ყველა სტატია
გამოქვეყნებული

გალაკტიონ ტაბიძე — სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

გალაკტიონ ტაბიძე7 წთ საკითხავი15
გაზიარება
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,

და თუ როგორმე ისევ გათენდა-

ღამენათევი და ნამთვრალევი,

დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი

მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,

შემოიჭრება სიონში სიონში სხივი

და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი

გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!

შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,

წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -

ღამენათევი და ნამთვრალევი

სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

სული, ვედრებით განაოცები,

შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი,

მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

ღამე ნათევი და ნამთვრალევი

ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

დღე შემოდგომის ცივი

დღე შემოდგმის ცივი

ვერსად პოულობს ალაგს,

უკანასკნელი სხივი

ემშვიდობება ქალაქს.

კუნძულებიდან ქარი

მოდის უდაბურ დღეთა,

სწუხს ტრამვაების ზარი

და ავტოების ბნედა.

ტყვიისმფრქვეველის კაკანს

და კონონადას დღისას,

ბნელ სადგურების ბაქანს

მისდევს წუხილი ტყისა.

მიდის. არა აქვს სახლი

და ბედნიერი ბინა,

რუხი ფარაჯის ახლო,

ჯარისკაცების წინა

და ყველაფერში, რასაც

დღე უცქეროდა ნდობით,

იხატებოდა მასსა

გამწარებული ომით.

ვაგნერი

მე მხიბლავს ეს ქანდაკება, ზღვა-აღმაფრენით ტყვემქნელი -

ვაგნერი, წმინდა, ვით ზეცა და ბნელი, როგორც ქვესკნელი.

ვაგნერი, დისსონანსების მშვენიერებათ შემქნელი,

ნელი-ნელ მატყვევებელი, ამღელვებელი, მვნებელი.

მე მესმის წყნარი შრიალით ქაოსი ქვეყნის შექმნის დროს

და აღმაფრენა შემქნელის, რომ ზეშთამგონელ წამს უსწროს

და სახე მელოდიების განცდით წამებულ-ვნებული

და მესიზმრება გრიგალი ბოროტად მიძინებული.

წარვლიან საუკუნენი და ყოველივე, რაც ხდება,

ისევე წყნარი დუმილით დავიწყებაში გაჩნდება:

მარად დამწველი ჰანგები ლოენგრინესი ცად მყვანის,

მწუხარე ამონაკვნესი იზოლდასი და ტრისტანის,

ამონაკვნესი, რომელსაც მომხიბვლელად ქმნის ზღვა-ვნება,

ჰანგი ახალის ძიების, სიმღერა ვალკირიების -

სამარადისო, დაუჭკნობ და წმინდა ძეგლად დარჩება.

პარიჟი

მონ-მარტრში შენი თვალები -

ღრმა, უბოლოო, უსახო.

შენ კვნესი, შენ იმალები,

არც ვინ გყავს, რომ დაუძახო.

უდაბნოდ გაჰქრა მრავალი

სიკეთე, ზნე და ზნეობა

არავინაა მავანი,

გაგიყოს მოცალეობა.

ატარებ ნიღაბს და რიდეს,

არ უცდი გამოდარებას,

ო, სასიკვდილევ, სიმშვიდეს

ვინ მისცემს შენს მშფოთვარებას?

ულევი, უანგარიშო

შიშით და ჟრჟოლით ამტანი -

შენს არემარეს, პარიჟო,

აშუქებს კაფეშანტანი.

ორი მილიარდი

შენ კი, ორი მილიარდი

კაცით სავსე მიწავ -

ზოგან გავსებს ია-ვარდი,

ზოგან ჭინჭარს იცავ.

ბორგავს შენი მძლავრი ზვავი

ეს სივრცე და განი -

მოყვითალო, თეთრი, შავი

და წითელი კანი.

მოიშორო, დროა, დარდი,

ათას მზეს ნუ ფიცავ.

აღსდეგ, ორი მილიარდი

კაცით სავსე მიწავ!

ორატორია

გასწი! შენი გზა ანათებს ხანას,

რომ მიუვალი გზები ახარო

ყოველ ფაბრიკას, ყოველ ქარხანას,

ყოველ მაღაროს.

გაჰკივლე რკინას, თუჯსა და ნახშირს,

ახალ ტეხნიკას, ახალ მანქანებს;

შენი კივილი გარეთ და სახლში

ბევრს განწირულად ააქაქანებს.

გაჰკივლე ცემენტს, ნავთს, მინერალებს,

შოსსეს, გზატკეცილს, მაინც და მაინც

შეუნთე სოფლელ მეურნის თვალებს,

და მის განუყრელ ტრაქტორს, კომბაინს.

გაჰკივლე ჩვენი ხუთწლედის გმირებს,

რომ ჩვენ ვიზრდებით და აგრე რიგად

მალე ტეხნიკით ვერ გაგაკვირვებს,

ტეხნიკის კერა, ჰეი, ამერიკა.

დაეშვი, ფარდავ, ევროპის ძველის,

იქ ხომ არ ინდობს არვინ არავის;

დასრულდეს აქტი უკანასკნელი

დრამის, მტრისათვის გულშემზარავის!

სად?

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,

სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?

რას მომცემს ისეთს მე საქართველო,

და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?

არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს

ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,

ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები

და ვეთხოვები მწარე ქვითინით.

მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება

ედემის ციურ ხატებად სთვლიდა.

ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,

ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.

აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,

ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?

ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,

მაგრამ არავინ იძლევა პასუხს!

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,

სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?

რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,

და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?

არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში

ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...

ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,

მაგრამ არავინ იძლევა პასუხს...

ფარვანა

ნათელს, აღგზნებულს,

სხივით ანთებულს,

შეფერადებულს,

ჩემო ფარვანავ, თავზე ევლები,

მაგრამ ვინ იცის,

როდის დაიწვის

გზნება შენი ფრთის,

სანთელთან რომ თრთის...

როდის მოკვდები, ან სად გაქრები?

მუზავ, შენც სულით,

ფრთაგანწირულით,

ნეტარ ჩურჩულით

ხელოვნებისას უღიმი ტაძარს,

მაგრამ ვინ იცის,

ტანჯვა სად გიცდის,

როდის ან რისთვის

სამსალა ძიმწრის

ეკლების გვირგვინს მოგიძღვნის საზარს?

ქალწული

როგორც წყნარი ღიმილი

ნათელ კაეშნიანი,

ღამე დაუვიწყარი,

ღამე მსუბუქფრთიანი,

ეფინება მაღალ მთებს,

ეფინება ველს მწვანეს,

და ვერცხლისფრად ანათებს

მკვდართა სამყოფ სავანეს.

ჯვრებს და ლოდებს, აკლდამებს

ლანდი ღონემიხდილი

დასწოლია აჩრდილად -

შავი, როგორც სიკვდილი.

ღამის სიო ზვირთივით

ბალახს ედუდუნება

და მთლად გარინდებული

მას ყურს უგდებს ბუნება.

ჩუ, სად ისმის ქვითინი

გულით ამონახეთქი,

ოჰ, არ გესმის ეს ოხვრა?

სიოვ, დაჩუმდი-მეთქი!

ოჰ, რამდენი ტკივილი,

რამდენი მწუხარება

და რამდენი ვაება

ამ ხმებში იფარება.

სდგას ქალწული საფლავთან

და მთებს კი ღამის ჩრდილი

დასწოლია ლანდებად -

შავი, როგორც სიკვდილი.

ლურჯი ხომალდი

ხომალდი ლურჯი, დაღლილი სახით

მოსული გუშინ, ისვენებს გვიან,

ადევნებული მთვარის მაზარით

ანძების ტყეში ლანდები ჰქრიან.

ხომალდი მიდის - როგორც ტაძარი,

მაგრამ არ მიდის, ლანდნი მიდიან.

დამშვიდდი, ზღვაო, იყავი წყნარად,

გადაქცეულო ლილიან ქარად.

და, ჰა, დაღალულ სულთა მკურნალი

დაფნისის სული, კრთომა ქლოესი,

უუძველესი ბაღის სურნელი

ჩემთვის მარადის უახლოესი.

ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,

ეშვება ბინდი ლილიან ფრთებით.

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები