ყველა სტატია
გამოქვეყნებული

თორნიკე ღვინიაშვილი — ანტონ, ჩამოდი!

ახლა აღარ იცის, რა ქნას. წარმოიდგინეთ: ქალაქის მთავარ პროსპექტზე მცხოვრებ ანტონს თავის ხუთ ოთახიან ბინაში, აღარ იცის, რა ქნას. მისი სახლის ქვემოთ არსებული ბარებიდან ამოსული ხმაური აწუხებს, არადა ფანჯრ…

თორნიკე ღვინიაშვილი12 წთ საკითხავი16
გაზიარება
ანტონ, ჩამოდი!

ახლა აღარ იცის, რა ქნას. წარმოიდგინეთ: ქალაქის მთავარ პროსპექტზე მცხოვრებ ანტონს თავის ხუთ ოთახიან ბინაში, აღარ იცის, რა ქნას. მისი სახლის ქვემოთ არსებული ბარებიდან ამოსული ხმაური აწუხებს, არადა ფანჯრებს ვერ დაკეტავს – ცხელა. მაშ, რაღა ქნას. ერთ მხარეს გადაკოტრიალდება – დაინახავს მტვერდადებულ როილასა და ნოტებს, უფრო სწორად – ნოტ-დავთარს, რამეთუ ამ ნოტ-დავთარზე ახლა ანაზდეულად მიწერილი ტელეფონის ნომრებია მხოლოდ. აქეთ გადმოკოტრიალდება და, პლეხანოვის ლამაზკარა სადარბაზოები მისჩერებია, პირდაპირ გაიხედავს და, გარეუბანთა ჩამონგრეული ესთეტიკა უცქერს დაჟინებით. განა არ შეუძლია, ეს ლამაზ ყდებში ჩასმული ფოტო-სურათები ჩამოხსნას და ვინმე „ცვეტში მყოფი“ ფოტოგრაფის ნამუშევარი მოუხდინოს მისი ოთახის ახლა უკვე ჩაბნელებულ ინტერიერს, მაგრამ ეს ფოტოები იმ აპარატის და დროის ნაშობილარია, რომლითაც იგი მეორე კურსზე გადაიღო და თანაც, რომლითაც თითქმის სტიპენდია დაიმსახურა, მაგრამ ეს უკანასკნელი ახლა მისთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მართლა დედ-მამის სიტყვებს დაუჯეროს? ადგეს და წაღვერის კურორტზე ღონემიხდილი და ცხოვრებანახული ბებრუხანასავით გადავიდეს საცხოვრებლად? ზურგს უკან ხელებშეჭდობილმაც და ოდნავ წელში მოხრილმაც ხომ არ იაროს? ანდა, საერთოდ, გარეუბანში ხომ არ შეიძინოს ბინა? შავ კეპიან და ტანზე ვიწროშარვალმომდგარ საზოგადეობას შეერიოს? არა. მას ისევ თავისი ნარკომანი (ოღონდ, ინტელექტუალი) მეზობლის გაფრენა ურჩევნია აიტანოს ათასში ერთხელ. რა უცნაური ცხოვრება დადგა – ახლა, „ლესელიძეზე ვცხოვრობო“, ვერავისთან დაიკვეხნის და ვერც ვერავის მოანდომებს მის ადგილას ყოფნას (წარმოიდგინეთ, ვერც თავის გადამთიელ კურსელებს). აბა, მაშინ, რაღა ქნას? ეს ამბავი, წესით, უნდა გრძელდებოდეს, რომ შუახნის დეპრესიაში მყოფ ანტონს მეგობრები დასალევად ეპატიჟებიან და ეს დეპრესიაც სადღაც ქრება, მაგრამ მადლობა ღმერთს (ანდა რედაქტორ-გამომცემლებს), რომ სგავსი შინაარსის მქონე წიგნებს, კარგა ხანია აღარ ბეჭდავენ. ასე და ამგვარად, ეს ამბავი სხვანაირად გრძელდება.

1

ადრე, მუდამ მოდურად ჩაცმული და სარკის წინ ერთი საათი მდგარი ანტონი, ახლა ადგა და ანგარიშმიუცემლად დაიწყო ჩაცმა. ახლა ისე მოუნდა თბილისის სიოს (თუნდაც გამონაბოლქვით სავსე) ჩასუნთქვა, როგორც არასდროს. გზაში სულ დედის სიტყვები უტრიალებდა თავში და გულს უღრნიდა ტავტოლოგიასავით თვალში მოსახვედრი და არასასიამოვნო ფრაზა: „ანტონ, ჩამოდი, ანტონ, ჩამოდი“. და თბილისისა და მისი ხმაურის მოყვარულ ანტონს, არ შეეძლო წაღვერის საკურორტო ზონაში ჩასვლა და მისი სიჩუმის მოსმენა. სამაგიეროდ, ახლა, სიჩუმისა არა, მაგრამ დედამისის სიტყვების: „ანტონ, ჩამოდი“-ს მოსმენა ფონეტიკური არტიკულაციისგან წარმოშობილი ყველაზე საოცარი რამ ჰანგი იყო მისთვის, რამეთუ იგი ბოლოს სამი თვის წინ მოისმინა: არსაიდან მოსულმა სიმსივნემ, არსაითვე წაიყვანა მისი დედა, ხოლო ანტონს კი ერთი მკვეთრად ცხადყოფილი მიმართულება დაუტოვა: „ანტონ, ჩამოდი, ანტონ, ჩამოდი“-ს კიდევ ერთხელ მოსმენა.

ანტონს ამ ამბავზე მუდამ ერთი რამ ახსენდებოდა: ლეკების თარეშობის ჟამს საქართველოს ხანა. თურმე ამ ხანებში გავრცელებული ყოფილა ბატონები. დიდგვაროვანთა გოგონა და ბიჭი ერთად იზრდებოდნენ და ოჯახებითაც ახლოს იყვნენ ერთურთთან. ამ ორი ოჯახის დიასახლისთა საუბრის დროს, პატარა გოგონა შეჰკითხებია მისი მეგობრის დედას: „თქვენი შვილი სად არისო?“ „ჩემი შვილი ბატონებმა წაიყვანესო“. პატარა გოგონას ეგონა, იგი ისეთივე ბატონებმა წაიყვანეს, როგორიც მამაჩემიაო, არადა იგი დაავადება ბატონებმა წაიყვანეს და არა დიდგვაროვანმა ბატონებმა.

ანტონი ლიფტში შევიდა. ვერა და ვერ ამოეხსნა, რატომ იყო ლიფტი ერთადერთი საბჭოური გადმონაშთი ამ ყოველსავე კეთილმოწყობილ კორპუსში. უცბად გამოფხიზლდა და გაუკვირდა კიდეც, ასეთ მდგომარეობაში მყოფს თუ ლიფტის წარმომავლობა-დაპროექტებაზე შეეძლო ფიქრი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ამ გაკვირვებათა თუ დასკვნათა ციკლიდან ლიფტის ხელახალმა გაღებამ გამოარკვია.

ლიფტში ანტონის ერთი სართულით დაბლა მცხოვრები მადლენა შემოვიდა.

მადლენამ გაუღიმა, ხოლო ანტონმა კი თვალი აარიდა და უნდა გენახათ (მხოლოდ მამაკაცებს), როგორ შეაშრა ღიმილი მადლენას და მდედრთა თავის დაფასების თეორია წუთსავე გაანადგურა და ანტიკურ ხანათა მითოლოგიას ჩააბარა.

...

ანტონი ბარე დედიშობილა ბორგავდა თავის ხუთ ოთახიან სახლში, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ ან ეს ბორგვა იგივე ტემპით უნდა გაგრძელებულიყო, ან ამ საცოდავი დეფინიციის მქონე სიტყვისთვის – ბანალურობისთვის უნდა მიემართა, ანუ აეღო თვითმკვლელობის ისევ ბანალური ხერხი – იარაღი და ძლივს დასმულ ტონზე შერჩეული კედლის საღებავი სისხლით დაესვარა, იქვე, ოთახის კუნჭულში, ბუხართან მოკრუსუნე კატასავით მოიკუნტა და მიიძინა.

2

მეორე დილა ძალიან უცნაურად გათენდა ანტონისთვის – წინა დღეს კარგად ნაგულავებივით, თავი უსკდებოდა, არადა, როგორც ადრე სჩვეოდა – ვისკის ერთი საკმარისი დოზაც კი არ მიეღო წინა დღით, რელაქსაციისთვის. ოდესმე თუ ასე ადრე გაღვიძება მოუწევდა, ვერ წარმოედგინა. რიჟრაჟზე უკვე ფეხზე იყო. ერთადერთხელ მოუწია ასე ადრე ადგომა, როდესაც ფოტოხელოვნებაზე სწავლისას, კურსელმა გადამთიელმა რთველში დაპატიჟა, ანტონმა კი გარიჟრაჟზე წამომგარი და სავენახო საქმეებით გართული მასპინძლები, ორი საათი აყურყუტა თაკარა მზეზე. იგი ფრანგულ ყაიდაზე მოწყობილ ფანჯარასთან მივიდა. მხოლოდ ახლაღა დააფასა მეეზოვენი – ამ მომენტში მისი სიმარტოვის შემვსებნი, ერთადერთ მანუგეშებლადღა რომ ეგულებოდა ამ ძვალსა და რბილში გამტან სიმარტოვეში; მაგრამ ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. რას არ მისცემდა ახლა, თავისი სახლის ორ ოთახსაც უწილადებდა მათ და, ჯანდაბას, იცხოვრებდა სამოთახიან ბინაში (თანაც ახლა ხომ სახლით თავმომწონეობა აღარ შეეძლო), ოღონდ სასახლის კენწეროდან, მეფესავით გადაყუდებულს, მოესმინა მეეზოვეთა ცოცხისა და ფოცხის ხმა, ნაგვის აქანდაზში შეყრის ახლა უკვე სასიამოვნო ჟღერადობა. ოღონდ ახლა, ახლა უშველოს ანტონს ვიღაცამ და… სხვა დროს, მისთვის უჩინარ მეეზოვეთაც დააფასებს და დახმარების ხელსაც გაუწვდის იმასაც, მაწვნისა და მაყვლის გამყიდველ ქალზე რომ ლეგენდად რომ აქვს გაგებული, სისხამ დილაზე ხმამაღლა ყვირისო.

ანტონი ნებამიშვებული ბავშვივით მარტო გაიზარდა. თავის ქონებამადევარ მშობლებს მისი აღზრდა-განათლებისა და კვალზე დაყენების დრო არა ჰქონდათ.

ბავშვობიდანვე ეულად მიეჩვია ყავის მარტო მომზადებას, საროჩკის მარტო გაუთავებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძილის წინ ღამე მშვიდობისას თავის თავისთვის წარმოთქმასაც კი. ყველა ამ გარემოებიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ანტონისთვის ღამე მშვიდობისა არასდროს არავის უსურვებია და არც შეჰკითხებია: ყავაში შაქარი რამდენი ჩაგიყაროვო.

თორმეტი საათისთვის, ერთ წერტილს მიშტერებული ანტონი, ბნედანაცემივით წამოხტა და მისაღები ოთახის შუაში ინერცია ნაკრავივით ძლივს შეჩერდა. მილენა… მილენა… მიხვდა ანტონი.

ანტონმა თავის მეზობელს, პირველ სართულზე მცხოვრებ დოდოს გადაურეკა, რომელმაც იმის მეოხებით, რომ პირველ სართულზე ცხოვრობდა, კარგად იცოდა მეზობელთა დღიური გრაფიკი და პირველ სართულზე მცხოვრები დოდო ისე დასპეცდა, რომ მეზობელთა სახლთან მოცილებული მანქანების წყალობით, მანქანების მარკათა სხარტულად გამოცნობაში ნებისმიერი სტაჟიანი ხელოსანი ტოლს ვერ დაუდება. აქედან გამომდინარე, მეზობელი დოდოს დახმარებით, ანტონმა რამდენიმე წუთში მადლენასთან ზარი განახორციელა.

ანტონი დავდაპირველად დაფიქრდა, რამეთუ მადლენას სახლში კვირაში ერთხელ მაინც, სხვადასხვა ზომის პაკეტებით ერთი კაცი მოდიოდა-ხოლმე; მაგრამ ეს ფიქრი მალევე უკუაგდო.

- მადლენა, - დაიწყო ანტონმა სითავხედენარევი თავაზიანობით, - თუ შეიძლება, ოდნავ დაუწიოთ მაგ თქვენს ლისტს. ანდა, პირიქით, კარგი გამოსავალი გირჩიოთ და „ლიებესტრაუმი“ ცოცხლად შეგისრულოთ.

- იცი რა, - მადლენა, უეჭველია, უარის თქმას აპირებდა, ჯერ ერთი, ასეთი თავდეხური ტონის გამო და მეორეც, ლიფტში მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, დღემდე ამოშანთულიყო მადლენას თავმოყვარეობაში, ასე რომ, საპასუხო დარტყმის იმედად, მადლენა ამ პასუხს დასჯერდა:

- რამდენსამე საათში გადმორეკეთ და პასუხს შეგატყობინებთ.

ბინდდებოდა…

რამდენიმე საათი გადიოდა…

ანტონის მოთმინებაც მიჰყვებოდა ამ რამდენიმე საათს.

ბოლოს, როგორც ჩანს, მადლენამ გაიმარჯვა და თავისი შეცდომა, რომელიც ლიფტში ქალთა მოდგმას მოსცხო, გამოასწორა, რამეთუ: საღამოს ექვსი საათისთვის ანტონმა მადლენას დაურეკა.

პასუხი მოკლე იყო: მადლენა ეპატიჟებოდა თავისთან. ამით იგი ახლა სამაგიეროს კი არ უხდიდა ანტონს, პირიქით - აქეთ ვალში სტოვებდა.

ახლა ნამდვილად მიხვდა ანტონი, რისთვის მოუნდა ჯერ კაცმიუკარებელი მადლენას ნახვა, მისი ცქერით გამოწვეული თრთოლვის მოგვრა: დედურ მზრუნველობას ხედავდა მასში, ზრუნვას ენითაღუწერელს. ეს სერიოზულობანარევი სითათუთით განმსჭვალული, ოდნავ მოღუშული წარბები, უფრო აღზნებდა ანტონს და აი, როცა ანტონი კულმინაციის მომენტს მიუახლოვდა, თითქოს შეთანხმებულებივით სწვდნენ ერთურთს მადლენ-ანტონი, და როგორც ამ ორი სახელის ერთიანად წარმოთქმა შეგვიძლია, სწორედ ასევე შეერთდნენ და შეეთვისნენ ერთურთს, მადლენას ოდნავ, სულ ოდნავ შეპარული ნაოჭები კიდევ უფრო ეკეცებოდა და უნაოჭდებოდა ყოველი სხეულის გაფეტიშების აქტის შედეგად, და მიეცნენ ორივენი ვნებას ღვთაებრივს.

3

მისავათებული ეგდო კაენი ლოგინზე. მხოლოდ სიამოვნების ჰორმონს განიცდიდა ახლა მისი სხეული. სხვა ნებისმიერი მატერიალური სიამოვნების მომგვრელი საშუალება: ვისკი, თამბაქო - დაუმახინჯება სულსა და სხეულს, წარწყმიდავდა მის ახლანდელ ყოფას, ასე ეგონა ანტონს. და აი, ნოტებშეშლილი პიანისტივით, რომელსაც სიმფონია ერთიანად აერევა ამ დროს, დადგა ის ჟამიც: სამზარეულოში გასულმა მადლენამ გამოსძახა: ანტონ, ყავა რასტვარინი თუ თურქული? და ერთიანად გაფითრდა ანტონი… ყავაში რამდენი შაქარი? მკვდრის ფერი დაედო უკვე…

ნაჩქარევად წამოდგა, ჩაიცვა… სადარბაზოში თავისუფლება მინიჭებული შეშლილივით გავარდა…

თავისი სახლის კარებს გასაღები მოარგო და, სწორედ ამ მომენტში, მისი ხელები ღაპა ღუპით ჩამოცვენილი ცრემლებით დაინამა…

* * *

მეორე დღეს მხოლოდ ტელეფონით დაელაპარაკა მადლენას. ისეთი ისტორია უამბო, რომელიც იცოდა, რომ მხოლოდ ამ სასაუბრო თემიდან სხვა სასაუბრო თემაზე გადასატანად გამოდგებოდა და რამდენიმე საათში, კიდევაც იხილა პირისპირ მადლენა…

კი შემოუტევდა ხოლმე ანტონს მცირე რიცხოვან ჯართან ერთად დარჩენილი მტერივით უწინდელი საზიზღარი სიმარტოვე, მაგრამ იმწუთსავე, მშველელად მადლენას სახლამდე მისასვლელი კიბეები ეგულებოდა. და კიდევ კარგი, როცა მადლენას ძმა, ჯაბა მივიდა ერთხელაც თავისი დის მოსანახულებლად და თავისი ნახატების კოლექციისთვის კიდევ ერთი ეგზემოლარის შესამატებლად, ანტონი და მადლენა უბრალოდ საუბრობდნენ. იგი მადლენამ ჯაბას თავის თანამშრომლად გააცნო, ჯაბას ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ იგი მართლა მადლენას თანამშრომელი იქნებოდა, მადლენას თავდაჭერილი და გაწონასწორებული ხასიათის გამო და მთლად ასე რომც არ ყოფილიყო საქმე, ამაზე მეტად რა გაახარებდა თავისუფალ ხელოვანს.

მადლენას პირველ სართულზე მცხოვრებმა დოდომ დაუძახა - მანქანა ცუდად გიყენია და მეორე სართულზე მცხოვრებ შალვას ცოტა ადგილი დაუთმეო. მადლენა ფეხისთრევით ჩავიდა მერვე სართულიდან მეორე სართულამდე - ლიფტი არ მუშაობდა.

ორი მხატვარი - სამყაროს ფერთა გამის აღმწერნი, ამ სამყაროსი სულაც არა, ვინა თქვა ამ სამყაროსიო? კაცმა არ იცის, რომელი სამყაროს აღმწერნი, მარტონი დარჩნენ.

- რამდენია დარჩენილი? კარგი. თვის ბოლომდე იქნებ შევძლო მაგ თანხის ჩარიცხვა, - ტელეფონი გათიშა ჯაბამ.

ანტონი ჟინნარევი პასუხის მოთხოვნით ელოდებოდა ჯაბასგან პასუხს, იგი სტუმარი იყო ამ სახლისა, თანაც რაც მოვიდა, ჯაბას მას შემდეგ დუმილი არ დაურღვევია და თავისი მოკლე მონოლოგი, ასე განმარტა: სიმსივნე აქვს. ვხატავ და ვახატავ. ვყიდი და ვყიდი. მაგრამ რომელი ბეკსინსკი მე ვარ, განა რამდენად უნდა გავყიდო თითოეული.

დუმდა ანტონი…

4

„სიმსივნე… ყავა… უნალექო თუ თურქული? ყავაში შაქარი რამდენი?“ - ეს სიტყვები ჩაესმოდა ყურებში ექოდ. ნამისნარივით… და სიმარტოვე. ღვიძილი გარიჟრაჟზე… საკურორტო ზონისებრი სიჩუმე… და მაინც, ბოლოს, აქამდე მოვიდა…

* * *

ერთიც ვნახოთ და, დილაა და ადგა ანტონი. საწოლიდან ადგომისას, ქუჩაში მოზუილე ხალხის ხმა ესიამოვნა. ერთი მადიანად გაიზმორა და ფანჯრიდანაც გადაიხედა. ისაუზმა და ეს საუზმე ბოლოს სიგარეტის ნაფაზებით ჩაპრესა. მტვერდადებული როიალი გადაწმინდა - მხოლოდ ამიტომ ღირდა მადლენა მისთვის რამედ. გარდერობიდან საუკეთესო პიჯაკი გამოიღო, ჯინსი, საროჩკა, და ყველაფერი ერთურთს ძველებურად შეუხამა, ერთი დეტალი იყო მხოლოდ – ბოლო დროს გაზარმაცებულ ანტონს, საროჩა გასაუთოებელი დარჩენოდა. ამის დრო არა ჰქონდა... მადლენა ელოდებოდა. ან რად უნდოდათ ასე საგანგებოდ გამოწყობა, გეგონება, სადაც აპირებდენ წასვლას, მათი სახლიდან ასი მეტრით მდებარე გზაჯვარედინზე არა მდებარეობდა... ჯაბას რომ შეეხედა მათთვის, უეჭველია იფიქრებდა, ჩემს დას საბოლოო წერტილი დაუსვამსო ამ ამბისთვის, როცა ისინი ერთად ბოლოს იხილა, ჯერ სამწერტილსა და მძიმეზე იყვნენ გაჩერებულნი.

ის იყო, ორივენი კიბეებზე დაეშვნენ და ლამის ჩააღწიეს კიდეც, როდესაც მესამე სართულზე, შეუძლო შეიქნა მადლენა. კიდევ კარგი, მეორე სართულზე მცხოვრები შალვას სახლის წინ არ დაემართა ეს, ანდა პირველ სართულზე მცხოვრები დოდის წინ, რამეთუ ერთს მანქანის ცუდად გაჩერების გარდა კიდევ ექნებოდა სალაპარაკო თემა, ხოლო მეორეს კიდევ – მინიმუმ ერთი თვის რეცენზიასავით განსახილველი მასალა სხვის ცხოვრებაზე, გვერდზე პადიეზდში, ასევე პირველ საერთულზე მცხოვრებ ჟუჟუნასთან ერთად, ანუ სარჩო საბადებელს მისცემდა ეს აქტი.

ანტონმა ძლივსძლივობით აიყვანა მადლენა სახლში. თბილისისათვის სტანდარტული სართულების მქონე კორპუსი, ცათამბრჯენად მოეჩვენა ახლა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სიქაგამძვრალმა ანტონმა სწორედ ამ სიქის გაძრობის გამო, დოდოს პირველ სართულზე ცხოვრება ინატრა.

მადლენამ, ანტონისა არ იყოს, ეს ფაქტი სამსახურში ბურჯად მომუშავეობასა და გადაღლას დააბრალა. თანაც, შეახსენა, რომ თითქმის ორი ანტონის ხელა იყო და, მაშასადამე, ყურებში შუილის შედეგად, წნევა დავარდნია მადლენას და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

ისევ ანტონისთვის ცუდ კოშმარად ქცეულ – ყავას – მიმართა მადლენამ, წნევა უნდოდა მოჰომატებოდა ოდნავ.

აი, წნევისა რა გითრათ, მაგრამ საათ ნახევრის შემდგომ, ორივეს ორგანიზმში სისხლმა უფრო ხშირად დაიწყო მოძრაობა, სუნთქვა გახშირდა, ანტონს მთელი სხეული ოფლით დაცვარვოდა.

და იწვა ანტონი, თავის ბედნიერებას მადლენასთან შეგუებულს... და ახლა იმდენად გათამამებოდა თავის უწინდელ მდგომარეობას, რომ ტუჩებზე დარჩენილ ვისკის ენით ისხეპდა და სიგარეტი ხომ სანატორიუმში მწოლიარე პაციენტივით ათრთოლებდა მის სხეულს სიამოვნებისაგან...

- ანტონ, თურქული, არა? ორი კოვზი შაქარი? – ანტონს ამაზე უკვე რეაქცია აღარა ჰქონდა. მადლენამ ორი ოხშივარამომდინარე ყავა შემოიტანა სამზარეულოდან. ანტონმა, ყოველი შემთხვევისთვის, საროჩკა შემოიცვა, მადლენამ ამ საროჩკაზე დატანილი ხაზებისდა გამო, ანტონს შესთავაზა:

- ალბათ, მე რომ ამოგყავდი, მაშინ დაგეჭმუჭნა ასე. მომეცი, გაგიუთოვო.

გაგიუთოვოვო? საროჩკა გაგიუთოვოვო? ეს რაღაც ახალია. არა, მადლენა. არა. ამას ისევ უშაქრო ყავა მოგედუღებინა, ხომ სჯობდა, ანდა ისევ ვალში დავრჩენილიყავი შენთან საუბრისას.

- მომეცი, ანტონ. რაღას დაჰლოდებიხარ?

და როცა მადლენამ ანტონის საროჩკის გახდა დააპირა, ანტონმა მოსისხარივით მიუგო: „ხელი არ ახლო!“ და სისხლიანი თვალებით ჩააშტერდა მადლენას.

„საროჩკას გაგიუთვებო... საროჩკას გაგიუთოვებო...“ – ერთ მხარეზე დარჩენილი პლასტიკასავით დუდუნება ანტონი სიტყვებს.

და როცა ანტონი ისევ აპირებდა მადლენას პირდაღებულ დატოვებას, ანუ თავის ბინაში გამოკეტვას ისევ, მაშინ, უკვე მობეზრებულმა და ირონიით სავსე მადლენამ, მიაძახა: „ღამე მშვიდობის, ანტონ“, - და ანტონმა მკვეთრად გაიგო მადლენას კარის მიჯახუნების ხმა...

ანტონი ადამიანს აღარა ჰგავდა.

5

ყველას სიტყვისაგან ტკივილმიყენებული ანტონი მომაკვდავივით რაღაცას ბუტბუტება. ღამის პირველ საათზე მადლენას ოთახიდან მძიმე ბრაგვანის ხმა გაისმა. ამ ბრაგვანიდან სამი წუთის შემდგომ, ტელეფონმა დარეკა. ამავე სიზუსტით განმეორდა მეორე ზარიც და ბოლოს, ანტონმა აიღო:

- „ანტონ, ჩამოდი... ანტონ, ჩამოდი“, - იყო მადლენას სუსტი ხმა.

ღმერთო, ეს საიდანღა გაიგო. ეს საიდანღა...

ანტონი ისე შეშლილიყო, უკვე სასაცილოსა ჰგავდა. „შე ნაძირალა, გგონია ჩემს ნერვებზე ითამაშებ, არა?“ – და ტელეფონი ინსტიქტურად როიალს მთელი ძალით ესროლა, თავღია როიალმა კი, გეგონება, ტკვილი განიცადაო, ერთი-ორი ნოტი წაიკნავლა და სულმთლად მიჩუმდა.

მეორე დილას, ტელეფონზე ხმა რომ ვერ მიაწვდინა პირველ სართულზე მცხოვრებმა დოდომ, სახლში ააკითხა. იმდენი ხანი არ აღებდა ღრმად მძინარე ანტონი კარებს, რომ ლამის იყო დოდომაც და მადლენას ძმამაც რაღაც იეჭვეს. ანტონი კარებს სანამ გააღებდა, დოდოს ყურის წამღებ საუბარს მოჰკრა ყური, რომელიც თითქმის სადარბაზოს შემოსასვლელ კართან მდგომ მეზობელს უხსნიდა საქმის ვითარებას.

- რა ვერ გაიგე, გოგო, გუშინ მთელი კორპუსი ფეხზე იდგა. ტვინში შიდა სისხლდენა დაწყებია, ამასწინებზე კიდევ, წნევა დავარდნია და კიბეებზე ცუდად გამხდარა. მთელი კორპუსი შეძრა გუშინ მისმა კივილმა; არაა გამორიცხული, ანევრიზმაც გასკდომოდა. რაღა რა მოხდა...

და რა იცოდა ანატონმა, თუ თავის სილაჩრესა და უღიმღამობას სჭორედ იმ საბჭოურ ლიფტს დააბრალებდა და ამ პატაკის შემდეგ, ეგოუსტურად გაიმართლებდა თავს: ლიფტი არა მუშაობდაო. მერე, თვალების სრესვით გართულმა ანტონმა კარები რომ გააღო, ორივეს გულში სადღაც მიმალული რწმენა თუ ნდობა მაინც აკიაფდა. მეზობლების ჩოჩქოლზე მიხვდა, რაცა ხდებოდა. ბრაგვანის ხმა. სამი ზარი სამი წუთის ინტერვალით. სიტყვები: „ანტონ, ჩამოდი“, ანტონ, ჩამოდი...“

მოგეწონათ ეს სტატია?

გაზიარება

სიახლეების გამოწერა

ახალი პუბლიკაციები პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. უფასოდ, ნებისმიერ დროს გააუქმებთ.

კომენტარები