გაზაფხულდება და ალბათ დავიჯერებ,
რომ გზად გაფენილი ყვავილთა ხალიჩა
ჩემია, მსუბუქად ავყვები ნიავ-ქარს,
შენი მონატრებაც ღიმილად დამირჩა.
შორიდან მოსული ტკბილი სურნელების
ჩემს წილს ავიტაცებ, ვეცეკვო უნდა დროს,
პეპლებად აშლილი გრძნობის მელოდია
უკრავს და ამჯერად უშენოდ გამათბობს…
მიყვარხარ
მიყვარხარ! გული დაგიფინე სავალ გზებზე — შინა ხარ…
გეხები — ვერ ხვდები, შენ ჩემი სიცოცხლის ვინა ხარ…
რატომ გწყინს?..
მიყვარხარ! სითბოდ და სინათლედ შენთან ვარ…
თვალებს ნუ მარიდებ — ოცნების ფერი და ცისა ხარ…
მიყვარხარ! მიყვარხარ!
ხელი შემაშველე — უშენოდ მტვერი და მიწა ვარ…
შენს სახლთან ნაწვიმი შხაპუნა წვიმების სევდა ვარ…
ფიფქების ცვენაში ღიმილით გამთბარი ზეცა ვარ…
მიყვარხარ!
მომენდე, ძვირფასო — ამ ქვეყნად შენი მზერა ვარ…
მიჯნურთა ნამღერი ყველაზე ლამაზი ბგერა ხარ…
მიყვარხარ! უშენოდ უმზეოდ, უდღეოდ ვინა ვარ…
მიყვარხარ!
ღამის სიჩუმეშიც იდუმალ სიზმრების ფერად ხარ…
გეძახი — ტკივილით კოშმარებს ვნებდები, შენ არ ხარ…
მიყვარხარ!
წერილი მამას
დღეს გოგოები მამებს სწერდნენ წერილებს, მამა!
მეც რომ მოგწერო, ამ ქვეყნიდან მანდეთ, შორეთში?
მა… მენატრები… მენანება… ჰო, მენანება
ეპიზოდები — არშემდგარი ჩვენი ცხოვრების!
როგორ მინდოდა, სულ ვნატრობდი მოდიდო ბავშვი,
იმედი მეგრძნო ნდობით სავსე ხელების ჯაჭვში.
ნატკენ გონებას, ჰო, რამდენჯერ უოცნებია,
ახალ წელს ერთხელ შევხვედროდით ბედნიერ სახლში.
სხვაც ბევრი რამე — ხუნდებოდნენ მერე დიდობას,
მეკარგებოდა ახდენის და ნატვრის ხალისი.
თვალგახელილი, სიბნელეში როგორ ვკვდებოდი,
თავის გაქრობის მცდელობები — შენ ხომ არ იცი?
სხვა არაფერი… რა მოგწერო ახლა ისეთი —
დავრჩი იმ გოგოდ, არ დასცალდა რომელსაც გაზრდა.
ვერ ვუმკლავდები ცხოვრებას და ადამიანებს,
რადგანაც სული უდღეურად ბავშვური დამრჩა.
* * *
რაღაც სევდიანი გამახსენე,
თვალის არიდება ვერ შევძელი.
თითქოს შენა ხარ და თითქოს არც ხარ,
გულში ამიკვნესდა გრძნობა ძველი…
ქალაქს მოგონებად აუშალა
ზეცამ ტკივილების იალქანი!
დარჩი ნაწვიმარის აშრობამდე —
კიდევ, როდის მოვა ნიაღვარი?!
წასვლა
სახლში მარტო ვარ, რაც მიადვილებს, ვიყო მშვიდი და სულის მორჩილი.
სარკესთან ვდგები, ვცდილობ შევიცნო, აღმოვაჩინო დაკარგული ,,მე’’. . .
ჯერ კიდევ დღეა. სულშეგუბებით მოვიარე ყველა კუნჭული.
დაღლილი მზერა მიმოვავლე უხმო გრძნობებით გაჟღენთილ ნივთებს. . .
საყვარელ წიგნებს, სტამბოლში ნაყიდ გადაუშლელს ჯერ კიდევ - შაფაქს,
ოსმალურ ვაზას, სავარძლის ზემოთ პაპირუსის ქაღალდზე ნახატს.
ქვედა თაროზე მივუალერსე მოზრდილ ალბომებს, - წლებით ნაგროვებს;
მთრთოლვარე თითების ჩუმი მუდარით მივეფერე უკანასკნელად.
ბებიის ნაქონ შუშის ზარდახშას თან არ წავიღებ – ჩემთვის ახლობელს.
არც სამკაულებს, არც სუნამოებს, არც სხვა მოსართავთ მე არ ვეხები,
სულის ტკივილი ერთიანად მაკარგვინებს ყველაფერს ძვირფასს. . .
ტუჩის კუთხიდან მწარე ღიმილი გადაევლებათ აქეთ-იქით მიყრილ ბალიშებს, გასარეცხ სარეცხს, ნიჟარაში თეფშების გროვას. . .
გული დამწყდება ფუჭ ჯაფაზე, ათას ზრუნვაში დაკარგულ დროზე,
უარს ვაცხადებ – მუხლჩაუხრელი, სანიმუშო მეუღლის როლზე,
მეოცნებე, სევდიან, ტკივილიან, მიუსაფარ, ცრემლიან ქალზე. . .
გულის მოგლეჯვით შევეხები ბავშვების ნივთებს,
მათი სურნელით ამოვივსებ სიგარეტით დაშრეტილ ფილტვებს,
მუჭში ჩავიღვრი გადარჩენილ, მოძველებულ თბილ მოგონებებს და
ჭრელა–ჭრულა ხურჯინის თრევით შევერევი მარადისობას. . .
* * *
უკვე მერამდენედ უნდა გაგიმეტო,
რამდენჯერ მიგანდო უწამლო ტკივილებს.
ნახე, მეწამური მოგროვდნენ დარდები,
უძირო სევდისგან - ღალატიც იკივლებს.
შეჩერდი, ოცნებას გულს ნუღარ მიანდობ,
ცხოვრება ბილწია და ცოტა ვერაგიც.
სიყვარულს პატრონი ჰყოლია არც როდის
მივდივარ და ბოლო ბარათიც ეს არის.
* * *
არ უნდა მიიხედო უკან, თორემ გადაგიტანს დარდი.
ცხოვრებას მოეფერე მუდამ, გწამდეს უსასრულოდ ზღაპრის.
გულისხმას დაუჯერე მხოლოდ, მაინც ყველაფერს ვერ გათვლი.
სული რომ დაგილეწოს ქარმა, ნუ შეგეშინდება წასვლის.
ზამთრის სუსხიანი ქროლვა და გადასახლებები თოვლის;
სხვისთვის აკვირტებულ ხეებს იმ წარსულის სურნელი ასდით.
ბოლო ნაბიჯების სევდა, მიზეზგადაკარგული გლოვის,
წადი და მოერიდე ხიფათს, ბავშვობის ალალი საგზლით. . .
ვიდრე
ძველი კარიბჭე ნაცნობია ბავშვობის წლების,
ქვა – ღორღიან გზას, მწვანე ზოლად წარსული ნამავს;
გარდასულ სევდას შეკედლებულთ მივაფენ სითბოს
აქ, ყოველ ნაბიჯს უცდომელი სიკვდილი ქარგავს.
ეს ანგელოზი გაფრენილა იმაზე ადრე,
ვიდრე ცხოვრებას შეიცნობდა კარგად თუ ავად,
მიწა პატრონობს საუკუნის უტეხი ფიცით
მერე რაა, რომ ნათესავიც აღარ ჩანს წამლად.
გადანგრეულა რკინის ღობე, ალბათ ქარის დროს
ხე დაეცა და უსუსურთა სავანე ტეხა,
გადარჩენილა მონუმენტის შავი ფილები
აღარც ამათ ყავთ მომკითხავი, წავიდა ყველა?
ერთი საფლავიც უპატრონო, როგორც მრავალი,
უდაბურ ტყეს რომ მოგაგონებს მცირე კვადრატი,
გამჭოლი მზერა, მიტოვებულ სულთა ამქარი,
უხმო კივილი, ფერთა გამა, როგორც აგატი.
ვუახლოვდები ჩემთვის ძვირფას განსასვენებელს,
აქ ერთადერთი ადგილია ამ ქვეყნად ახლა,
სადაც მგონია, რომ მელიან მშვიდი ლოდინით,
სადაც წრფელია დამალული სულყველა განცდა.
თბილია მიწა, როგორც ერთ დროს მათი გულები
და საყვედურიც ადვილია, უსიტყვოდ ტანჯვაც,
გადმოლაგება უძველესი უბნის ამბების
დარჩენა, ვიდრე მზე იქცევა ოქროსფერ ქარვად.
მერე კი, ისევ დაბრუნება სინამდვილეში
გაუტანლობას, ცოტა სითბო შვებად რომ ახლავს,
გამაძლებინებს ეს საფლავი სულთან გაჭრილი,
ვიდრე ჩემს ძვლებსაც მონატრება სრულად არ დახრავს. . .
