და ქუჩებს იკლებს კისკისი მათი,
ქალებს სითბო და ალერსი უნდათ
და ნეტარების სურთ მისამართი.
შენ კი ქუჩაში თავჩაქინდრული
მიდიხარ, როგორც წარსულის მოწმე,
რაც გაგახსენდა, გული გატკინა,
მოგონებები ცრემლებით მორწყე.
წავიდნენ, გაქრნენ, თითქოს ლანდები
და მიჩუმათდნენ შენში ვნებები,
ხელაწეული წარსულს ბარდები,
დროს ძველებურად ვერ ეგებები.
საით ბატონო, არ მიგვატოვო!
გეძახის ვიღაც, მოგზდევს და კვნესის
და მიგაცილებს დასასრულამდე,
იმედი შენი ღარიბი ლექსის.
***
დაშრა შენი სიყვარულის წყარო,
წვეთ-წვეთობით, თითქოს წუთებს ითვლის,
წყაროსავით სიცოცხლისთვის ვწვალობ,
მივინავლე, აღარა ვარ თითქმის,
უცვლელია მონატრება ხვალის,
უცქერიან შენს ცრემლიან თვალებს,
მომავალი ვერ პირდება ხალისს,
მონატრებად ქცეულ ჩრდილებს, მკრთალებს.
უცქერიან კრძალვითა და რიდით,
იხსენებენ სათებს და წუთებს,
იგონებენ მოკრძალებით, რიდით,
ვერ არჩევენ გიყვარდეს თუ გძულდეს.
***
ვინ ჩამოთვლის მოულოდნელ ღალატებს,
ვინ დაითვლის ტყვიას მტრისგან ნასროლს,
თავგანწირვა უკვდავებას ღაღადებს
და სიკვდილი უკვდავებად ფასობს.
მერამდენჯერ მიუსაჯეს არყოფნა,
გაუხვრიტეს შუბლი ლომის ბოკვერს,
საქართველოს მერამდენედ ესროლეს
და ილია მერამდენედ მოკლეს.
ვერ შეიქნა დრო ტკივილის დამთვლელი,
გადაიქცა სიხარული გლოვად,
თავგანწირვას ვერ გაექცა ქართველი
მტერსაც უკვირს აქობამდე რომ ვართ.
არსებობა ტკივილია ხანგრძლივი,
გაუძელი, ტკივილებს და რისხვას,
ცოტა დარჩა გასარბენი მანძილი
და ცოტა დრო - ილიამდე მისვლას.
***
ჩვენ ცოტას ვცოცხლობთ ბევრის სურვილით,
ვცვლით ერთმანეთში ნდობის ბარათებს,
არის იმედი ქვეყნად სულ ვივლით,
მაგრამ იმედი სულ არ ამართლებს.
არის ცოტაშიც ბევრი იმედი,
აქვს იმედს ფიქრის წვდომის უნარი,
მაგრამ, როდესაც უნდა ვყვიროდეთ,
საუბედუროდ ვხდებით მდუმარე.
განუსაზღვრელი არის ოცნება,
ვმონაწილეობთ დროების ცვლაში
რატომღაც მიწა ფეხქვეშ გვეცლება
და ვრჩებით ფრთების გარეშე ცაში.
ახლა სიჩუმე არის ბრალდება
და იკარგება სიმართლე დროში,
ადამიანებს ჰყოფნით ბრალდებად,
რადგან რჩებიან მსმენელის როლში.
ჩვენ ცოტას ვცოცხლობთ ბევრის იმედით
და ვხედავთ იმედს ხშირად ცოტაში,
გვაქვს ჩვენი წილი ცოდვა და თმენა,
ვმონაწილეობთ დროის ცოდვაში.
***
მარტს ემსგავსება ხანდახან გული,
წვიმებით, ცივი ხასიათებით,
ხდება ცხოვრება მწარე და რთული,
შეუცნობლობით ვხასიათდებით.
წაიყოლიეს ცივმა ქარებმა,
სითბო, სიმხნევე, დროის სინაზე,
გაახმაურეს ქუჩის ქალებმა
ჩემდამი ტრფობა მტრების ჯინაზე.
მარტს ემსგავსება თანდათან გული,
და ყველაფერი ხდება მარტივად,
გაოცებული ვრჩები ხანდახან,
უჩემოდ გული როგორ არ გტკივათ.
***
ვერ შევძელით,გვქონებოდა,
უკვდავების გარანტია,
ლექსებს რომ ვწერთ,
მწერლად გვთვლიან,
რუსთაველმა გვაპატია.
დაებედათ უკვდავება,
ვაჟასა და გალაკტიონს,
თუ შევცოდეთ გულუხვობით,
რუსთაველმა გვაპატიოს.
ყველა ქართველს,ლექსის მწერალს,
აქვს მუდმივი პრეტენზია,
ყველა იპყრობს ლექსის მწვერვალს,
თვასაჩინო კედელზეა.
დაფნის მწვანე გვირგვინებით,
სამეჯლისოდ ირთვებიან.
ვინც გარითმა თითი ლექსი,
პოეტებად ითვლებიან.
რუსთაველის მოთმინებამ,
უწინამძღვრა გალაკტიონს,
ლექსებს რომ ვწერთ,რუსთაველის
საქართველომ გვაპატიოს.
***
გისურვებიათ რომ მე დამხატოთ,
გაფერმკრთალებულ დროის მზგავსებით,
შეგირჩევიათ ფონად გლახა დრო,
როცა მწერლები არ ვევასებით.
შეგიმჩნევიათ, რომ სევდა მაკრთობს,
შეგირჩევიათ მკრთალი ფერები,
როცა საკუთარ თავთან ვკამათობ,
ჩემს მარტობას რომ ვეფერები.
ჩარჩო არ უნდა ჩემს სიმყუდროვეს,
სევდა განავრცეთ, სანამ გაგწვდებათ,
ჩემი სიმძიმე და სიმსუბუქე
ბეჭებზე ტვირთად არ დაგაწვებათ.
დახატეთ ერთი მწვანე ფოთოლი,
რომელიც ჭკნება და ვერ შველიან,
ქარმა რომ ციდან ჩამოაფრინა,
რომ ათოვს, აწვიმს და შიშველია.
გისურვებიათ რომ მე დამხატოთ,
სული დახატეთ, თუმცა არაჩანს,
რომელიც ზეცას გამოეპარა
და უსხეულოთ ვეღარ გადარჩა.
***
ზამთარში დავხატე გაზაფხული,
ეს თოვლიც დადნება, დამიწდება,
ხანდახან მთვლემარებს განზრახული,
ყვავილზე პეპელა მავიწყდება.
უთქვენოდ ჩაქრება სურნელება,
ჰაერს ვერ გაბანგავს, ააბოლებს,
რა არ თქვეს მოშურნე სულელებმა,
ნათქვამი ხმამაღლა გამაგონეს.
შევნიშნე ფუტკარი დამვიწყნია,
მზის სხივმა თვალები ვერ ამიწვა,
ქვეყანას სიმწარე მოეძალა,
უთაფლოდ გამწარდა დედამიწა.
ზამთარში დავხატე გაზაფხული,
ზეცამდე ატმების ალი წვდება,
სიბერით მთვლემარებს გაზაფხული,
ყვავილზე პეპელა მავიწყდება.
***
ნიშნად იმის, რომ ნამდვილად ლომი იყო,
გალიაში ჰყავდათ, დიდხანს ღრიალებდა,
პასუხობდა, თავზარდამცემ ყველა კითხვას,
„დანაშაულს“ მაინც არ აღიარებდა.
დაუთვალეს ჩადენილი ცოდვა-მადლი,
მის სარდლობით თუ რამდენი ომი იყო,
ერთადერთი აწუხებდა, კლავდა დარდი,
დაივიწყეს, რომ ნამდვილად ლომი იყო.
დრომ სიმშვიდეს შეაგუა, მიაჩვია,
მშვიდად ისმენს განაჩენს და არ აკვირვებს,
ყველაფერი სისულელედ მიაჩნია,
გალიიდან არსად წასვლას არ აპირებს.
თუ მოკვდება, უნდა სამშობლოში მოკვდეს,
არ ადარდებს საწუხარი დანარჩენი,
თუ მოკვდება სამშობლოში, სხვაგან არსად,
სამშობლოა მისი ბოლო განაჩენი.
***
მიტოვებული საწოლი რკინის
და უცნაური სიკვდილის განცდა,
მწარე სიმართლედ მოედო თბილისს
და სიმარტოვის მოლოდინს გასცდა.
ცისკენ გაფრენას გავდა სიკვდილი
მარადისობის ვნების აშვებით,
უცებ აივსო მთელი ქვეყანა
თვალცრემლიანი დიდი ბავშვებით.
არ იყო მიწა მისთვის სიმშვიდე,
იყო საჭირო ღმერთამდე მისვლა,
წავიდა, დათმო, ერთადერთობა,
უიმედობა იმედით იხსნა.
***
ყველა ზამთარში თოვლი თეთრია,
სხვა ფერებზე რომ არ ქორწინდება,
თოვლის სითეთრე ერთადერთია,
არასოდეს რომ არ მოგწყინდება.
რაც სპეტაკია და მსუბუქია
პეპელასავეთ თეთრად ფარფატებს,
მიუწვდომლობა არის ზამთარი,
რომ მოინდომეს და ვერ დახატეს.
შენს ნაფეხურებს დავეძებ თოვლში,
რომ მომიყვანოს თოვლმა შენამდე,
ვარ გაწბილებულ მეძებრის როლში
ერთინაბიჯი მრჩება შველამდე.
***
მტერმა საათი მაჩუქა,
მაჯას შევაბი, გაჩერდა,
არ წიკწიკებდა ყოველთვის,
უსაქმურობას მაჩვევდა.
ისეთ დროს გამაღვიძებდა,
რომ უნდა დამძინებოდა,
დროს მახსენებდა საშინელს,
გული რომ დამძიმებოდა.
ვთქვი, მოვიშორებ, მოვიხსნი,
მივხვდი რომ არასანდოა,
მაგრამ დროს როგორ მოისვრი,
მითუმეტეს თუ სხვა დროა.
დავჩერებივარ, მაკვირვებს,
სხვა დროა, სულ სხვას აჩვენებს,
ჩემს გაგიჟებას აპირებს
და გულისცემას აჩერებს.
***
შენს თავთან უნდა იყო მართალი,
დრომ შუაგზაზე რომ არ გიყელოს,
უნდა შეიძლო შენი ზამთარი,
სხვამ გაზამფხულად გამოიყენოს.
უნდა წაართვა წლებს ყველა წუთი,
დრო მოახმარო ფიქრს და იმედებს,
შემოირიგო, ის ვისაც სძულდი,
ვინს მოფერებას ვეღარ იმეტებს.
უნდა შეიძლო იმედს ისხამდე,
სიბნელეს მზერით შუქი მოჰფინო,
უნდა შეიძლო ღმერთან მისვლამდე
არავინ დაგრჩეს უკმაყოფილო.
შენთავთან უნდა იყო მართალი,
გზა გაუწალდო მტერს და მოკეთეს
და იხსენებდე, რომ არსაკიძეს
მკლავი რატომ და რისთვის მოკვეთეს.
შეიძლო ბედში დროის ძიება,
განსაცვიფრებლად იყო დამთბარი,
იგრძნობ რა მშვიდად დაგეძინება,
გაზაფხულდება შენი ზამთარი.
***
გარეთ თოვლია, სითეთრე მოსავს
ყველაფერს, რასაც თვალით უცქერი
და ელავს თოვლი, როგორც ულექსოდ,
შემორჩენილი თეთრი ფურცელი.
მოვა ვიღაცა, ფეხებით დაწერს
თოვლზე სტრიქონნებს,
დაკეტილ კართან,
შეგვეხარბება, რადგანაც ამ წელს
თოვლში მიგვასწრო საყვარელ ქალთან.
შეგვეხარბება, რომ უჩვენობით
დღე აცახცახდა, გაფითრდა თრთოლვით,
რომ ჩვენზე ადრე დრომ იზეიმა,
ყოფნა იმედით, ქალით და თოვლით.
***
დამიხატეს სამოთხე,
სამოთხეში შენ ხარ,
მეკითხება მაცილი:
სამოთხეში შეხვალ?
ნაბიჯებით ვცილდები
ორაზროვან მაცილს,
ორაზროვან სიცილში,
ვამჩნევ შენს თავს მაცლის.
დამიხატეს სამოთხე,
სამოთხეში შენ ხარ,
მეკითხება მაცილი:
სამოთხეში შეხვალ?
***
უნიჭო კაცს ნიჭიერმა უღალატა,
რომ უნიჭო იყო დიდხანს უმალავდა.
იმის ართქმა, რაც გაწუხებს, სირცხვილია,
მითუმეტეს ნიჭიერის სიმცირეა.
უნიჭო კაცს ნიჭიერმა უღალატა...
***
დამთავრდა ომი, დაჭრილებს ვითვლი
და გარდაცვლილებს მიწაში ვმარხავ,
შეუხორცებელ ჭრილობებს ვითვლი,
იმათ, ვინც მტკივა და ვეღარ ვნახავ.
დამთავრდა ომი...
ომი იწყება,
უსასრულოა ტკივილის განცდა
და სახლში მიმაქვს არდავიწყების,
ტყვია, რომელიც შემთხვევით ამცდა.
***
სიკვდილი დასვენებაა,
საფლავი გახსენებაა,
ღმერთი მკვდარსაც და ცოცხალსაც
თანაბრად უნდა წყალობდეს,
უნდა იცოცხლო იმგვარად,
სული არ უნდა წვალობდეს.
წელგამართული იარო,
იარო, კიარ იცოცო,
წარსულსაც ჰქონდეს პატივი,
სიკვდილის მერეც იცოცხლო.
***
საოცარია თვისება ყურის,
ესმის ჩურჩული, ყვირილს ვერ იტანს,
სულ მართალია, არასდროს ტყუის,
გამორჩეულად უსმენს ელიტას.
ართობს გონებას და აიძულებს
დაიმახსოვროს ტყვილი, მართალი,
განსაკუთრებით არ ავიწყდება
სიტყვა ბრძენი და ტკბობით გამთბარი.
არსიამოვნებს, როცა ტირიან
და ხმოვანდება ცრემლით ვარამი,
ხვდება ტკივილი რამარტივია,
შეუცნობელი და შემზარავი.
საოცარია თვისება ყურის,
ბევრ საიდუმლოს ისმენს, ინახავს,
არ უყვარს ენა თუ ტირის, ყმუის,
როცა ტირილი არდაგინახავს.
***
წავიდა დაგვემშვიდობა, ღია დატოვა იარა,
მგონი არსად არ წასულა, გიარ გამოიარა.
მგონი თვითონვე ისურვა
თავის დაღწევა წამიდან,
მგონი არსად არ მისულა,
არც არსაიდან წასულა.
მხოლოდ სულელის ნატვრაა,
ამქვეყნად ყოფნა მუდმივად,
კრძალვა ისწავლეთ სიკვდილის,
მარადისობა თუ გინდათ.
***
გასიზმრდა თითქოს წუთიერება,
გამოღვიძებას აგვიანდება
და სიგარეტის ნამწვავის ბოლში,
წუთისოფელი ნაგვიანდება.
და მაინც ისევ არსებობს ფიქრი,
რომ წვიმა წაშლის ყველა ნაკვალევს,
ადამიანურ მოუთმენლობას,
სიკვდილის შიში ვერ შეაკავებს.
იმსხვრევა ფიქრის ვულკანი ცეცხლათ
და ემუქრება დელგმა სამყაროს,
რომ ქალის კოცნა და სურნელება,
თავდავიწყებად გადამაყაროს.
ცოცხლობს სიცოცხლე,
სიკვდილთან ვერ ძლებს
და ვარსკვლავებად იმსხვრევა ზეცა
და ავიწყდება კაცობრიობას,
რომ ღმერთი ისევ თავისთავს ძერწავს.
***
ვნახე ბათუმი და მერამდენედ
ვთქვი, ვინც მიყვარს, ზეცაში სახლობს
რაც ხდება ხშირად თვალს ვერ ვადევნებ,
ვცხოვრობ ოცნების და ფიქრის ახლოს.
სხვა ბათუმია თვალი რომ ხედავს,
თვალი რომ ხარობს, წარსულს ანედლებს
და შენ წარსულის დღევანდელ მხედარს,
გაჩვევს მომავლის სიგრძე-განედებს.
და ეგუება სიმაღლე სივრცეს,
ღმერთი ზეცისკენ მიითრევს ბადეს,
დრო სამომავლო ოცნებებს იცმევს
და წარსულს ისევ ხელახლა ბადებს.
და შესამჩნევი ხდება თანდათან,
როგორ ყვავილობს სიცოცხლის არსი,
მარადიული ხდება ცხოვრება,
გამოგონებულ სიცოცხლის მზგავსი.
მიიპარება ცისკენ სიზმარი,
უნდა წარსული ცაში დაკრძალოს,
რაც განვიცადე, ლექსად გიგზავნი,
რომ წააკითხო ფიქრი სამყაროს.
***
ტყვილში ვეძებდი სიმართლეს ხშირად,
გაუგებრობით ამაოდ დავშვრი,
სიმართლისაგან ვიყავი მშივრად,
ვით ძუძუ გამშრალ დედისგან ბავშვი.
ვერ ამოვძვერი ზღაპრის გუდიდან,
ვერ შევაგუე სიზმრებს გონება
ვერ გადავშალე მახსოვრობიდან
ეს უცნაური გამოგონება.
ტყვილში ვცვლი მართალს, ტყვილი გაძვირდა
და სანანებლად შემრჩა მართალი,
ვარ ლოთობისგან გამრუდებული,
ლექსის სტრიქონი გაუმართავი.
***
თითქოს დამკაწრეს წვიმის წვეთებმა,
ვმალავ სატკივარს, მწარეა ხვედრი,
გადამავიწყდი, ნუ გეწყინება,
ჩემს სანუგეშო მოვლენებს ვხედნი.
თუ შეგუება იყო მთავარი,
ეხლა მთავარი არის გავექცე,
იმას, რაც ნაღველს გამიორკეცებს,
ყოველდღიურად ფიქრში დავეძებ.
დაბერდნენ გზები, წვიმაც ბერდება,
სიცივე წვიმის უფრო მატულობს,
ვატყობ სურვილი არ დანებდება,
რასაც მუდმივად გული ნატრულობს.
ვოცნებობ როდის დადგება წუთი,
დრო მოინდომებს სულთან გამყაროს
და დამანახვებს, ვუყვარდი? ვძულდი?
თუ ვამძიმებდი ცოდვილ სამყაროს.
***
იქნებ დრო დადგეს მართლა დაწერო ლექსი,
კარზე მოგადგეს შეუცნობელი განცდა,
იქნებ გაიდგა მახსოვრობაში ფესვი
და გაიხსენო ტყვია, რომელიც აგცდა.
იქნებ დრო დადგეს ფიქრი დავტოვო კართან
განსაცდელიდან ჩემთან მოდიო, მიხმო,
აღარ დამტოვო ჩემს საოცნებო ქალთან,
გამომიხმო და შეუცნობელზე მკითხო.
იქნება მოხდეს სასწაული და ვიგრძნო
შენი სხეულით ათრთოლებული განცდა,
თვალი შეგავლო როცა, იცმევ და იძრობ
და შემაგუო მოულოდნელ მარცხთან.
