]ი ხუცეს ტყ[ა]ვი მხარი, ყვილი (ყველი) და აბრასიკი“...
ხალხური თქმულება ტოპონიმ დადიანეთს დადიანებთან აკავშირებს. თითქოს ქსნის ერისთავის სამფლობელოში სტუმრად მყოფ სამეგრელოს მთავარს ქსნის ერისთავისთვის ნარდში მოუგია ეს სოფელი: „სამეგრელოს მთავარი სტუმრად ქსნის საერისთავოში იმყოფებოდა. ერისთავმა მას ცხრაზმისხევთან უმასპინძლა, სადაც ასევე სოფელი დადიანეთია. თავისი სილამაზის გამო, მთავარმა და ერისთავმა ნარდში, ფსონი სწორედ დადანეთზე დადეს. ერისთავი დამარცხდა და დადიანეთი სამეგრელოს მთავარს დარჩა“ - გვამცნობს გადმოცემა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საყურადღებოა ცნობილი მეცნიერის გურამ ბედოშვილის განმარტება: „ამ ტოპონიმის ამოსავალი ფორმა, ისტორიული წყაროების მიხედვით, დადანეთი-ა – „დადანაშვილების საცხოვრებელი ადგილი”, რომელიც დადიანეთ-ად გადააზრიანდა და ამის შედეგად შეიქმნა ლეგენდა და სათანადო ხალხური ეტიმოლოგია სამეგრელოს მთავრის, დადიანის, ქსნის ერისთავთან სტუმრობისა და ნარდში ხსენებული სოფლის მოგების შესახებ, რომელსაც დადიანეთი დაარქვესო“.
ჩვენამდე მოღწეული ქსნის საერისთავოს 1774 წლის აღწერის მიხედვით აქ მაცხოვრებელი დომინანტი გვარი ბერიანიძეები იყვნენ. ასევე მკვიდრობდნენ: ჯავახიშვილები, გოგოძეები, ოდიშვილები, ბუნტურები, მიქუტაშვილები და სხვები.
კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ბერიანიძეები მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემიდან სისხლის აღების ადათ წესს ქსნის ხეობაში გამორიდებული ბერიანები უნდა ყოფილიყვნენ. ბერიანებს სვანეთში თავიანთი კოშკიც აქვთ, ე.წ. თეთრი კოშკი, რომელიც XII საუკუნეში და-ძმას აუგია. ბერიანები მცირერიცხოვანი გვარია, ძირითადად მიგრირებულნი არიან ქვემო ქართლში, ბოლნისში 51 სული ცხოვრობს, მესტიაში სულ 7 სულია დარჩენილი.
დადიანეთიდან, რომელიც ცხრაზმის ხეობის ყველაზე დიდი სოფელი იყო, მუდმივად ხდებოდა მოსახლეობის მიგრაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, უფრო ხშირად ადგილი ჰქონდა შიდა მიგრაციის ფაქტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხრაზმისხეველი ბერიანიძების ერთი შტო ჭურთის ხევის ასევე უძველეს, X საუკუნიდან მოხსენიებულ სოფელ საქორეთში დასახლდა, აღწერებში ისინი ბერიაშვილებად ეწერებოდნენ.
რაც შეეხება ბერიანიძეების, იგივე ბერიაშვილების ჯვარს; რამდენიმე წლის წინ, როცა ქსნის ხეობის ისტორიის მეორე ტომი გამოვეცი, სადაც საუბარი იყო სოფელ საქორეთზე, წიგნის გაცნობის შემდეგ დამიკავშირდა ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულე ივანე ბერიანიძე და მადლიერება გამოხატა იმ ისტორიული წყაროების მოძიებისთვის, რაც მათ გვარს ეხებოდა. საუბარში გავარკვიე, რომ საქორეთში მცხოვრებ ბერიანიძეების შთამომავლებს თავის დროზე წმინდა გიორგის სალოცავიდან დაუკარგავთ ვერცხლის ჯვარი, რაც შემდგომში უაღრესად საზიანო აღმოჩენილა მათი გვარისთვის, მის შემდეგ ვეღარ გავმრავლდითო - სწუხდა ბატონი ივანე, მაგრამ ათასს მადლობას მიხდიდა იმის გამო, რომ მათ ეს ჯვარი „ვაპოვნინე“. საქმე ეხებოდა ჩემს მიერ გამოქვეყნებულ მასალას საქორეთის წმინდა გიორგის საგანძურის შესახებ. წმინდა გიორგის ტაძარი ქსნის ხეობაში ცნობილი იყო გამოჩინებულის სახელწოდებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით, იგი აგებული ყოფილა ღმერთის გამოჩენით განცვიფრებული ჩვენი წინაპრების ხელით.
საქორეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში წლების მანძილზე ინახებოდა ბერიაშვილების საგვარეულო ვერცხლის ჯვარი, რომელიც შემდგომ ლარგვისის მონასტერში გადაუბრძანებიათ. იგი ექვთიმე თაყაიშვილს მოხსენიებული აქვს ლარგვისის მონასტრის სიწმინდეებსა და შემოწირულობებში აღწერილ 28 ძვირფასს ნივთს შორის: „1855 წლის 1 მარტით დათარიღებული გამოსაბრძანებელი ვერცხლის ჯვარი ოთხი ქვით, რომლის სიმაღლე 33 სმ., სიგანე 15 სმ. ყოფილა. ჯვრის უკანა მხარეს მხედრული წარწერაა: „საქორეთის გამოჩინებულის წმინდა გიორგის ფულით გავაკე(თე)ბინე ესე ჯვარი გეაბრიელ (sic) ბერიაშვილმა ჩემის მეზობლების მომხრეობითა შერმანდინებითა მე სოსი შავერდოვს გამიკეთებია ჩყნე წელსა მარტის ა" - ვკითხულობთ ექვთიმეს ჩანაწერებში.
ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის შემდეგ, ივანეს თაოსნობით, ბერიანიძეებმა დაამზადეს ანალოგიური ჯვარი წარწერით... ბატონი ივანე იმედოვნებდა, რომ ამ ჯვარს ქსნის ხეობაში დაბრუნების შემდეგ საქორეთის წმინდა გიორგის სალოცავში დააბრძანებდა. სამწუხაროდ, იგი 2024 წლის 3 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა. თუმცა, მჯერა, ჩვენ დავიბრუნებთ მშობლიურ მიწას და წმინდა გიორგის ვერცხლის ჯვარი სამუდამოდ დაიდებს ბინას საქორეთში.
იკოთის სტუმრები
სოფელი იკოთი მდებარეობს ახალგორის ჩრდილოეთით, მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 3 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 960 მეტრზე. მიეკუთვნებოდა ბოლის თემს.
იკოთში მოსახლეობა უძველესი დროიდან ცხოვრობდა, რასაც იქ აღმოჩენილი გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნიდან იხსენიება. 1669 წლის წილკნის სარგოს სიგელის მიხედვით იკოთი ქსნის საერისთავოს იმ სოფლების რიგშია, რომლებიც წილკნის საეპიკოპოსოში შედიოდა. იგი თავის აღწერებში მოხსენიებული აქვს XVIII საუკუნის გერმანელ მოგზაურს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს, რომელიც ახდენს სოფლის ლოკალიზაციას და მიგვითითებს, რომ მდებარეობს მდინარე გუმაელაზე (ბუნელა - დ.ა.), ლორწობნის მთის დასავლეთ ძირთან და ემორჩილება ქსნის ერისთავს.
იკოთისაკენ მიემართებოდა ახალგორიდან სამოქალაქო გზის ჩრდილოეთის გაგრძელება. გაივლიდა კორინთას, ლარგვისს, ქარჩოხს და ქარჩოხიდან ლომისის გადავლით არაგვის ხეობას, დარიალს და ჩრდილოეთ კავკასიას უკავშირდებოდა. ქარჩოხიდან მდინარე ქსნის მიმართულებით, დასავლეთით გზას ჟამურის ხეობაში მივყავდით.
ახალგორიდან იკოთის გავლით გადავდივართ რატიშვილების სამფლობელოში - ყანჩავეთში, საიდანაც ქოლოთ-ქვითკირისა და ისროლის ხეობების გავლით გზა მიემართებოდა მეჯვრისხევში.
ახალგორიდან იკოთისა და კორინთის გავლით დაკავშირება ხდებოდა ალევისა და საფერშეთის ხეობებთანაც. საფერშეთის მეშვეობით კი ფასანაურთან.
ქსნის საერისთავოს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქსნელი აზნაურები, ფიცხელაურები, რომლებიც წარმოშობით ხევსურეთის სოფელ ბაცალიგოდან არიან გადასახლებული ჯერ გუდამაყრის სოფელ ბაკურხევში, მოგვიანებით კი კახეთის სოფლებში, თიანეთში, ხევში, საიდანაც ქსნის ხეობაში დამკვიდრდნენ და ახალგორის მოურავობამდეც მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ იკოთში ოდითგანვე ცხოვრობდა ქართული მოსახლეობა, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. XXI საუკუნის დასაწყისში, 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იკოთის მცხოვრებთა რიცხვი 1089 ადამიანს შეადგენდა, 542 მამაკაცი, 547 ქალი, მოსახლეობის 97 % ქართველი იყო.
არაერთი სახელოვანი ადამიანის სტუმრობა ახსოვს იკოთს, სოფელში მოსახლე ფიცხელაურები ხშირად მასპინძლობდნენ დიდ ქართველებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, შიო არაგვისპირელს, გალაკტიონ ტაბიძეს, გიორგი ლეონიძეს...
ნიკოლოზ ფიცხელაურის მონათხრობით, ილია იკოთში პაპამისს - ივანე ფიცხელაურს მიუწვევია... „კარგადაც მოულხენიათ. პაპაც ახალი ჩამოსული ყოფილა რუსეთიდან. ილიას უკითხავს, რამდენი შვილი გყავსო. სამი ბიჭი და სამი გოგოო. ილიას ღიმილით მიუგია - შენ რუსეთში ხარ და ესენი საიდანაო...“
იკოთში ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის სტუმრობის შესახებ ვრცლად მოგვითხრობს იკოთის მკვიდრი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი თამარ გიგაური, რომელიც ასევე თანასოფლელ ნიკოლოზ ფიცხელაურის მონათხრობს ეყრდნობა: „ციხის კარი ალიონზე გახსნეს ფიცხელაურებმა. დილიდანვე რაღაც უცნაური ფუსფუსი დაიწყეს. იგრძნობოდა, რომ საპატიო სტუმრებს ელოდებოდნენ.
მზე დასავლეთისკენ იყო გადახრილი, ცირახევს რომ ეტლი მოადგა. შავი ბედურები მოუსვენრობისაგან ფლოქვებს სცემდნენ დამჯდარ მიწას. მეფის არმიის პოლკოვნიკი ივანე ფიცხელაური სწრაფად გამოეგება სტუმრებს. ეტლიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. ერთი მათგანი ივანეს მეუღლის ეკატერინეს დეიდაშვილი შიო არაგვისპირელი იყო, ხოლო მეორე - ილია ჭავჭავაძე“. ციხის კარებთან უფროს-უმცროსობის რიგით მდგარი ივანეს შვილების დანახვაზე ილიას თვალები გაბრწყინებია და უთქვამს: „კვლავაც იმრავლოს ქართულმა აკვნებმაო“.
სტუმრებისთვის მაგიდა კაკლის ხის ქვეშ მოლზე გაუშლიათ, სადაც სახელდახელო მაგიდა ყოფილა მოწყობილი. ზურნის დამკვრელად იკოთელები: გიგო გიგაური და ბალია ბაშარული ჰყოლიათ. დიდი სიყვარულით უთქვამს ილიას ქსნის ხეობის სადღეგრძელო. წელზე ხმალშემორტყმულ ივანე ფიცხელაურსაც გახუმრებია კიდევ ერთხელ - რად გინდა ეგ ხმალი, ან თუ სჭრისო. პასუხი ივანეს სიტყვით არ გაუცია, იქვე ხართუთის ძირში მდგარ სამი წლის მოზვერისთვის ერთი დაკვრით წაუცლია თავი.
ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე რამდენჯერმე იმყოფებოდა ქსნის ხეობაში. ფიცხელაურების გარდა, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქსნის ერისთავებთან. დავით გიორგის ძე ერისთავს (1817-1890) „ძმაო დათიკო“-თი მიმართავდა და ხშირად აცნობდა როგორც შემოქმედებით გეგმებს, ისე პირად გრძნობებს. ერის მოძღვრის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი (1865-1933), ნიკოლოზ ბარათაშვილის დიშვილი, სწორედ მან გადასცა ილიას გამოსაქვეყნებლად ბარათაშვილის პორტრეტი, რომელიც ახალგორში პოეტის დასთან ეკატერინესთან ინახებოდა, დღეს ეს ფოტო დაკარგულად ითვლება... როგორც სოფრომ მგალობლიშვილი იხსენებს, მისი თანამედროვე ქართული ინტელიგენციის ლხინს, მუდამ თან სდევდა „სიტყვა თამაში, სიტყვები, ექსპრომტები, მოსწრებული ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან წარმოთქმული მშვენიერ კილოზე ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები“. ილია ჭავჭავაძე კოლა ერისთავის ვაჟის - გიგუშას ნათლია იყო და ახალგორში მისი ხშირი სტუმარიც, რაც არაერთი ცნობილი მოღვაწის მემოარული ჩანაწერიდან დასტურდება...
ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ გამორჩეულ პოეტს - აკაკი წერეთელს ცნობილი ლექსი - „აღმართ-აღმართ" ახალგორში დაუწერია. ლექსის დაწერის ადგილი ბარდანაულის აღმართია... ლექსს მითითებული აქვს - 1876, 1 იანვარი ს. ახალგორი... აკაკისთვის საზეიმო წვეულება ახალგორის მეზობელ სოფელ იკოთში, ფიცხელაურების ეზოში დღესაც მდგარ კაკლის ხესთან მოუწყვიათ...
გალაკტიონი 1938 წელს იმყოფებოდა ქსნის ხეობაში, სადაც მოუნახულებია ახალგორი, იკოთი და კორინთა. „ქსნის ხეობა სიყვარულით შეეგება მგოსანს, მიართვეს ალპური მდელოს ყვავილები - ფრონტე, შროშანი, კესანე, ედელვაისი... მისალმებები, ლექსის ალავერდები, დიდებული სუფრა და ულამაზესი სულის მასპინძლები... ყველაფერი პოეტურად ერწყმის ერთმანეთს, ლხინი და მის ლექსებზე შექმნილი ჰანგები“...
გიორგი ლეონიძემ ახალგორში სტუმრობისას დაათვალიერა ხეობის ღირშესანიშნავი ადგილები: ერისთავების სასახლეები, ცაგარელების ულამაზესი სამსართულიანი სახლი სადგურის სიახლოვეს და შემდეგ ესტუმრა იკოთს, სადაც გამოუკითხავს ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის სტუმრობის ამბები. პოეტს მასპინძლობდა იკოთის მკვიდრი, მაშინდელი პარტიული მუშაკი მიხეილ გიგაური. მისი სტუმართმოყვარეობითა და გულუხვობით აღფრთოვანებულ გოგლას კედელზე სამახსოვროდ ლექსი მიუწერია: „ახალგორი ვინახულე და ბუნება იქაური, ვაჟკაცობით მომეწონა ჩვენი მიშა გიგაური“.
თითოეული ამ სახელოვანი ადამიანის სტუმრობა კეთილმყოფელ კვალს ტოვებდა სოფლის კულტურულ ცხოვრებაში.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ახალგორში
ნიკოლოზ ბარათაშვილს და - ეკატერინე (კატო) მელიტონის ასული ცოლად ჰყავდა ქსნის ერისთავთა შთამომავალს რევაზ ლუარსაბის ძე ერისთავს, რომელიც ახალგორში ცხოვრობდა.
კატოს და რევაზის ქორწილი 1844 წლის 29 ივნისს გაიმართა თბილისში. დედაქალაქიდან მეორე დღეს გამოემგზავრნენ. მექორწილეებს, ცხადია, დედოფლის ძმაც ახლდათ. გზად, მუხრანში სიძის ძმის ლევანის სიმამრს ქაიხოსრო მუხრანბატონს მიუპატიჟია. ყოველივე ამის შესახებ ტატო თვითონ წერს ზაქარია ორბელიანს: „რა დაბინდდა - შევედით ახალგორს. სასახლე ჭრაქებით იყო გაჩახჩახებული, მეიდანი მაშხალებით. ამ დროს ახალი არქიელი, წულუკიძე, კატოს დედამთილის ძმა, აქ იყო და მგალობლები მისნი იყვნენ, დეკანოზი შემოსილი ჯვარით მოგვეგება გალავნის კარებში, დაჰკრეს ზურნას სათარას სიმღერა, თანა გვყვანდა... თოფის სროლა და ხალხის ჭედვა და ყვირილი საუცხოვო სანახავს წარმოადგენდა; ამასთან მთვარიანი ღამე და მშვენიერი მდგომარეობა!..
რასაკვირველია, მეორე დღეს პატარძლის ჩვეულებისამებრ, კატო ქვეშაგებში იწვა, მესამე დღეს ადგა. მზითვი გაშინჯეს..." მეოთხე დღეს პატარძლისთვის ნიშნები მოურთმევიათ დედამთილს, მაზლებს, მულებს და რძალს. არქიელს დაულოცია და ოქროთი მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი უჩუქებია, „არქიელი ეზოში იდგა კარავში ჭადრების ქვეშო"... ამ ჭადრების ფოტოსაც უგზავნის ტატო ორბელიანს... სტუმარ-მასპინძელს ახალგორში ხუთი დღე უქეიფიათ და ახალგორიდან ნათლობაში წასულან კარალეთში, იქიდან ატენში „დიდი კნიაზის" გიორგი ერისთავის მამულში: „სულ შუშურები გვასვა, ერთის ლექსით კარგად გავატარეთ დროება მრთელი ორი კვირაო"- წერდა ერისთავთა მასპინძლობით აღფრთოვანებული პოეტი...
ბარათაშვილი მოხიბლულია სიძის და მისი ძმების უმაგალითო თანხმობით, ეკატერინესთან დამოკიდებულებით - რევაზი ზედ აკვდება კატოსო, ასევე სასახლის სიმდიდრით და უვალობით.
ბარათაშვილი სურვილს გამოთქვამს შემოდგომით ახლობლებთან ერთად კიდევ ეწვიოს ახალგორს, „თუ ღმერთი გვაღირსებს ერთად შეყრას, შენ, გრიგოლ, ილია, გიორგი, მამუკა უნდა ვეწვივნეთ ამ შემოდგომაზედ, რომ ლაზათი გავწიოთო - წერდა პოეტი ზაქარიას...
1844 წლის 15 აგვისტოს ტატო მამასთან ერთად დას ესტუმრა და ალევის მთაზე სამების დღესასწაული ქსნის ხეობელებთან ერთად აღნიშნა: „მე და მამა ალევობას, რომ ამ თვის თხუთმეტს იყო, ვეწვივენით კატოს. მანანა და ელენეც გარდმოვიდნენ სალოცავად. ის ღამეც და მეორე დღეც იყო მშვენიერი. საუცხოო ჯვარობა იყო. ახალგორიდან თორმეტი ვერსტია მაღალს მთაზედ... ის ღამეც და მეორე დღეც იყო მშვენიერი..."
სამწუხაროდ, შემოდგომით ვეღარ მოუხერხდა პოეტს დასთან სტუმრობა... 1845 წლის ივნისში განჯაში გაემგზავრა და ოქტომბერში მალარიით გარდაიცვალა...
რევაზს და ეკატერინეს ოთხი შვილი ჰყავდათ: ელენე, ნადეჟდა, ეფემია და ნიკოლოზი. ნიკოლოზ ერისთავი დიდი კაცი იყო, ილიას ახლო მეგობარი, მისი თანხით გამოიცა ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, მანვე გადასცა ილიას 1875 წელს ტატოს ერთადერთი პორტრეტი, რომელიც ახალგორში ეკატერინესთან ინახებოდა... სამწუხაროდ, ეს პორტრეტი მოგვიანებით დაიკარგა...
ბაშარულის სიყვარული
სიგელი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, 1798 წლის 14 აპრილით თარიღდება. იგი იმ ისტორიულ საბუთებს შორის იყო, რომელიც ვახტანგ ივანეს ძე ფიცხელაურის დედას, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმისთვის შეუწირავს.
იოანე ბატონიშვილის განაჩენი აბრამ ბაშარულის მიერ გოგოს მოტაცებისა და ცოლად შერთვის ამბავს უკავშირდება.
იოანე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილი იყო, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი... როგორც ცნობილია, კრწანისის ბრძოლის დროს, თანამებრძოლებთან ერთად, მტრის ალყაში მოქცეული სახელოვანი პაპა - ერეკლე მეორე ტყვეობისგან იხსნა, რითაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო... როცა ქსნის საერისთავო გაუქმდა, ერეკლემ ერისთავთა მამულები უფლისწულებს უსახსოვრა, გიორგის - ქსნის ხეობა, იულონს - ლიახვის ხეობა. გიორგიმ კი, კუთვნილი ხეობიდან ქსნის, საფერშეთის, ალევის, ცხრაზმის, ჭურთის, ქარჩოხისა და ჟამურის ხეობები იოანეს გადასცა.
1798 წლის სიგელიდან ჩანს, რომ იოანესთან „როჭიკაშვილის ნაზარის სახლობამ თინათინმა იჩივლა, რომ ჩემის სიძის ფიცხელაურის მსახურმა ბაშარულმა აბრამამ ჩემი გაზრდილი მხლებელი მომტაცაო და ცოლად შეირთოო“. რადგან ბაშარულს ქალი მისი პატრონის უკითხავად, „მოპარვით“ ჰყავდა მოტაცებული, მისგან ითხოვდნენ როჭიკაშვილისთვის ოცდაოთხი თუმანი გადაეხადა ან თვითონაც მისი ყმა გამხდარიყო.
წერილის თავში 1799 წლით დათარიღებული გიორგი XII-ის ხელწერაა: „ქ. ჩვენ ყოვლისა საქართველოს, ქართლისა, კახეთისა და სხვათა მეფე გიორგი ამ სამართალს ვამტკიცებთ და, ხერხეულიძე ეშიკაღაბაშო გიორგი, ეს ასე უნდა აღასრულო. ოკდონბრის ით“.
1800 წლის 26 ივლისს აშიაზე იოანეს მიუწერია: „ამ განჩინებას ესრეთ ვამტკიცებთ, რომ ბაშალურმა აბრამამ თეთრი ვერ უშოვნა და დარჩა ყმად როჭიკაშვილის გლახა ნაზირის სახლობას თინათინსო“.
წარწერა სიგელის მეორე გვერდზეცაა, იგი ნაზირ შალიკოვს ეკუთვნის და 1800 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება. შალიკოვი იგივე შალიკაშვილია, რომელიც მსხვილი ფეოდალური საგვარეულო სახლის წარმომადგენელი იყო, მათი ძირი გვარი როჭიკაშვილი გახლდათ... ნაზირის წარწერა ადასტურებს, რომ აბრამ ბაშარული მათ სისხლში ერგოთ და განაჩენის სამართლით „თავიანთ ქალს“ სოფიოს მზითვად გადასცეს. „ეს ბაშალური აბრამა თავისის ცოლ-შვილით ისე მიგვიცია, რომ თუნდა გაყიდოს, თუნდა მზითვად მისცეს. სოფიოს მეტს ხელი არავისა აქვსო“.
რა თქმა უნდა, აბრამ ბაშარულს მშვენივრად ეცოდინებოდა, რა მოჰყვებოდა მის ნაბიჯს, როცა ქალს იტაცებდა, ალბათ, იმიტომაც მოიტაცა, რომ სათანადო გამოსასყიდი თანხა არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონია დიდი გული და ჰყვარებია ნამდვილი სიყვარულით, ისე, რომ მზად ყოფილა ფიცხელაურის მსახურობა როჭიკაშვილების ყმობაზე გაეცვალა. მსახური შეძლებულ გლეხს უტოლდებოდა, მას მხოლოდ ლაშქრობა-ნადირობისა და თავადის კარზე სამსახური უნდა გაეწია... ფიცხელაურების სამკვიდრო იკოთი იყო, ბაშარულიც იკოთიდან უნდა ყოფილიყო. იკოთის მცხოვრებთა დიდი ნაწილი კი შედარებით პრივილეგირებულ გლეხთა კატეგორიიდან გახლდათ. ჩანს, აბრამმა საყვარელი ქალისთვის ყველანაირი პრივილეგია დათმო.
„სიყვარული არა კვდება, ნინორე“... ეს სიტყვები მახსენდება ახლა გოგლა ლეონიძის ერთ-ერთი გმირის მონოლოგიდან და მეც ათასჯერ ვიმეორებ: სიყვარული არა კვდება... ორ საუკუნეზე მეტი გავიდა იმ დროიდან, მაგრამ ბედისწერამ ალბათ ასე ინება, რომ აბრამ ბაშარულის სიყვარულს ჩვენამდე მოეღწია.
ჟამურელი ოსები
ჟამურის ხეობა ყელის ტბის მიდამოებიდან იწყებოდა, საიდანაც მოედინება მდინარე ქსანი და მოიცავდა ტერიტორიას ქარჩოხის ხეობამდე. სახელწოდება „ჟამური“ გვხვდება X საუკუნის სამთავნელის სარგოს წიგნში, იმ დროისთვის იგი ერთი კონკრეტული დასახლების ან შესაძლებელია რამდენიმე უბნის საერთო სახელწოდება ყოფილიყო. ჟამურის შესახებ ცნობები მოგვეპოვება XV საუკუნის სამთავნელის სამწყსოს დრამისა და შესავლის დავთარშიც: „ჟამურს პური დ, დრამა ი, ქ<ა>ლმ<ა>ნი ა, საბ(ე)ლი ვ, რ(ა)ი ხუცესს - ტყ(ა)ვი, მხარი და ყველი“.
ჟამურის ხეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაში“, როგორც იგი აღნიშნავს, ადრე ამ ტერიტორიაზე ქართველ გლეხებს უცხოვრიათ, რომლებიც შემდგომ ბარში ჩამოსულან და მათი ადგილი ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებულ ოსებს დაუკავებიათ.
ამ მხრივ საინტერესოა ასევე ი. გაგოშიძის მოსაზრება, იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ჟამურის ხეობის ბაგინისა და მცხეთურ ბაგინეთს შორის ტოპონიმიკურ თანხვედრაზე და მიგვანიშნებს ამ პერიოდში მოსახლეობის ქსნის ხეობიდან ბარში გადაადგილებაზე.
ქსნის ხეობის სათავეებთან მცხოვრები ოსების ეთნოგრაფიული ყოფის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი წყაროა ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ 1886 წლის 21 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული კ. ცხვედაძის სტატია: „ჟამური“.
რაც შეეხება ცხვედაძის წერილს, იგი იწყება ჟამურის ხეობის პატარ-პატარა სოფლების მიმოხილვით, ჩამოთვლილია რამდენიმე მათგანი: ზემო და ქვემო ბაგინი, თოგოიანთკარი, კორა... რომლებიც გაშენებული იყო ქსნის სათავეებთან, უზარმაზარ მთებზე, ქსნის ორივე მხარეს. სახლები მერცხლის ბუდესავით ყოფილან მთის კალთებზე მიკრული. ოსების უმთავრესი გასაჭირი იმ დროისთვის უგზოობა უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ვიწრო ბილიკებით შეიძლებოდა ხეობაში გადაადგილება, არამცთუ ცხენით, ფეხითაც კი საშიში ყოფილა იმ ადგილებში გავლა, კაცს რომ ბილიკიდან ფეხი აცდენოდა უფსკრულში გადაიჩეხებოდა. „როდესაც მე და ჩემ თანამოგზაურს მოგვიხდა ამ ნაირ ბილიკებზედ გავლა და გადავიხედეთ ძირს, ისეთი თავზარი დაგვეცა, რომ ჩემმა თანამოგზაურმა ვეღარცკი გამოიარა, სანამდისინ ხელი არ მოსჭიდეს და ისე არ გამოატარეს“ - სწუხდა წერილის ავტორი. როგორც იგი მიგვანიშნებს, აქ მოსახლე ოსებში დიდი ხანი არ იყო გასული, რაც ქრისტიანობა გავრცელდა, მაგრამ ჯერ ვერ იდგა მყარ ნიადაგზე, ხალხში ცრუ-მორწმუნეობასა და წარმართულ ჩვეულებას უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ოსები თაყვანს სცემდნენ ხეებს, რომლებსაც ღვთიურ ძალას მიაწერდნენ. ამ ხეებზე ან მათ სიახლოვეს დგავდნენ პატარა ყუთებს ფულის შესაწირად. ყველაზე უფრო შესამჩნევი ყოფილა ერთი სალოცავი ოთახი, რომელსაც კარები აღმოსავლეთისკენ ჰქონია. ადგილობრივ ხელისუფლებას უცდია მისი დანგრევა, მაგრამ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო გადაუფიქრებიათ, მხოლოდ კარების მდებარეობა შეუცვლიათ და დასავლეთისკენ ჩაუყენებიათ. სალოცავში დასავლეთ მხარეს ესვენა ვერცხლით შეჭედილი ჯვარი, რომელსაც „სირხი ძვარს“ ეძახდნენ. დეკანოზი მისი ხსენების გარეშე არ დაილოცებოდაო...
ცრუ-მორწმუნეობათა შორის ჟამურელ ოსებში განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა მკითხაობა: „არა მხარეში არ მოიპოვება იმდენი მკითხავი, რამდენიც აქ. ყველა მკითხავთა შორის განთქმულია მათე ყ-შვილი, მისი სიტყვა ხალხს ღვთიურ სიტყვად მიაჩნია. ხალხს რომ უთხრას: დღეს ნუ მუშაობთო, „სირხი ძვარი“ ჯავრობსო, რაც უნდა გაჩქარებული მუშაობა ჰქონდეთ, თავი უნდა გაანებონ; ან რომ უთხრას ვისმე: ესა და ეს ხარი უნდა დაუკლა „სირხი ძვარსაო“, ის დაუყოვნებლივ აასრულებს“. გამოირჩეოდნენ დაკრძალვის თავისებური რიტუალებითაც, მიცვალებულს შემოატარებდნენ ცხენს, საფლავში ატანდნენ პურს, არაყს... რადგან ფიქრობდნენ, რომ იქაც მოიხმარდა. მიწები უნაყოფო ჰქონიათ, იმდენად უნაყოფო, რომ ქერის გარდა არაფერი მოსდიოდათ, ისიც წლიდან წლამდე არ ყოფნიდათ. ხვნა-თესვის გარდა მისდევდნენ მესაქონლეობას, მაგრამ არც ამ მხრივ ეწყობოდათ ხელი, საქონელი ხშირად მთებიდან უგორდებოდათ და ეხოცებოდათ. მართალია, ჟამურის მთიანი ადგილი მოსავლის მხრივ უნაყოფო იყო, მაგრამ სამაგიეროდ, გამოირჩეოდა თავისი ციხე-კოშკებით, ეკლესიებითა და მინერალური წყლებით: „ციხეები და ეკლესიები ჟამურში ბლომად არის; მომეტებულ ნაწილად აგებულნი არიან მაღალის მთის წვეროებზედ. როდესაც კაცი უცქერის მათ, განცვიფრებაში მოდის და ეკითხება თავის თავს: რა ხელმა აზიდა ამისთანა მთებზედ, ან ქვა, ან კირი, ან წყალიო?
ყველა ციხეებზე უფრო შესანიშნავია თავისი მდებარეობითა და მოწყობილებით ბერის ციხე, სადაც, ხალხის გადმოცემით, წინედ სცხოვრობდნენ ბერები. ეს ციხე აშენებულია მაღალ გორაზედ, რომელიც დაახლოებით სიგძით იქმნება ოც-და-ათი საჟენი, ხოლო სიგანით რვა; გარშემო უვლის მდ. ქსანი. ეს ციხე ერთ მიუდგომელ ციხეთაგანია, ვისაც ჰსურს შესვლა შიგნით, მან უნდა გაიაროს ორი კარები; ერთს აღმოსავლეთისკენა აქვს პირი. როდესაც ამას გაივლის, უნდა მიუხვიოს აღმოსავლეთისკენ, აიაროს ქვის კიბე, შემდეგ მიბრუნდეს ჩრდილოეთისკენ და შევიდეს მეორე კარებში. ციხეში არის პატარა ეკკლესია, ეკლესიის ქვეშ მარანი, სადაც დიდრონი ქვევრებია. როგორც სჩანს ნანგრევებიდგან, ციხეში ბლომად ყოფილა სახლები“.
ჟამურის ხეობის „მრავალ მაღალ და კეთილნაშენ კოშკებიდან“ ბერციხეს გამორჩეულად მიიჩნევდა ვახუშტი ბატონიშვილიც. აქ მდგარ ციხე-კომპლექსის ზურგიან კოშკს მკვლევარები ადრე შუა საუკუნეებით ათარიღებენ, სამხრეთის ბოლოში მდგარ ცილინდრულ კოშკს კი - XVIII საუკუნით, უძველესადაა მიჩნეული კოშკებს შორის მდგარი უაფსიდო ეკლესიაც.
ჟამურის ხეობის საფორტიფიკაციო ნაგებობებიდან აღსანიშნავია ასევე ალავერდის ციხე-კომპლექსი, რომელსაც პარმენ ზაქარაია IX-X საუკუნეების ძეგლებში უძებნის ანალოგს. ბერციხისა და ალავერდის გარდა, ჟამურის ხეობაში, საგუშაგო დანიშნულების მქონე რამდენიმე მარტო მდგარი კოშკი გვხვდება, მათ შორის ბაგინის კოშკი, რომელიც საერთო მონაცემებით XVI-XVII საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.
როგორც ჟამურის ხეობაში, ასევე პატარა ლიახვზე, მეჯუდასა და ქსნის ხეობის შუა წელზე პოპულარული სალოცავი იყო წითელი ხატი, მის სახელზე ქსნის სათავეებთან ორი ეკლესია ყოფილა აგებული. წითელ ხატს „საშინელი ძალის“ მქონედ მიიჩნევდა ჯ. გვასალია: „წითელ ხატს მიეწერება საშინელი ძალა. მოსახლეობის რწმენით, წითელი ხატის მახლობლად გავლილი კაცი, ან ცხვარი იღუპება. სექტემბერში ყელის ტბის პლატოდან დაბრუნებული მეცხვარენი წითელი ხატის სახელზე ცხვარს ჰკლავენ. წითელი ხატი წმ. გიორგის სახელობისა ყოფილა. მოსახლეობას დღეს არ ახსოვს, მაგრამ პატარა ლიახვის სოფელ ბისოეთის ხატის ნანგრევებში ვნახეთ ჯვარი წარწერით, სადაც მოხსენიებული იყო: „წითელი წ~ა გიორგის ხატი“. ჩანს საქართველოში თეთრ წმინდა გიორგისთან ერთად ყოფილა წითელი წმ. გიორგის თაყვანისცემაც.
მამაჩემი გრიგოლ გიორგის ძე ახლოური (დაბ. 1948 წელს), პროფესიით პედაგოგი იყო და ზაფხულის არდადეგების დროს ცხვრის ფარას მსწყემსავდა, მას და მის მეგობარ მეცხვარეებს გალადურის, ქნუღის თუ სანგალის საზაფხულო საძოვრებამდე გზად ბაგინი უნდა გაევლოთ. მისი მონათხრობით ვიცი, რომ წითელი ხატის დეკანოზები დღესასწაულისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ და გაწმენდის ნიშნად, ლოცვის დაწყებამდე რძეში განიბანებოდნენ...
წითელ ხატს არც ბარში მიგრაციის დროს ივიწყებენ ოსები, XIX საუკუნის ბოლოს ახალგორიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ. დაშორებით, ნასოფლარების ფიჭვნარისა და გამყოფ ქედზე აუგიათ წითელი ხატის ნიში (60-30 სმ-ზე).
„ეს ნიშია წი
თელი ხატის
ნიშის შაგვ
ეწიოს“ - გვამცნობს ქვის ფილაზე ამოკაწრული ოთხსტრიქონიანი მხედრული წარწერა...
„ივერიის“ კორესპონდენტი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ჟამურის მჟავე წყლებით, რომლებსაც გემოთი ზელცერის წყალს ადარებს: „აქაური მჟავე წყლები გემოთი გვანან ზელცერის წყალს. როგორც გავიგე, აქედგან წაღებული წყალი გაუსინჯავთ გორში აფთექარს შეჰფსა და ერთს ექიმსა და უთქვამთ, რომ ძალიან კარგის თვისებისააო და არა რაიმე მავნებელი ნაწილი არ ურევიაო. მჟავე წყალი გამოდის სამგან: ერთი ზემო ბაგინაში და ორიც აქედგან ორი ვერსის ქვემოდ, ს. კორას ახლო. ძალიან კარგი სანახავია ეს წყაროები, ძირიდგან ისე ამოჩუხჩუხებენ და ისვრიან წინწკლებს, რომ კაცს ეგონება, განგებ არიან მოწყობილნიო. ქვა, ქვიშა, რაზედაც მოდის ამ წყაროების წყალი, შეღებილია წითლად, სისხლის ფრად“. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ქარჩოხის ხეობის სოფელ ბალაანში გაიხსნა მინერალური წყლის ქარხანა „ჟამური“, საიდანაც ზემო ბაგინიდან მჟავე წყალი პლასმასის მილებით გამოიყვანეს, ქარხანამ რამდენიმე წელს იმუშავა. „ჟამური“ დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ქართულ ბაზარზე.
ხეობის ბოლო სოფლები, სადაც მოსახლეობა შემორჩა ნავისხევი და ჩიგოიანი იყო. ისინი, ადმინისტრაციულად, ქარჩოხის სასოფლო საბჭოს ექვემდებარებოდნენ. უკანასკნელი მოსახლე, ვინც ქარჩოხს ზემოთ ჟამურის ხეობაში ცხოვრობდა, ილიკო ჩიგოევი იყო, ჩემს ბავშვობაში უკვე ღრმად მოხუცი...
კომუნისტების მმართველობის ბოლო პარიოდში ჟამურის ხეობაში სამანქანო გზა გაიყვანეს, აქედან ქარჩოხის ხეობელებს თივა მოჰქონდათ. მთებს ზაფხულში საქონლის გამოსაკვებადაც იყენებდნენ. მართალია, ქარჩოხიდან, სადაც ვცხოვრობდი, ჟამურის ხეობა რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული, მაგრამ ჩემთვის ნაცნობი იყო აქაური ადგილები, ხეობის ზემო ნაწილის ალპური ზონა, სადაც ცხვარში თუ სათიბზე ყოფნისას ღამეები გამითენებია.
ქსოვრისელი მედავითნე
ქსოვრისი ქსნის ხეობის ისტორიული სოფელია, მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დომიდან 640 მეტრზე. აქ გადიოდა საქალაქო გზა და სათავეს იღებდა ცნობილი „საგლახო რუ“. ისტორიულად მიეკუთვნებოდა წილკნელის სამწყსოს და შედიოდა მუხრანბატონთა სათავადოში. ქსოვრისში ყმებსა და მამულებს ფლობდნენ ქსნის ერისთავთა საგვარეულო სახლის განაყოფი რატიშვილები, გლურჯიძეები და ელიზბარაშვილები.
XVII-XVIII საუკუნეებში ქსოვრისი იყო დაღესტნელ აბრაგთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების მნიშვნელოვანი დასაყრდენი. აქედან ხელმძანელობდა 1723 წელს ქსოვრისში დაბანაკებული ქართლის მეფე ვახტანგ VI ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლას. გმირობის შარავენდედითაა მოსილი აზნაურ ზურაბ რატიშვილის სახელი, აბრაგებთან მებრძოლი ქსნისხეველის, რომლისთვისაც სამეფო კარს თავადის ტიტული უბოძებია. სწორედ რატიშვილების კუთვნილება გახლდათ სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძური - ციხე-დარბაზისა და ეკლესიის ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ქსოვრისის დიდებული ისტორიის უტყარი მოწმეო სოფლის განაპირას აგებული ცილინდრული კოშკი და XIX საუკუნეში დანგრეული სასახლის საძირკველზე აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ქართლის ეს უმშვენიერესი სოფელი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც XIX საუკუნის ბოლოს სკოლის გახსნაზე დაიწყეს ფიქრი, რის შესახებაც მოგვითხრობს 1898 წლის 29 აპრილის გაზეთი „ივერია“. წერილის ავტორი „ქსოვრელის“ ფსევდონიმით, სასიამოვნო მოვლენად მიიჩნევს ხალხის მიერ სწავლა-განათლების საჭიროებისა და აუცილებლობის დანახვას. მიესალმება სხვადასხვა სოფლებში სკოლების გახსნას და გვამცნობს ქსოვრისელთა გადაწყვეტილებას - სოფელში დაარსებულიყო სასწავლებელი, რისთვისაც ყველა დაბრკოლება გადაილახა.
ავტორი სამართლიანად მიიჩნევს განათლებას XIX საუკუნის ერთად-ერთ იარაღად, ურომლისოდაც არსებობისთვის ბრძოლა შეუძლებელი იქნებოდა... ქსოვრისელები მანამდე მუხრანის სკოლის სასარგებლოდ იხდიდნენ ფულს, რომელიც სოფლისგან 8 ვერსით (რუსული სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 1,06 კმ-ს უდრიდა) იყო დაშორებული, რის გამოც აქაური გლეხები ვერ სარგებლობდნენ აღნიშნული სასწავლებლით.
სოფელს მუხრანის სკოლის ხარჯისგან გათავისუფლების ნებართვა მიუღია, ამასთან, სკოლის დაარსების ინიციატორებისთვის დიდი დახმარება გაუწევია აქაურ მებატონეს ნ.ს. რატიშვილს, რაც საბოლოოდ საქმეს დადებითად წარსდგომია. სკოლისთვის, სამომავლოდ, სოფლის თავადაზნაურობასაც აღუთქვია ქონებრივი და ზნეობრივი დახმარება. მაგრამ სკოლის გახსნამდე უაღრესად მნიშვნელი ამაგი გაუწევია სოფლის მედავითნეს რომანოზ ჯავაშვილს. მას „აუბარებია“ გლეხის ბიჭები და წერა-კითხვა უსასყიდლოდ უსწავლებია: „ეს ორი თვეა, რაც დააწყებინა სწავლა, და ძალიან გულმოდგინედ და მუყაითად ეკიდება ამ საქმეს; სხვათა შორის, რომ ნახოთ, გაგიკვირდებათ ბავშვების ზრდილობიანობა და წეს-რიგიანობა. ჩვენის მხრივ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვებს ძალიან ახალისებს, არა ჰღლის იმათ გონებას: სწავლას შესწყვეტავს ხოლმე, გამოიყვანს თავისს შეგირდებს ეზოში, ათამაშებს, გიმნასტიკას აკეთებინებს და აჭიდავებს“.
რომანოზს მოსწავლეები სამ ჯგუფად ჰყოლია გაყოფილი: „შეგირდები განიყოფებიან სამ ჯგუფად; ერთმა ჯგუფმა კიდევაც შეისწავლა კითხვა, მეორე ჯგუფი ეხლა იწყებს, რადგან შემდეგ მიაბარეს, და მესამე ჯგუფში მოზრდილები არიან, რომლებიც დღე მინდორში დადიან: ზოგი მეხრედ, ზოგი საქონელში და საღამოზედ სწავლობენ, როცა შინ ბრუნდებიან“.
მედავითნის სწავლის შედეგიც მალე გამოჩენილა, ერთ-ერთ მოსწავლეს (10 წლისას) ბზობა დღეს მხედრული ასოებით დაწერილი სამოციქულო წაუკითხია და დიდ აღტაცებაში მოუყვანია საზოგადოება. თავადი და გლეხი ძლივს იჭერდნენ თავს „ვაშა“ არ დაეძახათ, საზღვარი არ ჰქონდა მშობლების სიხარულს, „წირვის გათავებამდე იმათ სახეს ღიმილი სიამოვნებისა არ მოშორებიაო“.
სასიამოვნო მოსასმენია „ქსოვრელის“ შემდეგი პერიფრაზაც: „სადღაც წამიკითხავს: „შენს თავს რომ ასიამოვნო, ეს ადამი(ა)ნური სიხარულია. თუ სხვას ასიამოვნებ, ღვთიურს სუხარულს (სიხარულს - დ.ა.) იგრძნობო“. მე მგონი, სწორედ ის „ღვთიური სიხარული“ უნდა ეგრძნო ჩვენს რომანოზს, როდესაც ნახა ისეთი სიამოვნება დიდისა და პატარისა. - თავისს შეგირდებს აგალობებს კიდეც, მხოლოდ ერთ-ხმად, უნისონით. რადგან თ(ვ)ითონ მუსიკა არ იცის, დახმარება სთხოვა ერთ ყმაწვილ-კაცს, რომელიც, იმედია, არ დაჰზოგავს თავისს ცოდნასა და შრომას“.
ბავშვების წყალობით ხალხს აქტიურად დაუწყია ეკლესიაში სიარული, რაც წინად არ ყოფილა შესამჩნევი. რამდენიმე კეთილშობილ ადამიანს ბავშვებისთვის ფული შეუკრებია და ტანისამოსი შეუკერია. გარდა ამისა, კნეინა მ. ზ. რატიშვილისას პატარებისთვის 12 ცალი „დედაენა“ უყიდია და სხვა ფულიც მიუცია. სასწავლო ნივთები სხვებსაც შეუწევიათ.
რაკი ბავშვები კითხვას ისწავლიან, მივცემთ საკითხავ წიგნებს და უქმად არ ჩაივლის მათი სწავლა, „თორემ ყველას კარგად მოეხსენება, მარტო წერა-კითხვის ცოდნით ბავშვი შორს ვერ წავა და მკვდარი ანა-ბანა გონებას ვერ გაუხსნის; მისთვის საჭიროა წიგნები. წიგნები-კი საკმარისი მოგვეპოვება. ყველა ჩვენის მწერლების ნაწარმოები, სახალხო და სხვა-და სხვა წიგნები 200-მდე გვაქვს, ჟურნალ-გაზეთების გარდა. ყველა ეს წიგნები, რომ ერთად შევაგროვოთ, კაი წიგნთ საცავი-გვექნება, მერე თან-და თან გავამდიდრებთ. ასეც ვაპირებთ. აი, ამიტომ გვიხარიან ჩვენის მედავითნისაგან დაწყებული საქმე და სრულის თანაგრძნობის ღირსია ესოდენ საკეთილო მისწრაფება რომანოზ ჯავაშვილისა და სამაგალითო ყველა ცოტად თუ ბევრად შეგნებულ კაცისათვის. ამას ითხოვს ჩვენი კაცური კაცობა, სიკეთე გლეხის ბავშვებისა, რომელთაც ასე სწყურიანთ სწავლა“ - წერს „ქსოვრელი“.
ყოველ კეთილ საქმეს ყოველთვის წინ ეღობებოდა ეკუთურობა, რომელსაც ასევე გვიმხელს წერილის ავტორი. მისი ცნობით, სოფელში „ერთი ყმაწვილ-კაცის“ ხელმძღვანელობით, რატიშვილების საგვარეულოდან შემდგარი ყოფილა ქალებისა და ყმაწვილების პატარა ხორო, რომლის ტკბილი და მწყობრი გალობით არაერთხელ დამტკბარა ადგილობრივი საზოგადოება. გალობდნენ „კარბელოვის კილოზედ, ნოტებზედ გადაღებულს ანდ. ს.-ძის ბენაშვილის მიერ“. „აი ამნაირივე ხორო უნდა შეედგინა ზემოხსენებულ ყმაწვილ-კაცს გლეხის პატარა გოგო-ბიჭებისა, და, წარმოიდგინეთ, ყოველ ღონესა ჰხმარობენ, საქმე შეაფერხონ და დაუშალონ. საოცარია, ღმერთმანი!“
არც ეს უკუღმართობა უკვირს „ქსოვრელს“: „ეჰ! ჩვენის უკვდავის პოეტისა არ იყოს: „კარგი რამ გვჭირდეს, გვიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო“ - დასძენს გულისტკივილით...
ქსნის ხეობიდან წაღებული „ვეფხისტყაოსანი" და გრამატიკა...
ისტორიულ ქსნის საერისთავოში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა არსებობდა, მათ შორის ლარგვისი, ახალგორი, ბელოთი, მეჯვრისხევი, ყანჩავეთი, იკორთა და ასე შემდეგ... არამარტო ქსნის ერისთავებს, სხვა თავად-აზნაურებსა თუ მოურავებს მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკები ჰქონდათ.
1895 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის ილარიონ ჯაშის მოგონებები საერთო სათაურით: „ჩვენ ისტორიკოს-მეცნიერთა საყურადღებოთ“. წერილში საუბარი ქსნის ხეობის ეკლესია-მონასტრებსა და კერძო კოლექციებში არსებულ სიძველეებზე, რომელთა დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, ჩვენამდე აღარ მოუღწევია. მათ შორის აღსანიშნავია ერთი ფრიად საინტერესო ცნობა ახალგორის მოურავ ფიცხელაურების მდიდარ ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი წიგნების შესახებ: „როდესაც თფილისის სასულიერო სასწავლებლის მეორე კლასში ვიყავი, მე მქონდა ვეფხის ტყაოსანი ტყავზე დაწერილი და ლურჯ ქაღალდზე ხელნაწერი გრამმატიკა. ეს ორივე მაჩუქა ჩემმა დედინაცვალმა, ფიცხელაურის ქალმა. ერთმა მასწავლებელთაგანმა (რომლისაც დასახელება არ მინდა) გამომართვა და აღარ დამიბრუნა, ის მასწავლებელი თფილისში აღარ იმყოფება. ნეტავი ეს წერილი წაიკითხოს, შეირცხვინოს და ის წიგნები წერა-კითხ. გამავრც. საზოგადოებას მაინც გადასცეს.
მღვდელი ილარიონ ჯაში"
ილარიონი ლარგვისის ეკლესიის მედავითნე-დიაკვანის თეიმურაზ ჯაშის შვილი იყო, ამიტომაც დაუკავშირდა მისი ბავშვობა ქსნის ხეობას. მან ბევრი საინტერესო ცნობა შემოგვინახა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პრესაში...
„ვეფხისტყაოსანი“ და გრამატიკა კი, სამწუხაროდ, ილარიონის მასწავლებელს აღარავისთვის დაუბრუნებია...
