ის მოვიდა.
მოვიდა იმ ზღაპრულად დიადი კუთხიდან, რომელიც ლეგენდებით, ანდრეზებით, მითებით, საგებითაა სავსე, მორიგე ღმერთის და ღვთიშვილთა საუფლოს რომ წარმოადგენს. ღვთიშვილები ხომ უფლის გაჩენილი და ადამიანთა სახსნელად გამოგზავნილი ანგელოზური არსებანი არიან. ზოგიერთი მათგანი ნახორცივლარიც კია, ანუ თავიდან ადამიანები იყვნენ და შემდეგ გადაიქცნენ უსხეულო არსებებად. იქნებ მასაც ეს ბედი ელის, ყოველ შემთხვევაში ღვთისშვილთა ნათლის სვეტი რომ ეცემა მის ნაფეხურებს, ეს ცხადზე ცხადია. ხევსურეთში საგმიროს ეძახიან იარაღს, რომლითც კოპალა და იახსარი საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ, მისი საგმირო კი კალამია, რომლითაც ივერთა მიწის საკადრისი შემოქმედება ამოთავთავდება ხოლმე. ღვთისშვილთა საგანძურების მფლობელია და იქიდან ამოაქვს თავისი ელვარე და კაშკაშა ლექსები, ბრწყინვალე რითმებით, შედარებებით, მეტაფორებით რომ არის გაძეძგილი.
ბაღათერ არაბულზე მოგახსენებთ, ბატონებო, იმ პოეტზე, რომელსაც სრული უფლება აქვს დავლათიან კაცად იწოდებოდეს, ისეთ კაცად, დიდი ვაჟა რომ მოიხსენიებს ალუდა ქეთელაურს, კაცად, რომელსაც ყველაფერი უხვად აბადია - სინდისი, ნამუსი, სიკეთე, სათნოება, მოყვასის სიყვარული და ყოველივე ეს არასდროს არ აძლევს გაამპარტავნების, გულგოროზობის, ზღვარსგადასული სიამაყის უფლებას. ღვთისშვილთა დარად, ალბათ ბატონ ბაღათერსაც აქვს საკუთარი დროშა, მისი სიწმინდის, მისი ღირსების, მისი ვაჟკაცობისა და მამულის ერთგულების დროშა, რომელსაც დროდადრო გამოფენს ხოლმე და ყველას ანახებს, რომ ამ დროშაზე ბიწიერების ნასახიც კი არ არის. რა არ უნახავს და რა არ განუცდია. იქნებ აშექალსაც კი შეხვედრია, ქაჯავეთელ აშექალს, მის მშობლიურ სოფელ მაწმაოში დამკვიდრებულს, წმინდა გიორგის რაშის მეჯინიბეს, იქნებ ბეთლემის სახლშიც არის ნამყოფი, ჯვარ-ხატების შესაკრებელში, იქნებ იქაური ჯვარი გამოჰყვა მეგზურად და გუდანის ხატთან ერთად უნათებს გზას ამ მეტისმეტად უსამართლო წუთისოფელში ხეტიალისას. როგორც მისი დიდი წინაპრები იცავდნენ ჯვარის წმინდა საგანძურს, ზუსტად იმდაგვარად იცავს ბაღათერ არაბული იმ წმინდა ცნებებს, აქამომდე რომ მოიყვანა მისი საესავი სამშობლო. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი შემოქმედება ეს არის ძიება „ოქროს შიბისა“, იმ ჯაჭვისა, ცისა და მიწის კავშირის ერთ-ერთ საშუალებას რომ წარმოადგენს. იქნებ სწორედ ასეთი ბედი დაანათლა წერამწერალმა ღვთის განგებით და კიდევ იმის ცოდნა, რომ ჩვენ, ყველანი, მოდემოძმენი ვართ ურთიერთისა და ამ ყოველივეს მოფრთხილება და სულის ბერვა სჭირდება.
აი ამ ცოდნით, ამ გამოცდილებით სავსემ შემოაბიჯა ქართულ პოეზიაში და თავისი სული, თავისი გული გადაუშალა მკითხველს, გემოვნებიან, დახვეწილ მკითხველს.
მე მოვდიოდი,
მდუმარე ზარებს
და სამრეკლოებს
ეფინა ნისლი,
გზად მომყვებოდა
ჩრდილი და მზვარე,
შენი დიდება და პარაკლისი...
მოდიოდა და ნისლში ითქვიფებოდა, ხევსურეთის მიუვალი ჭიუხებიდან დაძრულ ნისლში...
ის მოვიდა...
მოვიდა და დამკვიდრდა, მტკიცედ დამკვიდრდა XX-XXI ს.ს. ქართულ პოეზიაში, როგორც მისი ორგანული ნაწილი, მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. დებიუტიც კი საოცრად შთამბეჭდავი ჰქონდა. მისი ერთ-ერთი პირველივე ლექსი გვანცვიფრებს რაღაც განსაკუთრებული ჰაეროვნებით, სილაღით, უშუალობით, სისუფთავითა და გულწრფელობით, ამ ლექსს „თაია“ ჰქვია, პოეტისავე შერქმეული სახელი ახალგაზრდა გოგონასი და მოხდა სასწაული. ახლა საქართველოში არაერთ ქალბატონს შეხვდებით, თაია რომ ჰქვია სახელად და ამითაც რომ იწონებს თავს.
ბაღათერ არაბულის მთელ შემოქმედებას სწორედ სიწმინდის და პატიოსნების ჯიღა ადგას თავს, არსთაგამრიგის მადლით და მირონითაა გაპოხილი.
ზეცა გრგვინავს და
მიწა ზანზარებს
და კვლავ ეშვება
მთებზე ავდარი,
მოდის იესო
ისევ ნაზარეთს,
ჩვენთვის ჯვარცმული
და კვლავ აღმდგარი.
მოდის იესო, მზის სხივივით წმინდა მაცხოვარი და საოცარი ანდამატით მუხტავს პოეტს, არ აძლევს მოდუნების უფლებას, ჩამუხვლის უფლებას. ამუნათებს კიდეც:
შენც მოგიხტება კარებზე რაში,
ყალყზე შემდგარი და აფაფრული
და გეყვარება მრავალ სიტყვაში
ის ერთადერთი სიტყვა - მამული...
ანა კალანდაძის, დიდებული ანას ქართლის მინდვრებს ეხმიანება პოეტის ეს სევდასთან წილნაყარი სტრიქონები:
ნისლის ბურუსის მკრთალ სამოსელით
და მოხასხასე ცათა ფერივით
ჩანან მინდვრები - ქართლის დროშები
დასასვენებლად ძირს დაფენილი.
ბაღათერ არაბულმა იცის, კარგად იცის, რომ სამშობლო მარტო მთები და ველ-მინდვრები არაა, სამშობლო დარდი და ცრემლია, ცრემლი, რომლის ჭირისუფლობაც უნდა შესძლოს პოეტმა, იცის ისიც, რომ დღეს ჩვენი სიცოცხლეც, სიკვდილიც, დიდებაც, უპირველესად, სამშობლოს სჭირდება, იცის, რომ სხვის მონად, მორჩილად, ხასად ყოფნას არყოფნა სჯობია და
ვიდრე სული გვიდგას, ამ მთებს,
შატილს, ზარზმას, ოშკს თუ ხალდეს
და ატყორცნილ ტაძრებს ცამდე
გვერდზე ბურჯად უნდა ვედგეთ...
შენი მიწა დამიგე და შენი ზეცა გადამაფარე, შენთვის მამღერე, მაგალობე და მამსახურე, აუშენებელ ციხეშიც ჩამატანე და თუ საჭირო გახდა, პაატასავით გამწირეო, ევედრება მამულს.
ო, საქართველოვ,
არც ქადილით, არც დაპირებით
თავს არ შეგაწყენ,
(ეს სიტყვები ქარში არ ცვივა!)
უკანასკნელი არა ვარ და...
არც ვარ პირველი,
შენი რიგითი ჯარისკაცი ვარ...
ჯარისკაცი, რომელსაც მისი საესავი სამშობლო ხელს არ უშვებდა საუკუნეთა უღრანებში ხეტიალისას და ამიტომაც მისი ერთგულება მართებს ასწილად, იმ სამშობლოსი, რომლის უმთავრესი ნიჭი გაძლება იყო მისი არსებობის მანძილზე და რადგან დღევანდლამდე გასძლო, კიდევ ცოტა უნდა გაიჭირვოს, რათა საბოლოოდ დააღწიოს თავი განსაცდელს.
რა თქმა უნდა, ძნელია სულ მუდამ შიშსა და ძრწოლაში ყოფნა, როდესაც სცილასა და ქარიბდას შორის გიწევს გავლა, წინ წყალი, უკან მეწყერიო, დღესაც კი ასე მწვავედ დგას საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, რაც ზედმიწევნით ზუსტად აქვს გასიგრძეგანებული პოეტს, რომელსაც სულში ეღვრება წინაპრების დაღვრილი სისხლი.
დასაბამიდან მოსვენება
აღარ აღირსეს,
ღვარად დაღვარეს,
დააქციეს,
დაანაკლისეს...
უცხო მხარეში
წვეთწვეთობით გაასაჩუქრეს,
მალვით გაყიდეს,
გაახარეს, გაამამლუქეს...
ვხედავთ, ყველანი ვხედავთ, გრიგალების წინ როგორ ღელავს, როგორ იმღვრევა, ძარღვებს, საფეთქლებს ეხეთქება ეს დალოცვილი ქართული სისხლი ბრძოლის სიმღერად.
მოდის, მოშხუის,
მოთქარუნობს გზებზე ცხენივით,
ქართული სისხლი -
ძილს და სიკვდილს გადარჩენილი.
პოეტის სამშობლო კი კვლავაც დიდი პრობლემების წინაშე დგას. ამ პრობლემებს მხოლოდ უფაქიზესი მიდგომებით, ასჯერ და ათასჯერ აწონილ-გაზომილი ნაბიჯებით თუ მოვერევით, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, როცა
არც ფარნავაზი, არც ვახტანგი, აღარც დავითი!
აღარც ის დიდი მოლაშქრენი, აღარც ის გმირნი,
გახუნებულა, გალეულა ერის გვირგვინი!..
ჩვენი მცდელობით გვიქცევია დარი ავდარად, -
ციხე ჩაშლილა, ჩარღვეულა, ჩვენგან გამტყდარა.
ბატონი ბაღათერი თავის ერთ ლექსში მის თანასოფლელ აკათ სუხაზე მოგვითხრობს, ათას ჭირვარამ გამოვლილ ბერიკაცზე, რომელიც თანამოძმეთ უყვება ბოროტ მეფეზე - ზამთრის, თოვლის, ყინულის, ქარაშოტების, სეტყვის, გრიგალის, შავი და თეთრი დათვების მბრძანებელზე, რომელიც დაქცევით ემუქრება მის სამშობლოს და ჩვენ კარგად ვხვდებით, თუ რომელ მეფეზეა აქ საუბარი. ჩვენი უბედურება ხომ ისაა, რომ ასეთი მეფეების ნაკლებობას არ განვიცდით. თითქოს ბედისწერამ მხოლოდ ჩვენთვის მოიცალა და ერთი მეორის მიყოლებით თავს გვახვევს პრობლემათა კასკადს.
არც გამკითხავი და არც გამგები,
დიდი ხანია, არავინ არ ჩანს,
შენი კოშკები, ბროლით ნაგები,
წითელკუდიან ეშმაკებს დარჩათ...
თუმცა, რა გარეშე მტრები, როდესაც თავად ქართველები აღარ ვინდობთ ერთმანეთს, როდესაც ერთურთის ზიზღი და გაუტანლობა ლამის ძვალ-რბილში გაგვიჯდეს. პოეტმა ტკივილიანი სტრიქონები უძღვნა XX-XXI საუკუნეების ბაზალეთს - რუსთაველის პროსპექტს, სადაც ქართველნი ქართველთ სისხლს ღვრიდნენ და აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მათი ნამდვილი მტერი და მათი იავარქმნის მსურველი, ბედნიერი და კმაყოფილი, ორივე ბანაკს თანაბრად უნაწილებდა იარაღს. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ციხე-სიმაგრე, ნებისმიერი მეციხოვნე დაეცემოდა. რა უკუნი აწევს ბახტრიონს, რა დუმილი შესახლებია ჩვენი გადამრჩენელი ტაძრების სამრეკლოებს. ის კი არადა, მის მშობლიურ მაწმაოზე ფიქრი არ ასვენებს, სადაც ჩაშლილან ჭრელი სიზმრებით მოხატული სახლის კედლები, ჩაშლილან სანატრელი ზღაპრები, კაფიები, ოცნებები. ის დედაბოძიც წაქცეულა, სანთლებით აყვავებული რომ იდგა ხოლმე დღეობებზე. ამ სოფელს ხომ მხოლოდ მარიამობა დღეს ააკითხავენ აქედან გადახვეწილი მაწმავლები, რათა კიდევ ერთხელ გადათიბონ შალანჭინჭარი, რომლის მიღმაც მათი ჩავლილი ბავშვობა ცხოვრობს, ააკითხავენ, რათა კიდევ ერთხელ უმწეოდ გაასავსავონ ხელები და თავჩაქინდრულებმა კიდევ ერთხელ მიატოვონ მგლის არჩივად ქცეული ეს ნაედემარი კარმიდამო. ამ დროს კი ჩამოშლილი ტაძრის კედლებზე შემორჩენილ ღვთაებრივი სილამაზის ფრესკებს წვიმის ცრემლები ეღვრებათ გულზე....
სწორედ მაწმაოს უძღვნა პოეტმა ლექსი „უმისამართო მოგონებები“, ერთ-ერთი უბრწყინვალესი ლექსი მისი პოეზიისა, ტკივილებით, დარდით, პირგახსნილი იარებით რომაა სავსე. ლექსი, რეკვიემს და ოდას რომ წარმოადგენს ერთდროულად იმ წმიდათაწმიდა ადგილებისა, საიდანაც იწყებოდა ეს მუხასავით ფესვმაგარი შემოქმედი. რა საოცარი მდუღარებაა სულისა ამ ლექსში, რა ვულკანური ლავასავით მოედინება დარდი და ვაება, რომელიც გვწვავს, გულ-ღვიძლს გვიშანთავს, მოსვენებას არ გვაძლევს; ამავე დროს სიამაყის გრძნობასაც გვიბრუნებს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სათავეებს იმ სიწმინდისა, სისპეტაკისა, ქედუხრელობისა, აქამომდე რომ მოიყვანა ჩვენი სამშობლო. ბაღათერ არაბული ამ ლექსში მართლაც რომ მოგონებების დანის პირზე დადის, ტკივილების ნაკვერჩხალზე და ეს, ერთი შეხედვით, დამთრგუნველი პროცესი შინაგანად წმინდავს, აკრისტალებს, სიკეთისა და სათნოების უმშვენიერეს წახნაგებს ჩამოქნის მის სულში.
ასეთ დროს კი რა საშველი, რა დაედება სალბუნად ჩვენს მარადმდინარე სისხლიან იარებს. იქნებ დიდგორის გახსენებაა საჭირო, რომ კვლავ დავიმუხტოთ ამ მართლაცდა საოცრებად ქცეული მოგონებით.
ჩვენ ჩავუარეთ კრძალვით და რიდით
ერის დიდების დიად ძეგლს - დიდგორს,
ისე დიდები ვიყავით მაშინ,
იმ ომში დავითს ჩვენც ვახლდით თითქოს.
ან იქნებ იმ სამასი არაგველის გმირობის განმეორება გვჭირდება, არაფრით რომ არ ჩამორჩებიან სპარტელებს სიმამაცეში, სამშობლოსათვის თავის განწირვაში.
სამასი რისხვა და სიკვდილი ურჯულოებს,
დღეს ციდან მოგუგუნე სამასი ზარი,
ქვითკირით ნაშენები სამასი ციხე-ბურჯი
ხსოვნაში ჩაუქრობ სინათლედ მდგარი.
აკი მამულისათვის ანთებული სამასი კელაპტარივით ელავენ მათი სულები. აკი ყაყაჩოებივით ცეცხლწაკიდებული მარაბდა და კრწანისი აღვიძებენ ჩვენში თვითგადარჩენის ინსტიქტს, ღვთით ბოძებული სიყვარულისა და ერთგულების ნიჭს. დიახაც რომ
ამ ცისქვეშეთში თუმც ვართ ცოტანი,
დავბადებულვართ განა ლაჩრებად;
ფეხზე დამდგარა ათასი ცოტნე
შენი სიცოცხლის გადასარჩენად!..
იქნებ ეს გადარჩენა გარეჯიდან იწყება, მისტიური ქარებით გაღვიძებული სულიდან, გამუდმებით რომ რეკს ზარებს და გვაფხიზლებს.
მე გარეჯიდან ვდარაჯობ ღამეს,
შემოჯარულა ჯანღით გარეჯი
და მხოლოდ ქარებს
არ სძინავთ გარეთ
ამ ვრცელ უდაბნოს სიმწუხარეში.
მით უმეტეს, რომ უკვე ჟრიალებს და კვლავ ამონთება უნდა ქარქაშიდან სატევარს, თითქოს დაჟანგებულს, მაგრამ მაინც საბრძოლველად, ქართლოსიანთა მიწის გადასარჩენად შემართულ სატევარს.
პოეტი კი სულაც არ კარგავს იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დალაგდება ისე, როგორც ეს ფარნავაზსა და ბაგრატ მესამეს, დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბრწყინვალეს, თამარს და პატარა კახს სურდათ.
და გახვეული ცეცხლში, ღადარში,
შეურიგებელ გუგუნით, ბრძოლით,
შენ მოდიოდი... და შენ გადარჩი...
შენ სასწაულო სასწაულთ შორის!..
დიახ, ბატონებო, ბაღათერ არაბულის შემოქმედების პრიმატსა და ქვაკუთხედს სწორედაც რომ პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება წარმოადგენს. ეს სულისკვეთება, ამ ქვეყნად ქართველად მოვლინების სიამაყე და თავმომწონება ხომ ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა. ყოველივე ეს მის წინაპართა მარადიული ტრადიციებიდან, იგავმიუწვდომელი ადათ-წესებიდან, რაინდობასთან წილნაყარი ენერგიიდან იღებს სათავეს და თავად წარმოადგენს ისეთ ციხე-სიმაგრეს, რომლის აღება და იავარქმნა დღემდე ვერავინ შესძლო და იმედია, ვერც ვერავინ შესძლებს მომავალში. ამ ფენომენს პოეტიც დააკვირდა, ჩაუღრმავდა, თუმცა რა ჩაღრმავება სჭირდებოდა, როცა მის მშობლიურ კუთხეშივე ვაჟკაცობის, ქედუხრელობის, სიყვარულისა და ჭირსა შიგან განმკლავების ისეთი უებრო მაგალითების მოძიება შეიძლება, რომლებითაც ნებისმიერი სხვა ქვეყანა მოიწონებდა თავს.
ერთი სიტყვით, ბაღათერ არაბულმა მოიძია ხევსურეთსა თუ ფშავში ლეგენდებად შემორჩენილი ისტორიები და მათ საფუძველზე შექმნა ლექსი -ანდრეზების მთელი ციკლი, რომელსაც „ხევსურეთს ამბად ნათქვამი“ დაარქვა. „ამბავ რომ დაძველდების, ანდრეზ იქნების“ - აცხადებენ ხევსურები და სწორედ ამ დაძველებულ ამბების პოეტური გაცოცხლების ცდას წარმოადგენს ზემოთხსენებული ციკლი და მერე როგორ ცდას. შეიძლება ითქვას, რომ ბაღათერ არაბულმა ამ ლექსებით მისი პოეტური ხელოვანების ახალი მწვერვალები დალაშქრა. მათი გაცნობისას ერთი უცნაური შეგრძნება ეუფლება მკითხველს - როგორ შეიძლება ეს სულისშემძვრელი, გულისგამყინავი, ამაღლებულზე ამაღლებული ანდრეზები ერთი ავტორის საკუთრება იყოს, ერთი ავტორი აწერდეს ხელს ამ შედევრებს. ისიც არაა გამორიცხული, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში ისინი ხალხური პოეზიის მარგალიტებად მოინათლოს, თანაც ისე, რომ არც მათ ავტორს დასწყდება გული. ამ ლექსებისა თუ ბალადების გმირები უბრალო ხევსურები არიან - აპარეკა და ბეწიწურა, გოგოთური და არდოტელ მურღვა, გამახელა და ხონდა, ურჯუკა და კოკოშა, ბაჭყია და ძაღლიკა ხიმიკაური, თირუზანა და ხირჩლუა, ჩალხია და ლეკო...
თუნდაც ეს უკანასკნელი ავიღოთ. ლეკები შატილივნებს კაცს მოუკლავენ და ლეკო სისხლის ასაღებად წავა, დაატყვევებს მოძმის მკვლელს და ფეხშიშველს წინ გამოიგდებს. გზაში უქალამნოდ მავალს ფეხისგულებიდან სისხლი რომ წამოუვა, ლეკოს შეეცოდება მტერი და თავის ქალამნებს დაუთმობს.
ანდა ბეწიწურას გაუგონარ საქციელზე დავფიქრდეთ, შვიდი ვაჟკაცი შვილის დამკარგავ მამის საქციელზე, რომელიც მის თავს დატეხილი ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ რომ მოიძულებს ყველა შვილიშვილს და მძახლებს ჩააბარებს მათ თავს. მხოლოდ სიკვდილის წინ წამოსცდება:
„სიკვდილმ ძალიან შამაშინავ,
იმაად ვქენივ,
იქნებ დამრჩინავ, -
ბალღებიც სიკვდილს
სხვების გვარში დაუმალენივ,
ბეჩავებიც ჩემობაზეით მოვსწყვიტენივ,
ცხრა მთას იქით გადავჰკარგენივ...“
სიკვდილთანაც თავიანთი განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ღრმად მოხუცებული აპარეკა და თირუზანი თავად იახლოვენ ადამიანის არსებობის ამ საოცარ მისტერიას, ვაჟკაცურად, წარბშეუხრელად ხვდებიან აღსასრულს და თანამოძმეთ ქედუხრელობის საარაკო მაგალითს აძლევენ.
პოეტს არც მისი კუთხის დაუძინებელი მტრების სიჩაუქე და ვაჟკაცობა გამოჰპარვია და ერთ-ერთ ლექსში, „ძილუა და ქისტები“ რომ ჰქვია სახელად, იმ ამბავზე გვიყვება, რომლის მოსმენის შემდეგაც ძალაუნებურად ცრემლი გვადგება თვალზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნებისმიერი ერის შვილებს შეუძლიათ სიკეთისა და სათნოების უკიდეგანო სამანების დალაშქვრა, რა ხდება ამ ლექსში. ხირჩლას ცოლს ძილუას ქისტები ოჯახის ყველა მამაკაცს დაუხოცავენ ერთადერთი ვაჟიშვილის გარდა. ძილუა თავად მიჰგვრის მოსისხართ თავის ერთადერთ იმედს, აი, ეს დაგრჩათ მოსაკლავი და რაც გინდათ, ის უყავითო. გაივლის გრძელზე გრძელი 21 წელი და ქისტები თეთრი დროშებით მიადგებიან ძილუას სოფელს და დედას დიდი ხნის წინ გამოგლოვილ შვილს მიჰგვრიან ცოლთან და სამ ვაჟიშვილთან ერთდ. ამ დროს როგორ შეიძლება არ გაგახსენდეთ შოთა ნიშნიანიძის ცნობილი ლექსი სახედაღრეჯილ მონღოლზე... შეიძლება ვინმემ იკითხოს, იქნებ ეს ყველაფერი პოეტის ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერიო. თუნდაც ასე იყოს, განა არისტოტელე, ეს დიდი ბერძენი, ჯერ კიდევ როდის გვიმტკიცებდა, რომ „პოეტის საქმეა გადმოსცეს არა ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც შეიძლება რომ მომხდარიყო, ესე იგი, შესაძლებელი, სარწმუნო რამ.“ ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, რომ ეს ციკლი ლექსებისა გვაღელვებს კიდეც და აღფრთოვანებასაც იწვევს ჩვენში, როგორც დიდ სიკეთესა და სათნოებასთან წილნაყარი პოეზია.
ბაღათერ არაბული, სხვა მისი მირიადი თანამოკალმის დარად, ცდილობს გაერკვეს პოეზიის არსში, პოეტის დანიშნულებაში. საკუთარ თავს დროის არქეოლოგად მიიჩნევს და წლებისა თუ წამების შრეებში დაეძებს სიყვარულს, ალერსს, ჩურჩულს და ვნებას, ფიქრსა და იმედს, ოცნებასა და რწმენას, სიმამაცესა და ერთგულებას, ფოთლების შრიალსა და ყვავილთა ღამეულ ფშვინვას.
მე ვარ დროის არქეოლოგი...
დროში დროს ვეძებ, ვეძებ დამარხულ საუკუნეებს,
დღეებს, საათებს,
მე ვეძებ წუთებს...
თაფლითა და სამსალით სავსე დრო კი მიდის და მიდის და ჩვენც მიგვედენება იმ შავზე შავი ხვრელისაკენ, რომლის იქითაც მხოლოდ წყვდიადი და უკუნია.
რას პირდება წუთისოფელი?
...სიხარულს, ღიმილს?
თუ განუკურნელ წუხილს და ვარამს?
დღეებს- მოქარგულს ღვთაებრივ სხივით?
თუ ნისლით სავსე ღამეთა წკვარამს?
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ეკლის გვირგვინს თუ გვირგვინს ყვავილის?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალზე ძნელია, ის კი არა, ეჭვით აქვს გული გასენილი, დროებით ხომ არ შემოეხეტა ამ ცისფერ პლანეტაზე და ისიც კი არ იცის, საით მიდიან გზები თუ ბილიკები ამ შეუცნობი მთების გადაღმა.
შენ გქონდა ნათლით სავსე სამყარო
და დაგიტბორეს მეწამულ ნისლით,
გზაც აგიმღვრიეს და მზეს გაგყარეს
და მძიმე ჯვარი აგკიდეს სხვისი.
თუ რამ იცის პოეტმა, ის იცის, რომ ხალათს მხედრის და ხალათს პოეტის მხოლოდ კაი ყმა თუ მოირგებს, რომლის სულის გახედვნასაც ვერარა ძალა ვერ შესძლებს ისეთი პოეტისაც თუნდაც, როგორიც გალაკტიონი იყო, ციურ ნათებებთან წილნაყარი შემოქმედი, რომლის სიდიადესაც თითქოს ვერ ვგრძნობდით,
დღეს კი... ღიმილით დაგვყურებს ციდან
და პოეზიის ღმერთთან საუბრობს;
ჩვენ ვერ შევწვდებით, იქ პარნასია,
იქ მისი სულის არის საუფლო.
ბაღათერ არაბულმა უმშვენიერესი ლექსები მიუძღვნა აგრეთვე შოთა ნიშნიანიძესა თუ გივი გეგეჭკორს, დავით თედორაძესა თუ უღვთოდ აღსრულებულ უნიჭიერეს ყრმა პოეტ დათა გულუას.
ამ შემოქმედმა სრულად გაისიგრძეგანა, რომ პოეტს სიმარტოვე და სიჩუმე სჭირდება, აბსოლუტური სიჩუმე, რათა ამ სიჩუმიდან გამოაღწიონ ბგერებმა და სიტყვებმა, დალაგდნენ და შექმნან ის ჰარმონია, ზოგჯერ თავზარდამცემიც კი, რომელიც ხან სიცოცხლით ტკბობის ხალისს რომ მოგგვრის, ხანაც სიკვდილს მოგვანდომებს. დიახ, მხოლოდ სიჩუმის ჟამს შეუძლია პოეტს მოეფეროს ყველას და ყველაფერს, მოეფეროს მარტოობის ფრთებზე შობილ მარტის კვირტივით ნედლ სტრიქონებს.
ამაოება ამაოთა...
როგორ შეიძლება პოეტი გერქვას და ეს მარადიული კითხვა არ გაწუხებდეს. ბაღათერ არაბულს კარგად მოეხსენება, რომ როგორც დღეს უცქერენ დალეწილთვლებიან ურმებს, ისე შეხედავენ ორიოდე საუკუნის შემდეგ „მერსედესებს“ თუ „ფორდებს“ მუზეუმებში შეხეტებული დამთვალიერებლები. მანამდე კი დროს ვღრღნით, ვიდრე ერთმანეთს დავღრღნიდეთ და გლადიატორებად ქცეულნი ვგრძნობთ, თუ როგორ მოჟონავს სულიდან სისხლი, ვით დამცირება და ბედისწერა.
ათეულია ნათელში ბინდი,
ალერსში - შხამი, შხამში - ცდუნება,
დრო კი თავის გზით მიდის და მიდის
საკუთარ თავში დასაბრუნებლად.
ასეთ დროს კი გაქცევა მოუნდება პოეტს, მოსაწყენი და ხაკისფერი დღეების გისოსებიდან გაქცევა, ბორგავს სხეულში გამომწყვდეული მისი სული და სხვა სამყაროში გადაბარგებას ლამობს. თავად ბავშვობიდან გამოძევებული მუხლმოდრეკილი ევედრება ყველას, ბავშვებს მაინც ნუ გამოიყვანთ ზღაპრებიდან. ზღაპრის დევებთან მაინც იბრძოლონ, რათა მერმე თავაწეულნი შეერკინონ ზღაპრის დევებზე უფრო სასტიკ და დაუნდობელ არსებებსო...
სისხლი გაგეყინება ძარღვებში, როდესაც ბებერი ძაღლისადმი მიძღვნილ ლექსს გაეცნობი, რომელიც დიდხანს ერთგულად ემსახურა პატრონებს. ამ უკანასკნელებმა კი სახლიდან გახიზვნის შემდეგ თან არ გაიყოლეს მათი ერთგული პირუტყვი. რა მოხდა მერე? მერე ის მოხდა, რომ
დიდხანს ისმოდა წკავწკავით მოთქმა,
(ელავდა მთვარე, ვით სპილოს ეშვი),
მერე დასწყევლა ადამის მოდგმა
და მგლებისაკენ გასწია ტყეში.
ცირკის ცხენების კოშმარული ყოფის თანაზიარია პოეტი, იმ ცხენებისა, რომელთა გამოჩენას ცირკის არენაზე ყიჟინით ხვდებიან დამსწრენი. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი დგება ღამე...
ღამით კი სიზმრად ველურ რაშების
გადარეული მოგიხმობთ რემა
და ძილში უცხოდ შეგათამაშებთ
მათი ფლოქვების ჩქამი და ცემა..
სახედრების ყოფა ბევრ რამეზე დააფიქრებს პოეტს, რომელთა გადატყაულ, გასისხლიანებულ ზურგზე ტრიალებს ამქვეყნიური ცხოვრების ვეება დოლაბი. მათ ხომ საკუთარი მხრებით მიაქვთ უთქმელი სევდა, ყველა ბარგზე დიდი და მძიმე ტვირთი... პოეტი კი იმის გარკვევას ცდილობს, თუ საიდან მოდის ამდენი სევდა, ტკივილი, ვაება თუ ვარამი, რატომ ვერ ახერხებენ ამ ულამაზესი, უმშვენიერესი ცისფერი პლანეტის მკვიდრნი იმ იდეალების ერთგულებას, რაც ადამიანთა მოდგმის გადარჩენის საწინდარია. ალბათ, უპირველესი მიზეზი ამ გაუგონარი თვითმკვლელობის წახალისებისა სიყვარულის დეფიციტია, დიდზე დიდი, არნახული მასშტაბის დეფიციტი, რომელიც მეტისმეტად პრაგმატულად მოაზროვნე საუკუნემ წარმოშვა. ბაღათერ არაბულს, ჭეშმარიტ პოეტს, კი ეს გარემოება გულს უკლავს, გულს უკლავს იმიტომ, რომ თავად იგი დიდი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და მიაჩნია, რომ მხოლოდ სიყვარულია ის ერთდერთი პერპეტუუმ-მობილე, ქვეყნიერების გადარჩენა რომ ძალუძს.
რა შეუძლია დაპირდეს ნანდაურს, ვერაფერსაც ვერ დაპირდება და მაინც ის შეუძლია, რომ ერთ უმშვენიერეს კონად შეუკრას მთვარის სხივების ღამეული გამონათება და კიდევ ის, რომ ცვარის ყელსაბამები აუსხას. ცოტაა? არაა ცოტა მისთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია, ვისთვისაც დანგრევის პირას მისული ქოხიც კი სრა-სასახლეს წარმოადგენს, თუკი იქ მის გულისწორთან ერთად ცხოვრობს.
დროის გრიგალი ავად გნიასობს
და შემოდგომა გზად გვიფენს ნისლებს
და გეუბნება, ალბათ, მეასედ:
როგორც მიყვარდი, მიყვარხარ ისევ!..
ეს ბრწყინვალე სტრიქონები პოეტის მეუღლეს ეძღვნება, თავადაც ჩინებულ პოეტსა და მთარგმნელს, რომელიც ბატონი ბაღათერისთვის მართლაც რომ ქარსაცავ ზოლს წარმოადგენს და რომელსაც ვერცერთი დანაპირები ვერ შეუსრულა ერთის გარდა და მას სიყვარული ჰქვია.
ბაღათერ არაბულს მტკიცედ სწამს, რომ ვერარა ძალა მოერევა ჭეშმარიტ სიყვარულს, ვერც ცეცხლი დაწვავს და ვერც წყალი წაიღებს, ზღაპრიდან გამოსულს ზღაპარშივე დააბრუნებს, იქ, სადაც თანაცხოვრობენ ფიქრები და ზმანებები, იმედები და უიმედობა, სიხარული და მწუხარება, სადაც დიდი ადამიანური ვნებები ბობოქრობენ... სიყვარული მისთვის უდაბნოს ოაზისს წარმოადგენს და მასთან ისე ბრუნდება, როგორც დიდი ხნით წასული პილიგრიმი ბრუნდება შინ, იქ, სადაც ყველაფერი ღვთაებრივი სინაზით სუნთქავს, იქ, სადაც ნანდაურის ნაქანდაკევი სხეული ელოდება, სავსე ვარსკვლავასხმული ზეცით და მთვარით, ნანდაურისა, რომლის ხელებს, ნატიფ, თლილ თითებს ნისლის სითეთრე გამოარჩევს სხვათაგან. დავთქვათ შეხვედრის ადგილად მთვარეო, ევედრება გულისწორს და ჩვენც გვჯერა, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება, შედგება თუნდაც იმიტომ, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს ძალუძს მიზიდულობის კანონს სძლიოს და ცის ლაჟვარდებისკენ ატყორცნოს შეყვარებულნი.
ვინ იარება ჩემს უღრანებში
არყის ხეების თეთრი კელაპტრით?
ანდა ღამის ფრთებს რად ეფარება,
ვისაც ვუხმობ და ვისაც შევნატრი...
უხმობს საყვარელ არსებას და თან ევედრება, ამ უკანასკნელად შენი თმების ბინდში დამმალეო.
რადგან შენ ისევ ჩემ სიზმრებში
ყოფნა გიზიდავს,
მე ვერ გაგიშვებ სხვის სიზმრებში
ჩემი სიზმრიდან.
ან კი როგორ შეელევა, როცა სატრფოს ხმას, თუნდაც ტელეფონში მოსმენილს, ისე შეუძლია დაეყრდნოს, როგორც ყავარჯენს. ხანდახან მაინც მწარედ წამოსცდება ხოლმე ამ ბატალიებში წარუმატებლობით გულგასენილს:
ვის კარზე ჰყვავი, სიყვარულო?
ვის ბაღს უხდები?
ვის მზედ ენთები გამთენიისას,
ანდა ვის მთვარედ ამოდიხარ შუაღამეში?
ვინ მომისაჯა ეს სიყვარული, ამ სატანჯველით ვინ დამასაჩუქრაო, ჩივის პოეტის ლირიკული გმირი და მაინც არ ნებდება წუთისოფლის უკუღმართობას, მაინც იმედიანად შესცქერის მომავალს, რაც მთავარია, პირნათლად ასრულებს მისი ბრძენი პაპის ნაანდერძევს, რომლის შინაარსსაც არავის უმხელს...
ბაღათერ არაბული დიდებული პოეტია, უფრო მეტიც, იგი თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. მის ლექსებში ქართულ სიტყვაზე ძალადობის არანაირი კვალი არ ჩანს, მისი ლექსი არაგვივით მოქუხს ხევსურეთის იწროებში და ჩვენ წითლად დაწინწკლული კალმახებივით მოსხმარტალე ლექსებს გვთავაზობს.
გვიხმობდა ჩქარი ჩქერების ჩქამი,
სად უღრანები იდგნენ მძინარე,
და ვრცელ მინდვრებზე გაწოლილ ღამეს
ჭრილობასავით აჩნდა მდინარე.
ასე წერა მხოლოდ ჭეშმარიტ, ქართული სულით სავსე ემბაზში განბანილ პოეტებს შეუძლიათ, პოეტებს, რომლებსაც იმის დანახვა ხელეწიფებათ, თუ როგორ ცახცახებს მტკვარი მთვარის სხივივით, თუ როგორ შეყალყულან ნისლებივით ფაფარაშლილი ნისლისფერი ბედაურები და საკუთრ მხედრებს ელიან; დაფეთებული ჟირაფივით როგორ შემოდის მთვარე ქალაქში და თავის სხეულს ღამის ფანჯრებზე ათვალიერებს; როგორ ტივტივებს მდინარეში ჩამოლეული, ჩამოღვენთილი მთვარის წერტილი, როგორ უელავს ელვის კლაკნილი ბზარი მღვრიე ღრუბლებით დაცვარულ ღამეს; როგორ ანთია სანთელივით მთაზე თოვლის თეთრი ნაფლეთი; როგორ წააგავს ხევხუვებში მგრგვინავი მდინარე ზეცის სქოლიოს; როგორ რთავენ ნეკერჩხლები ცეცხლისფრად მთებზე შეფენილ ტყეთა კორომებს; როგორ დაუფარავად უჩანთ უღრანებს მკერდზე ცირცელის კერტები; როგორ მოხვეტა შემოდგომამ უთვალავი ფერი და ქართლის მინდვრებს გადაჰფინა ფერად ნოხებად; თუ როგორ ისვამენ მთები მტრედივით მხარზე ანალირის თოვლიან მწვერვალს, თუ როგორ შემოეხეტება ანაზდად ხევზე გზას აცდენილი ნისლის ნაფლეთი...
დიახაც რომ ბაღათერ არაბული იქცა მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ორგანულ ნაწილად, იქცა იმიტომაც, რომ მის პოეზიას გამოარჩევს ფორმისმიერი და თემატური მრავალფეროვნება, ვერსიფიკაციური ძიებანი, მეტაფორული აზროვნება, თავანკარა ქართული, იმიტომაც, რომ მასში მარად მაძიებელი პოეტის სული ირეკლება, პოეტისა, დაჟინებით რომ ილტვის სიკეთისა და სათნოების დამკვიდრებისკენ.
ბაღათერ არაბულმა მშვენიერი ლექსი უძღვნა გაბრიელ ჯაბუშანურს, რომელიც ასე იწყება:
მზის გადასვლამდე მიჰქონდა ტვირთი -
მამულზე ფიქრი, სინდისი, მრწამსი.
ეს სტრიქონები მათი ავტორის დასახასიათებლადაც გამოდგება, ავტორისა, რომელმაც თუ რამეს მიაღწია, არნახული ძალისხმევით მიაღწია, გულის სისხლში გამოატარა, გულის სისხლში ამოავლო თავისი ლექსები და ისე მიიტანა უზენაეს მსაჯულთან - ქართველ მკითხველთან...
ის მოვიდა...
მოვიდა და სამუდამოდ დამკვიდრდა ქართული პოეზიის მოწინავე კოჰორტაში, როგორც სისხლი სისხლთაგანი და...
გზებზე კი ბინდი და უხილავი ქარი კიოდა...
