* * *
შუაღამე იყო. ძილი მაწვა თვალებზე. გარშემო დამტრიალებდნენ სიზმრის ლანდები, ბიჭებიც მიწვნენ, ეგრე გაუხდელები, მოუვლელები, ზეზეულა წაკიკნეს რაც გვებადა და მიწვნენ. ორჯერ გამოვედი გარეთ, ჰესის აივნიდან წყვდიადში ჩაძირულ გუმისთის ხეობას გადავხედე, მთვარე ღრუბლებში იყო გაბლანდული. შემორღვეული კვართივით ფარავდა ღრუბელი და ხან ჩანდა, ხან იმალებოდა.
სიჩუმე, სიჩუმე, არაფერი ეტყობოდა, რო აქ ომი მძვინვარებდა და ერთმანეთის პირისპირ სამკვდროდ გადაკიდებული ხალხი იდგა, არაფერი ეტყობოდა, რო ყოველდღე სისხლი იღვრებოდა და ერთმანეთს ასე მარტივად ვიმეტებდით. წაბლის ტყიდან კივილი ისმოდა, ყური წავუგდე, თითქო ჭოტი იყო, თუმცა ღამის ფრინველის ეს კივილი მაინც უცნაურად მომეჩვენა. სოფელში გაზრდილ კაცს ჭოტის ხმა როგორ არ მომისმენია, მაგრამ რაღაც სხვანაირი ხმა იყო, როგორ აღვწერო, წაგრძელებული კივილი. მერე ყველაფერი ნათელი გახდა, თუმცა გვიანი იყო.
სიბნელეში, ავტომატგადაკიდებული დავბორიალობდი და მივხვდი, რო ადამიანს ისე შეიძლება შემოგადნეს ცხოვრება, შეიძლება, წუთისოფლის ყველაზე ტკბილი წუთებიც ვერ გაიხსენო ხეირიანად. ყველაზე ბედნიერი წუთების სასაფლაოდ ქცეულ სხეულს დაატარებ. თითქო მოძრავი მიწა იყო და თან დაგქონდეს ყველაზე ძვირფასი არსებების ცხედრები. მოძრავი სასაფლაო, შენს სხეულში, შენს გაყინულ ტვინში არსებული ცხედრები. და პირველად, ჩემს ცხოვრებაში იმ საშინელ და დამთრგუნველ სიჩუმეში თითქო საკუთარ თავს საიქიოში გადანაცვლებული სულივით მოვცილდი და საუბარი გავუმართე.
_ მაინც რა იყო შენი ცხოვრება?
_ არ ვიცი.
_ მაშ რისთვის იყავი?
_ ტყუილ-მართლისთვის.
_ ეგ როგორ.
_ რაც მართალი მეგონა, ის ტყუილი აღმოჩნდა და რაც ტყუილად მიმაჩნდა, ის გამოდგა მართალი.
_ სულ გარბოდი?
_ ჰო, სულ გავრბოდი.
_ ვისგან გარბოდი?
_ საკუთარი თავისგან.
_ ბედნიერებისთვის მზად თუ არ ხარ კაცი, ტყუილი ოცნებებით ღმერთი არ უნდა შეაწუხო.
_ რა დაგენანება ყველაზე მეტად?
_ როგორ?
_ რა დაგენანება ყველაზე მეტად?
_ არ ვიცი, ჩემი ნება რო იყოს, ბედნიერების მკვდარ წუთებს ჩიტებად გავაცოცხლებდი. მარტო ის წუთები მენანება.
ღრმად ჩავისუნთქე. ,,იმანაც” ჩაისუნთქა.
_ მარტო...
_ თქვი, თქვი...
_ მარტო იმიტომ არ მინდა სიკვდილი, რო იმას ვეღარ ვნახავ.
_ ვინ იმას.
_ არავის.
_ სიკვდილის მოლოდინი გიმძაფრებს ყველაფერს. მეგონა, გაუფერულდა, სადღაც მოგონებების სხვენზე მიიძინა და, ამ დროს, ყველაზე მეტად ვიგრძენი.
_ გათხოვდა...
_ ვიცი, რო გათხოვდა.
_ ერთი სიტყვაც არ გითქვამს, რო გიყვარდა, მხოლოდ ღამეებს ათენებდი იმის ფანჯრებთან, მეხდაცემული ტირიფის ქვეშ.
შევტორტმანდი, ასე მეგონა, რო დრო დატრიალდა, რკინის მოაჯირს წავავლე ხელი.
მეხდაცემული, გახლეჩილი ტირიფი, ჩემი ბედისწერა და სულში ამოზრდილი ბედის ხე. ვინმეს რო ყური წაეგდო, გიჟი ვეგონებოდი, მთვარეული, მტრის ხახაში, გუმისთის პირას, შემზარავ სიჩუმეში, სისხლის გამყინავ წყვდიადში, საკუთარ თავს სიყვარულის ბედნიერ წუთებს ვახსენებდი. ეს არის სიცოცხლე, მე თუ მკითხავს კაცი.
_ რა არის სიცოცხლე?
_ ყველაზე ძვირფასი წუთებისთვის მიძღვნილი ცხოვრება, თუმცა მე არ გამომივიდა.
_ გამოგივიდა, როგორ არა, ეს წუთებია, მარადიულ შეყვარებულად რო გტოვებს და ომშიც, ყველაზე მძიმე წუთებშიც, ამაზე გაფიქრებს.
მეგონა, რო აღარ გამახსენდებოდა. შევბრუნდი, სკამზე ჩამოვჯექი, ავტომატი მივაყუდე, თვალები დავხუჭე, რაღაც ხმა გავიგე, უცბად გამოვფხიზლდი, სმენად გადავიქეცი. ავტომატს წავავლე ხელი. კავთისხეველსაც ეღვიძა, თუმცა, სიზმრიანი თვალებით, უაზროდ იყურებოდა. წამოვდექი. ის იყო, გარეთ უნდა გავსულიყავი, რო აფეთქების გრგვინვა გაისმა და წნევამ ბეტონის კედელზე მიმახეთქა. დაიწყო და რა დაიწყო... ბიჭები თვალის დახამხამებაში წამოცვივდნენ. ისევ გაისმა აფეთქების ხმა, მეგონა, რო ბეტონის შენობა თავზე ჩამოგვემხო.
_ ნუ გეშინიათ, _ დავიღრიალე.
_ აქეთ დადექით, _ ვაჩეს ხმა გავიგე, მერე ისევ აფეთქების ტალღამ შემაქანა. ბეტონის ნამსხვრევები დამაცვივდა.
_ დაგვარტყეს ნაბოზვრებმა, _ კახელი ყვიროდა, _ კედელი, კედელი...
ყველა მხრიდან გვესროდნენ.
_ შტაბი სად არი? ბექაურს დაეპასუხე.
ვაჩე ეცა რაციას.
_ ,,შავნაბადა“, ,,შავნაბადა“, „თეთრი არწივი“ „პირველი“ ვარ. „შავნაბადა“, „თეთრი არწივი“.
_ სად არის მაიორი ბექაური, „თეთრი არწივი“, არავინ მეპასუხება, _ შემოგვხედა ვაჩემ.
ჩალეწილი სარკმლის ნატეხები დაგვაცვივდა.
არის ცხოვრებაში წუთი, როცა საკუთარ თავს ვერ ცნობ, ვიღაც იღვიძებს შენში, მანამდე უცნობი. გქონია შეგრძნება, როცა რაღაც რისკზე ვერ წასულხარ, უკან დასახევი გზა დაგიტოვებია, რაც გაქვს, იმის დაკარგვის შიშით. როცა უკან იხევ, როცა ითმენ, მოთმინებაც ორგვარია, შიშით მოთმინება და გააზრებულად მოთმინება _ როცა ამ ნაბიჯს შენი მომავალი გამარჯვების ნაწილად ხედავ.
იქ ვიგრძენი, რო არანაირი შიში აღარ არსებობდა ჩემში. მარტო ჩემში არა, ყველა იმ მებრძოლში, ვინც იქ ვიყავით, იმ ჰესის შენობაში გამომწყვდეული. შენს თავს შენზე დიდი გამპატიოსნებელი, წესის ამგები და მაცხონებელი არავინ ჰყავს, ეს უნდა გახსოვდეს. ორი-სამი ათეული წლით გახანგრძლივებული წუთისოფლის გამო არ ღირს ამ გაპატიოსნებაზე უარის თქმა. ასეთ დროს იბადება გმირი, როცა წაშლილია შიშის შეგრძნება და საკუთარ თავზე გამარჯვების შანსს ხელიდან არ უშვებ.
მივახარჯეთ, რაც კი ტყვია-წამალი გვქონდა. ბექაურის ხმა გაისმა რაციაში. გავინაბეთ, სუნთქვა გვქონდა შეკრული.
_ არ ისროლოთ, გესმით? ცეცხლი შეწყვიტეთ!
_ ვერ არი ესა, _ ამოიზმუკუნა ვაჩემ.
_ მარგველანს ვგზავნი და აგიხსნით ყველაფერს.
_ ვის ვგზავნიო? _ იკითხა კავთისხეველმა გიომ.
_ მოიცა! _ შეაწყვეტინა ვაჩემ.
_ რა ხდება, გაგვაგებინე, _ რაციას ჩავძახე, _ ანდრო ვარ.
_ ანდრო, ახლა ახსნა-განმარტებების დრო არ არის, გელა მარგველანს ვგზავნი, მოვა და ყველაფერს გეტყვით.
_ რა ხდება, ტოო, _ ავტომატი მიაგდო ზურამ.
_ მოიცა, _ ვაჩეს რაღაც უნდოდა ეთქვა მაიორისთვის, მაგრამ კავშირი გაწყდა.
_ თფუი, თქვენი, _ წამოდგა ზურა და მაიორის მისამართით „სამსართულიანი“ გაგზავნა.
_ ეს თუ ომია, რა... _ ჩაიბურტყუნა ზაქრომ.
გარეთაც ჩაწყნარდნენ, თითქოს ბექაურის შეტყობინებას ელოდნენ.
_ რა ხდება, ჰა, ჭკვიანი კაცი ხარ, გვითხარი, რას ფიქრობ, _ მომაჩერდა ზურა.
_ კარგი არაფერი ხდება, _ ჩემს მაგივრად, ვაჩემ გასცა პასუხი.
სულ რაღაც ნახევარი საათი იყო გასული და ვიღაცის ხმა გავიგეთ ბეტონის კედელთან.
_ არ ისროლოთ, გელა მარგველანი ვარ. გესმით ჩემი? _ რაღაცნაირი ჩახრინწული ხმა ჰქონდა, გეგონებოდა ვინმე ყელში უჭერდა, _ არ ისროლოთ! _ კიდევ დაიძახა, რკინის კართან იდგა, ბრახუნზე მივხვდით.
_ მიდი, გაუღე, _ გიოს შევხედე.
კარგა ხანს არ განძრეულა კავთისხეველი. ბოლოს წამოდგა და კარისკენ გაემართა. გეგონებოდა, ნაცემი იყო მაიორისგან გამოგზავნილი კაცი, ძლივს მოაღწია ჩვენამდე.
კარგა ხნის ნაშიმშილევი კაცი ხო გინახია, თვალებიდან გამოყრილი, დასუსტებული, ლასლასი რო გაუდის, ხმა რო მიკნავლებული აქვს, იტყოდი, რო ორი პარასკევი ჰქონდა დარჩენილი.
_ რა ხდება, _ სანამ მარგველანი რამეს იტყოდა, ვაჩემ დაასწრო.
მარგველანი ისე დუმდა და ისე გვიყურებდა, რო მივხვდი, ძალიან ცუდად იყო საქმე.
_ თქვი, კაცო... _ უარესად აიმღვრა ზურა.
_ უნდა... _ თითქოს ენა გადაყლაპა.
_ რა უნდა.
_ უნდა ჩავბარდეთ... _ თქვა და კედელს მიეყუდა, თორე უეჭველი წაიქცეოდა, _ შტაბი... ბიჭები... მაიორი... დამხმარე ძალა, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ყვიროდა ვაჩე.
_ ყველანი ტყვედ აიყვანეს, _ მდუღარე გადმოუვიდა თვალებიდან მარგველანს.
